დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 26.03.2026
საქმის ნომერი
ას-1358-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
26.03.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-1358-2025 26 მარტი, 2026 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს „ტ.კ–ი“ (მოსარჩელე, აპელანტი)

მოწინააღმდეგე მხარე – ბ.გ–ია (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 7 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სს „თ.ბ–სა“ და ბ.გ–იას შორის 2018 წლის 10 ოქტომბერს დაიდო საბანკო კრედიტის №1699724-10137225 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 16200 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 25%-ით, კრედიტის ვადა 2021 წლის 19 ოქტომბრამდე. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული დავალიანების 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ.

2. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება პერიოდულად ირღვეოდა და 2023 წლის 9 ოქტომბრის შემდეგ აღარ მომხდარა გადახდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

3. 2023 წლის 20 ივლისის მოთხოვნის დათმობის (ცესიის) ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „ტ.კ–ი“ წარმოადგენს სს „თ.ბ–ის“ უფლებამონაცვლეს.

4. 2018 წლის 10 ოქტომბერს საბანკო კრედიტის №1699724-10137225 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის დავალიანება ძირითადი თანხისა და სარგებლის ნაწილში შეადგენს 14704.71 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხა არის 14134.11 ლარი და პროცენტი - 570.60 ლარი.

5. 2024 წლის 09 თებერვალს წარმოდგენილ სარჩელს თან ერთვის ანგარიშიდან ამონაწერი №1699724-10137225 სესხზე, 2018 წლის 10 ოქტომბრიდან 2023 წლის 06 დეკემბრის პერიოდზე. აღნიშნული ამონაწერის თანახმად მოპასუხის მიერ სესხის ძირითადი თანხა დაიფარა 1765.89 ლარით, ხოლო პროცენტი 6464.09 ლარით. 2024 წლის 18 აპრილს მოპასუხის მიერ წარმოდგენილ შესაგებელს თან ერთვის ანგარიშიდან ამონაწერი 2023 წლის

6. 12 ოქტომბრის მდგომარეობით, რომლის თანახმადაც მოპასუხის მიერ პროცენტის დასაფარად გადახდილია 6564.09 ლარი. მოპასუხის განმარტებით პროცენტის თანხებს შორის არსებული სხვაობა 100 ლარის ოდენობით გამოწვეულია სესხის გაყიდვის შედეგად. სესხის გაყიდვის შემდგომ მოპასუხის მიერ გადახდილი თანხის ჯამმა შეადგინა 300 ლარი. შესაბამისად აღნიშნული თანხების დაჯამებით, მოპასუხის მიერ განხორციელებული გადახდებით სესხის ძირისა და პროცენტის დაფარვის მიზნით გადახდილია 8,629.98 ლარი (ძირი თანხის სახით 2065,89 ლარი (1765.89 +300+=2,065.89) გადახდილი პროცენტი - 6564.09).

№1699724-10137225 საბანკო კრედიტის ხელშეკრულების გადახდის გრაფიკის თანახმად მოსარჩელის მიერ სესხის დაფარვის ბოლოს, მოპასუხის მიერ ძირითადი თანხა უნდა დაფარულიყო 16200 ლარით, ხოლო პროცენტი 7134.69 ლარით. ვინაიდან მოპასუხის მიერ სესხის ძირითადი თანხა დაიფარა 2,065.89 ლარით, ხოლო პროცენტი 6564.09 ლარით მოპასუხის დავალიანება ძირითადი თანხის ნაწილში შეადგენს 14134.11 ლარს, ხოლო პროცენტის ნაწილში 570,06 ლარს.

7. 2018 წლის 10 ოქტომბერს საბანკო კრედიტის №1699724- 10137225 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის დავალიანება ძირითადი თანხისა და სარგებლის ნაწილში შეადგენს: 14704,71 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხა არის 14134.11 ლარი, პროცენტი 570.60 ლარი.

8. სასარჩელო მოთხოვნა და საფუძვლები

2024 წლის 09 თებერვალს წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეზე: 2018 წლის 10 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანების - 24453.58 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 14134.11 ლარი, პროცენტი - 8819.47 ლარი და შემცირებული ჯარიმა - 1500 ლარი; 2023 წლის 20 ივლისიდან, 2018 წლის 10 ოქტომბრის საბანკო კრედიტის №6179728-9124389 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 14134.11 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე დასარიცხი წლიური 25% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 294.46 ლარს (არაუმეტეს - 6 თვისა - 1766.76 ლარი).

9. მოპასუხის შესაგებელი

2024 წლის 18 აპრილს წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ სესხის ძირითად თანხას წარმოადგენს 12000 ლარი მის მიერ გადახდილია 15 105.29 ლარი,ძირითად თანხაზე 3105.29 ლარზე მეტი. მოპასუხემ მიუთითა, რომ მისი მხრიდან ხელშეკრულების პირობის დროებითი დარღვევა გამოწვეული არ იყო განზრახი ქმედებით, მსოფლიო მოიცვა პანდემიამ რის გამოც ვერ შეძლო გადაეხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალიანება ჯეროვნად. 2024 წლის 05 ივნისს გამართულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ ცნო სარჩელი სესხის გრაფიკით გათვალისწინებული გადასახდელი თანხის ძირისა და პროცენტის ნაწილში.

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით სს მოსარჩელე შპს „ტ.კ–ის“ სარჩელი მოპასუხე ბ.გ–იას მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე ბ.გ–იას მოსარჩელე შპს „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ, 2018 წლის 10 ოქტომბრის საბანკო კრედიტის №1699724-10137225 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაეკისრა 15095.18 ლარის გადახდა, საიდანაც კრედიტის ძირითადი თანხა არის 14134.11 ლარი, პროცენტი - 570.60 ლარი და პირგასამტეხლო - 390.47 ლარი; დანარჩენ ნაწილში, 2018 წლის 10 ოქტომბრის საბანკო კრედიტის №1699724-10137225 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელე შპს „ტ.კ–ის“ სასარჩელო მოთხოვნები მოპასუხე ბ.გ–იას მიმართ არ დაკმაყოფილდა.

11. სააპელაციო საჩივარი

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

12. სააპელაციო სასამართლოს განჩინება

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 7 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

13. საკასაციო საჩივარი

13.1. ზემოაღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, რომელმაც განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

13.2. კასატორის მითითებით, როდესაც საკრედიტო ვალდებულება ირღვევა, ვეღარ მცირდება ძირითადი თანხა, ამიტომ საპროცენტო სარგებელი ერიცხება არა კლებად, არამედ ფიქსირებულ ძირ თანხას. სწორედ ამიტომ, დარღვევის შემდგომ მოვალეს სარგებლის სახით დაერიცხება იმაზე მეტი პროცენტი, ვიდრე პირვანდელი გრაფიკით უნდა გადაეხადა.

13.3. მართალია, სარჩელი 2023 წლის დეკემბერში აღიძრა, ხელშეკრულების მოქმედების ვადა კი 2021 წლის 19 ოქტომბერი იყო, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მოპასუხე ამ ვადაში ასრულებდა ვალდებულებას. სესხის გრაფიკი სისტემატურად ირღვეოდა მოპასუხის მიერ. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ნაწილობრივი შესრულების მიღება არ ნიშნავს, რომ შეთანხმებული გრაფიკი შეიცვალა და მოპასუხე ჯეროვნად ასრულებდა ვალდებულებას. გრაფიკი უცვლელი დარჩებოდა იმ შემთხვევაში, თუ კი მოვალის მხრიდან ვალდებულება შესრულდებოდა ჯეროვნად დათქმულ დროს, თუმცა სასამართლომ მაინც დარღვეული გრაფიკის შესაბამისად დააკისრა თანხა, რაც გაუმართლებელია.

13.4. საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულების 16.7 და 16.7.2 პუნქტები განმარტავს, რომ კლიენტის მიერ დასაფარად ბანკისთვის გადაცემული ან კლიენტის ანგარიშზე არსებული თანხით პირველ რიგში დაფარება სადაზღვევო პრემია, შემდეგ პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის, შემდეგ საკომისიოებთან დაკავშირებული დავალიანება, შემდეგ საპროცენტო სარგებელი და ბოლოს კრედიტის ძირი თანხა. ბანკს კლიენტისგან მინიჭებული აქვს უფლება განსაზღვროს ვალდებულების შესრულების რიგითობა.

13.5. სასამართლომ არ გაითვალისწინა არც სსკ-ის 403-ე და 387-ე მუხლების შესაბამისად შეთანხმებული პირობა და საკუთარი ინიციატივით ჩაერია სსკ-ის 319-ე მუხლის მხარეთათვის მინიჭებულ უფლებაში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები.

13.6. სასამართლოს მიერ მოთხოვნის შემცირებულად დაკმაყოფილება მოსარჩელისთვის ზიანის მომტანია, რადგან მოთხოვნის დათმობის პერიოდში არსებული სარგებელიც კი არ დაეკისრა მოპასუხეს დაუსაბუთებლად. ასევე, ხელშეკრულების მნიშვნელოვანი მუხლები ისე გაბათილდა, რომ ეს დავის საგანიც არ ყოფილა.

13.7. რაც შეეხება ზიანს, მოსარჩელეს ჰქონდა იმ შემოსავლის მიღების მოლოდინი, რომელიც ვერ მიიღო მან. ასეთი შემთხვევა მაშინაა სახეზე, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის მიღების შესაძლებლობა ეზღუდება. აქედან გამომდინარე, სსკ-ის 411- ე მუხლის გამოყენების საფუძველი სახეზეა.

14. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 10 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

15. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ-ის) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

16. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

18. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

19. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურ სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

20. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა- განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

21. სსსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

22. საკასაციო პალატა, როგორც არაერთ გადაწყვეტილება/განჩინებაში აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებელი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

23. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ საქმე №ას-833-833-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი; №ას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი).

24. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს კვლევის საგანია სააპელაციო პალატის მიერ მიღებული განჩინების მართლზომიერების შემოწმება, კერძოდ, დასახელებული განჩინება შედავებულია საკრედიტო ურთიერთობიდან გამომდინარე პროცენტისა და სარგებლის ნაწილში, (ძირი თანხა სრულადაა დაკმაყოფილებული, ხოლო კასაციის მოთხოვნაში ჯარიმის თანხა თავად კასატორის მიერ შემცირებულია სააპელაციო პალატის მიერ უცვლელად დატოვებულ ოდენობამდე, შესაბამისად, არ არის შედავებული) ამიტომ, სასამართლომ უნდა იმსჯელოს სააპელაციო პალატამ რამდენად მართლზომიერად დატოვა უცვლელად საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც პროცენტის ოდენობა შემცირდა 8019,47 ლარიდან 570,6 ლარამდე, ხოლო სარგებლის (14 134,11-ის 25% - 294,46 ლარი თვეში, არაუმეტეს 6 თვისა - 1766,76 ლარი) დაკმაყოფილებას ეთქვა უარი.

25. სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის სსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად წარმოშობილი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად მიიჩნევა შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. საკასაციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში ასახული განმარტების თანახმად, ზემოაღნიშნული ნორმის მიხედვით, სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, იგულისხმება მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება. ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ განაცდური მოგება (lucrum cessans). მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელიც არ იარსებებდა, ხელშეკრულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირი კავშირი გულისხმობს მოვლენების, მოქმედებისა და შედეგის იმ ლოგიკურ ბმას, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს (იხ.: სუსგ. №ას-754-2021, 02.12.2021წ.).

26. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკა, გააჩნია ფულადი ვალდებულების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის გამო მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით. საბანკო დაწესებულების შემთხვევაში, მიუღებელ შემოსავალზე აპელირება სრულიად ლოგიკურია, ვინაიდან მისი ძირითადი ფუნქცია და დანიშნულება სწორედ ფულადი თანხის სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაა. შესაბამისად, საკრედიტო დაწესებულებებთან მიმართებით, არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკრედიტო დაწესებულება ვერ იღებს იმ შემოსავალს, რომელიც მას აღნიშნული თანხით უნდა მიეღო. სწორედ ამიტომ, გამართლებულია საკრედიტო დაწესებულების შემთხვევაში მიუღებელ ზიანად იმ შემოსავლის მიჩნევა, რომელსაც საკრედიტო დაწესებულება მსესხებლის მიერ სესხით გათვალისწინებულ თანხაზე დარიცხული სარგებლის სახით მიიღებდა. შესაბამისად, მოვალის მიერ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად, ბანკმა დაკარგა ის შემოსავალი, რასაც მიიღებდა ხელშეკრულებაში გათვალისწინებული წლიური სარგებლის სახით (იხ.სუსგ. Nას-577-2021, 02.12.2021წ., №ას-1097-2023 26.07. 2024წ Nას-391-2024 05.07.2024წ.).

27. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან საკრედიტო ვალდებულების პერიოდული შესრულება გათვალისწინებული იყო 2018 წლის 19 ნოემბრიდან 2021 წლის 19 ოქტომბრამდე. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, თუ კი მოპასუხე ჯეროვნად და დროულად შეასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას, ბანკს ექნებოდა მოლოდინი, რომ მიიღებდა 36 თვის მანძილზე ხელშეკრულებით გაწერილ მოგებასა და ძირ თანხას, ჯამურად - 23334,69 ლარს (გამოითვლება შემდეგი სახით: 16200+7134.69=23334.69). რადგან დადგენილია, რომ მოპასუხემ სესხზე მთლიანობაში გადაიხადა 8629.98 (ძირი - 2065,89, პროცენტი - 6564,09) ლარი, მოპასუხის დავალიანებამ ძირითად ნაწილში შეადგინა 14134.11 ლარი, ხოლო პროცენტის ნაწილში - 570,06 ლარი. შესაბამისად, საკასაციო პალატა პროცენტის ნაწილში იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ ძირითადი თანხისა და პროცენტის ჯამი შეესაბამება მოსარჩელის მოლოდინს შემოსავლის მიღების თვალსაზრისით, ობიექტურად არ არსებობს დამატებითი შემოსავლის მიღების მოლოდინი, ამიტომ მიუღებელი შემოსავლის ნაწილში სააპელაციო პალატის მსჯელობა დასაბუთებულია.

28. ზემოაღნიშნული დასაბუთების საფუძველზე გამოირიცხება მიუღებელი შემოსავლის ნაწილში არსებული სასარჩელო მოთხოვნაც, რადგან დაუსაბუთებელია იმ თანხის მიუღებელ შემოსავლად მიჩნევა, რომელიც ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაშიც ვერ იქნებოდა მიღებული კრედიტორის მიერ. მოსარჩელეს ვერ ექნებოდა სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებულ თანხაზე მეტის მიღების მოლოდინი, ამიტომ, სააპელაციო პალატის მსჯელობა სარგებლის დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ მართლზომიერია.

29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

30. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ტ.კ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. შპს „ტ.კ–ს“ (ს.კ. .........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი (საგადასახადო დავალება N1755855973; გადახდის თარიღი: 25.08.2025) 500.78 ლარის 70% - 350.5 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

ა. კოჭლამაზაშვილი