დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
3 ივლისი, 2026 წელი,საქმე №ას-514-2026 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან მიქაბერიძე,ბადრი შონია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - მ.მ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 3 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2019 წლის 31 დეკემბრისა და 2022 წლის 1 დეკემბრის შრომითი ხელშეკრულებების შესაბამისად მ.მ–ძე (შემდეგში - მოსარჩელე, დასაქმებული ან კასატორი) სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის (შემდეგში - მოპასუხე, დამსაქმებელი ან ცენტრი) სამედიცინო უზრუნველყოფის დეპარტამენტის სამედიცინო კოორდინაციის სამმართველოს პირველი რაიონული სამსახურის მძღოლის პოზიციაზე იყო დასაქმებული.
2. 2022 წლის 2 ივლისს დასაქმებულმა დაადასტურა, რომ ცენტრის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ დირექტორის 2022 წლის 24 ივნისის ბრძანებას გაეცნო, შინაგანაწესით განსაზღვრული ვალდებულებებისა და ფუნქციების შესახებ ინფორმირებული იყო და ინფორმაციას ფლობდა იმის თაობაზე, რომ შინაგანაწესით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევას, დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი შეიძლებოდა წარმოეშვა.
3. ცენტრის შრომის შინაგანაწესის მე-8 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დასაქმებული ვალდებულია არ გამოცხადდეს ან/და არ იმყოფებოდეს სამუშაო ადგილზე ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში ან ნარკოტიკული თუ ტოქსიკური ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ, ამასთან, „ღ“ ქვეპუნქტის თანახმად, დასაქმებული ვალდებულია, დამსაქმებლის მოთხოვნისთანავე მიაკითხოს დამსაქმებლის მიერ შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებას და დამსაქმებლის ხარჯით გაიაროს ნარკოლოგიური შემოწმება.
დასაქმებულის მხრიდან მოთხოვნის შესრულებაზე უარი განიხილება, როგორც მასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი.
იმ შემთხვევაში, თუ პირის მიმართ განხორციელდა მხილება, იგი ვალდებულია, არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, წარმოადგინოს ნარკოლოგიური ცნობა, მისი წარმოუდგენლობის შემთხვევაში, დამსაქმებელი უფლებამოსილია, გამოიყენოს წინამდებარე შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური ზომა, მათ შორის, სამსახურიდან განთავისუფლება.
4. შინაგანაწესის 31-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების საფუძველია საქართველოს კანონმდებლობის, ცენტრის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მოთხოვნების დარღვევა, ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად; მათ შორის ქმედება, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ცენტრის ნორმალურ ფუნქციონირებას ან/და რეპუტაციას, ხოლო ,,ზ’’ ქვეპუნქტის მიხედვით, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ სამუშაოზე გამოცხადება ან ასეთი ნივთიერების სამუშაო ადგილზე მოხმარება/მიღება ან დასაქმებული პირისთვის სხვა სახის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს დამსაქმებლის ავტორიტეტს.
5. შრომის შინაგანაწესის 32-ე პუნქტის პირველი ქვეპუნქტის თანახმად, დასაქმებული პირის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმისა და ჩადენის გარემოებების გათვალისწინებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები (სახდელები): ა). გაფრთხილება, ბ). საყვედური, გ). თანამდებობრივი სარგოს 10 პროცენტიდან 50 პროცენტამდე დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით; დ). სამსახურიდან განთავისუფლება.
6. შინაგანაწესის 34-ე პუნქტის თანახმად, დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი შეიძლება იყოს: ა). საჩივარი ან განცხადება, ცხელი ხაზიდან შემოსული შეტყობინება, სხვა დოკუმენტი ან ინფორმაცია ისეთი ქმედების ჩადენის შესახებ, რომელიც შეიძლება დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვალოს; ბ). სამსახურებრივ საქმიანობაზე ზედამხედველობის პროცესში გამოვლენილი გადაცდომები; გ). კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.
7. შრომის შინაგანაწესის 38-ე პუნქტის მიხედვით, დასაქმებულის მიმართ დისციპლინური სახდელის შერჩევისას ცენტრის დირექტორი ითვალისწინებს დისციპლინური გადაცდომის სიმძიმეს, მიზანს, მოტივს, შედეგს, რომელიც მას მოჰყვა ან შეიძლებოდა მოჰყოლოდა, ასევე, დისციპლინური გადაცდომის ჩამდენის პიროვნებას, მის საქმიან და მორალურ რეპუტაციას.
8. ოჯახური პირობების გამო 2023 წლის 11 იანვარს დასაქმებულმა უარი განაცხადა დამსაქმებლის მოთხოვნით ნარკოლოგიური შემოწმების გავლაზე. ამასთან, ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის 3 სამუშაო დღეში წარდგენაზე მან მზაობა გამოთქვა, რაც არ შეასრულა.
9. 2023 წლის 18 იანვარს, დამსაქმებელმა დამატებით წერილობით მიმართა მოსარჩელეს და 2023 წლის 20 იანვრის ჩათვლით ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენა მოსთხოვა, რა დროსაც დასაქმებულს განემარტა, რომ მოთხოვნის შეუსრულებლობისას შრომის შინაგანაწესის მე-8 პუნქტის ,,ღ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე მასთან შრომითი ურთიერთობა შეწყდებოდა.
10. ნარკოლოგიური შემოწმების თაობაზე ცნობა დასაქმებულს არც 2023 წლის 20 იანვრის ჩათვლით არ წარუდგენია.
11. დასაქმებულმა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ნარკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით მხოლოდ 2023 წლის 28 თებერვალს მიმართა.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 28 თებერვლის დასკვნის შესაბამისად, ნარკოტიკულ საშუალებების მოხმარებაზე მოსარჩელის შემოწმებისას უარყოფითი შედეგია მიღებული.
12. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად მოპასუხის 2023 წლის 1 მარტის ბრძანებით მოსარჩელის მიმართ სამსახურიდან განთავისუფლება იქნა გამოყენებული (შემდეგში - სადავო ბრძანება ან გასაჩივრებული ბრძანება), რის საფუძვლადაც საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში - სშკ) 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტზე მიეთითა.
13. დამსაქმებლის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში დასაქმებულმა შეიტანა, რომელმაც სადავო ბრძანების ბათილად ცნობა, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენა და 2023 წლის 1 მარტიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 2 541.67 ლარის (დასაბეგრი) ოდენობით ანაზღაურება მოითხოვა.
14. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
15. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 3 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
16.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-12 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და შემდეგი დასკვნა ჩამოაყალიბა:
- მართალია, მოცემულ შემთხვევაში, დასაქმებულის მიერ ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ სამუშაოს შესრულება პირდაპირი მტკიცებულებით არ დადასტურებულა, თუმცა მოსარჩელემ თავი აარიდა დამსაქმებლის მოთხოვნით ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარებას, რითაც, ერთი მხრივ, შექმნა საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ამით შესაბამისი გადაცდომის გამოვლენას ხელი შეუშალა, მით უფრო, რომ არ დაუსაბუთებია შემოწმებაზე უარის თქმის საპატიო საფუძველი, ხოლო, მეორე მხრივ, საზედამხედველო საქმიანობის შესრულებასა და შესაბამისი მიზნების მიღწევაში დამსაქმებელს ხელი შეუშალა, რაც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საკმარისი საფუძველია.
- მოპასუხე ცენტრი, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, სახელმწიფოს მიერ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად დელეგირებულ საჯაროსამართლებრივ ფუნქციებს ასრულებს, შესაბამისად, ცენტრის მიერ ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად, მაღალი სტანდარტით შესრულებაზე ზედამხედველობა, გარკვეულწილად, სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებასაც შეიძლება წარმოადგენდეს, რადგან სიცოცხლის დაცვა, მისი მაღალი ღირებულებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობასა და ტვირთს აკისრებს, ვინაიდან, მისი უმოქმედობის თუ არასათანადო მოქმედების შემთხვევაში, უმეტესწილად, ინდივიდისათვის გამოუსწორებელი ან მძიმე შედეგი დგება. სწორედ ამიტომ, დასაქმებულების მიერ ცენტრის მიერ საზედამხედველო მოთხოვნების შეუსრულებლობა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად უნდა შეფასდეს.
17. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი მოსარჩელემ შემდეგი დასაბუთებით წარმოადგინა:
- დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად მოცემულ შემთხვევაში დამსაქმებელმა ყველაზე მკაცრი ღონისძიება მხოლოდ ფორმალურ საფუძველზე, კერძოდ, იმაზე მითითებით გამოიყენა, რომ ნარკოლოგიურ შემოწმებაზე დასაქმებულმა არასაპატიო მიზეზით უარი განაცხადა. მოსარჩელის მიერ ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ან აღნიშნულთან მიმართებით გონივრული ეჭვის არსებობის ფაქტის დასაბუთებას სადავო ბრძანება არ შეიცავს და არც საქმის მასალებით დადასტურებულა.
- საქმეზე მოწმის სახით დაკითხული, გ.ლ–ა, დამსაქმებელთან შრომით ურთიერთობაში მყოფი პირია. შესაბამისად, მითითებული ფაქტი მის მიუკერძოებლობაში ეჭვს იწვევს. ამასთან, მოწმის განმარტებით, თანამშრომლები ხშირად უკმაყოფილებას გამოხატავდნენ იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე და მძღოლის პოზიციაზე დასაქმებული რამდენიმე პირი სავარაუდოდ გარკვეული ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ, თუმცა ამ ინფორმაციის მიღების წყაროს მოწმე არ მიუთითებს. გარდა ამისა, მოწმის განცხადებით, ექიმები განმარტავდნენ, რომ ავტომობილს მოსარჩელე არაადეკვატურად მართავდა და მასთან მუშაობა არ უნოდათ, თუმცა ექიმთა ვინაობას არ ასახელებს. ამდენად, მოცემული ინფორმაციის სისწორე არ დასტურდება.
- გასაზიარებელი არაა სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ დასაქმებულმა ვერ დაადასტურა ნარკოლოგიურ შემოწმებაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებული გარემოება - ოჯახური პირობების არსებობა. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე კუთვნილ შვებულებაში იმყოფებოდა, რაც მას სწორედ ოჯახური მდგომარეობის გამო ჰქონდა აღებული. მიუხედავად ამისა, დამსაქმებლის თხოვნის და პირადი პასუხისმგებლობის გათვალისწინებით 2023 წლის 10 იანვარს დასაქმებული სამსახურში გამოცხადდა და დაკისრებული ვალდებულება ჯეროვნად შეასრულა.
- დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების საფუძვლები შრომის შინაგანაწესის 31-ე პუნქტში დეტალურადაა მითითებული. ამ პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების საფუძველია, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ სამუშაოზე გამოცხადება ან ასეთი ნივთიერების სამუშაო ადგილზე მოხმარება/მიღება, ან დასაქმებული პირისთვის სხვა სახის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს დამსაქმებლის ავტორიტეტს. დასახელებული დანაწესის მიხედვით, დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების საფუძველი სახეზე გვექნება მაშინ, როდესაც უტყუარად დგინდება დამსაქმებლის მიერ ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ სამუშაოზე გამოცხადება ან ასეთი ნივთიერების სამუშაო ადგილზე მოხმარება/მიღება, რაც მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება. საგულისხმოა, რომ ნარკოტიკულ შემოწმებაზე უარის შემთხვევაში დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების შესაძლებლობას ხსენებული დანაწესი არ ითვალისწინებს.
18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2026 წლის 18 მაისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
19. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
20. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შემდეგია: წარმატებულია თუ არა, სამუშაოდან მოსარჩელის განთავისუფლების შესახებ სადავო ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ კასატორის მოთხოვნები.
21. განსახილველი საკითხების კანონშესაბამისად გადასაწყვეტად, პირველ რიგში, დამსაქმებლის სადავო გადაწყვეტილების კანონიერებაა შესაფასებელი, ე.ი. გამოსაკვლევია, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან განთავისუფლებისას.
21.1. დადგენილი სასამართლო პრაქტიკით, აღნიშნული საკითხის გამორკვევა შესაძლებელია, მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული განთავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ. იხ. სუსგ №ას-151-147-2016, 19.04.2016).
საკითხისადმი ამგვარი მიდგომა ბუნებრივია, რადგან, მუშაკის სამუშაოდან დათხოვნის შესახებ ყოველ კონკრეტულ გადაწყვეტილებას თავისი საფუძველი გააჩნია, რაც ასაბუთებს ან ვერ ასაბუთებს მის გამოცემას. ასეთ დროს, სასამართლოს როლი დამსაქმებლის სწორედ ამ გადაწყვეტილების საფუძვლის მართლზომიერების საკითხის გამორკვევაა, რაც დასაქმებულის სარჩელის იურიდიული ბედის განმსაზღვრელია.
21.2. გასაჩივრებული ბრძანების კანონიერების შემოწმებისას, რამდენიმე საკითხია საყურადღებო, სახელდობრ:
1). არსებობს დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის კონსტიტუციური პრინციპი, რომლის თანახმად, დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა უნდა შეფასდეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმისა და დარღვევით გამოწვეული შედეგის თვალსაზრისით.
ამავე პრინციპის შესაბამისად, დამსაქმებლის მიერ დარღვევის (გადაცდომის) ჩადენისას გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი ზომები, რომლებიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს.
შესაბამისად, მიზანშეწონილობის კუთხით, გადაცდომის დროს არჩეულ უნდა იქნეს პროპორციული დასჯის მექანიზმი, რაც შედეგობრივად, გარდა იმისა, რომ დამრღვევს დასჯის, მას და სხვა დასაქმებულებს უფრო ეფექტურ შრომის მოტივაციას შეუქმნის.
ამდენად, იმისთვის, რომ დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლება დამსაქმებლის მხრიდან ადეკვატურ, საჭირო და პროპორციულ ღონისძიებად ჩაითვალოს, აუცილებელია, ვლინდებოდეს ისეთი დარღვევა, როდესაც სხვა უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენება მიზანშეუწონელია (შდრ. იხ. სუსგ: №ას-267-2021, 11.06.2021; №ას-997-2020, 10.02.2021; №ას-658-2020, 4.12.2020).
2). შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა უკიდურესი ღონისძიებაა, რომელიც გამოყენებულ უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში. საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო.
ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. “favor prestatoris” პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს.
სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტით (შდრ. იხ. სუსგ: №ას-941-891-2015, 29.01.2016; №ას-1421-2020, 5.03.2021; №ას-512-2020, 18.02.2021).
3). სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესი, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102-ე მუხლი).
შრომითსამართლებრივ დავებში კი, მტკიცების ტვირთის განაწილების წესი განსხვავებული და თავისებურია. ამ წესის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია, ადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა.
ეს იმითაა გამოწვეული, რომ მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებელსა და დასაქმებულს არათანაბარი შესაძლებლობები აქვთ, დამსაქმებელს მტკიცებითი უპირატესობა აქვს, სასამართლოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები წარუდგინოს.
ამდენად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს, მტკიცების ტვირთს დამსაქმებლის მხარეს აბრუნებს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად განთავისუფლების მტკიცების ვალდებულებას (შდრ. იხ. სუსგ: №ას-151-147-2016, 19.04.2016; №ას-483-457-2015, 7.10.2015; №ას-1276-1216-2014, 18.03.2015).
21.3. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ბრძანების სამართლებრივი საფუძველი სშკ-ის 47.1 მუხლის „ო“ ქვეპუნქტშია წარმოდგენილი, რომლის მიხედვით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია - სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე მითითებით სააპელაციო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს შორის, ყველაზე ზოგადი ხასიათის ფორმულირება სწორედ განსახილველ შემთხვევაში გამოყენებულ შეწყვეტის საფუძველს გააჩნია, კერძოდ - „სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას“.
შესაბამისად, კანონმდებელი რამდენადაც მეტ თავისუფლებას ანიჭებს დამსაქმებელს, დასახელებული ნორმის ფარგლებში შეწყვიტოს შრომითი ურთიერთობა (ამავე მუხლში ჩამოთვლილ შრომის ხელშეკრულების სხვა უფრო კონკრეტულ და ამომწურავი ხასიათის საფუძვლებთან შედარებით), ამდენადვე, მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს, მაქსიმალურად კონკრეტული, გასაგები და არაორაზროვანი იყოს ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა დასახელებული საფუძვლით; ვინაიდან დამსაქმებლისთვის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონით მინიჭებული უფლება მართლზომიერად უნდა შესრულდეს (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 115-ე მუხლი).
21.4. მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნის ფაქტობრივ საფუძვლად განსახილველ შემთხვევაში დამსაქმებლის მიერ განსაზღვრულ ვადაში დასაქმებულის მხრიდან ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარებაზე უარი დასახელდა, რაც მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებით, ცენტრის შინაგანაწესის მე-8 პუნქტის ,,ღ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტასთან მიმართებით მიღებულ გადაწყვეტილებას.
გარდა ამისა, მოპასუხემ ყურადღება ცენტრის დანიშნულებაზე, დასაქმებულის მხრიდან შესასრულებელ სამუშაოსა და იმ საჯარო ინტერესზე გაამახვილა, რაც ცენტრის უსაფრთხო საქმიანობასა და მოქალაქეთათვის შესაბამისი მომსახურების გაწევასთან არის დაკავშირებული.
ზემოაღნიშნულის საპირისპიროდ მოსარჩელემ მიუთითა, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის განმაპირობებელი არანაირი ობიექტური გარემოება არ არსებობდა, რადგან ის შვებულებაში იმყოფებოდა, რა დროსაც მხარეთა შორის არსებულის შრომითი ურთიერთობა შეჩერებული იყო, ხოლო შვებულების დასრულების შემდეგ დამსაქმებელმა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა წარადგინა, რომელიც უარყოფითია და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილებას საფუძველს აცლის.
22. საკასაციო სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელის მოქმედების შინაარსობრივი მხარის გათვალისწინებით და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი სხვა გარემოებების ერთობლივად შეფასებიდან გამომდინარე, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტასთან მიმართებით დამსაქმებლის გადაწყვეტილება აბსოლუტურად მართლზომიერია.
სააპელაციო სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ დამსაქმებელმა უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების, კერძოდ, სშკ-ის 47.1 მუხლის „ო“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემადგენლობის დადასტურება, რაც დამსაქმებელს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებამოსილებით აღჭურავდა, სახელდობრ, გამოიკვეთა ,,ობიექტური მოცემულობა’’, რაც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას ამართლებდა - გამოვლინდა დასაქმებულის მხრიდან მასზე დაკისრებული ვალდებულებებისადმი არაგულისხმიერი და ამასთანავე არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება.
23. მოცემული დასკვნის ჩამოყალიბებისას ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მხედველობაში მართებულად მიიღო მოპასუხე ცენტრის შინაგანაწესის 31-ე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, დისციპლინურ გადაცდომად მიიჩნევა - ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოწმედების ქვეშ სამუშაოზე გამოცხადება ან ასეთი ნივთიერების სამუშაო ადგილზე მოხმარება/მიღება, ან დასაქმებული პირისთვის სხვა სახის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს დამსაქმებლის ავტორიტეტს.
ამასთან, შინაგანაწესის მე-8 პუნქტი განსაზღვრავს დასაქმებულის ვალდებულებებს, მათ შორის, დასაქმებული ვალდებულია, არ გამოცხადდეს ან/და არ იმყოფებოდეს სამუშაო ადგილზე ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში ან ნარკოტიკული თუ ტოქსიკური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ (8.1 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი).
შინაგანაწესის 8.1 პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტის თანახმად, ცენტრში დასაქმებული ვალდებულია, დამსაქმებლის მოთხოვნისთანავე მიაკითხოს დამსაქმებლის მიერ შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებას და დამსაქმებლის ხარჯებით გაიაროს ნარკოლოგიური შემოწმება. დასაქმებულის მხრიდან მოთხოვნის შესრულებაზე უარი განიხილება, როგორც მასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი.
ვინაიდან ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დადასტურებისთვის შესაბამისი საექსპერტო კვლევაა საჭირო, რომელიც მოცემულ შემთხვევაში ვერ განხორციელდა, რადგან მოსარჩელემ უარი განაცხადა ასეთი კვლევის ჩატარებაზე, აღნიშნული ქმედებით მოსარჩელემ თავად შექმნა საფუძველი იმ ვარაუდისთვის, რომ მან შესაბამისი გადაცდომის გამოვლენას გარკვეული მანიპულაციებით ხელი შეუშალა.
რაც შეეხება შვებულებაში ყოფნის ფაქტზე მოსარჩელის მითითებას, ამ შემთხვევაშიც სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ აღნიშნული არ ათავისუფლებდა დასაქმებულს ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენის ვალდებულებისაგან, მით უფრო იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ დასაქმებული გამოცხადებული იყო სამუშაო ადგილზე, რა დროსაც წარედგინა შესაბამისი ცნობის წარდგენის მოთხოვნა, თუმცა დასაქმებულმა უარი განაცხადა და შესაბამისი ცნობის სამ დღეში მიწოდებაზე გამოხატა თანხმობა.
საყურადღებოა, რომ შესაბამისი ცნობის წარმოდგენისთვის მოსარჩელეს დამატებითი ვადა მიეცა, მაგრამ ასეთი ცნობა არც აღნიშნული ვადის განმავლობაში არ წარდგენილა. ამავდროულად, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება ისეთი საპატიო გარემოების არსებობა, რაც ნარკოლოგიურ შემოწმებაზე უარის თქმის დასაბუთების მტკიცებულებად გამოდგება, შესაბამისად არსებობს ობიექტური საფუძველი ვარაუდისთვის, რომ გაცხადებული უარი, ნარკოლოგიური შემოწმებისა და არასასურველი შედეგის გამოვლენის თავიდან არიდებას ემსახურებოდა.
24. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერების შეფასებისას კიდევ ერთი გარემოებაა საგულისხმო, კერძოდ, მოპასუხე ცენტრის, მათ შორის, მასთან დასაქმებული ავტომობილის მძღოლის მიერ შესასრულებელი სამუშაო, მისი სპეციფიკური ხასიათის გათვალისწინებით განსაკუთრებით მოითხოვს ალკოჰოლის და/ან ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისგან თავის შეკავებას.
იგი განსაკუთრებული საზოგადოებრივი მნიშვნელობის სამუშაოა და ცენტრის დებულებაში მითითებული მიზნები და ფუნქციები გვაუწყებს, რომ ცენტრის მთავარი მიზანია - მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, კონკრეტული საფრთხეების შემთხვევაში, პრევენცია, სწრაფი რეაგირება, შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება და საგანგებო სიტუაციებში ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა; რაც ავტომობილის მძღოლის მხრიდან ნარკოტიკული საშუალებების უმცირესი დოზით მოხმარებასაც კატეგორიულად გამორიცხავს ვინაიდან პაციენტებისთვის დროული, ადეკვატური და მაღალკვალიფიციური სასწრაფო სამედიცინო მომსახურების მიწოდების პროცესში მძღოლის პოზიციაზე დასაქმებული პირი შესამჩნევ როლს ასრულებს, შესაბამისად, ამ უკანასკნელის მიერ შრომის ხელშეკრულებითა და შინაგანაწესით ნაკისრი ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულება უმნიშვნელოვანესია.
25. იმის გამო, რომ სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ სადავო ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, თანმდევი მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობდა.
26. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
27. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.მ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. მ.მ–ძის (პ/ნ ........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დ.მ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახადო დავალება # 6199, გადახდის თარიღი - 1.04.2026) 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
ბადრი შონია