დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 12.06.2026
საქმის ნომერი
ას-1321-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
12.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-1321-2025 12 ივნისი, 2026 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,ლევან ნემსაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – გ.ჯ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ვ.ბ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ხელშეკრულებიდან გასვლა, სამეწარმეო საზოგადოების წილის მესაკუთრედ ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. ნ.ბ–მა (უფლებამონაცვლე ვ.ბ–ი), სარჩელი აღძრა სასამართლოში გ.ჯ–ის მიმართ, ხელშეკრულებიდან გასვლისა და სამეწარმეო საზოგადოების წილის მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. 2017 წლის 16 სექტემბერს ნ.ბ–სა და გ.ჯ–ს შორის დაიდო სამეწარმეო საზოგადოების წილის გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება. რომლის თანახმად, ნ.ბ–მა მიჰყიდა, ხოლო გ.ჯ–მა იყიდა, შპს „ს–ში“ ნ.ბ–ის კუთვნილი 100% წილი. შპს „ს–ზე“ საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო ორი უძრავი ქონება, ს/კ ......... და ს/კ ..........

2.2. 2017 წლის 16 სექტემბრის ხელშეკრულების თანახმად, წილის ნასყიდობის საფასურად განისაზღვრა 90 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში, რომლის გადახდის ვალდებულება წარმოიშვა მხარეთა მიერ მისი ხელმოწერისთანავე. ამავე ხელშეკრულების მიხედვით ნ.ბ–ი იტოვებდა უფლებას, რომ გამოესყიდა შპს „ს–ს“ 100%-იანი წილი 2018 წლის 16 სექტემბრამდე.

2.3. 2017 წლის 16 სექტემბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მოსარჩელემ შეასრულა, გადასცა მოპასუხეს შპს „ს–ის“ 100% წილი. მოპასუხემ არ გადაიხადა ნასყიდობის საფასური 90 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში.

3. მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხემ წარდგენილი მოთხოვნის გამომრიცხველი და მოთხოვნის შემაფერხებელი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3.2. შესაგებლის თანახმად, მოპასუხემ ვალდებულება შეასრულა სრულად და ხელშეკრულებაში მითითებული თანხა გადასცა მოსარჩელეს. აღნიშნულის დასტურად მოპასუხემ მოიხმო მარეგისტრირებელ ორგანოში ნ.ბ–ის მიერ საკუთარი ინიციატივით წარდგენილი განცხადება, რომლის საფუძველზეც ვალდებულების სახით რეგისტრირებული გამოსყიდვის უფლება გაუქმდა.

3.3. 2017 წლის 16 სექტემბრის ხელშეკრულება ითვალისწინებდა ერთ წლის განმავლობაში გამოსყიდვის უფლებას და მოსარჩელეს ჰქონდა შესაძლებლობა გამოესყიდა ნასყიდობის საგანი, რაც არ განხორციელებულა და ნ.ბ–მა საკუთარი ინიციატივით მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს, მოითხოვა გამოსყიდვის უფლების გაუქმება. აღნიშნული გარემოება ცალსახად ადასტურებს, რომ ნ.ბ–ს არანაირი პრეტენზია არ ჰქონია გ.ჯ–ის მიმართ.

3.4. მოპასუხემ მიუთითა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზეც.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4.1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით, ვ.ბ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ნ.ბ–სა და გ.ჯ–ს შორის გაფორმებული 2017 წლის 16 სექტემბრის სამეწარმეო წილის გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება და ვ.ბ–ი ცნობილ იქნა შპს „ს–ს“ (ს/ნ ........) 100% წილის მესაკუთრედ.

4.2. აღნიშნული გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით, გაასაჩივრა გ.ჯ–მა.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

5.2. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სარჩელი ემყარებოდა მოპასუხის მიერ შეთანხმებული თანხის გადაუხდელობის მოტივით, ხელშეკრულებიდან გასვლასა და ქონებრივ რესტიტუციას, რის გამოც სააპელაციო პალატამ მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების ფაქტის დადასტურება მოპასუხეს დააკისრა. პალატამ მიიჩნია, რომ უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში, მოვალეს უნდა ჰქონოდა თანხის გადაცემის ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი დასაშვები და საკმარისი მტკიცებულება, როგორიცაა სავალო საბუთი, გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, ხელწერილი, წერილობითი მტკიცებულება. ვინაიდან მსგავსი დოკუმენტი მოპასუხეს არ წარმოუდგენია სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ არ დგინდებოდა მოპასუხის მიერ თანხის გადახდის ფაქტი.

5.3. სააპელაციო პალატამ ასევე ყურადღება მიაპყრო მხარეთა შორის დადებული გარიგების შინაარს, რომლის თანახმადაც, გამყიდველს ჰქონდა საშუალება მყიდველის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, გასულიყო ხელშეკრულებიდან და დაებრუნებინა ის, რაც ხელშეკრულების დადებამდე ეკუთვნოდა. შედეგად, პალატამ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხელშეკრულებიდან გასვლისა და რესტიტუციის შესახებ მართებულად დაკმაყოფილდა.

5.4. გასაჩივრებული განჩინებით ასევე, განვითარებულია მსჯელობა სარჩელის ხანდაზმულობასთან მიმართებით, რასთან დაკავშირებითაც აღინიშნა, რომ ხელშეკრულებიდან გასვლაზე, როგორც აღმჭურველ უფლებაზე, არ ვრცელდება ხანდაზმულობა, თუმცა მისი თანმდევი შედეგი - რესტიტუცია ექვემდებარებოდა ხანდაზმულობას. ამ დროს თავდაპირველი ვალდებულებითი ურთიერთობის ადგილს იკავებს უკუქცევის შედეგად წარმოშობილ შესრულებათა უკან დაბრუნების ურთიერთობა, რაც ხელშეკრულების დადების შემდეგ შესრულებათა გაცვლამდე არსებული ვითარების აღდგენას გულისხმობს, ანუ ხელშეკრულებიდან გასვლით წარმოიშობა ახალი ვალდებულება (პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის ვალდებულება). პალატამ შეჯამების სახით განმარტა, რომ ნატურით დაბრუნების მოთხოვნაზე სამოქალაქო კოდექსის 128.3 მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის საერთო 10-წლიანი ვადა ვრცელდება, რომელიც იწყება ხელშეკრულებიდან გასვლის მომენტიდან და რომელიც არ იყო გასული სარჩელის აღძვრის დროს.

5.5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა გ.ჯ–მა.

6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

6.1. კასატორი არ იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ განხორციელებულ სამართლებრივ შეფასებას და მიიჩნევს, რომ საქმე განხილულია მატერიალური და პროცესუალური დარღვევებით.

6.2. კასატორი ამტკიცებს, რომ იმავე მხარეებს შორის არსებობდა დავა, რომელზეც 2021 წლის 16 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ გ.ჯ–სა და ნ.ბ–ს შორის დადებული შპს „ს–ს“ 100% წილის ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლება იყო იურიდიულად ნამდვილი, და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძველი იმ მოტივით, რომ მოპასუხეს თანხა არ ჰქონდა გადახდილი. ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ თანხის გადაუხდელობის მოტივით ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება არ ხდება, ამ დროს მხარეს უფლება აქვს წარადგინოს პირველადი მოთხოვნა თანხის გადახდის თაობაზე. კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება ეწინააღმდეგება არა მხოლოდ ამ სამართლებრივ საკითხზე დადგენილ სასამართლო პრაქტიკას, არამედ ამავე მხარეებს შორის წარმოებულ დავაზე კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას.

6.3. კასატორი ამტკიცებს, რომ სააპელაციო პალატა ყურადღების მიღმა დატოვა ყველა ის მტკიცებულება და მითითებული გარემოება, რომელიც მოპასუხის მიერ თანხის გადახდის ფაქტს ადასტურებდა. კერძოდ, სრულიად დაუსაბუთებელი ახსნა მოუძებნა სასამართლომ მოსარჩელის მიერ საკუთარი სურვილით, საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული შეზღუდვის მოხსნის ფაქტს, და აღნიშნა, რომ თითქოს აღნიშნული მოპასუხის მიერ სადავო ქონების იპოთეკით დატვირთვისთვის განხორციელდა, თუმცა მოგვიანებით ეს დასკვნები სასამართლომ განჩინებაში არ ასახა. კასატორი ამტკიცებს, რომ მოსარჩელის მიერ, საკუთარი სურვილით, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული შეზღუდვის მოხსნა ადასტურებდა იმას, რომ მას პრეტენზია არ გააჩნდა მოპასუხესთან და რომ მას სრულად ჰქონდა გადახდილი ნასყიდობის საფასური.

6.4. კასატორი მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ არასწორად მოხდა მტკიცების ტვირთის გადანაწილებაც, ვინაიდან თანხის მიუღებლობის შემთხვევაში რეესტრში არსებული ჩანაწერის გაუქმების მიზანი უნდა დაედასტურებინა მოსარჩელეს და არა მოპასუხეს.

6.5. კასატორი ასევე, ამტკიცებს, რომ სასარჩელო მოთხოვნა იყო ხანდაზმული, რაც სრულიად დაუსაბუთებლად არ დაადგინეს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა. მოთხოვნა გამომდინარეობდა სახელშეკრულებო ურთიერთობიდან, რომლისთვისაც განსაზღვრულია სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა, და რომელიც დარღვეული ჰქონდა მოსარჩელეს.

6.6. კასატორი შუამდგომლობს საქმის განხილვა მოხდეს ზეპირ სასამართლო სხდომაზე.

6.7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 4 ნოემბრის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, გ.ჯ–ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

6.8. საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2026 წლის 21 მაისს გაიმართა ზეპირი სასამართლო სხდომა, რომელზეც მხარეებს მორიგების მიზნით მიეცათ ორკვირიანი ვადა. მხარეთა შორის მორიგება ვერ შედგა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

7. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

11. საკასაციო პალატის განსჯით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც დადგენილად მიიჩნევა შემდეგი:

- ნ.ბ–ი წარმოადგენდა შპს „ს–ს“ 100% წილის მფლობელ დამფუძნებელ პარტნიორს;

- 2017 წლის 16 სექტემბერს ნ.ბ–სა და გ.ჯ–ს შორის დაიდო სამეწარმეო საზოგადოების წილის გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ნ.ბ–მა, გ.ჯ–ს მიჰყიდა შპს „ს–ს“ 100%-იანი წილი;

- 2017 წლის 16 სექტემბერს ნ.ბ–სა და გ.ჯ–ს შორის შორის დადებული შპს „ს–ს“ წილის ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე: წილის მყიდველი წილის გამყიდველს საკუთრებაში არსებული წილის ყიდვის საკუთრებაში მიღების სანაცვლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით წილის მყიდველს გადაუხდის 90000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს. მყიდველი ვალდებულია გადაუხადოს გამყიდველს ნასყიდობის ფასი სრულად ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე. გამყიდველი უფლებამოსილია გამოისყიდოს ნასყიდობის საგანი მყიდველისაგან 2018 წლის 16 სექტემბრამდე და გამოსყიდვის შემთხვევაში გამყიდველი ვალდებულია გადაუხადოს მყიდველს იგივე ფასი, ანუ 90 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში და დოლარის ლართან მიმართებაში კურსის დაანგარიშება უნდა მოხდეს გადახდის მომენტში არსებული კურსის გათვალისწინებით;

- უძრავი ქონება მდებარე ქ. ახალციხე, ........, ს/კ ......... და ს/კ ....... წარმოადგენს შპს „ს–ს“ საკუთრებას;

- ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით ნ.ბ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი ნ.ბ–სა და გ.ჯ–ს შორის 16.09.2017წ. ნასყიდობის ხელშეკრულება და ნ.ბ–ი ცნობილი იქნა შპს „ს–ს“ 100% წილის მესაკუთრედ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ.ჯ–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. ნ.ბ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

- 2023 წლის 12 ივლისს ნ.ბ–მა ვ.ბ–ს გადასცა ყველა მოთხოვნა და უფლება, რაც ნ.ბ–ს, როგორც შპს „ს–ის“ 100% წილის ყოფილ მესაკუთრეს, 2017 წლის 16 სექტემბრის გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულებით (ან ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე) ეკუთვნის. ყველა ამ უფლებასა და მოთხოვნას ნ.ბ–ი ვ.ბ–ს გადასცემს სრული მოცულობით. ასევე, ნ.ბ–ი ვ.ბ–ს გადასცემს ყველა სხვა დამატებით უფლებას, რაც გამომდინარეობს ან შეიძლება გამომდინარეობდეს 2017 წლის 16 სექტემბრის გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულებიდან;

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 4 სექტემბრის განჩინებით სამოქალაქო საქმეზე ნ.ბ–ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა - ვ.ბ–ი.

12. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს ის გარემოება, თუ რა ოდენობის თანხა გადაუხადა/გადაუხადა თუ არა, მოპასუხემ მოსარჩელეს გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას.

13. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, ხელშეკრულებიდან გასვლისა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოთხოვნა სამოქალაქო კოდექსის 477.1 მუხლიდან (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი), ამავე კოდექსის 487-ე მუხლიდან (გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი), 352.1 (თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება) და 405.1 და 405.2„ა“ (თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი; არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ: ა) აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება) მუხლებიდან გამომდინარეობს.

14. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ყველა სამართლებრივ სისტემაში ვალდებულების შესრულება წარმოადგენს ვალდებულებითი სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს. ისევე, როგორც კონტინენტური სამართლის სისტემის ქვეყნებში, საქართველოს შემთხვევაშიც ვალდებულების შესრულების მომწესრიგებელ ნორმებს ძირითადად დისპოზიციური ხასიათი აქვთ. ქართული სამოქალაქო კოდექსის როგორც ზოგადი, ისე კერძო ნაწილი შესრულების მექანიზმებზეა აგებული. მთავარია შესრულება და არა პასუხისმგებლობა. ვალდებულების შესრულება დამოკიდებულია კონკრეტული სახის ვალდებულების შინაარსზე. ვალდებულების შესრულება ხორციელდება ვალდებულების მხარეების ნებელობითი მოქმედების შედეგად: მოვალე სთავაზობს შესრულებას, კრედიტორი იღებს შესრულებას. უარყოფითი შინაარსის მქონე ვალდებულებების არსებობა გამოიხატება გარკვეული მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავებაში (მაგალითად, სამეზობლო თმენის ვალდებულებები; და ა.შ.). ასეთი უმოქმედობაც ხორციელდება მოვალის ძალისხმევით. ამიტომაც იურიდიულ ლიტერატურაში ვალდებულების შესრულების აღმნიშვნელ ტერმინად ძირითადად გამოიყენება ტერმინი – ქმედება.

15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ვალდებულების შესრულების ლეგიტიმური სახელშეკრულებო ინტერესი სამართლებრივი დაცვის თვალსაზრისით, განსაკუთრებული სიკეთეა ნებისმიერ სამართლებრივ სისტემაში. სახელშეკრულებო ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნების შეუსრულებლობა უკვე ვალდებულების დარღვევაა. ვალდებულების დარღვევისათვის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამოხატულებას ჰპოვებს მოვალეზე კანონით დადგენილი ქონებრივი ზემოქმედების ზომებში. სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე, რომელიც არღვევს ვალდებულებას, პასუხს აგებს დაზარალებულის წინაშე. დაზარალებულს უფლება აქვს მოითხოვოს დარღვეული უფლების დაცვა (იხ. მ. თოდუა/ ჰ.ვილემსი, ვალდებულებითი სამართალი, თბილისი, 2006, 37.).

16. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოთხოვნის საფუძველია სამართლის ის ნორმა, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა მოთხოვნის საფუძვლებთან ერთობლიობაში აფუძნებს ამა თუ იმ მოთხოვნას ანუ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კონკრეტულ უფლება-მოვალეობებს (იხ. ჰ. ბოელინგი/ ლ.ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, 2004). ხელშეკრულება არ წარმოადგენს მოთხოვნის საფუძველს. მოთხოვნის საფუძველი მხოლოდ კანონშია მოცემული, ხელშეკრულება კი მოთხოვნის წარმოშობის წინაპირობაა.

17. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოთხოვნის საფუძველი შესაძლოა მიმართული იყოს შესრულების უფლების მინიჭებაზე. მაგალითად, სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველი კი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ეს ნორმა ნასყიდობის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმების ცენტრალური მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს. ამ სამართლებრივი ნორმის საფუძველზე აღმოცენებულ მოთხოვნას პირველადი მოთხოვნის უფლება ეწოდება. პირველადი მოთხოვნა მეორადი მოთხოვნისაგან იმით განსხვავდება, რომ უშუალოდ ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს და ხელშეკრულების მხარის მთავარი ინტერესია.

18. საკასაციო პალატა განმარტავს რომ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება კანონით გათვალისწინებული უფლებაა. ამიტომ კანონი ამომწურავად განსაზღვრავს ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძვლებსა და წესს, კერძოდ, იმას, თუ როდის შეუძლია ხელშეკრულების მხარეს მოითხოვოს ხელშეკრულებიდან გასვლა (სსკ-ის 405-ე, 352-359-ე მუხლები). თუმცა, ეს არ გამორიცხავს, რომ მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულებიდან გასვლის დამატებით პირობებზე. ხელშეკრულებიდან გასვლის, როგორც მეორადი მოთხოვნის უფლების საფუძვლები შეიძლება დაიყოს მატერიალურ და ფორმალურ ნაწილებად. მატერიალურში იგულისხმება ვალდებულების დარღვევა, ხოლო ფორმალურში - დამატებითი ვადის დაწესება (გაფრთხილება) და ხელშეკრულებაზე უარის თქმის შეტყობინება (იხ. სუსგ. საქმე №ას-362-2021, 25 ივნისი, 2021 წელი). განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილი შეუდავებელი მტკიცებულებით დასტურდება, რომ მხარეთა შორის შეთანხმებული იყო მეორადი მოთხოვნის (ხელშეკრულებიდან გასვლის) სხვაგვარი წესი, სახელდობრ ხელშეკრულების მე-3 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ნასყიდობის საგანი გაიყიდა 90 000 აშშ დოლარად და მყიდველი ვალდებულია გადაუხადოს გამყიდველს ნასყიდობის ფასი სრულად ამ ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე. გამყიდველს ეძლეოდა საშუალება მყიდველის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში გასულიყო ხელშეკრულებიდან და დაებრუნებინა ის, რაც ხელშეკრულების დადებამდე ეკუთვნოდა. შესაბამისად, ვინაიდან სახეზეა მხარეთა შორის მეორადი უფლების განხორციელების შესახებ „სხვაგვარი შეთანხმება“ მიიჩნევა, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის კანონისმიერი წინაპირობები აღარაა უპირატესი და ამგვარი უფლების განსახორციელებლად უნდა დადგინდეს მხოლოდ მოპასუხის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების ფაქტი.

19. საკასაციო პალატა კასატორის შედავების მიუხედავად, მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მართებულად მოხდა მტკიცების ტვირთის გადანაწილება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მტკიცების ტვირთზე მითითებას აკეთებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გავმიჯნოთ ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს - ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან.

20. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა - სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი - მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ., ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64).

21. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მოთხოვნისას, მოსარჩელემ ხელშეკრულების დადებისა და ვალდებულების არსებობის ფაქტი უნდა ამტკიცოს; ხოლო მოპასუხემ, ვალდებულების შესრულების ფაქტი, ან იმ გარემოებათა არსებობა, რომლებიც გამორიცხავს შესრულებას ან აძლევს შესრულების დაყოვნების (შესრულების გადადების) უფლებას.

22. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ 2017 წლის 16 სექტემბერს ნ.ბ–სა და გ.ჯ–ს შორის შორის დადებული შპს „ს–ს“ წილის ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე: წილის მყიდველი წილის გამყიდველს საკუთრებაში არსებული წილის ყიდვის საკუთრებაში მიღების სანაცვლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით წილის მყიდველს გადაუხდის 90000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს. ნასყიდობის ხელშეკრულებით, მყიდველებმა (მოპასუხეებმა) ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, უძრავი ქონების საფასურის გადახდის ვალდებულება აიღეს, თუმცა, აღნიშნული დათქმა, ცალსახად მოპასუხეთა მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას არ ადასტურებს. ამასთან, ერთადერთი არგუმენტი, რომელიც კასატორს სადავო თანხის გადახდის დამადასტურებლად გააჩნია არის ის, რომ ნ.ბ–მა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული შეზღუდვა (გამოსყიდვის უფლების შესახებ), საკუთარი ინიციატივით გააუქმა, რასაც არ განახორციელებდა, მოპასუხეთა ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მოხმობილი არგუმენტი არასაკმარისია ნასყიდობის საფასურის სრულად გადახდილად აღიარებისთვის. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკის შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 429-ე-431-ე მუხლებით განსაზღვრული სავალო საბუთის ინსტიტუტიდან გამომდინარე, კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია სწორედ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესით, რომლის თანახმად, შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას იმიტომ წარმოადგენს მოვალისათვის, რომ საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი მას ეკისრება (იხ. სუსგ საქმე №ას-970-935-2016, 18 დეკემბერი, 2017 წელი; საქმე №ას-570-541-2015, 11 ნოემბერი, 2015 წელი; საქმე №ას-1541-1547-2011, 19 აპრილი, 2012 წელი). ამასთან, ვალდებულების შესრულების თაობაზე დავის წარმოშობის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი მოვალეს აკისრია. მან უნდა დაამტკიცოს, რომ ვალდებულება შეასრულა და ამით ვალდებულება შეწყდა. მოვალეს ესაჭიროება სათანადო მტკიცებულება, რომ შეწყვეტის მიზნით ვალდებულების შესრულების ფაქტი დაამტკიცოს. კრედიტორი ასეთი დოკუმენტის გაცემით ადასტურებს, რომ მან შესრულება მიიღო, ვალდებულება შესრულდა და შეწყვეტილია. პრაქტიკაში ვალდებულების შესრულების ან/და მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის სხვადასხვა სახე არსებობს, როგორიცაა: ქვითარი, მიღება-ჩაბარების აქტი, ხელწერილი, საბანკო გადარიცხვის ამონაწერი და სხვა (იხ. სუსგ საქმე №ას-1288-2019, 4 მარტი, 2021 წელი, პ.125). შესაბამისად, პალატა ასკვნის, რომ საჯარო რეესტრში მოსარჩელის მიერ შეზღუდვის გაუქმება ცალკე აღებული, სხვა რაიმე რელევანტური მტკიცებულების გარეშე, არ ადასტურებს მოპასუხის მიერ საკმაოდ სოლიდური თანხის გადახდის ფაქტს, რის გამოც, გასაჩივრებული განჩინებით მართებულად იქნა დადგენილი, რომ არ დადასტურდა მოპასუხის მიერ ნასყიდობის საგნის საფასურის გადახდის ფაქტი, რაც მოსარჩელეს, მხარეთა შორის ხელშეკრულებით განსაზღვრული სპეციალური დათქმის გათვალისწინებით, ხელშეკრულებიდან გასვლისა და რესტიტუციული მოთხოვნის დაყენების შესაძლებლობას აძლევდა.

23. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმატების პერსპექტივა ასევე არ გააჩნია მოპასუხის მოთხოვნის შემაფერხებელ შესაგებელსაც. ამ მიმართებით, საკასაციო პალატა დოქტრინასა და სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით, აგრეთვე, სამოქალაქო კოდექსის 405-ე და 352-ე მუხლების გაანალიზების საფუძველზე განმარტავს, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება კანონმდებლის მიერ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარისათვის მინიჭებული უფლებაა და მისი თავისებურება იმაშია, რომ ამისთვის არ არის აუცილებელი მეორე მხარის თანხმობა. ეს თავისებურება განაპირობებს იმასაც, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება არის აღმჭურველი უფლება და მოთხოვნის უფლებებისაგან განსხვავებით მასზე არ ვრცელდება ხანდაზმულობა. იგი შეიძლება ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნებისმიერ დროს იქნეს გამოყენებული, თუკი, არსებობს კანონით ამომწურავად განსაზღვრული ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძვლები და წესები (სამოქალაქო კოდექსის 405-ე, 352-359-ე მუხლები). (იხ: დამატებით: ლ. ჭანტურია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი 3, მუხლი 352-ე, თბილისი, 2001 წელი, 233; მ.თოდუა, ჰ. ვილემსი, ვალდებულებითი სამართ, თბილისი, 2006 წელი, 41; შდრ: სუსგ №ას- 1361-2020, 11 მარტი, 2021; №ას-1565-2018, 30 აპრილი, 2020; №ას-38-38-2018, 08 ივნისი, 2018; №ას-1189-1119-2015, 23 მარტი, 2016). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი და სხვა კერძოსამართლებრივი კანონმდებლობა შეიცავს აგრეთვე ისეთ ნორმებს, რომლებიც გამოიყენება მოთხოვნის საფუძვლით გათვალისწინებული წინაპირობების შემოწმებისას და ამდენად, ასრულებს დამხმარე ფუნქციას. დამხმარე ხასიათის ნორმებს განეკუთვნება ასევე უშუალოდ სამართლებრივი შედეგის დამფუძნებელი უფლების მომწესრიგებელი ნორმები, ისინი პირს სამართლებრივი შედეგის მოდიფიცირების უფლებას ანიჭებს ხელშეკრულების მეორე მხარის თანხმობის არსებობის მიუხედავად. დამფუძნებელია უშუალო სამართლებრივი შედეგის წარმომშობი უფლება, რომელიც პირს ანიჭებს უფლებამოსილებას, ცალმხრივი ნების გამოვლენით წარმოშვას, შეცვალოს ან გააუქმოს სამართლებრივი შედეგი. დამფუძნებელი უფლების მარეგულირებელი ნორმების ძირითადი თავისებურება ისაა, რომ უფლებამოსილი პირის მიერ უფლება ხორციელდება ნამდვილი, მიღებასავალდებულო ნების გამოვლენით. ასეთ დამფუძნებელ უფლებათა რიცხვს მიეკუთვნება ხელშეკრულებიდან გასვლა, რომელიც სკ-ის 355-ე მუხლის თანახმად, ხდება ხელშეკრულების მეორე მხარისათვის შეტყობინებით. დამფუძნებელი უფლება განხორციელებულია ანუ შესაბამისი ნების გამოვლენა ნამდვილია იმ მომენტიდან, როდესაც იგი ხელშეკრულების მეორე მხარეს მიუვა, კერძოდ, მოხვდება მიმღების ძალაუფლების სფეროში და ამ უკანასკნელს ექნება მისი შინაარსის რეალურად განხორციელების შესაძლებლობა ( იხ. დამატებით: დ. კერესელიძე, კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები, 2009, 246.). ამ უფლებათა განსხვავებული სტატუსი, ცხადია, არ გამორიცხავს მათ განხორციელებას სასამართლოსათვის მიმართვის გზით.

24. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დამფუძნებელი უფლების განხორციელება პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ცალკეული მოთხოვნის წარმოშობასა და გაუქმებაზე. მაგალითისათვის, უფლებამოსილი პირის მიერ კანონით დადგენილი წესებისა და პირობების შესაბამისად განხორციელებული ხელშეკრულებიდან გასვლა სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლით წარმოშობს ე.წ. რესტიტუციის მოთხოვნის უფლებას, ანუ ხელშეკრულების ორივე მხარემ ერთმანეთს უნდა დაუბრუნონ მიღებული შესრულება და სარგებელი.

25. საკასაციო პალატა განმარტავს, მიუხედავად იმისა რომ ხელშეკრულებიდან გასვლაზე, როგორც აღმჭურველ უფლებაზე, არ ვრცელდება ხანდაზმულობა, მისი თანმდევი შედეგი - რესტიტუცია ექვემდებარებოდა ხანდაზმულობას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამ დროს თავდაპირველი ვალდებულებითი ურთიერთობის ადგილს იკავებს უკუქცევის შედეგად წარმოშობილ შესრულებათა უკან დაბრუნების ურთიერთობა, რაც ხელშეკრულების დადების შემდეგ შესრულებათა გაცვლამდე არსებული ვითარების აღდგენას გულისხმობს, ანუ ხელშეკრულებიდან გასვლით წარმოიშობა ახალი ვალდებულება (პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის ვალდებულება). ნატურით დაბრუნების მოთხოვნაზე კი, სამოქალაქო კოდექსის 128.3 მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის საერთო 10-წლიანი ვადა ვრცელდება (შდრ. სუსგ №ას-1209-1169-2016, 12 ივლისი, 2017 წელი), რომელიც იწყება ხელშეკრულებიდან გასვლის მომენტიდან. მოხმობილი მსჯელობის შესაბამისად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა 2017 წლის 16 სექტემბერს დადებული ხელშეკრულებიდან გასვლისა და უფლებრივი რესტიტუციის შესახებ არ იყო ხანდაზმული და მართებულად დაკმაყოფილდა.

26. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

27. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

28. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

29. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

გ.ჯ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად; გ.ჯ–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს ო.კ–ის მიერ 27/10/2025წ. №30041958140 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (5000 ლარი), ასევე 29/10/2025წ. №30079601058 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (1000 ლარი) - ჯამში გადახდილი - 6000 ლარის 70% – 4200 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება. თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ლევან ნემსაძე