არ დაკმაყოფილდა

სამოქალაქო 05.06.2026
საქმის ნომერი
ას-111-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-111-2026

5 ივნისი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ ჯინჯოლია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),არჩილ კოჭლამაზაშვილი, ლევან ნემსაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ო.ა–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.მ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების სრულად გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. მ.მ–ძემ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „მესაკუთრე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ო.ა–ძის (შემდგომში - „მოპასუხე“, „კასატორი“) მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე.

2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 14 აპრილის საოქმო განჩინებით მოპასუხე მხარის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება და ამავე თარიღის საოქმო განჩინება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2025 წლის 14 აპრილის საოქმო განჩინება.

7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

7.1. უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ქუთაისი, .......... ს/კ ........ (შემდგომში - „სადავო უძრავი ქონება“) საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრებად;

7.2. სადავო უძრავ ქონებას ფაქტობრივად ფლობს მოპასუხე ო.ა–ძე, რაც მესაკუთრის ნებას ეწინააღმდეგება.

8. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია კანონით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით სადავო უძრავი ქონების მართლზომიერი ფლობის დამადასტურებელი მტკიცებულება. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოპასუხე არ წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მართლზომიერ მფლობელს და არ გააჩნია ამ ქონების დაკავების უფლება.

9. სააპელაციო პალატის მითითებით, ის ფაქტი, რომ სადავო უძრავი ქონება ადრე მის საკუთრებას წარმოადგენდა და უკანონოდ გასხვისდა აუქციონზე, ვერ აქცევს მას, სსკ-ის 162-ე მუხლით გათვალისწინებულ მართლზომიერ მფლობელად, ვინაიდან ამ ქონებაზე უფლება სამართლებრივად დაკარგული აქვს. ამასთან, ქონების მოსარჩელის საკუთრებაში გადასვლის საფუძველი (აუქციონის შედეგები) ძალაშია.

10. სააპელაციო პალატის აღნიშვნით, ვინაიდან სახეზეა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე-172-ე მუხლებით გათვალისწინებული ყველა წინაპირობა, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა სარჩელი. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის საკუთრების უფლება სადავო უძრავ ნივთზე დასტურდება საჯარო რეესტრის მონაცემებით. მოპასუხეს მითითებული გარემოების გამაქარწყლებელი, ასევე, მის მიერ სადავო უძრავი ნივთის მართლზომიერად ფლობის დამადასტურებელი დასაშვები და დასაბუთებული სააპელაციო პრეტენზია არ წარუდგენია.

11. სააპელაციო სასამართლოს აღნიშვნით, მოცემულ საქმეზე აპელანტის მითითება, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების გზით სადავოდ გახადა მოსარჩელის მიერ უძრავი ქონების აუქციონის გზით შეძენის კანონიერება, არ წარმოადგენს განსახილველ ვინდიკაციურ სარჩელზე საქმის წარმოების შეჩერების საფუძველს, რადგან მოცემული საქმის განხილვა არ არის დამოკიდებული აპელანტის მიერ მითითებული ადმინისტრაციული საქმის განხილვაზე. შესაბამისად, საქმის განხილვის შეჩერების მავალდებულებელი გარემოება - მოცემული საქმის განხილვის შეუძლებლობა, არ არის სახეზე.

12. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია სასამართლოს მიერ საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის უკანონობაზე იმ მოტივით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია სარჩელი და სასამართლოში იხილება საქმე-აუქციონის ბათილობის შესახებ. სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული მსჯელობა არ გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტიდან და სასამართლომ საპროცესო კანონის სწორად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე სწორი განჩინება დაადგინა, რის გამოც არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლების შესაბამისად, მისი გაუქმების საფუძველი.

13. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და უზენაესი სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

14. საკასაციო საჩივრის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ თავის განჩინებას საფუძვლად დაუდო მოსარჩელის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე, თუმცა ყურადღების მიღმა დატოვა ის გარემოება, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იგი გახდა სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე არის გასაჩივრებული და მიმდინარეობს წარმოება თბილისის საქალაქო სასამართლოში, ასევე, მოპასუხე ითხოვს საკუთრების უფლების აღდგენას. შესაბამისად, ვიდრე არ დადგინდება უძრავი ნივთის კანონიერი მესაკუთრის ვინაობა, მისი გათავისუფლება და თავისუფალ მდგომარეობაში მოსარჩელისთვის გადაცემა არღვევს კანონს და საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ საკუთრების უფლებას. ამდენად, პირველ რიგში უნდა დადგინდეს რამდენად კანონიერად მოიპოვა მოსარჩელემ სადავო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება.

15. საკასაციო საჩივრის ფარგლებში კასატორი შუამდგომლობს საქმის წარმოების შეჩერების შესახებ, კერძოდ, ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ N2/24413-25 საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდეს წინამდებარე საქმის წარმოება. კასატორის მითითებით მას გასაჩივრებული აქვს მოსარჩელის საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტის ნამდვილობა.

16. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია კანონი, როდესაც საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა, მაშინ როდესაც მოპასუხის მიერ წარდგენილი იყო ახალი მტკიცებულებები, რომლებზედაც სასამართლოს უნდა ემსჯელა. აღნიშნულით მხარეს წაერთვა სამართლიანი სასამართლოს განხილვის უფლება. ამასთან, მხარეებს არ ეცნობათ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თარიღი.

17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

18. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია.

19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - „სსსკ“) 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

21. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა.

23. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

24. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

25. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა. საკუთრების უფლება კონსტიტუციურ უფლებათა რიგს განეკუთვნება, ამ უფლების არსი მოიაზრებს, როგორც მის მფლობელობას ასევე მის შეუფერხებლად განკარგვის უფლებას.

26. ვინდიკაციური სარჩელი ეფუძნება იმ მოცემულობას, რომ მესაკუთრეს, რომელსაც ჩამოერთვა მფლობელობა, შეუძლია ნივთი მოითხოვოს მფლობელისაგან, რომელიც არაკეთილსინდისიერად აკავებს ნივთს. საკუთრების უფლებამ ნივთზე სრული ბატონობა უნდა უზრუნველყოს, მათ შორის, ფაქტობრივი ბატონობა - მფლობელობის სახით. ცხადია, მესაკუთრეს სხვა უფლებამოსილებებთან ერთად აქვს მფლობელობის უფლებაც და თუკი მოხდება საკუთრების მფლობელობის ჩამორთმევა, მას შეუძლია არაუფლებამოსილ მფლობელს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება (იხ.: თამარ ზარანდია, სანივთო სამართალი, გამომცემლობა „მერიდიანი“, მეორე შევსებული გამოცემა, 2019 წ., გვ. 245; სუსგ №ას-457-2021, 5 ოქტომბერი 2021 წელი).

27. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 17), რომლის მიმართაც, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ასევე დადგენილია, რომ კასატორი ფაქტობრივად ფლობს სადავო უძრავ ქონებას.

28. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

29. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარემ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსთვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერებას დაადასტურებდა.

30. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. აღნიშნული ნორმა საქმის წარმოების შეჩერების აუცილებლობას ითვალისწინებს ისეთ შემთხვევაში, როდესაც განსახილველი დავის გადაწყვეტას სამართლებრივად აფერხებს სხვა სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით განსახილველი საქმის გადაწყვეტა. მითითებული საფუძვლით საქმისწარმოების შეჩერების ვალდებულება პირდაპირ უკავშირდება ისეთ საპროცესო ინსტიტუტს, როგორიცაა მტკიცების ტვირთი და ემსახურება ფაქტების დამტკიცების ვალდებულებისაგან მხარეთა გათავისუფლების მიზანს, სამართალწარმოების ერთ-ერთი პრინციპის – პროცესის ეკონომიის პრინციპის რეალიზაციის უზრუნველყოფას, რაც, თავის მხრივ, ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელების წინაპირობაა (შდრ: სუსგ №ას-528-2021, 18 დეკემბერი, 2021 წელი;) საკასაციო სასამართლოს არაერთი განმარტების მიხედვით, ზემოაღნიშნული საფუძვლით საქმისწარმოების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა საქმეთა შორის ისეთი აუცილებელი კავშირი, რაც შეჩერების ღონისძიების გამოუყენებლობის პირობებში ობიექტურად შეუძლებელს გახდის სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის განხილვას (შდრ: სუსგ №ას-1719-2019, 22 იანვარი, 2020 წელი) სსკ-ის 312-ე მუხლის პირველი ნაწილით, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედი უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის მიზანია სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვა და სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფა. უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული უფლება მანამდე ითვლება კანონიერად, უფლებამოსილ პირს მანამდე შეუძლია, თავისუფლად განკარგოს ეს ქონება, ვიდრე რეგისტრაციის საფუძველი (სამოქალაქოსამართლებრივი გარიგება, ადმინისტრაციული აქტი, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და სხვა) არ გაუქმდება, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია მოქმედებს იმ დრომდე, ვიდრე პრეზუმირებული ფაქტის უსწორობა არ დამტკიცდება. ეს კი მიიღწევა უფლების საფუძვლად არსებული გარიგების ბათილობით. მანამდე კი ივარაუდება, რომ რეგისტრაციის შედეგად განხორციელებული ჩანაწერი სწორია და, შესაბამისად, უფლება ნამდვილი (შდრ. სუსგ Nას-877-2018, 27 სექტემბერი 2018 წელი; სუსგ Nას-1719-2019, 22 იანვარი 2020 წელი).

31. როგორც ზემოთ აღინიშნა, საჯარო რეესტრის ამონაწერით დადასტურებულია, რომ სადავო უძრავი ნივთი საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოსარჩელის სახელზე, რომელსაც მოპასუხე არამართლზომიერად ფლობს, ამდენად, არ დადასტურდა ისეთი გარემოების არსებობა, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს გახდიდა წინამდებარე დავის გადაწყვეტას მოპასუხის მიერ აღძრული სხვა სამოქალაქო-სამართლებრივი დავის განხილვის დასრულებამდე, შესაბამისად, კასატორების შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო (შდრ. სუსგ №ას-409-2020, 25 თებერვალი, 2021 წელი).

32. საკასაციო პალატა ასევე არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის განხილვით დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსი. ასევე დაუსაბუთებელია მითითება, რომ მხარეებს არ ეცნობათ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თარიღი.

33. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმის განხილვის ფორმას ადგენს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა და რიგ შემთხვევაში, ზეპირი ფორმით პროცესის ჩანიშვნისა თუ ზეპირი მოსმენის გარეშე დავის გადაწყვეტის არჩევანს სასამართლოს შეხედულებას მიანდობს. აღნიშნული შინაარსის დებულებას ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3761 მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, თუ საქმე შეეხება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვასა და საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების მიერ დადებული (მათ შორის - ელექტრონული ფორმით დადებული) სესხის (კრედიტის) გაცემის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავებს, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე (იხ. სუსგ საქმე №ას-340-2023, 25 აპრილი, 2023 წელი; №ას-1924-2018, 17 იანვარი, 2019 წელი; №ას-1608-2018, 30 ნოემბრი, 2018 წელი).

34. საკასაციო პალატა მიუთითებს ერთ-ერთ პრეცედენტულ გადაწყვეტილებაზე, რომელშიც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განიხილა განმცხადებლის პრეტენზია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმითა (საკუთრების უფლება) და კონვენციის მეექვსე მუხლით მინიჭებულ (სამართლიანი სასამართლოს უფლება) უფლებათა დარღვევასთან დაკავშირებით (იხ. Fredin v Sweden, 18.02.1991წ.,/განაცხადის №12033/86). განმცხადებლის პრეტენზია იმ არგუმენტს ეფუძნებოდა, რომ მას შეეზღუდა საქმის განხილვაში მონაწილეობის საპროცესოსამართლებრივი შესაძლებლობა, ხოლო სამოქალაქო უფლებათა სრულყოფილად რეალიზებისათვის, ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო ზეპირი მოხსენებით წარდგომისა და, შესაბამისად, საქმის მხარეთა დასწრებით განხილვა. აღნიშნულ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ვინაიდან მატერიალური თვალსაზრისით, განმცხადებლის მოთხოვნა შეეხებოდა საკუთრების უფლებას, რომელიც სამართლებრივი ბუნებით „სამოქალაქო“ ხასიათისა იყო, ამიტომ კონვენციის მეექვსე მუხლით მინიჭებული უფლების დარღვევის საკითხიც სამოქალაქო ჭრილში უნდა განხილულიყო. ეს ყოველივე კი, ნათელს ჰფენდა იმას, რომ „წრფელი და ღრმააზროვანი“ კამათი (შეჯიბრება) მხარეთა შორის და საქმის განმხილველი სასამართლოს წინაშე, გადამწყვეტი იყო თითოეულის უფლებათა დასადგენად. თუმცა საკვანძო საკითხი, მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის, სასამართლოს მოსაზრებით, სწორედ ის იყო, რომ „წრფელ და ღრმააზროვან“ ზეპირ განხილვაზე სავალდებულო მოთხოვნა არ ვრცელდებოდა ზემდგომ და საბოლოო ინსტანციის სასამართლოზე.

35. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან, წინამდებარე დავა შეეხება უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვას სააპელაციო პალატა უფლებამოსილი იყო საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განეხილა. რაც შეეხება, საკასაციო პრეტენზიას, რომ მხარე არ იყო ინფორმირებული საქმის ზეპირი განხილვის თარიღის შესახებ, ვერ იქნება გაზიარებული, რამდენადაც საქმის მასალებით დასტურდება, რომ კასატორის წარმომადგენელს ი.დ–ს (იხ. მინდობილობა ს.ფ. 123-124) საქმის ზეპირი განხილვის თარიღის შესახებ ეცნობა სატელეფონო შეტყობინების აქტით (იხ. ს.ფ. 194), ხოლო მანამდე მის სახელზე საქმის მასალებში არსებულ მისამართზე გაიგზავნა უწყებაც, რომელიც მხარეს არ ჩაბარდა, რამდენადაც არ იმყოფებოდა მისამართზე, თუმცა კურიერის მითითებით დასტურდება, რომ ადრესატი ინფორმირებული იყო გზავნილის შესახებ და თავად მიაკითხავდა მას (იხ. ს.ფ. 188-189).

36. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიები, რომლებიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით; ვერც საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

37. ამასთან, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ., მაგ., სუსგ საქმე №ას-1610-2018, 13 მაისი, 2019 წელი; საქმე №ას-1850-2018, 4 ივლისი, 2019 წელი; №ას-1370-2020, 30 ნოემბერი, 2021 წელი), რის გამოც საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით; არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

32.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო

კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ო.ა–ძის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

2. ო.ა–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

3. ო.ა–ძეს (პ/ნ ..........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს ი.დ–ის (პ/ნ .....) მიერ 18/02/2026 წელს №34 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის 70% – 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მიხეილ ჯინჯოლია

მოსამართლეები არჩილ კოჭლამაზაშვილი

ლევან ნემსაძე