დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 26.06.2026
საქმის ნომერი
ას-440-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
26.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-440-2025 26 ივნისი, 2026 წელი,თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ააიპ „თბილისის განვითარების ფონდი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები – ლ.შ–ძე, მ.კ–ნი, დ.კ–ნი (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 09 ივლისის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. ლ.შ–ძემ, მ.კ–ნმა და დ.კ–ნმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ააიპ „თბილისის განვითარების ფონდის“ მიმართ, მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. 2011 წლის 9 აგვისტოდან ლ.შ–ძე და მ.კ–ნი ცხოვრობენ ქ.თბილისში, ............. მდებარე სამოთახიან ბინაში პირველ სართულზე, ხოლო საადვოკატო ოფისი მოსარჩელე ლ.შ–ძეს დაქირავებული ჰქონდა სახლთან ახლოს, ........ ქუჩა N20-ში.

2.2. მოპასუხის მიერ, ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციის დაწყების შემდეგ, სარეაბილიტაციო პროექტში მოექცა მოსარჩელეთა საცხოვრებელი კორპუსი და ლ.შ–ძის საადვოკატო ოფისი, რის გამოც, ფონდის ინიციატივით, მოუწიათ ფართების დაცლა და დროებით საცხოვრებლად სხვაგან გადასვლა. მოსარჩელეთა კუთვნილი ნივთები, დაახლოებით 15200 ლარის ღირებულების ავეჯი და ასევე, ლ.შ–ძის კუთვნილი 33 ცალი სერტიფიკატი, ფონდის მიერ გადატანილ იქნა დაქირავებულ საწყობში.

2.3. 2021 წლის 18 იანვარს, მოსარჩელეებმა განცხადებით მიმართეს მოპასუხეს საწყობიდან მათი კუთვნილი ავეჯის გადმოტანის თაობაზე. ფონდის ტექნიკურმა დირექტორმა აცნობა მოსარჩელეებს, რომ საწყობში ჭერიდან წყლის ჩამოსვლის გამო, მათი ნივთები სრულად განადგურდა. დაზიანდა, ასევე, ლ.შ–ძის კუთვნილი 33 ცალი სერტიფიკატი.

2.4. სარჩელის თანახმად, მოსარჩელეებთან ერთად ცხოვრობდა მათი არასრულწლოვანი შვილი - დ.კ–ნი, რომელმაც საცხოვრებლის შეცვლით, არასათანადო პირობებში ყოფნით, განიცადა მორალური ზიანი.

3. მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3.2. შესაგებლით თანახმად, მოპასუხე არ წარმოადგენდა პასუხისმგებელ პირს მოსარჩელეთა მატერიალურ/მორალურ ზიანზე, ამასთან, ფონდის დაკვეთით ჩატარებული აუდიტორული დასკვნის თანახმად, მატერიალური ფასეულობების შეფასების თაობაზე, დაზიანებული ნივთების ღირებულება შეადგენდა არა 15200 ლარს, არამედ 6230 ლარს.

3.3. მოპასუხის აზრით, სერტიფიკატების ნაწილში, მოთხოვნა არ აკმაყოფილებდა მორალური ზიანის დასადგენად განსაზღვრულ წინაპირობებს, როგორიც არის სხეულის დაზიანება ან სხვა მსგავსი შედეგი. ამასთან, მოსარჩელე ვერ ადასტურებდა, რომ შეუძლებელი იყო სერტიფიკატების აღდგენა.

3.4. შესაგებლით ასევე უარყოფილ იქნა მოსარჩელეთა მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლების ნაწილში, ვინაიდან ......... ქუჩა N23 წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რომელსაც მნიშვნელოვანი ღირებულების ისტორია გააჩნია და აღნიშნული სადარბაზოს აღდგენის მიზნით განხორციელებული რეაბილიტაციის პროექტის საჯარო ინტერესი მნიშვნელოვნად აღემატება მიყენებულ უმნიშვნელო დისკომფორტს.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ლ.შ–ძის, მ.კ–ნისა და დ.კ–ნის სარჩელი, ააიპ „თბილისის განვითარების ფონდის“ მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე. მოპასუხეს მ.კ–ნისა და ლ.შ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 15 200 ლარისა და 2800 ლარის გადახდა.

4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით, გაასაჩივრა ორივე მოდავე მხარემ.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 09 ივლისის გადაწყვეტილებით, ააიპ „თბილისის განვითარების ფონდის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა ხოლო, ლ.შ–ძის, მ.კ–ნისა და დ.კ–ნის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ლ.შ–ძის, მ. და დ.კ–ნების სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში (გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1-ლი პუნქტი) გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ.შ–ძის, მერაბ და დ.კ–ნების სარჩელი, ააიპ თბილისის განვითარების ფონდის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ააიპ თბილისის განვითარების ფონდისთვის ზიანის სახით 2020 წლის 12 ოქტომბრიდან 2021 წლის 09 ნოემბრამდე ყოველთვიურად 600 ლარის დაკისრების ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ შემდეგი სახით: მოპასუხეს მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ დაეკისრა 5 159.91 ლარის გადახდა სხვა ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5.2. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ააიპ „თბილისის განვითარების ფონდის“ მთავარი არგუმენტი მასზედ, რომ ის საერთოდ არ წარმოადგენდა ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირს, რამეთუ, ხელშეკრულებით მას არ ევალებოდა შეენახა მოსარჩელეების კუთვნილი ნივთები. სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაპყრო საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს და მხარეთა ახსნა-განმარტებებს, რომლითაც დასტურდებოდა, რომ მოპასუხემ იტვირთა ვალდებულება სარეაბილიტაციო ფართში არსებული მოძრავი ნივთები გადაეტანა მის მიერ დაქირავებულ საწყობში პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულებამდე. იმ პირობებში, როდესაც მხარეთა შორის სადავო არ იყო ის გარემოება, რომ მოპასუხემ თავად უზრუნველყო მის მიერვე ნაქირავებ საწყობში მოსარჩელის ნივთების შენახვა, რა თქმა უნდა, გულისხმობდა მის ვალდებულებასაც გამოეჩინა მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი სათანადო გულისხმიერება და ეზრუნა ბენეფიციარების საკუთრებაში არსებული ნივთების უსაფრთხო შენახვაზე, გაეთვალისწინებინა მათი ინტერესები. მეტიც, პალატის აზრით, იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ თავად უზრუნველყო მის მიერვე ნაქირავებ საწყობში მოსარჩელის ნივთების შენახვა, ნიშნავდა, რომ ფაქტობრივად მხარეთა შორის წარმოიშვა მიბარების სახელშეკრულებო ურთიერთობა და მოპასუხე, როგორც შემნახველი ვალდებული იყო სათანადოდ შეენახა მისთვის ჩაბარებული მოსარჩელის კუთვნილი ნივთები.

5.3. სააპელაციო პალატამ ასევე, არ გაიზიარა ააიპ „თბილისის განვითარების ფონდის“ ის არგუმენტიც, რომ თითქოს აუდიტორულ შეფასებაში ჩამოთვლილი ყველა მოძრავი ნივთი არ ინახებოდა საწყობში, შესაბამისად, მათი ღირებულება (სრულად) არ უნდა დაჰკისრებოდა მოპასუხეს. პალატის მითითებით, მოდავე მხარეთა შორის გაფორმებულ 2021 წლის 3 თებერვლის ოქმში აღწერილი ნივთების ჩამონათვალი და მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აუდიტის დასკვნაში არსებული მოძრავი ნივთების ჩამონათვალი ემთხვეოდა ერთმანეთს. ამასთან, სადავო არ იყო მოწინააღმდეგე მხარეების/მოსარჩელეების კუთვნილი ნივთების დაზიანების ფაქტი, რაც გამოიწვია ააიპ „თბილისის განვითარების ფონდის“ მფლობელობაში არსებულ საწყობში ჭერიდან წყლის ჩამოსვლამ. პალატის მითითებით, 2021 წლის 03 თებერვლის ოქმი შეიცავდა დაზიანებული ნივთების ჩამონათვალს და დათქმას იმის თაობაზე, რომ მოძრავი ნივთების 90% გამოუსადეგარი იყო, რაც სამოქალაქო კოდექსის 785-ე მუხლის თანახმად, შემნახველისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების სამართლებრივი წინაპირობა იყო.

5.4. სააპელაციო პალატამ მატერიალური ზიანის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით, სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და მიიჩნია, რომ სარწმუნოობის თვალსაზრისით უფრო სანდო და გასაზიარებელი იყო მოსარჩელეების მიერ წარმოდგენილი დასკვნა, რამეთუ ის ჩატარდა ოქმში ჩამოთვლილი დაზიანებული ნივთების შეფასებით, რომელიც შეთანხმდა მხარეთა შორის დაზიანებული ნივთების აღწერისას. ამასთან, შეფასების პროცესი მოიცავდა შესაფასებელი ავეჯის და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ინფორმაციის მოძიებას, საბაზრო ღირებულების შეფასებას და შეფასების დასკვნის მომზადებას. შეფასების მეთოდებში გამოყენებული იყო სამი ძირითადი მიდგომა: გაყიდვების შედარების მიდგომა, დანახარჯების მიდგომა და შემოსავლების მიდგომა. რაც შეეხება მოპასუხის მიერ წარმოდგენილ დასკვნას, აღნიშნული დასკვნა არ იყო სრული/სრულყოფილი, თავად მოპასუხე/აპელანტი ადასტურებდა, რომ დასკვნაში არ იყო შეფასებული ოქმში მითითებული ყველა ნივთის ღირებულება, რაც ამ მტკიცებულების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი მართებულად გახდა.

5.5. მოპასუხისთვის რკინის ცხაურების ღირებულების - 2800 ლარის, გადახდის დაკისრების თაობაზე, პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელე მ.კ–ნის კუთვნილ უძრავ ქონებაში, მდებარე ქ. თბილისში, ......... ქუჩა N23-ში, პირველ სართულზე, ბინის ფანჯრებს ჰქონდა რკინის ცხაურები, რომელთა მოხსნაც განხორციელდა რეაბილიტაციის ფარგლებში. რეაბილიტაციის დასრულების შემდგომ, რკინის ცხაურები მოპასუხეს მოსარჩელისთვის არ დაუბრუნებია და არც ფანჯრებზე არ დაუმონტაჟებია. სასამართლო სხდომაზე, მოწმის სახით დაიკითხა იმ კომპანიის ტექნიკური განყოფილების უფროსი, რომელიც ახორციელებდა მოსარჩელეთა ბინაში ტექნიკურ სამუშაოებს. მოწმემ დაადასტურა ის გარემოება, რომ რემონტის დაწყებამდე, რეაბილიტაციის ფარგლებში მოიხსნა ფანჯრებზე დაყენებული ცხაურები, რომელიც შემდგომ დამონტაჟებულა, თუმცა მოწმემ აღნიშნა, რომ ახალი ცხაურების დაყენება არ იყო გათვალისწინებული პროექტით. ამასთან, შემდგომ პროექტი შეიცვალა და დაემატა გისოსების მონტაჟი მეორე და მესამე სართულზე ეზოს მხარეს, თუმცა მოსარჩელეების საცხოვრებელ ბინაში გისოსები არ გაკეთებულა (იხ. 2023 წლის 25 აპრილის სხდომის ოქმი, 13:55:56-დან). საქმეში წარმოდგენილია 2021 წლის 12 ივლისის ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც დასტურდება, რომ მოსარჩელემ დაუკვეთა შემსრულებელს ინდ. მეწარმეს მის საცხოვრებელ ბინაში, 4 ფანჯარაზე რკინის ცხაურების დამზადება და მონტაჟი. ნარდობის ხელშეკრულების 3.1. პუნქტის საფუძველზე, რკინის ცხაურების დამზადების და მონტაჟის ღირებულება განისაზღვრა 2800 ლარით. შესაბამისად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებით, მოსარჩელე ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ რკინის ცხაურების საფასური შეადგენდა - 2800 ლარს, ხოლო მოპასუხეს/აპელანტს არ წარმოუდგენია სასამართლოსთვის მტკიცებულება, რომლითაც დაადასტურებდა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ღირებულება 2800 ლარი იყო შეუსაბამო/მაღალი. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ მას პროექტით არ ევალებოდა ცხაურების დაყენება/მონტაჟი, შესაბამისად, მას არ უნდა დაჰკისრებოდა მისი ღირებულების ანაზღაურება, რამეთუ, ის გარემოება, რომ მოსარჩელეების საცხოვრებელ სახლს ჰქონდა გისოსები (ცხაურები) უდავოდ დადგენილი გარემოება იყო, ასევე უდავო იყო, რომ ზემოაღნიშნული ცხაურები მოიხსნა მოპასუხის მიერ და ისინი მოსარჩელეებს არ დაბრუნებიათ. ამდენად, პალატის აზრით, მიუხედავად იმისა, შედიოდა თუ არა, ცხაურების მონტაჟი მოპასუხის ვალდებულებაში და იყო თუ არა, ეს შესაბამისი პროექტით გათვალისწინებული, მას მაინც ეკისრება მოსარჩელის კუთვნილი (დაკარგული/დაუბრუნებელი) ცხაურის ღირებულების ანაზღაურება, ვინაიდან მას, როგორც ხელშეკრულების კეთილსინდისიერ და გულისხმიერ მხარეს, ევალებოდა, მოპასუხის ბინიდან მოხსნილი ცხაური, თუ რეაბილიტაციის შემდგომ აღარ ამონტაჟებდა ფანჯრებზე, დაებრუნებინა მესაკუთრისთვის.

5.6. სააპელაციო პალატამ ნაწილობრივ დასაბუთებულად მიიჩნია ლ.შ–ძის, მ.კ–ნისა და დ.კ–ნის სააპელაციო საჩივარი მოპასუხისთვის 2020 წლის 12 ოქტომბრიდან 2021 წლის 09 ნოემბრამდე ყოველთვიური 600 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში. ამ მიმართებით სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეთა ახსნა-განმარტებითა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდებოდა, რომ ადგილზე, სადაც მდებარეობს მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთი, მიმდინარეობდა იმ მასშტაბისა და ხასიათის სამუშაოები, რომელთა მიმდინარეობის დროსაც მესაკუთრეთა (მობინადრეთა) იქ ცხოვრება შეუძლებელი იყო. მას შემდეგაც რაც, რეალურად გეგმა-გრაფიკით განსაზღვრული სამუშაოები მოპასუხემ დროულად დაასრულა, მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის სადარბაზოს მდგომარეობა ელემენტარულად სახლში შესვლა-გამოსვლის შესაძლებლობას არ იძლეოდა. პალატის მითითებით, სადავო არ იყო, რომ ადგილზე მიმდინარეობდა გათხრითი, კომუნიკაციების მოწყობითი და სხვა ისეთი სახის სამუშაოები, რომელთა წარმოების დროსაც შეუძლებელი და სამშენებლო უსაფრთხოების თვალსაზრისითაც დაუშვებელი იყო იქ, გარდა მშენებლებისა, სხვა პირთა, მათ შორის, მესაკუთრეთა ყოფნა. ამასთანავე, პალატამ დადგენილად მიიჩნია მოსარჩელის მხრიდან 2020 წლის 12 ოქტომბრიდან საკუთარი ხარჯებით ქირის გადახდის ფაქტი, ასევე უდავოდ იქნა მიჩნეული, რომ სახლის რეაბილიტაციის დასრულების შემდგომ დაიწყო სადარბაზოს რეაბილიტაცია, რასაც დასჭირდა 1 წელი, ხოლო, მას შემდეგ, რაც ფონდმა დაასრულა სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოსარჩელეს 2020 წლის 12 ოქტომბრიდან შეუწყდა ყოველთვიურად ქირის სახით - კომპენსაციის 400 ლარის გადახდა.

5.7. გადასახდელი თანხის ოდენობასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მართალია, სასარჩელო მოთხოვნით, მოსარჩელე ითხოვდა ყოველთვიურად 600 ლარის გადახდას და საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებითაც დასტურდებოდა ამ ოდენობის ქირის გადახდის ფაქტი. თუმცა, სააპელაციო პალატის განსჯით, ვინაიდან საქმეზე უდავოდ დადგენილი გარემოება იყო, რომ საცხოვრებელი ფართის სარეაბილიტაციო მიზნებისათვის გამოთავისუფლების სანაცვლოდ ბენეფიციარს ყოველთვიურად მიეცემოდა თანხა - 400 ლარის ოდენობით, პალატამ მიზანშეწონილად და სამართლიან ოდენობად მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილებულიყო და მოპასუხეს 400 ლარის გადახდის ვალდებულება დაჰკისრებოდა (ჯამში 5159.91 ლარი).

5.8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 09 ივლისის გადაწყვეტილება, საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა, ააიპ „თბილისის განვითარების ფონდმა“.

6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

6.1. კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, ეწინააღმდეგება კანონს, რის გამოც უნდა გაუქმდეს და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

6.2. კასატორი აღნიშნავს, რომ დაზიანებული ნივთების ღირებულების ანაზღაურება მას უკანონოდ დაეკისრა ვინაიდან მათ შორის მოქმედებდა ერთადერთი ხელშეკრულება, რომლის ძალითაც მოპასუხეს მოსარჩელეების შერჩეულ ადგილზე უნდა მიეტანა და შემდგომ, უკან უნდა დაებრუნებინა მოსარჩელეთა ნივთები. კასატორი მიიჩნევს, რომ ფონდმა გამოიჩინა კეთილი ნება და ვინაიდან მოსარჩელეებმა თავად ვერ უზრუნველყვეს ნივთების ფართიდან გატანა, მათ უფლება მიეცათ ნივთები უსასყიდლოდ განეთავსებინათ მოპასუხის მფლობელობაში არსებულ საწყობში. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ ამ ნაწილში მოთხოვნა დააკმაყოფილა მოქალაქის მიმართ გამოჩენილი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებისა და ჰუმანიზმისთვის, რისი პრაქტიკაში დანერგვაც სახიფათოა. კასატორი დასძენს, რომ ზიანის ოდენობის სამტკიცებლად წარმოდგენილ დასკვნაში უბრალოდ მითითებულია, რომ შესწავლილ იქნა ნივთების საბაზრო ფასი, თუმცა დასკვნას არ ერთვის ფოტომასალა, რაც ექსპერტიზის დასკვნას არასანდო მტკიცებულებად აქცევს.

6.3. კასატორი მიიჩნევს, რომ ცხაურების დამონტაჟების შესახებ მოთხოვნაც დაუსაბუთებლად დაკმაყოფილდა, ვინაიდან ხელშეკრულებით ფონდს ამგვარი ვალდებულება არ გააჩნდა და გამოდის, რომ მას ისეთი ვალდებულების შესრულება დაეკისრა, რომლის შესრულებაც მას არ უკისრია. მეტიც, კასატორი ამტკიცებს, რომ საცხოვრებელი სახლის გარე პერიმეტრზე ცხაურების მოწყობის გონივრული მოლოდინიც კი, ვერ ექნებოდა მხარეს ვინაიდან ამგვარი ვალდებულება არც ხელშეკრულებით იყო შეთანხმებული და არც საპროექტო დოკუმენტაციაში იყო აღწერილი. გარდა ამისა, კასატორი ყურადღებას მიაპყრობს მოწმის ჩვენებაზე, რომელმაც ისაუბრა პროექტის შეცვლის შესახებ და სახლის მეორე და მესამე სართულზე ცხაურების დამონტაჟების შესახებ ვალდებულებაზე, თუმცა ამ პირობებშიც, ვინაიდან მოსარჩელის სახლი პირველ სართულზე მდებარეობდა ფონდი სურვილის შემთხვევაშიც ვერ დაამონტაჟებდა მათ, ვინაიდან ამგვარი ვალდებულება საპროექტო დოკუმენტაციაში არ არსებობდა.

6.4. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მოსარჩელის მიერ გადახდილი ქირის ანაზღაურების თაობაზე და განმარტავს, რომ მართალია რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ მიმდინარეობდა სადარბაზოს რეაბილიტაცია, თუმცა, აღნიშნული ხელს არ უშლიდა არცერთ მესაკუთრეს ესარგებლა ქონებით. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომ სადარბაზოს რეაბილიტაციის პროცესში ბინით ვერ სარგებლობდნენ ან ისევ ქირით ცხოვრობდნენ, რის საფუძველზეც ექნებოდა ქირის მოთხოვნის უფლება.

6.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 28 მარტის განჩინებით, საქართველოს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

7. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

11. საკასაციო პალატის განსჯით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც დადგენილად მიიჩნევა შემდეგი:

- უძრავი ქონების, მდებარე, ქ.თბილისი, ......... ქუჩა N23-ში, ბინა N34-ის მესაკუთრეა მოსარჩელე მ.კ–ნი. მოსარჩელეები ლ.შ–ძე და მ.კ–ნი იმყოფებიან ქორწინებაში. მოსარჩელეებს ლ.შ–ძესა და მ.კ–ნს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი დ.კ–ნი;

- 2011 წლის 09 აგვისტოდან ლ.შ–ძე და მ.კ–ნი ცხოვრობენ ქ.თბილისში, ......... ქუჩა N23-ში მდებარე სამოთახიან ბინაში პირველ სართულზე, ხოლო საადვოკატო ოფისი მოსარჩელე ლ.შ–ძეს დაქირავებული ჰქონდა სახლთან ახლოს ......... ქუჩა N20-ში. ააიპ თბილისის განვითარების ფონდი, ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე არეალის რეაბილიტაციის ფარგლებში ახორციელებდა მოსარჩელის საცხოვრებელი შენობის რეაბილიტაციის პროექტს, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობის რესტავრაციას. სარეაბილიტაციო პროექტში მოექცა მოსარჩელეთა საცხოვრებელი კორპუსი და ლ.შ–ძის საადვოკატო ოფისი;

- 2018 წლის 19 აპრილს, ხელშეკრულების საფუძველზე, მ.კ–ნის მიერ ფართის სარეაბილიტაციო მიზნებისათვის გამოთავისუფლების სანაცვლოდ, ბენეფიციარს ყოველთვიურად მიეცა თანხა 400 ლარის ოდენობით;

- მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელეები გადავიდნენ ალტერნატიულ ფართში, ქ.თბილისში, ......... ქუჩაზე, N19-ში, ხოლო მოსარჩელეთა პირადი ნივთები, მათ შორის ავეჯი და მოსარჩელე ლ.შ–ძის კუთვნილი სერტიფიკატები, მოპასუხის მიერ, ხელშეკრულების ფარგლებში გადატანილ იქნა შესანახად ფონდის მიერვე დაქირავებულ საწყობში;

- 2021 წლის 18 იანვარს, მოსარჩელეებმა განცხადებით მიმართეს მოპასუხეს აეროპორტის საწყობიდან მათი კუთვნილი ავეჯის გადმოტანის თაობაზე. ფონდის ტექნიკურმა დირექტორმა აცნობა მოსარჩელეებს, რომ საწყობში ჭერიდან წყლის ჩამოსვლის გამო, მათ ნივთები, მათ შორის ავეჯი, იყო დაზიანებული. დაზიანებული იყო ასევე ლ.შ–ძის კუთვნილი 33 ცალი სერტიფიკატი. 2021 წლის 03 თებერვალს შედგა ოქმი ნივთების დაზიანების შესახებ;

- 2021 წლის 29 ნოემბერს, საბოლოო მიღება-ჩაბარების N20-10-103/6 აქტის საფუძველზე, დასრულდა ობიექტის რეაბილიტაცია/რესტავრაცია. აღნიშნული დროიდან მოსარჩელეები გადავიდნენ საცხოვრებლად რეაბილიტირებულ საცხოვრებელ ფართში;

- მოსარჩელე მ.კ–ნის კუთვნილ უძრავ ქონებაში, მდებარე ქ.თბილისში, ......... ქუჩა N23-ში, პირველ სართულზე, ბინის ფანჯრებს ჰქონდა რკინის ცხაურები, რომელთა მოხსნაც განხორციელდა რეაბილიტაციის ფარგლებში. რეაბილიტაციის დასრულების შემდგომ, რკინის ცხაურები მოპასუხეს არ დაუბრუნებია მოსარჩელისთვის და არც ფანჯრებზე არ დამონტაჟებულა.

12. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სამართლებრივი შედეგი, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, მოპასუხისათვის ზიანისა და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება სამოქალაქო კოდექსის 785-ე მუხლის (შემნახველი პასუხისმგებელია შესანახად გადაცემული საქონლის დაკარგვით ან/და დაზიანებით მიყენებული ზიანისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამის თავიდან აცილება კეთილსინდისიერ შემნახველსაც არ შეეძლო), 408-ე მუხლის პირველი ნაწილის (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) 394-ე მუხლისა (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის) და სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის დანაწესებიდან (ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი ქმედების უშუალო შედეგს) გამომდინარეობს.

13. კასატორის პირველი პრეტენზია მიემართება მისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ 15 200 ლარის დაკისრების მართლზომიერებას, რაც მისი აზრით, უნდა გამოირიცხოს მხარეთა შორის დაზიანებული ნივთების მოვლის ვალდებულების არარსებობის გამო. ამ არგუმენტს საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ საქმის მასალებში მოთავსებული მტკიცებულებების თანახმად, ააიპ თბილისის განვითარების ფონდი, ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე არეალის რეაბილიტაციის ფარგლებში ახორციელებდა მოსარჩელის საცხოვრებელი შენობის რეაბილიტაციის პროექტს, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობის რესტავრაციას. სარეაბილიტაციო პროექტში მოექცა მოსარჩელეთა საცხოვრებელი კორპუსი და ლ.შ–ძის საადვოკატო ოფისი. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელეები გადავიდნენ ალტერნატიულ ფართში, ქ.თბილისში, ......... ქუჩაზე, N19-ში, ხოლო მოსარჩელეთა პირადი ნივთები, მათ შორის, ავეჯი და მოსარჩელე ლ.შ–ძის კუთვნილი სერტიფიკატები, მოპასუხის მიერ, ხელშეკრულების ფარგლებში, გადატანილ იქნა შესანახად ფონდის მიერვე დაქირავებულ საწყობში. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახეზე არ არის დელიქტური ვალდებულების ფარგლებში ასანაზღაურებელი ზიანი ვინაიდან თავად კასატორის ახსნა-განმარტებიდან გამომდინარეც, იკვეთება მხარეთა შორის ზეპირი მიბარების ხელშეკრულების არსებობისა და მისგან გამოწვეული ზიანის ანაზღაურების წინაპირობები. სამოქალაქო კოდექსის 763-ე მუხლის თანახმად, მიბარების ხელშეკრულებით შემნახველი კისრულობს შეინახოს მიმბარებლის მიერ მისთვის ჩაბარებული მოძრავი ნივთები. მიბარების ხელშეკრულება ფორმასავალდებულო გარიგებას არ წარმოადგენს და მისი დადება შესაძლებელია, როგორც ზეპირად, ასევე წერილობითი ფორმით. ხელშეკრულება ითვლება დადებულად მხარეთა შეთანხმებით და ნივთის ფაქტობრივი გადაცემით (ე.წ. რეალური ხელშეკრულება). საგულისხმოა, რომ კანონი შენახვის განსხვავებულ წესს ადგენს იმისდა მიხედვით, მიბარება უსასყიდლოა თუ სასყიდლიანი. ამავე კოდექსის 765-ე მუხლის თანახმად, თუ მიბარება უსასყიდლოა, მაშინ შემნახველი ვალდებულია, ისეთივე კეთილსინდისიერებით შეინახოს ნივთი, როგორითაც საკუთარ ნივთს შეინახავდა. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს იმ გარემოებას, რომ უსასყიდლო მიბარების შემთხვევაშიც, შემნახველს გარკვეული პასუხისმგებლობა მოეთხოვება მიბარებული ნივთის შენახვაზე. კანონის დათქმა, რომ უსასყიდლო მიბარებისას შემნახველი ნივთს ისე უნდა გაუფრთხილდეს, როგორც საკუთარს, მოიაზრებს, რომ შემნახველი პასუხისმგებლობითა და მზრუნველობით ეკიდება საკუთარ ნივთს. ამდენად, საკუთარი ნივთებისადმი შემნახველის უყაირათო დამოკიდებულება არ ათავისუფლებს მას პასუხისმგებლობისაგან მიბარებულ ნივთთან მიმართებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ნივთის სასყიდლიანი შენახვისას შემნახველს გაძლიერებული გულისხმიერება და პასუხისმგებლობა უნდა მოეთხოვებოდეს, ვიდრე უსასყიდლო შენახვისას, მიუხედავად იმისა, მხარეები შეთანხმებული არიან თუ არა ვალდებულების ფარგლებზე (იხ. სუსგ. საქმეზე Nას-772-1045-05, 5 დეკემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი).

14. მიუხედავად იმისა, რომ კასატორი დავის განხილვის ყველა ეტაპზე აპელირებდა მის მიერ გამოხატულ კეთილ ნებაზე, რაც მდგომარეობდა მოსარჩელეთა კუთვნილი ავეჯის მოპასუხის საწყობში უსასყიდლოდ განთავსებაში, მხოლოდ იმიტომ, რომ ავეჯის განთავსება სხვაგან, მოსარჩელეებმა საკუთარი ძალებით ვერ შეძლეს, არ არის საკმარისი მიბარების ხელშეკრულების არსებობის გამოსარიცხად. საკასაციო პალატის განსჯით, კასატორი სახელმწიფოს, კერძოდ, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს მიერ დაფუძნებული სამეწარმეო პირია, რომელიც სამართალურთიერთობაში წარმოადგენს ხელშეკრულების ძლიერ მხარეს. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეთა მოძრავი ქონების მოპასუხის მიერ, საკუთარ მფლობელობაში არსებულ საწყობში განთავსების ფაქტი საქმის მასალებით დადასტურებულია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი სტანდარტიდან გამომდინარე, სწორედ კასატორს უნდა დაემტკიცებინა, რომ სახეზე იყო არა მიბარების ხელშეკრულება, არამედ მისი კეთილი ნებით, მოსარჩელეთა მაგიერ, სადავო ქონების მის ტერიტორიაზე განთავსება, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ კასატორს გააჩნდა მისთვის მიბარებული ქონების კეთილსინდისიერად შენახვისა და მოვლის ვალდებულება, რომლის დაცვაც საქმის მასალებით არ დასტურდება და რაც მართებულად გახდა მისთვის ზიანის ანაზღაურების საფუძველი.

15. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას მისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ 2020 წლის 12 ოქტომბრიდან 2021 წლის 09 ნოემბრამდე ყოველთვიური 400 ლარის გადახდის დაკისრების უსაფუძვლობასთან დაკავშირებით, ამ მიმართებითაც საკასაციო პალატა განმეორებით განმარტავს, რომ რადგან საქმის მასალებში წარმოდგენილია სადავო პერიოდში მოსარჩელის მიერ ქირის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება, და ასევე დგინდება, რომ საცხოვრებელი სახლით სარგებლობა მოსარჩელეებმა ვერ შეძლეს მოპასუხის მიერ სადარბაზოში წარმოებული სარემონტო სამუშაოების გამო, სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე, მტკიცების ტვირთი კვლავ მოპასუხის მხარეს ბრუნდებოდა და სწორედ მას უნდა დაედასტურებინა, რომ მიუხედავად სადარბაზოში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებისა, მოსარჩელეებს ჰქონდათ საცხოვრებელი სახლით სარგებლობის შესაძლებლობა, რაც საქმეში მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დგინდება. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღების საფუძველი.

16. კასატორის პრეტენზია, ასევე, მიემართება მისთვის ცხაურების საფასურის ანაზღაურების უკანონობას. იგი ამტკიცებს, რომ მოსარჩელის სახლზე ცხაურების დაყენება არ იყო გათვალისწინებული საპროექტო ნახაზით, რაც საფუძველს აცლის სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების შესაძლებლობას. საკასაციო პალატა არც კასატორის მოხმობილ არგუმენტს იზიარებს განმარტავს, რომ საქმეზე გამოკითხულმა მოწმემ დაადასტურა, რომ მოსარჩელე მ.კ–ნის კუთვნილ უძრავ ქონებაში, მდებარე ქ. თბილისში, ......... ქუჩა N23-ში, პირველ სართულზე, ბინის ფანჯრებს ჰქონდა რკინის ცხაურები, რომელთა მოხსნაც განხორციელდა რეაბილიტაციის ფარგლებში. რეაბილიტაციის დასრულების შემდგომ, რკინის ცხაურები მოპასუხეს მოსარჩელისთვის არ დაუბრუნებია და არც ფანჯრებზე დაუმონტაჟებია. ამრიგად, ვინაიდან მოსარჩელეს წარმოდგენილი ჰქონდა 2021 წლის 12 ივლისის ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც დასტურდებოდა, რომ მოსარჩელემ დაუკვეთა შემსრულებელს ინდ. მეწარმეს მის საცხოვრებელ ბინაში, 4 ფანჯარაზე რკინის ცხაურების დამზადება და მონტაჟი ღირებულებით - 2800 ლარი, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს ან მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ცხაურების დამაგრების ან სულ მცირე, მათი უკან დაბრუნების ვალდებულება ჰქონდა, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის ფუძემდებლური - კეთილსინდისიერი ქცევის პრინციპი, მართლწესრიგის ყველა მონაწილეს ავალდებულებს სხვათა ქონებისადმი გულმოდგინედ მოპყრობის ვალდებულებას. შესაბამისად, ამ ნაწილშიც, გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია და კასატორისთვის 2800 ლარის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არსებობდა.

17. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

18. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

19. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

20. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ააიპ „თბილისის განვითარების ფონდის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ააიპ „თბილისის განვითარების ფონდს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 24/02/2025წ. №01755, საგადახდო დავალებით გადახდილი 1158 ლარის - 70% 810,6 ლარი; შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი