დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-352-2026 4 ივნისი, 2026 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნიკოლოზ მარსაგიშვილი (თავმჯდომარე)
მირანდა ერემაძე (მომხსენებელი),მოსამართლე: არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები - გ.ლ–ი, ლ.უ–ვა (აპელანტი, მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარეები - ა.ლ–ი, თ.თ–ძე (მოსარჩელეები)
დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირები - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, ააიპ სოციალური მზრუნველობის სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 ოქტომბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის განხილვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. გ.ლ–ისა და ლ.უ–ვას (შემდეგში მოპასუხეები, კასატორები ან საკასაციო საჩივრის ავტორები) საკასაციო პრეტენზიით, დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 ოქტომბრის განჩინება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ, რომლითაც ა.ლ–ისა და თ.თ–ძის (შემდგომში მოსარჩელეები) სარჩელი მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ დაკმაყოფილდა. დადგინდა მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების (მდებარე, .............., ს/კ: ........) (შემდგომში სადავო უძრავი ქონება) გამოთხოვა და მესაკუთრე ა.ლ–ისთვის (მოსარჩელისთვის) თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა.
2. კასატორების აზით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საქმის განხილვისას ყურადღების მიღმა დატოვეს ის ფაქტი, რომ სარჩელი წარდგენილია არასრულწლოვნისა და მისი დედის მიერ, რომელიც იარაღად იყენებს საკუთარ შვილს მამისა და ბებიის (მოპასუხეების) წინააღმდეგ. სასამართლოებს სათანადოდ არ შეუფასებიათ გამოხატავდა თუ არა არასრულწლოვანი სასარჩელო წარმოების გაგრძელების სურვილს (ნებას). სარჩელის რეალური მოტივი დაკავშირებულია კანონიერი წარმომადგენლის - დედის პირად ინტერესებთან, რომელიც სცილდება წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლებს. ეს კი ეწინააღმდეგება წარმომადგენლობის ინსტიტუტის არსს.
3. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 16 აპრილის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. საკასაციო პალატა საქმის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
5. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის (არასრულწლოვნის) კუთვნილი უძრავი ქონების გამოთხოვის საფუძვლის არსებობა.
9. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება განმარტებულია ვრცლად და იგი მოიცავს არაერთ ქონებრივ/ფულად უფლებას, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – „მარქსი ბელგიის წინაღმდეგ" განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება’’ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება - ,,მარქსი ბელგიის წინააღმდეგ", განაცხ. 6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).
10. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
11. უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილია.
12. სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია.
14. კერძოდ, საქმის მასალებით დადგენილია, რომ სადავო უძრავი ქონება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია არასრულწლოვანი მოსარჩელის საკუთრებად (იხ. ტ. 1. ს.ფ 179-180); არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელია დედა, თ.ლ–ი, რომელიც არასრულწლოვანთან ერთად არის მოსარჩელე წინამდებარე საქმეში, ხოლო არასრულწლოვნის მამა, გ.ლ–ი, არის ერთ-ერთი მოპასუხე;
15. არასრულწლოვნის საკუთრებაში არსებულ სადავო უძრავ ქონებას ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ მოპასუხეები, არასრულწლოვნის მამა და ბებია.
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო პროცესი, აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. სსკ-ის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის (არასრულწლოვნის) სახელზე სადავო უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული ჩანაწერი საკუთრების უფლების შესახებ არ არის არც გაუქმებული და არც გასაჩივრებული. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით დადგენილი საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე არის სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე.
17. ამრიგად, ცალსახაა, რომ სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დადგენილი კუმულაციური წანამძღვრები, კერძოდ, მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და მოპასუხეთა მიერ სადავო ნივთის ფლობა სასამართლოს მიერ დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემობაა. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეთა მტკიცების საგანში შემავალ გარემობას წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მართლზომიერად ფლობის ფაქტი.
18. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას და განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, კასატორებმა სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლეს იმ გარემოების დამტკიცება, რომ ისინი მართლზომიერად ფლობენ სადავო უძრავ ქონებას.
19. კასატორები თავიანთ პოზიციას ძირითადად ამყარებენ იმას, რომ სასამართლოებს სათანადოდ არ შეუფასებიათ არასრულწლოვანი მოსარჩელის ნება, და არ გამოუკვლევიათ რამდენად იყო არასრულწლოვნის ნამდვილი ინტერესი გაეგრძელებინა სასარჩელო წარმოება მამისა და ბებიის წინააღმდეგ, თუ ეს იყო მისი კანონიერი წარმომადგენლის, დედის, პირადი ინტერესი, მოპასუხეთა წინააღმდეგ იარაღად გამოეყენებინა საკუთარი შვილი.
20. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორების ზემოაღნიშნულ პრეტენზიას და მიუთითებს, რომ ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის თანახმად ბავშვის (18 წლამდე პირის) კეთილდღეობაზე და საუკეთესო ინტერესებზე ზრუნვის ვალდებულება აქვს ბავშვის მშობლებს, მეურვეებს, სახელმწიფოს, რომელიც წარმოდგენილია სოციალური მომსახურების დაწესებულებებით.
21. პალატამ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებასა და დაცვას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, თუმცა აღსანიშნავია, რომ „ბავშვის უფლებების შესახებ“ 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციისა და სსკ-ის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის (მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით) ანალიზიდან გამომდინარე, არასრულწლოვანი ბავშვების ინტერესების ჯეროვანი დაცვა მათ კანონიერ წარმომადგენლებს ევალებათ.
22. წინამდებარე საქმეში დადგენილია, რომ არასრულწლოვანი მოსარჩელის ინტერესებს სასამართლოში იცავს მისი კანონიერი წარმომადგენელი, დედა.
23. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს წინამდებარე საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ უდავოდ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 1) 2025 წლის 1 ივლისს სასამართლო სხდომაზე არასრულწლოვანთან გასაუბრებისას, სასამართლომ მოსარჩელეს აუხსნა საქმის გარემოებები, განუმარტა მისი შედეგები და მოისმინა მისი პოზიცია მოპასუხეების ბინიდან გამოსახლებასთან დაკავშირებით, რაზეც არასრულწლოვანმა განმარტა და დაადასტურა, რომ მისი ნებაა საქმეზე გაგრძელდეს წარმოება და სასამართლომ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება; 2) არასრულწლოვნის ინტერესების დასაცავად სასამართლოს 2022 წლის 7 ივლისის განჩინებით, საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად ჩაება სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, ააიპ სოციალური მზრუნველობის სააგენტო; 3) ააიპ სოციალური მზრუნველობის სააგენტოს დაევალა არასრულწლოვნის საქმესთან დაკავშირებით დასკვნის მომზადება; 4) 2022 წლის 26 სექტემბერს სააგენტომ წარადგინა მის მიერ მომზადებული დასკვნა; 5) საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 27 ნოემბრის განჩინებით ააიპ სოციალური მზრუნველობის სააგენტოს დაევალა საქმეში ფსიქოლოგის ჩართვა, რომელსაც დაესვა მთელი რიგი კითხვები და დაევალა დასკვნის წარმდგენა; 6) 2025 წლის 4 აპრილს სოციალური მზრუნველობის სააგენტოდან წარმოდგენილი იქნა დასკვნა - ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგები. საქმის განხილვაში მონაწილეობდა ფსიქოლოგი. ფსიქოლოგის განმარტების შესაბამისად, მისი დაკვირვებით, ბავშვი ინფორმირებულია საკითხზე და იძულების ქვეშ არ იმყოფება. მანვე აღნიშნა, რომ როგორც წესი ბავშვები იზიარებენ ხოლმე იმ შეხედულებებს, რა გარემოშიც იზრდებიან, თუმცა, არ ფიქრობს რომ ა.ლ–ი არის ზეწოლის ქვეშ; 7) სასამართლოს 30.12.2024. განჩინებით ა.ლ–ის ინტერესების დასაცავად დაინიშნა იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუროს ადვოკატი; 8) სასამართლოს სხდომაზე (01.07.2025წ.) არასრულწლოვანმა მოსრჩელემ მხარი დაუჭირა მისი სახელით წარმოდგენილ სარჩელს და განმარტა, რომ მისი სურვილია გაგრძელდეს საქმის წარმოება. 14 წლის არასრულწლოვანს სასამართლოს მხრიდან მისთვის გასაგებ ენაზე განემარტა საქმის არსი და ის შედეგები, რაც შესაძლოა მოჰყვეს სარჩელს, მისი დაკმაყოფილების შემთხვევაში და ამ განმარტების ფონზეც მოსარჩელემ დაადასტურა მისი ნება.
24. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას იმის შესახებ, რომ არასრულწლოვანი მოსარჩელე სრულად ინფორმირებულია და აცნობიერებს აღძრული ვინდიკაციური სარჩელის შინაარსს, მის შედეგებს, გამოხატავს ნებას დავის წარმოების გაგრძელებასთან დაკავშირებით, რაც საფუძველს აცლის მოპასუხეთა (კასატორების) პრეტენზიას არასრულწლოვნის მიერ გამოხატული თავისუფალი ნების სასამართლოთა მხრიდან არასწორად შეფასების შესახებ. კასატორებს მოსარჩელეთა მოთხოვნის გასაბათილებლად, სასამართლოსთვის არ წარმოუდგენიათ სამართლებრივად ვარგისი მტკიცებულებები, რომლითაც ან გამოირიცხებოდა არასრულწლოვანი მოსარჩელის საკუთრების უფლება სადავო ქონებაზე, ან დადგინდებოდა, კასატორების უპირატესი უფლება ამავე ნივთზე, რაც შეზღუდავდა მესაკუთრის უფლებას სადავო ქონებასთან მიმართებით. კასატორებმა ვერ მიუთითეს ისეთ გარიგებისმიერ ან კანონისმიერ საფუძვლებზე (იხ. სსკ-ის 162-ე მუხლი), რომლის მიხედვითაც სადავო საგნის მართლზომიერ მფლობელად ჩაითვლებოდნენ.
25. ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი უნდა დარჩეს განუხილველი, რადგან არ არსებობს მისი დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
26. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.ლ–ისა და ლ.უ–ვას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. გ.ლ–სა (პ.ნ. ........) და ლ.უ–ვას (პ.ნ. ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე ი/მ გ.ჭ–ას (პ.ნ. .........) მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი (საგადასახადო დავალება (მოთხოვნა) N1775492797; გადახდის თარიღი: 06.04.2026) 150 ლარის 70% - 105 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. მარსაგიშვილი
მ. ერემაძე
ა. კოჭლამაზაშვილი