კერძო საჩივარი

სამოქალაქო 05.06.2026
საქმის ნომერი
ას-194-2026
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
05.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-194-2026

5 ივნისი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ ჯინჯოლია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),არჩილ კოჭლამაზაშვილი, ლევან ნემსაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ბ.ს–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ფ.ბ–ო“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შპს „ფ.ბ–ომ“ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა ცაგერის რაიონულ სასამართლოში ბ.ს–ძის (შემდგომში - „მოპასუხე“, „განმცხადებელი“, „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

2. ცაგერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 25 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1 003.21 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 800.26 ლარი, პირგასამტეხლო - 100 ლარი, პროცენტი - 102.96 ლარი. ამავე გადაწყვეტილებით მოპასუხეს ასევე დაეკისრა მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარის გადახდა.

3. ზემოაღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა საჩივარი.

4. ცაგერის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 5 სექტემბრის განჩინებით ბ.ს–ძის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა ცაგერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 25 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

5. ცაგერის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 05 სექტემბრის განჩინებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი ცაგერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 25 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ 2025 წლის 05 სექტემბრის განჩინებაზე დარჩა განუხილველი.

7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ცაგერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 25 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებასა და მისი ძალაში დატოვების შესახებ 2025 წლის 5 სექტემბრის განჩინებაზე წარდგენილი სააპელაციო საჩივრის ღირებულება შეადგენს 1 003.21 ლარს. ვინაიდან, სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 2 000 ლარს, სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველად.

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა კერძო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

9. კერძო საჩივრის ფარგლებში მოპასუხე სადავოდ ხდის მის მიმართ სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ჩაბარების ფაქტს. უთითებს, რომ მას გაეგზავნა მორიგების წინადადება და არა სარჩელი. ამასთან, მოპასუხე იმყოფებოდა საავადმყოფოში და მოკლებული იყო უწყების ჩაბარების შესაძლებლობას.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

11. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

13. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი.

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

15. დასახელებული სამართლებრივი ნორმიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში ქონებრივ-სამართლებრივი ტიპის დავებზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო განსახილველად მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2000 ლარს აღემატება. 2000 ლარის ან მასზე ნაკლები ღირებულების მქონე სააპელაციო საჩივარი კი, არ დაიშვება და დარჩება განუხილველად. კანონის აღნიშნული დანაწესი სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპიდან გამომდინარეობს და შედარებით ნაკლები ღირებულების ქონებრივი დავის სწრაფად გადაწყვეტასა და დასრულებას ემსახურება.

16. მოცემულ შემთხვევაში, ცაგერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 25 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1 003.21 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 800.26 ლარი, პირგასამტეხლო 100 ლარი, პროცენტი 102.96 ლარი. ამავე გადაწყვეტილებით მოპასუხეს ასევე დაეკისრა მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარის გადახდა.

17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს. კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სსსკ-ის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი) და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით (სსსკ-ის 372-ე მუხლი, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილი და 368-ე მუხლის პირველი ნაწილი), რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისათვის. შეზღუდვას აწესებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლიც, რომელიც სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის პირობად განსაზღვრავს მის ღირებულებას ქონებრივ-სამართლებრივ დავებში. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებსა და სასამართლოს მითითებებს, იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მიიღებს უარყოფით საპროცესო შედეგს, რასაც საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს.

18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული პირის უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, არ არის აბსოლუტური და სამოქალაქო პროცესში შეიძლება შეიზღუდოს სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს. აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას. რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, №8225/78, 28 მაისი, 1985 წელი, §57). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განაცხადის დასაშვებობის ეტაპზე, განაცხადის დასაშვებობის სხვა კრიტერიუმებთან ერთად, ამოწმებს განიცადა თუ არა განმცხადებელმა მნიშვნელოვანი ზიანი. მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, იგი განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“(დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (იხ. Cecchetti v. San Marino, №. 40174/08, §28-§33, 9 აპრილი, 2013 წელი; Vasilchenko v. Russia, №. 34784/02, §45-§50, 23 დეკემბერი, 2010 წელი; Ionescu v. Romania, №. 36659/04, §23-§36, 1 ივნისი, 2010 წელი; იხ. სუსგ ას-69-2019, 23 მაისი 2019 წელი).

19. საქართველოს უზენაესი სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრის ფარგლებში მითითებული პრეტენზიები მიემართება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მართლზომიერებას, საკასაციო სასამართლო კი კერძო საჩივრის ფარგლებში იხილავს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხს და მოკლებულია კერძო საჩივრის ფარგლებში სადავოდ გამხდარ საკითხებზე მსჯელობის შესაძლებლობას.

20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას და მიაჩნია, რომ მისი გაუქმების სამართლებრივი წინაპირობა არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ბ.ს–ძეს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მიხეილ ჯინჯოლია

მოსამართლეები: არჩილ კოჭლამაზაშვილი

ლევან ნემსაძე