შეწყდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-377-2026
08 ივლისი, 2026 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მიხეილ ჯინჯოლია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: არჩილ კოჭლამაზაშვილი
ლევან ნემსაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ.ს–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 08 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ნ.ს–ძემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში, ლ–ის მიმართ და მოითხოვა ლ–ის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის, მდებარე: ქ. თბილისი, ......., ს/კ N.......... გამოთხოვა და მესაკუთრე ნ.ს–ძისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა.
2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 04 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 04 მარტის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 08 იანვრის განჩინებით ნ.ს–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 04 მარტის გადაწყვეტილება.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 17 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
8. 2026 წლის 08 აპრილს კასატორის წარმომადგენელმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა მხარეთა მიერ ხელმოწერილი მორიგების აქტი და მოითხოვა ზეპირი მოსმენის გარეშე დამტკიცება.
9. 2026 წლის 20 მაისს კასატორის წარმომადგენელმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა დაზუსტებული მორიგების აქტი და მოითხოვა მორიგების აქტის დამტკიცება ზეპირი მოსმენის გარეშე. აღნიშნული მორიგების აქტი დედნის სახით წარმოდგენილი იქნა 2026 წლის 27 მაისს.
10. 2026 წლის 22 მაისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორის წარმომადგენელმა და მიუთითა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს საოქმო განჩინებით დამტკიცდა მხარეთა შორის მორიგება თბილისის სააპელაციო სასამართლოში არსებულ დავაზე (საქმეზე N2ბ/4129-25). აღნიშნული განჩინება შესულია კანონიერ ძალაში და აღსრულებულია, კერძოდ, ლ–მა გამოათავისუფლა ნ.ს–ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ............., ს/კ N.........., ხოლო ნ.ს–ძემ ლ–ს ბინის გამოთავისუფლების სანაცვლოდ გადაუხადა 30 000 აშშ დოლარი. აღნიშნულ განცხადებას ერთვის თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 20 მაისის კანონიერ ძალაში შესული სასამართლო სხდომის ოქმის ამონაწერი და ნ.ს–ძის მიერ თანხის 30 000 აშშ დოლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი - საგადახდო დავალება N260521112635719.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
11. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე წარმოება უნდა შეწყდეს დავის საგნის არარსებობის გამო:
12. სსსკ-ის 399-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლით კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით რეგლამენტირებულია დისპოზიციურობის პრინციპი, რომელიც უზრუნველყოფს სამოქალაქო სამართალწარმოების მხარეთა საპროცესო და მატერიალური უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამდენად, მხარეები თავად წყვეტენ მიმართონ თუ არა საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს და თავადვე განსაზღვრავენ დავის საგანს.
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის "თ" ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლე სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს თუ სარჩელი შეტანილია ამ კოდექსის 178-ე მუხლში (გარდა იმავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილისა, თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი) მითითებული პირობების დარღვევით. იმავე კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის "გ" ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელში უნდა აღინიშნოს დავის საგანი. ამასთან, იმავე კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები).
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არ არსებობს დავის საგანი.
16. კანონის მითითებული დანაწესი იმპერატიული ხასიათის არის და ადგენს სასამართლოს ვალდებულებას, მხარეთა შუამდგომლობით ან ასეთის არარსებობის პირობებში, საკუთარი ინიციატივით შეწყვიტოს საქმის წარმოება, თუ დაადგენს, რომ მხარეთა შორის სადავო საკითხი გადაწყვეტილია და დავის საგანი, შესაბამისად, საქმის წარმოების გაგრძელების საჭიროება, აღარ არსებობს.
17. 2026 წლის 22 მაისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორის წარმომადგენელმა, რომელმაც მიუთითა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს საოქმო განჩინებით დამტკიცდა მხარეთა შორის მორიგება თბილისის სააპელაციო სასამართლოში არსებულ დავაზე (საქმეზე N2ბ/4129-25). აღნიშნული განჩინება შესულია კანონიერ ძალაში და აღსრულებულია, კერძოდ ლ–მა გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადასცა ნ.ს–ძეს უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ..........., ს/კ N.........., ხოლო ნ.ს–ძემ ლ–ს ბინის გამოთავისუფლების სანაცვლოდ გადაუხადა 30 000 აშშ დოლარი.
18. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ქონების გამოთხოვა და მოსარჩელისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა. ამასთან, ამავე მხარეებს შორის თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობდა მეორე სამოქალაქო დავა საჩუქარის სახით გადაცემული თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნით. საქმეში წარდგენილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 20 მაისის კანონიერ ძალაში შესული სასამართლო სხდომის ოქმის ამონაწერით დგინდება (იხ. ს.ფ. 349-352), რომ აღნიშნულ დავაზე მხარეთა შორის დამტკიცდა მორიგება.
19. ამრიგად, მხარეებმა აღნიშნული მორიგებით თავად განსაზღვრეს სადავო უძრავი ქონების სამართლებრივი ბედი. ამასთან, მორიგების საფუძველზე, მოპასუხეს წარმოეშვა სადავო უძრავი ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის ვალდებულება, რის სანაცვლოდ მოსარჩელეს გადაუხდის 30 000 აშშ დოლარს.
20. კასატორის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 20 მაისის კანონიერ ძალაში შესული სასამართლო სხდომის ოქმის ამონაწერით და ნ.ს–ძის მიერ თანხის 30 000 აშშ დოლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტით (საგადახდო დავალებით N260521112635719) დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ შედეგი მიღწეულია, მოპასუხემ გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადასცა მოსარჩელეს სადავო უძრავი ქონება, რის სანაცვლოდ მოსარჩელემ მოპასუხეს გადაუხადა 30 000 აშშ დოლარი. ამდენად, მხარეთა შორის სადავო საკითხი გადაწყვეტილია და დავის საგანი, შესაბამისად, საქმის წარმოების გაგრძელების საჭიროება აღარ არსებობს.
21. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ მოცემულ საქმეზე დავის საგანი აღარ არსებობს, მოსარჩელის მიერ შედეგი მიღწეულია, რაც საქმის წარმოების შეწყვეტის სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს.
22. ვინაიდან სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმისწარმოების შეწყვეტის წინაპირობა - არ არსებობს დავის საგანი, აღნიშნული სამართლებრივი ნორმისა და იმავე კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, განსახილველ საქმეზე საქმისწარმოება უნდა შეწყდეს. ამავე დროს, უნდა გაუქმდეს ამ საქმეზე ქვემდგომი სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 08 იანვრის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 04 მარტის გადაწყვეტილება.
23. რაც შეეხება მხარეთა მიერ წარმოდგენილ შუამდგომლობას მორიგების დამტკიცების შესახებ, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ საქმეზე საქმის წარმოება შეწყდა დავის საგნის არ არსებობის გამო, შესაბამისად აღარ არსებობს მორიგების დამკიცების წინაპირობა, რის გამოც შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველი.
24. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 273-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შეწყდეს საქმის წარმოება ნ.ს–ძის სარჩელზე, ლ–ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე, დავის საგნის არარსებობის გამო;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 08 იანვრის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 04 მარტის გადაწყვეტილება;
3. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოში დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია;
4. შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების შესახებ დარჩეს განუხილველი;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მიხეილ ჯინჯოლია
მოსამართლეები: არჩილ კოჭლამაზაშვილი
ლევან ნემსაძე