დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 18.12.2025
საქმის ნომერი
ას-878-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.12.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-878-2025

18 დეკემბერი 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „დ.დ.გ–ი“ (მოსარჩელე)

დავის საგანი - პირგასამტეხლოს გაუქმება, თანხის დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 07 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

შპს „დ.დ.გ–მა“ (შემდეგში ტექსტში ხსენებული, როგორც „მოსარჩელე", „მოწინააღმდეგე მხარე“ „მიმწოდებელი“), სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის (შემდეგში ტექსტში ხსენებული, როგორც „მოპასუხე", აპელანტი“, „კასატორი“, „შემსყიდველი“), მიმართ, პირგასამტეხლოს გაუქმებისა და თანხის დაკისრების მოთხოვნით.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ არ არსებობს პირგასამტეხლოს გაუქმების საფუძვლები, რის გამოც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე შპს „დ.დ.გ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: შემცირდა, მოპასუხე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ 2023 წლის 29 ნოემბრის N19452/15-05 წერილის საფუძველზე NAT/2023-15 ხელშეკრულების ფარგლებში დარიცხული პირგასამტეხლო 107,75 ლარამდე; შემცირდა მოპასუხე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ 2023 წლის 29 ნოემბრის N19423/15-05 წერილის საფუძველზე NAT/2023-15 ხელშეკრულების ფარგლებში დარიცხული პირგასამტეხლო 14,90 ლარამდე; მოპასუხე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს დაეკისრა 3861 ლარის გადახდა; სპს „დ.დ.გ–ის“ მოთხოვნა 976 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

3.2 პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

4.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 07 აპრილის განჩინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება.

4.2 სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

4.2.1 2023 წლის 24 მაისს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და შპს „დ.დ.გ–ს“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №NAT/2023-15 (ტენდერი NAT 230008713). ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მთარგმნელობითი და სათარჯიმნო მომსახურება; ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 120 000 ლარით, ხოლო მოქმედების ვადა - 2024 წლის 31 იანვრამდე პერიოდით.

4.2.2 ხელშეკრულების 3.1 მუხლის თანახმად, მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან, 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით; შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარება განხორციელდება შემსყიდველისა და მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით; ანგარიშსწორება მოხდება 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით, ეტაპობრივად, ფაქტობრივად შესრულებული მომსახურების შემდეგ, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

4.2.3 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილებისთვის, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,1%-ის ოდენობით; ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მეორე მხარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების სრული ან მისი ცალკეული პირობის მოქმედების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ.

4.2.4 ხელშეკრულებაში 2023 წლის 17 ივლისს განხორციელებული ცვლილებით, ხელშეკრულებას დაემატა დანართი N2 - ტექნიკური დავალება, სადაც დეტალურად გაიწერა ფასის გამოთვლის წესი და მომსახურების გაწევის ვადები. წარმოდგენილი პრეისკურანტის მიხედვით, ერთი გვერდის თარგმნის საფასური, ჩინური ენის შემთხვევაში განისაზღვრა - 22,5 ლარით, ხოლო რუსული და თურქული ენების შემთხვევაში - 13,5 ლარით.

4.2.5 აღნიშნული დანართის თანახმად, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს 1-დან 10- ის ჩათვლით სტანდარტული გვერდის თარგმნა შემსყიდველის მოთხოვნიდან 1 სამუშაო დღის ვადაში, 11-20 სტანდარტული გვერდის თარგმნა 2 სამუშაო დღეში, ხოლო დიდი მოცულობის მასალის შემთხვევაში მოხდება შესრულების ვადის განსაზღვრა შემსყიდველთან შეთანხმებით.

4.2.6 2023 წლის 18 ივლისის წერილით, შპს „დ.დ.გ–ს“ დაევალა № NAT/2023-15 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიწოდებული დოკუმენტაციის - 65 გვერდი, 1 ცალი ბლოკნოტი და 1 ცალი რვეულის ჩანაწერები, ჩინური ენიდან ქართულ ენაზე თარგმნა. აღნიშნული დავალების შესასრულებლად შემსრულებელს განესაზღვრა 2023 წლის 28 ივლისამდე პერიოდი. აღნიშნული დავალება შემსრულებელს ელექტრონული ფოსტით, 2023 წლის 18 ივლისს გაეგზავნა. 2023 წლის 20 ივლისს, შპს „დ.დ.გ–მა“ შემკვეთს მიმართა და აცნობა, რომ სათარგმნი მასალები მათ 2023 წლის 19 ივლისს ჩაბარდათ.

4.2.7 2023 წლის 5 სექტემბერს, შპს „დ.დ.გ–მა“ მიმართა შემკვეთს და განუმარტა, რომ წარდგენილი მასალის შრიფტი არ წარმოადგენდა ჩინური ენის ოფიციალურ იეროგლიფებს, არ იკითხებოდა აზრი და შესაბამისად, ვერც მისი თარგმანი განხორციელდებოდა.

4.2.8 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2023 წლის 7 სექტემბრის N14745/15-05 წერილით, შემსრულებელს მიეთითა მიწოდებული დოკუმენტების თარგმნა განეხორციელებინა მაქსიმალურად შესაძლებლობების ფარგლებში (ითარგმნოს ის, რა ნაწილის თარგმანიც არის შესაძლებელი).

4.2.9 2023 წლის 1 ნოემბერს, გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი. შემსრულებელმა შეასრულა მთარგმნელობითი სამუშაო N2320/15-05 წერილის საფუძველზე, ჩინური ენიდან ქართულ ენაზე; გვერდების რაოდენობა 56,34. ფინანსთა სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის N6 დასკვნით დადგინდა, რომ მიმწოდებელმა ელექტრონული მეილით ადრესატს გადათარგმნილი მასალა ჩააბარა 2023 წლის 21 ოქტომბერს, ნაცვლად 2023 წლის 28 ივლისისა, ანუ, 85 დღით გვიან.

4.2.10 ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2023 წლის 29 ნოემბრის წერილით, შპს „დ.დ.გ–ს“ ხელშეკრულების 8.3 პუნქტის საფუძველზე, დაერიცხა პირგასამტეხლო 10 200 ლარის ოდენობით და განესაზღვრა 10 დღის ვადა დავალიანების დასაფარად.

4.2.11 2023 წლის 16 აგვისტოს წერილით N13749/15-05, შპს „დ.დ.გ–ს“ გადაეცა დოკუმენტაცია - 1572 გვერდი, რუსული და თურქული ენებიდან ქართულ ენაზე სათარგმნად, 2023 წლის 15 სექტემბრამდე.

4.2.12 2023 წლის 18 სექტემბერს, გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდება, რომ შემსრულებელმა შეასრულა სამუშაო რუსული და თურქული ენიდან ქართულ ენაზე; თურქული ენიდან თარგმანის რაოდენობა 368, ხოლო, რუსული ენიდან თარგმნილი გვერდების რაოდენობა - 286.

4.2.13 ფინანსთა სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის N7 დასკვნით დადგინდა, რომ მიმწოდებელმა ადრესატს გადათარგმნილი მასალა ჩააბარა 2023 წლის 18 სექტემბერს, ნაცვლად 2023 წლის 15 სექტემბრისა, რაც 3 დღით დაგვიანდა;

4.2.14 ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2023 წლის 29 ნოემბრის წერილით შესრულების ვადაგადაცილებისათვის ხელშეკრულების 8.3 პუნქტით შპს „დ.დ.გ–ს“ დაერიცხა პირგასამტეხლო 360 ლარის ოდენობით და განესაზღვრა 10 დღის ვადა დავალიანების დასაფარად.

4.2.15 ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2023 წლის 11 ოქტომბრის წერილით N16526/15-05, შპს „დ.დ.გ–ს“ გადაეცა დოკუმენტაცია - 135 გვერდი, რუსული ენიდან, ქართულ ენაზე სათარგმნად. შესრულების ვადად განისაზღვრა პერიოდი - 2023 წლის 18 ოქტომბრამდე. აღნიშნული დავალების შესრულებასთან დაკავშირებით მიღება-ჩაბარების აქტი შედგენილია 2023 წლის 17 ოქტომბერს. გვერდების რაოდენობა 69,7.

4.2.16 2023 წლის 7 დეკემბერს, შპს „დ.დ.გ–მა“ N7680/23 წერილით მიმართა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს და მოითხოვა დავალიანების - 4837,52 ლარის გადახდა, რომელიც შედგებოდა 2 ნაწილისგან: 3861 ლარი და 976,05 ლარი. აღნიშნული თანხები წარმოადგენდა 2023 წლის 18 სექტემბრისა და 17 ოქტომბრის მიღება/ჩაბარების აქტებით შესრულებული სამუშაოების საფასურს.

4.2.17 ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 13 დეკემბრის წერილით N20294/15-05, შპს „დ.დ.გ–ს“ ეცნობა, რომ 2023 წლის 16 აგვისტოს N13749/15-05 წერილის საფუძველზე შესრულებული 286 გვერდი, რუსული თარგმანის ანაზღაურება ვერ მოხდებოდა, ვინაიდან მასალები შემკვეთს იმ დროისთვის მიეწოდა, როცა 2023 წლის 24 მაისის ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა უკვე ამოწურული იყო. რაც შეეხება, 2023 წლის 11 ოქტომბრის N16526/15-05 წერილის საფუძველზე შესრულებულ მომსახურებას, ის ექვემდებარება ანაზღაურებას მხარეთა შორის 2023 წლის 18 სექტემბრის № NAT/2023- 31 ხელშეკრულების პირობებით.

4.3 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ვადაგადაცილებით მიწოდების გამო არსებობს პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი, თუმცა უნდა შემცირდეს როგორც შეუსაბამოდ მაღალი, გონივრულ ოდენობამდე. აღნიშნული დასკვნა ეფუძნება, როგორც პირგასამტეხლოს დაკისრების მიზნებს და დანიშნულებას, ასევე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულების ღირებულებას, ვალდებულების შეუსრულებლობის ვადას, ასევე ხელშეკრულების მხარეთა კეთილსინდისიერების პრინციპს და სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების სტანდარტს.

4.4 სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტმა ვერ დაადასტურა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს მხარისთვის დაკისრების საფუძველი და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მისი შემცირების არამართლზომიერება. ზემოთქმულის საწინააღმდეგოდ, მოწინააღმდეგე მხარემ (მოსარჩელემ) შეძლო დაესაბუთებინა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა და დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირების წინაპირობების არსებობა (დარიცხული ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება ეწინააღმდეგებოდა პირგასამტეხლოს მიზანსა და მის ფუნქციას).

4.5 სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშებასთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან.

4.6 რაც შეეხება აპელანტის პრეტენზიას დავალიანების დაკისრებასთან დაკავშირებით, პალატამ ამ ნაწილშიც გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ წინამდებარე საქმეში დასტურდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დავალიანება შპს „დ.დ.გ–ის“ მიმართ, 3861 ლარის ოდენობით. პალატის მითითებით, თუ სახეზეა სამუშაოს შესრულების ფაქტი, წარმოიშობა შეთანხმებული საზღაურის გადახდის ვალდებულება. მოცემულ შემთხვევაში, შპს „დ.დ.გ–ი“, ედავება მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებული მომსახურების თანხის გადაუხდელობას, რის გამოც სასამართლოში მოითხოვა მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მისთვის შესაბამისი ანაზღაურების დაკისრება. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ 4837,52 ლარიდან 3861 ლარი წარმოადგენს რუსული ენის თარგმანის საფასურს. აღნიშნული თარგმანი მოსარჩელემ შეასრულა 2023 წლის 16 აგვისტოს N13749/15- 05 წერილის საფუძველზე; მოპასუხემ კი შესრულება დაადასტურა 2023 წლის 18 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტით, სადაც მითითებულია, რომ ფინანსთასამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მიიღო 368 გვერდი თურქულის თარგმანი, ხოლო 286 გვერდი რუსული ენიდან ქართულ ენაზე შესრულებული თარგმანი. მოსარჩელე მხარემ მიუთითა, რომ სწორედ აღნიშნული 286 გვერდის საფასურის ანაზღაურებაზე განაცხადა შემკვეთმა უარი.

4.7 საბოლოოდ, პალატის დასკვნით, სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

5. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

5.1 სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

5.2 კასატორის განმარტებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და შპს „დ.დ.გ–ს“ შორის, 2023 წლის 24 მაისის „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ NoNAT/2023-15 ხელშეკრულება დაიდო კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. ხელშეკრულების ფარგლებში მხარეებს განესაზღვრათ კონკრეტული სახის უფლებები და ვალდებულებები. უწყების მიერ მასზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ხორციელდებოდა ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, თუმცა მოსარჩელე მხარის მხრიდან სისტემატურად ირღვეოდა საკუთარი ნების გამოვლენის საფუძველზე დადებული ხელშეკრულებით არსებული ვალდებულებები, რასაც მოწმობს უწყების მიერ განხორციელებული მოქმედებები პირგასამტეხლოს დარიცხვის თაობაზე, ვინაიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და შპს „დ.დ.გ–ს“ შორის 2023 წლის 24 მაისის „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ NoNAT/2023-15 ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.3. პუნქტში ნათლად იყო დადგენილი, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისთვის, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,1%-ის ოდენობით და მხარისთვის ცხადია, კარგად იყო ცნობილი მოსალოდნელი სანქციის თაობაზე.

5.3 მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლოსთვის ზედმიწევნითი სიზუსტით იქნა საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებული ზემოხსენებული ინფორმაცია და თავად სადავო გადაწყვეტილებაში სასამართლო აღნიშნავს, რომ: ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენდა მეწარმე სუბიექტი და მისი პასუხისმგებლობის ხარისხი აღემატებოდა ფიზიკური პირის პასუხისმგებლობის საკითხს, რის ფონზეც იგი შესაძლოა მიჩნეულიყო ხელშეკრულების სუსტ მხარედ, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებდა ხელშეკრულების შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ შედეგებს, სასამართლომ მიიჩნია, რომ საგამოძიებო სამსახურის მიერ დარიცხული პირგასამტეხლო არ იყო გონივრული და ეს კონკრეტული შემთხვევა არ წარმოადგენდა იმ შემთხვევათა კატეგორიას, სადაც მხარისთვის დადგინდებოდა დარიცხული პირგასამტეხლოს მართებულობა.

5.4 შპს „დ.დ.გ–ის“ მეორე მოთხოვნას წარმოადგენდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისთვის მის სასარგებლოდ 4 837,52 ლარისა და საადვოკატო მომსახურების საფასურის 1 000 ლარის ოდენობით დაკისრება, რა მოთხოვნებიც სასამართლოს მხრიდან ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და უწყებას, პირველ შემთხვევაში დაეკისრა 3 861 ლარის გადახდა, ასევე შპს „დ.დ.გ–ის“ სასარგებლოდ გაწეული იურიდიული მომსახურების ხარჯის ნაწილის - 160 ლარის გადახდა. საგამოძიებო სამსახურისთვის გაურკვეველია, რომელ მტკიცებულებებზე დაყრდნობით და რა სამართლებრივი საფუძვლით დაეკისრა სამსახურს ხსენებული თანხები, ვინაიდან, არც პირველი ინსტანციის და არც სააპელაციო სასამართლოთა სადავო გადაწყვეტილებებში, განხორციელებულა აღნიშნულზე არგუმენტირებული მსჯელობა და მით უფრო სამართლებრივი დასაბუთება არ არის გამოკვეთილი.

6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 26 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნას წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

7. საკასაციო სასამართლომ საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად დაასკვნა, რომ საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ ის დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

10. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.

11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

12. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს, ჯეროვნად, კეთილსინდისიერად დათქმულ დროსა და ადგილას.

15. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მხარეთა შორის არსებობდა ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. სსსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

16. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2023 წლის 24 მაისს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და შპს „დ.დ.გ–ს“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება № NAT/2023-15 (ტენდერი NAT 230008713). ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მთარგმნელობითი და სათარჯიმნო მომსახურება; ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 120 000 ლარით, ხოლო მოქმედების ვადა კი, 2024 წლის 31 იანვრამდე პერიოდით.

17. ხელშეკრულების 8.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილებისათვის, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით.

18. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმეში არსებულ 2023 წლის 18 ივლისის წერილზე, რომლითაც შპს „დ.დ.გ–ს“ დაევალა № NAT/2023-15 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიწოდებული დოკუმენტაციის - 65 გვერდი, 1 ცალი ბლოკნოტი და 1 ცალი რვეულის ჩანაწერები, ჩინური ენიდან ქართულ ენაზე თარგმნა. აღნიშნულ წერილში მითითებული არ არის, თუ რა ვადაში უნდა შეესრულებინა მიმწოდებელს სამუშაო, თუმცა საქმეში წარმოდგენილია საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს 28.07.2023წ. N15-04-03-5872 წერილი, საიდანაც იკვეთება, რომ შესრულების ვადად განსაზღვრულია, 2023 წლის 28 ივლისამდე პერიოდი. აღნიშნული დავალება მოპასუხემ შეასრულა 85 დღის დაგვიანებით, რამაც განაპირობა მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება.

19. რაც შეეხება მეორე დავალების შესრულების საკითხს, 2023 წლის 16 აგვისტოს წერილით N13749/15-05 შპს „დ.დ.გ–ს“ გადაეცა დოკუმენტაცია - 1572 გვერდი რუსული და თურქული ენებიდან ქართულ ენაზე სათარგმნად 2023 წლის 15 სექტემბრამდე. 2023 წლის 18 სექტემბერს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდება, რომ შემსრულებელმა შეასრულა სამუშაო რუსული და თურქული ენიდან ქართულ ენაზე; თურქული ენაზე გვერდების რაოდენობა 368, რუსული გვერდების რაოდენობა 286. ფინანსთა სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის N7 დასკვნით დადგინდა, რომ მიმწოდებელმა ადრესატს გადათარგმნილი მასალა ჩააბარა 2023 წლის 18 სექტემბერს, ნაცვლად 2023 წლის 15 სექტემბრისა, რაც დაგვიანდა 3 დღით; ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2023 წლის 29 ნოემბრის წერილით შესრულების ვადაგადაცილებისათვის ხელშეკრულების 8.3 პუნქტით შპს „დ.დ.გ–ს“ დაერიცხა პირგასამტეხლო 360 ლარის ოდენობით.

20. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრით კასატორი სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს დაანგარიშებას. კერძოდ, მისი მოსაზრებით, ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების გამო, დაკისრებული პირგასამტეხლო უნდა გამოანგარიშდეს ხელშეკრულებით შეთანხმებული საერთო ღირებულებიდან და არა ვადაგადაცილებული ვალდებულების მოცულობიდან. საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს ასევე სახელშეკრულებო დავალიანების დაკისრების მართლზომიერება.

21. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

22. პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. „ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება.

23. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...", “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.

24. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. სუსგ-ები №ას-848-814-2016, 28.12.2016; №ას-816-767-2015, 19.11.2015; №ას-953-918-2016, 22.11.2016).

25. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ.სუსგ.№ას-1470-2024, 30 ოქტომბერი, 2025წ., №ას-923-2025 04 დეკემბერი, 2025წ.).

26. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება, რომელიც სასამართლოს აქვს მინიჭებული, ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება (იხ. ს.ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2019 წელი, გვ. 800). კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, და ა.შ. მნიშვნელობა ენიჭება ნაკისრი ვალდებულების დარღვევაში მოვალის ბრალის ხარისხსაც, აგრეთვე გასათვალისწინებელია მოვალის ეკონომიკური მდგომარეობა. თუ მოსამართლე მივა იმ დასკვნამდე, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, იგი შეამცირებს მას იმ ოდენობამდე, რომელსაც ვალდებულების დარღვევის თანაზომიერად და სამართლიანად მიიჩნევს (შდრ. ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი, თანაავტორობით, თბილისი, 2014, გვ. 604, 605.).

27. ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ „კანონის მითითებული დანაწესი განპირობებულია იმითაც, რომ ხელშეკრულების დადებისას შესაძლებელია, უფრო ძლიერმა ხელშემკვრელმა მხარემ ისარგებლოს მეორე მხარის სურვილით, გააფორმოს ხელშეკრულება და უკარნახოს შეთანხმების არახელსაყრელი პირობები, განსაზღვროს გონივრულზე უფრო მაღალი პირგასამტეხლო. ასეთ შემთხვევაში კანონმდებელმა დააწესა დაცვის მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა, (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო- სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა ( სუსგ. №ას-№ას-1274-2022, 22.11.2022 წელი).

28. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც პირგასამტეხლოს პრაქტიკული კვლევის მიზნებს ემსახურება მდგომარეობს იმაში, რომ პირგასამტეხლოს შემცირებაზე უფლებამოსილი სუბიექტი - სასამართლო, პირგასამტეხლოს მართლზომიერებისა და ლეგიტიმურობის შეფასებას იწყებს მხოლოდ მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის ფარგლებში პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის პირობებში. იმ შემთხვევაში, თუ მხარე შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირებას არ მოითხოვს ან მოითხოვს სამართალწარმოების იმ ეტაპზე, როდესაც ახალი მოთხოვნის წარდგენა დაუშვებელია, სასამართლო თავისი ინიციატივით, შესაბამისი პროცესუალურად ნამდვილი შეცილების უფლების გარეშე, პირგასამტეხლოს ვერ შეამცირებს, თუნდაც, იგი შეუსაბამოდ მაღალი იყოს.

29. როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი), არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა (იხ: ნათია ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17; ასევე იხ.: სუსგ №ას-827-2021, 03.12.2021წ.).

30.პალატა, მიზანშეწონილად მიიჩნევს მიუთითოს: მართალია, „პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას“ (შდრ: სუსგ №ას-1336-2019, 30 მარტი, 2022 წელი; №ას-1928-2018, 31 ოქტომბერი, 2019 წელი.).

31. მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით, პალატა ყურადღებას გაამახვილებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 24.05.2023წ. №NAT/2023-15 ხელშეკრულების შინაარსზე: ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს მთარგმნელობითი და სათარჯიმნო მომსახურება, რომელიც ხორციელდება ეტაპობრივად, კონკრეტული დავალებების ფარგლებში. შესაბამისად, სადავო შემთხვევაში, კრედიტორის მხრიდან შესრულების ინტერესის გათვალისწინებით, ერთ შემთხვევაში, გაწეულია 1267,65 ლარის მთარგმნელობითი მომსახურება, ხოლო მეორე შემთხვევაში - სულ 4 968 ლარის მთარგმნელობითი მომსახურება, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში განვითარებულ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, საკასაციო სასამართლოს მყარად დადგენილ პრაქტიკაზე მითითებით, რომლის მიხედვით, ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (შდრ: სუსგ-ები: №ას-626-2021, 14 ივლისი, 2021 წელი; №ას-1819- 2019 19 თებერვალი, 2020; №ას-971-2019, 28.10.2019წ.).

32. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ პირგასამტეხლო მართებულად დაიანგარიშა ვადაგადაცილებული ვალდებულებიდან; საქმეში წარმოდგენილი 2024 წლის 6 მარტის განცხადებით დადასტურებულია, რომ 10 200 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დარიცხვა განხორციელდა 1267,65 ლარის ოდენობით შესრულებაზე, ხოლო 360 ლარის ოდენობით პირგასამტეხლო კი მხარეს დაეკისრა 4968 ლარის ოდენობით შესრულებისთვის. პირველ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა მართებულად განისაზღვრა 107,75 ლარით (1267,65 ლარის 0,1% 85 დღეზე გაანგარიშებით), ხოლო, მეორე შემთხვევაში კი, 14,90 ლარით (4968 ლარის 0,1%, 3 დღეზე გაანგარიშებით).

33. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, სადაც აცხადებს, რომ გაურკვეველია, თუ რომელ მტკიცებულებებზე დაყრდნობით და რა სამართლებრივი საფუძვლით დაეკისრა სამსახურს, მოსარჩელის სასარგებლოდ 4 837,52 ლარიდან 3 861 ლარის და საადვოკატო მომსახურების საფასურის 1 000 ლარიდან 160 ლარის გადახდა. პალატა კასატორის ყურადღებას მიაპყრობს, საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, რომლითაც დადასტურებულია, რომ 4837,52 ლარიდან 3861 ლარი წარმოადგენს რუსული ენის თარგმანის საფასურს. აღნიშნული თარგმანი მოსარჩელემ შეასრულა 2023 წლის 16 აგვისტოს N13749/15- 05 წერილის საფუძველზე (ტ. I, ს.ფ. 52), მოპასუხემ კი შესრულება დაადასტურა 2023 წლის 18 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტით, (ტ. I, ს.ფ. 55), სადაც მითითებულია, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მიიღო 368 გვერდი თურქულიდან ქართულზე მთარგმნელობითი მომსახურება, ხოლო 286 გვერდი არის რუსული ენიდან ქართულ ენაზე შესრულებული თარგმანი. საკასაციო პალატა, იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ სწორედ აღნიშნული 286 გვერდის საფასურის ანაზღაურებაზე განაცხადა შემკვეთმა უარი. ხოლო, კასატორი მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულება იმისა, რომ შესრულებული სამუშაოს - 286 გვერდის რუსული ენიდან ქართულ ენაზე შესრულებული თარგმანის, ღირებულება აანაზღაურა.

34. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების, თანახმად, სამართალწარმოება შეჯიბრებითობის საფუძველზე მიმდინარეობს. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

35. საკასაციო პალატა, განმარტავს, რომ სსსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. საქმეში წარმოდგენილია იურიდიული მომსახურების საფასურის (1000 ლარის) გადახდის ქვითარი (იხ. ს.ფ. 71-72) და შესაბამისი ხელშეკრულება. საქმის სირთულისა და დამდგარი შედეგისა გათვალისწინებით, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, იურიდიული მომსახურებისათვის მოსარჩელე მხარის მიერ გაწეული ხარჯის ნაწილის - 160 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება, რასაც, ასევე იზიარებს საკასაციო სასამართლო.

36. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

37. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

38. კასატორმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

39. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

40. პროცესის ხარჯები

კასატორი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, პირველი პუნქტის, „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, ასევე 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

არჩილ კოჭლამაზაშვილი