დაკმაყოფილდა ნაწილობრივ
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-702-2026 10 ივლისი, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან ნემსაძე, მიხეილ ჯინჯოლია
კასატორი – კ.მ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ხ.ჩ–ნი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება, მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ხ.ჩ–ნმა (შემდეგში: მოსარჩელე), სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს კ.მ–ის (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი) მიმართ შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით:
კ.მ–ს, მისი არასრულწლოვანი შვილის, 2006 წლის 18 სექტემბერს დაბადებული ს.მ–ის, სასარგებლოდ, დაეკისროს ალიმენტის გადახდა, სარჩელის აღძვრის დღიდან, ბავშვის სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე, ყოველთვიურად 1500 ლარის ოდენობით.
კ.მ–ს, მისი არასრულწლოვანი შვილის, 2008 წლის 27 მარტს დაბადებული დ.მ–ის, სასარგებლოდ, დაეკისროს ალიმენტის გადახდა, სარჩელის აღძვრის დღიდან, ბავშვის სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე, ყოველთვიურად 1500 ლარის ოდენობით.
კ.მ–ს, მისი არასრულწლოვანი შვილის, 2013 წლის 18 მაისს დაბადებული ს.მ–ის, სასარგებლოდ, დაეკისროს ალიმენტის გადახდა, სარჩელის აღძვრის დღიდან, ბავშვის სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე, ყოველთვიურად 1500 ლარის ოდენობით.
კ.მ–ს შეეზღუდოს არასრულწლოვანი შვილის, 2013 წლის 18 მაისს დაბადებული ს.მ–ის (პ/ნ: ..........) მიმართ, მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ნაწილობრივ, პასპორტის აღების და საზღვარგარეთ გაყვანის ნაწილში, ბავშვის სრულწლოვანებამდე. ხ.ჩ–ნს მიეცეს უფლება აიღოს არასრულწლოვანი შვილის, 2013 წლის 18 მაისს დაბადებული ს.მ–ის (პ/ნ: ...........) პასპორტი მამის თანხმობის გარეშე და გაიყვანოს საზღვარგარეთ კ.მ–ის თანხმობის გარეშე, ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე, საქართველოში დაბრუნების ვალდებულებით.
2. სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით ხ.ჩ–ნის სარჩელი კ.მ–ის მიმართ, ალიმენტის დაკისრების და მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის შესახებ, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; კ.მ–ს საკუთარი შვილების: 2006 წლის 18 სექტემბერს დაბადებული ს.მ–ის, 2008 წლის 27 მარტს დაბადებული დ.მ–ის და 2013 წლის 18 მაისს დაბადებული ს.მ–ის რჩენა-აღზრდისათვის, დაეკისრა ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად თითოეული ბავშვისთვის 500-500 ლარის (სამივე ბავშვისთვის 1500 ლარის) ოდენობით, სარჩელის აღძვრის დღიდან - 2024 წლის 07 ივნისიდან - მათ სრულწლოვანებამდე (ს.მ–ის შემთხვევაში 2024 წლის 18 სექტემბრამდე). ამასთან, კ.მ–ს გადახდილად ჩაეთვალა 2024 წლის 07 ივნისიდან დღევანდელი მდგომარეობით გადასახდელი ალიმენტი და ალიმენტის გადახდის ვადა აეთვალა გადაწყვეტილების მიღების დღიდან - 2025 წლის 08 მაისიდან; კ.მ–ს არასრულწლოვანი შვილის, 2013 წლის 18 მაისს დაბადებული ს.მ–ის (პ/ნ: ........) მიმართ, შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღების, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, წლის განმავლობაში არაუმეტეს 2 თვით კვეთის და ამ საკითხთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის მომზადების ნაწილში. ამასთან, ხ.ჩ–ნს ს.მ–ის საზღვარგარეთ წაყვანის შემთხვევაში, დაეკისრა კ.მ–ის ინფორმირების ვალდებულება, არაუგვიანეს ერთი კვირით ადრე, საზღვრის კვეთის, საზღვარგარეთ ყოფნის ვადების და ასევე ბავშვის კონკრეტული ადგილსამყოფელის შესახებ.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით კ.მ–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება კ.მ–ისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვის ნაწილში; კ.მ–ისათვის ალიმენტის გადახდის დაკისრების ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი; ხ.ჩ–ნის სარჩელი კ.მ–ის მიმართ, მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვის თაობაზე, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; კ.მ–ს არასრულწლოვანი შვილის, 2013 წლის 18 მაისს დაბადებული ს.მ–ის მიმართ, შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღების, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, წლის განმავლობაში, არაუმეტეს, 2 თვით კვეთის და ამ საკითხთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის მომზადების ნაწილში, იმ პირობით, თუ იგი დაუსაბუთებლად იტყვის უარს საზღვარგარეთ ბავშვის გამგზავრებაზე; ხ.ჩ–ნს ს.მ–ის საზღვარგარეთ წაყვანის შემთხვევაში, დაეკისრა კ.მ–ის ინფორმირების ვალდებულება, გონივრული ვადით ადრე, საზღვრის კვეთის, საზღვარგარეთ ყოფნის ვადების და ასევე ბავშვის კონკრეტული ადგილსამყოფელის შესახებ; ბავშვის უცხოეთში გამგზავრების თაობაზე გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების მიზნით, ხ.ჩ–ნმა, ყველა ცალკეულ შემთხვევაში, უნდა მიმართოს სააპელაციო სასამართლოს და წარუდგინოს ინფორმაცია: ა) ს.მ–ის საქართველოდან გამგზავრებისა და საქართველოში დაბრუნების თარიღის შესახებ; ბ) მგზავრობის მიმართულების - დანიშნულების ადგილი და მიზანის შესახებ; გ) კ.მ–ისათვის წინასწარ შეტყობინების ვალდებულების შესრულებისა და შესაბამის თანხმობაზე მისი უარის შესახებ - პალატამ განმარტა, რომ ვითარებიდან გამომდინარე, უარს შეიძლება კ.მ–ის უმოქმედობაც გაუთანაბრდეს.
6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივ გარემოებები:
6.1. ხ.ჩ–ნი და კ.მ–ი ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ 2005 წლის 11 ოქტომბრიდან 2022 წლის 31 მარტამდე და შეეძინათ სამი შვილი: 2006 წლის 18 სექტემბერს - ს.მ–ი; 2008 წლის 27 მარტს - დ.მ–ი; 2013 წლის 18 მაისს - ს.მ–ი.
6.2. მხარეთა თანაცხოვრების შეწყვეტის შემდეგ მათი შვილები მოსარჩელესთან ერთად საცხოვრებლად დარჩნენ მოპასუხის კუთვნილ ბინაში, მისამართზე - ქ. თბილისში, .........
6.3. ზემოხსენებული ბინის გარდა, კ.მ–ს ეკუთვნის: არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1587.00 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთი, მდებარე დმანისის მუნიციპალიტეტი სოფელი ........., ს/კ: .........; სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 67150.00 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთი, მდებარე ბოლნისის საიონი, სოფელი ........, ს/კ: .......; სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 612.00 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. თბილისი, .........., ს/კ: ......... და 151.20 კვ.მ. ფართის საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. თბილისი, ..........., ს/კ: ...........
6.4. მოპასუხე „მარნეულიცემენტის“ 100%-იანი წილის მესაკუთრე და დირექტორია. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანამდე იგი მოსარჩელეს, პერიოდულად, სხვადასხვა ოდენობის თანხას ურიცხავდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:
6.5. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით აპელანტს, მართალია, ალიმენტის გადახდა 2024 წლის 7 ივნისიდან დაეკისრა, თუმცა მის ანგარიშში უკვე გადახდილი თანხა ჩაეთვალა და ვალდებულების ათვლა 2025 წლის 8 მაისიდან დაეწყო. ს.მ–ი სრულწლოვანი 2024 წლის 18 სექტემბერს გახდა, ამის შესაბამისად, აპელანტს მის მიმართ ალიმენტის გადახდა აღარ ეკისრება; ამრიგად, პალატის მსჯელობის საგანი დ.მ–ისა და ს.მ–ის მიმართ აპელანტის საალიმენტო ვალდებულებები იყო; თუმცა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ დ.მ–ი 18 წლის 2026 წლის 27 მარტს გახდება, ეს კი ნიშნავს, რომ მოპასუხემ მხოლოდ ათი თვისა და ოცი დღის ალიმენტი უნდა გადახადოს.
6.6. პალატის მითითებით, სარჩელის აღძვრამდე და გადაწყვეტილების გამოტანამდე აპელანტი საალიმენტო ვალდებულებებს ნებაყოფლობით ასრულებდა. თუმცა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1232-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ალიმენტის ნებაყოფლობით გადახდის წესი არ გამორიცხავს ალიმენტის მიმღების უფლებას, ნებისმიერ დროს სარჩელით მიმართოს სასამართლოს ალიმენტის გადახდევინების შესახებ. ამ ნორმის თანახმად, ალიმენტის მიმღებს ალიმენტის გადახდევინების თაობაზე სარჩელის აღძვრის უფლება ნებისმიერ დროს აქვს და ეს უფლება ალიმენტის ნებაყოფლობით გადახდასთან დაკავშირებული არ არის. პალატამ აღნიშნა, რომ ალიმენტის მოთხოვნის უფლება ადამიანის სიცოცხლისა და არსებობისათვის აუცილებელი პირობების შექმნასა და ალიმენტვალდებული პირის, პოტენციურად, არაკეთილსინდისიერი ქცევის პრევენციას ემსახურება; ალიმენტის გადახდევინება, მხოლოდ, ვალდებული პირის კეთილ ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება, რადგან მისი შეწყვეტის შემთხვევაში, სარჩენი, შეიძლება, უსახსროდ დარჩეს; სარჩელის აღძვრის უფლება სამართლებრივი გარანტიაა, რომელიც მას ამ ვითარებისაგან იცავს. პალატამ ყურადღება გაამახვილა მოპასუხის განმარტებაზე, რომელიც სამართალწარმოების განმავლობაში აღნიშნავდა, რომ ქონებრივი მდგომარეობის გამო, ალიმენტის გადახდა აღარ შეეძლო. ეს კი პალატის მოსაზრებით, სარჩოს შეწყვეტის რისკს და სასამართლოს გადაწყვეტილებით ალიმენტის დაკისრების აუცილებლობას, დამატებით, ადასტურებდა.
6.7. პალატამ მიიჩნია, რომ ბავშვის მიმართ იგივე ვალდებულებები ეკისრება აპელანტსაც და რადგან ბავშვები მასთან არ ცხოვრობენ, მან მათ აღზრდაში მონაწილეობა იმ ოდენობის ალიმენტის გადახდით მაინც უნდა მიიღოს, რომელიც ბავშვების ღირსეულად ცხოვრებას შეუწყობს ხელს. შესაბამისად, საქალაქო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტი ბავშვების, მეტ-ნაკლებად, ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ ოდენობას წარმოადგენდა და არ არსებობდა ამ ნაწილში სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
6.8. მშობლის უფლების შეზღუდვის შესახებ მოთხოვნასთან მიმართებით, პალატამ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლზე, რომლის თანახმად: მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები. პალატამ აღნიშნა, რომ ამ ნორმის შესაბამისად, აპელანტს აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა ბავშვების საზღვარგარეთ გაყვანის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებაში და მოსარჩელე აპელანტს ამ უფლებას ვერ შეუზღუდავს. მშობლის უფლების შეზღუდვა უნდა მოხდეს მხოლოდ განსაკუთრებულ, გამონაკლის შემთხვევაში, როცა სხვა გზით დასახული მიზნის მიღწევა, ე.ი. ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა შეუძლებელი იქნება.
6.9. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტმა მისი უარი ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანაზე, ბავშვის უსაფრთხოებაზე ზრუნვით ახსნა.
6.10. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ს.მ–ი 12 წლის მოზარდია და თავისი სურვილები და შეხედულებები ნათლად აქვს ჩამოყალიბებული. ეს ჩანს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს თბილისის საქალაქო ცენტრის 2025 წლის 23 იანვრის დასკვნიდანაც, რომელშიც მითითებულია: „ბავშვის მსჯელობა იყო სწორი და თანმიმდევრული. ს.ს შეუძლია საუბარი სხვადასხვა თემაზე. გადმოსცემს თავის მოსაზრებას და ემოციურ მდგომარეობას“. სოციალურ მუშაკთან გასაუბრებისას ბავშვმა, აპელანტის ნების საწინააღმდეგოდ, საზღვარგარეთ გამგზავრების სურვილი გამოთქვა: „არასრულწლოვანი გამოთქვამს სურვილს, რომ შეძლოს მოგზაურობა, მითუმეტეს ამის გამოცდილებაც აქვს. იყო პერიოდი, როდესაც მამამ დედას მისცა თანხმობა და შეძლო სამოგზაუროდ დედის ნათესავებთან სტუმრად ჩასვლა. ს.ს სოციალური მუშაკის მხრიდან მიეწოდა ინფორმაცია მისი უფლებების, მათ შორის სასამართლო პროცესში მონაწილეობის, ადვოკატის დანიშვნის და სხვა საკითხების შესახებ ასაკის შესაბამისად. ს. აფიქსირებს თანხმობას და ასევე აფიქსირებს სამოგზაუროდ წასვლის სურვილს, გამოთქვამს სურვილს შეძლოს თავისუფლად მოგზაურობა“.
6.11. პალატის მითითებით, აპელანტის განმარტების მიუხედავად, მოსარჩელის მხრიდან ბავშვის უგულებელყოფისა და საფრთხეში მისი ჩაგდების ფაქტი საქმის მასალებით არ დასტურდებოდა. ამრიგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბავშვის ნება და მოსაზრებები მის საუკეთესო ინტერესებს არ ეწინააღმდეგებოდა. სამართალწარმოებაში ბავშვის ინტერესების დამცველი, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო აპელანტისთვის მშობლის უფლებამოსილების შეზღუდვას დაეთანხმა: „ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და მხარეების მიერ მოწოდებული ინფორმაციით მიზანშეწონილია მხარეთა შორის შედგეს შეთანხმება ან/და კ.მ–ს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ გაყვანის ნაწილში ს.მ–ის მიმართ, არასრულწლოვნების დასვენების მიზნით, ხოლო დედას დაეკისროს ვალდებულება არასრულწლოვანი შვილები დააბრუნოს საქართველოში“.
6.12. ამავდროულად, პალატამ აღნიშნა, რომ მშობლის უფლება ადამიანის ბუნებითი უფლებაა, ხოლო მისი შეზღუდვა იშვიათი და გამონაკლისი ღონისძიებაა, რომელიც მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, ზუსტი მიზნითა და კონკრეტული პირობების დაცვით უნდა განხორციელდეს. იმ ვითარებაში, როცა განსაზღვრული არ იყო საზღვარგარეთ მოსარჩელის გამგზავრების დრო, მგზავრობის მიმართულება და მიზანი და ასევე ის, დაეთანხმებოდა თუ არა მოპასუხე, სახელდობრ, ამ მოგზაურობას, მშობლის უფლების ზოგად და უპირობო შეზღუდვას წარმოადგენდა. მეორე მხრივ, პალატამ აღნიშნა, რომ ს.მ–ი ჯერ მხოლოდ 12 წლისაა და აბსოლუტურად მიუღებელია 16 წლამდე დარჩენილი დროის განმავლობაში, ყველა შემთხვევაში, როცა აპელანტი საზღვარგარეთ მის გამგზავრებას არ დაეთანხმება, მოსარჩელეს ცალკე სამართალწარმოების დაწყება მოუწიოს - გასაგები მიზეზების გამო, ეს ბავშვის ინტერესების სწრაფ და ეფექტურ დაცვას ვერანაირად უზრუნველყოფს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელეს აპელანტის წინასწარ ინფორმირების ვალდებულება დაეკისრა და ეს მას არ გაუსაჩივრებია; თუმცა გადაწყვეტილებით ამ შეტყობინების მიზანი განსაზღვრული არ ყოფილა; განსაზღვრული არ ყოფილა ასევე ის შედეგიც, რომელიც ზემოხსენებული ვალდებულების დარღვევას მოჰყვებოდა. პალატის მოსაზრებით, ამ ვითარებაში, შეტყობინების მოვალეობას, მხოლოდ და მხოლოდ, ფორმალური მნიშვნელობა ექნებოდა, რაც დაუშვებელია. პალატის მითითებით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ სასამართლოს მიერ შეტყობინებისათვის განსაზღვრული ვადა - ერთი კვირა, აპელანტის მხრიდან სათანადო ინფორმაციის მისაღებად და თავისი მოქმედებების დასაგეგმად, აშკარად, არასაკმარისია. რასაკვირველია, ბავშვის საზღვარგარეთ გამგზავრების სურვილის თაობაზე მოსარჩელემ აპელანტს წინასწარ უნდა შეატყობინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისგან შესაბამისი თანხმობის მიღება შეუძლებელი იქნება; თუმცა ეს უნდა მოხდეს გონივრულ ვადაში, ანუ იმ ვარაუდით, რომ გამგზავრებამდე დარჩენილი დრო საკმარისი იყოს აპელანტის მხრიდან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მისაღებად და შესაბამისი თანხმობის გასაცემად. ამრიგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტს ბავშვის საზღვარგარეთ გამგზავრებისა და შესაბამისი საბუთების აღების ნაწილში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება უნდა შეზღუდვოდა იმ პირობით, თუ იგი დაუსაბუთებლად იტყვის უარს შესაბამის თანხმობაზე. ამასთან, დაადგინა, რომ თითოეული ეს შემთხვევა სასამართლომ ცალ-ცალკე, დამოუკიდებლად უნდა შეაფასოს
6.13. პალატამ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლზე, რომლის თანახმად, „თუ სასამართლო დაადგენს გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრულ წესსა და ვადას, ან მიიღებს ზომებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, ამის შესახებ მითითებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილებაში“ და აღნიშნა, რომ რადგან სასამართლომ გადაწყვეტილების აღსასრულებლად გარკვეული პირობები დაადგინა, ზემოხსენებული ნორმის თანახმად, მისი აღსრულების წესი თავადვე უნდა განესაზღვრა. ამის შესაბამისად, ბავშვის უცხოეთში გამგზავრების თაობაზე გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების მიზნით, მიიჩნია, რომ ხ.ჩ–ნმა, ყველა ცალკეულ შემთხვევაში უნდა მომართოს სააპელაციო სასამართლოს და წარუდგინოს მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდება: ა) ს.მ–ის საქართველოდან გამგზავრებისა და საქართველოში დაბრუნების თარიღი; ბ) მგზავრობის მიმართულება - დანიშნულების ადგილი და მიზანი; გ) აპელანტისათვის წინასწარ შეტყობინების ვალდებულების შესრულება და მისი უარი შესაბამის თანხმობაზე - პალატამ განმარტა, რომ ვითარებიდან გამომდინარე, უარს შეიძლება აპელანტის უმოქმედობაც გაუთანაბრდეს.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 04 თებერვლის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა კობამ–მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
8. საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
8.1. კასატორი აღნიშნავს, რომ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან ერთში ცხოვრობს მოსარჩელე შვილებთან ერთად, მეორე ბინაში კი, თავად მოპასუხე და აღნიშნული ბინა დატვირთულია იპოთეკით სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ, რაც ცხადყოფს, რომ კ.მ–ს აქვს სესხი და იხდის ყოველთვიურ თანხას. გარდა აღნიშნულისა, ჰყავს 7 წლის შვილი, რომელსაც ესაჭიროება საცხოვრისი და მამის მზრუნველობა.
8.2. საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2023 წლის ივნისის თვიდან 2024 წლის 01 ივლისამდე პერიოდზე კ.მ–ს მიღებული შემოსავლები არ უფიქსირდება, რაც ადასტურებს იმასაც, რომ შპს „მარნეულცემენტიდან“ მოპასუხეს არანაირი შემოსავალი არ გააჩნია. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ მისი შვილების რეალური მატერიალური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, უზრუნველყოფილი არიან ყველა საჭიროებით მამის ნათესავებისა და მეგობრების მხრიდან და არ საჭიროებენ მამისგან ალიმენტის მიღებას.
8.3. კასატორი სადავოდ ხდის მშობლის უფლების შეზღუდვის ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას. კერძოდ, მიიჩნევს, რომ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოსარჩელეს თავისუფლად შეუძლია საქართველოს მოქალაქის პასპორტის მქონე ს.მ–ი წინაწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშეც, 2 თვეზე მეტი ვადითაც გაიყვანოს საზღვარგარეთ.
8.4. კასატორი შუამდგომლობს ს.მ–ისა და დ.მ–ის მოწმის სტატუსით დაკიხვაზე. აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მისი შუამდგომლობა ს.მ–ის მოწმედ დაკითხვის შესახებ დააკმაყოფილა, თუმცა, მოწმედ არ დაკითხა. შესაბამისად, მათი პოზიცია რეალური მატერიალურ მდგომარეობისა და მამისათვის ალიმენტის დაკისრების საჭიროების შესახებ, სასამართლოს არ გამოუკვლევია.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 03 ივნისის განჩინებით, სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 07 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სსსკ-ის 391.5 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
10. საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ გამოიკვეთა სსსკ-ის 412-ე მუხლის წინაპირობები, რის შედეგადაც მოპასუხის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე მშობლის უფლების შეზღუდვის ნაწილში ხელახალი განხილვის მიზნით, იმავე სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს. ალიმენტის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში კი, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.
11. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაუშვა სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა დასაშვები და ნაწილობრივ დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
12. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე, მოპასუხის საკასაციო პრეტენზიების მიხედვით სადავოა ალიმენტის დაკისრების მართლზომიერება და მშობლის უფლების შეზღუდვის კანონიერება.
13. საკასაციო პალატა პირველ რიგში იმსჯელებს მოპასუხისათვის ალიმენტის დაკისრების საფუძვლის არსებობაზე. სსკ-ის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. 1198 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის თანხმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების რეალურ მატერიალურ მდგომარეობას, ისე - შვილის საჭიროებებს. 1234 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია, სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. 1202-ე მუხლის შესაბამისად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
14. კანონის ზემოხსენებული დანაწესი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას, გადაწყვეტილებას ალიმენტის მოცულობის თაობაზე იღებს სასამართლო. კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
15. ბავშვის უფლებათა კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ბავშვს უფლება აქვს, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში, სადაც შექმნილია პირობები მისი ჰარმონიული აღზრდისა და განვითარებისთვის და კეთილდღეობისთვის. ამავე კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად მშობელი, ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირი ვალდებულია აღზარდოს ბავშვი, იზრუნოს მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისთვის, აღზარდოს ის საზოგადოების ღირსეულ წევრად, მაღალი ზნეობრივი ღირებულებების მქონე პიროვნებად.
16. ბავშვის უფლებების შესახებ 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციის (რატიფიცირებულია 01.07.1994) მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.
17. კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება. ზემოხსენებული ნორმების შესაბამისად, ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ რამდენს შეადგენს ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა. გასათვალისწინებელია, როგორც არასრულწლოვანი შვილების უფლება, მიიღონ მშობლისაგან ალიმენტი, ასევე ის სამართლებრივი დანაწესი, რომ ორივე მშობელი თანაბრადაა ვალდებული, იზრუნონ არასრულწლოვან შვილებზე. სასამართლო ხაზგასმით მიუთითებს, რომ აღნიშნული ვალდებულების არსებობა უპირობო ხასიათს ატარებს, არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, თუ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილურად მაღალი მატერიალური შემოსავალი, ან/და გააჩნია საბანკო ვალდებულებები, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისგან. მშობლის პოზიტიური ვალდებულება, არჩინოს არასრულწლოვანი შვილი, არა მისი ფაქტობრივად არსებული შემოსავლით, არამედ იმითაც განისაზღვრება, რამდენად შრომისუნარიანია მარჩენალი, რათა მან ყოველი ღონე იხმაროს შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდის პირობების შესაქმნელად.
18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლობით დაწესებულია მშობლების მიერ შვილების რჩენის მოვალეობა, რაც ალიმენტის გადახდის მოვალეობასაც მოიცავს, მაგრამ კანონმდებელი არასრულწლოვნის სასარგებლოდ დასაკისრებელი ალიმენტის ზღვრულ ოდენობას არ ადგენს. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას, სასამართლო მოქმედებს დისკრეციის ფარგლებში და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებათა შეფასებით, უნდა დაადგინოს ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა. ამასთან, საქართველოს უზენაეს სასამართლოს არაერთ საქმეზე აქვს განმარტებული, რომ ალიმენტის დაკისრების საკითხის განხილვის დროს ამოსავალი წერტილია ბავშვის საუკეთესო ინტერესი - გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს. ამასთან, ალიმენტის ოდენობის დადგენისას უნდა შეფასდეს მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა ობიექტური გარემოებები. ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს მხოლოდ ფორმალურ ხასიათს, ის უნდა იყოს ეფექტური და ქმედითი ღონისძიება, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს ბავშვის განვითარებისთვის საჭირო და აუცილებელი პირობების შექმნას. შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა და იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან (იხ. სუსგ-ები: №ას-58-49-2011, 27.06.2011წ; №ას-1141-1061-2017, 17.10.2017 წ; №ას-ას-1301-2019, 13.03.2020 წ; №ას-878-2021, 27.10.2021 წ. Nას-1262-2023, 8.11.2023წ.; Nას-1328-2023, 7.03.2024წ; Nას-1606-2023, 10.04.2024წ.).
19. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხე დაკისრებულ ალიმენტს უსაფუძვლოდ მიიჩნევს იმ მოტივით, რომ დადგენილი არ არის როგორც არასრულწლოვნის მატერიალური საჭიროებები (კასატორი მიიჩნევს, რომ მისი არასრულსლოვანი შვილები მოპასუხისათვის ალიმენტის დაკისრების გარეშეც უზრუნველყოფილი არიან სათანადოდ), ისე ალიმენტვალდებული პირის ქონებრივი მდგომარეობა.
20. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის ზემოთხსენებულ არგუმენტს და ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებას მოპასუხისთვის არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ალიმენტის - თითოეული არასრულწლოვანი შვილისათვის 500 ლარის დაკისრების თაობაზე. კასატორის პრეტენზიის პასუხად, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა მისი ქონებრივი მდგომარეობა, საბანკო ვალდებულებები და შემოსავლები, პალატა განმარტავს, რომ ალიმენტვალდებული პირის ხარჯების არსებობის ან/და შემოსავლის არქონის პირობებშიც კი, მშობელი ვერ გათავისუფლდება შვილის რჩენის ვალდებულებისაგან და სხვა ხარჯებს (მაგ. სახელშეკრულებო ვალდებულებებს) ვერ მიენიჭება უპირატესობა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დედის მატერიალური შესაძლებლობები საკმარისია, მამა ასევე ვალდებულია (თუნდაც არ იყოს დასაქმებული) სტაბილურად ჩაერთოს შვილების რჩენა-აღზრდის საკითხებში, რათა უზრუნველყოფილი იქნას ბავშვების საარსებო მოთხოვნილებები - ორივე მშობლის მონაწილეობით.
21. ამდენად, ალიმენტის დაკისრების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი. რაც შეეხება მშობლის უფლების შეზღუდვის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ნაწილში უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
22. როგორც უკვე აღინიშნა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას კასატორის მიერ გამოთქმული პრეტენზიების ფარგლებში შეამოწმებს, თუმცა, ვინაიდან წინამდებარე დავაში საკითხის გადაწყვეტის ქვაკუთხედს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გამოკვლევა-დადგენა წარმოადგენს, სასამართლო განკარგავს ამავე კოდექსის 354-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ინკვიზიციურობის პრინციპს და შეეხება იმ საკითხთა წრეს, რომლებიც შესაძლოა აბრკოლებდეს ქვემდგომი სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულებას და არ ემყარებოდეს ს.მ–ის ჭეშმარიტი ინტერესების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ შეფასება-გამოკვლევას.
23. მშობლის უფლების შეზღუდვის შესახებ მოთხოვნის ნაწილში სასამართლოს კვლევის საგანს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დადგენა და იმის განსაზღვრა წარმოადგენს, თუ რა იქნება ბავშვის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულფასოვანი წევრის ფიზიკური, გონებრივი და სულიერი განვითარებისათვის სასარგებლო, კერძოდ, არის თუ არა არასრულწლოვნის ჭეშმარიტი ინტერესი კასატორისთვის მშობლის უფლების შეზღუდვა გასაჩივრებული სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით.
24. პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მშობლის უფლების შეზღუდვის ნაწილში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კასატორის პრეტენზია ეფუძნება დედის მხრიდან ბავშვის სასამართლოს მიერ განსაზღვრულ პერიოდზე (წლის განმავლობაში, არაუმეტეს 2 თვის ვადით) მეტი ვადით საზღვარგარეთ გაყვანის რისკს, ასევე სასამართლო გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის განსაზღვრული ვალდებულების - მოპასუხის წინასწარ ინფორმირების მოსარჩელის მიერ შესაძლო უგულებელყოფას. მართალია, აღნიშნულ ნაწილში მოსარჩელეს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით არ გაუსაჩივრებია, თუმცა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის პრეტენზიისა და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ერთობლიობაში შეფასებით, იმის მხედველობაში მიღებით, რომ საკითხი შეეხება არასრულწლოვნის ინტერესს, ხოლო, გადაწყვეტილება უნდა იყოს აღსრულებაუნარიანი, სადავო ნაწილში გადაწყვეტილების შემოწმება არ ჩაითვლება მხარის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების საუარესოდ შებრუნებად.
25. პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შემთხვევაში, გაურკვეველია, გადაწყვეტილების, როგორც მართლმსაჯულების აქტის აღსრულებაუნარიანობის საკითხი.
26. საკასაციო პალატა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე და 266-ე მუხლების ანალიზის საფუძველზე განმარტავს, რომ გადაწყვეტილების ფორმალური და მატერიალური კანონიერი ძალა, გულისხმობს მიმდინარე პროცესში დავის განხილვის დამთავრებას, მატერიალური კანონიერი ძალა კი, უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულობას არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. გადაწყვეტილების კანონიერ ძალას გააჩნია კანონით განსაზღვრული სუბიექტური და ობიექტური ფარგლები, რომელიც აზუსტებს გადაწყვეტილების მოქმედების საზღვრებს. გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება საქმის განხილვაში მონაწილე პირთა წრეზე (სუბიექტური ფარგლები) და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე (ობიექტური ფარგლები).
27. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კ.მ–ს არასრულწლოვანი შვილის, 2013 წლის 18 მაისს დაბადებული ს.მ–ის მიმართ, შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღების, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, წლის განმავლობაში, არაუმეტეს, 2 თვით კვეთის და ამ საკითხთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის მომზადების ნაწილში, იმ პირობით, თუ იგი დაუსაბუთებლად იტყვის უარს საზღვარგარეთ ბავშვის გამგზავრებაზე; ხ.ჩ–ნს ს.მ–ის საზღვარგარეთ წაყვანის შემთხვევაში, დაეკისრა კ.მ–ის ინფორმირების ვალდებულება, გონივრული ვადით ადრე, საზღვრის კვეთის, საზღვარგარეთ ყოფნის ვადების და ასევე ბავშვის კონკრეტული ადგილსამყოფელის შესახებ; ბავშვის უცხოეთში გამგზავრების თაობაზე გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების მიზნით, ხ.ჩ–ნმა, ყველა ცალკეულ შემთხვევაში, უნდა მიმართოს სააპელაციო სასამართლოს და წარუდგინოს ინფორმაცია: ა) ს.მ–ის საქართველოდან გამგზავრებისა და საქართველოში დაბრუნების თარიღის შესახებ; ბ) მგზავრობის მიმართულების - დანიშნულების ადგილი და მიზანის შესახებ; გ) კ.მ–ისათვის წინასწარ შეტყობინების ვალდებულების შესრულებისა და შესაბამის თანხმობაზე მისი უარის შესახებ - პალატამ განმარტა, რომ ვითარებიდან გამომდინარე, უარს შეიძლება კ.მ–ის უმოქმედობაც გაუთანაბრდეს.
28. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებული ფორმულირებით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში, იგი ვერ იქნება აღსრულებადი, რადგან გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი არ შეიძლება იყოს დამოკიდებული რომელიმე მხარის ნებაზე (ინფორმირების ვალდებულების არსებობა, მოსარჩელის მიერ მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში შეაფერხებს თუ არა გადაწყვეტილების აღსრულებას?) და ასევე არ უნდა საჭიროებდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოსთვის მიმართვასა და იმის შეფასებას, რამდენად დაუსაბუთებლად ამბობს უარს მოპასუხე არასრულწლოვანი შვილის საზღვარგარეთ გამგზავრებაზე თანხმობის გაცემაზე. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უფლება მიეცა ს.მ–ს აუღოს საქართველოს მოქალაქის პასპორტი. ასეთ პირობებში კი, არასრულწლოვანი შვილის საზღვარგარეთ გაყვანის შესახებ მოსარჩელის სურვილის შემთხვევაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით განსაზღვრული დამატებითი მოთხოვნების არსებობა და მხოლოდ ამ მოთხოვნების დაცვის შემდგომ გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობა არც „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ მოქმედი კანონიდან გამომდინარეობს.
29. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია განსაზღვროს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრული წესი (თუ სასამართლო დაადგენს გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრულ წესსა და ვადას, ან მიიღებს ზომებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, ამის შესახებ მითითებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილებაში). ამავე კოდექსის 2511 მუხლის თანახმად კი, არასრულწლოვნის უფლებებთან დაკავშირებულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას და დასაბუთებისას სასამართლო უპირატესობას ანიჭებს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს. პალატა განმარტავს, რომ გადაწყვეტილების აღსრულება მართლმსაჯულების შემადგენელი ნაწილია და მისი შესრულება უზრუნველყოფილია სახელმწიფოს მიერ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება სამართლიანი სასამართლოს განუყოფელი ნაწილია, რადგან კონკრეტულ დავაზე მიღწეული სამართლებრივი შედეგი, მისი რეალურად აღსრულების გარეშე, ვერ ქმნის მხარის სამართლიანი დაკმაყოფილების საფუძველს, აღნიშნული კი გადაწყვეტილების მიმღები სასამართლოს ზრუნვის საგანია და სამართლებრივი უსაფრთხოების შემადგენელი ნაწილი, რათა თითოეულმა მხარემ მიიღოს მართლმსაჯულების განხორციელების შედეგი არა ფორმალურად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სახით, არამედ - მისი აღსრულების გზით (სუსგ Nას- 964-899-2017, 23.02.2018წ.). სასამართლოსადმი მიმართვის უფლება შედეგზე ორიენტირებული უფლებაა და თუნდაც სასურველი გადაწყვეტილების მიღება არასაკმარისია აღნიშნული მიზნის მისაღწევად, გადაწყვეტილების დროული და სრულყოფილი აღსრულების გარეშე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების/განჩინების აღსრულების მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ კონტრაქტორი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა, ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითი დარჩენილიყო. ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (იხ. საქმე შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ“). სხვა საქმეში ევროსასამართლომ ასევე განმარტა, რომ სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება (იხ. Hornsby, cited above, §§ 40 and seq.) (შდრ. სუსგ Nას-138-2022, 04.03.2022წ., სუსგ Nას-842-1056-08 , 16.06.2020წ.). როგორი სწრაფიც არ უნდა იყოს მართლმსაჯულება, როგორი სამართლიანი და კანონიერიც არ უნდა იყოს სასამართლო გადაწყვეტილება, მართლმსაჯულების მიზნები და ამოცანები განუხორციელებელი რჩება, თუ არ მოხდება გადაწყვეტილების აღსრულება (იხ. სუსგ. საქმეზე №ას-1553-2022, 20 დეკემბერი 2023 წელი, იხ. სუსგ. საქმეზე ას-538-2022, 2022 წლის 16 ივნისი).(Burdov v. Russia, no. 59498/00, §34, ECHR 2002-III). ევროპული სასამართლოც განმარტავს, რომ სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება (იხ. „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“, განაცხადი №40765/02; Hornsby v. Greece , judgment of 19 March 1997, Reports of Judgments and Decisions 1997-II, p. 510, §40 Hornsby; Mutishev and Others v. Bulgaria, 18967/03, §129, 3 December 2009;Antonetto v. Italy, no. 15918/89, §28, 20 July 2000).
30. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების აღსრულების წესის იმგვარად განსაზღვრა, როგორც ეს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაშია მოცემული, ვერ უზრუნველყოფს გადაწყვეტილების ამ ნაწილის აღსრულებას. პალატის მოსაზრებით, მითითებული პროცედურის დაცვის გარეშეც პასპორტის აღების მინიჭებული უფლების გათვალისწინებით, შესაძლებელი იქნება არასრულწლოვნის ქვეყნიდან გაყვანა. ასევე, აღსრულების მოცემული წესით განსაზღვრის შემთხვევაში, გადაწყვეტილების აღსრულება მუდმივად დამოკიდებული იქნება სასამართლოს მიერ სადავო საკითხის ინდივიდუალურ შეფასებაზე და იმის გათვალისწინებით, რომ საკითხი შეეხება არასრულწლოვნის ინტერესს, მოცემული საქმის ფარგლებში გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებები შესაძლოა ნებისმიერ დროს შეიცვალოს და საჭირო გახდეს ახალი გარემოებების გამოკვლევა, გადაწყვეტილების აღსრულების წესის განსაზღვრითა და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში წარდგენილი განცხადების განხილვის გზით კი, მოცემული გადაწყვეტილების აღსრულების მიზანშეწონილობას არასრულწლოვნის ინტერესების სასარგებლოდ, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს. რაც შეეხება კასატორის ეჭვს წლის განმავლობაში 2 თვეზე მეტი ხნით გაყვანის შესაძლებლობის შესახებ, ასეთი რისკის არსებობის დამადასტურებელ ფაქტობრივ გარემოებაზე მოპასუხეს არ მიუთითებია და აღნიშნული ვერ გახდებოდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. ამასთან, ამგვარი ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, მხარეს შეუძლია მიმართოს სათანადო სამართლებრივ პროცედურებს.
31. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას ს.მ–ისა და დ.მ–ის მოწმის სტატუსით დაკითხვაზე, კ.მ–ი მიიჩნევს, რომ მათი პოზიცია სასამართლოს უნდა გამოეკვლია რეალური მატერიალურ მდგომარეობისა და მამისათვის ალიმენტის დაკისრების საჭიროების განსასაზღვრად. აღნიშნულს პალატა ვერ გაიზიარებს და კასატორს კიდევ ერთხელ განუმარტავს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას, სასამართლო მოქმედებს დისკრეციის ფარგლებში და საქმის გარემოებათა შეფასებით, ადგენს ალიმენტის გონივრულ და სამართლიან ოდენობას. შესაბამისად, ს.მ–ისა და დ.მ–ის მოწმის სტატუსით დაკითხვის შემთხვევაშიც, მათი ჩვენება ვერ გახდებოდა მოპასუხისათვის ალიმენტის დაკისრებაზე უარის თქმის საფუძველი.
32. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. იმავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
33. განჩინებაში ასახული ნორმების ანალიზისა და ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მშობლის უფლების შეზღუდვისა და გადაწყვეტილების აღსრულების წესის განსაზღვრის ნაწილში უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შემდგომ, სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს მშობლის უფლების შეზღუდვის საკითხზე, ბავშის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით და თუ მიიჩნევს, რომ არსებობს მშობლის უფლების შეზღუდვის საფუძველი გაითვალისწინოს მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებაუნარიანობის საკითხი. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს ასევე მასზედ, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არასრულწლოვნის ქვეყნიდან გაყვანაზე, შეეხებოდა მხოლოდ ბელგიაში წაყვანის სურვილს და ხ.ჩ–ნს მისი სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, არ მიუთითებია ბავშვის ზოგადად საზღვარგარეთ წაყვანის შესახებ.
34. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კ.მ–ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 04 თებერვლის გადაწყვეტილების მე-2 (გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება კ.მ–ისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვის ნაწილში), მე-4 (ხ.ჩ–ნის სარჩელი კ.მ–ის მიმართ, მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვის თაობაზე, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ), მე-5 (კ.მ–ს არასრულწლოვანი შვილის, 2013 წლის 18 მაისს დაბადებული ს.მ–ის მიმართ, შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღების, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, წლის განმავლობაში, არაუმეტეს, 2 თვით კვეთის და ამ საკითხთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის მომზადების ნაწილში, იმ პირობით, თუ იგი დაუსაბუთებლად იტყვის უარს საზღვარგარეთ ბავშვის გამგზავრებაზე) მე-6 (ხ.ჩ–ნს ს.მ–ის საზღვარგარეთ წაყვანის შემთხვევაში, დაეკისროს კ.მ–ის ინფორმირების ვალდებულება, გონივრული ვადით ადრე, საზღვრის კვეთის, საზღვარგარეთ ყოფნის ვადების და ასევე ბავშვის კონკრეტული ადგილსამყოფელის შესახებ), მე-7 (ბავშვის უცხოეთში გამგზავრების თაობაზე გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების მიზნით, ხ.ჩ–ნმა, ყველა ცალკეულ შემთხვევაში, უნდა მომართოს სააპელაციო სასამართლოს და წარმოუდგინოს ინფორმაცია: ა) ს.მ–ის საქართველოდან გამგზავრებისა და საქართველოში დაბრუნების თარიღის შესახებ; ბ) მგზავრობის მიმართულების - დანიშნულების ადგილი და მიზანი - შესახებ; გ) კ.მ–ისათვის წინასწარ შეტყობინების ვალდებულების შესრულებისა და შესაბამის თანხმობაზე მისი უარის შესახებ - პალატა განმარტავს, რომ ვითარებიდან გამომდინარე, უარს შეიძლება კ.მ–ის უმოქმედობაც გაუთანაბრდეს. მხარეებს განემარტოთ, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2671 მუხლისა და ბავშვის უფლებათა კოდექსის 72-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილების საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში, გადაწყვეტილების აღსრულების საკითხის გადაწყვეტის პროცესში, სასამართლომ შეიძლება სხვა შესაბამისი ინფორმაცია და მტკიცებულებებიც მოითხოვოს) პუნქტები და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 04 თებერვლის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში, დარჩეს უცვლელად.
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი
მოსამართლეები: ლევან ნემსაძე
მიხეილ ჯინჯოლია