დაკმაყოფილდა

სამოქალაქო 11.06.2026
საქმის ნომერი
ა-1199-შ-40-2026
კატეგორია
დავის ტიპი
შუამდგომლობა
თარიღი
11.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ა-1199-შ-40-2026

11 ივნისი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ ჯინჯოლია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან ნემსაძე, არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ი.შ–ი

მოწინააღმდეგე მხარე – მ.მ–ძე

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტუბინგენის სამხარეო სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2024 წლის 09 ივლისის N18 F 236/24 eA გადაწყვეტილება

დავის საგანი – მშობლის უფლების დროებითი განკარგვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტუბინგენის სამხარეო სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2024 წლის 09 ივლისის N18 F 236/24 eA გადაწყვეტილებით დროებითი განკარგულების მიღების გზით მშობლის ვალდებულებები ორ მცირეწლოვან ბავშვზე - ბ.შ–ი, დაბ. 29.08.2018 და მ.შ–ი, დაბ. 17.09.2011 გადაეცა განმცხადებელს (ი.შ–ს).

2. ი.შ–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტუბინგენის სამხარეო სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2024 წლის 09 ივლისის N18 F 236/24 eA გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტუბინგენის სამხარეო სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2024 წლის 09 ივლისის N18 F 236/24 eA გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ ტუბინგენის ახალგაზრდული მხარდაჭერის სამსახური 2024 წლის იანვრიდან ახორციელებს ბავშვების - ბ–სა და მ–ის დაცვის პროცესს, ახალგაზრდების მხარდაჭერის სამსახური მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბავშვები უნდა განეშორებინათ მოპასუხისაგან (მ.მ–ძისათვის), რადგან დედა მძიმედ ფსიქიკურად დაავადებულია და მამას ბ–თან დაახლოების საშუალებას თითქმის არ აძლევდა. მამა რამდენიმე თვე ცდილობდა გამკლავებოდა დედის დაავადებას და ბავშვებისათვის სტაბილური გარემო უზრუნველეყო. მოპასუხეს ბოლო დროს აღენიშნა მძიმე დეპრესიული ეპიზოდი ფსიქოტური სიმპტომებით და ტუბინგენის სამხარეო სასამართლოს 2024 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით დროებით მოთავსდა ტუბინგენის ფსიქიატრიულ საავადმყოფოს დახურულ განყოფილებაში, მძიმე ფსიქიკური დაავადების გამო.

4. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტუბინგენის სამხარეო სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2024 წლის 09 ივლისის N18 F 236/24 eA გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ დაბარების მიუხედავად მოპასუხე (მ.მ–ძე) არ გამოცხადდა ზეპირ მოსმენაზე, ისე რომ მიზეზი არ დაუსახელებია. სასამართლომ ბავშვებს დაუნიშნა ადვოკატები და პირადად მოუსმინა მათ და მათ მშობელს. სასამართლომ ასევე მოისმინა ახალგაზრდების კეთილდღეობის ოფისის მოსაზრება. ზეპირი მოსმენის დროს ახალგაზრდების კეთილდღეობის ოფისმა მოსამართლეს აცნობა, რომ სიტუაცია გაუარესდა საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ. მან (მოპასუხემ) არ შეასრულა არცერთი შეთანხმებული დაპირება. უმცროსი ქალიშვილის ფიზიკური მდგომარეობა გაუარესდა ალბათ იმიტომ, რომ საბავშვო ბაღში არ დადიოდა. თუმცა, ბინის გამოყოფის შემდეგ კვლავ გაუმჯობესდა, განმცხადებელს ბავშვი რეგულარულად დაყავდა საბავშვო ბაღში. ახალგაზრდების კეთილდღეობის ოფისი მხარს უჭერს მშობლის პასუხისმგებლობის გადაცემას მამაზე. იგივე მოსაზრება ჰქონდა ბავშვების საპროცესო დამცველს.

5. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტუბინგენის სამხარეო სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2024 წლის 09 ივლისის N18 F 236/24 eA გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. მოპასუხე მხარეს საპასუხო სარჩელი არ წარუდგენია და გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია.

6. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, მხარეებს ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილები - 2011 წლის 17 სექტემბერს დაბადებული მ.შ–ი და 2018 წლის 29 აგვისტოს დაბადებული ბ.შ–ი. მეუღლეები არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობდნენ გერმანიაში, ქ. ტიუბინგენში. მეუღლე - მ.მ–ძე ტუბინგენის სამხარეო სასამართლოს 2024 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით დროებით მოთავსდა ტუბინგენის ფსიქიატრიულ საავადმყოფოს დახურულ განყოფილებაში, მძიმე ფსიქიკური დაავადების გამო. მხარეების ერთობლივი თანაცხოვრება ფაქტობრივად შეწყვეტილია.

7. შუამდგომლობის თანახმად, ტუბინგენის სამხარეო სასამართლოს 2024 წლის 09 ივლისის N18 F 236/24 eA გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მ.მ–ძემ დატოვა გერმანია და ცხოვრობს თბილისში, .......ქ. N7-ში. არასრულწლოვანი ბავშვები ბ.შ–ი და მ.შ–ი მამასთან ერთად ცხოვრობენ გერმანიაში. ბ.შ–ი მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა. არასრულწლოვანი ბავშვების ინტერესებშია საქართველოში მყოფი პაპა-ბებიასთან და ნათესავ-მეგობრებთან ურთიერთობა, რის გამო აუცილებელია ბავშვები ჩამოვიდნენ საქართველოში. შესაბამისად, არასრულწლოვან ბავშვებს სჭირდებათ პასპორტის ვადის გაგრძელება. არასრულწლოვნების, საქართველოს მოქალაქის - მ.შ–ისა და საქართველოს მოქალაქის ბ.შ–ის საქართველოში დაბრუნებას აბრკოლებს მშობლის უფლება-მოვალეობა შეჩერებული დედის - მ.მ–ძის ფაქტორი, ვინაიდან ტუბინგენის სამხარეო სასამართლოს, საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2024 წლის 09 ივლისის N18 F 236/24 eA გადაწყვეტილება მოქმედებს მხოლოდ გერმანიის სახელმწიფოს ტერიტორიაზე და საქართველოს ტერიტორიაზე მას არ გააჩნია პირდაპირი მოქმედების ძალა.

8. შუამდგომლობაზე დართული მასალებით დგინდება, რომ შუამდგომლობის ავტორი, არასრულწლოვანი ბავშვები და მოწინააღმდეგე მხარე საქართველოს მოქალაქეები არიან.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 19 მარტის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად. შუამდგომლობა და თანდართული მასალები გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარეს და მასვე განემარტა, რომ მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის განმავლობაში ჰქონდა აღნიშნულ შუამდგომლობაზე თავისი აზრის გამოთქმის უფლება, ასევე, მას შეეძლო საქმის ზეპირი განხილვის მოთხოვნა.

10. ზემოაღნიშნული განჩინება და შუამდგომლობა თანდართულ მასალებთან ერთად მოწინააღმდეგე მხარეს 2026 წლის 20 მარტს გაეგზავნა და ამავე წლის 23 მარტს ჩაბარდა. საქმის განხილვამდე მოწინააღმდეგე მხარეს პოზიცია არ წარმოუდგენია და არც საქმის ზეპირი განხილვა მოუთხოვია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

11. საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ი.შ–ის შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტუბინგენის სამხარეო სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2024 წლის 09 ივლისის N18 F 236/24 eA გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

12. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2 პუნქტით. კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს ის საკითხი, სახეზე ხომ არ გვაქვს მოთხოვნის გამომრიცხავი კანონით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ საერთაშორისო სამართლებრივ ბრუნვაში მრავალი ქვეყანა მისდევს revizion au fond-ის აკრძალვის სახელით ცნობილ პრინციპს, რომელიც უარყოფს უცხო ქვეყნის სასამართლოს (არბიტრაჟის) მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას (იხ. სუსგ №ა-952-შ-23-2016, 6 ივლისი, 2015 წელი).

14. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვა კანონის ფორმალურ დანაწესებთან ამ გადაწყვეტილების შემოწმების გზით ხორციელდება, იმგვარად, რომ საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს, რაიმე ფორმით განმარტოს ან შესწორება შეიტანოს თავად გადაწყვეტილებაში ან მისი სარეზოლუციო ნაწილის რომელიმე პუნქტში.

15. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით განსაზღვრულია საქართველოს სასამართლოების საერთაშორისო კომპეტენცია მშობლებსა და შვილებს შორის პირადი ურთიერთობების, შვილების წარმოშობის, მამობის დადგენის და მათთან დაკავშირებული დავების საქმეებზე, თუ პროცესის ერთ-ერთი მხარე საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს.

16. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც, რაც ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის ბოლო წინადადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მართალია, საერთაშორისოდ აღიარებული ეს უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურს, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტები თავადვე იძლევიან ჩარევის ლეგიტიმურ დეფინიციას და განსაზღვრავენ, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით, ამასთან, ჩარევის სტანდარტად, გამოყენებულ უნდა იქნას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული „ბავშვის უფლებათა კონვენციაში“.

17. „ბავშვის უფლებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში, იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას, ამავე კონვენციის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ პატივი სცენ ბავშვის უფლებას შეინარჩუნოს თავისი ინდივიდუალობა, მათ შორის, მოქალაქეობა, სახელი და ოჯახური ურთიერთობა, როგორც გათვალისწინებულია კანონით, ამასთან, არ დაუშვან კანონსაწინააღმდეგო ჩარევა.

18. ზემოაღნიშნული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ. მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით (სკ-ის 1198.1 მუხლი). მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს (სკ-ის 1199-ე მუხლი). მითითებული საკანონმდებლო დანაწესების ანალიზი იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმისი უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში (იხ. სუსგ საქმე №ა-1285-შ-29-2016, 29 ივლისი 2016 წელი).

19. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დაცული ოჯახური ცხოვრების პატივისცემა გულისხმობს ოჯახის წევრებს შორის კონტაქტისა და ურთიერთობების დაცვას. სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ - Elsholz v. Germany, № 25735/94, 31.07.2000, par. 52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, №28945/95, 10.05.2001, პარ.72) შდრ. ასევე,სუსგ №ას-967-916-2015, 25.02.2016 წ.)

20. ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ბავშვს უფლება აქვს, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს, რომლებიც ბავშვისთვის ინდივიდუალურად, ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად განისაზღვრება, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას; სამართლის ნორმის განმარტებისას გამოყენებული უნდა იქნეს ის განმარტება, რომელიც ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ყველაზე მეტად შეესაბამება, ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად (მუხლი 5.4); სახელმწიფო იღებს ყველა საჭირო ზომას, რათა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოებმა, ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა ბავშვის საუკეთესო ინტერესები განსაზღვრონ და მათი სავალდებულო შეფასება განახორციელონ შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ა) ბავშვის აზრის მოსმენა და სათანადოდ გათვალისწინება (მუხლი 5.5).

21. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი (Gnahore v. France, n. 40031/98, § 59, ECHR 2000-IX) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადაწონოს მშობლების ინტერესი (Sahin v. Germany [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII). კერძოდ, კონვენციის მე-8 მუხლიდან გამომდინარე, მშობელს არა აქვს ისეთი ღონისძიებების მოთხოვნის უფლება, რომელთა განხორციელებამ შესაძლებელია, ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014, Scozzar and Giunta v. Italy [GC], no. 39211/98 and 41963/98, § 169, ECHR 2000-VIII, and P., C. And S. v. the United Kingdom. no. 56547/00, § 177, ECHR 2002-VI). სასამართლოსათვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასა და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვა და ინდივიდუალური შეფასება, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში იქ, სადაც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს ეხება სადავო საკითხი, უპირატესობა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს (იხ. სუსგ საქმე Nა-38-3818-შ-98-2024, 12 სექტემბერი 2024 წელი; საქმე Nა-5189-შ-139-2017 27 ივლისი, 2018 წელი).

22. საქართველოს უზენაესი სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დროებითი განკარგულების გზით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც მშობლის ვალდებულებები ორ მცირეწლოვან ბავშვზე - ბ.შ–ი, დაბ. 29.08.2018 და მ.შ–ი, დაბ. 17.09.2011 გადაეცა განმცხადებელს (ი.შ–ს). გადაწყვეტილების მიმღები სასამართლო სამოტივაციო ნაწილში აღნიშნავს, რომ მიღებული გადაწყვეტილება გამომდინარეობს ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან. ამასთან, საცნობი გადაწყვეტილების შინაარსიდან ირკვევა, რომ მოპასუხეს ბოლო დროს აღენიშნა მძიმე დეპრესიული ეპიზოდი ფსიქოტური სიმპტომებით და ტუბინგენის სამხარეო სასამართლოს 2024 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით დროებით მოთავსდა ტუბინგენის ფსიქიატრიულ საავადმყოფოს დახურულ განყოფილებაში, მძიმე ფსიქიკური დაავადების გამო. საქმის განხილვას ასევე ესწრებოდა ახალგაზრდების მხარდაჭერის სამსახური. ახალგაზრდების კეთილდღეობის ოფისმა მოსამართლეს აცნობა, რომ სიტუაცია გაუარესდა საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ. მან (მოპასუხემ) არ შეასრულა არცერთი შეთანხმებული დაპირება. უმცროსი ქალიშვილის ფიზიკური მდგომარეობა გაუარესდა ალბათ იმიტომ, რომ საბავშვო ბაღში არ დადიოდა. თუმცა, ბინის გამოყოფის შემდეგ კვლავ გაუმჯობესდა, განმცხადებელს ბავშვი რეგულარულად დაყავდა საბავშვო ბაღში. ახალგაზრდების კეთილდღეობის ოფისი მხარს უჭერს მშობლის პასუხისმგებლობის გადაცემას მამაზე. იგივე მოსაზრება ჰქონდა ბავშვების საპროცესო დამცველს.

23. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე შუამდგომლობის განსახილველად მიღების, ასევე, განხილვის თარიღისა და საქმის განმხილველი მოსამართლეთა შემადგენლობის შესახებ მოწინააღმდეგე მხარეს ეცნობა, თუმცა მხარეს ამ დრომდე არ მოუმართავს სასამართლოსათვის.

24. ზემოაღნიშნული განმარტებების, ბავშვის საუკეთესო ინტერესებისა და საქმის შინაარსის სპეციფიკის გათვალისწინებით საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც არ არსებობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები.

25. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ უნდა იქნას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტუბინგენის სამხარეო სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2024 წლის 09 ივლისის N18 F 236/24 eA გადაწყვეტილება, რომლითაც დროებითი განკარგულების გზით მშობლის ვალდებულებები ორ მცირეწლოვან ბავშვზე - ბ.შ–ი, დაბ. 29.08.2018 და მ.შ–ი, დაბ. 17.09.2011 გადაეცა განმცხადებელს (ი.შ–ს).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ი.შ–ის შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტუბინგენის სამხარეო სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2024 წლის 09 ივლისის N18 F 236/24 eA გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტუბინგენის სამხარეო სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2024 წლის 09 ივლისის N18 F 236/24 eA გადაწყვეტილება, რომლითაც დროებითი განკარგულების გზით მშობლის ვალდებულებები ორ მცირეწლოვან ბავშვზე - ბ.შ–ი, დაბ. 29.08.2018 და მ.შ–ი, დაბ. 17.09.2011 გადაეცა განმცხადებელს (ი.შ–ს);

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მიხეილ ჯინჯოლია

მოსამართლეები: არჩილ კოჭლამაზაშვილი

ლევან ნემსაძე