დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 26.06.2026
საქმის ნომერი
ას-1075-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
26.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-1075-2025 26 ივნისი, 2026 წელი,თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს.კ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – პირგასამტეხლოს შემცირება და თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შპს „ს.კ–მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წინააღმდეგ, რომლითაც დააყენა შემდეგი სახის მოთხოვნები: შემცირდეს მოპასუხის მიერ სამუშაოების დაწყების ვადის დარღვევისათვის დაკისრებული შეუსაბამოდ მაღალი ერთჯერადი პირგასამტეხლო 2332.78 ლარი 658.53 ლარამდე, კერძოდ, პირგასამტეხლოს გამოთვლა მოხდეს შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულებიდან და 0.02%-ის ნაცვლად განისაზღვროს 0.01%-ით; - შემცირდეს მოპასუხის მიერ კონკრეტული სამუშაოების დასრულების ვადის დარღვევისთვის თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის დაკისრებული შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. შესაბამისად, პირგასამტეხლოს გამოთვლა მოხდეს არა ხელშეკრულების ჯამური ღირებულების, არამედ თითოეული სამუშაოს ვადაში შეუსრულებელი ნაწილის ღირებულებიდან 0.02%-ის ნაცვლად განისაზღვროს 0.01%-ით; - შემცირდეს მოპასუხის 23.03.23 წლის N12-01230823196 წერილით მოსარჩელეზე დაკისრებული პირგასამტეხლო, ყოველ დღეზე (16 დღე) ხელშეკრულების ღირებულების (11663855.08 ლარი) 0.02%-ის ოდენობით, ჯამში 37324.34 ლარი - 9125.28 ლარამდე (11663855.08 ლარი ხელშეკრულების ჯამური ღირებულება 23.03.23 წ. მდგომარეობით) – 5960560.06 ლარი (23.03.23 წ. მდგომარეობით შესრულებული სამუშაოს ღირებულება)=5703295.06 ლარის 0.01%); - შემცირდეს მოპასუხის 27.07.23 წლის N12-0123208592 წერილით მოსარჩელეზე დაკისრებული პირგასამტეხლო, ყოველ დღეზე (131 დღე), ხელშეკრულების ღირებულების (11746988.57 ლარი) 0.02%-ის ოდენობით, ჯამში 307771.11 ლარი - 43048.36 ლარამდე (11746988.57 ლარს, ხელშეკრულების ჯამური ღირებულება 27.07.23წ. მდგომარეობით) – 8460854.23 ლარი (27.07.23წ. მდგომარეობით შესრულებული სამუშაოს ღირებულება) = 3285134.34 ლარის 0.01%); - მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს უსაფუძვლოდ მიღებული 294596.06 ლარის ანაზღაურება.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. 2021 წლის 18 ოქტომბერს, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N08.06.04/30/209 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 400 კალენდარული დღის ვადაში განეხორციელებინა ქ.თბილისში, ............ მიმდებარე, 180-ე საჯარო სკოლასთან (ს/კ.........) მულტიფუნქციური სპორტული ცენტრის მშენებლობის სამუშაოები.

2.2. ხელშეკრულების 2.4 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ღირებულებად განისაზღვრება 10 846 578.00 ლარი ყველა გადასახადის ჩათვლით. მოსარჩელე პერიოდულად, გამოვლენილი დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ, აწარმოებდა აქტიურ კომუნიკაციას მოპასუხესთან. სამუშაოთა შესრულების დამაბრკოლებელი გარემოებების გამოვლენის შესაბამისად, ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილებები, რომელთა საფუძველზეც მიწოდების ვადა გაიზარდა 2022 წლის 28 თებერვლამდე, ხოლო ხელშეკრულების ღირებულება ჯერ 11 663 855.08 ლარამდე (21.04.22წ. შეთანხმება) ხოლო შემდეგ 11 746 988.57 ლარამდე (12.07.23წ. შეთანხმება).

2.3. მიუხედავად მოსარჩელის მიმართვისა, მეტეოროლოგიური პირობების გამო, ფასადისა და გადახურვის მოწყობის სამუშაოების სამშენებლო ობიექტზე 23 კალენდარული დღის მანძილზე მშენებლობის შეჩერების შესახებ (უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის მიერ, 2014 წლის 27 მაისის №361 დადგენილების საფუძველზე, დაუშვებელია სამონტაჟო სამუშაოთა შესრულება სიმაღლეზე ღია ადგილებში ქარის 15მ/წმ და მეტი სიჩქარის, ჭექა- ქუხილისა და ნისლის დროს, როდესაც სამუშაო ფრონტის ფარგლებში მხედველობა შეზღუდულია. პანელებისა და მათი მსგავსი კონსტრუქციების გადაადგილება და მონტაჟი 10 მ/წმ და მეტი სიჩქარის ქარის დროს უნდა შეწყდეს“), მოპასუხემ აღნიშნული არ ჩათვალა ფორს-მაჟორულ გარემოებად და მოსარჩელეს ხელშეკრულების 11.2. მუხლის საწინააღმდეგოდ, არ გადაუვადა მიწოდების ვადა: სამუშაოების წარმოებისას გამოვლინდა მოსარჩელის ბრალის და ნების მიღმა არსებული კიდევ ერთი გარემოება, საჭირო გახდა, როგორც პროექტების ასევე, სამუშაოთა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებასთან შესაბამისობაში მოყვანა, აღნიშნულის გარეშე შეუძლებელი იყო ვალდებულების შესრულება, რაც დაუყოვნებლივ ეცნობა მოპასუხეს. 2022 წლის 10 მაისიდან 2023 წლის 26 ივლისამდე მოსარჩელის მიერ შესრულებული იქნა 8 460 854.23 ლარის სამუშაოები, კერძოდ: 10.05.22წ. – 3062221.23 ლარი; 13.12.22 წ. – 201630.72 ლარი; 30.12.22წ. – 247315.60 ლარი; 22.03.23წ. – 624672.51 ლარი; 26.07.23წ. – 2500294.17 ლარი.

2.4. შეთანხმების გაფორმებიდან (2022 წლის 30 ნოემბერი) 10 კალენდარული დღის ვადაში - სამუშაოების შესრულების კორექტირებული კალენდარული გეგმა-გრაფიკის 2022 წლის 16 დეკემბერს ვადის გადაცილებით წარდგენის საფუძველზე, ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, ამავე ხელშეკრულების 9.3 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისთვის მოსარჩელეს დაეკისრა პირგასამტეხლო, ხელშეკრულების ღირებულების (11663855.08 ლარი) 0.02%-ის ოდენობით, ჯამში 2332.78 ლარი.

2.5. მიწოდების ვადის 2023 წლის 28 თებერვლის დარღვევის და სამუშაოების 2023 წლის 15 მარტს (16 კალენდარული დღის ვადის გადაცილება) შესრულების საფუძველზე, ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, ამავე ხელშეკრულების 9.5 პუნქტის შესაბამისად, მიწოდების ვადის დარღვევისთვის, მოსარჩელეს დაეკისრა პირგასამტეხლო, ყოველ დღეზე (16 დღე) ხელშეკრულების ღირებულების (11663855.08 ლარი) 0.02%-ის ოდენობით, ჯამში 37324.34 ლარი. მიწოდების ვადის 2023 წლის 28 თებერვლის დარღვევისთვის, 2023 წლის 16 მარტი - 24 ივლისის ჩათვლით პერიოდზე (131 კალენდარული დღის ვადის გადაცილება).

2.6. ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, ამავე ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.5 პუნქტის შესაბამისად, მიწოდების ვადის დარღვევისთვის მოსარჩელეს დაეკისრა პირგასამტეხლო, ყოველ დღეზე (131 დღე) ხელშეკრულების ღირებულების (11746988.57 ლარი 0.02%-ის ოდენობით, ჯამში 307771.11მ ლარი. აღნიშნული თანხები დაკავებულ იქნა მოსარჩელის მიერ უკვე შესრულებული სამუშაოების ასანაზღაურებელი თანხიდან.

2.7. შეთანხმების გაფორმებიდან (2022 წლის 30 ნოემბერი) 10 კალენდარული დღის ვადაში - სამუშაოების შესრულების კორექტირებული კალენდარული გეგმა-გრაფიკის 2022 წლის 16 დეკემბერს ვადის გადაცილებით წარდგენის საფუძველზე, ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, ამავე ხელშეკრულების 9.3 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის მოსარჩელეს 20.12.22წ. დაეკისრა პირგასამტეხლო, ხელშეკრულების ღირებულების (11663855.08 ლარი) 0.02%-ის ოდენობით, ჯამში 2332.78 ლარი; ვინაიდან 2022 წლის 20 დეკემბერს შესრულებული იყო 5078561.95 ლარის სამუშაოები, პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშებულიყო (11663855.08- 5078561.95)=6585293.05 ლარიდან და 0.01% ოდენობით, შესაბამისად მოპასუხემ ზედმეტად მიიღო (2332.78- (6585293.05 ლარის 0.01%)658.53)+1674.25 ლარი.

2.8. მიწოდების ვადის 2023 წლის 28 თებერვლის დარღვევის და სამუშაოების 2023 წლის 15 მარტს (16 კალენდარული დღის ვადის გადაცილება) შესრულების საფუძველზე ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, ამავე ხელშეკრულების 9.5 პუნქტის შესაბამისად, მიწოდების ვადის დარღვევისათვის, მოსარჩელეს 23.03.23წ. დაეკისრა პირგასამტეხლო, ყოველ დღეზე (16 დღე) ხელშეკრულების ღირებულების (11663855.08 ლარი) 0.02%-ის ოდენობით, ჯამში 37324.34 ლარი. ვინაიდან 23.03.23 წ. შესრულებული იყო 5960550.06 ლარის სამუშაოები, პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშებულიყო (11663855.08-5960550.06_=5703305.02 ლარიდან და 0.01%-ის ოდენობით, შესაბამისად მოპასუხემ ზედმეტად მიიღო (37324.34-(5703305.02 ლარის 0.01%*16)9125.28)=28199.06 ლარი.

2.9. მიწოდების ვადის 2023 წლის 28 თებერვლის დარღვევისათვის, 2023 წლის 16 მარტი - 24 ივლისის ჩათვლით პერიოდზე (131 კალენდარული დღის ვადის გადაცილება). ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, ამავე ხელშეკრულების 9.5 პუნქტის შესაბამისად მიწოდების ვადის დარღვევისათვის, მოსარჩელეს 27.07.23წ. დაეკისრა პირგასამტეხლო, ყოველ დღეზე (131 დღე), ხელშეკრულების ღირებულების (11746988.57 ლარი) 0.02%-ის ოდენობით, ჯამში 307771.11 ლარი. ვინაიდან 27.07.23წ. შესრულებული იყო 8460844.23 ლარის სამუშაოები, პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშებულიყო (11746988.57-8460844.23)=3286144.34 ლარიდან და 0.01%-ის ოდენობით, შესაბამისად მოპასუხემ ზედმეტად მიიღო (307771.11-(3286144.34 ლარის 0.01%*131)43048.36)=264772.75 ლარი. აღნიშნული თანხები დაკავებულ იქნა მოსარჩელის მიერ უკვე შესრულებული სამუშაოების ასანაზღაურებელი თანხიდან.

3. მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეები თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე, შეთანხმდნენ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების არსებით პირობებზე, მათ შორის, განსაზღვრეს ხელშეკრულების ღირებულება, მიმწოდებლის მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და, ასევე, ხელშეკრულების პირობების დარღვევის შედეგებიც.

3.2. მოპასუხემ არ გაიზიარა მოსარჩელის აპელირება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში მისგან დამოუკიდებელი, ხელშემშლელი გარემოებების არსებობის შესახებ. მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება არ შეიცავდა ინფორმაციას კონკრეტულად რამდენი საათი წვიმდა ამა თუ იმ დღეს. ე.წ ნალექიანი/ქარიანი ამინდი, იყო თუ არა წვიმის სახით, შესაბამისი მტკიცებულებით არ დასტურდებოდა, ხოლო ხელშეკრულება ფორს-მაჟორს სრულიად სხვაგვარ მოვლენად განმარტავდა.

3.3. შესაგებლის თანახმად, 2022 წლის 21 ნოემბრის შეთანხმების შესაბამისად, მოსარჩელეს სამუშაოები უნდა დაესრულებინა 2023 წლის 28 თებერვლამდე, თუმცა, ბოლო ორი მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდებოდა, რომ მან დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და შესრულებული სამუშაოების შესახებ ექსპერტიზის დასკვნა წარმოადგინა 2023 წლის 22 მარტს და იმავე წლის 26 ივლისს. ნიშანდობლივია ისიც, რომ საბოლოო მიღება- ჩაბარების მხარესთან არ გაფორმებულა, ვინაიდან მოცემულ დრომდე არ ჰქონდა სამუშაოები დამთავრებული.

3.4. შესაგებელში აღნიშნულია, რომ დაკისრებული პირგასამტეხლო შეესაბამება მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე შეთანხმებულ ოდენობას, დარღვევის ხასიათს და პირგასამტეხლოს ფუნქციას. მოპასუხემ ასევე, აღნიშნა, რომ მოსარჩელე, ერთი მხრივ, მიუთითებდა, ხელშეკრულებით ნაკისრი პირობების შეუსრულებლობიდან გამომდინარე დარღვევების არაარსებითობაზე და არ დაეთანხმა დაკისრებულ სანქციებს, ხოლო მეორე მხრივ, აღიარა ხელშეკრულებით ნაკისრი პირობების დარღვევა და ითხოვა დაკისრებული საჯარიმო სანქციების შემცირება.

3.5. მოპასუხემ მიუთითა ხელშეკრულების 7.3 პუნქტზე, რომლის თანახმად - „იმ შემთხვევაში თუ ამ ხელშეკრულების მე-15 მუხლით გათვალისწინებული წესით საჯარიმო სანქციის გამოყენებასთან დაკავშირებით შეტყობინების მიღებიდან 7.2 პუნქტით გათვალისწინებულ ანგარიშსწორებამდე მიმწოდებლის მიერ არ იქნა წარდგენილი საჯარიმო სანქციით დაკისრებული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, შემსყიდველი ვალდებულია მიღება ჩაბარების აქტით განსაზღვრული შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურებისას, ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო საჯარიმო სანქციით დაკისრებული თანხა დაუქვითოს მიმწოდებელს, რის შემდეგაც მიმწოდებელს ჩაერიცხება დარჩენილი თანხა“. იმისათვის, რომ განხორციელებულიყო გაქვითვა, აუცილებელია არსებობდეს გარიგების ნამდვილობის ყველა წინაპირობა, ამასთან, უფლებამოსილი პირის მიერ გაქვითვაზე გამოვლენილი ნება, რომელიც ადრესატს მიუვიდა. ამასთან, მოპასუხემ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მოთხოვნით პირგასამტეხლოს თანხის შემცირება, აზრს უკარგავდა ამ ინსტიტუტის არსებობას, მის ქმედითობას და ამგვარი პრაქტიკის დამკვიდრება ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისა თუ შეუსრულებლობის წახალისების საშუალებად შეიძლება ყოფილიყო განხილული.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შემცირდა მოპასუხის მიერ, სამუშაოს დაწყების ვადის დარღვევისათვის მოსარჩელისათვის დარიცხული პირგასამტეხლო და მისი ოდენობა განისაზღვრა 1 317.05 ლარით. ამავე გადაწყვეტილებით შემცირდა მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის №12-01230823196 წერილით დაკისრებული პირგასამტეხლო 18 250.4 ლარამდე, ასევე შემცირდა მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის N12-0123208592 წერილით დაკისრებული პირგასამტეხლო 86 069.62 ლარამდე. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა უსაფუძვლოდ მიღებული თანხის 188 958.99 ლარის ოდენობით გადახდის ვალდებულება. ამავე გადაწყვეტილებით, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 3200 ლარისა და იურიდიული მომსახურების ხარჯის - 2 000 ლარის გადახდის ვალდებულება.

4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით – სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. ამავე გადაწყვეტილებზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა შპს „ს.კ–მაც“, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო შპს „ს.კ–ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.5 და მე-2 პუნქტები და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ს.კ–ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შპს „ს.კ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 241 791.16 ლარის გადახდა. ამავე გადაწყვეტილებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისრა სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 6216.48 ლარისა და ამ უკანასკნელის მიერ წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯია - 2000 ლარის გადახდა.

5.2. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა შემკვეთის არგუმენტი მასზედ, რომ მენარდე მეწარმე სუბიექტია და იგი წინასწარ, გაცნობიერებულად დათანხმდა, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს შეთანხმებული ოდენობით გადახდას, რის გამოც სასამართლო არ იყო უფლებამოსილი შეემცირებინა პირგასამტეხლო. პალატამ მოიხმო მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკა და განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად, რადგან პირგასამტეხლოს უმთავრესი მიზანი კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენაა და არა მისი უსაფუძვლო გამდიდრება მოვალის ხარჯზე. მართალია, აპელანტი აპელირებს ასევე იმაზეც, რომ ვადაგადაცილებამ ზიანი მიაყენა საჯარო ინტერესს, მაგრამ მისი ეს ახსნა-განმარტება ზოგადია და მტკიცებულებებით გამყარებული არ არის.

5.3. სააპელაციო პალატამ ასევე, არ გაიზიარა შემკვეთის ის პრეტენზია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა სასამართლოს უნდა დაეანგარიშებინა სრული სახელშეკრულებო თანხიდან და არა შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულებიდან, და აღნიშნულ სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებითაც მოიხმო დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკა.

5.4. მეორე აპელანტის/მენარდის სააპელაციო საჩივრებთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა მიუთითა, რომ ვერ იქნებოდა გაზიარებული მისი მოსაზრება მასზედ, რომ სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო სამუშაოების შესრულების დროს შექმნილი ფორსმაჟორული გარემოებები და პირგასამტეხლო დამატებით უნდა შეემცირებინა, კერძოდ, 0.02%-იდან 0.01%-მდე. პალატამ განმარტა, რომ საქმის მასალებით არ დადასტურდა იმ გარემოებების არსებობა, რომელთაც, აპელანტის განმარტებით, ხელი შეუშალეს სამუშაოების დროულად დასრულებაში. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დარღვეული ვალდებულების ხასიათის, დარღვევით გამოწვეული შესაძლო ზიანის, მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობისა და შეუსრულებელი ვალდებულების მოცულობის გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად შეამცირა პირგასამტეხლო - 347428.23 ლარი, გონივრულ ოდენობამდე - 105637.07 ლარამდე.

5.5. სააპელაციო პალატამ გაიზიარა მეორე აპელანტის/მენარდის შემდეგი სააპელაციო პრეტენზია რომელიც შეეხებოდა იმ გარემოებას, რომ სასამართლომ არასწორად დაიანგარიშა მოპასუხისათვის დასაკისრებელი თანხა, კერძოდ, შემცირებული პირგასამტეხლოს ოდენობის - 105637.07 ლარის გათვალისწინებით, სასამართლოს მოპასუხისათვის უნდა დაეკისრებინა 241791.16 ლარი და არა 188958.99 ლარი. სააპელაციო პალატის აზრით, როგორც გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილით, ასევე, ამავე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით ირკვევა, რომ სასამართლომ შეამცირა დარიცხული პირგასამტეხლო 2332.78 ლარი 1317.05 ლარამდე, 37324.34 ლარი - 18250.40 ლარამდე, ხოლო 307771.11 ლარი - 86 069.62 ლარამდე, ანუ დამკვეთის მიერ დარიცხული პირგასამტეხლო - 347428.23 ლარი, ჯამში შემცირდა 105637.07 ლარამდე (1317.05+18250.40+86069.62). შესაბამისად, პალატის აზრით, სწორედ ამ თანხის - 105637.05 ლარის, ნარდობის საზღაურში გაქვითვის უფლება ჰქონდა დამკვეთს, სხვაობა კი - 241791.16 (347428.23-105637.05=241791.16) ლარი გადასახდელად უნდა დაჰკისრებოდა მოპასუხეს.

5.6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

6.1. კასატორი არ იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ განხორციელებულ სამართლებრივ შეფასებას და მიიჩნევს, რომ მოპასუხისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო არ უზრუნველყოფს ვადის დამრღვევი პირისთვის შესაბამის სანქცირებას. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ხელშეკრულების მეორე მხარე წარმოადგენს საჯაროსამართლებრივი ინტერესების დამცველ სუბიექტს. მნიშვნელოვანია სასამართლოს მიერ შეფასდეს, კერძო და საჯარო ინტერესის პროპორციულობა, სასამართლომ უპირატესობა არ უნდა მიანიჭოს ერთი მხრივ, მეწარმე სუბიექტის კერძო ინტერესს და აღნიშნულის საწინააღმდეგოდ სამართლებრივი დაცვის გარეშე არ უნდა დარჩეს ის საჯარო ინტერესი, რომლის დამცველ მხარესაც მოპასუხე წარმოადგენს.

6.2. მისივე მტკიცებით, მოსარჩელე თავიდანვე არღვევდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, ამ გარემოების მამტკიცებელ ერთ-ერთ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მოსარჩელემ თავიდანვე, კალენდარული გეგმა-გრაფიკის ვადის დარღვევით წარმოადგინა. კასატორი აცხადებს, რომ ასევე, სახეზე არ ყოფილა ხელშეკრულებით შეთანხმებული ფორსმაჟორული გარემოებები, ვინაიდან ერთი მხრივ, ამგვარი გარემოებები არ დასტურდება საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ხოლო მეორე მხრივ, არ დგინდება, რომ არსებული მეტეოროლოგიური პირობების გამო, რეალურად შეფერხდა სამუშაო პროცესი.

6.3. კასატორი მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ხელშეკრულებით ნაკისრი პირობების შეუსრულებლობიდან გამომდინარე დარღვევების არაარსებითობაზე მიუთითებს და შესაბამისად არ ეთანხმება დაკისრებულ სანქციებს, თუმცა ამავდროულად, აღიარებს ხელშეკრულები ნაკისრი პირობების დარღვევას და აქედან გამომდინარე ითხოვს დაკისრებული საჯარიმო სანქციების შემცირებას, რაც უკანონოა.

6.4. კასატორი აცხადებს, რომ სრულიად კანონიერი იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გამოთვლის მექანიზმიც, რომელიც ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს გამოთვლას. კასატორის აზრით, იმ პირობებში, როდესაც შემსრულებელს სადავოდ არ გაუხდია ხელშეკრულების არცერთი პუნქტი და როდესაც იგი ეთანხმება ხელშეკრულების შინაარსს, გაურკვეველია თუ რა საფუძვლით მიიჩნია ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლომ პირგასამტეხლოდ რიცხვი შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად, მით უფრო მაშინ როდესაც, ხელშეკრულების კონტრაჰენტი მეწარმეა და მან თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში აიღო სწორედ ამ ოდენობის პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება.

6.5. კასატორი ამტკიცებს, რომ ხელშეკრულების 7.3 პუნქტის შესაბამისად, „იმ შემთხვევაში თუ ამ ხელშეკრულების მე-15 მუხლით გათვალისწინებული წესით _ საჯარიმო სანქციის გამოყენებასთან დაკავშირებით შეტყობინების მიღებიდან 7.2 პუნქტით გათვალისწინებულ ანგარიშსწორებამდე მიმწოდებლის მიერ არ იქნა წარდგენილი საჯარიმო სანქციით დაკისრებული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, შემსყიდველი ვალდებულია მიღება-ჩაბარების აქტით განსაზღვრული შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურებისას, ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო საჯარიმო სანქციით დაკისრებული თანხა დაუქვითოს მიმწოდებელს, რის შემდეგაც მიმწოდებელს ჩაერიცხება დარჩენილი თანხა“. ამდენად, იმისათვის, რომ განხორციელდეს გაქვითვა, აუცილებელია არსებობდეს გარიგების ნამდვილობის ყველა წინაპირობა, ამასთან, უფლებამოსილი პირის მიერ გაქვითვაზე გამოვლენილი ნება, რომელიც ადრესატს მიუვიდა (სამოქალაქო კოდექსის 51.1 მუხლი). განსახილველ შემთხვევაში, რამდენადაც მოსარჩელემ დაკისრებული პირგასამტეხლო არ გადაიხადა დათქმულ ვადაში, მოპასუხემ გამოიყენა ვალდებულებათა გაქვითვის თაობაზე სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლით მინიჭებული უფლება. კასატორის მითითებით, შემსყიდველის წერილებით მიმწოდებელს ეცნობა, რომ ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, ამავე ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.6 პუნქტის შესაბამისად, სამუშაოს დასრულების ვადის დარღვევისათვის დაეკისრა პირგასამტეხლო. ამასთან, ეთხოვა, რომ უმოკლეს ვადაში გადაეხადა საჯარიმო თანხა და წარედგინა დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოპასუხე იტოვებდა უფლებას გაეტარებინა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები. ამდენად კასატორს უფლება ჰქონდა გაექვითა არა ხელშეკრულების შეუსრულებელი ოდენობის მიხედვით, არამედ ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან გამომდინარე.

6.6. რაც შეეხება სასამართლოს მხრიდან დაკმაყოფილებული პროპორციულად მოსარჩელის სასარგებლოდ უსაფუძვლოდ მიღებული თანხის - 241 791,16 ლარის დაკისრებას, კასატორი მიიჩნევს, რომ იგი დაუსაბუთებელია ვინაიდან მსგავსი გადაწყვეტილებით სასამართლო პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს მეწარმე სუბიექტს, რითიც ხელს უწყობს მანკიერი პრაქტიკის დადგენის საშიშროებას. კასატორის აზრით, თუ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების მოთხოვნა კვალიფიციური შედავების ფორმით არ მოხდება, მაშინ სასამართლოს ხელთ აქვს მხოლოდ მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე დადებული ხელშეკრულება, რომლის შეცვლაც მას, საკუთარი ინიციატივით, არ შეუძლია. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე საერთოდ არ შედავებია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობას, მათ შორის მის გაანგარიშების წესს. შესაბამისად მისი შეცვლა სასამართლოს არ შეეძლო და 241 791,16 ლარის დაკისრების სამართლებრივი საფუძველიც არ არსებობდა.

6.7. კასატორი პრეტენზიას აცხადებს მოსარჩელის სასარგებლოდ ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურების შესახებაც და მიიჩნევს, რომ იგი დაუსაბუთებელია ვინაიდან, მოსარჩელეს დავის განხილვის არცერთ ეტაპზე, არ მოუთხოვია საადვოკატო მომსახურების ანაზღაურება, მხოლოდ ის ფაქტი კი, რომ მას მტკიცებულების სახით ჰქონდა დართული ადვოკატის მომსახურების ხელშეკრულება, არ ნიშნავს, რომ სასამართლოს ეს ხარჯი მოთხოვნის გარეშე უნდა მიაკუთვნოს.

6.8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 29 ივლისის განჩინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

7. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

11. საკასაციო პალატის განსჯით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც დადგენილად მიიჩნევა შემდეგი:

- მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N08.06.04/30/209 ხელშეკრულება, რომლის საგანსაც ქ. თბილისში, ............. მიმდებარედ, 180-ე საჯარო სკოლასთან (ს/კ..........) მულტიფუნქციური სპორტული ცენტრის მშენებლობის სამუშაოები წარმოადგენდა. ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღად განისაზღვრა 2021 წლის 18 ოქტომბერი, ხოლო მოქმედების ვადა - 2026 წლის 01 მარტის ჩათვლით;

- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №08.06.04/30/209 ხელშეკრულების პირობების თანახმად, ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 10 846 578 ლარს, ყველა გადასახადის ჩათვლით. ამავე ხელშეკრულების 3.1. ქვეპუნქტის თანახმად, სამუშაოების მიწოდების ვადა - ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 400 (ოთხასი) კალენდარული დღის ოდენობით;

- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №08.06.04/30/209 ხელშეკრულებით, განსაზღვრულ იქნა საჯარიმო სანქციები, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისთვის. კერძოდ: ხელშეკრულების 9.3 ქვეპუნქტის თანახმად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმის გადახდა ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 0.02%-ის ოდენობით. ხოლო ხელშეკრულების 9.5 ქვეპუნქტის თანახმად, მიწოდების ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო, ხელშეკრულების ღირებულების 0.02%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №08.06.04/30/209 ხელშეკრულების 11.1. ქვეპუნქტში მოცემულია ფორს-მაჟორის განმარტება, კერძოდ: „ფორსმაჟორი - სტიქიური მოვლენები, გაფიცვები, საბოტაჟი ან სხვა საწარმოო არეულობა, სამოქალაქო მღელვარება, ომი, ბლოკადა, აჯანყება, მიწისძვრა, მეწყერების ჩამოწოლა, ეპიდემია, წყალდიდობა და სხვა მსგავსი მოვლენები, რომელიც არ ექვემდებარება მხარეთა კონტროლს და რომელთა თავიდან აცილებაც მათ მიერ შეუძლებელია. ფორსმაჟორად არ ითვლება მიმწოდებლის ფინანსური მდგომარეობის გაუარესება, თუ ეს ჩამოთვლილ მოვლენებთან არ არის დაკავშირებული. ამ დროს მხარეებს შორის ხელშეკრულების შესაბამისად გადასახდელ თანხაზე ფორსმაჟორის შემთხვევაში გათვალისწინებული შეღავათები არ ვრცელდება“. ამავე ხელშეკრულების 11.2. ქვეპუნქტის თანახმად, „ხელშეკრულების პირობების ან რომელიმე მათგანის მოქმედების შეჩერება ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო არ იქნება განხილული როგორც ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა ან დარღვევა და არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას“. ხოლო 11.3 ქვეპუნქტის თანახმად, „ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში, ხელშეკრულების დამდებმა მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობის მიხდევით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელნი იქნებიან ფორს-მაჟორული გარემოებების ზეგავლენისაგან“;

- 2022 წლის 21 ნოემბერს, მოსარჩელის მიერ, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდული საქმეთა საქალაქო სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისთვის გაგზავნილი წერილის თანახმად, გაგზავნილ იქნა ქ. თბილისში, .......... მიმდებარედ, 180-ე საჯარო სკოლასთან, მულტიფუნქციური სპორტული ცენტრის მშენებლობის სამუშაოების დაექსპერტებულ კორექტირებული პროექტები შესაბამის ხარჯთაღრიცხვასთან ერთად. წარმოდგენილ კორექტირებულ საპროექტო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით ეცნობა შემდეგი: „სამშენებლო სამუშაოების წარმოების პროცესში დამკვეთთან შეთანხმებით, დაკორექტირდა არქიტექტურული პროექტი: შიდა მოპირკეთება, იატაკების მოწყობის ტექნოლოგია, ფასადის მოსახვის სამუშაოები და ა.შ. კონსტრუქციული პროექტი; ელექტრო სისტემის მოწყობის პროექტი და ვენტილაცია-გათბობა-გაგრილების პროექტი თავისი შესაბამისი ხარჯთაღრიცხვებით. ზემოაღნიშნული პროექტების კორექტირებების წარმოების, შესაბამისი ხარჯთაღრიცხვის მომზადების და საექსპერტო დასკვნების მომზადების ვადამ დღეის მდგომარეობით შეადგინა დაახლოებით 90 კალენდარული დღე, შესაბასამისად, ამ პერიოდის განმავლობაში კორექტირებული პროექტებით გათვალისწინებული სამუშაოები იყო შეჩერებული. აღნიშნული ცვლილებების განხორციელების გარეშე, შეუძლებელი იყო ზემოხსენებული პროექტის დასრულება და მიყვანა იმ ეტაპამდე, რომ მულტიფუნქციურ კომპლექსს შეიძლებოდა სრულფასოვანი ფუნქციონირება, დადგენილი და მოქმედი ნორმების შესაბამისად. აგრეთვე პროექტების კორექტირებიდან გამომდინარე, გაჩნდა ხელშეკრულებაში ახლად წარმოქმნილი სამუშაოების დამატებისა და არსებული სამუშაოების მოცულობების ზრდის აუცილებლობა, დაემატა იატაკების მოწყობის სამუშაოების მოცულობები, შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები, შეიცვალა აუზების ფილტრაციის მოწყობის სამუშაოები, შეიცვალა ელექტრო სამონტაჟო სამუშაოების მოცულობები. დამატებითი სამუშაოების შესრულების ვადა, საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმების, კერძოდ Снип – IV- 2-82-ის კალკულაციების მიხედვით განსაზღვრულია 45 კალენდარული დღით. ამასთან ერთად „მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წლის 27 მაისს მიღებული დადგენილება N361-ის მუხლი 10. პუნქტი 8-ის მიხედვით, დაუშვებელია სამონტაჟო სამუშაოთა შესრულება სიმაღლეზე ღია ადგილებში ქარის 15 მ/წმ და მეტი სიჩქარის, ჭექა-ქუხილისა და ნისლის დროს, როდესაც სამუშაო ფრონტის ფარგლებში მხედველობა შეზღუდულია. პანელებისა და მათი მსგავსი კონსტრუქციების გადაადგილება და მონტაჟი 10 მ/წმ და მეტი სიჩქარის ქარის დროს უნდა შეწყდეს. ამასთან დაკავშირებით წარმოგიდგენთ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობას სადაც მითითებულია 10 მ/წმ და ზევით ქარიანი დღეების რაოდენობა ნალექიან დღეებთან ერთად, რამაც შეადგინა 180 კალენდარული დღე. აღნიშნულ დღეებში სამუშაოები მიმდინარეობდა შეფერხებით ან სრულად შეჩერებული, რისი თვითმხილველებიც არიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდული საქმეთა საქალაქო სამსახურის თანამშრომლები და ა(ა)იპ თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის ზედამხედველები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ ჩვენდა დამოუკიდებელი მიზეზების გამო, სამშენებლო სამუშაოები შეჩერდა ჯამურად 315 კალენდარული დღით და გთხოვთ აღნიშნული პროექტის მშენებლობის დასრულების ვადად განისაზღვროს წარმოდგენილი კალენდარული გეგმა- გრაფიკის შესაბამისად 2023 წლის 31 მარტი ანუ სამშენებლო სამუშაოების დასრულების ვადა გაგრძელდეს 131 კალენდარული დღით“;

- 2023 წლის 27 თებერვალს, მოსარჩელის დირექტორის მიერ კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდული საქმეთა საქალაქო სამსახურის პირველად სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ეცნობა შემდეგი: „მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე, საქართველოს მთავრობის მიერ, 2014 წლის 27 მაისს მიღებული დადგენილება N361-ის მიხედვით, დაუშვებელია სამონტაჟო სამუშაოთა შესრულება სიმაღლეზე ღია ადგილებში ქარის 15 მ/წმ და მეტი სიჩქარის, ჭექა-ქუხილისა და ნისლის დროს, როდესაც სამუშაო ფრონტის ფარგლებში მხედველობა შეზღუდულია. პანელებისა და მათი მსგავსი კონსტრუქციების გადაადგილება და მონტაჟი 10 მ/წმ და მეტი სიჩქარის დროს უნდა შეწყდეს“. აღნიშნული რეგლამენტის დაცვის მიზნით, ფასადის მოწყობის და გადახურვის მოწყობის სამუშაოები სამშენებლო ობიექტზე შეჩერებული იყო 29 კალენდარული დღის მანძილზე და ამის დასტურად წარმოგიდგენთ შესაბამის მეტეოროლოგიურ ცნობას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ ჩვენდა დამოუკიდებელი მიზეზების გამო, სამშენებლო სამუშაოები შეჩერდა ჯამურად 23 კალენდარული დღით, აღნიშნული პროექტის მშენებლობის დასრულების ვადად განისაზღვროს წარმოდგენილი კალენდარული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად 2023 წლის 22 მარტის ჩათვლით (23 კალენდარული დღე)“. მოსარჩელემ აგრეთვე გააგზავნა საწარმოებელი სამუშაოების მიხედვით შედგენილი კალენდარულ გეგმა-გრაფიკი შესაბამისი დასკვნით და ხელშეკრულებაში დასამატებელი სამუშაოების რესურსული ხარჯთაღრიცხვა შესაბამისი დასკვნით;

- 2023 წლის 24 თებერვლის №10/01/04-243-23 ინსპექტირების ანგარიშის თანახმად, ქ.თბილისში, ................ მიმდებარედ (ს/კ.................) მულტიფუნქციური სპორტული ცენტრის შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების ანალიზის (41-ე დადგენილება) დოკუმენტაცია (მენარდე მიმწოდებელი შპს „ს.კ.“) შესრულებულია ქვეყანაში მოქმედი ტექნიკური რეგულირების დოკუმენტების მოთხოვნების შესაბამისად, სადაც მოცემული ყველა ის ძირითადი საკითხი, რაც სრულყოფილ წარმოდგენას იძლევა შენობა-ნაგებობების შესახებ. წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაცია შესრულებულია სრულყოფილად, მოქმედი სამშენებლო ნორმების, წესებისა და სტანდარტების დაცვით. საპროექტო შენობაში აუცილებელია მოეწყოს პროექტით განსაზღვრული სისტემები, კერძოდ: ავტოსაშხეფი სისტემები, კვამლგამწოვი სისტემები, სახანძრო განგაშისა, კვამლ აღმომჩენი და ცეცხლაღმომჩენი სისტემები, სახანძრო მილდგარები, ხელის ცეცხლმაქრები და საავარიო განგაშის სისტემები. პროექტს ეძლევა დადებითი შეფასება და რეკომენდაცია განსახორციელებლად;

- საქართველოს შსს-ს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სსიპ სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს 2023 წლის 28 თებერვლის #MIA42300586474 წერილის თანახმად, ქ.თბილისში, ............ მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ................) ასაშენებელი მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის არქიტექტურული და ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სისტემების: სახანძრო სიგნალიზაციის, ხანძრის ავტომატური ჩაქრობის, ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების (შიდა, გარე), ტექსტური შეტყობინების, კვამლსაწინააღმდეგო ვენტილაციის და ელ. მომარაგების პროექტები, შეესაბამება სახანძრო უსაფრთხოების მარეგულირებელი ნორმების, ტექნიკურ რეგლამენტების და სტანდარტების მოთხოვნებს;

- სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება-საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, ზედამხედველობის დეპარტამენტის 2023 წლის 23 მარტის მიმართვის თანახმად, ქ.თბილისში, .......... მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ................) ასაშენებელი მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის შენობაში, „ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის N41 დადგენილების შესაბამისად აუცილებელია მოწყობილო იქნეს კვამლსაწინააღმდეგო ვენტილაცია. შენობის ექსპლუატაციაში მიღების დროს აღნიშნული სისტემა უნდა იყოს გამართული და მუშა მდგომარეობაში;

- 2022 წლის 28 დეკემბრიდან 2023 წლის 21 თებერვლის ჩათვლით ნალექი აღინიშნა: 01,03,04,05,06,07,13,14,20,21 დეკემბერს (2022 წელი); 07,08,09,10,11,12,13,21,29,31 იანვარს (2023 წელი); 02,06,07,10,11,13,16,20,21 თებერვალს (სულ-29 დღე). 2022 წლის 28 დეკემბერს ქარის სიჩქარე შეადგენდა 17მ/წმ, 29 დეკემბერს - 19 მ/წმ, 30 დეკემბერს - 21 მ/წმ, 2023 წლის 02 იანვარს - 10 მ/წმ, 04 იანვარს - 14 მ/წმ, 05 იანვარს - 22 მ/წმ, 06 იანვარს - 10 მ/წმ, 07 იანვარს - 22 მ/წმ, 08 იანვარს - 20 მ/წმ, 30 იანვარს - 11 მ/წმ, 03 თებერვალს - 16 მ/წმ, 07 თებერვალს - 14 მ/წმ, 08 თებერვალს - 21 მ/წმ, 09 თებერვალს - 13 მ/წმ, 13 თებერვალს - 18 მ/წმ, 14 თებერვალს - 25 მ/წმ, 15 თებერვალს - 12 მ/წმ, 16 თებერვალს - 13 მ/წმ, 17 თებერვალს - 18 მ/წმ, 18 თებერვალს - 10 მ/წმ, 19 თებერვალს - 13 მ/წმ, 20 თებერვალს - 14 მ/წმ, 21 თებერვალს - 25 მ/წმ. 2021 წლის 18 ოქტომბრიდან 2022 წლის 16 ნოემბრის ჩათვლით, 10 მ/წმ და მეტი სიჩქარის ქარიან დღეთა ჯამურმა რაოდენობამ შეადგინა 395 დღე;

- ექსპერტიზის წინაშე დასმულ შეკითხვაზე: „დასაშვებია თუ არა გარე ფასადის პანელებით მოწყობის და სახურავის სენდვიჩ პანელებით მოწყობის სამუშოების წარმოება, ჩვენს მიერ დანართის სახით წარმოდგენილ ცნობაში მოცემულ დღეებში?“ - სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, საინჟინრო ექსპერტიზის მიერ გაცემულ იქნა შემდეგი შინაარსის N001367723 დასკვნა: „სამშენებლო ნორმების და წესების III-4- 80 „უსაფრთხოების წესები მშენებლობაში“ პუნქტი 12-13-ის და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 მაისს N361 დადგენილებით მიღებული „მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ მუხლი 10-ის (სამონტაჟო სამუშაოები) პუნქტი 8-ის მოთხოვნის თანახმად - დაუშვებელია ღია ადგილებში სიმაღლეზე სამონტაჟო სამუშაოების წარმოება 15 მ/წმ და მეტი სიჩქარის ქარის დროს, ლიპყინულის, ჭექაქუხილის, ნისლის დროს. ვერტიკალური პანელების და მსგავსი კონსტრუქციების გადაადგილება და დაყენება საჭიროა შეწყდეს 10 მ/წმ და მეტი სიჩქარის ქარის დროს. შესაბამისად, გარე ფასადის პანელებით მოწყობის და სახურავის სენდვიჩპანელებით მოწყობის სამუშაოების წარმოება, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულ, დანართის სახით ცნობაში მითითებულ დღეებში დაუშვებელია“;

- 2022 წლის 21 აპრილს, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის თანახმადაც: 1.1. შეტანილ იქნა ცვლილება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში და ხელშეკრულების ღირებულების შეუცვლელად დაკორექტირდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა. 1.2. შეთანხმებას თან ახლავს, კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა. 1.3. შეთანხმებას თან ახლავს, ქალაქ თბილისში, ................ მიმდებარედ 180-ე საჯარო სკოლასთან (ს/კ................) მულტიფუნქციური სპორტული ცენტრის კორექტირებული პროექტის ნახაზები. აღნიშნული შეთანხმების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2022 წლის 21 აპრილიდან;

- 2022 წლის 30 ნოემბერს, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის თანახმადაც სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N08.06.04/30/209 ხელშეკრულებაში შეტანილ იქნა სხვადასხვა სახის ცვლილება, მათ შორის: ხელშეკრულების 2.1. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „2.1. ხელშეკრულების (შესყიდვის) ობიექტია: ქ. თბილისში, ................ მიმდებარედ 180-ე საჯარო სკოლასთან (................) მულტიფუნქციური სპორტული ცენტრის სამშენებლო სამუშაოები“. სამუშაოს მიწოდების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 2023 წლის 28 თებერვლამდე; აგრეთვე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება გაიზარდა 817 277.08 ლარით და ნაცვლად 10846578 ლარისა განისაზღვრა 11663855.08 ლარით. ხოლო მხარეთა შორის 2023 წლის 12 ივლისს გაფორმებული შეთანხმებით სამუშაოების ღირებულება გაიზარდა 83 133.49 ლარით და ნაცვლად 11 663 855.08 ლარისა განისაზღვრა 11746988.57 ლარით;

- მოსარჩელის მიერ, 2022 წლის 10 მაისის მდგომარეობით შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 3 062 221.23 ლარი, 2022 წლის 13 დეკემბრის მდგომარეობით - 2 016 350.72 ლარი, 2022 წლის 30 დეკემბრის მდგომარეობით - 247315.60 ლარი, 2023 წლის 22 მარტის მდგომარეობით - 634672.51 ლარი, ხოლო 2023 წლის 26 ივლისის მდგომარეობით - 2 500294.17 ლარი (ყველა გადასახადის ჩათვლით);

- მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის 2022 წლის 20 დეკემბრის მდგომარეობით დარიცხულმა პირგასამტეხლომ შეადგინა 2332.78 ლარი, 2023 წლის 23 მარტის მდგომარეობით - 37324.34 ლარი, 2023 წლის 27 ივლისის მდგომარეობით - 307771.11 ლარი, 2021 წლის 22 დეკემბრის მდგომარეობით - 2169.32 ლარი;

- 2022 წლის 23 აგვისტოს, არქიტექტორული პროექტების (შიდა მოპირკეთება, იატაკების მოწყობის ტექნოლოგია, ფასადის მოსახვის სამუშაოები და ა.შ. კონსტრუქციული პროექტები, ელექტრო სისტემების მოწყობის პროექტები, ვენტილაციის-გათბობა- გაგრილების პროექტები) კორექტირების მიზნით მიმართა შპს „კ–სს“.

12. განსახილველი დავის ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია მოსარჩელე კომპანიის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების ფაქტის დადგენა, ხოლო ამ გარემოების გადაწყვეტის შემდეგ, იმის შეფასება სწორად დაეკისრა თუ არა მოპასუხეს ზედმეტად დაკავებული პირგასამტეხლოს უკან დაბრუნების მოვალეობა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სამართლებრივი შედეგი, რისი მიღწევაც კასატორს სურს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს ვალდებულებას შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) ამავე კოდექსის მე-400 მუხლის (მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება) 417-ე მუხლის (პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის), ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილისა (ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) და 420-ე მუხლების (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) დანაწესებიდან გამომდინარეობს.

13. პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი (იხ. სუსგ საქმე №ას 848-814-2016, 28 დეკემბერი, 2016 წელი; საქმე №ას-816-767-2015, 19 ნოემბერი, 2015 წელი; საქმე №ას-953-918-2016, 22 ნოემბერი, 2016 წელი).

14. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთის მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება; პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.

15. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (სუსგ №ას-1928-2018, 31.10.2019წ.).

16. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (სუსგ №ას-1511-2018, 26.03.2019წ.; №ას-848-814-2016, 28.12.2016წ.).

17. სასამართლოს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, მაგალითად, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან; პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (სუსგ №ას-1511-2018, 26.03.2019წ.; სუსგ №ას-535-2021, 29.10.2021წ.). კვალიფიციური შედავების გარეშე შეუძლებელია დადგინდეს რამდენად არაგონივრული, შეუსაბამოა პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან. ამდენად, როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი), არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა (ნათია ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17; ასევე იხ.: სუსგ №ას-827-2021, 03.12.2021წ.). ამდენად, რადგან მოვალეს ენიჭება პირგასამტეხლოს ოდენობის კვალიფიციური შეცილების უფლება, ხოლო სასამართლოს მისი შემცირების უფლებამოსილება - მნიშვნელოვანია კრედიტორის ვალდებულების დარღვევის ნაწილში წარმოდგენილი შეფასება დარღვევის მნიშვნელობასთან, ხანგრძლივობასთან და დარღვეულ სახელშეკრულებო ინტერესთან მიმართებით, რაც კრედიტორს მისცემს კვალიფიციურ შესაძლებლობას, შეამციროს სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების პერსპექტივა. სასამართლოს ხელშეკრულების განმარტების პროცესში სახელმძღვანელოდ ექნება არა მხოლოდ მოვალის კვალიფიციური შეცილება პირგასამტეხლოს ოდენობის არაგონივრულობის შესახებ, არამედ კრედიტორის პერსპექტივიდან წარმოჩენილი მისივე სახელშეკრულებო ინტერესის რღვევის ხარისხი (ნათია ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17).

18. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (სუსგ №ას-186-2021, 25.03.2021წ.; სუსგ №ას-535-2021, 29.10.2021წ).

19. ამასთან, მართალია, ნორმის ზემოთ დასახელებული დანაწესი სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის ლეგიტიმური საფუძველია, თუმცა ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და სხვა.

20. საკასაციო პალატა ასევე ხაზს უსვამს პირგასამტეხლოს გაანგარიშების პრინციპს, აღნიშნულ საკითხთან მიმართებით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკა, სადაც განმარტებულია, რომ ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, მართალია, იცავს კრედიტორის ქონებრივ ინტერესს, მაგრამ არღვევს სახელშეკრულებო წონასწორობას და ვერ ასრულებს ვალდებულების დარღვევის პრევენციის ნორმატიულ დანიშნულებას (იხ. სუსგ. №ას-971-2019, 28.10.2019; №ას-581-2019, 31.07.2019; №ას-164-160-2016, 28.07.2016).

21. დამატებით, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციაზე პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის თაობაზე“, რომლის თანახმად, შემსყიდველმა ორგანიზაციემბმა შესაძლებელია განსაზღვრონ პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესასრულებელი ვალდებულების შესაბამისი ღირებულების არაუმეტეს 0.02%-ის ოდენობით, ასევე, ხელშეკრულების ნაწილობრივ შესრულების შემთხვევაში, შესაძლებელია პირგასამტეხლო განისაზღვროს შესასრულებელი (დარჩენილი) ვალდებულების შესაბამისი ღირებულების არაუმეტეს 10%-ის ოდენობით.

22. საკასაციო სასამართლოში, მოცემული დავის განხილვის ეტაპზე, ვინაიდან მოსარჩელე/მენარდეს არ აქვს გასაჩივრებული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც დაეკისრა პირგასამტეხლო, მეტიც, სარჩელით მოთხოვნილია დაკისრებული პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება და არა მისი გაუქმება, რაც იმთავითვე ცხადყოფს, რომ მოსარჩელე აღიარებს მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების ფაქტობრივსამართლებრივ საფუძვლებს, თუმცა სადავოდ ხდის მის ოდენობას. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, არა პირგასამტეხლოს ოდენობის პროცენტულად შემცირება, არამედ პირგასამტეხლოს გამოთვლის მექანიზმი. სახელდობრ, ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმა მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლო 0,02%-ის ოდენობით არ მიიჩნიეს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად, თუმცა დაასკვნეს, რომ მისი გამოთვლა სრული სახელშეკრულებო ღირებულებიდან იყო გაუმართლებელი და იგი უნდა გამოთვლილიყო შესასრულებელი ვალდებულების ოდენობიდან.

23. საკასაციო პალატას, დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად (იხ. განჩინების 19-21-ე პარაგრაფები) მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებული სამათლებრივი შეფასება განახორციელა და სწორად დაასკვნა, რომ პირგასამტეხლოს დაანგარიშება უნდა მომხდარიყო არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ ვალდებულების შეუსრულებელი ნაწილის ღირებულებიდან, გამომდინარე. ამ დასკვნას, რა თქმა უნდა, ვერ აქარწყლებს ის მითითება, რომ თითქოს მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია მხარეთა მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს გამოთვლის მექანიზმი, ვინაიდან სარჩელით შედავებულია არამართლზომიერად დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირება და თანხის უკან დაბრუნება, რაც სასამართლოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენების წინაპირობას აძლევდა, ვინაიდან თავად ამ მუხლის დეფინიციითაა განმტკიცებული, რომ სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, პალატა ასკვნის, რომ კასატორის არგუმენტი დაუსაბუთებელია ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს ოდენობა მართებულად დაანგარიშდა შესასრულებელი სამუშაოს ღირებულებიდან 0.02%-ის ოდენობით, კერძოდ: მოპასუხის მიერ სამუშაოების დაწყების ვადის დარღვევისთვის დაკისრებული შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო სწორად განისაზღვრა შეუსრულებელი სამუშაოდან 6585283.05 ლარიდან, რამაც 2332.78 ლარის ნაცვლად მართებულად შეადგინა 1317.05 ლარი. რაც შეეხება მოპასუხის მიერ N12-01230823196 წერილით დაკისრებული პირგასამტეხლოს დაანგარიშებას, პალატის განსჯით, ამ შემთხვევაშიც, სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ მართებულად იმსჯელა, მასზედ, რომ მისი დაანგარიშება უნდა მომხდარიყო შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულებიდან 5703295.06 ლარიდან ყოველ დღეზე (16 დღე) 0.02%-ის ოდენობით, შესაბამისად 37324.34 ლარის ნაცვლად უნდა შემცირებულიყო 18250.4 ლარამდე. ზემოაღნიშნულის მსგავსად, საკასაციო პალატა ასევე, იზიარებს მოპასუხის მიერ N12-0123208592 წერილით მოსარჩელისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ყოველ დღეზე (131 დღე) 0.02%-ის ოდენობით, დაანგარიშების ფორმასაც, რომელიც უნდა მომხდარიყო შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულებიდან - 3285134.34 ლარიდან და 307771.11 ლარის ნაცვლად, უნდა განსაზღვრულიყო 86069,62 ლარით.

24. კასატორის შემდგომი არგუმენტი მიემართება უსაფუძვლოდ მიღებული თანხის - 241 791.16 ლარის, მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებას, რასაც დაუსაბუთებლობის გამო, არ ეთანხმება კასატორი. საკასაციო პალატა არც ამ არგუმენტს იზიარებს და მოიხმობს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება, გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო, არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში, ასევე 979.1 მუხლის თანახმად, უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე, სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით. შესაბამისად, ვინაიდან ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლომ მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო მიიჩნია შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად და დაადგინა მისი შემცირების ვალდებულება, ასევე ვინაიდან წინამდებარე განჩინებით საკასაციო პალატამ მართლზომიერად მიიჩნია დაკისრებული პირგასამტეხლოს გამოთვლის მექანიზმის დაკორექტირება, ცხადია დასაბუთებულია სარჩელი იმ ნაწილშიც, რომლითაც უკანონოდ დაკავებული თანხის უკან დაბრუნებაა მოთხოვნილი. სახელდობრ, საქმეზე დადგენილია რომ სასამართლომ შეამცირა დარიცხული პირგასამტეხლო 2332.78 ლარი 1317.05 ლარამდე, 37324.34 ლარი - 18250.40 ლარამდე, ხოლო 307771.11 ლარი - 86069.62 ლარამდე, ანუ დამკვეთის მიერ დარიცხული პირგასამტეხლო - 347428.23 ლარი, ჯამში შემცირდა 105637.07 ლარამდე (1317.05+18250.40+86069.62). შესაბამისად, სწორედ ამ თანხის - 105637.07 ლარის, ნარდობის საზღაურში გაქვითვის უფლება ჰქონდა დამკვეთს, სხვაობა კი - 241791.16 (347428.23-105637.07=241 791.16) ლარი გადასახდელად მართებულად დაეკისრა მოპასუხეს, უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებიდან გამომდინარე.

25. საკასაციო პალატა ასევე, დაუსაბუთებლად მიიჩნევს კასატორის შედავებას მოსარჩელის სასარგებლოდ იურიდიული მომსახურების საფასურის დაკისრების შესახებ, რაც ემყარება იმ გარემოებას, რომ მხარეს ძირითად სარჩელით არ მოუთხოვია ადვოკატის ხარჯის ანაზღაურება. საკასაციო პალატა კასატორს განუმარტავს, რომ მოგებული მხარის სასარგებლოდ წაგებული მხარისათვის პროცესის ხარჯების დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები მოცემულია საპროცესო კოდექსის 53-ე და 54-ე მუხლებში. ზოგადი პრინციპი ასეთია - იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ იურიდიული მომსახურების სანაცვლოდ, სამართალწარმოების წესით, მოწინააღმდეგე მხარისთვის თანხის გადახდის დაკისრება, ერთმნიშვნელოვნად საქმეში შესაბამისი მტკიცებულების არსებობასთან, ან რაიმე კონკრეტული სახით სარჩელში მის მოთხოვნასთან, დაკავშირებული არ არის, კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკით, აღიარებულია, რომ საადვოკატო მომსახურება არ არის უსასყიდლო (იხ. სუსგ-ები: №ას-1161-1116-2016, 12.10.2017წ; №ას-1448-2020, 5.02.2021წ.). ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრეცედენტული სამართლის თანახმადაც, მხარისთვის იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმა, არ შეიძლება ემყარებოდეს მხოლოდ იმ გარემოებას, რომ მას გაწეული ხარჯების თაობაზე მტკიცებულება არ წარმოუდგენია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მხარეს იურიდიული მომსახურების საფასურის გადახდის თაობაზე წარმოდგენილი არ აქვს მტკიცებულება, სასამართლოს შეუძლია, ივარაუდოს, რომ ამგვარი მომსახურება უფასო არ იქნებოდა, შესაბამისად, მხარეს შეიძლება მიაკუთვნოს იურიდიული მომსახურების ხარჯების ანაზღაურება გონივრულობის ფარგლებში. სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმდენით, რამდენითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული სამოქალაქო უფლების დარღვევის აღსაკვეთად (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ, ასევე. იხ. სუსგ. №ას-1123-2021, 1.12.2021 წ.). მოხმობილი მსჯელობის უკუსამართლებრივი დასკვნით, შეიძლება დავასკვნათ, რომ მოსარჩელის მიერ ადვოკატისათვის ჰონორარის გადახდის დამადასტურბელი ქვითრის სასამართლოსათვის წარდგენა სწორედ იმას ნიშნავს, რომ ეს უკანასკნელი ითხოვს მოპასუხისათვის ამ ხარჯის გადახდის დაკისრებას სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში. საკასაციო პალატა იზიარებს იმ მოსაზრებასაც, რომ სასამართლომ ეს თხოვნა უნდა განიხილოს, მიუხედავად იმისა, ჩამოყალიბებულია თუ არა იგი ერთ-ერთი სასარჩელო მოთხოვნის სახით. შესაბამისად, ვერ იქნება გაზიარებული საკასაციო საჩივრის ის პათოსი, რომ კასატორს ადვოკატის ხარჯის ანაზღაურება შესაბამისი მოთხოვნის არარსებობის პირობებში დაეკისრა.

26. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

27. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

28. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. იხ. სუსგ-ები: (იხ. სუსგ. №ას-971-2019, 28.10.2019; №ას-581-2019, 31.07.2019; №ას-164-160-2016, 28.07.2016, №ას-189-2022, 16 სექტემბერი, 2022 წელი,. პ.20- 21; №ას-310-2022, 16 დეკემბერი, 2022 წელი, პ.18; №ას-889-2022, 23 მარტი, №ას-65-2024, 15 აპრილი, 2024 წ., 2023წ; №ას-65-2024, 15 აპრილი, 2024 წ; №1519-2023, 21 ივნისი, 2024 წ; №485- 2024, 28 ივნისი, 2024 წ. №ას-189-2022, 16 სექტემბერი, 2022 წელი,.პ.20-21., №ას-889-2022, 23 მარტი, 2023 წ)., ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

29. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება. თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი