დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 01.06.2026
საქმის ნომერი
ას-1539-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
01.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-1539-2025

01 ივნისი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან ნემსაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),არჩილ კოჭლამაზაშვილი, მიხეილ ჯინჯოლია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ქ.ვ–ნი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები - დ.პ–ვი, მ.პ–ვი, თ.ნ–ი (მოპასუხეები, შეგებებული სარჩელით მოსარჩელეები)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 03 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ხელშეშლის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ქ.ვ–ნმა (შემდგომში - „მოსარჩელე“, „შეგებებული სარჩელით მოპასუხე“ ან „კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში დ.პ–ვის (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“), მ.პ–ვისა (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“) და თ.ნ–ის (შემდგომში - „მესამე მოპასუხე“) (შემდგომში ერთობლივად - „აპელანტები“ ან „შეგებებული სარჩელით მოსარჩელეები“) მიმართ ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით. კერძოდ, მოითხოვა მოპასუხეებს დაევალოთ მოახდინონ საერთო სარგებლობის გზიდან დანართი N2-ში ნაჩვენები ჭიშკრის გადატანა უკან, მათი სახლის მიმართულებით, კერძოდ, იმ ღობის გასწვრივ, რომელიც აღმართულია საზღვრად მათი მიწის ნაკვეთებს შორის. 2. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.

მოპასუხეებმა შეგებებული სარჩელი აღძრეს მოსარჩელის მიმართ და მოითხოვეს მოსარჩელეს დაევალოს აიღოს მის მიერ თვითნებურად, ე.წ „შიფრით” აღმართული ღობე და მოიყვანოს ეზო თავდაპირველ მდგომარეობაში. 4. შეგებებული სარჩელით მოპასუხემ შეგებებული სარჩელი არ ცნო.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეებს აეკრძალათ მოსარჩელისათვის უძრავი ქონებით, მდებარე: გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფელი .........., ს.კ. .........., სარგებლობაში ხელშეშლა და მათვე დაევალათ საცხოვრებელ სახლთან მისასვლელ - საერთო სარგებლობის გზაზე განთავსებული კუთვნილი ჭიშკრის გადატანა მათი სახლის მიმართულებით არანაკლებ 04 (ოთხი) მეტრით; მოპასუხეთა შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა. 6. მოპასუხეებმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინეს სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 03 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა მოსარჩელის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეებს დაევალათ მათ საცხოვრებელ სახლთან მისასვლელი ჭიშკრის გადატანა N........... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების საზღვრებს გარეთ; გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოპასუხეთა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში დარჩა უცვლელი. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 8.1. N……… საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება - მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი ეკუთვნის მოსარჩელეს;

8.2. მოსარჩელის მეზობლად ცხოვრობენ მოპასუხეები, რომლებიც ასევე ფლობენ მიწის ნაკვეთს;

8.3. მხარეთა ნაკვეთებს შორის არის დაურეგისტრირებელი სივრცე;

8.4. ნაკვეთში შესასვლელად მოპასუხეებმა მოაწყვეს ლითონის ჭიშკარი, რომლის ძირითადი ნაწილი დაურეგისტრირებელ სივრცეში, ხოლო ნაწილი მოსარჩელის მიწის ნაკვეთის საზღვრებშია მოქცეული;

8.5. ეს ჭიშკარი მოსარჩელეს კუთვნილ ნაკვეთში ავტომობილით შესვლაში ხელს არ უშლის და ჩვეულებრივი ექსპლუატაციის პირობებში, ადამიანთა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონებისათვის საფრთხის შემცველი არ არის;

8.6. მოსარჩელეს აღმართული აქვს ღობე. იგი მისი ნაკვეთის საზღვრებშია მოქცეული და არც დაურეგისტრირებელ სივრცეს და არც აპელანტთა მფლობელობაში არსებულ ქონებას არ კვეთს.

9. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ვინაიდან საქმის ფაქტობრივ გარემოებათა დადგენა მოითხოვდა იმგვარ ტექნიკურ ცოდნას, რომელიც სასამართლოს არ გააჩნია, 2025 წლის 02 ივნისის განჩინებით სასამართლომ დანიშნა ექსპერტიზა და ექსპერტს დაესვა შემდეგი კითხვები: 1. სად გადის საზღვარი, ერთი მხრივ, მოსარჩელისა და, მეორე მხრივ, მოპასუხეთა კუთვნილ მიწის ნაკვეთებს შორის?; 2. სადავო ჭიშკარი განთავსებულია საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთზე თუ რომელიმე მხარის კუთვნილი მიწის ნაკვეთის საზღვარზე ან საზღვრებში?; 3. შეუშლის თუ არა ხელს სადავო ჭიშკარი მოსარჩელეს კუთვნილ ნაკვეთზე ავტომობილით დაუბრკოლებლად შესვლაში ან, ჩვეულებრივი ექსპლუატაციის პირობებში, ქმნის თუ არა იგი ადამიანებისა ან ქონებისათვის ზიანის მიყენების საფრთხეს?; 4. მოსარჩელის კუთვნილი ნაკვეთის ღობის სადავო ნაწილი განთავსებულია საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთზე თუ რომელიმე მხარის კუთვნილი მიწის ნაკვეთის საზღვარზე ან საზღვრებში?;

10. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2025 წლის 08 ოქტომბრის დასკვნით დადგინდა, რომ:

- გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ......... მდებარე მოსარჩელის კუთვნილი მიწის წაკვეთის სამხრეთ მხარეს არსებული ფაქტობრივი საზღვრის (ღობე) ნაწილი მოქცეულია N.........საკ. კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის რეგისტრირებულ საზღვრებში, ხოლო ნაწილი ცდება N.........საკ. კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის რეგისტრირებულ საზღვრებს (წითელი ხაზი, იხ. დანართი N1);

- გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ......... N.........საკ. კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მიმდებარედ არსებული სადავო ჭიშკრის ნაწილი მოქცეულია დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვთზე, ნაწილი კი მოქცეულია N.........საკ. კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის რეგისტრირებულ საზღვრებში (წითელ ხაზი, იხ. დანართი N1). ექსპერტიზაზე წარდგენილ N2ბ/2617-25 საქმის მასალებში არ არის საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთის გეგმა ნახაზები, შესაბამისად, სადავო ჭიშკარი განთავსებულია თუ არა საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთზე, აღნიშნულის დადგენა ექსპერტიზის მიერ შეუძლებელი გახდა;

- გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ......... N.........საკ. კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მიმდებარედ არსებული სადავო ჭიშკარი ჩვეულებრივი ექსპლუატაციის პირობებში არ შეუშლის ხელს მოსარჩელეს კუთვნილ მიწის ნაკვეთში (ს.კ. N………) ავტომობილით დაუბრკოლებლად შესვლაში (იხ. დანართი N2) და არ ქმნის იგი ადამიანებისა და ქონებისათვის ზიანის მიყენების საფრთხეს;

მხარეებს ეს დასკვნა სადავოდ არ გაუხდიათ და საწინააღმდეგო მტკიცებულებები არ წარუდგენიათ. დასკვნა დასაბუთებულია, მას შესაბამისი ნახაზი და ფოტოილუსტრაცია ერთვის, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ იგი სარწმუნოდ მიაჩნია.

11. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნას საფუძვლად დაუდო შემდეგი გარემოება: „საზღვარი მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის გადის არა იქ, სადაც დღეის მდგომარეობით ეს ჭიშკარი დგას, არამედ ოთხი მეტრის მოცილებით მოპასუხეების სახლისკენ“; გარდა ამისა, მან მიუთითა, რომ ჭიშკრის არსებობა ეზოში ავტომობილის შეყვანაში უშლიდა ხელს და ქმნიდა ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხეს. თავის მხრივ, აპელანტებმა შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მიერ მოწყობილი არა მთელი ღობის, არამედ სადავო ჭიშკრის მიმდებარედ არსებული შიფერის კონსტრუქციის აღება მოითხოვეს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მხარეთა მოთხოვნები, სწორედ, ზემოხსენებულ ფარგლებში შეამოწმა.

12. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ექსპერტიზის დასკვნითა და მასზე თანდართული ნახაზით დგინდება, რომ სადავო ჭიშკარი მხოლოდ ნაწილობრივ, 0,73 მ-ით არის შეჭრილი მოსარჩელის კუთვნილი ნაკვეთის საზღვრებში, მისი დანარჩენი ნაწილი კი დაურეგისტრირებელ სივრცეში მდებარეობს. აღნიშნული 0,73 მ ტერიტორია, რომელზეც სადავო ჭიშკარია განთავსებული, საჯარო რეესტრის მონაცემებით, მოსარჩელეს ეკუთვნის. აპელანტები არც სადავო ნივთზე საჯარო რეესტრში არსებულ ჩანაწერს და არც მისი წარმოშობის საფუძველს სასარჩელო წესით არ შედავებიან. მათ არც იმგვარ ფაქტებზე მიუთითებიათ, რაც ქონებაზე მოსარჩელის უფლებებს გამორიცხავდა. ეს კი ნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის მონაცემები ნამდვილია და ზემოხსენებული ტერიტორია მოსარჩელის საკუთრებაა. გარდა ამისა, დადგენილია, რომ მესაკუთრეს აპელანტებისთვის კუთვნილი ტერიტორია მფლობელობაში არ გადაუცია; მასთან დაკავშირებული გარიგებით ან სახელმწიფოს მიერ გამოცემული აქტით იგი აპელანტების მიმართ შებოჭილი არ არის. აპელანტებს ტერიტორიის დაკავების უფლება არა აქვთ. მათ არ წარუდგენიათ იმის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რომ სადავო ჭიშკარი მოსარჩელის თანხმობით მოაწყვეს.

13. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172.1, 312.1, 159-ე მუხლებით და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დაადგინა, რომ აპელანტებს მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ფლობის საფუძველი არ გააჩნიათ, შესაბამისად, მათ მოსარჩელეს საკუთრება უნდა დაუბრუნონ და მასზე მოწყობილი ჭიშკარი უნდა გადაიტანონ.

14. სააპელაციო პალატის განმარტებით, მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ ჭიშკრის ის ნაწილი, რომელიც მისი ნაკვეთის საზღვრებს გარეთ მდებარეობს, მის უფლებებს ხელყოფს. პირიქით, ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ იგი მას არც ავტომობილით მანევრირებაში უშლის ხელს და არც ჯანმრთელობისა და ქონების დაზიანების საფრთხეს არ უქმნის. ექსპერტმა ვერც ის დაადგინა, რომ დაურეგისტრირებელი სივრცე, რომელზეც ჭიშკრის ნაწილი დგას, საერთო სარგებლობისაა. შესაბამისად, არ დგინდება, რომ მოსარჩელეს ამ სივრცეზე უფლება გააჩნია. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასარჩელო მოთხოვნა მისი დემონტაჟის თაობაზე დაუსაბუთებელია.

15. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ მოსარჩელის ღობის სადავო, შიფერის კონსტრუქცია, რომელიც სადავო ჭიშკრის მიმდებარედაა მოწყობილი, მოსარჩელისავე ნაკვეთის საზღვრებშია მოქცეული - იგი ექსპერტის დასკვნაზე თანდართულ ნახაზზე ლურჯი ფერითაა დატანილი და 1.14-0.46 ციფრებს შორისაა მოქცეული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მოსარჩელე უფლებამოსილია კუთვნილი მიწის ნაკვეთი საკუთარი შეხედულებით გამოიყენოს და მასზე შიფერის ღობე მოაწყოს. ამავდროულად, ეს კონსტრუქცია აპელანტების უფლებებს არანაირად არ ხელყოფს, ამიტომ, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოთხოვნა მისი აღების შესახებ, უსაფუძვლოა.

16. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

17. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

17.1. სააპელაციო სასამართლომ საკმარისად არ დაასაბუთა გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში;

17.2. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, არასწორად შეაფასა ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები;

17.3. სასამართლომ არასწორად შეაფასა ექსპერტიზის დასკვნის შედეგები და ნაწილობრივ უარყო მოსარჩელის მოთხოვნა იმ ფრაგმენტის გამო, რომ თითქოს სადავო ჭიშკარი ხელს არ უშლის მოსარჩელეს ავტომობილით შესვლაში. სასამართლომ საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლის ცნებაში შეიტანა მხოლოდ ნივთის ექსპლუატაციის ტექნიკური შესაძლებლობა მაშინ, როდესაც საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლა შეიძლება გამოიხატოს მისი განკარგვის ხელშეშლაშიც;

17.4. ის მოცემულობა, რაც შექმნეს მოპასუხეებმა: ჭიშკრის ჩამოკიდება, მისი ფრთების გარეთ ისე გაღება, რომ კვეთს მოსარჩელის მიწის გასწვრივ (წინ) არსებულ სივრცეს, თავისთავად მოსარჩელეს უქმნის დისკომფორტს და ამცირებს მისი საკუთრების ღირებულებას, თანაც იმ პირობებში, როდესაც ჭიშკრის ამგვარად განთავსების საგამონაკლისო/უკიდურესი აუცილებლობა მოპასუხეებს არ შექმნიათ;

17.5. ლითონის ორფრთიანია ჭიშკრის გარე გაღების მექანიზმით ჩამოკიდების აუცილებლობა სასამართლოს არ დაუდგენია. მოსარჩელის ინტერესია მოპასუხის ჭიშკრის იმგვარი განთავსება, რომ ექსპლუატაციის დროს არ გადაკვეთოს მოსარჩელის ნაკვეთის გასწვრივ საზღვრები , მათ შორის, საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთი. მიწის აღნიშნული ფრაგმენტი სიტუაციურად უნდა ემსახურებოდეს მოსარჩელის ეზოს თავისუფალი სარგებლობის მიზნებს;

17.6. სასამართლოს არ დაუდგენია ლითონის ჭიშკრის ამგვარი განთავსებით ხდება თუ არა მოსარჩელის უძრავი ქონების ფასადის ხელყოფა და, შესაბამისად, მცირდება თუ არა მისი ღირებულება; სასამართლოს, ასევე, არ დაუდგენია მოპასუხეების მიერ ჭიშკრის განთავსების ზოგადი აუცილებლობა, ძველად არსებული მდგომარეობის შენარჩუნების შეუძლებლობა; აგრეთვე, არ უმსჯელია მოსარჩელის შესასვლელი ჭიშკრის მდგომარეობაზე, მოპასუხეების მიერ ორფრთიანის ჭიშკრის ამგვარი მოწყობა აყენებს თუ არა მათ უპირატესობაში და იმავე ადგილას ანალოგიური შესასვლელის მოწყობის არეალი აქვს თუ არა დატოვებული მოსარჩელეს. ამდენად, გადაწყვეტილება ზოგადი და ბუნდოვანია და იგი წარმოშობს ახალი დავის წარმოწყების საფრთხეს.

18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 26 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

19. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია. წინამდებარე საქმეში სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეებს დაევალათ მათ საცხოვრებელ სახლთან მისასვლელი სადავო ჭიშკრის გადატანა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების საზღვრებს გარეთ. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ ექსპერტის დასკვნისა და მასზე თანდართული ნახაზის საფუძველზე დაადგინა, რომ მოპასუხეთა მიერ მოწყობილი სადავო ჭიშკარი ნაწილობრივ, 0,73 მ-ით არის შეჭრილი მოსარჩელის კუთვნილი ნაკვეთის საზღვრებში, მისი დანარჩენი ნაწილი კი დაურეგისტრირებელ სივრცეში მდებარეობს; სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ აღნიშნული 0,73 მ ტერიტორია, რომელზეც სადავო ჭიშკარია განთავსებული, მოსარჩელის საკუთრებაა, ხოლო მოპასუხეებმა ვერ დაადასტურეს მისი ფლობის მართლზომიერი საფუძვლის არსებობა. შესაბამისად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში დადგინდა სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო მოსარჩელისათვის მისი კუთვნილი ქონების თავისუფალ მდგომარეობაში დაბრუნების საფუძვლები. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღნიშნულ ნაწილში სადავოდ არ არის გამხდარი. საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, კასატორის პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ სახეზე იყო სარჩელის არა ნაწილობრივ, არამედ სრულად დაკმაყოფილების წინაპირობა, ვინაიდან მოპასუხეთა მიერ მოწყობილი სადავო ჭიშკარი მოსარჩელეს ხელს უშლის მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთით ჯეროვან სარგებლობაში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით განმტკიცებულია საკუთრების უფლების არსი და ნორმაში გადმოცემულია ის ელემენტები, რომლებიც ქმნის საკუთრების უფლების შინაარსს - მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლების დაცვის ორი საშუალება არსებობს – ვინდიკაციური სარჩელი და ნეგატორული სარჩელი. ნეგატორულ სარჩელს მხარე აღძრავს მაშინ, როცა სხვისი უკანონო მოქმედების გამო, ხელი ეშლება საკუთრების გამოყენებაში. ამ შემთხვევაში სამოქალაქო კოდექსი მესაკუთრეს უფლებას აძლევს, მოსთხოვოს დამრღვევს ხელშეშლის აღკვეთა. თუ მის მოთხოვნას ეს უკანასკნელი არ დაეთანხმება და ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს. ხელშეშლა გულისხმობს მესაკუთრისათვის ისეთი მდგომარეობის შექმნას, რომლის გათვალისწინებითაც მას ეზღუდება თავისი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა და, ამასთან, ამის რაიმე საფუძველი ხელშემშლელს არ გააჩნია. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა. ნეგატორული სარჩელი მიმართულია უფლების ისეთი დარღვევის წინააღმდეგ, რაც არ არის დაკავშირებული ნივთის მფლობელობის დაკარგვასთან, მაგრამ ხელშემშლელია ნივთის სარგებლობისა და განკარგვისათვის, ე.ი. პირი მოკლებულია ამ უფლებამოსილებათა განხორციელების შესაძლებლობას, რადგან სხვა პირი თავისი მოქმედებით ხელს უშლის მათ რეალიზებას. ამგვარი სარჩელის საფუძველია გარემოებები, რომლებიც აფუძნებენ მოსარჩელის მიერ ნივთის სარგებლობისა და განკარგვის უფლებამოსილებას, ასევე ამტკიცებენ, რომ მესამე პირთა მოქმედება აბრკოლებს მათ განხორციელებას (იხ. სუსგ საქმე Nას-843-809-2016, 26 ოქტომბერი, 2016 წელი; Nას-876-843-2016, 20 იანვარი, 2017 წელი). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა წარმოადგენს სწორედ ნეგატორულ სარჩელს, რომელიც, მესაკუთრის დაცვის მიზნით, მიმართულია უფლების დამრღვევი პირის წინააღმდეგ. სასამართლო ამ ტიპის სარჩელის განხილვისას ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას (აწესებს, ცვლის, წყვეტს და სხვა), არამედ მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად ახდენს სამოქალაქო უფლების სწორი რეალიზაციის წესის განსაზღვრას. ასეთი ტიპის სარჩელი დაკმაყოფილდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ნივთის მესაკუთრე, რომლის საკუთრების ხელყოფა ან საკუთრების გამოყენებაში სხვაგვარი ხელშეშლა ხორციელდება სხვა პირის უკანონო მოქმედებით (იხ. სუსგ საქმე Nას-843-809-2016, 26 ოქტომბერი, 2016 წელი; Nას-674-2019, 30 სექტემბერი, 2019 წელი). ნეგატორული სარჩელი წარმატებულია თუკი მოსარჩელე დაამტკიცებს, რომ მას ხელი ეშლება საკუთრებით თავისუფალ სარგებლობაში და ეს ხელშეშლა არ გამომდინარეობს ლეგიტიმური საფუძვლიდან. საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის უფლება წარმოიშობა მაშინ, როცა არსებობს შემდეგი საფუძვლები: ა) მოსარჩელე არის ნივთის მესაკუთრე; ბ) ნივთი მესაკუთრის მფლობელობაშია; გ) მოპასუხე ხელყოფს ან სხვაგვარად ხელს უშლის მოსარჩელეს თავისი საკუთრებით სარგებლობაში. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა წარმოადგენს. ფაქტის არსებობა კი, როგორც წესი, დადასტურებული უნდა იქნას სათანადო მტკიცებულებებით (იხ. სუსგ საქმე Nას-1250-2018, 21 დეკემბერი, 2018 წელი; საქმე Nას-826-2021, 17 ნოემბერი, 2021 წელი). საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა (სსსკ-ის მე-5 მუხლი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი) ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით. სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა (სსსკ-ის 102-ე მუხლი). მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამ გარემოებების დამტკიცება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-833-833-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი; Nას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი). 31. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ არ დასტურდება მოპასუხეთა მხრიდან მოსარჩელის საკუთრების ხელყოფის ფაქტი, შესაბამისად, არ იკვეთება სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის დისპოზიციით გათვალისწინებული ყველა ელემენტი, რაც ჭიშკრის დემონტაჟის თაობაზე/ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა.

32. კერძოდ, დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 02 ივნისის განჩინებით სადავო საკითხის გადასაწყვეტად დაინიშნა ექსპერტიზა; სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2025 წლის 08 ოქტომბრის დასკვნით დადასტურდა, რომ მოპასუხეთა მიერ მოწყობილი სადავო ჭიშკარი, ჩვეულებრივი ექსპლუატაციის პირობებში, მოსარჩელეს ხელს არ უშლის მის კუთვნილ მიწის ნაკვეთში (ს.კ. N…….) ავტომობილით დაუბრკოლებლად შესვლაში და, ასევე, არ ქმნის იგი ადამიანებისა და ქონებისათვის ზიანის მიყენების საფრთხეს; ამასთან, ექსპერტიზამ ვერ დაადგინა სადავო ჭიშკარი განთავსებულია თუ არა საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთზე. მოსარჩელეს აღნიშნული დასკვნის საწინააღმდეგო მტკიცებულება არ წარუდგენია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ექსპერტიზის დასკვნა, ხოლო საკასაციო სასამართლოს არ აქვს საფუძველი ეჭვი შეიტანოს მის მართებულობაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 70% – 105 ლარი. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ქ.ვ–ნის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. ქ.ვ–ნს (პ.ნ. .......) დაუბრუნდეს რ.რ–ძის (პ.ნ. .........) მიერ 2026 წლის 26 იანვარს №31607576298 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 70% – 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი: TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი: 300773150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლევან ნემსაძე

მოსამართლეები: არჩილ კოჭლამაზაშვილი

მიხეილ ჯინჯოლია