დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-472-2026 18 ივნისი, 2026 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - მ.ყ–ძე (აპელანტი, მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ფ.ჯ–ია“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 13 თებერვლის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკამყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის განხილვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 13 თებერვლის განჩინებით მ.ყ–ძის (შემდეგში: ლიზინგის მიმღები, მოპასუხე ან კასატორი) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ფ.ჯ–იას“ (შემდეგში ლიზინგის გამცემი ან მოსარჩელე) სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეებს მ.ყ–ძესა და პ.ლ–ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 3 642.39 ლარის გადახდა, დარჩა უცვლელად.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2022 წლის 17 იანვარს შპს „მ–სა“ და მოპასუხეს შორის გაფორმდა ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება N L17012022/0254 (შემდგომში ლიზინგის ხელშეკრულება ან ხელშეკრულება), რომლის მიხედვით, ლიზინგის საგანია სატრანსპორტო საშუალება - მანქანა - NISSAN CEFIRO (კოდი ......, გამოშვების წელი 2006, ყავისფერი 1/8). სატრანსპორტო საშუალების ფასი განისაზღვრა 9 000 ლარით, ლიზინგის ღირებულება – 7 650 ლარით, ლიზინგის ვადა – 24 თვით ან თანახმად პროცედურისა, რომელიც ზუსტად არის განსაზღვრული მნიშვნელოვანი პირობების მე-9 პუნქტში [თუ ლიზინგის მიმღები არ დაფარავს ლიზინგის ხელშეკრულებაზე ზემოხსენებული თანდართული ძირითადი გრაფიკით განსაზღვრულ ბოლო გადახდას სრული ოდენობით, ძირითად გრაფიკში აღნიშნული დარჩენილი გადასახდელი თანხა გადანაწილდება ალტერნატიული გრაფიკის შესაბამისად, რომლითაც ავტომატურად გაგრძელდება ლიზინგის ხელშეკრულების მოქმედების ვადა.], სალიზინგო საზღაურის ოდენობა – 0.1128 % დღეში, ლიზინგის საერთო ღირებულება – 11 335.19 ლარი;
2.2. გადახდის ძირითადი გრაფიკის მიხედვით, სალიზინგო შენატანი უნდა გადახდილიყო ყოველი თვის 17 რიცხვში 472.92 ლარის ოდენობით 2022 წლის 17 თებერვლიდან 2022 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით;
2.3. ფინანსური ლიზინგის სტანდარტული პირობების 2.1. მუხლის თანახმად, მას შემდეგ რაც „მ“ წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე გადასცემს ლიზინგის მიმღებს უფლებას, ფლობდეს, სარგებლობდეს და აგრეთვე შეისყიდოს სატრანსპორტო საშუალება, ლიზინგის მიმღები იღებს სატრანსპორტო საშუალებას ლიზინგით;
2.4. ხელშეკრულების 5.6. მუხლით, „მ–ს“ გააჩნია უფლება დაადგინოს ვალდებულებათა დაფარვის რიგითობა ლიზინგის მიმღებისგან;
2.5. ხელშეკრულების 6.1. მუხლის თანახმად, ლიზინგის მიმღები უხდის „მ–ს“ სალიზინგო საზღაურს ლიზინგის საგნით სარგებლობის მთელი ფაქტობრივი პერიოდის განმავლობაში ხელშეკრულების შეწყვეტამდე. აქვე ზუსტდება, რომ ლიზინგის საგნის ღირებულების იმ ნაწილზე, რომელიც ხმარდება სატრანსპორტო საშუალების განბაჟებას, სარგებლობის პერიოდი აითვლება „მ–ს“ მიერ მისი ხაზინაში გადახდის დღიდან, ხოლო სატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის ფასის დარჩენილი ნაწილისათვის - მისი ლიზინგის მიმღების ანგარიშზე ჩარიცხვის დღიდან;
2.6. ხელშეკრულების 9.2. მუხლით, ლიზინგის მიმღები ვალდებულია ისარგებლოს სატრანსპორტო საშუალებით სათანადო გულისყურით, მისი პირდაპირი დანიშნულებით და თანახმად ტექნიკური მახასიათებლებისა…;
2.7. ხელშეკრულების 11.2 მუხლით, ხელშეკრულება ძალაშია მის მიერ დადგენილ ვალდებულებათა სრულ შესრულებამდე და ითვლება შესრულებულად მას მერე, რაც ლიზინგის მიმღები გადაუხდის „მ–ს“ სატრანსპორტო საშუალების გადაუხდელ ღირებულებას სრულად, სალიზინგო საზღაურს სრულად და აგრეთვე დარიცხულ ჯარიმას და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხოლო „მ“ გადასცემს ლიზინგის მიმღებს საკუთრებაში სატრანსპორტო საშუალებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით;
2.8. ხელშეკრულების 12.2. მუხლით „მ–ს“ უფლება აქვს დააკისროს ლიზინგის მიმღებს ყოველი ახალი ვადაგადაცილების ფაქტის დაფიქსირებისას, 20 ლარი ერთჯერადი პირგასამტეხლო ხელშეკრულებით დადგენილი გადასახდელების ვადის გადაცილებისათვის, ხოლო თუ გადახდა არ განხორციელდება, დამატებით დაარიცხოს ხელშეკრულების დარღვევის მომენტისათვის ლიზინგის საგნის გადაუხდელი ღირებულების 0.27%, საჯარიმო პროცენტი ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის;
2.9. 2022 წლის 17 იანვრის ავტომანქანის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „მ–მ“ (შემძენი) ო.ა–გან (გამსხვისებელი) შეიძინა ლიზინგის საგანი - ავტომანქანა - NISSAN CEFIRO (კოდი ........., რეგისტრაციის ნომერი ........., ტექნიკური პასპორტის ნომერი .........). სატრანსპორტო საშუალების ღირებულება განისაზღვრა 9 000 ლარით;
2.10. ნასყიდობის ხელშეკრულების 3.1 მუხლით ლიზინგის მისაღებად ლიზინგის მიმღები კისრულობს ვალდებულებას შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე, უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალების შსს მომსახურების სააგენტოში „მ–ს“ სახელზე რეგისტრაცია;
2.11. იმავე დღეს, 2022 წლის 17 იანვარს, გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება შპს „მ–სა“ და პ.ლ–ძეს (სოლიდარულ თავდებს) შორის. ხელშეკრულების 1-ლი მუხლით, თავდები სოლიდარულ თავდებად უდგება „მ–ს“ წინაშე წინამდებარე ხელშეკრულების 2.1 პუნქტში მითითებულ „ლიზინგის მიმღებს“, რომ „ლიზინგის მიმღები“ სრულად და ჯეროვნად შეასრულებს „მ–ს“ წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს, რომელიც გამომდინარეობს სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების 2.1 პუნქტში მითითებული ხელშეკრულე(ბე)ბიდან;
2.12. სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების 2.1 მუხლით დავდებობით უზრუნველყოფილია „მ–ს“ მოთხოვნები „ლიზინგის მიმღების“ მიმართ, გამომდინარე „მ–სა“ და „ლიზინგის მიმღებს“ შორის არსებული ხელშეკრულებიდან. 2.1.6. მუხლით თავდებობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობაა 11 335.19 ლარი. 2.1.7. მუხლით შეთანხმებულ იქნა პირგასამტეხლო: a) 20 ლარი ერთჯერადი ჯარიმა და ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის დარჩენილი ძირი თანხის 0.27 %; b) სტანდარტული პირობების 4.5, 11.1-11.3, 11.5- 11.9, 10-14, 15.4 და/ან 16.11 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის - სატრანსპორტო საშუალებების ღირებულების გადაუხდელი ნაწილის 1 % შეუსრულებლობის ყოველი შემთხვევისათვის; c) მნიშვნელოვანი პირობების განსაკუთრებული დებულებების ან სტანდარტული პირობების 11.4. პუნქტის დარღვევისათვის - სატრანსპორტო საშუალების ღირებულების გადაუხდელი ნაწილის 5 %; d) იმ შემთხვევაში, თუ ლიზინგის მიმღებმა დროულად ან სრულად არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდა და ასეთი დარღვევა გრძელდება 30 დღეზე მეტი ვადით - სატრანსპორტო საშუალების ღირებულების გადაუხდელი ნაწილის 10 %, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა;
2.13. ამავე ხელშეკრულების მე-3 მუხლით „მ“ უფლებამოსილია განახორციელოს წინამდებარე ხელშეკრულებით და კანონმდებლობით დადგენილი ყველა მოქმედება თავდების მიმართ გადახდევინების მიქცევისათვის, თუ დადგა მე-2 მუხლით განსაზღვრული ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებების ვადამდელი შესრულების გარემოებები ან/და მოთხოვნის დაკმაყოფილების ვადა, ხოლო ლიზინგის მიმღები არ ასრულებს ვალდებულებას;
2.14. ლიზინგის მიმღებმა მის მფლობელობაში გადაცემული ავტომანქანა 2022 წლის აპრილში წარუდგინა „მ–ს“;
2.15. 2022 წლის 29 აპრილის მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, აღწერილია იმ მომენტისთვის ავტომანქანის შემდეგი დაზიანებები: ვიზუალურად აქვს მცირე დეფექტები, უკანა ბამპერს აკლია კანტი, ძრავის ბალიში დაზიანებულია, კოლოფს აქვს მცირე ბიძგები;
2.16. 2022 წლის მარტიდან ლიზინგის მიმღები ვერ იხდიდა სალიზინგო საზღაურს;
2.17. 2022 წლის 9 სექტემბერს შპს „მ–მ“ ლიზინგის საგანი (NISSAN-ის მარკის ავტომანქანა, კოდი .........) გაყიდა 5 500 ლარად;
2.18. ლიზინგის საგნის რეალიზაციის მომენტში ლიზინგის მიმღებს ერიცხებოდა დავალიანება 7 444.57 ლარი;
2.19. 2023 წლის 30 ოქტომბერს შპს „მ–სა“ და მოსარჩელეს შორის გაფორმდა სალიზინგო პორთფელის გაყიდვის ხელშეკრულება, რომლის დანართის მიხედვით, მოსარჩელეს გადაეცა მოპასუხესთან დადებული სალიზინგო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნები.
3. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 417-ე-418-ე მუხლებით, ამავე კოდექსის 576-ე მუხლით და საქმის ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოპასუხემ არ შეასრულა სალიზინგო ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულება (მან მხოლოდ ერთხელ გადაიხადა ხელშეკრულების გრაფიკით გათვალისწინებული თანხა) და ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვეში - 2022 წლის 29 აპრილს - ლიზინგის საგანი გადასცა (დაუბრუნა) საფინანსო ინსტიტუტს. სასამართლომ ასევე მიუთითა სამოქალაქო კოდექსის მე-400, 405-ე, 429-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ ვინაიდან ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი მოვალეს ეკისრება, ხოლო მას არ წარუდგენია აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამასთან, ლიზინგის მიმღებს ლიზინგის საგანი დაბრუნებული აქვს ლიზინგის გამცემისთვის, აშკარა იყო, რომ მისთვის დამატებითი ვადის დაწესებას შედეგი არ მოჰყვებოდა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ არსებობდა კრედიტორის მხრიდან ხელშეკრულებაზე უარის თქმისა და მოთხოვნის იძულებითი გზებით დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობა.
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა. მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
5. კასატორის პრეტენზიით, სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილი, და არასწორად დაასკვნა, რომ ერთი გადახდის გამო მოპასუხისთვის დამატებითი ვადის განსაზღვრა აუცილებელი არ იყო. სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესია მხარეთა მიერ ხელშეკრულების დადებისას გამოვლენილი ნება, რადგან ხელშეკრულების დადებით მხარეებს სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში წარმოეშვებათ უფლება-მოვალეობები, თუმცა ხელშეკრულების დომინანტმა მხარემ იმგვარად არ უნდა აღიქვას, რომ ამით გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენოს მეორე მხარე. განსახილველ შემთხვევაში კომპანიამ შეუსაბამოდ დაბალ ფასში მოახდინა ლიზინგის საგნის რეალიზაცია, 9000 ლარიანი ავტომობილი გაასხვისა 5 500 ლარად, რითაც მან დაარღვია კეთილსინდისიერების პრინციპი და საკუთარი უფლება ბოროტად გამოიყენა. შესაბამისად, კასატორი არ ეთანხმება მისთვის დაკისრებული თანხის ოდენობასაც.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 17 აპრილის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
7. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
8. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
9. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
10. განსახილველ შემთხვევაში, სადავოა ლიზინგის სახელშეკრულებო ურთიერთობის ვადაზე ადრე შეწყვეტისა და ხელშეკრულების შეწყვეტიდან გამომდინარე დავალიანების ოდენობა. კასატორის ძირითადი საკასაციო პრეტენზია კი ემყარება იმას, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად განმარტეს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილი და არასწორად დაასკვნეს, რომ ხელშეკრულების მოშლამდე მოპასუხისთვის დამატებითი ვადის განსაზღვრა აუცილებელი არ იყო.
11. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მხარეთა შორის წარმოშობილია ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც მოწესრიგებულია სსკ-ის 576-ე მუხლის პირველი ნაწილით (ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს სარგებლობაში გადასცეს განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით, ამ ქონების შესყიდვის უფლებით ან ასეთი უფლების გარეშე, ხოლო ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით, იმ პირობით, რომ: ა) ლიზინგის მიმღები განსაზღვრავს ქონებას და ირჩევს მიმწოდებელს, რომლისგანაც ხდება ქონების შესყიდვა ან მისი სხვაგვარად მიღება; ბ) ლიზინგის გამცემი ქონებას იძენს ლიზინგით გასაცემად და მიმწოდებლისთვის ეს ფაქტი ცნობილია).
12. ლიზინგის ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნებისა და მისი პრაქტიკული დანიშნულების გაანალიზება შესაძლებელია ფინანსური ლიზინგის შესახებ 1988 წლის UNIDROIT-ის ოტავის კონვენციით გათვალისწინებული დებულებებით (Unidroit Convention on International Financial leasing, Ottawa, 28 May, 1988, ). კონვენციის პირველი მუხლის თანახმად, ლიზინგი არის ისეთი გარიგება, რომლითაც ერთი მხარე (ლიზინგის გამცემი) მეორე მხარის (ლიზინგის მიმღების) მითითებით დებს მესამე მხარესთან (მომწოდებელთან) ხელშეკრულებას, რომლითაც ლიზინგის გამცემი ყიდულობს მანქანებს, სატრანსპორტო საშუალებებს ან სხვა მოწყობილობებს ლიზინგის მიმღების მიერ მოწონებული პირობებით, რამეთუ ეს შეეხება მის ინტერესებს და დებს ლიზინგის ხელშეკრულებას ლიზინგის მიმღებთან, რომლის ძალით უფლებას აძლევს ლიზინგის მიმღებს, გამოიყენოს შეძენილი მოწყობილობები განსაზღვრული დროის განმავლობაში, შეთანხმებული საზღაურის გადახდით. ამავე კონვენციაში მოცემულია მხარეთა უფლება-მოვალეობები, ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები და ა.შ.
13. ლიზინგთან (ფინანსური ლიზინგი) დაკავშირებული საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო პრაქტიკის იდენტიფიკაციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წყაროა 13.11.2008წ.-ის UNIDROIT-ის რომის მოდელური კანონი ლიზინგის შესახებ (Unidroit Model Law on Leasing, Rome, 13 November, 2008), რომელიც მოიცავს ლიზინგის რეგულირების სფეროში არსებულ მოწინავე წესებსა და საუკეთესო გამოცდილებას, აერთიანებს საერთო სამართლისა და სამოქალაქო სამართლის სისტემებისთვის დამახასიათებელ ტენდენციებს. მოდელური კანონის მიხედვით, ლიზინგის მიმღების მიერ გადახდილი საზღაური შეიძლება მოიცავდეს ლიზინგის საგნის ან მისი ნაწილის ამორტიზაციის ხარჯებს (იხ., გოთუა ლ., საქართველოში ფინანსური ლიზინგის განვითარების სამართლებრივი პრობლემები, შედარებითი სამართლის ქართულ-გერმანული ჟურნალი, 3/2021, 26 ).
14. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 5805 მუხლის თანახმად, ლიზინგის გამცემს შეუძლია მოშალოს ლიზინგის ხელშეკრულება, თუ ლიზინგის მიმღები არსებითად არღვევს თავის ვალდებულებებს. შესაბამიად, დაუსაბუთებლობის გამო გასაზიარებელი არ არის კასატორის პრეტენზია იმის შესახებ, რომ მიუხედავად მის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულელობისა (ლიზინგის თანხის გადაუხდელობისა), ლიზინგის გამცემს წინასწარი გაფრთხილების გარეშე არ ჰქონდა სალიზინგო ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში განმარტებულია, რომ ლიზინგის ხელშეკრულების გაფორმებისა და ლიზინგის საგნის მიღების შემდგომ ლიზინგის მიმღებს გააჩნია უპირობო და გამოუთხოვადი ვალდებულება გადაიხადოს სალიზინგო საზღაური. აღნიშნული ვალდებულება არ არის დამოკიდებული ლიზინგის გამცემის მხრიდან ვალდებულების შესრულებასა და/ან სხვა დამატებით ფაქტორებზე. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ ლიზინგის მიმღები ახორციელებს ქონებით სარგებლობას, რომელიც არ წარმოადგენს ამ უკანასკნელის საკუთრებას, ხოლო ლიზინგის გამცემის, როგორც მესაკუთრის, ფუნდამენტური უფლებაა იყოს დაცული უკანონო ხელყოფისგან.
16. გარდა ამისა, სალიზინგო ურთიერთობა არის ისეთი სახის მომსახურება, რომლის ფარგლებშიც ლიზინგის მიმღები სალიზინგო საზღაურს იხდის სწორედ ლიზინგის საგნის გამოყენების (მოხმარების/ამორტიზაციის) პროპორციულად. შესაბამისად, მის მიერ სალიზინგო საზღაურების გადაუხდელობა ავტომატურად ანიჭებს მესაკუთრეს (ლიზინგის გამცემს) უფლებას დაიბრუნოს მის საკუთრებაში არსებული ქონება და არ მიეცეს ლიზინგის მიმღებს სხვისი საკუთრების განადგურების (ცვეთის) შესაძლებლობა. სალიზინგო საზღაურის გადაუხდელობა/დარღვევა წარმოშობს ლიზინგის მიმღებისთვის ლიზინგის საგანზე მფლობელობის უფლების უპირობო ჩამორთმევის უფლებას, მასზე მფლობელობის აღდგენის მოთხოვნის უფლების გარეშე (იხ. სუსგ საქმე №ას-96-2021, 21.07.2022წ., პ.61).
17. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 4.1 და 178.1 „ე“ მუხლების თანახმად ,პროცესის მონაწილე მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს; სარჩელში უნდა აღინიშნოს კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომელზეც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. ფაქტების მითითების თაობაზე მხარეთა ტვირთი (მითითების ტვირთი) არსებითად განსხვავდება მათი მტკიცების ტვირთისაგან (მტკიცების ტვირთი). მოსამართლე მიუთითებს, რომელმა მხარემ ამტკიცოს მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი თუმცა, ფაქტების მითითების ვალდებულების შესრულების პროცესში მოსამართლის როლი პასიურია. მოსამართლეს დავის გადასაწყვეტად სჭირდება მნიშვნელოვანი ფაქტები, რომელთა წარდგენაზე პასუხისმგებელნი არიან უშუალოდ მხარეები. ამ მოსაზრებას ამყარებს სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი “da mihi facta, dabo tibi ius“ (მომეცი ფაქტები და მოგცემ სამართალს) პრინციპი (გაგუა ი., მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე, გამომცემლობა „ბონა-კაუზა“, თბ., 2020, 166-170, 229-232).
18. განსახილველ შემთხვევაში, იმ საფუძვლით, რომ ლიზინგის მიმღებმა არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება ლიზინგის საზღაურის გადახდის შესახებ, მხარეთა შორის არსებული სალიზინგო ურთიერთობა შეწყდა ლიზინგის გამცემის ცალმხრივი ნების გამოვლენის საფუძველზე (შდრ: სუსგ Nას-7-2024, 5.02.2025წ.). სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოპასუხემ ლიზინგის საგანი დაუბრუნა ლიზინგის გამცემს, რომელმაც დავალიანების ამოღების მიზნით გაასხვისა იგი. დადგენილია ასევე, რომ ლიზინგის საგნის რეალიზაციის მომენტში მოპასუხეს ერიცხებოდა დავალიანება 7 444.57 ლარი, ხოლო ლიზინგის საგანი გასხვისდა 5 500 ლარად. მოსარჩელემ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, თვითონ გაანაწილა ამონაგები თანხა ლიზინგის გადაუხდელი თანხის, პროცენტისა და პირგასამტეხლოს ნაწილობრივ დასაფარად (5 500 ლარი განაწილდა შემდეგი სახით: 3 801.18 ლარით შემცირდა ლიზინგის საგნის გადაუხდელი ღირებულება, 589.58 ლარით გაიქვითა პროცენტი, რომელიც დარიცხულია 2022 წლის 17 მარტიდან ავტომანქანის რეალიზაციის დღემდე; 1 108.24 ლარით გაიქვითა პირგასამტეხლო, რომელიც დარიცხულია 2022 წლის 17 მარტიდან რეალიზაციის დღემდე). ამონაგების განაწილების შედეგად კი გადასახდელი დარჩა სატრანსპორტო საშუალების გადაუხდელი ღირებულება - 3642.39 ლარი.
19. მოპასუხე დაკისრებული თანხის ოდენობას სადავოდ ხდის იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელემ დაარღვია კეთილსინდისიერების პრინციპი და ლიზინგის საგანი (სატრანსპორტო საშუალება) შეუსაბამოდ დაბალ ფასად გაასხვისა, თუმცა მას გარდა ზეპირი განმარტებისა, არცერთი ინსტანციის სასამართლოსთვის არ წარუდგენია იმგვარი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა, რომ მოსარჩელემ ლიზინგის საგანი მნიშვნელოვნად დაბალ ფასად გაასხვისა. ლიზინგის მიმღებმა ვერც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით დაარწმუნა საკასაციო პალატა მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძვლების არსებობაში.
20. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v. France (dec.); Perez v. France [GC], par. 81).
21. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ყ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
ა. კოჭლამაზაშვილი