დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 10.06.2026
საქმის ნომერი
ას-900-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
10.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-900-2025 10 ივნისი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

I საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური (მოსარჩელე/მოპასუხე გაერთიანებული სარჩელით)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ი.ჯ–ი“ (მოპასუხე/მოსარჩელე გაერთიანებული სარჩელით)

II საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ი.ჯ–ი“ (მოპასუხე/მოსარჩელე გაერთიანებული სარჩელით)

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური (მოსარჩელე/მოპასუხე გაერთიანებული სარჩელით)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 აპრილის განჩინება

I საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით გაერთიანებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

II საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით გაერთიანებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება, პირგასამტეხლოს გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 01 მარტის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურისა (შემდგომში - „მოსარჩელე“, „მოპასუხე გაერთიანებული სარჩელით“ ან „სამსახური“) და შპს „ი.ჯ–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „მოპასუხე კომპანია“ ან „მოსარჩელე გაერთიანებული სარჩელით“) სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 25 ივლისის განჩინებით მხარეთა საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 01 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს დადგენილი არ ჰქონდა საქმის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება, სახელდობრ, რა თანხას შეადგენდა მოპასუხის მიერ არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების რაოდენობა. უზენაესი სასამართლოს განჩინების თანახმად, საქმის განმხილველ სასამართლოს, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის სამოქალაქოსაპროცესო განაწილების სტანდარტის დაცვით ან უნდა დაედგინა კონკრეტული უხარისხო პროდუქტის (მიწოდებული უხარისხო სტაფილოს პარტიის ღირებულება) ღირებულება და შესაბამისად დაეანგარიშებინა პირგასამტეხლოს მოცულობა ან უკიდურეს შემთხვევაში, ეხელმძღვანელა ზემოაღნიშნულ სასადილოში ერთი დღის განმავლობაში მისაწოდებელი პროდუქტის მაქსიმალური ღირებულებით (1237,50+55=1292) და განჩინების სამოტივაციო ნაწილში მითითებული პრინციპის გათვალისწინებით (პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ - მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან) გამოეანგარიშებინა პირგასამტეხლოს ოდენობა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 აპრილის განჩინებით მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც სამსახურის სარჩელი მოპასუხე კომპანიის და მოპასუხე კომპანიის გაერთიანებული სარჩელი სამსახურის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე კომპანიას სამსახურის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს ანაზღაურება 1 827.00 ლარის ოდენობით.

4. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

4.1. 27.11.2019 წელს სამსახურს (შემსყიდველი) და მოპასუხე კომპანიას (მიმწოდებელი) შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N11/66;

4.2. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებულ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა, პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს, პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა კვებითი მომსახურების შესყიდვა წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად (ხელშეკრულების 1.1 პუნქტი); ამ ხელშეკრულების 1.1 მუხლით განსაზღვრულ ძირითად ნაწილთან ერთად მისი არსებითი პირობაა ასევე მიმწოდებლისთვის ამ ხელშეკრულების თანახმად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართების - მიწის ნაკვეთების ან/და შენობა-ნაგებობის ნაწილების სარგებლობაში გადაცემა (ხელშეკრულების 1.2 პუნქტი);

4.3. შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს დაწესებულებებში მოთავსებული ბრალდებულების/მსჯავრდებულების, ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს მოსამსახურეების, გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეების და პენიტენციური დაწესებულებების მოსამსახურეების კვებითი მომსახურება (ხელშეკრულების მე-2 მუხლი);

4.4. ხელშეკრულების საერთო სავარაუდო ღირებულება შეადგენს 73 077 497.50 ლარს (ხელშეკრულების 3.7 პუნქტი);

4.5. ხელშეკრულების:

4.5.1. 4.1. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი იძლევა გარანტიას, რომ შესყიდვის ობიექტის (მომსახურების) და მის მიერ მიწოდებული ყველა პროდუქტის ხარისხი უპასუხებს ხელშეკრულების პირობებს და დააკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

4.5.2. 4.2 პუნქტით განისაზღვრა მიმწოდებლის ვალდებულება კვებითი მომსახურების გაწევისას გამოიყენოს მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტი, ხოლო წარმოებული პროდუქციის უვნებლობამ და ხარისხმა დააკმაყოფილოს, როგორც საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და მოქმედი სტანდარტები, ისე დანართი 1-ით გათვალისწინებული ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლები;

4.5.3. 4.4 პუნქტის თანახმად, ამ მუხლით დადგენილი ნორმების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება ხელშეკრულების მე-9 მუხლის შესაბამისად;

4.5.4. 4.5 პუნქტის თანახმად, მხარეები აცხადებენ და ადასტურებენ, რომ ამ ხელშეკრულებით, ასევე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მომსახურების ხარისხი (მათ შორის მიწოდებული პროდუქტების, ასევე მისი მიწოდების ხარისხი, ნორმები და სხვა) არის ხელშეკრულების არსებითი პირობა და მიმწოდებლის ვალდებულების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლის დარღვევის (შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების) შემთხვევაშიც მიმწოდებელს არ აქვს უფლება მიუთითოს/დაეყრდნოს ამ ვალდებულების დარღვევის უმნიშვნელობაზე;

4.5.5. 9.7 პუნქტის თანახმად, უხარისხო ან ვადაგადასული პროდუქტების აღმოჩენის შემთხვევაში მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.01%-ის ოდენობით უხარისხო ან ვადაგადასული პროდუქტის თითოეულ სახეობაზე.

4.6. ხელშეკრულების დანართი N1-ით განისაზღვრა მომსახურების გაწევისას გამოსაყენებელი პროდუქტების მიმართ დადგენილი მოთხოვნები;

4.7. დანართის მე-6 პუნქტით განსაზღვრულია შემდეგი: „სტაფილო - თითოეული მიწოდებული პარტია უნდა იყოს მშრალი, მკვრივი, საღი, სუფთა, მოყინვის გარეშე, არ უნდა აღენიშნებოდეს მექანიკური, ბაქტერიოლოგიური, სოკოვანი და სხვადასხვა მავნებლებისგან მიყენებული დაზიანებები, თითოეულის მინიმალური სიგრძე არანაკლებ 13-20 სმ’’;

4.8. სამსახურის 2021 წლის 09 ნოემბრის №267972/01 წერილით, 2019 წლის 27 ნოემბრის ხელშეკრულების 9.7 პუნქტის საფუძველზე, მოპასუხე კომპანიას დაეკისრა პირგასამტეხლო 7 307.73 ლარის ოდენობით და განესაზღვრა ვალდებულების შესასრულებლად ორი სამუშაო დღე. წერილის თანახმად, პირგასამტეხლოს დაკისრების ფაქტობრივ საფუძვლად განისაზღვრა ის გარემოება, რომ მიწოდებული ბოსტნეულის, კერძოდ, სტაფილოს ხარისხი არ აკმაყოფილებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს, რითაც დაირღვა ამ ხელშეკრულების დანართი 1-ის მე-6 პუნქტი.

5. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ წინამდებარე სარჩელით, სამსახური მოითხოვდა მოპასუხე კომპანიისათვის 7 307.73 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრებას, ხოლო მოპასუხე კომპანია გაერთიანებული სარჩელით მოითხოვდა სამსახურის 2021 წლის 09 ნოემბრის №267972/01 წერილით, მოპასუხის მიერ მისთვის პირგასამტეხლოს სახით 7 307.73 ლარის დარიცხვის გაუქმებას. სარჩელის (სააპელაციო საჩივრის) დაკმაყოფილების ფაქტობრივ საფუძვლად, მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ადგილი ჰქონდა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევას, რაც მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების უპირობო საფუძველს წარმოადგენდა, ხოლო, გაერთიანებული სარჩელით მოსარჩელის განმარტებით, ადგილი არ ჰქონდა 2021 წლის 09 ნოემბრის №267972/01 წერილში მითითებულ დარღვევებს, და შესაბამისად, მის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის ფაქტს, ასეთი დარღვევების არსებობის შემთხვევაშიც კი, მისი არაარსებითობიდან გამომდინარე, აღნიშნული არ შეიძლება განხილული ყოფილიყო ხელშეკრულების დარღვევად.

6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე კომპანიამ დაარღვია ხელშეკრულების 9.7. პუნქტის პირობა, 2021 წლის 11 მარტს №12 დაწესებულებაში მიწოდებული სტაფილოს პარტია არ შეესაბამებოდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №11/66 ხელშეკრულების დანართი №1-ის პირობებს, კერძოდ, დადგენილია, რომ ხელშეკრულების დანართი 1-ით განისაზღვრა მომსახურების გაწევისას გამოსაყენებელი პროდუქტების მიმართ დადგენილი მოთხოვნები. დანართის მე-6 პუნქტით განსაზღვრულია, რომ „სტაფილო - თითოეული მიწოდებული პარტია უნდა იყოს მშრალი, მკვრივი, საღი, სუფთა, მოყინვის გარეშე, არ უნდა აღენიშნებოდეს მექანიკური, ბაქტერიოლოგიური, სოკოვანი და სხვადასხვა მავნებლებისგან მიყენებული დაზიანებები, თითოეულის მინიმალური სიგრძე არანაკლებ 13-20 სმ“. შემსყიდველის მიერ წარმოდგენილი 2021 წლის 22 ივნისის შემოწმების ოქმის თანახმად, შემოწმებულია მიმწოდებლის მიერ საწყობში განთავსებული სტაფილო, რომლის მდგომარეობაც შეფასდა როგორც არადამაკმაყოფილებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული წარმოებისთვის. შემოწმების აქტი ხელმოწერებით დადასტურებულია მოპასუხე კომპანიის წარმომადგენლების მიერაც. შემსყიდველის მიერ ასევე წარმოდგენილია შემოწმებისას გადაღებული ფოტოსურათები (ტომი 3; ს.ფ. 54, ტომი 3; ს.ფ. 55; ტომი 2, ს.ფ. 44-45; 111).

7. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მასზედ, რომ მხარეთა შორის შეთანხმებული იყო არა გამოსაყენებელი, არამედ მიწოდებული პროდუქციის ხარისხობრივი მაჩვენებელი, რასაც მიწოდებული სტაფილოს პარტია არ შეესაბამებოდა. გამომდინარე აქედან, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა შემსრულებლის პოზიცია, რომ შემსყიდველს პირგასამტეხლოს დაკისრების უფლებამოსილება ექნებოდა მხოლოდ იმ პირობებში, თუ იგი მომსახურების საბოლოო პროდუქტს მიაწვდიდა უხარისხო პროდუქციით დამზადებულს. დადგენილია, რომ ხელშეკრულების 9.7 პუნქტის თანახმად, უხარისხო ან ვადაგადასული პროდუქტების აღმოჩენის შემთხვევაში მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.01%-ის ოდენობით უხარისხო ან ვადაგადასული პროდუქტის თითოეულ სახეობაზე. ამდენად, სასამართლოს შეფასებით, ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს დაკისრების დამოუკიდებელ საფუძველს წარმოადგენს მიმწოდებლის მიერ მომსახურებისთვის გამოყოფილ ობიექტზე ხელშეკრულების სტანდარტებისგან შეუსაბამო პროდუქციის შეტანა. აღნიშნული მსჯელობის სისწორეს ადასტურებდა ის ფაქტიც, რომ, მაგალითად, ხელშეკრულების 9.5 პუნქტი ითვალისწინებს უხარისხო მზა საკვები პროდუქციის მიწოდების შემთხვევაში პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას.

8. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე კომპანიის მითითება სტაფილოს პარტიასთან მიმართებით, ხელშეკრულების დარღვევის არაარსებითობაზე. პალატამ მიუთითა სსკ-ის 327-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ მოდავე მხარეთა შორის გაფორმებული 2019 წლის 27 ნოემბრის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №11/66 ხელშეკრულების 4.5. პუნქტით, „მხარეები აცხადებენ და ადასტურებენ, რომ ხელშეკრულებით, ასევე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მომსახურების ხარისხი (მათ შორის, მიწოდებული პროდუქტების, ასევე მისი მიწოდების ხარისხი, ნორმები და სხვა) არის ხელშეკრულების არსებითი პირობა და მიმწოდებლის ვალდებულების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლის დარღვევის (შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების) შემთხვევაშიც, მიმწოდებელს არ აქვს უფლება მიუთითოს/დაეყრდნოს ამ ვალდებულების დარღვევის უმნიშვნელობაზე“. ამასთანავე, სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები (სსკ-ის 361-ე მუხლი). გამომდინარე აქედან, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხემ დაარღვია 2019 წლის 27 ნოემბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მისაწოდებელი პროდუქტის - სტაფილოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესაბამისი პარამეტრებით მიწოდების შესახებ, რაც მის მიმართ ამ ხელშეკრულების 9.7 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს წარმოადგენდა.

9. სააპელაციო საჩივრების ფარგლებში სააპელაციო პალატამ შეაფასა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს კანონიერება (სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ 2019 წლის 27 ნოემბრის ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე მოპასუხისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო - 7 307.73 ლარი, იყო შეუსაბამოდ მაღალი, არაგონივრული და არსებობდა მისი შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები. შემსრულებელს მისი გადახდა შემსყიდველის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა სასამართლოს მიერ 4-ჯერ შემცირებული - 1 827.00 ლარის ოდენობით).

10. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის ფაქტი სახეზეა, მის ჯეროვან შესრულებაზე პასუხისმგებელი პირია მოპასუხე კომპანია, რომელიც მეწარმე სუბიექტია და შესაბამისად, ვალდებული იყო კვალიფიციური შესაგებლით დაესაბუთებინა პირგასამტეხლოს განსაზღვრა, როგორც შეუსაბამოდ მაღალი. მან სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესვლისას ცალსახად გამოხატა თავისუფალი ნება, მათ შორის, აიღო ვალდებულება, უხარისხო ან ვადაგასული პროდუქციის აღმოჩენის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს (ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,01%) გადახდის შესახებ. დადგენილია, რომ ხელშეკრულების საერთო ღირებულება განსახილველი პირგასამტეხლოს დაკისრების დროისთვის შეადგენდა 73,077,261.50 ლარს.

11. სააპელაციო პალატის შეფასებით, პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით გათვალისწინების მთავარი მოტივაცია ხელშეკრულების შესრულების მიზნის ეფექტიანად უზრუნველყოფაა. მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულების მხარე სახელმწიფო ორგანოა, რომელსაც განსაკუთრებული ვალდებულება აკისრია - უზრუნველყოს პატიმრებისთვის სათანადო პირობები, რაც, მათ შორის, გულისხმობს მსჯავრდებულების კვებას, რადგან პატიმრის განსხვავებული საცხოვრებელი რეჟიმი აუცილებელს ხდის სახელმწიფომ შეუფერხებლად შეძლოს მათი საკვებით მომარაგება, შესაბამისად, სახელშეკრულებო ურთიერთობის ხასიათი მოითხოვს ვალდებულების შესრულების შესაბამის გარანტიებს იმისათვის, რომ კრედიტორმა შეძლოს მისთვის მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების დროული და შეუფერხებელი განხორციელება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც, მათ შორის, სახეზეა სპეციალური საჭიროების მქონე პატიმრები, რომლებსაც სჭირდებათ განსხვავებული, მათი ჯანმრთელობისთვის აუცილებელი შესაბამისი საკვები პროდუქციით მომარაგება. აქედან გამომდინარე, სასამართლოსთვის ნათელია, რომ განსახილველი საქმის ფარგლებში არსებული ვალდებულების შეუსრულებლობა განსხვავდება ჩვეულებრივი სახელშეკრულებო ურთიერთობისგან, სწორედ ხელშეკრულების ხასიათიდან და შესრულების მიზნებიდან გამომდინარე. ამიტომ ვალდებულების დარღვევის ხასიათი განსაკუთრებულად კრიტიკულია, რადგან პირდაპირპროპორციულად შესაძლოა წარმოშვას ეგზისტენციალური საფრთხეები არა ხელშეკრულების, არამედ ხელშეკრულებით მოსარგებლე მხარეების მიმართ. შესაბამისად, კვებითი მომსახურების ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულების მიმართ კრედიტორს გააჩნდა მაღალი ლეგიტიმური ინტერესი.

12. რაც შეეხება მიმწოდებელს, რომელიც კვებით მომსახურებას უწევდა სამსახურის დაქვემდებარებაში მყოფ პირებს, სამსახურის საქმიანობის თავისებურებებისა და მასზე დაკისრებული ამოცანების თაობაზე სათანადოდ იყო ინფორმირებული. მიუხედავად ამისა, სასამართლომ მიიჩნია, რომ არც მთლიანი ღირებულების 0,01%-ის სრულად დაკისრება იყო თანაზომიერი, რადგან პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იქნეს დაანგარიშებული ვალდებულების მთლიანი მოცულობიდან. შესაბამისად, სასამართლოს მოსაზრებით, დარღვევის ხასიათიდან, ხელშეკრულების მიზნობრივი მნიშვნელობიდან და მხარეთა სამართლებრივი სტატუსიდან გამომდინარე, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისთვის ყველაზე პროპორციული, შესაბამისი და გონივრული ოდენობა იყო პირგასამტეხლოს სახით 1 827.00 ლარის, ოთხჯერ შემცირებული ოდენობით, გადახდის დაკისრება. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიმართ პირგასამტეხლოს სახით 1 827.00 ლარზე მეტად დაკისრებული პირგასამტეხლო, 5 480,73 ლარის ოდენობით, წარმოადგენდა შეუსაბამოდ მაღალს და, შესაბამისად, მოსარჩელე უნდა გათავისუფლებულიყო დანარჩენი ოდენობით ((7 307.73-1 827.00) 5 480,73 ლარი)) პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისგან.

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნაკისრი ვალდებულების ხასიათის, ვალდებულების დარღვევის ხასიათის, ხელშეკრულების შესრულებისადმი შემსყიდველის ინტერესის გათვალისწინებით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ამ უკანასკნელს ვალდებულების შეუსრულებლობით რაიმე სახის ზიანი არ მიუღია, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხისთვის დასაკისრებელი პირგასამტეხლო უნდა განსაზღვრულიყო 1 827.00 ლარით (4-ჯერ შემცირებული ოდენობით). სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება, ერთი მხრივ, უზრუნველყოფდა ვალდებულების დარღვევის გამო შემსყიდველის დარღვეულ უფლებას, ამასთანავე, გადახდისუუნარობის საფრთხის წინაშე არ დააყენებდა მეწარმე სუბიექტს და არ გამოიწვევდა მისთვის შესასრულებლად შეუძლებელი ვალდებულების დაკისრებას.

14. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ორივე მხარემ შეიტანა საკასაციო საჩივრები. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით გაერთიანებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო მოპასუხემ მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით გაერთიანებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

15. მოსარჩელემ მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

15.1. საკასაციო სასამართლომ 2024 წლის 25 ივლისის განჩინებით, რომლითაც საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს, არ გაიზიარა ხელშეკრულებაში პირგასამტეხლოს დაანგარიშების წესი, რომელიც ტენდერში მონაწილე ყველა პრეტენდენტისთვის ცნობილი იყო. საკასაციო სასამართლომ ტენდერში მონაწილე კომპანიების უფლებები დაარღვია და ტენდერში გამარჯვებული კომპანიისათვის შეიმუშავა პირგასამტეხლოს გამოთვლის სხვა წესი;

15.2. საკასაციო პალატის მიერ მიწოდებული ორი პრინციპის გათვალისწინებით პირგასამტეხლოს დაანგარიშება შეუძლებელია. პირველი პრინციპის თანახმად, ხელშეკრულების საერთო ღირებულების ნაცვლად პირგასამტეხლო მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან უნდა დაანგარიშდეს. აღნიშნული პრინციპის თანახმად, გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს სასადილოში მენიუს თანახმად, ერთი კვირის განმავლობაში 400 კგ სტაფილო არის საკმარისი, თუმცა, სტაფილოს ღირებულება სამსახურისთვის უცნობია, რადგან სამსახური ყიდულობს მომსახურებას და არა - თითოეულ პროდუქტს. ამდენად, სამსახურს არც აქვს უფლება მოპასუხეს ჰკითხოს პროდუქტის ღირებულება, შესაბამისად, გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს სასადილოში შეტანილი უხარისხო სტაფილოს პარტიის ღირებულება სამსახურისთვის უცნობია, თუმცა თეორიული დაშვებით თუ დადგინდა, რომ გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს სასადილოში 400 კგ სტაფილოს ღირებულება შეადგენდა 1200 ლარს, საკასაციო პალატის მიერ მიწოდებული პირველი პრინციპის გათვალისწინების შემთხვევაში, სამსახურმა მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დააკისროს 1200 ლარის 0,01%, რომელიც თანხობრივად შეადგენს 0,12 თეთრს;

15.3. საკასაციო პალატის განმარტებით, მიწოდებული უხარისხო სტაფილოს პარტიის ღირებულება თუ ვერ დადგინდება, უკიდურეს შემთხვევაში სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს ზემოაღნიშნულ სასადილოში ერთი დღის განმავლობაში მისაწოდებელი პროდუქტის მაქსიმალური ღირებულებით და მიუთითა 1292 ლარზე (1237,50+55) ანუ მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 1292 ლარის 0,01%, რომელიც თანხობრივად შეადგენს 0,13 თეთრს;

15.4. მართალია, საკასაციო პალატის მიერ მიწოდებული არცერთი პრინციპი არ გაიზიარა სააპელაციო პალატამ, თუმცა 2025 წლის 16 აპრილს მიღებული განჩინებით სამსახურის სარჩელი არ დააკმაყოფილა, რასაც სამსახური არ ეთანხმება;

15.5. მოპასუხე ვერ ასაბუთებს, რატომ არის პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი. მისთვის ცნობილი იყო, თუ საიდან მოხდებოდა პირგასამტეხლოს დაანგარიშება და რამდენი პროცენტი. სწორედ ტენდერში გამარჯვება ნიშნავს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შესრულებაზე ვალდებულების აღებას და, თუ ვერ შეასრულებს ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებას, მაშინ ის მზად უნდა იყოს ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს გადახდისათვის ყოველგვარი პრეტენზიის გარეშე;

15.6. ერთ-ერთ საქმეზე (№ას-901-2024) უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო მოპასუხე კომპანიის საკასაციო საჩივარი. შედეგად, სამსახურის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო მართებულად მიიჩნია სასამართლომ და იმ ერთი შემთხვევის შემდეგ მოპასუხეს ხელშეკრულებით განსაზღვრულ არცერთ ობიექტზე არ შეუტანია ხელშეკრულებასთან შეუსაბამო ვაშლი. გამომდინარე აქედან, სამსახურის მოთხოვნა, რომ სასამართლომ უარი უთხრას მოპასუხეს პირგასამტეხლოს შემცირებაზე, არ არის გამოწვეული სახელმწიფო ბიუჯეტის უსაფუძვლო გამდიდრებისათვის, არამედ სამსახურის მიზანი და ინტერესია, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული ხარისხის პროდუქტებისაგან მომზადებული საკვები მიიღოს ყველა იმ პირმა, ვისაც მოიცავს აღნიშნული ხელშეკრულება;

15.7. აღსანიშნავია ისიც, რომ სხვა საქმეებში (№ას-344-2023, №ას-753-2023), უზენაესი სასამართლოს მიერ არსად არ არის მოთხოვნილი პირგასამტეხლოს დაანგარიშების წესის შეცვლა და პირგასამტეხლო დაანგარიშებულია საერთო ღირებულებიდან.

16. მოპასუხემ მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

16.1. სამსახური მოპასუხისაგან ყიდულობს არა თითოეულ პროდუქტს, არამედ - მომსახურებას. შესაბამისად, საწყობში გაურეცხავი პროდუქტის აღმოჩენა არ შეიძლება ჩაითვალოს დარღვევად. თუ არ დადგინდება, რომ მოპასუხემ საკვების დამზადებისას გამოიყენა ხელშეკრულებასთან შეუსაბამო სტაფილო, მოპასუხეს პირგასამტეხლო არ უნდა დაეკისროს. ამასთან, სასამართლოს არ დაუდგენია სტაფილოს კონკრეტული ნაკლი;

16.2. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს მიუთითა, რომ ან უნდა დაედგინა შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულება ან უნდა ეხელმძღვანელა უზენაესი სასამართლოს მიერ მითითებული პრინციპით, რომლის მიხედვითაც, შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულება შეადგენს 1292 ლარს. აღნიშნული ფაქტის დადგენის შემდეგ, პირგასამტეხლო უნდა გამოეთვალა შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულებიდან. სააპელაციო სასამართლომ უბრალოდ არ შეასრულა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მითითება. სასამართლომ არ დაადგინა შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულება და ამ ღირებულების შესაბამისად არ განსაზღვრა პირგასამტეხლო;

16.3. მხარეთა შორის ანგარიშსწორება ხორციელდება გაწეული კვებითი მომსახურების შესაბამისად. ხელშეკრულებით განსაზღვრულია ულუფის ფასი და იმის მიხედვით, რამდენი ულუფა დამზადდა კონკრეტულ დღეს, განისაზღვრება, რა თანხა უნდა გადაუხადოს სამსახურმა მოპასუხეს. შესაბამისად, შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულებაზე ან/და არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებაზე სასამართლომ შესაძლოა იმსჯელოს მხოლოდ გასაწევი კვებითი მომსახურების ღირებულების მიხედვით. უზენაესმა სასამართლომ სააპელაციო პალატას მიუთითა, რომ ან დაედგინა მიწოდებული სტაფილოს ღირებულება (რასაც ვერ დაადგენდა, რადგან სამსახურს მოპასუხისაგან სტაფილო არ უყიდია), ან უნდა ეხელმძღვანელა ერთი დღის კვებითი მომსახურების ღირებულებით, რომელიც შეადგენდა 1292 ლარს (1237.50+55=1292 ლარს). გასათვალისწინებელია ასევე, რომ სტაფილოს შეიცავს არა მთელი დღის მენიუ, არამედ - მენიუს მხოლოდ რამდენიმე კერძი;

16.4. კვების მენიუები დადგენილია სამსახურის მოსამსახურეთა და სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა მატერიალურ-სასურსათო უზრუნველყოფის ნორმების განსაზღვრის შესახებ №393 ბრძანებით. აღნიშნული ბრძანების დანართების თანახმად, მშრალი კვების ულუფა საერთოდ არ შეიცავს კერძს, რომელიც დამზადებულია სტაფილოთი. რაც შეეხება სამჯერად კვებას, ზემოთ აღნიშნული ბრძანების 5.1. დანართის შესაბამისად, დღიური მენიუს კალორაჟის ჯამური ციფრი შემოწმების ჩატარების დღეს შეადგენდა 4502.93-ს, სტაფილოს კალორაჟის ოდენობა - 33.83-ს, შესაბამისად, შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულება შეადგენდა 9.29 ლარს (1237.5 გაყოფილი 4502.93-ზე და გამრავლებული 33.83-ზე). ამავე ბრძანების 6.1. დანართის შესაბამისად, დღიური მენიუს კალორაჟის ჯამური ციფრი შემოწმების ჩატარების დღეს შეადგენდა 4510.1-ს, სტაფილოს კალორაჟის ოდენობა - 42.91-ს, შესაბამისად, შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულება შეადგენდა 11.77 ლარს (1237.5 გაყოფილი 4510.1-ზე და გამრავლებული 42.91-ზე). ამდენად, დგინდება, რომ რეალურად შეუსრულებელი/არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულება იმდენად მცირეა, რომ ამ შემთხვევაში სამსახურს პირგასამტეხლო არც უნდა გამოეყენებინა;

16.5. შესაბამისად, იმ დაშვებითაც კი, რომ მოპასუხემ საკვების დამზადებისას გამოიყენა ხელშეკრულებასთან შეუსაბამო სტაფილო, მისთვის 1827 ლარის ოდენობის პირგასამტეხლოს დაკისრება შეუსაბამოდ მაღალი სანქციაა. მით უმეტეს მაშინ, როდესაც სასამართლომ თავადვე დაადგინა, რომ სახეზე არ არის რაიმე სახის ზიანი. არ არსებობს რაიმე სახის პრეტენზია კვებითი მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით. არც ერთი ბრალდებულის, მსჯავრდებულის ან პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის ჯანმრთელობა არ დაზიანებულა, არც მათი ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხე შექმნილა და არც რაიმე სახის პრეტენზია გამოთქმულა მათი მხრიდან. საქმეში არ არსებობს იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ხელშეკრულებასთან შეუსაბამო პროდუქცია გამოყენებულ იქნა კვებით მომსახურებაში.

17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 4 ივლისისა და 21 ივლისის განჩინებებით მხარეთა საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

18. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

19. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

20. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

21. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატის შემოწმების საგანია მოპასუხე კომპანიისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების კანონიერება.

22. პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის [სსკ-ის 417-ე მუხლი].

23. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების განხორციელება დამოკიდებულია გარკვეული პირობის დადგომაზე - მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევაზე (იხ: ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი, 2014წ., გვ. 590). პირგასამტეხლოს მოთხოვნის აუცილებელი წინაპირობაა მხოლოდ ვალდებულების დარღვევა. ვალდებულება შეიძლება მდგომარეობდეს აქტიურ მოქმედებასა ან უმოქმედობაში. ვალდებულების დარღვევა კი შეიძლება გამოიხატოს ვალდებულების შეუსრულებლობასა ან არაჯეროვან შესრულებაში. მტკიცების ტვირთის განაწილების მხრივ კრედიტორმა უნდა ამტკიცოს ვალდებულების დარღვევა და პირგასამტეხლოს თაობაზე წერილობითი ფორმით შეთანხმების არსებობა, ხოლო მოვალის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა ვალდებულების ჯეროვანი შესრულება ან ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა, რაც მოვალის ბრალით არ არის განპირობებული (იხ. ქეთევან მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, ტომი I, თბილისი, 2020, გვ. 92-93).

24. მოცემულ საქმეში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და მის წინააღმდეგ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის, რომ მოპასუხე კომპანიამ დაარღვია ხელშეკრულების 9.7. პუნქტის პირობა, მიწოდებული სტაფილოს პარტია არ შეესაბამებოდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №11/66 ხელშეკრულების დანართი №1-ის პირობებს. კერძოდ, დადგენილია, რომ ხელშეკრულების დანართი 1-ით განისაზღვრა მომსახურების გაწევისას გამოსაყენებელი პროდუქტების მიმართ დადგენილი მოთხოვნები. დანართის მე-6 პუნქტით განსაზღვრულია, რომ „სტაფილო - თითოეული მიწოდებული პარტია უნდა იყოს მშრალი, მკვრივი, საღი, სუფთა, მოყინვის გარეშე, არ უნდა აღენიშნებოდეს მექანიკური, ბაქტერიოლოგიური, სოკოვანი და სხვადასხვა მავნებლებისგან მიყენებული დაზიანებები, თითოეულის მინიმალური სიგრძე არანაკლებ 13-20 სმ“. შემსყიდველის მიერ წარმოდგენილი 2021 წლის 22 ივნისის შემოწმების ოქმის თანახმად, შემოწმებულია მიმწოდებლის მიერ საწყობში განთავსებული სტაფილო, რომლის მდგომარეობაც შეფასდა როგორც არადამაკმაყოფილებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული წარმოებისთვის. შემოწმების აქტი ხელმოწერებით დადასტურებულია მოპასუხე კომპანიის წარმომადგენლების მიერაც. შემსყიდველის მიერ ასევე წარმოდგენილია შემოწმებისას გადაღებული ფოტოსურათები (იხ. წინამდებარე განჩინების მე-6 პუნქტი).

25. საკასაციო საჩივრების თანახმად, მხარეთა ძირითადი პრეტენზიები მიემართება დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობას. მოსარჩელე ითხოვს მის გაზრდას და ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან გამოთვლას, ხოლო მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლო საერთოდ არ უნდა დაეკისროს შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულებიდან პირგასამტეხლოს გაანგარიშების შემთხვევაში მისი მცირე ოდენობიდან გამომდინარე, ამასთან, მისი შეფასებით, 1827 ლარის ოდენობით პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი სანქციაა.

26. როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2024 წლის 25 ივლისის განჩინებით საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა სააპელაციო სასამართლოს იმ გარემოების დადგენის მიზნით, თუ რა თანხას შეადგენდა მოპასუხის მიერ არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების რაოდენობა. ამასთან, მიუთითა, რომ საქმის განმხილველ სასამართლოს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის სამოქალაქოსაპროცესო განაწილების სტანდარტის დაცვით ან უნდა დაედგინა კონკრეტული უხარისხო პროდუქტის (მიწოდებული უხარისხო სტაფილოს პარტიის ღირებულება) ღირებულება და შესაბამისად დაეანგარიშებინა პირგასამტეხლოს მოცულობა ან უკიდურეს შემთხვევაში, ეხელმძღვანელა ზემოაღნიშნულ სასადილოში ერთი დღის განმავლობაში მისაწოდებელი პროდუქტის მაქსიმალური ღირებულებით (1237,50+55=1292) და განჩინების სამოტივაციო ნაწილში მითითებული პრინციპის გათვალისწინებით (პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ - მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან) გამოეანგარიშებინა პირგასამტეხლოს ოდენობა. თუმცა, სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გარემოება არ დაუდგენია და უცვლელი დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხე კომპანიას სამსახურის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს ანაზღაურება 1 827.00 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა კი მიღებულია მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის (7 307.73 ლარი) 4-ჯერ შემცირების გზით.

27. ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მითითების გათვალისწინებით, და კასატორთა საკასაციო საჩივრების ფარგლებში სადავოა სწორედ პირგასამტეხლოს გაანგარიშების მეთოდი, რომელიც შემსყიდველის მიერ გამოთვლილია ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, ხოლო სააპელაციო პალატის მიერ შემცირებულია 4-ჯერ იმ საფუძვლით, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იქნეს დაანგარიშებული ვალდებულების მთლიანი მოცულობიდან.

28. უპირველესად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატას არ დაუდგენია მიწოდებული უხარისხო სტაფილოს პარტიის ღირებულება და არც სასადილოში ერთი დღის განმავლობაში მისაწოდებელი პროდუქტის მაქსიმალური ღირებულებიდან (1292 ლარი) გამოუანგარიშებია პირგასამტეხლოს ოდენობა [სსსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შემთხვევაში, საკასაციო სასამართლომ გადაწყვეტილებას საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის], თუმცა მხარეთა საკასაციო საჩივრების შინაარსის გათვალისწინებით აღნიშნული ღირებულებებიდან პირგასამტეხლოს 0,01%-ის გამოთვლის ან თუნდაც მოპასუხის მიერ შემოთავაზებული კალორაჟების მიხედვით შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების განსაზღვრის შემთხვევაში პირგასამტეხლო, მისი მცირე ოდენობიდან გამომდინარე, დაკარგავს თავის, როგორც სანქციის ინსტრუმენტის, ნორმატიულ და ფუნქციურ დანიშნულებას.

29. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (იხ. სუსგ საქმე №ას-1158-1104-2014, 06 მაისი, 2015 წელი).

30. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ნორმის დასახელებული დანაწესი სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს წარმოადგენს და ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და სხვა (იხ. სუსგ საქმე №ას-914-864-2015, 4 დეკემბერი, 2015 წელი).

31. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო, მეორე მხრივ, კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს, სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა (იხ. სუსგ საქმე №ას-91-2021, 22 აპრილი, 2021 წელი). პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (იხ. სუსგ საქმე №ას-1928-2018, 31 ოქტომბერი, 2019 წელი).

32. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას (იხ. სუსგ საქმე №ას-1389-2023, 30 იანვარი, 2024 წელი). სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და, რაც მთავარია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება (იხ. სუსგ საქმე №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი).

33. საკასაციო პალატა მიუთითებს ასევე, რომ, როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის. პალატა აღნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევებში უმნიშვნელოვანესია დარღვევის პროპორციული პირგასამტეხლოს განსაზღვრა, რაც იქნება გარანტი იმისა, რომ პირგასამტეხლომ არ დაკარგოს თავისი ძირითადი ფუნქცია - ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფის პრევენცია და განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურების შესაძლებლობა (იხ. სუსგ საქმე №ას-889-2022, 23 მარტი, 2023 წელი).

34. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გათვალისწინება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან მხოლოდ სამუშაოთა ნაწილის არაჯეროვანი შესრულებისათვის ხელშეკრულების საერთო თანხის გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. საკასაციო სასამართლო მხარს უჭერს მიდგომას, რომ პირგასამტეხლო დაანგარიშებული იქნეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (იხ. სუსგ საქმე №ას-971-2019, 28 ოქტომბერი, 2019 წელი; №ას-164-160-2016, 28 ივლისი, 2016 წელი).

35. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან მოპასუხის მიერ არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულების ზუსტი ოდენობა დადგენილი არ არის, ამასთან, საკასაციო სასამართლოს განჩინებაში მოყვანილი გაანგარიშების ან თუნდაც მხარეთა მითითებების გაზიარების შემთხვევაში არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების სავარაუდო ღირებულებიდან პირგასამტეხლოს გაანგარიშების შედეგად, მისი ოდენობა არაგონივრულად მცირეა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნაკისრი ვალდებულების ხასიათის, ვალდებულების დარღვევის ხასიათის, მოპასუხე მხარის სამართლებრივი სტატუსის, ხელშეკრულების შესრულებისადმი შემსყიდველის ინტერესის გათვალისწინებით, მოპასუხისათვის დაკისრებული თანხა - 1827 ლარი სრულად უზრუნველყოფს დარღვეული ვალდებულებისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას და არ არსებობის მისი გაზრდის ან შემცირების/გაუქმების საფუძველი.

36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივრებს, რის გამოც მათ უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

37. საკასაციო პალატა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ მოსარჩელის შუამდგომლობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შემთხვევაში სასამართლო მსჯელობს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის მიზანშეწონილობაზე [სსსკ-ის 408-ე მუხლი]. ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, არ არსებობს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ კასატორის შუამდგომლობის დაკმაყოფილების ფაქტობრივი საფუძველი.

38. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 365 ლარის 70% – 255,5 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

3. შპს „ი.ჯ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

5. კასატორს შპს „ი.ჯ–ს“ (საიდ. კოდი: ..........) დაუბრუნდეს ბ.ნ–ძის მიერ (პ/ნ: .........) 2025 წლის 14 ივლისს №5430 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 365 ლარის 70% – 255,5 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი

ა. ძაბუნიძე