დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-786-2025
26 თებერვალი, 2026 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ლ.ზ–ია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ა(ა)იპ ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 7 მარტის განჩინება
დავის საგანი - შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სასარჩელო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ლ.ზ–იამ (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან დასაქმებული) სარჩელი აღძრა, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ა(ა)იპ ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების (შემდეგში: მოპასუხე, გაერთიანება ან დამსაქმებელი) მიმართ, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით, კერძოდ: 1) დასაქმებულის განთავისუფლების შესახებ მოპასუხე გაერთიანების დირექტორის 2021 წლის 1 დეკემბრის ბრძანების №ბ.11.142113351 ბათილად ცნობა; 2) დასაქმებულის აღდგენა გაერთიანების N2 საბავშვო ბაღის სამეურნეო ნაწილის გამგის (მნის) თანამდებობაზე; 3) მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ განაცდურის დაკისრება: 2021 წლის 1 დეკემბრიდან 2022 წლის 1 თებერვლამდე პერიოდისთვის თვეში 630 ლარის ოდენობით; 2022 წლის 1 თებერვლიდან 2023 წლის 1 იანვრამდე პერიოდისთვის თვეში 690 ლარის ოდენობით; 2023 წლის 1 იანვრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისთვის თვეში 875 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის შესაგებელი
2.1. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ სცნო.
3. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
3.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით დასაქმებულის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე გაერთიანებას დასაქმებულის სასარგებლოდ 2 თვის კომპენსაცია 995,4 ლარის ანაზღაურება დაეკისრა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები
4.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 7 მარტის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
4.2. მოსარჩელე, 2006 წლის მარტიდან, დასაქმებული იყო ბუღალტრის პოზიციაზე ქ. ბათუმის №2 საბავშვო ბაღში.
4.3. 2008 წელს, რეორგანიზაციის შემდეგ, ქ. ბათუმის №42 საბავშვო ბაღი გადაკეთდა გაერთიანების ბათუმის №2 საბავშვო ბაღად.
4.4. მოსარჩელე, 2011 წლის იანვრიდან გათავისუფლებამდე, ამავე ბაღში, დასაქმებული იყო სამეურნეო ნაწილის გამგის (მნე) თანამდებობაზე.
4.5. მისი თანამდებობრივი სარგო ყოველთვიურად შეადგენდა 630 ლარს, გადასახადების ჩათვლით გაერთიანების დირექტორის 2021 წლის 5 იანვრის N-01-03-03 ბრძანებით, საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტების შესყიდვის, მენიუს კალკულაციის ელექტრონული აღრიცხვის ოპტიმიზაციის მიზნით, შეიქმნა ახალი სისტემური პროგრამა. პროგრამა ითვალისწინებდა საბავშვო ბაღების მარაგების (სასურსათო და სამეურნეო) და ნაშთების აღრიცხვას ელექტრონულად, ყოველდღიური მენიუს კალკულაციის მომზადებას, ბავშვების აღრიცხვას, ზედნადებების მომზადებას. საბავშვო ბაღებში პროგრამის დანერგვის ვადად განისაზღვრა 2021 წლის 1 თებერვლიდან 2022 წლის 1 მარტამდე პერიოდი. პროგრამის მომხმარებელს წარმოადგენდნენ საბავშვო ბაღების სამეურნეო ნაწილის გამგეები-მნეები. მათ ვალდებულებას შეადგენდა ყოველდღიური რეპორტების მომზადება, მენიუს კალკულაცია, ამ მიზნით შესაბამის ველში საჭირო ინფორმაციის შეტანა და გაერთიანებისათვის გადაგზავნა. ამავე პერიოდიდან დაიწყო საბავშვო ბაღების სამეურნეო ნაწილის გამგეების სწავლება და გადამზადება ახალ პროგრამაში სამუშაოდ.
4.6. გაერთიანებას და სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაერთიანების 33 თანამშრომელს, მათ შორის, მოსარჩელეს ჩაუტარდა ტრენინგი ბსუ-ს მიერ შემუშავებული მეთოდით, პერსონალურ კომპიუტერთან და საოფისე პროგრამულ უზრუნველყოფასთან მუშაობის ძირითადი უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით.
4.7. სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2021 წლის 28 აპრილის სერთიფიკატის თანახმად მოსარჩელემ წარმატებით გაიარა „საოფისე აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფის“ მოკლევადიანი საგანმანათლებლო პროგრამის სრული კურსი.
4.8. გაერთიანების დირექტორის 2021 წლის 26 აპრილის Nბ11.14211161 ბრძანებით, გაერთიანების საბავშვო ბაღების მნეების კვალიფიკაციისა და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებისა და შესასრულებელ სამუშაოსთან შესაბამისობის განსაზღვრის მიზნით, 2021 წლის 29 აპრილს, დაინიშნა შიდა საკვალიფიკაციო გამოცდა. ამავე ბრძანებით დადგინდა, რომ უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული ტრენინგების საბოლოო გამოცდისა და შიდა საკვალიფიკაციო გამოცდის გათვალისწინებით, მოხდებოდა საბავშო ბაღების მნეებთან შრომითი ურთიერთობების შემდგომი გაგრძელების საკითხის გადაწყვეტა. საბავშვო ბაღების მნეებს განემარტათ, რომ უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ და შიდა საკვალიფიკაციო გამოცდებში დაბალი ან უარყოფითი შედეგის მიღებისას მათთან შეწყდებოდა შრომითი ურთიერთობები, საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ) 47-ე მუხლის 1-ლი ნაწილის "ვ" ქვეპუნქტის საფუძველზე და ამ ბრძანების მათთვის ჩაბარება ჩაითვლებოდა სშკ-ის 48-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ წერილობით გაფრთხილებად.
4.9. გაერთიანების დირექტორის 2021 წლის 27 აპრილის Nბ11.14211171 ბრძანებით, საბავშვო ბაღების მნეების შიდა საკვალიფიკაციო გამოცდის შეფასება განისაზღვრა 10 ქულიანი სისტემით: ოპერაციის შესრულება - 1 ქულა. შიდა საკვალიფიკაციო გამოცდის დადებით შედეგად განისაზღვრა კონკურსანტის მიერ არანაკლებ 7 ქულის მიღება.
4.10. გაერთიანების საკონკურსო (შიდა საკვალიფიკაციო საგამოცდო) კომისიის 2021 წლის 29 აპრილის სხდომის ოქმის N1 მიხედვით, შიდა საკვალიფიკაციო გამოცდის შეფასებით მოსარჩელის მიერ მიღებულმა ქულამ საბოლოო ჯამში შეადგინა - 0 ქულა (სისტემაში შესვლა - 0 ქულა, საქონელი - 0 ქულა, მენიუ -0 ქულა, განაწესი - 0 ქულა, დოკუმენტის შექმნა - 0 ქულა, კვების დოკუმენტი - 0 ქულა, ბაღები - 0 ქულა, პერსონალი - 0 ქულა, ზოგადი ოპერაციები - 0 ქულა).
4.11. გაერთიანების დირექტორის 2021 წლის 7 ივლისის Nბ11.14211885 ბრძანებით, საბავშვო ბაღების მნის პოზიციაზე დასაქმებულთათვის, 2021 წლის 10 ივლისს, დაინიშნა პრაქტიკული გამოცდა. მინიმალური ქულა განისაზღვრა 0-ით, მაქსიმალური ქულა - 6-ით, გამოცდა ჩაბარებულად ჩაეთვლებოდა იმ დასაქმებულს, რომელიც შეფასების სახით კომისიის თითოეული წევრისგან მიიღებდა არანაკლებ 6 ქულას. საგამოცდო საკითხებად განისაზღვრა: დავალება NI საქონელი და მენიუ (3 ქულა) - 1.1. ახალი საქონლის დამატება; 1.2. კოლექციის შექმნა და მასში მენიუს დამატება: სავალდებულო იყო შესაბამისი პროდუქტებისა და კალკულაციის მითითება; 1.3 არსებული მენიუს კოპირება და სხვა კოლექციაში გადატანა; დავალება N2 განწესი (1 ქულა) - 2.1. მენიუს შექმნა განწესით; სავალდებულო იყო ცარიელი ველების შევსება; დავალება N3 კვების დოკუმენტი (3 ქულა) - 3.1. კვების დოკუმენტის შექმნა „ოსტატის" საშუალებით; 3.2 ბავშვთა რაოდენობრივი და სახელობითი აღრიცხვა კვების დოკუმენტში; 3.3 კვების დღიური ხარჯის ექსპორტი excel-ის ფორმატში; დავალება N4 დოკუმენტები (1 ქულა) - 4.1 კონკრეტული ზედნადების მონაცემების დამუშავება/შესწორება და ჩამოტვირთვა; დავალება N5 შიდა მოძრაობა (1 ქულა) - 5.1 კონკრეტული პროდუქტის გადატანა NI ბაღიდან N2-ში, მოძრაობის დოკუმენტის შესაბამისად; დავალება N6 ბავშვთა მონაცემები (1 ქულა) - 6.1. სიაში ბავშვთა მონაცემების შეტანა (მინ. 3 მონაცემი).
4.12. გაერთიანების საკონკურსო (შიდა საკვალიფიკაციო საგამოცდო) კომისიის 2021 წლის 10 ივლისის სხდომის N2 ოქმით ირკვევა, რომ მოსარჩელემ თითოეულ დავალებაში (საგამოცდო საკითხებით განსაზღვრული 6 დავალება) მიიღო - 0 ქულა.
4.13. გაერთიანების დირექტორის 2021 წლის 8 ივლისის Nბ11.14211892 ბრძანებით, 2021 წლის 8 ივლისიდან გაერთიანების საბავშვო ბაღებში დაინერგა (ჩაეშვა) ნაშთებისა და მარაგების ელექტრონულად აღრიცხვისა და მართვის ახალი პროგრამა. საბავშვო ბაღების მნეებს დაევალათ ყოველდღიური ანგარიშების (ხარჯისა და ნაშთის), მენიუების, ზედნადებების, ბავშვთა რაოდენობების გაერთიანების მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტებისათვის, პროგრამული მართვის ოპერატორებისათვის ს.ც–ძისათვის და გ.გ–ძისათვის ელექტრონული ვერსიების სახით მიწოდება. საბავშვო ბაღის მნეების მიერ ინფორმაციის მიწოდება უნდა მომხდარიყო ელექტრონულ ფოსტაზე. პროგრამული მართვის ოპერატორებს დაევალათ ყოველი სამუშაო დღის ბოლოს მნეების მიერ მიწოდებული სამუშაოს გადამოწმება და გაერთიანების დირექტორისათვის წარდგენა.
4.14. გაერთიანების დირექტორის 2021 წლის 12 ნოემბრის Nბ11.14213162 ბრძანებით, ახალ პროგრამულ მართვაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საბავშვო ბაღების მნეების ამავე პროგრამაში ჩართულობის მონიტორინგის მიზნით, 2021 წლის 15 ნოემბრიდან, შეიქმნა მონიტორინგის მუდმივმოქმედი ჯგუფი, რომლის წევრები იყვნენ - ნ.ჯ–ძე, ს.ც–ძე, გ.გ–ძე, ნ.ფ–ძე.
4.15. სწორედ მონიტორინგის მუდმივმოქმედი ჯგუფის მოხსენებითი ბარათით ირკვევა, რომ 2021 წლის 15 ნოემბრიდან 26 ნოემბრის ჩათვლით, ქ. ბათუმის საჯარო ბაღებში მიმდინარეობდა მნის პოზიციაზე დასაქმებულთა მონიტორინგი, რომელიც ამოწმებდა მნეების ახალ პროგრამაში მუშაობის მზაობას. მონიტორინგის შედეგად გამოვლინდნენ ის მნეები, რომლებიც ვერ შეძლებდნენ პროგრამაში მუშაობას, იყო რთული მდგომარეობა. მათ შორის იყო მოსარჩელე. საგულისხმო იყო, რომ რიგ შემთხვევაში კომისიამ დაადგინა მონიტორინგის გაგრძელების აუცილებლობა იმ პირების მიმართ, რომელთა პროფესიული უნარები მომავალში შესაძლო იყო გაუმჯობესებულიყო.
4.16. შედეგად, 2021 წლის 1 დეკემბრის Nბ11.14213351 ბრძანებით, გაერთიანების საბავშვო ბაღებში ახალი ტექნოლოგიური ცვლილებების დანერგვის, საბავშვო ბაღების მარაგებისა და ნაშთების პროგრამულ მართვაზე გადასვლასთან დაკავშირებით, გაერთიანების მნეებისათვის ჩატარებულ ტესტურ გამოცდებში არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო, #2 საბავშვო ბაღის მნე - მოსარჩელე, სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „ო“ ქვეპუნქტების, გაერთიანების საკონკურსო (შიდა საკვალიფიკაციო საგამოცდო) კომისიის სხდომის 2021 წლის 27 აპრილის #1, 2021 წლის 29 აპრილის N2 სხდომის ოქმების, გაერთიანების დირექტორის 2021 წლის 26 აპრილის N11.14211161, 2021 წლის 27 აპრილის No11.14211171, 2021 წლის 28 პრილის N11.14211181, 2021 წლის 07 ივლისის N011.14211885, 2021 წლის 16 ივლისის N11.14211973, 2021 წლის 12 ნოემბრის N11.14213162 და 2021 წლის 15 ნოემბრის N11.14213162 ბრძანებების და გაერთიანების მონიტორინგის კომისიის წევრების 2021 წლის 1 დეკემბრის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, 2021 წლის 1 დეკემბრიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
4.17. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს შრომითი ხელშეკრულებიდან. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, სადავო ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა (უფლებრივი რესტიტუცია) და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა სსკ-ის 54-ე (ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს), სშკ-ის 48.8-9 (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. დასაქმებულს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის ან მის ნაცვლად დაკისრებული კომპენსაციის გადახდის გარდა, მოითხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე. იძულებითი განაცდურის ანაზღაურების განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტის შესაბამისად დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის მიცემული კომპენსაცია), 42.1-ე (თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დასაქმებულს დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს შრომის ანაზღაურება სრულად მიეცემა), 58-ე (ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით) მუხლებს, ასევე, სსკ-ის 394.1-ე (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლებიდან გამომდინარეობს.
4.18. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, იმისათვის, რომ შეფასდეს დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნის კანონიერება, პასუხი უნდა გაეცეს შეკითხვას – არის თუ არა გათავისუფლება დარღვევის (გადაცდომის) ადეკვატური. ასეთ შემთხვევაში, სასამართლომ პირველ რიგში უნდა შეამოწმოს, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რაც უნდა იქნეს გათვალისწინებული დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას, ესაა პროპორციულობის და გონივრული საფუძვლის პრინციპი. პროპორციულობის, იგივე თანაზომიერების პრინციპი ნიშნავს, რომ კანონის მიზნის მისაღწევად გამოყენებული ღონისძიება უნდა იყოს დასაშვები, აუცილებელი და პროპორციული.
4.19. ანალოგიური კატეგორიის დავაზე საქართველოს საკასაციო სასამართლომ, სწორედ პროპორციულობის პრინციპი გამოიყენა და განმარტა: შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა დამსაქმებლის მიერ დასაშვები უნდა იყოს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაუმართლებელია ამ უკანასკნელის უფლების დაცვის სხვა საფუძვლების გამოყენება. ამასთან, გათავისუფლების შემოწმებისას, უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს დასაქმებულის ბრალის ფორმას, რადგან ხშირად, სწორედ ეს უკანასკნელი ახდენს სამართლებრივ შედეგზე გავლენას. ამდენად, დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება დამსაქმებლის მხრიდან ადეკვატურ, საჭირო და პროპორციულ ღონისძიებად ჩაითვლება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა ისეთი მძიმე დარღვევა, რომელიც სხვა უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენებას არამიზანშეწონილს ხდის.
4.20. როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანებაში გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია სშკ-ის 47.1-ე მუხლის „ვ“ და „ო“ ქვეპუნქტები - „ვ) დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან შეუსაბამობა; ო) სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას, რაც დამსაქმებლის მტკიცებით, გამოიხატა - გაერთიანების საბავშვო ბაღებში ახალი ტექნოლოგიური ცვლილებების დანერგვის, საბავშვო ბაღების მარაგებისა და ნაშთების პროგრამულ მართვაზე გადასვლასთან დაკავშირებით, მნეებისათვის ჩატარებულ როგორც ტესტურ გამოცდებში, ასევე, შემდგომში მონიტორინგის შედეგად, მიღებულ არადამაკმაყოფილებელ შედეგებში.
4.21. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102-ე მუხლი). ნიშანდობლივია, რომ შრომით-სამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს მისი სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას.
4.22. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს იმ ძირეული პრინციპიდან, რომ დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა თანამშრომელმა შრომითი მოვალეობები დაარღვია, რაც კონკრეტულ ქმედებებში გამოიხატა, ვიდრე დასაქმებული, რომელიც ობიექტურად ვერ შეძლებს მტკიცებულებების წარდგენას, რომ იგი ვალდებულებას ჯეროვნად ასრულებდა.
4.23. მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ 2021 წლის 8 ივლისიდან გაერთიანების საბავშვო ბაღებში დაინერგა (ჩაეშვა) ნაშთებისა და მარაგების ელექტრონულად აღრიცხვისა და მართვის ახალი პროგრამა. საბავშვო ბაღების მნეებს დაევალათ ყოველდღიური ანგარიშების (ხარჯისა და ნაშთის), მენიუების, ზედნადებების, ბავშვთა რაოდენობების მიწოდება გაერთიანების მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტებისათვის - პროგრამული მართვის ოპერატორებისათვის.
4.24. უდავოა, რომ საბავშვო ბაღების მნის პოზიციაზე დასაქმებულთათვის დაინიშნა თეორიული და პრაქტიკული გამოცდები. მოსარჩელემ გამოცდები ვერ ჩააბარა, თუმცა მხოლოდ გამოცდების შედეგები არ გამხდარა მოსარჩელის გათავისუფლების საფუძველი. 2021 წლის აპრილიდან 2021 წლის ნოემბრამდე გაერთიანების სპეციალისტები არა მხოლოდ მუდმივ მონიტორინგს უწევდნენ საბავშვო ბაღების მნეების მუშაობას, არამედ ასწავლიდნენ და ეხმარებოდნენ მათ ახალი პროგრამის ათვისებაში.
4.25. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის გათავისუფლება არ მომხდარა მხოლოდ გამოცდების შედეგების მიხედვით. გამოცდების ჩატარებიდან და პროგრამის დანერგვიდან თითქმის 5 თვის მანძილზე ხდებოდა თანამშრომელთა მუშაობაზე დაკვირვება და მათი შესაძლებლობების შემოწმება. შესაბამისად, დამსაქმებელმა გამოიყენა ყველა შესაძლებლობა დასაქმებულის პროფესიული უნარ-ჩვევების განსავითარებლად. ჩაატარა სწავლებები, როგორც საბაზისო უნარებში, ისე პრაქტიკული გადამზადება ახალ პროგრამაში მუშაობისათვის. თუმცა, ამ პროცესის შემდეგაც მოსარჩელის მიერ ახალ პროგრამაში შესრულებული სამუშაო საჭიროებდა მუდმივ კორექტირებას. ამდენად, მოსარჩელეს არ ჰქონდა სათანადო უნარ-ჩვევები ახალ პროგრამაში მუშაობისათვის.
4.26. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (ბრძანებები, შეფასებები და მისი შედეგები, კომისიის აქტები, მონიტორინგის ჯგუფის მოხსენებითი ბარათი, მხარეთა ახსნა-განმარტებები, მოწმეთა ჩვენებები) დასტურდება ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ - მოსარჩელემ როგორც ტესტირებისას, ისე მონიტორინგის შედეგად, მიიღო არადამაკმაყოფილებელი შეფასება და შედეგები, რითაც დადასტურდა, რომ ის თავს ვერ ართმევდა მასზე დაკისრებულ ახალ მოვალეობას, კერძოდ - ყოველდღიური რეპორტების მომზადება, მენიუს კალკულაცია, ამ მიზნით, შესაბამის ველში საჭირო ინფორმაციის შეტანა და გაერთიანებისათვის გადაგზავნა.
4.27. მართალია, სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გაცემული 2021 წლის 28 აპრილის სერტიფიკატით დასტურდება, რომ მოსარჩელემ წარმატებით გაიარა „საოფისე აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფის“ მოკლევადიანი საგანმანათლებლო პროგრამის სრული კურსი, თუმცა, როგორც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, აღნიშნული კურსის მიზანი იყო მხოლოდ ელემენტარული, კომპიუტერული საბაზისო უნარ-ჩვევების გამომუშავება და არა ახალდანერგილი პროგრამის ათვისება. შესაბამისად, ამ კურსის გავლისას მიღებული სერტიფიკატი და დადებითი შეფასება ვერ განსაზღვრავდა მოსარჩელის პროფესიულ შესაძლებლობებს დაკავებულ თანამდებობაზე.
4.28. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხნენ გ.გ–ძე და ს.ც–ძე (უშუალო კურატორი), რომლებმაც დაადასტურეს, რომ ახალი პროგრამის დანერგვისას მუდმივად ხდებოდა საბავშვო ბაღების მნეების, მათ შორის მოსარჩელის სწავლება, გადამზადება, ტრენინგები, თუმცა მიუხედავად ამისა, მოსარჩელე მაინც უშვებდა შეცდომებს, რაც შემდგომში პროგრამულად სწორდებოდა ს.ც–ძის მიერ.
4.29. პალატამ, ასევე, ვერ გაიზიარა აპელანტის ის მოსაზრება, რომ საკვალიფიკაციო გამოცდები მოპასუხეს საერთოდ არ ჩაუტარებია, რომ ამის თაობაზე არ არსებობს რაიმე ჩანაწერი, ხოლო წარმოდგენილი წერილობითი დოკუმენტები კი გამოცდების ჩატარებისა და მისი შედეგების შესახებ - თავად მოპასუხის წარმოდგენილია.
4.30. აღნიშნული გამოცდების ჩატარება დადასტურებულია თვით კომისიის წევრების მიერ, რომლებმაც მიუთითეს, რომ მათ მიერ ინდივიდუალურად ხდებოდა ყველა კონკურსანტის შეფასება.
4.31. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ დავაზე დადგენილი ფაქტები, საკმარის პირობას წარმოადგენდა სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ და ,,ო“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ისეთი დისციპლინური სახდელის დასადებად, როგორიცაა სამუშაოდან გათავისუფლება, რომ დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის უნარ-ჩვევები ახალ მოვალეობასთან მიმართებით სწორად იქნა შეფასებული, რაც გამორიცხავს მისი სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე, სადავო ბრძანების ბათილად ცნობას და აღნიშნული მოთხოვნით სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
4.32. ვინაიდან, მოსარჩელის სხვა მოთხოვნები - სამუშაოზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება პირდაპირ კავშირშია სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე მიღებული სადავო ბრძანების კანონიერებასთან, რომლის გაუქმების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა სააპელაციო სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია, აღნიშნული გარემოება ასევე გამორიცხავს, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილებას.
5. მოსარჩელის საკასაციო საჩივრის საფუძვლები
5.1. დასაქმებულმა სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა. კასატორმა წარმომადგენლის იურიდიული მომსახურებისათვის გადახდილი თანხის - 1 500 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.
5.2. კასატორის განმარტებით, დამსაქმებელს მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება არ დაუსაბუთებია. კასატორი უარყოფს საკვალიფიკაციო გამოცდაში 0 ქულის მიღების ფაქტს, მისი განმარტებით ის მასზე დაკისრებულ სამუშაოს პირნათლად ასრულებდა, რის გაბათილებასაც დამსაქმებელი ვერ ახერხებს.
5.3. კასატორი სადავოდ ხდის არათუ ტესტირების შედეგებს, არამედ ტესტირების ჩატარების ფაქტს. კასატორი აღნიშნავს, რომ ტესტირების ჩატარების ფაქტი საქმის მასალებით არ დასტურდება.
5.4. კასატორის განმარტებით, მისი მხრიდან სამუშაოს არადამაკმაყოფილებლად შესრულების ფაქტი არ დასტურდება. მის მიმართ არ გამოცემულა გაფრთხილება და არც ახსნა-განმარტება ჩამოურთმევიათ მისთვის. მხოლოდ ერთი მოწმის განმარტება, რომ ის დასაქმებულს ეხმარებოდა, საკმარისი მტკიცებულება არ არის დასაქმებულის მიერ სამუშაოს არაჯეროვნად შესრულების დასადასტურებლად.
6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
6.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 8 აგვისტოს განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
8. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.
9. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო კასატორის არგუმენტების გაცნობის შემდეგ ასკვნის, რომ მოსარჩელეს დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარუდგენია.
10. საკასაციო სასამართლო, უპირველესად, აღნიშნავს, რომ როგორც უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაშია განმარტებული, „შრომითსამართლებრივი ურთიერთობა ეფუძნება მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას (სშკ-ის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილი). თუმცა, შრომითი ურთიერთობებისადმი წმინდა სახელშეკრულებო მიდგომის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, რადგან კლასიკურად ასეთი ურთიერთობა მოიცავს მის მონაწილეთა შეთანხმებას თანაბარ საწყისებზე, მაშინ, როდესაც შრომით ურთიერთობაში ერთი პირი ნებაყოფლობით თანხმდება მეორის დაქვემდებარებაში ყოფნას“. ამასთან, შრომითსამართლებრივ დავებში მნიშვნელოვანია გამოირიცხოს დამსაქმებლის მიერ საკუთარი უფლების ბოროტად გამოყენება (იხ. სუსგ #ას-98-94-2016, 26.07.2016 წ.; #ას-368-2019, 31.07.2019 წ. N ას-1350-2019, 27.11.2019 წ; N ას-1061-2021, 18.02.2022წ.; №ას-283-2024 26.04.2024წ; №ას-1441-2023, 12.07.2024წ.)
11. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სსკ-ის 115-ე მუხლს, რომლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ფუნქციაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაა. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა.
12. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლო პირველ რიგში ამოწმებს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. ამ საკითხის გამორკვევა კი, შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (იხ. სუსგ საქმე №ას-151-147-2016, 19 აპრილი, 2016 წელი; №ას-539-539-2018, 21 დეკემბერი, 2018 წელი). მუშაკის სამუშაოდან დათხოვნის შესახებ ყოველ კონკრეტულ ბრძანებას თავისი საფუძველი გააჩნია, რაც ამართლებს ან არ ამართლებს მის გამოცემას. ასეთ დროს, სასამართლოს როლი სწორედ ბრძანების საფუძვლის მართლზომიერების საკითხის გამორკვევაა, რაც დასაქმებულის სარჩელის იურიდიული ბედის განმსაზღვრელია (იხ. სუსგ: №ას-1304-2020, 11.06.2021; №ას-151-147-2016,1 9.04.2016). შესაბამისად, ხელშეკრულების შეწყვეტის სხვა საფუძვლის განმაპირობებელი გარემოებები, რომლებიც არ ყოფილა სადავო ბრძანებით მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი, ვერ გახდება სასამართლოს მსჯელობის საგანი.
13. განსახილველ შემთხვევაში, 2021 წლის 1 დეკემბრის Nბ11.14213351 ბრძანებით, გაერთიანების საბავშვო ბაღებში ახალი ტექნოლოგიური ცვლილებების დანერგვის, საბავშვო ბაღების მარაგებისა და ნაშთების პროგრამულ მართვაზე გადასვლასთან დაკავშირებით, გაერთიანების მნეებისათვის ჩატარებულ ტესტურ გამოცდებში არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო, #2 საბავშვო ბაღის მნე - მოსარჩელე, სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „ო“ ქვეპუნქტების, გაერთიანების საკონკურსო (შიდა საკვალიფიკაციო საგამოცდო) კომისიის სხდომის 2021 წლის 27 აპრილის #1, 2021 წლის 29 აპრილის N2 სხდომის ოქმების, გაერთიანების დირექტორის 2021 წლის 26 აპრილის N11.14211161, 2021 წლის 27 აპრილის No11.14211171, 2021 წლის 28 პრილის N11.14211181, 2021 წლის 07 ივლისის N011.14211885, 2021 წლის 16 ივლისის N11.14211973, 2021 წლის 12 ნოემბრის N11.14213162 და 2021 წლის 15 ნოემბრის N11.14213162 ბრძანებების და გაერთიანების მონიტორინგის კომისიის წევრების 2021 წლის 1 დეკემბრის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, 2021 წლის 1 დეკემბრიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
14. საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის "ვ" ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან შეუსაბამობა;
15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პროფესიული განვითარების და შეფასების სისტემის დანერგვის მიზნით, ტესტირების ჩატარება ორიენტირებულია ორგანიზაციაში დასაქმებული თანამშრომლების პროფესიული კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების განვითარებაზე. შრომის კანონმდებლობა არ კრძალავს დამსაქმებლის მხრიდან თანამშრომლებისთვის უნარ-ჩვევების შემოწმების და კვალიფიციური თანამშრომლების გამორჩევის მიზნით გამოცდების ჩატარებას, რაც სამომავლოდ შესაძლებელია გახდეს ზოგიერთი თანამშრომლის სამსახურეობრივი დაწინაურების, დაქვეითების ან, საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის რეგულირების ფარგლებში, სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი. პალატის მოსაზრებით, ასეთ შემთხვევაში, გამოსაცდელ თანამშრომლებს წინასწარ უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია გამოცდის ჩატარების მიზნობრიობის, გამოცდის შინაარსის და შეფასების კრიტერიუმების თაობაზე. გარდა ამისა, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დამსაქმებელმა ორგანიზაციამ გამოცდის შედეგებზე დაყრდნობით შესაბამისი გადაწყვეტილება, მათ შორის, დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნის ბრძანება, უნდა მიიღოს გამოცდის შედეგების მიღებიდან გონივრულ ვადაში.
16. კასატორი სადავოდ ხდის და უარყოფს მის მიმართ დამდგარ საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგებს. ასევე მიუთითებს, რომ იგი პირნათლად ასრულებდა მასზე დაკისრებულ სამუშაოს.
17. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე, 2006 წლის მარტიდან, დასაქმებული იყო ბუღალტრის პოზიციაზე ქ. ბათუმის №2 საბავშვო ბაღში; 2008 წელს, რეორგანიზაციის შემდეგ, ქ. ბათუმის №42 საბავშვო ბაღი გადაკეთდა გაერთიანების ბათუმის №2 საბავშვო ბაღად; მოსარჩელე, 2011 წლის იანვრიდან გათავისუფლებამდე, ამავე ბაღში, დასაქმებული იყო სამეურნეო ნაწილის გამგის (მნე) თანამდებობაზე.
17.1. მისი თანამდებობრივი სარგო ყოველთვიურად შეადგენდა 630 ლარს, გადასახადების ჩათვლით გაერთიანების დირექტორის 2021 წლის 5 იანვრის N-01-03-03 ბრძანებით, საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტების შესყიდვის, მენიუს კალკულაციის ელექტრონული აღრიცხვის ოპტიმიზაციის მიზნით, შეიქმნა ახალი სისტემური პროგრამა. პროგრამა ითვალისწინებდა საბავშვო ბაღების მარაგების (სასურსათო და სამეურნეო) და ნაშთების აღრიცხვას ელექტრონულად, ყოველდღიური მენიუს კალკულაციის მომზადებას, ბავშვების აღრიცხვას, ზედნადებების მომზადებას. საბავშვო ბაღებში პროგრამის დანერგვის ვადად განისაზღვრა 2021 წლის 1 თებერვლიდან 2022 წლის 1 მარტამდე პერიოდი. პროგრამის მომხმარებელს წარმოადგენდნენ საბავშვო ბაღების სამეურნეო ნაწილის გამგეები-მნეები. მათ ვალდებულებას შეადგენდა ყოველდღიური რეპორტების მომზადება, მენიუს კალკულაცია, ამ მიზნით შესაბამის ველში საჭირო ინფორმაციის შეტანა და გაერთიანებისათვის გადაგზავნა. ამავე პერიოდიდან დაიწყო საბავშვო ბაღების სამეურნეო ნაწილის გამგეების სწავლება და გადამზადება ახალ პროგრამაში სამუშაოდ.
17.2. გაერთიანებას და სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაერთიანების 33 თანამშრომელს, მათ შორის, მოსარჩელეს ჩაუტარდა ტრენინგი ბსუ-ს მიერ შემუშავებული მეთოდით, პერსონალურ კომპიუტერთან და საოფისე პროგრამულ უზრუნველყოფასთან მუშაობის ძირითადი უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით.
17.3. სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2021 წლის 28 აპრილის სერთიფიკატის თანახმად, მოსარჩელემ წარმატებით გაიარა „საოფისე აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფის“ მოკლევადიანი საგანმანათლებლო პროგრამის სრული კურსი.
17.4. გაერთიანების დირექტორის 2021 წლის 26 აპრილის Nბ11.14211161 ბრძანებით, გაერთიანების საბავშვო ბაღების მნეების კვალიფიკაციისა და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებისა და შესასრულებელ სამუშაოსთან შესაბამისობის განსაზღვრის მიზნით, 2021 წლის 29 აპრილს, დაინიშნა შიდა საკვალიფიკაციო გამოცდა. ამავე ბრძანებით დადგინდა, რომ უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული ტრენინგების საბოლოო გამოცდისა და შიდა საკვალიფიკაციო გამოცდის გათვალისწინებით, მოხდებოდა საბავშო ბაღების მნეებთან შრომითი ურთიერთობების შემდგომი გაგრძელების საკითხის გადაწყვეტა. საბავშვო ბაღების მნეებს განემარტათ, რომ უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ და შიდა საკვალიფიკაციო გამოცდებში დაბალი ან უარყოფითი შედეგის მიღებისას მათთან შეწყდებოდა შრომითი ურთიერთობები, საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ) 47-ე მუხლის 1-ლი ნაწილის "ვ" ქვეპუნქტის საფუძველზე და ამ ბრძანების მათთვის ჩაბარება ჩაითვლებოდა სშკ-ის 48-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ წერილობით გაფრთხილებად.
17.5. გაერთიანების დირექტორის 2021 წლის 27 აპრილის Nბ11.14211171 ბრძანებით, საბავშვო ბაღების მნეების შიდა საკვალიფიკაციო გამოცდის შეფასება განისაზღვრა 10 ქულიანი სისტემით: ოპერაციის შესრულება - 1 ქულა. შიდა საკვალიფიკაციო გამოცდის დადებით შედეგად განისაზღვრა კონკურსანტის მიერ არანაკლებ 7 ქულის მიღება.
17.6. გაერთიანების საკონკურსო (შიდა საკვალიფიკაციო საგამოცდო) კომისიის 2021 წლის 29 აპრილის სხდომის ოქმის N1 მიხედვით, შიდა საკვალიფიკაციო გამოცდის შეფასებით მოსარჩელის მიერ მიღებულმა ქულამ საბოლოო ჯამში შეადგინა - 0 ქულა (სისტემაში შესვლა - 0 ქულა, საქონელი - 0 ქულა, მენიუ -0 ქულა, განაწესი - 0 ქულა, დოკუმენტის შექმნა - 0 ქულა, კვების დოკუმენტი - 0 ქულა, ბაღები - 0 ქულა, პერსონალი - 0 ქულა, ზოგადი ოპერაციები - 0 ქულა).
17.7. გაერთიანების დირექტორის 2021 წლის 7 ივლისის Nბ11.14211885 ბრძანებით, საბავშვო ბაღების მნის პოზიციაზე დასაქმებულთათვის, 2021 წლის 10 ივლისს, დაინიშნა პრაქტიკული გამოცდა. მინიმალური ქულა განისაზღვრა 0-ით, მაქსიმალური ქულა - 6 ქულით, გამოცდა ჩაბარებულად ჩაეთვლებოდა იმ დასაქმებულს, რომელიც შეფასების სახით კომისიის თითოეული წევრისგან შეფასების სახით მიიღებდა არანაკლებ 6 ქულას. საგამოცდო საკითხებად განისაზღვრა: დავალება NI საქონელი და მენიუ (3 ქულა) - 1.1. ახალი საქონლის დამატება; 1.2. კოლექციის შექმნა და მასში მენიუს დამატება: სავალდებულო იყო შესაბამისი პროდუქტებისა და კალკულაციის მითითება; 1.3 არსებული მენიუს კოპირება და სხვა კოლექციაში გადატანა; დავალება N2 განწესი (1 ქულა) - 2.1. მენიუს შექმნა განწესით; სავალდებულო იყო ცარიელი ველების შევსება; დავალება N3 კვების დოკუმენტი (3 ქულა) - 3.1. კვების დოკუმენტის შექმნა „ოსტატის" საშუალებით; 3.2 ბავშვთა რაოდენობრივი და სახელობითი აღრიცხვა კვების დოკუმენტში; 3.3 კვების დღიური ხარჯის ექსპორტი excel-ის ფორმატში; დავალება N4 დოკუმენტები (1 ქულა) - 4.1 კონკრეტული ზედნადების მონაცემების დამუშავება/შესწორება და ჩამოტვირთვა; დავალება N5 შიდა მოძრაობა (1 ქულა) - 5.1 კონკრეტული პროდუქტის გადატანა NI ბაღიდან N2-ში, მოძრაობის დოკუმენტის შესაბამისად; დავალება N6 ბავშვთა მონაცემები (1 ქულა) - 6.1. სიაში ბავშვთა მონაცემების შეტანა (მინ. 3 მონაცემი).
17.8. გაერთიანების საკონკურსო (შიდა საკვალიფიკაციო საგამოცდო) კომისიის 2021 წლის 10 ივლისის სხდომის N2 ოქმით ირკვევა, რომ მოსარჩელემ თითოეულ დავალებაში (საგამოცდო საკითხებით განსაზღვრული 6 დავალება) მიიღო - 0 ქულა.
17.9. გაერთიანების დირექტორის 2021 წლის 8 ივლისის Nბ11.14211892 ბრძანებით, 2021 წლის 8 ივლისიდან გაერთიანების საბავშვო ბაღებში დაინერგა (ჩაეშვა) ნაშთებისა და მარაგების ელექტრონულად აღრიცხვისა და მართვის ახალი პროგრამა. საბავშვო ბაღების მნეებს დაევალათ ყოველდღიური ანგარიშების (ხარჯისა და ნაშთის), მენიუების, ზედნადებების, ბავშვთა რაოდენობების გაერთიანების მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტებისათვის, პროგრამული მართვის ოპერატორებისათვის ს.ც–ძისათვის და გ.გ–ძისათვის ელექტრონული ვერსიების სახით მიწოდება. საბავშვო ბაღის მნეების მიერ ინფორმაციის მიწოდება უნდა მომხდარიყო ელექტრონულ ფოსტაზე. პროგრამული მართვის ოპერატორებს დაევალათ ყოველი სამუშაო დღის ბოლოს მნეების მიერ მოწოდებული სამუშაოს გადამოწმება და გაერთიანების დირექტორისათვის წარდგენა.
17.10. გაერთიანების დირექტორის 2021 წლის 12 ნოემბრის Nბ11.14213162 ბრძანებით, ახალ პროგრამულ მართვაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საბავშვო ბაღების მნეების ამავე პროგრამაში ჩართულობის მონიტორინგის მიზნით, 2021 წლის 15 ნოემბრიდან, შეიქმნა მონიტორინგის მუდმივმოქმედი ჯგუფი, რომლის წევრები იყვნენ - ნ.ჯ–ძე, ს.ც–ძე, გ.გ–ძე, ნ.ფ–ძე.
17.11. სწორედ მონიტორინგის მუდმივმოქმედი ჯგუფის მოხსენებითი ბარათით ირკვევა, რომ 2021 წლის 15 ნოემბრიდან 26 ნოემბრის ჩათვლით, ქ. ბათუმის საჯარო ბაღებში მიმდინარეობდა მნის პოზიციაზე დასაქმებულთა მონიტორინგი, რომელიც ამოწმებდა მნეების ახალ პროგრამაში მუშაობის მზაობას. მონიტორინგის შედეგად გამოვლინდნენ ის მნეები, რომლებიც ვერ შეძლებდნენ პროგრამაში მუშაობას, იყო რთული მდგომარეობა. მათ შორის იყო მოსარჩელე. საგულისხმო იყო, რომ რიგ შემთხვევაში კომისიამ დაადგინა მონიტორინგის გაგრძელების აუცილებლობა იმ პირების მიმართ, რომელთა პროფესიული უნარები მომავალში შესაძლო იყო გაუმჯობესებულიყო.
17.12. შედეგად, 2021 წლის 1 დეკემბრის Nბ11.14213351 ბრძანებით, გაერთიანების საბავშვო ბაღებში ახალი ტექნოლოგიური ცვლილებების დანერგვის, საბავშვო ბაღების მარაგებისა და ნაშთების პროგრამულ მართვაზე გადასვლასთან დაკავშირებით, გაერთიანების მნეებისათვის ჩატარებულ ტესტურ გამოცდებში არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო, #2 საბავშვო ბაღის მნე - მოსარჩელე, სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „ო“ ქვეპუნქტების, გაერთიანების საკონკურსო (შიდა საკვალიფიკაციო საგამოცდო) კომისიის სხდომის 2021 წლის 27 აპრილის #1, 2021 წლის 29 აპრილის N2 სხდომის ოქმების, გაერთიანების დირექტორის 2021 წლის 26 აპრილის N11.14211161, 2021 წლის 27 აპრილის No11.14211171, 2021 წლის 28 პრილის N11.14211181, 2021 წლის 07 ივლისის N011.14211885, 2021 წლის 16 ივლისის N11.14211973, 2021 წლის 12 ნოემბრის N11.14213162 და 2021 წლის 15 ნოემბრის N11.14213162 ბრძანებების და გაერთიანების მონიტორინგის კომისიის წევრების 2021 წლის 1 დეკემბრის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, 2021 წლის 1 დეკემბრიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
18. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
19. საკასაციო პალატის დასკვნით, სააპელაციო სასამართლომ მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის სწორედ იმ სპეციფიკურობის გათვალისწინებით გადაანაწილა, რაც ახასიათებს შრომითსამართლებრივ ურთიერთობას და იცავს კანონის წინაშე მხარეთა თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპს. აღნიშნული უზრუნველყოფს სამართალწარმოებისას მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე დავის განხილვასა და გადაწყვეტას, ამასთან, დამსაქმებელს მტკიცების უფრო მეტი ტვირთი მოეთხოვება, ვიდრე დასაქმებულს (სსსკ-ის მე-4-5 მუხლები). სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
20. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელემ ვერ გააქარწყლა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, გაერთიანების საკვალიფიკაციო გამოცდაში/ტესტირებაში მოსარჩელის მიერ მიღებული შეფასებასთან დაკავშირებით. საკასაციო საჩივრით, კასატორი სადავოდ არ ხდის საბავშვო ბაღებში ნაშთების და მარაგების ელექტრონულად აღრიცხვისა და მართვის ახალი პროგრამის დანერგვის საკითხს, თუმცა კასატორის ერთ-ერთი პრეტენზია ისაა, რომ საქმეში დევს ელექტრონული ფოსტის მიმოწერები, სადაც ყოველდღიურად იგზავნებოდა მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაო, ხოლო შემდგომ ხდებოდა მისი მოწონება და დადასტურება. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის ზემოთ აღნიშნულ პრეტენზიას და მიუთითებს ქვემდგომი სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომელიც ასევე, ვერ გააქარწყლა კასატორმა. კერძოდ, მოწმეთა გ.გ–ძისა და ს.ც–ძის ჩვენებებით დადასტურებულია, რომ ახალი პროგრამის დანერგვისას, მუდმივად ხდებოდა საბავშვო ბაღების მნეების, მათ შორის მოსარჩელის სწავლა, გადამზადება, ტრენინგები, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა, მოსარჩელე მაინც უშვებდა შეცდომებს, რაც შემდგომ პროგრამულად სწორდებოდა ს.ც–ძის მიერ.
21. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით მიუთითებს, რომ მოსარჩელის გათავისუფლების საფუძველი არ ყოფილა მხოლოდ ტესტირების შედეგები. 2021 წლის 1 დეკემბრის Nბ11.14213351 ბრძანების საფუძვლად ასევე მითითებულია 2021 წლის 16 ივლისის N11.14211973, 2021 წლის 12 ნოემბრის N11.14213162 და 2021 წლის 15 ნოემბრის N11.14213162 ბრძანებების და გაერთიანების მონიტორინგის კომისიის წევრების 2021 წლის 1 დეკემბრის მოხსენებითი ბარათი. ზემოთ აღნიშნული დოკუმენტების შესაბამისად, ახალი პროგრამის დანერგვიდან - 2021 წლის 8 ივლისიდან ის აგრძელებდა მუშაობას და პრაქტიკულად სწავლობდა ახალ პროგრამაში მუშაობას, რაშიც გაერთიანების სპეციალისტები ეხმარებოდნენ. თუმცა, მისი შრომის შედეგი იყო არადამაკმაყოფილებელი. სამუშაო სრულდებოდა ხარვეზიანად და ხარვეზის შესწორება უწევდათ სხვა სპეციალისტებს. აღსანიშნავია ამ პროცესის ხანგრძლივობა. 2021 წლის 8 ივლისიდან - ახალი პროგრამის ოფიციალურად დანერგვის დღიდან 2021 წლის 15 ნოემბრამდე, დასაქმებული პრაქტიკულად ასრულებდა მის მოვალეობას, თუმცა, მისი საქმიანობა იყო ხარვეზიანი. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების შეფასებას და დამატებით მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მხარეთა ახსნა-განმარტებით და მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო დაეკმაყოფილებინა გაერთიანების ახალი პროგრამით მუშაობის სტანდარტები, რაც სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლით მისი სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერი საფუძველია.
22. სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. ამავე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, დასაქმებულს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის ან მის ნაცვლად დაკისრებული კომპენსაციის გადახდის გარდა, მოითხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე. იძულებითი განაცდურის ანაზღაურების განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტის შესაბამისად დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის მიცემული კომპენსაცია.
23. სასამართლო განმარტავს, რომ სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის თანმდევ შედეგს. განსახილველ შემთხვევაში, ძირითად მოთხოვნას წარმოადგენს დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ხოლო რამდენადაც აღნიშნულ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა და სასამართლომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიჩნია მართლზომიერად, არ არსებობს სამსახურში აღდგენის და იძულებითი განაცდურის, როგორც დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თანმდევი სამართლებრივი შედეგის დაკმაყოფილების წინაპირობები.
24. შრომითი ურთიერთობის დამსაქმებლის ინიციატივით შეწყვეტის შემთხვევაში, დასაქმებულთა ინტერესების მაქსიმალურად დაცვის მიზნით, სშკ-ის 48-ე მუხლით რეგლამენტირებულია შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის წესი. სშკ-ის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დამსაქმებლის მიერ შრომითი ხელშეკრულების ამ კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „ი“ ან „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეწყვეტისას იგი ვალდებულია დასაქმებული არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამ შემთხვევაში დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 1 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, დამსაქმებლის მიერ შრომითი ხელშეკრულების ამ კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „ი“ ან „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეწყვეტისას დამსაქმებელი უფლებამოსილია დასაქმებული არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამ შემთხვევაში დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით.
25. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეს დამსაქმებელმა ზეპირი ფორმით აცნობა სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, ხოლო გაერთიანების დირექტორის 2021 წლის 1 დეკემბრის №ბ.11.142113351 ბრძანება 2021 წლის 3 დეკემბერს ფოსტის საშუალებით ჩაჰბარდა. შესაბამისად, მოსარჩელეს მიეკუთვნება სშკ-ის 48-ე მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაცია (არანაკლებ 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით).
26. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არ აქვს წარმატების პერსპექტივა.
27. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმი/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
28. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
30. რაც შეეხება კასატორის შუამდგომლობას იურიდიული მომსახურების ხარჯის - 1 500 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის მეორე მხარისათვის დაკისრების საკითხის გადაწყვეტის წესი მოცემულია სსსკ-ის 53-ე მუხლში. ნორმის პირველი ნაწილის დანაწესით, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4%-ისა. ნორმის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ერთმნიშვნელოვან ოდენობას, არამედ ამ ოდენობის გონივრულად განსაზღვრის უფლებას უტოვებს სასამართლოს. ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმ მოსაზრებით, რომ ადვოკატის მომსახურებაში გადახდილი ხარჯების სანაცვლო ანაზღაურებამ დაუსაბუთებლად არ უნდა შეზღუდოს პროცესის მონაწილე მხარის უფლება და არ უნდა შექმნას წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის პროცესუალური საფუძველი; ნორმის ამგვარი შინაარსის მიზანია პროცესის მონაწილე მეორე მხარის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვის თავიდან აცილება. გონივრულობის კრიტერიუმად კი, კანონმდებელი მიიჩნევს დავის საგნის ღირებულების არაუმეტეს 4%-ს. ნიშანდობლივია, რომ დავის საგნის ღირებულების 4% წარმოადგენს ზედა ზღვარს (კანონით დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას), რომლის ფარგლებშიც ხდება ხარჯების ოდენობის სასამართლოს მიერ განსაზღვრა და ამ თვალსაზრისით, მხედველობაში მიიღება კონკრეტულად რა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები იქნა განხორციელებული ადვოკატის მიერ, რა სახის ადამიანური რესურსი დაიხარჯა, საქმის წარმოების რომელ ეტაპზე პროცესის მონაწილე რომელმა მხარემ გასწია იგი და სხვ.
31. ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ არ დაკმაყოფილდა, ხოლო სააპელაციო საჩივარი სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში იყო წარდგენილი და იგი არ დაკმაყოფილდა, ასევე, საკასაციო საჩივარი სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში იყო წარმოდგენილი და იგი დაუშვებლადაა ცნობილი, კასატორის შუამდგომლობა, რომ მოწინააღმდეგე მხარეს დაეკისროს კასატორის სასარგებლოდ კასატორის მიერ გაწეული საადვოკატო მომსახურების ხარჯი 1 500 ლარი, არ უნდა დაკმაყოფილდეს სსსკ-ის 53-ე მუხლის საფუძველზე (იხ. სუსგ #ას-1152-2023, 27.12.2023 წ., #ას-72-2026, 24.04.2026 წ.).
32. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ.ზ–იას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. ლ.ზ–იას (პ/ნ ........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ქ.ე–ას (პ/ნ ..........) მიერ, საკასაციო საჩივარზე, სახელმწიფო ბაჟის სახით, სს „საქართველოს ბანკში“ 05.08.2025 წლის N28657804725 საგადასახადო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% 210 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
არჩილ კოჭლამაზაშვილი