დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ა-1224-ა-1-2025 19 ივნისი, 2026 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: მიხეილ ჯინჯოლია
ლევან ნემსაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
განცხადების ავტორები - ლ.ჩ–ი, გ.ჩ–ი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „კ–ას“ 98% წილის მესაკუთრე ზ.კ–ი (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხე - ზ.ფ–ი
გასაჩივრებული განჩინება - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 28 თებერვლის განჩინება
განმცხადებლების მოთხოვნა - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 28 თებერვლის განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო, საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი - სამეწარმეო საზოგადოებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ზ.კ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეებს - ლ.ჩ–სა და გ.ჩ–ს, შპს „კ–ას“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 1212675,33 ლარისა და 774496,07 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება. ლ.ჩ–სა და გ.ჩ–ს შპს „კ–ას“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის - 845316 ლარის ანაზღაურების ვალდებულება. ამავე გადაწყვეტილებით, ზ.ფ–ის მიმართ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა ლ.ჩ–ისა და გ.ჩ–ის წარმომადგენელმა ზ.ქ–ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 22 მარტის განჩინებით ლ.ჩ–სა და გ.ჩ–ს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალათ: ა) წარმოედგინათ სააპელაციო საჩივარი, რომელიც შევსებული იქნებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.1-ე მუხლის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების თანახმად (მიუთითოს, რაში მდგომარეობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსწორობა და იმ გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებას); ასევე, ბ) დაევალათ სახელმწიფო ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში 5000 ლარის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების ამ განჩინებით დადგენილ ვადაში სასამართლოში წარმოდგენა. აპელანტებს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრათ 10 დღიანი ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 მაისის განჩინებით, ლ.ჩ–ისა და გ.ჩ–ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
5. 2024 წლის 3 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 მაისის განჩინებაზე ლ.ჩ–ისა და გ.ჩ–ის წარმომადგენელმა ზ.ქ–ამ, წარადგინა კერძო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის განსახილველად.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 თებერვლის განჩინებით, ლ.ჩ–ისა და გ.ჩ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებით უტყუარად არ დასტურდებოდა, რომ ლ.ჩ–ისა და გ.ჩ–ის წარმომადგენელმა - ზ.ქ–ამ, სააპელაციო საჩივარი ფოსტაში ჩააბარა 2024 წლის 13 მაისს, გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი ვადის უკანასკნელ - მე-14 დღეს.
7. 2025 წლის 19 მარტს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ლ.ჩ–ისა და გ.ჩ–ის წარმომადგენელმა - ზ.ქ–ამ, რომლითაც ითხოვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 28 თებერვლის განჩინების გაუქმებასა და ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო, საქმის წარმოების განახლებას. 2025 წლის 3 აპრილს ზ.ქ–ამ წარმოადგინა დაზუსტებული განცხადება, რომელსაც ერთვის საფოსტო-საკურიერო მომსახურების მწარმოებელი კომპანიის - შპს „ქ.ს.ჯ–ის“ 2025 წლის 18 მარტის ცნობა, შპს „ქ.ს.ჯ–სა“ და ზ.ქ–ას შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი, შეტყობინების ბარათი საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ბეჭდით და კანცელარიის თანამშრომლის ხელმოწერით, მოწინააღმდეგე მხარის წარმოდგენილი „მარდი ექსპრესი“ ინდ. მეწარმე „დ.შ–ი“ შეტყობინების ბარათი გზავნილების ჩაბარების შესახებ. განცხადების ავტორი წარმოდგენილი დოკუმენტაციით ცდილობს დაადასტუროს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში, 2024 წლის 22 მარტის განჩინებით დადგენილი ხარვეზი აღმოფხვრილი იყო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, რის გამოც არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
8. საკასაციო პალატა განცხადების შინაარსისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგი გარემოებების გამო:
9. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს საკითხი, არსებობს თუ არა ახლად აღმოჩენილ გარემოებათ გამო საქმისწარმოების განახლების საფუძველი, თუმცა მითითებულის შემოწმებამდე, სასამართლო ვალდებულია, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დასაშვებობა შეამოწმოს. რადგან განცხადების დასაშვებობის შემოწმება სამართლის საკითხია, სასამართლომ, საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე, პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს დასაშვებია თუ არა იგი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმისწარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც ამ თავშია დადგენილი. ამავე კოდექსის 429-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.
10. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი ითხოვს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 თებერვლის განჩინების გაუქმებას, თუმცა მის მიერ განცხადებაში მითითებული გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ დაედება საფუძვლად ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმისწარმოების განახლებას, ვინაიდან მხარე უშუალოდ ვერ უთითებს თუ რა საფუძვლით ითხოვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 თებერვლის განჩინების გაუქმებას.
11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ: ა) აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია; ბ) დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება; გ) დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება; დ) სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა; ე) მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ; ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; ზ) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს; თ) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ − კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგინდა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი გადაწყვეტილება ამ დარღვევას ეფუძნება]. დასახელებული ნორმა ამომწურავად ადგენს, თუ რომელი გარემოება მიიჩნევა ახლადაღმოჩენილად. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი განცხადება ამგვარ საფუძვლებს არ ემყარება.
12. განმცხადებელი ვერ უთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“-„ე“ და „ზ“-„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ რომელიმე საფუძველზე. რაც შეეხება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტს (მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას), განმცხადებელი ვერც ისეთ ახალ გარემოებაზე ან მტკიცებულებაზე უთითებს, რომლის შეფასების შესაძლებლობაც საკასაციო სასამართლოს არ ჰქონდა გასაჩივრებული განჩინების მიღებამდე.
13. გარდა ამისა, საკასაციო პალატის განსჯით, განცხადების ავტორის მოთხოვნა და წარმოდგენილი მტკიცებულებები შინაარსობრივად არ მიემართება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 28 თებერვლის განჩინების გაუქმებას, ვინაიდან ხსენებული განჩინებით შეფასდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 მაისის განჩინების კანონშესაბამისობა, ლ.ჩ–ისა და გ.ჩ–ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ფარგლებში, ხოლო ის გარემოება არსებობდა თუ არა რაიმე ისეთი ახლადაღმოჩენილი გარემოება, რომელიც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს, ცოდნის შემთხვევაში, სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას მისცემდა უნდა შეფასდეს თბილისის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ. რაც შეეხება განმცხადებლის მიერ მითითებულ პრაქტიკას (ა-4251-ა-13-2024), ვერც აღნიშნული განჩინება გამოდგება განცხადების დაკმაყოფილების საფუძვლად, ვინაიდან ამ კონკრეტულ საქმეზე შედავებულია უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გაუქმების საკითხი, რა დროსაც თავად უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია კერძო საჩივრის 12 დღიანი ვადა დარღვეულად და შესაბამისად, ახლადაღმჩენილი გარემოებით სწორედ მის კომპეტენციას მიეკუთვნებოდა გასული ვადის დარღვევის არარსებობის საკითხის დადგენა, რაც აბსოლუტურად განსხვავდება მოცემული დავის შინაარსისგან.
14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადების თანახმად, განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ.
15. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან უზენაესი სასამართლოს განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 17 მაისის განჩინება, უზენაესი სასამართლო ვერ ჩაითვლება უფლებამოსილად განიხილოს აღნიშნული განცხადება, რადგან განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს თბილისის სააპელაციო სასამართლო, ვინაიდან სწორედ სააპელაციო სასამართლომ მიიღო განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რაც უზენაესი სასამართლოს მიერ უცვლელად იქნა დატოვებული. შესაბამისად, ამ გარემოებათა გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვაზე, ფორმალურ-პროცესუალური თვალსაზრისით, თავად არ წარმოადგენს განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს.
16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული განცხადება არ შეიცავს საქმის წარმოების განახლებისათვის აუცილებელ წინაპირობებზე მითითებას, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 429-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ.ჩ–ისა და გ.ჩ–ის წარმომადგენლის ზ.ქ–ას განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 28 თებერვლის განჩინების გაუქმებისა და და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩეს განუხილველად;
2. ლ.ჩ–ისა და გ.ჩ–ის დაუბრუნდეთ ზ.ქ–ას მიერ 2025 წლის 18 მარტს №26413060568 საგადასახადო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: ამირან ძაბუნიძე
მომხსენებელი: მიხეილ ჯინჯოლია
ლევან ნემსაძე