დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 25.06.2026
საქმის ნომერი
ას-477-2026
კატეგორია
დავის ტიპი
უზრუნველყოფა
თარიღი
25.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე Nას-477-2026

25 ივნისი 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი – შპს „ტ.კ–ი“

მოწინააღმდეგე მხარე – თ.ჯ–ი, გ.ბ–ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 23 იანვრის და 2026 წლის 02 მარტის განჩინებები

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მუდმივმოქმედი არბიტრაჟის შპს“დ.გ.ც–ის“ 2018 წლის 28 სექტემბრის N7646 გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საარბიტრაჟო მოსარჩელის, სს „თ.ბ–ის“ (უფლებამონაცვლე შპს „ტ.კ–ი“) სასარჩელო მოთხოვნა, საარბიტრაჟო მოპასუხეების - თ.ჯ–ის და გ.ბ–ის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე.

2. 2025 წლის 25 დეკემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, განცხადებით მიმართა შპს „ტ.კ–ის“ წარმომადგენელმა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა: 1. სსიპ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან“ მოწინააღმდეგე მხარის, თ.ჯ–ისა და გ.ბ–ის სახელზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებ(ებ)ის შესახებ, ინფორმაციის გამოთხოვა და ასეთი სატრანსპორტო საშუალებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, მასზე ყადაღის დადება; ასევე, 2. საქართველოში მოქმედ ყველა ლიცენზირებულ საბანკო დაწესებულებას დავალებოდა მოწინააღმდეგე მხარის, თ.ჯ–ისა და გ.ბ–ის კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხის 50%-ის გაცემის აკრძალვა 9,479.04 ლარის ფარგლებში.

ამასთან, განმცხადებელმა მოითხოვა, რომ მოწინააღმდეგე მხარის საბანკო ანგარიშებზე დადებული აკრძალვა არ გავრცელებულიყო თ.ჯ–ისა და გ.ბ–ის სახელმწიფო სოციალური და საპენსიო დახმარების თანხებსა და შპს „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ საბანკო ანგარიშებზე შესასრულებელ გადარიცხვებზე.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 23 იანვრის განჩინებით, შპს „ტ.კ–ის“ შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოწინააღმდეგე მხარე, თ.ჯ–ს, აეკრძალა მის სახელზე რეგისტრირებული შემდეგი სატრანსპორტო საშუალების: მარკა/მოდელი „SUBARU FORESTER” (შასი: SG500......), სახელმწიფო სანომრე ნიშნით: ........, რეგისტრაციის თარიღი: 2022 წლის 13 ივნისი, გასხვისება.

4. 2026 წლის 09 თებერვალს, შპს „ტ.კ–მა“, საჩივრით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 23 იანვრის საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და საჩივრის ავტორის შუამდგომლობის, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, სრულად დაკმაყოფილება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 02 მარტის განჩინებით, შპს „ტ.კ–ის“ საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 23 იანვრის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად 5 დღის ვადაში გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

6. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას დაცული უნდა იყოს სამართლიანი ბალანსი მოსარჩელის უფლებასა და მოპასუხის ინტერესს შორის.

6.1 სასამართლომ მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და შესაბამისად, შეარჩიოს უზრუნველყოფის ღონისძიების ესა თუ ის სახე, თუ სასამართლოს შეხედულებით, სარჩელის სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების პრეტენზია გააჩნია. თუ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მოპასუხის ფინანსური მდგომარეობა ისე გაუარესდება, რომ ამ გზით გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულება დაბრკოლდება, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას დანიშნულება დაეკარგება. ამდენად, მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას უნდა დაადასტუროს მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიების ადეკვატურობა სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით. მიუხედავად მოსარჩელის ამ პირდაპირი ვალდებულებისა, სასამართლო არაა შეზღუდული და არა თუ შეზღუდული, არამედ ვალდებულიცაა თავად შეაფასოს ყოველი კონკრეტული საქმე ინდივიდუალურად და მხარის მიერ წარმოდგენილი მასალებისა და არგუმენტების ანალიზის საფუძველზე გადაწყვიტოს თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება იქნება უფრო ეფექტური. სარჩელის უზრუნველყოფის არსიდან გამომდინარე, სასამართლო არჩევს უზრუნველყოფის ღონისძიებას სასარჩელო მოთხოვნის ხასიათიდან და მოცულობიდან გამომდინარე. უზრუნველყოფის ღონისძიებით შეზღუდული უფლება უნდა იყოს სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის ადეკვატური. დაუშვებელია უზრუნველყოფის ღონისძიებით მოპასუხის უფლების გაუმართლებელი შეზღუდვა და ამგვარად, მხარეთა არათანაბარ პირობებში ჩაყენება.

6.2 სარჩელის უზრუნველყოფის ზოგიერთი ღონისძიების გამოყენება უშუალოდ უკავშირდება მოპასუხის მნიშვნელოვანი კონსტიტუციური უფლების, კერძოდ - საკუთრების უფლების შეზღუდვას. ყადაღისა და მსგავსი ღონისძიებების დაწესება წარმოადგენს კანონმდებლის ჩარევას ადამიანის ძირითადი უფლების კონსტიტუციით დაცულ სფეროში, ხოლო აღნიშნული ჩარევა (შეზღუდვა) გამართლებული იქნება თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის საჯარო მიზნისა და საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული კერძო ინტერესის ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მათ შორის აუცილებელი ბალანსის დადგენის მიზნით.

6.3 სააპელაციო პალატის განმარტებით, უზრუნველყოფის ღონისძიებათაგან უკიდურესი გამოხატულებაა საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ სახსრებზე ყადაღის დადება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა იყოს გონივრული, ემსახურებოდეს სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, როგორც პირველადი, ასევე მეორეული მოთხოვნების შესრულებისათვის გარანტიების შექმნას. გარკვეულ შემთხვევებში, პირის ანგარიშებზე ყადაღის დადებით, არათუ ხელი შეეწყობა გადაწყვეტილების აღსრულებას, არამედ შესაძლებელია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული ვალდებულებების მოვალის მიერ შესრულებას ხელი შეუშალოს. თუმცა, აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიების სხვა სახეების გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში ანგარიშზე ყადაღის დადება დაუშვებელია. მოსარჩელისა და მოპასუხის უფლებების თანაზომიერად დაცვის მიზნით, მოსარჩელემ ყველა ზომა უნდა მიიღოს მოპასუხის ქონების მოსაძიებლად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდა, რომ მოპასუხეს ქონება არ გააჩნია, სწორედ ასეთ ვითარებაში შეიძლება დადგეს ანგარიშზე არსებულ თანხაზე ყადაღის სახით, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა, თუმცა, რათა თქმა უნდა, უზრუნველსაყოფი მოთხოვნის ოდენობის გათვალისწინებით და არა ანგარიშზე არსებულ მთლიან თანხაზე. მაშასადამე, ანგარიშებზე ყადაღის დადება, როგორც უზრუნველყოფის უკიდურესი ღონისძიება გამოიყენება უკიდურესს და უალტერნატივო შემთხვევაში.

6.4 სააპელაციო პალატის განმარტებით, უზრუნველყოფის ღონისძიების ფორმად გამოყენებულია თ.ჯ–ის სახელზე რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების გასხვისების აკრძალვა, რაც პროპორციული და ადეკვატური ფორმაა სასარჩელო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მისი იძულებითი რეალიზაციის შემთხვევაში. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ არსებული გადაწყვეტილება ზემოაღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულებისა და სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულობის დადგენის საფუძველზე მიიღო. განსახილველ შემთხვევაში, საბანკო ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრები არ წარმოადგენს მოწინააღმდეგე მხარის ერთადერთ ქონებას, რის საფუძველზეც მხარის მოთხოვნა საბანკო ანგარიშებზე განთავსებული ფულადი სახსრების დაყადაღების თაობაზე არ წარმოადგენს სარჩელის უზრუნველყოფის უალტერნატივო საშუალებას, რის გამოც საჩივარი არის დაუსაბუთებელი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

7. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმებისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს (კერძო საჩივარს, საჩივარს), თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. აღნიშნული ნორმა ადგენს სადავო გარემოებების მტკიცების სტანდარტს და კონკრეტული ფაქტის არსებობის სარწმუნოდ დადასტურებას ავალებს იმ მხარეს, რომელმაც იგი თავისი პოზიციის დასადასტურებლად მიუთითა.

11. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლო დარწმუნდეს კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობაში. აღნიშნული მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების, თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება (სუსგ №ას-939-2019, 15.07.2019წ.).

12. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებულია მხარის დასაბუთებაზე, ამ ღონისძიების გაუტარებლობა თუ რამდენად შეუშლის ხელს მართლმსაჯულების მიზნების განხორციელებას – ქვეყნის სახელით მიღებული გადაწყვეტილების შემდგომ აღსრულებას, ამასთანავე, სავალდებულოა წინაპირობის დასაბუთების პარალელურად მოთხოვნილი უზრუნველყოფის სახე დადგენილი მართლწესრიგის, გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი სიკეთის თანაზომიერი იყოს (გ. კაჟაშვილი, საპროცესო უზრუნველყოფა, როგორც აღსრულებადი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა, სადისერტაციო ნაშრომი, თბილისი 2018, გვ.148).

13. პალატა განმარტავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მაქსიმალურად გათვალისწინებული უნდა იქნეს ორივე მხარის კანონიერი ინტერესი. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უნდა განხორციელდეს მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის გონივრულ ფარგლებში შეზღუდვა-შევიწროებით და იმ ოდენობით, რაც აუცილებელია მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დაცულობისთვის.

14. კერძოსამართლებრივი დავების განხილვისას და სარჩელის/გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში საკანონმდებლო ნორმების ინტერპრეტირებისას სამართალშემფარდებელმა უნდა გაითვალისწინოს ის შედეგი, რომელიც გადაწყვეტილებამ შეიძლება იქონიოს კონსტიტუციური უფლებების რეალიზებაზე და არ უნდა დაუშვას სამართალწარმოების ერთი მხარისთვის სარგებლის მინიჭება სხვა პირთა კონსტიტუციური უფლების, გაუმართლებელი შეზღუდვის ხარჯზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/5/675.681 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-82).

15. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის შესახებ, სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერების შეფასება, იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს „ტ.კ–ის“ მოთხოვნა, საქართველოს მოქმედ ყველა ლიცენზირებულ საბანკო დაწესებულებაში, თ.ჯ–ის და გ.ბ–ის კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხის 50%-ის გაცემის აკრძალვის თაობაზე - 9,479.04 ლარის ფარგლებში.

16. არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით, მხარეს შეუძლია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტით კი, სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამოიყენება სსსკ-ის XXIII თავით დადგენილი წესები, გარდა 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, საარბიტრაჟო წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით. სსსკ-ის 35618 მუხლის პირველი ნაწილით, მხარეთა შორის საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობისას, საარბიტრაჟო მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, სასამართლო უფლებამოსილია საარბიტრაჟო სარჩელის მიმართ გამოიყენოს უზრუნველყოფის ღონისძიებები.

17. სსსკ-ის 198-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საკითხს იმის შესახებ, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს სასამართლო მოსარჩელის განცხადების შესაბამისად. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები შეიძლება იყოს მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა.

18. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანს სამომავლოდ მისაღები სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობა წარმოადგენს, ვინაიდან საქმის სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს ასევე ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებასაც და ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად განიხილება (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება შ.პ.ს. „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ“).სხვა საქმეში ევროსასამართლომ ასევე განმარტა, რომ სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ - ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება (იხ.განაცხადი №40765/02; Burdov v. Russia, no. 59498/00, §34, ECHR 2002-III; Hornsby v. Greece , judgment of 19 March 1997, Reports of Judgments and Decisions 1997-II, p. 510, §40 Hornsby; Mutishev and Others v. Bulgaria, 18967/03, §129, 3 December 2009; Antonetto v. Italy, no. 15918/89, §28, 20 July 2000).“

19. საკასაციო პალატას არაერთხელ განუმარტავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მაქსიმალურად გათვალისწინებული უნდა იქნეს ორივე მხარის კანონიერი ინტერესი. დავის საგნის დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე, რითაც ხდება მოსარჩელის კანონიერი ინტერესის რეალიზაცია და მისი სარჩელის უზრუნველყოფა, არ უნდა მოხდეს მოპასუხე მხარის უფლებების უპირობო და ცალსახა შელახვა, არამედ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უნდა განხორციელდეს მოპასუხე მხარის უფლებრივი პოზიციების გონივრულ ფარგლებში შეზღუდვა-შევიწროებით და იმ ოდენობით, რაც აუცილებელია მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დაცულობისთვის. იმისათვის, რომ მოხდეს მხარეთა ინტერესების დაბალანსება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს არაადეკვატური, არათანაზომიერი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება (იხ. სუსგ. №ას-795-2022 19.07.2022წ).

20. პირველ რიგში, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას, სასამართლო აფასებს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა რეალურად იქონიებს, თუ არა გავლენას გადაწყვეტილების აღსრულებაზე, ანუ, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიება კავშირში უნდა იყოს განმცხადებლის მოთხოვნასთან და უნდა უზრუნველყოფდეს მას; აქედან გამომდინარე, სასამართლომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხის გადაწყვეტის დროს ყოველთვის უნდა შეაფასოს, აღსრულების უზრუნველსაყოფად მის მიერ შერჩეული ღონისძიება არის თუ არა შესაბამისობაში მოსარჩელის იმ მოთხოვნასთან, რომლის უზრუნველყოფასაც იგი ემსახურება (იხ. სუსგ. №ას-449-431-2016, 07.07.2016წ).

21. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2015 წლის 05 აგვისტოს დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება N000488804 სს „ბ. რ–სა“ და თ.ჯ–ს შორის, რომლის საფუძველზეც მოვალეზე გაიცა კრედიტი 13,570 ლარის ოდენობით. ასევე, 2025 წლის 05 აგვისტოს დაიდო თავდებობის ხელშეკრულება სს „ბ.რ–სა“ და გ.ბ–ს შორის. აღნიშნული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, სს „თ.ბ–ის“ (სს „ბ.რ–ას“ უფლებამონაცვლე) მოთხოვნა 9,407.39 ლარის ოდენობით, თანხის გადახდევინების შესახებ მუდმივმოქმედი არბიტრაჟი შპს „დ.გ.ც–ის“ მიერ, 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებული იქნა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წლის 21 იანვრის მოთხოვნის დათმობის (ცესიის) ხელშეკრულებით ბანკს, თ.ჯ–სა და გ.ბ–ს შორის დადებული 2015 წლის 05 აგვისტოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება შეიძინა შპს „ტ.კ–მა“.

22. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 23 იანვრის განჩინებით, შპს „ტ.კ–ის“ შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოწინააღმდეგე მხარე თ.ჯ–ს აეკრძალა მის სახელზე რეგისტრირებული შემდეგი სატრანსპორტო საშუალების: მარკა/მოდელი „SUBARU FORESTER” (შასი: SG500....), სახელმწიფო სანომრე ნიშნით: ......, რეგისტრაციის თარიღი: 2022 წლის 13 ივნისი, გასხვისება.

23. საჩივრის ავტორის მოთხოვნაა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოში მოქმედ ყველა ლიცენზირებულ საბანკო დაწესებულებაში მოწინააღმდეგე მხარის თ.ჯ–ისა და გ.ბ–ის კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხის 50%-ის გაცემის აკრძალვა 9479.04 ლარის ფარგლებში. ამასთან, მოპასუხეების საბანკო ანგარიშებზე დადებული აკრძალვა არ გავრცელდეს მოპასუხეების სახელმწიფო სოციალური და საპენსიო დახმარების თანხებზე და შპს „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ საბანკო ანგარიშებზე შესასრულებელ გადარიცხვებზე (რათა მოპასუხეებს ხელი არ შეეშალოთ წინამდებარე სარჩელით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებაში). საკასაციო პალატა, საჩივრის ავტორის ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებებზე, რომლის თანახმად, საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება განიხილება, როგორც უზრუნველყოფის ღონისძიების ყველაზე მკაცრი და უკიდურესი ფორმა, რომლის გამოყენებაც მხოლოდ განსაკუთრებულ პირობებშია დასაშვები. სასამართლომ ამ ზომას უნდა მიმართოს მაშინ, როდესაც მოსარჩელემ უკვე ამოწურა ყველა შესაძლო გზა მოპასუხის სხვა ქონების აღმოჩენისათვის და დადასტურდა, რომ ასეთი ქონება არ არსებობს. მოსარჩელისა და მოპასუხის ინტერესთა სამართლიანი ბალანსის შესანარჩუნებლად აუცილებელია, რომ პირველ რიგში გამოყენებულ იქნეს ნაკლებად შემზღუდავი საშუალებები. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ირკვევა, რომ მოპასუხეს არ გააჩნია არც უძრავი და არც მოძრავი ქონება, შეიძლება დადგეს საკითხი მის საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხების დაყადაღების შესახებ (იხ. სუსგ. საქმე Nას-832-2023, 04.10.2023წ, ას-475-2024, 26.04.202წ., ას-17-2026, 11.02.2026წ.).

25. საკასაციო პალატა ასევე განმარტავს, რომ საბანკო ანგარიშების დაყადაღება, თავისი ბუნებით, უფრო მძიმე გავლენას ახდენს მოპასუხეზე, ვიდრე სხვა ქონებაზე დაწესებული შეზღუდვები. სწორედ ამიტომ, ამგვარი ღონისძიება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც აშკარაა, რომ მისი გარეშე სასამართლო გადაწყვეტილების რეალური და ეფექტიანი აღსრულება სერიოზული რისკის ქვეშ დადგება.

26. საკასაციო პალატის მოსაზრებით, რადგან უზრუნველყოფის ღონისძიების გადაწყვეტის საკითხმა ერთდროულად უნდა შეძლოს უპასუხოს კითხვას მისი დაკმაყოფილება გამოიწვევს მოწინააღმდეგე მხარის უფლების შეზღუდვაში გაუმართლებელ ჩარევას თუ არა, ასევე გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობას, ამ შემთხვევაში, უზრუნველყოფის ღონისძიების შინაარსი ერთდროულად იცავს განმცხადებლის უფლებას, რომელიც მიმართულია როგორც უფლების სავარაუდო დარღვევის დადასტურების შემთხვევაში მისი აღდგენისკენ, ასევე მოწინააღმდეგე მხარის უფლებების გაუმართლებელი ხელყოფის პრევენციისკენ. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება პროპორციული, რაციონალური ზომაა, რომელიც ემსახურება, ერთ შემთხვევაში, გადაწყვეტილების აღსრულების დაუბრკოლებელ შესაძლებლობას, ასევე მოწინააღმდეგე მხარის უფლებებში გამართლებულად ჩარევას (იხ.სუსგ. საქმე №ას-327-2024, 11.04.2024წ., №ას-41-2026, 12.03.2026წ.).

27. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 23 იანვრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფა, სრულად უზრუნველყოფს აღსრულების მიზნებს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 372-ე მუხლებით, 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს „ტ.კ–ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 23 იანვრის და 2026 წლის 02 მარტის განჩინებები; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება. თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

არჩილ კოჭლამაზაშვილი