გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 18.06.2026
საქმის ნომერი
ას-547-2026
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
18.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № ას-547-2026 18 ივნისი, 2026 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - შპს „ო...“ (მესამე პირი)

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 08 იანვარის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის წარმოების განხილვა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის განხილვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი 2019 წლის 17 აპრილის თანხმობის წერილი, რომლითაც შპს „თ.ს.ს.დ–ის“ დირექტორმა გ.კ–ძემ შპს „ო...“-ს მისცა თანხმობა თანასაკუთრებაში არსებულ მიწაზე კაფეს მშენებლობისთვის. სარჩელი თავად სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შეიტანა იმ არგუმენტით, რომ დირექტორს წესდებით არ ჰქონდა ასეთი თანხმობის გაცემის უფლებამოსილება, რადგან ეს საზოგადოების ქონების განკარგვას უტოლდებოდა და პარტნიორის/სახელმწიფოს თანხმობას საჭიროებდა.

2. შპს „ო...“ საქმეში ჩართული იყო მესამე პირად დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე და არ დაეთანხმა სარჩელს. მისი პოზიციით, დირექტორის უფლებამოსილების შიდა შეზღუდვები მისთვის ცნობილი არ იყო; თანხმობა კეთილსინდისიერი კონტრაჰენტისთვის მაინც ნამდვილი უნდა ყოფილიყო; თავად „ო...“ უნდა ყოფილიყო მოპასუხე, რადგან თანხმობის უშუალო ბენეფიციარი იყო; რეალურად დავა ფორმალური იყო, რადგან მოსარჩელე და მოპასუხე ფაქტობრივად ერთ ინტერესს წარმოადგენდნენ.

3. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა შპს „ო...“-ს წარმომადგენელმა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.

4. 2024 წლის 01 ნოემბრის განჩინებით, შპს ,,ო...’’-ის სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი, დაუშვებლობის გამო. სააპელაციო პალატის შეფასებით, რადგან ოლიმპიკი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირია, არ იყო სსკ-ის 364-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილი პირი, წარედგინა სააპელაციო საჩივარი. პალატამ განმარტა, რომ თავად გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგი მისი, როგორც მესამე პირის უფლებებს, არ შეხებია, ვინაიდან გადაწყვეტილების აღსრულებაუნარიანი ნაწილით - სარეზოლუციო ნაწილით ამ უკანასკნელის მიმართ რაიმე ვალდებულება არ დადგენილა.

5. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს ,,ო...“-მა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

6. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, შპს „ო...“ წარმოადგენს ქალაქ თბილისში, ......./ ......... გამზირი N1-ში მდებარე N.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეს. 2019 წლის 01 ივლისის N4568163 ბრძანებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა დააკმაყოფილა შპს „ო...“-ის განცხადება და გაიცა მშენებლობის ნებართვა N........ საკადასტრო ერთეულზე კაფე-ბარის მოწყობის მიზნით. ნებართვის გაცემას წინ უძღოდა შპს „ო...“-ის განცხადება, რომლის ფარგლებშიც შპს „ო...“-მა წარადგინა N........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უკლებლივ ყველა მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეების თანხმობა (რომლითაც მესაკუთრეებმა შპს „ო...“-ს მშენებლობის ნებართვის მოპოვების უფლება მიანიჭეს). თანხმობათა შორის იყო შპს „თ.ს.ს.დ–ი“-ს, როგორც მიწის ნაკვეთის ერთ-ერთი თანამესაკუთრის, დირექტორის გ.კ–ძის 2019 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება (თანხმობის წერილი). მას შემდეგ რაც შეიცვალა შპს „თ.ს.ს.დ“-ს მენეჯმენტი, ახალმა მენეჯმენტმა გადაწყვიტა, რომ N....... საკადასტრო ერთეულზე, შპს „ო...“-ის მიერ მშენებლობის განხორციელება არ იყო მისაღები. თუმცა, ვინაიდან თანხმობის უკან წაღება ვერ მოხდებოდა (თანხმობა იყო გამოუთხოვადი), შპს „თ.ს.ს.დ–ი“-ს ახალმა მენეჯმენტმა გადაწყვიტა 2019 წლის 01 ივლისის N4568163 ბრძანება სადავოდ გაეხადა მისი დამფუძნებლის - სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საშუალებით, რომელიც წარმოადგენს ერთადერთ, 100% წილის მფლობელ პარტნიორს. ამავდროულად, ამ უკანასკნელმა შპს „თ.ს.ს.დ“-ს დირექტორის გ.კ–ძის 2019 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება სადავოდ გახადა სასამართლოში სამოქალაქო წესით. თუმცა, სააგენტომ, მოპასუხედ განსაზღვრა არა თანხმობის წერილის ადრესატი (შპს „ო...“), არამედ მის მიერვე დაფუძნებული საწარმო - შპს „თ.ს.ს.დ–ი“. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, თანხმობის წერილი თავისი შინაარსით წარმოადგენს გარიგებას, კონკრეტულად კი ცალმხრივ გარიგებას, რომლითაც შპს „ო...“-ს მიეცა უფლება განახორციელოს რიგი ქმედებები (მოიპოვოს მშენებლობის ნებართვა და სხვა). შესაბამისად, სააგენტოს მიერ წარმოდგენილ სარჩელის მოპასუხე, როგორც გარიგების მხარე (თანხმობის წერილის ადრესატი) უნდა ყოფილიყო შპს „ო...“. სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელში სადავო თანხმობის წერილის ბათილად ცნობის საფუძვლად მითითებულია მხოლოდ და მხოლოდ ის გარემოება, რომ ამგვარი დოკუმენტის გაცემისათვის აუცილებელი იყო შეზღუდული პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება ვინაიდან, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ დარწმუნებით იცოდა, რომ დავას შპს „ო...“-ის წინააღმდეგ არ გააჩნდა პერსპექტივა, მოპასუხედ სარჩელში განსაზღვრა არა გარიგების მხარე - შპს „ო...“, არამედ შპს „თ.ს.ს.დ–ი“. ამ უკანასკნელმა კი, როგორც მოსარჩელის მიერ დაფუძნებულმა კომპანიამ, რა თქმა უნდა, სარჩელი ცნო. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას (მოსამზადებელ სხდომაზე) შპს „ო...“-ის წარმომადგენელმა დააყენა შუამდგომლობა, რომ საქმეში მოპასუხე უნდა ყოფილიყო შპს „ო....“ და არა შპს „თ.ს.ს.დ–ი“. სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. კერძო საჩივრის ავტორმა ისიც აღნიშნა, რომ, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ უარი განაცხადა თავდაპირველი მოპასუხე ჩანაცვლებულიყო სათანადო მოპასუხით, სასამართლო ვალდებული იყო მოსარჩელისთვის უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 29 სექტემბრის განჩინებით, შპს „ო...“-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 01 ნოემბრის განჩინება და შპს „ო...“-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების მიზნით, საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს.

8. უზენაესი სასამართლოს განმარტებით, სსსკ-ის 364-ე და 374-ე მუხლების მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება აქვთ მხოლოდ კანონით განსაზღვრულ სუბიექტებს, ხოლო ამ პირობების არარსებობის შემთხვევაში საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს. თუმცა, საკასაციო სასამართლო აღნიშნულ ნორმებს ფორმალისტურად არ განმარტავს და პრიორიტეტს ანიჭებს არა მხოლოდ პირის პროცესუალურ სტატუსს, არამედ იმასაც, თუ რამდენად ეხება სასამართლო გადაწყვეტილება მის რეალურ უფლებრივ ინტერესს.

9. საკასაციო პალატის მითითებით, სააპელაციო საჩივრის ობიექტი შეიძლება იყოს მხოლოდ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც აპელანტის საწინააღმდეგოდაა გამოტანილი და რომლის შეცვლითაც მისთვის სამართლებრივად სასარგებლო შედეგის მიღწევა არის შესაძლებელი. ამასთან, ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, მაშინაც კი, როდესაც პირი ფორმალურად არ მონაწილეობს პროცესში როგორც მხარე, მაგრამ გადაწყვეტილება უშუალოდ ზემოქმედებს მის უფლებრივ მდგომარეობაზე, მას უნდა მიეცეს გასაჩივრების შესაძლებლობა. შპს „ო...“-ის უფლებრივი ინტერესი გამოიხატებოდა იმაში, რომ დავის საგანს წარმოადგენდა სწორედ მის სასარგებლოდ გაცემული თანხმობის წერილის ბათილობა, რომელიც საფუძვლად დაედო მშენებლობის ნებართვის მოთხოვნას. შესაბამისად, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება პირდაპირ გავლენას ახდენდა მის საკუთრების უფლებასა და ეკონომიკურ ინტერესებზე. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ფორმალურად არ იყო დავის მხარე, საკასაციო პალატამ მიიჩნია სააპელაციო გასაჩივრების უფლებამოსილ სუბიექტად, ვინაიდან გადაწყვეტილება უშუალოდ შეეხებოდა მის კანონით დაცულ ინტერესებს.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 08 იანვარის განჩინებით სააპელაციო საჩივარი კვლავ დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

11. აპელაციის მოსაზრებით, შესაძლოა გადაწყვეტილება გავლენას ახდენდეს „ო...“-ზე, მაგრამ მას დაცვადი და მიღწევადი უფლება არ აქვს; თუნდაც ის ყოფილიყო მოპასუხე, შედეგი არსებითად იგივე იქნებოდა, რამდენადაც „თ.ს.ს.დ–მა“ სარჩელი ცნო; მშენებლობის ნებართვის ვადა ისედაც გასულია, მშენებლობა არ დაწყებულა, ხოლო ახალი ნებართვა დამოკიდებულია როგორც მესაკუთრის თანხმობაზე, ისე მერიის ნებართვაზე. შესაბამისად, „ო...“-ის ინტერესი მხოლოდ კომერციული მოლოდინია, რომლის რეალიზებაც სხვა პირების „კეთილ ნებაზეა“ დამოკიდებული, ამიტომ, მას არ აქვს სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება.

12. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს მის ინტერესებზე (დირექტორის თანხმობის წერილის ბათილობის გამო), კომპანიას არ აქვს ისეთი დაცვადი და სამართლებრივად მიღწევადი უფლება, რომლის უზრუნველყოფაც სასამართლოს გზით შეიძლებოდა. დავა ეხებოდა დირექტორის მიერ გაცემული თანხმობის ბათილობას, ამიტომ მოპასუხედ კანონიერად იყვნენ ჩართულები საკონცერტო დარბაზი და მისი დირექტორი გ.კ–ძე. შესაბამისად, არასათანადო მოპასუხეობის არგუმენტი უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული.

13. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის ნების საწინააღმდეგოდ დამატებითი მოპასუხის ჩართვა შეუძლებელია. ამასთან, თუნდაც „ო...“ მოპასუხედ ყოფილიყო ჩართული, სარჩელის ცნობის პირობებში შედეგი იგივე დარჩებოდა, რადგან არსებული მოპასუხის მიერ მოთხოვნის აღიარება შეიძლებოდა გადაწყვეტილების საფუძვლად ქცეულიყო.

14. ოლიმპიკის სურვილი კაფეს აშენებაზე ვერ ჩაითვალა რეალურად მიღწევად უფლებად, რადგან მშენებლობის ნებართვას ვადა გასული აქვს; მშენებლობა არც დაწყებულა; საჭიროა როგორც საკონცერტო დარბაზის თანხმობა, ისე არქიტექტურის სამსახურის ნებართვა; შეიცვალა მენეჯმენტი და მხარდაჭერა აღარ არსებობს, ამიტომ კომპანიის ინტერესი სხვა პირების „კეთილ ნებაზე“ არის დამოკიდებული. კაფეს მშენებლობა წარმოადგენს კომპანიის კერძო კომერციულ ინტერესს, და არა საჯარო ინტერესს.

15. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ევროკონვენციის მე-6 მუხლით დაცული სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და კანონით განსაზღვრული შეზღუდვები დასაშვებია, ამიტომ საჩივრის მიუღებლობა კონვენციის დარღვევად არ ჩაითვალა.

16. სააპელაციო პალატის დასახელებული განჩინება იმავე მოტივაციით (იხ. წინამდებარე განჩინების მე-6 პუნქტი) გაასაჩივრა შპს ,,ო...“-მა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 7 მაისის განჩინებით, კერძო საჩივარი წარმოებაშია მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

18. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

20. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.

21. სსსკ-ის 364-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება, კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში. სსსკ-ის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

22. სსსკ-ის 91-ე მუხლის მიხედვით, მესამე პირები, რომლებიც არ აცხადებენ დამოუკიდებელ მოთხოვნებს დავის საგანზე, სარგებლობენ მხარეთა საპროცესო უფლებებით და მათ ეკისრებათ მხარეთა საპროცესო მოვალეობები, გარდა უფლებისა, გაადიდონ ან შეამცირონ სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა, შეცვალონ სარჩელის საფუძველი ან საგანი, ცნონ სარჩელი, უარი თქვან სარჩელზე ან მორიგდნენ, აღძრან შეგებებული სარჩელი, მოითხოვონ სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება.

23. სსსკ-ის 88-ე და 89-ე მუხლების მიხედვით, ერთმანეთისგან გამიჯნულია მოთხოვნის უფლების მქონე მესამე პირებ მოთხოვნის უფლების არმქონე მესამე პირებისგან. მოთხოვნის უფლების მქონე მესამე პირი პრაქტიკულად გაიგივებულია მოსარჩელესთან, რამეთუ ის თავად აცხადებს პრეტენზიას დავის საგანზე და გააჩნია დამოუკიდებელი მოთხოვნის უფლება, ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, პირველი ინსტანციის/სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება მისი უფლებების წინააღმდეგაც იყოს მიმართული და სწორედ ამ მიზნებიდან გამომდინარე, ეძლევა მას გადაწყვეტილების ზემდგომი წესით გასაჩივრების შესაძლებლობა (სსსკ-ის 364-ე და 391.1 მუხლები), რაც შეეხება მოთხოვნის უფლების არმქონე მესამე პირებს, მათი პროცესში მონაწილეობა განპირობებულია არა გადაწყვეტილების სუბიექტუნარიანობით, არამედ მიღებული გადაწყვეტილების შედეგების შესაძლო სამომავლო სუბიექტუნარიანობით (იხ. სუსგ Nას-798-798-2018, 13.07.2018წ.). საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული (იხ. სუსგ-ები: № ას-1033-2018, 30.10.2018წ; №ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; №ას-851-817-2016, 04.11.2016წ., №ას-1771-2019. 08.05. 2020წ.).

24. თავის მხრივ, სსსკ-ის 91-ე მუხლიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლება აქვთ მხარეებს (მოსარჩელეს, მოპასუხეს), მესამე პირებს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, მათ უფლებამონაცვლეებს თანამონაწილეებს (თანამოსარჩელეებს, თანამოპასუხეებს) მათი თანამონაწილეობის საფუძვლებით განსაზღვრულ ფარგლებში, პირებს, რომლებიც, მართალია, არ ფიგურირებენ საქმეში როგორც მხარეები, მაგრამ სასამართლო გადაწყვეტილებით განისაზღვრა მათი უფლებები და მოვალეობები ერთ-ერთი მხარის მიმართ.

25. განსახილველ შემთხვევაში, მთავარ სამართლებრივ საკითხს წარმოადგენს იმის დადგენა, რამდენად აქვს უფლება დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ჩაბმულ მესამე პირს გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება თუ კი მის მიმართ გამოტანილი არ არის, მაგრამ გადაწყვეტილების აღსრულებამ შესაძლოა მისი სამართლებრივი ინტერესი დააზიანოს. ამასთან, იგი არც მხარეა და არც დამოუკიდებელი მოთხოვნის მქონე მესამე პირი. ამდენად, კერძო საჩივრის ფარგლებში შესაფასებელი იქნება სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერება, რომლითაც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, ვინაიდან მისი წარმდგენი პირი გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე სუბიექტი პროცესუალური სტატუსიდან გამომდინარე არ არის.

26. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა ორიენტირებულია რა უფლებადარღვეული პირის უფლებრივ რესტიტუციაზე, არაერთხელ წამოჭრილა საკითხი, როდესაც მხარე ფორმალური თვალსაზრისით დავაში უფლების არმქონე პირადაა ჩაბმული, თუმცა გადაწყვეტილება შეეხება მის უფლებრივ მდგომარეობასაც, ასეთ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ყოველთვის ამოწმებს უფლების დარღვევის ნამდვილობას და, მიუხედავად პირის სტატუსისა, თუკი გადაწყვეტილება მის ინტერესებს შეეხება, განსახილველად იღებს საჩივარს (იხ. სუსგ-ებები: №ას-705-1078-06, 22.11.2006წ.; №ას-210-200-2016, 22.04.2016 წ.; Nას-798-798-2018, 13.07.2018წ.).

27. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, სააპელაციო პალატა იზიარებს დასახელებულ ერთგვაროვან პრაქტიკას, რომ პროცესუალური სტატუსი, თუნდაც ფორმალურად ზღუდავდეს პირის უფლებას - სადავოდ გახადოს გადაწყვეტილება, არ გამორიცხავს ამ პროცესუალური უფლების გამოყენების შესაძლებლობას თუ კი გადაწყვეტილება მის მატერიალურ უფლებას პოტენციურად არღვევს, მაგრამ სააპელაციო პალატა არ იზიარებს სუბსუმირების ნაწილში უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 29 სექტემბრის განჩინების მოტივაციას. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა იმსჯელებს არა ზოგადად დასახელებული უფლების არსებობაზე, არამედ წინამდებარე საკითხის შესაბამისობაზე უფლებასთან - ზიანს აყენებს თუ არა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მესამე პირის, შპს „ო...“-ის უფლებებს.

28. დადგენილია, შპს „თ.ს.ს.დ–ი’’ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში დარეგისტრირდა 1999 წლის 23 აგვისტოს. საზოგადოების 100%-იანი წილის მესაკუთრეა სახელმწიფო, ხოლო 2007 წლის 27 ივლისიდან 2019 წლის 29 ოქტომბრამდე სამეწარმეო საზოგადოების 100%-იანი წილის მმართველო იყო შპს „ი.ი–ი’’.

29. გ.კ–ძე შპს „თ.ს.ს.დ–ის’’ დირექტორის თანამდებობას იკავებდა 2004 წლის 07 ივლისიდან 2019 წლის 15 ნოემბრამდე. მიმდინარე პერიოდისათვის სამეწარმეო საზოგადოების დირექტორია - ვ.ვ–ძე, ხოლო 100% წილის მმართველი - საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

30. უძრავი ქონება. მდებარე: თბილისი, ქუჩა ........./......, ს/კოდი ............ თანასაკუთრების უფლებით ირიცხება თ.კ–ძის, კ.კ–ის, რ.გ–ის, ტ.გ–ის, შპს „თ.ს.ს.დ–ის’’, შპს „ა–ის’’, შპს „ი.კ–ის’’ და შპს „ო...’’- ის სახელზე. შპს „თ.ს.ს.დ–ი’’ ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებაში საკუთრების უფლებით ფლობს 15 189.03 კვ.მ. ფართს, ხოლო შპს „ო...’’ - 200.00 კვ.მ. სარდაფს.

31. 2019 წლის 17 აპრილს შპს „თ.ს.ს.დ–ის’’ დირექტორმა გ.კ–ძემ გასცა ნოტარიულად დამოწმებული გამოუთხოვადი თანხმობის წერილი მასზედ, რომ შპს „ო...’’-ს მის თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კოდი .......) ტერიტორიის ფარგლებში, კერძოდ, მის კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კოდი ........) მიმდებარედ განეხორციელებინა მშენებლობა სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2018 წლის 17 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.

32. სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 01 ივლისის ბრძანებით მოწონებულ იქნა ქ. თბილისში (სექტორი ..........) ........ ქუჩა №36/....... ქ. №1-ში (ძეგლი) საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების (კაფე-ბარის მოწყობა) არქიტექტურული პროექტი. გაიცა უძრავ ძეგლზე სამუშაოების ნებართვა და სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადად განისაზღვრა პერიოდი 2019 წლის 02 ივლისიდან 2020 წლის 02 ივლისის ჩათვლით.

33. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „ო...’’-ს უარი ეთქვა მშენებლობის ნებართვის ვადის მოქმედების გაგრძელებაზე, ვინაიდან გადაწყვეტილების მიღების დროისათვის კომპანიას სამშენებლო სამუშაოები ნაწარმოები არ ჰქონდა.

34. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია შპს „ო...’’-ის სარჩელი მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიმართ სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის (ვიცე მერის) 2020 წლის 04 სექტემბრის ბრძანების ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე.

35. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია შპს „ო...’’-ის სარჩელი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ 2023 წლის 01 ივნისის N720 ბრძანებისა დ 2024 წლის 15 თებერვლის №196 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

36. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეზე მოსარჩელეა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, რომელმაც მოითხოვა შპს ,,თ.ს.ს.დ–ის’’ (დირექტორის - გ.კ–ძის) 2019 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილების (თანხმობის წერილი) ბათილად ცნობა. კერძოდ, შპს „თ.ს.ს.დ–ის’’ დირექტორის მიერ თანხმობა გაიცა თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ..........), შპს „ო...“-ის კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (სარდაფის) მიმდებარედ მშენებლობის განხორციელებაზე.

37. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, როგორც სახელმწიფო ქონების მმართველს და შპს "თ.ს.ს.დ–ის" 100%-იანი წილის მესაკუთრეს, შპს "თ.ს.ს.დ–ის" 2023 წლის 20 თებერვლის №02-23/32 წერილით ეცნობა, რომ შპს "ო..."-მა, 2019 წლის 19 თებერვალს, განცხადებით მიმართა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ........ №1-ში, თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე, კაფეს განთავსების მიზნით მშენებლობის ნებართვა. მითითებულ განცხადებას თან ერთვის შპს "თ.ს.ს.დ–ის" ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა.

38. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა გასცა მშენებლობის ნებართვა 2019 წლის 02 ივლისიდან 2020 წლის 02 ივლისის ჩათვლით. შპს „ო...“-მა აღნიშნულ პერიოდში მშენებლობა არ დაიწყო და 2020 წლის 6 მაისის განცხადებით კვლავ მიმართა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელების თაობაზე. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის ივნისის №4991753 გადაწყვეტილებით შპს „ო...“-ს უარი ეთქვა მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელებაზე. საკასაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები ადასტურებს, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შინაარსი პოტენციურად არსებით გავლენას ახდენს კერძო საჩივრის ავტორზე.

39. სააპელაციო პალატა, მართალია, უთითებს, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას შესაძლოა ჰქონდეს მესამე პირის უფლებებსა და ინტერესზე გავლენის მოხდენის ბერკეტი, თუმცა, სასამართლოსთვის, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მთავარი არგუმენტი შპს „ო...“-ის დაცვადი და მიღწევადი უფლების რეალიზების არარსებობაა. სააპელაციო პალატის განმარტებით, თუნდაც მხარედ ყოფილიყო შპს „ო...“ მითითებული, საქმეზე შედეგი მაინც არ შეიცვლებოდა, რადგან კაფეს აშენების ნებართვას ვადა გაუვიდა ისე, რომ არ მას დაუწყია მშენებლობა. ახლა კი ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წესითაა გასაჩივრებული შპს „თ.ს.ს.დ–ის“ თანხმობის გარეშე. ასევე, საჩივრის ავტორის ინტერესი მიუღწევადი/აღუსრულებელი უფლებაა, რამდენადაც ის დაკავშირებულია ზემოაღნიშნული პირების „კეთილ ნებაზე“. ამჟამად, შპს „თ.ს.ს.დ–ის“ მენეჯმენტისა და ხედვის შეცვლის შემდგომ, მას აღარ სურს კაფეს მშენებლობაზე თანხმობის გაცემა. აღნიშნული გარემოებები კი სააპელაციო პალატის შეფასებით ქმნიდა საჩივრის ავტორის აღუსრულებად სურვილს, რის გამოც, განუხილველად დარჩა საჩივარი.

40. საკასაციო პალატა აღნიშნულ დასაბუთებას ვერ გაიზიარებს, რადგან სააპელაციო პალატამ მესამე პირს ფაქტობრივად არსებითად გასცა პასუხი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში წარდგენილ შედავებას, მიუთითა რა მისი მოთხოვნის წარუმატებლობის შესახებ. სააპელაციო პალატამ თავადვე აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება პირდაპირ შეეხო მესამე პირის ინტერესს: ბათილად იქნა ცნობილი სწორედ ის თანხმობა, რომელზეც კომპანია წლების განმავლობაში აფუძნებდა თავის სამართლებრივ პოზიციას, ადმინისტრაციულ დავებსა და სამომავლო სამშენებლო ინტერესს. როდესაც სასამართლო კონკრეტული პირის სასარგებლოდ გაცემულ სამართლებრივ აქტს აუქმებს, დაუსაბუთებელია მსჯელობა, რომ ამ პირს მხოლოდ ირიბი ან თეორიული ინტერესი აქვს. სააპელაციო პალატა თავისი მსჯელობით პასუხს სცემს კითხვას შეძლებდა თუ არა საჩივრის ავტორი არსებითი მოთხოვნის (კაფეს აშენება) დაკმაყოფილებას. რეალურად, სამართლებრივი კითხვა, რაზეც უნდა გაეცა პასუხი სასამართლოს, უნდა დასმულიყო შედეგი სახით - პოტენციურად ეხება თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება უშუალოდ ოლიმპიკის სამართლებრივ მდგომარეობას. ამ ორი საკითხის განხილვა ერთმანეთისგან განსხვავებულ პროცესუალურ ეტაპს მოითხოვს, სააპელაციო პალატამ კი ფაქტობრივად, დასაშვებობის ეტაპზევე უკვე წინასწარ შეაფასა საქმის პრაქტიკული პერსპექტივა, მიიჩნია, რომ მესამე პირის უფლება უსაფუძვლოა და აქედან გამომდინარე შეზღუდა გასაჩივრების უფლება, მაშინ, როდესაც აღნიშნულ ეტაპზე, ასეთი შეზღუდვა არა არსებითი საფუძვლიდან, არამედ პროცესუალური მოწესრიგების მასშტაბში უნდა განიხილებოდეს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევაში, ზემოქმედება პირდაპირი და ინდივიდუალურია, ხოლო დასაშვებობის ეტაპზე საკითხის კვლევა პროცესუალურად მხარის უფლებას ზღუდავს, რამდენადაც იზღუდება საქმის ამომწურავად გამოკვლევის შესაძლებლობა.

41. ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა მიუთითებს, რომ სააპელაციო საჩივრის უფლების არსებობისთვის, როგორც წესი, საკმარისია, რომ გადაწყვეტილება პოტენციურად ცვლიდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას. ოლიმპიკის შემთხვევაში, ეს პირობა პოტენციურად აშკარად არსებობს: სასამართლომ ბათილად ცნო ის სამართლებრივი საფუძველი, რომელსაც მესამე პირი უფლების განხორციელებას აფუძნებდა - ეს კი საკმარისია სასამართლომ არსებითად იმსჯელოს მესამე პირის უფლებების დარღვევაზე.

42. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის არგუმენტი, რომ მესამე პირის უფლება დამოკიდებულია სხვა პირების „კეთილ ნებაზე“. სამოქალაქო სამართლებრივი უფლებები თავისთავად დამოკიდებულია პირთა „კეთილ ნებაზე“, რომლის რეალიზებაც მესამე პირის თანხმობაზეა დამოკიდებული - ცდება სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპზე განხილვის კომპეტენციას.

43. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დასაშვებობის ეტაპზე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა აგებულია იმაზე, კაფეს აშენების ინტერესი იქნებოდა თუ არა წარმატებული, მაშინ, როდესაც, რეალურად სასამართლოს უნდა ემსჯელა სასამართლო გადაწყვეტილებით პოტენციურად არსებობდა თუ არა ოლიმპიკის უფლებების დაზიანების საფრთხე. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროცესუალური შედავების რეალიზების უფლება მესამე პირს დაუსაბუთებლად არ ეძლევა სააპელაციო საჩივრის ავტომატურად დაუშვებლად ცნობის გამო, მაშინ, როდესაც ცალსახაა, რომ ერთგვაროვანი პრაქტიკა მიუთითებს თუნდაც პოტენციურად უფლების დარღვევის დროს ფორმალურად უფლებამოსილების არმქონე სუბიექტის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების არსებობაზე. ასეთი უფლება კი ამ შემთხვევაში, საჩივრის ავტორს დაუსაბუთებლად შეეზღუდა, რამდენადაც უფლების დარღვევის პოტენციური საფრთხე დასაბუთებულია - უქმდება ის თანხმობა, რომელიც განსაზღვრავს საჩივრის ავტორს ექნება თუ არა მშენებლობის უფლება. სხვაგვარად, ასეთი თანხმობის გაბათილება ავტომატურად ზღუდავს მესამე პირის სამშენებლო უფლებას, რამდენადაც ერთმევა მშენებლობის უფლება.

44. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის არმქონე მესამე პირის მიერ გადაწყვეტილებაზე არსებითი (სააპელაციო თუ საკასაციო) საჩივრის წარდგენისას, უფლების დარღვევის პოტენციური საფრთხის არსებობის დასაბუთება საკმარისია იმისთვის, რომ სასამართლომ აღნიშნული საჩივარი ამ კუთხით არ შეზღუდოს და (თუ კი არ არსებობს დასაშვებობის შეზღუდვის სხვა პროცესუალური საფუძველი) არსებითად განიხილოს.

45. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და შპს „ო...“-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების მიზნით, საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 401-ე, 420-ე, 419-ე, 412-ე მუხლებით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ო...“-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 08 იანვარის განჩინება და შპს „ო...“-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების მიზნით, საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

ა. კოჭლამაზაშვილი