დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 14.07.2026
საქმის ნომერი
ას-486-2026
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
14.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-486-2026

14 ივლისი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – თ.ვ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს ,,ს.ბ–ი'' (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხე - ი.მ–ა

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 06 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სესხის, სარგებლის, პირგასამტეხლოს და მიუღებელი შემოსავლის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

სს ,,ს.ბ–ის'' წარმომადგენელმა სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ი.მ–ასა და თ.ვ–ძის მიმართ, სესხის, სარგებლის, პირგასამტეხლოს და მიუღებელი შემოსავლის დაკისრებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხე - თ.ვ–ძემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 06 მარტის განჩინებით თ.ვ–ძის სააპელაციო საჩივარი (საჩივარი) ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებაზე დაუშვებლობის გამო (ხარვეზის შეუსევლობის გამო) დარჩა განუხილველად.

აღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხე - თ.ვ–ძემ წარადგინა კერძო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 16 აპრილის განჩინებით თ.ვ–ძეს დაევალა მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის - ქვითრის დედანი.

ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრის ავტორს რამდენჯერმე გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე: ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის მე-6 შესახვევი N17, ბინა 51-ში. ასევე ორჯერ გაეგზავნა სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე: ბათუმი, .........., თუმცა ადრესატისთვის გზავნილის ჩაბარება ვერცერთ შემთხვევაში ვერ მოხერხდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. მითითებული ნორმის შესაბამისად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლო კერძო საჩივრის განხილვისას ხელმძღვანელობს მოცემული ინსტანციის სასამართლოსათვის დადგენილი ნორმებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2026 წლის 16 აპრილის განჩინებით თ.ვ–ძეს დაევალა მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის - ქვითრის დედანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ხარვეზის შესახებ განჩინება კერძო საჩივრის ავტორს რამდენჯერმე გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით მის მიერ მითითებულ მისამართზე: ბათუმი, .........., თუმცა ადრესატისთვის გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა. კორესპოდენციის ჩაუბარებლობის მიზეზად შეტყობინების ბარათებში აღნიშნულია: ,,მისამართზე არავინაა, დავტოვე შეტყობინება, ნომერს არ პასუხობს'' (იხ. ს.ფ. 244-249), ასევე ორჯერ გაეგზავნა სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე: ბათუმი, .......... მიუხედავად ამისა, ადრესატისთვის გზავნილის ჩაბარება მაინც ვერ მოხერხდა. კორესპოდენციის ჩაუბარებლობის მიზეზად შეტყობინების ბარათებში მითითებული, რომ ,,მისამართზე არავინ იყო, ნომერს არ პასუხობს'' (იხ. ს.ფ. 250-254),სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე. ამავე კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება.

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორს თ.ვ–ძეს განჩინება გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, ხოლო გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა, საკასაციო სასამართლო თ.ვ–ძისათვის ხარვეზის განჩინებას ჩაბარებულად მიიჩნევს განმეორებით გაგზავნილი უწყების ჩაუბარებლობის დამადასტურებელ საფოსტო გზავნილში კურიერის მიერ მითითებულ დროს - 2026 წლის 19 ივნისს (იხ. ს.ფ. 254).

საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული ათდღიანი ვადის დენა თ.ვ–ძისათვის დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2026 წლის 20 ივნისს და ამოიწურა 2026 წლის 29 ივნისს.

დადგენილია, რომ კერძო საჩივრის ავტორს სასამართლოსთვის განსაზღვრულ ვადაში არ წარმოუდგენია არც ხარვეზის შევსებისთვის აუცილებელი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები, არც რაიმე სახის შუამდგომლობა.

სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-119-2022, 03.02.2022წ.; №ას-1133-2021, 29.11.2021). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით უზრუნველყოფილი სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება გარკვეულ ლეგიტიმურ შეზღუდვებს ექვემდებარებოდეს. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, განცხადების მიღებასა და საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით. მითითებული ნორმა თანაბრად ვრცელდება როგორც პირველი ინსტანციის, ისე ამ ინსტანციის გადაწყვეტილების ზემდგომი წესით გასაჩივრების უფლებაზე. სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვის ერთ-ერთ მაგალითს საპროცესო ვადა წარმოადგენს, კერძოდ, სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში მხარე ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის. სასამართლოსადმი მიმართვის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას უშვებს საერთაშორისო პრაქტიკაც. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, №. 8225/78, გვ, 20, §57, 28 მაისი, 1985 წელი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ.ვ–ძის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396.3-ე, 408.3-ე, 63-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. თ.ვ–ძის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: მიხეილ ჯინჯოლია