დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-774-2026
19 ივნისი, 2026 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – დ.გ–ია
მოწინააღმდეგე მხარე – სს „მ.ო.ს.კ–ი“
დავის საგანი – მუდმივმოქმედი არბიტრაჟის შპს „ს. ს.“ 13.12.2023წ. გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულება
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 19 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატს 2024 წლის 25 იანვარს განცხადებით მიმართა სს „მ.ო.ს.კ–მა“ და მოითხოვა მუდმივმოქმედი არბიტრაჟის შპს „ს. ს.“ 2023 წლის 13 დეკემბრის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 19 მარტის განჩინებით, სს „მ.ო.ს.კ–ის“ განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ცნობილი იქნა მუდმივმოქმედი არბიტრაჟის, შპს „ს. ს.“ 13.12.2023 წ. გადაწყვეტილება და დაექვემდებარა აღსრულებას შემდეგი სახით: 2021 წლის 12 აგვისტოს გაფორმებული N GCL-DD065546-2021-02 კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საარბიტრაჟო მოპასუხე დ.გ–იას საარბიტრაჟო მოსარჩელე სს „მ.ო.ს.კ–ის" სასარგებლოდ დაეკისრა: სესხის ძირი თანხის 2352.29 ლარის, მიუღებელი სარგებლის 872.57 ლარის, პირგასამტეხლოს 300 ლარის გადახდა; 2023 წლის 30 აგვისტოდან 2023 წლის 1 ოქტომბრამდე სესხზე დარიცხული ყოველდღიური სარგებლის 2.53 ლარის გადახდა; 2021 წლის 29 ნოემბერს გაფორმებული GCL-DD065546-2021-03 კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საარბიტრაჟო მოპასუხე დ.გ–იას საარბიტრაჟო მოსარჩელე სს „მ.ო.ს.კ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა: სესხის ძირი თანხის 6932.10 ლარის, მიუღებელი სარგებლის 2639.92 ლარის, პირგასამტეხლოს 700 ლარის გადახდა; 2023 წლის 30 აგვისტოდან 2023 წლის 1 ოქტომბრამდე სესხზე დარიცხული ყოველდღიური სარგებლის 7.70 ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე დ.გ–იას საარბიტრაჟო მოსარჩელე სს „მ.ო.ს.კ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა სააღსრულებო წარმოების საფასურის 135.00 ლარის გადახდა. საარბიტრაჟო მოპასუხე დ.გ–იას საარბიტრაჟო მოსარჩელე სს „მ.ო.ს.კ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა საარბიტრაჟო მოსაკრებლის 317,57 ლარის გადახდა; თანხების გადახდევინება მოხდეს საარბიტრაჟო მოპასუხის დ.გ–იას საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონებიდან. დ.გ–იას სს „მ.ო.ს.კ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 150 ლარის ოდენობით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 19 მარტის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარმოადგინა დ.გ–იამ, რომელმაც, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ დ.გ–იას საკასაციო საჩივარი დატოვებული უნდა იქნას განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს წყვეტს ერთპიროვნულად, ზეპირი განხილვის გარეშე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დ.გ–იას საკასაციო საჩივარი ეხება თბილისის სააპელაციო სასამართლოს იმ განჩინების კანონიერებას, რომლითაც სს „მ.ო.ს.კ–ის“ განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ცნობილი იქნა მუდმივმოქმედი არბიტრაჟის, შპს „ს. ს.“ 13.12.2023 წ. გადაწყვეტილება და დაექვემდებარა აღსრულებას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სს „მ.ო.ს.კ–ის“ განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ცნობილი იქნა მუდმივმოქმედი არბიტრაჟის, შპს „ს.ს.“ 13.12.2023 წ. გადაწყვეტილება და დაექვემდებარა აღსრულებას შემდეგი სახით: 2021 წლის 12 აგვისტოს გაფორმებული N GCL-DD065546-2021-02 კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საარბიტრაჟო მოპასუხე დ.გ–იას საარბიტრაჟო მოსარჩელე სს „მ.ო.ს.კ–ის" სასარგებლოდ დაეკისრა: სესხის ძირი თანხის 2352.29 ლარის, მიუღებელი სარგებლის 872.57 ლარის, პირგასამტეხლოს 300 ლარის გადახდა; 2023 წლის 30 აგვისტოდან 2023 წლის 1 ოქტომბრამდე სესხზე დარიცხული ყოველდღიური სარგებლის 2.53 ლარის გადახდა; 2021 წლის 29 ნოემბერს გაფორმებული GCL-DD065546-2021-03 კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საარბიტრაჟო მოპასუხე დ.გ–იას საარბიტრაჟო მოსარჩელე სს „მ.ო.ს.კ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა: სესხის ძირი თანხის 6932.10 ლარის, მიუღებელი სარგებლის 2639.92 ლარის, პირგასამტეხლოს 700 ლარის გადახდა; 2023 წლის 30 აგვისტოდან 2023 წლის 1 ოქტომბრამდე სესხზე დარიცხული ყოველდღიური სარგებლის 7.70 ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე დ.გ–იას საარბიტრაჟო მოსარჩელე სს „მ.ო.ს.კ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა სააღსრულებო წარმოების საფასურის 135.00 ლარის გადახდა. საარბიტრაჟო მოპასუხე დ.გ–იას საარბიტრაჟო მოსარჩელე სს „მ.ო.ს.კ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა საარბიტრაჟო მოსაკრებლის 317,57 ლარის გადახდა; თანხების გადახდევინება მოხდეს საარბიტრაჟო მოპასუხის დ.გ–იას საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონებიდან. დ.გ–იას სს „მ.ო.ს.კ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 150 ლარის ოდენობით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი დავა თავისი შინაარსით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XLIV3, XLIV4, XLIV5 თავებით განსახილველ დავათა კატეგორიას მიეკუთვნება.
„არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, არბიტრაჟი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ხელმძღვანელობს მხარეთა ან არბიტრაჟის მიერ განსაზღვრული საარბიტრაჟო განხილვის პროცედურით, ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით.
მხარეები უფლებამოსილნი არიან ნების ავტონომიის ფარგლებში შეთანხმდნენ დავის განსახილველად არბიტრაჟისათვის გადაცემაზე, რაც უზრუნველყოფს არბიტრაჟის, როგორც ინსტიტუტის დამოუკიდებლობას და კრძალავს სასამართლოს მხრიდან არბიტრაჟის საქმიანობაში ინტერვენციას, კანონით განსაზღვრული გამონაკლისების გარდა.
„არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ამ კანონით გათვალისწინებულ სამართლებრივ ურთიერთობებში სასამართლოს რაიმე სახით ჩარევა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ამ კანონით პირდაპირ არის გათვალისწინებული. ანალოგიური შინაარსისაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35612 მუხლის მე-2 ნაწილიც, რომლის თანახმად, არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს მხოლოდ „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.
„არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოში გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებასთან დაკავშირებით უფლებამოსილ სასამართლოდ ითვლება სააპელაციო სასამართლოები, ხოლო საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილ გადაწყვეტილებებთან მიმართებაში - საქართველოს უზენაესი სასამართლო.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XLIV3, XLIV4, XLIV5 თავები შეიცავს სპეციალურ ნორმებს, რომლებიც არეგულირებს სასამართლოს მონაწილეობას საარბიტრაჟო განხილვასა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულებაში. ამავე კოდექსის 35613 მუხლის პირველი და მესამე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო განიხილავს საქმეებს არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, არბიტრაჟის მიერ გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ცნობის, აღსრულებისა და აღსრულებაზე უარის თქმის შესახებ, სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და გაუქმების შესახებ, ხოლო ამავე მუხლის მეოთხე ნაწილი განსაზღვრავს არბიტრაჟთან დაკავშირებულ იმ საქმეთა კატეგორიას, რომლებსაც იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ასეთად კანონმდებელი მიიჩნევს ამავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმეებს საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო ინტანციის სასამართლოებისათვის აწესებს არბიტრაჟთან დაკავშირებული საქმეების განხილვის კონკრეტულ ფარგლებს და ცალსახად ადგენს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების, არბიტრაჟის გადაწყვეტილების გაუქმების საკითხებზე მსჯელობის უფლება აქვს სააპელაციო სასამართლოებს, რომელთა მიერ გამოტანილი განჩინებების გასაჩივრების შესაძლებლობასაც სსსკ არ ითვალისწინებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განჩინების საკასაციო საჩივრით გასაჩივრების ფარგლები შეზღუდულია, კერძოდ, საკასაციო საჩივრის შეტანა დასაშვებია მხოლოდ იმ განჩინებებზე, რომელზეც პირდაპირ უთითებს კანონი. თავის მხრივ, მოქმედი კანონმდებლობა ამომწურავად ადგენს საერთო სასამართლოების კომპეტენციას საარბიტრაჟო გადაწყვეტილებებთან მიმართებით და ადგენს იმ ზუსტ და ამომწურავ ჩამონათვალს, როდესაც შესაძლებელია არბიტრაჟის გადაწყვეტილებაში სასამართლოს გზით ჩარევა.(იხ.სუსგ Nას-144-144-201; 29.03.2018; სუსგ Nას-224-2026 05.03.2026).
რადგან დ.გ–იას საკასაციო საჩივარი ეხება თბილისის სააპელაციო სასამართლოს იმ განჩინების კანონიერებას, რომლითაც სს „მ.ო.ს.კ–ის“ განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ცნობილი იქნა მუდმივმოქმედი არბიტრაჟის, შპს „ს.ს.“ 13.12.2023 წ. გადაწყვეტილება და დაექვემდებარა აღსრულებას, აღნიშნული საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი ვერ გახდება, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღინიშნა, ყოველგვარი დავა საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი არბიტრაჟის გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით შედის მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს კომპეტენციაში და ამ სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივრის შეტანა არ დაიშვება. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს: საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული (იხ. სუსგ-ები:# ას-1033-2018, 30.10.2018წ; # ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; #ას-851-817-2016, 04.11.2016წ.).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არის უფლებამოსილი განიხილოს გასაჩივრებული განჩინების კანონიერება, ვინაიდან არ არსებობს მისი კანონიერების შემოწმების თაობაზე საკასაციო საჩივრის დასაშვებობის აუცილებელი წინაპირობა. პალატის ზემოხსენებული განმარტებები სრულ შესაბამისობაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკასთან (იხ.: სუსგ-ბები: Nას-1009-1040-2011, 06.07.2011წ., Nას-804-753-2017, 28.07.2017წ., Nას-144-144-2018, 29.03.2018წ., Nას-1258-1178-2017, 09.10.2017წ., Nას-1564-2019, 04.11.2019წ.). საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და არ არსებობს მისი განსახილველად მიღების წინაპირობები, ვინაიდან დ.გ–იამ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს ის განჩინება, რომლის გასაჩივრების შესაძლებლობასაც კანონი არ ითვალისწინებს. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35612-ე, 391-ე, 396.4-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ.გ–იას საკასაციო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 19 მარტის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილი