დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
05 ივნისი 2026 წელი
№ას-249-2026 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი - მ.ჭ–ი
მოწინააღმდეგე მხარე - გ.დ–ი
განმცხადებლის მოთხოვნა – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება
დავის საგანი - გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადებულად აღიარება, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მ.ჭ–ის სარჩელი გ.დ–ის მიმართ გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადებულად აღიარებისა და უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით, მ.ჭ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 17 დეკემბრის გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
3. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ.ჭ–მა, მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის დაკმაყოფილება.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ მ.ჭ–ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
5. მ.ჭ–მა 2026 წლის 29 მაისს განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, კერძოდ, №2/11564-24 სამოქალაქო საქმეზე საბოლოო/კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მიღებამდე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2020 წლის 15 იანვარს გაცემული სააღსრულებო ფურცლის მოქმედებისა და შესაბამისი სააღსრულებო წარმოების №A20008855 შეჩერება, რომელიც ეხება მ.ჭ–ის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების, ს/კ №........, გამოთხოვას. განმცხადებლის მითითებით, მისი იურიდიული ინტერესი სადავო უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობასთან ერთად მოიცავს ამ ქონებით ფაქტობრივ სარგებლობასაც, ხოლო სააღსრულებო წარმოების გაგრძელებისა და ქონების გამოთავისუფლების შემთხვევაში, წინამდებარე სარჩელის შესაძლო დაკმაყოფილების შემდგომ, მას შესაძლოა დასჭირდეს დამატებითი სასამართლო და სააღსრულებო წარმოებების დაწყება ქონებით ფაქტობრივი სარგებლობის აღსადგენად.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 1-ელი ივნისის განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე მ.ჭ–ის განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი და განმცხადებელს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 3 დღის ვადის დაცვით საკასაციო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის დედნის წარმოდგენა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 03 ივნისის განჩინებით, მ.ჭ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.
8. მ.ჭ–მა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 1-ელი ივნისის განჩინებით დადგენილი ხარვეზი 2026 წლის 05 ივნისს, დადგენილი ვადის დაცვით შეავსო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მ.ჭ–ის 2026 წლის 29 მაისის განცხადება, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე. უზრუნველყოფის ღონისძიების სათანადო სახე კი შერჩეულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის გათვალისწინებით, რომლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, უზრუნველყოფის ერთ-ერთი ღონისძიებაა მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა.
11. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელეს, საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის შესახებ. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც სარჩელის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის - სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება (ს.უ.ს.გ. Nას-587-2019, 20.02.2020წ.).
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე. სასამართლოსთვის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით ხელმეორედ მიმართვის შემთხვევაში მიიღება განჩინება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ, რაც გასაჩივრდება საჩივრით.
13. დასახელებული ნორმის მიზანია, გამოირიცხოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ იმავე მოთხოვნის ხელმეორედ არსებითი განხილვა მაშინ, როდესაც სასამართლომ იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაყენებულ მოთხოვნაზე ერთხელ უკვე იმსჯელა და იგი არ დააკმაყოფილა. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო აღარ ამოწმებს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მატერიალურ წინაპირობებს, არამედ ადგენს, არის თუ არა ხელმეორედ წარმოდგენილი განცხადება იდენტური ადრე განხილული განცხადებისა მოთხოვნის საგნისა და საფუძვლის თვალსაზრისით.
14. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ მ.ჭ–ის წარმომადგენელმა 2024 წლის 30 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მიმართა განცხადებით და სარჩელის უზრუნველსაყოფად მოითხოვა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2020 წლის 15 იანვარს გაცემული №2/28143-19 სააღსრულებო ფურცლის მოქმედებისა და შესაბამისი სააღსრულებო №A20008855 წარმოების შეჩერება, რომელიც ეხებოდა მ.ჭ–ის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების, ს/კ №............, გამოთხოვას.
15. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 31 მაისის განჩინებით, მ.ჭ–ს უარი ეთქვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე.
16. 2024 წლის 23 ივლისს, მ.ჭ–ის წარმომადგენელმა კვლავ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით და მოითხოვა კრედიტორისათვის №2/28143-19 სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად მიქცევის აკრძალვა და №A20008855 სააღსრულებო წარმოების შეჩერება №2/11564-24 სამოქალაქო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
17. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 24 ივლისის განჩინებით, მ.ჭ–ის 2024 წლის 23 ივლისის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დარჩა განუხილველად. სასამართლომ მიიჩნია, რომ 2024 წლის 30 მაისისა და 2024 წლის 23 ივლისის განცხადებებით დაყენებული მოთხოვნები შინაარსობრივად იდენტური იყო, ვინაიდან ორივე შემთხვევაში განმცხადებელი ითხოვდა იმავე სააღსრულებო ფურცელთან და იმავე სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებული აღსრულების შეჩერებას.
18. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ მ.ჭ–ის 2026 წლის 29 მაისის განცხადებით საკასაციო სასამართლოში კვლავ დაყენებულია არსებითად იგივე მოთხოვნა, სახელდობრ: №2/11564-24 სამოქალაქო საქმეზე საბოლოო/კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მიღებამდე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2020 წლის 15 იანვარს გაცემული სააღსრულებო ფურცლის მოქმედებისა და შესაბამისი სააღსრულებო №A20008855 წარმოების შეჩერება, რომელიც ეხება მ.ჭ–ის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების, ს/კ №........, გამოთხოვას.
19. ამდენად, 2026 წლის 29 მაისის განცხადებით მოთხოვნილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ემთხვევა როგორც 2024 წლის 30 მაისის, ისე 2024 წლის 23 ივლისის განცხადებებით დაყენებულ მოთხოვნებს. იდენტურია განცხადების ფაქტობრივი საფუძველიც, ვინაიდან განმცხადებელი კვლავ უთითებს იმავე გარემოებაზე, რომ სააღსრულებო წარმოების გაგრძელებამ შესაძლოა გამოიწვიოს სადავო უძრავი ქონებიდან მისი და მისი ოჯახის წევრების გამოსახლება და შემდგომ, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გაურთულოს ქონებით ფაქტობრივი სარგებლობის აღდგენა.
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, ვლინდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობები, სახელდობრ: განმცხადებელი იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით კვლავ ითხოვს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას, მაშინ, როდესაც აღნიშნული მოთხოვნა სასამართლოს მიერ ერთხელ უკვე არ დაკმაყოფილდა, ხოლო შემდგომი იდენტური განცხადება განუხილველად დარჩა.
21. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 03 ივნისის განჩინებით, მ.ჭ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპი დასრულებულია, რაც დამატებით მიუთითებს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროებაზე არსებითი მსჯელობის საფუძველი აღარ არსებობს.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მ.ჭ–ის 2026 წლის 29 მაისის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე უნდა დარჩეს განუხილველად.
23. განცხადების განუხილველად დატოვების გამო, განმცხადებელს უკან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 284-ე, 285-ე, 372-ე და 399-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ჭ–ის 2026 წლის 29 მაისის განცხადება, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, დარჩეს განუხილველად.
2. მ.ჭ–ს (პ/ნ ........) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი -50 ლარი (საკრედიტო საგადახდო დავალება № 45867, გადახდის თარიღი: 28.05.2026წ., გადამხდელის ბანკი: ს.ს. „ტერაბანკი“) შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი