დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 21.05.2026
საქმის ნომერი
ას-304-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
21.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

21 მაისი, 2026 წელი,საქმე №ას-304-2026 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან მიქაბერიძე,ბადრი შონია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ი.ე–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ა.კ–ა“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 5 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2021 წლის 17 მაისის ხელშეკრულებით ი.ე–ი (შემდეგში - მოსარჩელე, კასატორი ან დასაქმებული) შპს „ა.კ–ის“ (შემდეგში - მოპასუხე, დამსაქმებელი ან კლინიკა) ექიმ რეანიმატოლოგად და ბავშვთა ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგად დაინიშნა, ხოლო 2024 წლის 1 აპრილის ხელშეკრულებით გამწესდა - ბავშვთა, მოზრდილთა რეანიმაციული სამსახურის უფროსად და ექიმ რეანიმატოლოგად.

2. გამოსაცდელ ვადასთან დაკავშირებით ზემოაღნიშნული ორივე ხელშეკრულება ითვალისწინებდა სათანადო პირობას, კერძოდ, თავდაპირველი გარიგების მე-2 პუნქტის პირველი აბზაცის თანახმად, გამოსაცდელი ვადა 3 თვეს (რომელიც მხარეთა შეთანხმებით შესაძლოა ექვს თვემდე გაზრდილიყო) შეადგენდა, ხოლო მეორე ხელშეკრულების მე-2 პუნქტის პირველი აბზაცის შესაბამისად, იგი 6 თვით იყო განსაზღვრული.

იმავე პუნქტების მე-2 აბზაცის თანახმად, დასაქმებულის დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის შემთხვევაში დამსაქმებელი უფლებამოსილი იყო, შეეწყვიტა შრომითი ხელშეკრულება.

3. 2024 წლის 31 ივლისის ბრძანებით (შემდეგში - სადავო ბრძანება ან გასაჩივრებული ბრძანება), გამოსაცდელი ვადის მოქმედების პერიოდში, ბავშვთა და მოზრდილთა რეანიმაციული სამსახურის უფროსის თანამდებობასთან მიმართებით მოპასუხემ შეწყვიტა მოსარჩელესთან 2024 წლის 1 აპრილს დადებული შრომითი ხელშეკრულება, რის საფუძვლადაც ხელშეკრულების მეორე პუნქტის მე-2 ქვეპუნქტსა და საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში - სშკ) მე-17 მუხლის მე-3 პუნქტზე მიუთითა.

4. 2021 წლის 17 მაისის შრომითი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, როგორც ექიმს, მოსარჩელეს მოეთხოვებოდა შემდეგი უნარ-ჩვევები (ექიმი უნდა იყოს): აქტიური, ორგანიზებული, მოტივირებული, ყურადღებიანი, თავაზიანი, მოწესრიგებული. ექიმს ევალებოდა, რომ შეესრულებინა სამსახურის უფროსის მითითებები. ამასთან, ექიმი ექვემდებარებოდა სამსახურის უფროსს, კლინიკურ დირექტორს/კლინიკურ მენეჯერს, გენერალურ დირექტორს.

5. 2024 წლის 1 აპრილის შრომითი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, როგორც სამსახურის უფროსს, მოსარჩელეს მოეთხოვებოდა შემდეგი უნარ-ჩვევები (სამსახურის უფროსმა უნდა იცოდეს): მენეჯერის, ლიდერის უნარი, ჯანმრთელობის დაცვის სისტემის და დაწესებულებების დონეზე სამედიცინო მომსახურების ორგანიზების ცოდნა. სამსახურის უფროსს ევალებოდა, რომ შეესრულებინა ხელმძღვანელი პირების დავალებები. ამასთან, კლინიკური სამსახურის უფროსი ექვემდებარებოდა კლინიკურ დირექტორს/კლინიკურ მენეჯერს, გენერალურ დირექტორს/ფილიალის მენეჯერს.

6. 2021 წლის 17 მაისიდან 2023 წლის 30 სექტემბრამდე მოსარჩელის ხელფასი განსაზღვრული იყო თვეში 5 000 ლარით (დარიცხული თანხა), ხოლო, 2023 წლის 1 ოქტომბრიდან - 4 545.50 ლარით, მორიგე-რეანიმატოლოგის დარიცხული ხელფასი 15.64 ლარს შეადგენდა. 2024 წლის ხელშეკრულების მიხედვით, 2024 წლის 1 აპრილიდან დასაქმებულის ხელფასი გახდა 5 909.15 ლარი (დარიცხული თანხა), პრემიალური ნაწილი - 909.10 ლარი, რომლის გაცემაც შესაბამისი გეგმის შესრულებაზე იყო დამოკიდებული, მორიგე რეანიმატოლოგის დარიცხული ხელფასი იგივე (15.64 ლარი), თითოეული ნამუშევარი საათისთვის დარჩა იგივე.

7. თანამდებობა, რომელზეც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტამდე მოსარჩელე იყო დასაქმებული, ვაკანტური აღარ არის.

8. დავის განხილვის ეტაპზე მოსარჩელე ქ.რ–ში მდებარე კლინიკა „რ–ის“ ბავშვთა და მოზრდილთა რეანიმაციული სამსახურის მორიგე ექიმის პოზიციაზე დასაქმდა.

9. სადავო ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით დამსაქმებლის წინააღმდეგ დასაქმებულმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

10. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

11. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მოსარჩელემ გაასაჩივრა.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 5 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

12.1. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამსახურის უფროსის ფუნქცია-მოვალეობები ექიმი-რეანიმატოლოგის პოზიციაზე მუშაობისას დასაქმებულს არ შეუსრულებია და შესაბამისად, მისი მენეჯერული უნარების შეფასების შესაძლებლობა დამსაქმებელს არ შეეძლო, რამაც გამოსაცდელი ვადის დაწესება განაპირობა.

ექიმის პოზიციაზე მუშაობა და, დაკისრებული უფლება-მოვალეობები, მენეჯერული - სამსახურის უფროსისთვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობებისგან რადიკალურად განსხვავდებოდა.

ამდენად, სამსახურებრივ პოზიციათა არსებითი სხვაობა, განაპირობებდა გამოსაცდელი ვადის დაწესების აუცილებლობას.

12.2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ კლინიკური სამსახურის უფროსის პოზიციასთან მიმართებით ექვსი თვის ხანგრძლივობის გამოსაცდელი ვადა მოსარჩელის მიმართ კანონიერად გავრცელდა, ვინაიდან აღნიშნული პოზიცია ექიმზე რანგით მაღალ პოზიციას წარმოადგენდა, რომელიც მენეჯერული ფუნქციებით ხასიათდებოდა და, დამსაქმებლის მხრიდან, შესაძლოა, დასაქმებულზე დაკვირვების საჭიროება წარმოშობილიყო, თუ როგორ ასრულებდა იგი თავის ახალ მოვალეობებს.

13. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი მოსარჩელემ შემდეგი დასაბუთებით წარმოადგინა:

- სადავო შემთხვევაში, მოსარჩელე ახლადშექმნილ თანამდებობაზე დასაქმდა, რაც უფროსისა და ექიმი-რეანიმატოლოგის თანამდებობებს მოიცავდა, ხოლო ორივე პოზიციასთან მიმართებით გამოსაცდელი ვადა დამსაქმებელმა კანონშეუსაბამოდ გამოიყენა და მოსარჩელე ორივე ამ თანამდებობიდან გაათავისუფლა. ხსენებული პოზიციები ცალ-ცალკე გამიჯნული არ ყოფილა, ხელფასსაც დასაქმებული ერთიანი სახით იღებდა (დეტალურად იხილეთ საკასაციო საჩივარი).

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2026 წლის 20 მარტის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

15. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

16. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება გამოიწვია.

კონკრეტულ საქმეზე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ საკასაციო სასამართლოსთვის ისინი სავალდებულოა.

17. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შემდეგია: წარმატებულია თუ არა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით დამსაქმებლის წინააღმდეგ დასაქმებულის მიერ აღძრული სარჩელი.

18. განსახილველი შემთხვევაში, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ სადავო ბრძანებით დამსაქმებელმა მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება შეწყვიტა, რის საფუძვლადაც გამოსაცდელი ვადით დადებული ხელშეკრულების შეწყვეტაზე სშკ-ის 17.3 მუხლით დამსაქმებლისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებაზე მიუთითა.

19. სშკ-ის მე-17 მუხლის შინაარსი ასეთია:

შესასრულებელ სამუშაოსთან პირის შესაბამისობის დადგენის მიზნით, მხარეთა შეთანხმებით, შესაძლებელია მასთან მხოლოდ ერთხელ დაიდოს შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით არაუმეტეს 6 თვისა. შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით იდება მხოლოდ წერილობითი ფორმით (პირველი პუნქტი).

დამსაქმებელს უფლება აქვს, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ნებისმიერ დროს დადოს დასაქმებულთან ვადიანი ან უვადო შრომითი ხელშეკრულება ან შეწყვიტოს მასთან გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულება (მე-3 პუნქტი).

გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ კანონის 48-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები, თუ გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა ნამუშევარი დროის შესაბამისად (მე-4 პუნქტი).

სშკ-ის მე-17 მუხლის დანაწესიდან გამომდინარეობს, რომ გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი შესასრულებელ სამუშაოსთან დასაქმებულის შესაბამისობის დადგენაა. გამოსაცდელი ვადა, ეს ის ვადაა, რომლის განმავლობაშიც დამსაქმებელმა უნდა შეაფასოს მომავალი მუშაკის უნარები, კომპეტენცია, სამუშაოსადმი შესაბამისობა. ამავე დროს, ამ ვადაში კანდიდატმა უნდა გამოავლინოს კვალიფიკაცია, პროფესიული ქცევა, სამუშაო ადგილისთვის ადეკვატური ყოფაქცევა, პროფესიული მორალი, რათა დასაქმებულის, ე.ი. შრომითი ხელშეკრულების მონაწილე მხარის სტატუსი მოიპოვოს (სუსგ №ას-1570-2025, 26.02.2026).

20. ამდენად, მოცემული დავის საკვანძო საკითხი შემდეგია: არსებობდა თუ არა სშკ-ის 17.3 მუხლით მოსარჩელესთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების დამსაქმებლის მიერ შეწყვეტის კანონიერი საფუძველი?

უფრო კონკრეტულად, განსახილველი დავის ფარგლებში გასაანალიზებელია, მოქმედი შრომითი ხელშეკრულების პირობებში დასაქმებულის დაწინაურებისას, მასთან განმეორებით გამოსაცდელი ვადის დაწესების კანონშესაბამისობა და, აღნიშნულ საფუძველზე მითითებით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მართლზომიერება.

21. დასმულ შეკითხვას სააპელაციო სასამართლომ უარყოფითად უპასუხა, რისი არგუმენტებიც გასაჩივრებულ განჩინებაში ამომწურავადაა წარმოდგენილი.

მოცემული საკითხის სწორად შეფასებისას ყურადღება უნდა გამახვილდეს, საქმეზე გამოვლენილ რამდენიმე გარემოებაზე, კერძოდ:

1). 2021 წლის 17 მაისიდან მოპასუხე კლინიკაში მოსარჩელე დასაქმებული იყო ექიმი რეანიმატოლოგისა და ბავშვთა ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგის, ხოლო, 2024 წლის 1 აპრილის ხელშეკრულებით - კლინიკის ბავშვთა და მოზრდილთა რეანიმაციული სამსახურის უფროსისა და ექიმ რეანიმატოლოგის პოზიციაზე.

2). გამოსაცდელ ვადასთან დაკავშირებით 2021 წლის 17 მაისის ხელშეკრულებაც და 2024 წლის 1 აპრილის ხელშეკრულებაც სათანადო პირობას ითვალისწინებდა, კერძოდ, თავდაპირველი ხელშეკრულების მე-2 პუნქტის პირველი აბზაცის თანახმად, გამოსაცდელი ვადა განისაზღვრა 3 თვით (რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შესაძლოა 6 თვემდე გაზრდილიყო), ხოლო მეორე ხელშეკრულების მე-2 პუნქტის პირველი აბზაცის მიხედვით, გამოსაცდელმა ვადამ 6 თვე შეადგინა. ამავე პუნქტების მეორე აბზაცების შესაბამისად, დამსაქმებელი უფლებამოსილი იყო, დასაქმებულის დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის შემთხვევაში, შეეწყვიტა შრომითი ხელშეკრულება.

3). მოსარჩელის პრეტენზიის ფაქტობრივი საფუძველი ისაა, რომ 2024 წლის ხელშეკრულებით სამსახურებრივი პოზიციები გაერთიანდა და ეს უკანასკნელი ასრულებდა, როგორც სამსახურის უფროსის, ისე ექიმი რეანიმატოლოგის ფუნქციებს. შესაბამისად, თანამშრომელი, რომელიც კომპანიაში 30 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში იყო დასაქმებული, გამოსაცდელ ვადას აღარ უნდა დაქვემდებარებოდა და ახალ პოზიციაზე უვადოდ უნდა დანიშნულიყო. ახალ ხელშეკრულებამდე დასაქმებული ისედაც ასრულებდა ექიმი რეანიმატოლოგის მოვალეობებს და ახალი ხელშეკრულების პირობებში ამ თანამდებობაზე დარჩა, უბრალოდ, მას სამსახურის უფროსის ფუნქციები დაემატა. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ სამუშაოსთან პირის შესაბამისობის დადგენის მიზნით დაწინაურებისას დამსაქმებელს აღარ ჰქონდა გამოსაცდელი ვადის გამოყენების უფლება.

ზემოაღნიშნული პოზიციის საპირისპიროდ დამსაქმებელმა უარყო დაწინაურებამდე მოსარჩელის მხრიდან სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობების შესრულების ფაქტი, რის გამოც ამ უკანასკნელის დაწინაურებისას აღნიშნული პოზიციის შეთავსებისთვის დამატებით გამოსაცდელი ვადის დაწესება გამართლებულად მიიჩნია.

4). მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს მანამდეც ასრულებდა. „დადგენილი წესით“ მასზე სამსახურის უფროსის მოვალეობის დელეგირების დამადასტურებელი დოკუმენტი დასაქმებულს სასამართლოსთვის არ წარუდგენია. უფრო მეტიც, საქმეზე დაკითხული მოწმეების (გ.ნ–ძე, ლ.კ–ი) ჩვენებები საწინააღმდეგო მოსაზრებაზე მიუთითებენ.

5). სადავო ბრძანებით მოსარჩელე გათავისუფლდა მხოლოდ სამსახურის უფროსის თანამდებობიდან, მაგრამ ექიმის პოზიცია მას შეუნარჩუნდა, რომელზეც მუშაობის გაგრძელება თავად აღარ მოისურვა. როგორც გამოირკვა, დავის განხილვის ეტაპზე მოსარჩელე ქ.რ–ში მდებარე კლინიკა „რ–ის“ ბავშვთა და მოზრდილთა რეანიმაციული სამსახურის მორიგე ექიმის პოზიციაზე დასაქმდა.

ამდენად, დაწინაურებამდე, მოსარჩელე ექიმის პოზიციაზე მუშაობდა, ხოლო დაწინაურების შემდეგ კლინიკური სამსახურის უფროსიც გახდა. ექიმის რანგში მისი უფლება-მოვალეობები უცვლელი დარჩა, ხოლო სამსახურის უფროსის ნაწილში მას მენეჯერული ფუნქციები დაემატა. რიგით ექიმსა და მენეჯერს შორის სხვაობა შრომითი ანაზღაურების ოდენობითაც ვლინდება, რაც დაწინაურებამდე 4 545.50 ლარს შეადგენდა, ხოლო 2024 წლის 1 აპრილის შემდეგ - 5 909.15 ლარი გახდა, რომელსაც შესაბამისი შედეგის ჩვენების შემთხვევაში პრემიაც დაემატებოდა.

22. შექმნილ ფაქტობრივ მოცემულობაში სრულადაა გასაზიარებელი სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ მოსარჩელისთვის გამოსაცდელი ვადის დაწესება მისი ახალ და თვისობრივად განსხვავებულ პოზიციაზე დასაქმებით იყო განპირობებული.

ეს გარემოება გვაუწყებს, რომ დამსაქმებელს არ ჰქონია დასაქმებულის მენეჯერული უნარების შეფასების შესაძლებლობა, რამდენადაც ექიმის პოზიციაზე მუშაობა და დაკისრებული უფლება-მოვალეობები არსებითად განსხვავდება სამსახურის უფროსისთვის დაკისრებული უფლება-მოვალეობებისგან. შესაბამისად, ზემოთ დასახელებულ პოზიციათა განსხვავება დამატებით გამოსაცდელი ვადის დაწესებაში დამსაქმებელს არ ზღუდავდა.

გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის ის ნაწილიც გასაზიარებელია, სადაც მითითებულია, რომ სამსახურებრივი სტანდარტები გაცილებით მაღალია კლინიკური სამსახურის უფროსის შემთხვევაში, რაც დაკავებულ პოზიციასთან (სამსახურის უფროსი) დასაქმებულის შეუსაბამობის მოტივით გამოსაცდელი ვადის დაწესებასა და ამ ვადაში ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშიირებით დამსაქმებლის გადაწყვეტილებას დასაბუთებულს ხდის.

23. არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

25. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი.ე–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ი.ე–ს (პ/ნ ..........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (გადახდის თარიღი - 11.03.2026, საგადასახადო დავალება #8605) 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

ბადრი შონია