დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 03.07.2026
საქმის ნომერი
ას-373-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
03.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

3 ივლისი, 2026 წელი,საქმე №ას-373-2026 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან მიქაბერიძე,ბადრი შონია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სს „ს.კ.ე.ჯ–ია“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 18 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - სადაზღვევო ანაზღაურების დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2023 წლის 26 დეკემბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა (შემდეგში - მოსარჩელე, დამზღვევი ან სააგენტო) და სს „ს.კ.ე.ჯ–იას“ (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი, მზღვეველი, სადაზღვევო კომპანია) შორის ხელშეკრულება (შემდეგში - დაზღვევის ხელშეკრულება, სადავო ხელშეკრულება ან ხელშეკრულება) დაიდო, რომლის საგანი, სატენდერო დოკუმენტაციისა და წინამდებარე ხელშეკრულების N1, N2 და N3 დანართების შესაბამისად სააგენტოს ბალანსზე არსებული (რიცხული) სატრანსპორტო საშუალებებისთვის სადაზღვევო მომსახურების კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით შესყიდვა იყო.

მომსახურება ხელშეკრულების გაფორმების დღის 24:00 საათიდან (მაგრამ არუადრეს 2024 წლის 1 იანვრის 00:00 საათისა) არაუგვიანეს 2024 წლის 31 დეკემბრის 24:00 საათამდე (დაზღვევის პერიოდი) და ხელშეკრულების დანართის მიხედვით უნდა შესრულებულიყო. დაზღვეულ ავტომობილებს შორის არის - ავტომობილი MITSUBISHI L200, სარეგისტრაციო ნომრით OO771OD (შემდეგში - სადავო ავტომობილი ან ავტომობილი).

2. ხელშეკრულებით „სადაზღვევო რისკი“ განმარტებულია, როგორც სატენდერო დოკუმენტაციითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული მოვლენა/მოვლენები, რომელიც შეიცავს მისი დადგომის შესაძლებლობისა და შემთხვევითობის ნიშნებს და, რომლის გამოც ხდება დაზღვევა. „შემთხვევა“ განმარტებულია, როგორც ნებისმიერი შემთხვევა, როდესაც ზიანი მიადგა: ა). დაზღვეულ სატრანსპორტო საშუალებას ან/და, ბ). დაზღვეული სატრანსპორტო საშუალების უფლებამოსილი მძღოლის/მგზავრ(ებ)ის ჯანმრთელობას ან/და, გ). დაზღვეული სატრანსპორტო საშუალების უფლებამოსილი მძღოლის მიერ ექსპლუატაციისას დამზღვევს წარმოეშვა პასუხისმგებლობა მესამე პირ(ებ)ის მიმართ. „სადაზღვევო შემთხვევა“ განმარტებულია, როგორც შემთხვევა, რომლის დადგომის შედეგად, მზღვეველის მიერ შესაბამისი დადასტურების/აღიარების შემდეგ წარმოიშობა მოპასუხის ვალდებულება, სატენდერო დოკუმენტაციითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება, რაც დასტურდება მზღვეველსა და დამზღვევს შორის ხელმოწერილი სადაზღვევო შემთხვევის აქტით. „სადაზღვევო ანაზღაურება“ განმარტებულია, როგორც ანაზღაურება, რომელსაც სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას გასცემს მზღვეველი წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციისა და ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

3. დაზღვევის ხელშეკრულების I ნაწილის (ზოგადი პირობები) 1-ლი პუნქტის თანახმად, სადაზღვევო რისკებია: ა). საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (არ აქვს მნიშვნელობა, ვისი მიზეზით ხდება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა), მიუხედავად იმისა, დაზღვეული სატრანსპორტო საშუალება მოძრაობდა თუ გაჩერებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა; ბ). სატრანსპორტო საშუალების ან მისი ცალკეული ნაწილების დაკარგვა (მათ შორის, ქურდობის, ძარცვის, ყაჩაღობის, გატაცების ან ქურდობის/ძარცვის/ყაჩაღობის/გატაცების მცდელობის შედეგად); გ). ბუნებრივი მოვლენებით გამოწვეული ზემოქმედება კერძოდ, მიწისძვრა, წყალდიდობა, დიდთოვლობა, ზვავი, გრიგალი, ქარიშხალი, ღვარცოფი, მეხის დაცემა, მეწყერი და სეტყვა ან მოულოდნელი მოვლენა, რომელმაც გამოიწვია დაზიანება ან განადგურება გარეშე და აშკარა მიზეზებით; დ). აალება, აფეთქება, ხანძარი, რაიმე საგნის ვარდნა/დაცემა/მოხვედრა, ვანდალიზმი; ე). მესამე პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება; ვ). დაუდგენელი მიზეზით სატრანსპორტო საშუალების დაზაიანება.

ამავე ნაწილის მე-2 პუნქტით შეთანხმებულია საერთო გამონაკლისები, მათ შორის, ამ მუხლის „ო“ ქვეპუნქტის მიხედვით, მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისგან თუ დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა დადგა უხეში გაუფრთხილებლობით, გარდა III ნაწილის 1-ლი პუნქტის მე-4 ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამასთან, გარიგებით გათვალისწინებული გამონაკლისებია: ა). დაზღვეული სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურებისა და საგარანტიო შეკეთების ხარჯები, რომელიც არ უკავშირდება სადაზღვევო შემთხვევას; ბ). ზიანი, რომელიც სატრანსპორტო საშუალებას ჰქონდა სადაზღვევო შემთხვევის დადგომამდე და არ არის გამოწვეული სადაზღვევო შემთხვევის შედეგად; გ). ცვეთა, კოროზია, დაჟანგვა, დაზღვევამდე არსებული დეფექტი, დეფექტიანი მასალებისა და სათადარიგო ნაწილების გამოყენება; დ). თუ გაჩერებული დაზღვეული სატრანსპორტო საშუალება დაზიანდა/განადგურდა დაუდგენელი პირის მიერ ან დაუდგენელ ვითარებაში და დამზღვევი აღნიშნულის შეტყობისთანავე დაუყოვნებლივ არ დაუკავშირდა მზღვეველს, საპატრულო პოლიციას ან/და დაზიანებული დაზღვეული სატრანსპორტო საშუალება მზღვეველის წარმომადგენელის მისვლამდე დაძრა ადგილიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაადგილება მოხდა შესაბამისი კომპეტენტური უწყების მითითებით კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში და მზღვეველის ზეპირსიტყვიერი მითითებით; ე). თუ დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების აღდგენა/შეკეთება განხორციელდება მზღვეველთან შეთანხმების გარეშე; ვ). ზარალი, რომლიც მიადგა დაზღვეული სატრანსპორტო საშუალებით ან დაზღვეულ სატრანსპორტო საშუალებაზე მიმაგრებული ნებისმიერი მისაბმელით გადაზიდულ ქონებას; ზ). საერთო გამონაკლისებით გათვალისწინებული შემთხვევები.

4. მოპასუხის მიერ მოსარჩელის ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით 2023 წლის 21 დეკემბერს მოპასუხემ გასცა საბანკო გარანტია.

5. 2024 წლის 29 აგვისტოს (დაზღვევის პერიოდი) მოსარჩელის უფლებამოსილი თანამშრომელი ა.მ–ი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, კერძოდ, მიწის ნაკვეთების აზომვითი სამუშაოების შესრულების მიზნით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურების გზაზე სადავო ავტომობილს მართავდა. სოფელში, ტყის გრუნტის საფარიან გზაზე მოძრაობისას ავტომობილი ბუჩქნარში არსებულ ხის კუნძს გამოედო, რის შედეგადაც დაზღვეული ავტომობილის მარჯვენა, წინა და უკანა ფრთა და მარჯვენა წინა და უკანა კარი დაზიანდა. მძღოლის მიერ ალკოჰოლის მოხმარების გარემოების შემოწმების შედეგის თანახმად ალკოჰოლის მაჩვენებელი 0 აღმოჩნდა.

6. შპს „კ.მ–ის“ 2024 წლის 4 ნოემბრის ინვოისის შესაბამისად, დაზღვეული ავტომობილის ზიანის გამოსასწორებლად საჭირო დაშლა-აწყობის, სათუნუქე, სამღებრო სამუშაოებისა და „პოლირების“ ღირებულება 4 572 ლარით განისაზღვრა.

7. მოპასუხის 2024 წლის 29 ნოემბრის წერილით მოსარჩელეს უარი ეთქვა დაზღვეული ავტომობილისთვის მიყენებული ზიანის ნაზღაურებაზე.

8. 4 572 ლარის ოდენობით სადაზღვევო ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნით მზღვეველის წინააღმდეგ დამზღვევმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით დამზღვევის სარჩელი დაკმაყოფილდა.

10. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მზღვეველმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 18 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

- სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ დამზღვევის ქმედება უხეშ გაუფრთხილებლობად ვერ შეფასდებოდა, რაც სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებას გამორიცხავდა.

12. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე სადაზღვევო კომპანიამ საკასაციო საჩივარი შემდეგი დასაბუთებით წარმოადგინა:

- „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონსა და საქართველოს ტყის კოდექსში მითითებული „გზის“ მცნების გათვალისწინებისას სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო კერძო სამართალში მოქმედი ხელშეკრულების განმარტების წესები. დაზღვევის ხელშეკრულების მიზნებისთვის მზღვეველი რისკს აფასებს ექსპლუატაციისთვის ვარგისი, სტანდარტული პირობიდან გამომდინარე. მართალია, ტყის კოდექსი იცნობს ტყის გრუნტოვან გზებს, მაგრამ სივრცე, სადაც დაბრკოლება („ხის კუნძი“) „ბუჩქნარითაა“ დაფარული, აშკარად სცილდება სადაზღვევო რისკით დაფარულ სავალ გზას. სასამართლომ არასწორად განმარტა დაზღვევის ხელშეკრულების არსი და სადაზღვევო რისკის სპეციფიკა გაავრცელა ისეთ ტერიტორიაზე გადაადგილებაზე, რომლის უსაფრთხოდ გავლის შესაძლებლობა ფიზიკურად შეუძლებელია და სპეციალურ ექსპლუატაციას მოითხოვს, რომელზეც მზღვეველს პასუხისმგებლობა არ აუღია.

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 829-ე მუხლი და ხელშეკრულების ზოგადი პირობების მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტი ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ ვიწროდ განმარტა. მძღოლის მიერ ისეთ რელიეფზე (ტყის გაუწმენდავი ტერიტორია) ავტომობილით შესვლა, სადაც ხილვადობა ბუჩქნარით შეზღუდულია და კუნძებითაა დაფარული, ობიექტური თვალსაზრისით წარმოადგენს ელემენტარული წინდახედულობის უგულებელყოფას.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2026 წლის 18 მაისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

14. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

15. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება განაპირობა.

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ საკასაციო სასამართლოსთვის ისინი სავალდებულოა.

16. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულების არსისა და მასში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობების განსაზღვრის თვალსაზრისით, განსახილველი დავის ფარგლებში დამფუძნებელ ნორმას სსკ-ის 799-ე მუხლი წარმოადგენს.

იმავდროულად, ხელშემკვრელ მხარეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობა და განხორციელება დამოკიდებულია მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების (არსებობის შემთხვევაში ხელშეკრულების დანართების) პირობებსა და დათქმებზე, იმგვარად, რომ კონკრეტული სადაზღვევო შემთხვევა, რომელიც წარმოადგენს სადაზღვევო რისკის რეალიზაციის შედეგს, მხარეების მიერ არსებითი პირობის სახით წინასწარ არის განსაზღვრული ხელშეკრულებაში (შდრ: ი. გაგუა, ბიზნესდავები და სასამართლო პრატიკა, 2017, გვ.119).

დაზღვევის ხელშეკრულება ალეატორულ, ანუ სარისკო გარიგებას წარმოადგენს. დამზღვევი მიდის რისკზე იმ გაგებით, რომ იხდის სადაზღვევო პრემიას და სადაზღვევო შემთხვევა შეიძლება არც დადგეს ან მზღვეველმა უარი უთხრას დამზღვევს სადაზღვევო საზღაურის გადახდაზე ან ვერ შეძლოს მისი ანაზღაურება გადახდისუუნარობის გამო;

მზღვეველი რისკავს იმ თვალსაზრისით, რომ შედარებით მცირე სადაზღვევო პრემიის მიღების პირობებში, მსხვილი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, იგი ვალდებული ხდება, გადაიხადოს გაცილებით მეტი თანხა (შდრ: ქ. ირემაშვილი, მხარეთა უფლებრივი თანაფარდობის კრიტერიუმები სადაზღვევო ურთიერთობებში, 2016, გვ.85.).

სსკ-ის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია). მოცემული ნორმის ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი, სასყიდლიანი და რეალური ხელშეკრულებაა. დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი, ხოლო მზღვეველი მოვალეა აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი.

საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ დაზღვევა არის ურთიერთობა ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად, გარკვეული გარემოების (სადაზღვევო შემთხვევის) დადგომისას, ამ პირთა მიერ გადახდილი სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიებით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე.

აქედან გამომდინარე, მხარეთა მიერ დაზღვევის ხელშეკრულებაში შეთანხმებული პირობების დაცვა უმნიშვნელოვანესია ვინაიდან გამოირიცხოს მზღვეველის მიმართ სათანადო საფუძვლის გარეშე თანხის დაკისრება, შესაბამისად მაქსიმალურად შეიზღუდოს დამზღვევის არაკეთილსინდისიერი მოქმედების წახალისება და ამით, საფრთხე არ დაემუქროს სამართლებრივ სივრცეში დაზღვევის რეალურ დანიშნულებასა და მიზანს.

17. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველი დავის ფარგლებში სააპელაციო სასამართლომ სწორად შეაფასა მოცემული დავის ძირითადი საკვლევი საგანი, კერძოდ, არსებობს თუ არა მოსარჩელის მიერ მითითებული ავტოსაგზაო შემთხვევის სადაზღვევო შემთხვევად კვალიფიკაციის საფუძველი.

დასმულ საკითხზე სწორი დასკვნის ჩამოსაყალიბებლად, ყურადღება უნდა გამახვილდეს შემდეგ გარემოებებზე:

17.1. სსკ-ის 829-ე მუხლით მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით.

მოცემულ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა, საკასაციო პალატის არაერთ განჩინებაში განმარტებულია შემდეგი:

დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე წამოჭრილი დავის განხილვისას მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესი შემდეგნაირია - მზღვეველმა უნდა ამტკიცოს, რომ ზიანის გამომწვევი მიზეზი ხელშეკრულების გამონაკლისს წარმოადგენს, რის გამოც, სადაზღვევო დაფარვა მასზე ვერ გავრცელდება (სუსგ: Nას-1181-2020, 28.01.2021).

მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა, უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით (შდრ. სუსგ Nას-1306-1226-2015, 1.07.2016წ).

17.2. უხეში გაუფრთხილებლობა გულისხმობს აუცილებელი წინდახედულობის ნორმების განსაკუთრებით მძიმე დარღვევას (შდრ. სუსგ №ას-654-2019, 26.06.2020წ).

გამორიცხვის მეთოდით, მარტივ გაუფრთხილებლობად შეფასდება ყველა ის მოქმედება, რომელიც აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას არ წარმოადგენს, როგორიცაა: დაშვებული სიჩქარის უმნიშვნელოდ გადაჭარბება, უმიზეზოდ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა, ქარაფშუტულად, სათანადო გათვლების გარეშე, დაკავებული ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში თანმხვედრი მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, სახანძრო და სხვა სპეციალური ტრანსპორტისათვის გზის არდათმობა, ავტომობილის სამართავად გადაცემა მართვის უფლების არმქონე ან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მესამე პირისათვის და ა.შ. (შდრ. სუსგ Nას-1306-1226-2015, 01.07.2016წ.; №ას-1279-2022, 20.12.2022წ.).

17.3. განსახილველი საქმის ფარგლებში, ასევე, საყურადღებოა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილად ცნობილი რიგი გარემოებები:

- მზღვეველსა და დამზღვევს შორის ხელშეკრულება დაიდო, რომლის საგანი იყო, სატენდერო დოკუმენტაციისა და წინამდებარე ხელშეკრულების N1, N2 და N3 დანართების შესაბამისად სააგენტოს ბალანსზე არსებული (რიცხული) სატრანსპორტო საშუალებებისთვის, მათ შორის, სდავო ავტომობილისთვის, სადაზღვევო მომსახურების კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით შესყიდვა.

- ხელშეკრულებით „სადაზღვევო რისკი“ განმარტებულია, როგორც სატენდერო დოკუმენტაციითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული მოვლენა/მოვლენები, რომელიც შეიცავს მისი დადგომის შესაძლებლობისა და შემთხვევითობის ნიშნებს და, რომლის გამოც ხდება დაზღვევა. „შემთხვევა“ განმარტებულია, როგორც ნებისმიერი შემთხვევა, როდესაც ზიანი მიადგა: ა). დაზღვეულ სატრანსპორტო საშუალებას ან/და, ბ). დაზღვეული სატრანსპორტო საშუალების უფლებამოსილი მძღოლის/მგზავრ(ებ)ის ჯანმრთელობას ან/და, გ). დაზღვეული სატრანსპორტო საშუალების უფლებამოსილი მძღოლის მიერ ექსპლუატაციისას დამზღვევს წარმოეშვა პასუხისმგებლობა მესამე პირ(ებ)ის მიმართ. „სადაზღვევო შემთხვევა“ განმარტებულია, როგორც შემთხვევა, რომლის დადგომის შედეგად, მზღვეველის მიერ შესაბამისი დადასტურების/აღიარების შემდეგ წარმოიშობა მოპასუხის ვალდებულება, სატენდერო დოკუმენტაციითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება, რაც დასტურდება მზღვეველსა და დამზღვევს შორის ხელმოწერილი სადაზღვევო შემთხვევის აქტით. „სადაზღვევო ანაზღაურება“ განმარტებულია, როგორც ანაზღაურება, რომელსაც სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას გასცემს მზღვეველი წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციისა და ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

- დაზღვევის ხელშეკრულების I ნაწილის (ზოგადი პირობები) 1-ლი პუნქტის თანახმად, სადაზღვევო რისკებია: ა). საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (არ აქვს მნიშვნელობა, ვისი მიზეზით ხდება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა), მიუხედავად იმისა, დაზღვეული სატრანსპორტო საშუალება მოძრაობდა თუ გაჩერებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა; ბ). სატრანსპორტო საშუალების ან მისი ცალკეული ნაწილების დაკარგვა (მათ შორის, ქურდობის, ძარცვის, ყაჩაღობის, გატაცების ან ქურდობის/ძარცვის/ყაჩაღობის/გატაცების მცდელობის შედეგად); გ). ბუნებრივი მოვლენებით გამოწვეული ზემოქმედება კერძოდ, მიწისძვრა, წყალდიდობა, დიდთოვლობა, ზვავი, გრიგალი, ქარიშხალი, ღვარცოფი, მეხის დაცემა, მეწყერი და სეტყვა ან მოულოდნელი მოვლენა, რომელმაც გამოიწვია დაზიანება ან განადგურება გარეშე და აშკარა მიზეზებით; დ). აალება, აფეთქება, ხანძარი, რაიმე საგნის ვარდნა/დაცემა/მოხვედრა, ვანდალიზმი; ე). მესამე პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება; ვ). დაუდგენელი მიზეზით სატრანსპორტო საშუალების დაზაიანება.

- ამავე ნაწილის მე-2 პუნქტით შეთანხმებულია საერთო გამონაკლისები, მათ შორის, ამ მუხლის „ო“ ქვეპუნქტის მიხედვით, მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისგან თუ დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა დადგა უხეში გაუფრთხილებლობით, გარდა III ნაწილის 1-ლი პუნქტის მე-4 ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. უკანასკნელი ნორმით გათვალისწინებული გამონაკლისებია: ა). დაზღვეული სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურებისა და საგარანტიო შეკეთების ხარჯები, რომელიც არ უკავშირდება სადაზღვევო შემთხვევას; ბ). ზიანი, რომელიც სატრანსპორტო საშუალებას ჰქონდა სადაზღვევო შემთხვევის დადგომამდე და არ არის გამოწვეული სადაზღვევო შემთხვევის შედეგად; გ). ცვეთა, კოროზია, დაჟანგვა, დაზღვევამდე არსებული დეფექტი, დეფექტიანი მასალებისა და სათადარიგო ნაწილების გამოყენება; დ). თუ გაჩერებული დაზღვეული სატრანსპორტო საშუალება დაზიანდა/განადგურდა დაუდგენელი პირის მიერ ან დაუდგენელ ვითარებაში და დამზღვევი აღნიშნულის შეტყობისთანავე დაუყოვნებლივ არ დაუკავშირდა მზღვეველს, საპატრულო პოლიციას ან/და დაზიანებული დაზღვეული სატრანსპორტო საშუალება მზღვეველის წარმომადგენელის მისვლამდე დაძრა ადგილიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაადგილება მოხდა შესაბამისი კომპეტენტური უწყების მითითებით კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში და მზღვეველის ზეპირსიტყვიერი მითითებით; ე). თუ დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების აღდგენა/შეკეთება განხორციელდება მზღვეველთან შეთანხმების გარეშე; ვ). ზარალი, რომლიც მიადგა დაზღვეული სატრანსპორტო საშუალებით ან დაზღვეულ სატრანსპორტო საშუალებაზე მიმაგრებული ნებისმიერი მისაბმელით გადაზიდულ ქონებას; ზ). საერთო გამონაკლისებით გათვალისწინებული შემთხვევები.

- მოპასუხის მიერ მოსარჩელის ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით 2023 წლის 21 დეკემბერს მოპასუხემ გასცა საბანკო გარანტია.

- 2024 წლის 29 აგვისტოს (დაზღვევის პერიოდი) მოსარჩელის უფლებამოსილი თანამშრომელი ა.მ–ი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, კერძოდ, მიწის ნაკვეთების აზომვითი სამუშაოების შესრულების მიზნით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურების გზაზე სადავო ავტომობილს მართავდა. სოფელში, ტყის გრუნტის საფარიან გზაზე მოძრაობისას ავტომობილი ბუჩქნარში არსებულ ხის კუნძს გამოედო, რის შედეგადაც დაზღვეული ავტომობილის მარჯვენა, წინა და უკანა ფრთა და მარჯვენა წინა და უკანა კარი დაზიანდა. მძღოლის მიერ ალკოჰოლის მოხმარების ფაქტის შემოწმების შედეგის თანახმად ალკოჰოლის მაჩვენებელი 0 აღმოჩნდა.

- შპს „კ.მ–ის“ 2024 წლის 4 ნოემბრის ინვოისის შესაბამისად, დაზღვეული ავტომობილის ზიანის გამოსასწორებლად საჭირო დაშლა-აწყობის, სათუნუქე და სამღებრო სამუშაოებისა და „პოლირების“ ღირებულება 4 572 ლარით განისაზღვრა.

- მოპასუხის 2024 წლის 29 ნოემბრის წერილით მოსარჩელეს უარი ეთქვა დაზღვეული ავტომობილისთვის მიყენებული ზიანის ნაზღაურებაზე.

18. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილად ცნობილი გარემოებებისა (რომლებიც სსსკ-ის 407.2 მუხლით საკასაციო პალატისთვის სავალდებულოა) და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ზემოთ მოყვანილი პრაქტიკის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლოს დასკვნით ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლის ქმედების უხეშ გაუფრთხილებლობად კვალიფიკაციისთვის აუცილებელი ელემენტები არ იკვეთება.

მოცემული დასკვნის ჩამოყალიბებისას სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მართებულად მიიღო შემდეგი გარემოებები:

- მძღოლის მიერ ალკოჰოლის მოხმარების შემოწმების შედეგის მიხედვით ავტომობილის მძღოლს ალკოჰოლის მიღება არ გამოუვლინდა.

- შსს გასაუბრების ოქმიდან ირკვევა, რომ მძღოლი მოძრაობდა ტყის გზაზე, რა დროსაც ავტომობილი ვიზუალურად რთულად შესამჩნევ ხის კუნძს გამოედო და დაზიანდა.

- მძღოლის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი არ შედგენილა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ქმედება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას არ წარმოადგენდა.

- საქმეზე არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ არსებობდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული (გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები: ა). არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობის პირობებში მძღოლმა უნდა შეამციროს სიჩქარე და გაზარდოს დისტანცია თავის სატრანსპორტო საშუალებასა და მის წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებას შორის; ბ). გზის ნათელი მონაკვეთიდან ბნელ მონაკვეთზე გასვლისას თვალი ნელა ეჩვევა სიბნელეს, რის გამოც მძღოლის წინ არსებული შესაძლო დაბრკოლება რთული შესამჩნევია; გ). ღამით, ცუდად ან არათანაბრად განათებულ გზის მონაკვეთზე მოძრაობისას გართულებულია საგზაო მოძრაობის მონაწილეთა მიერ ერთმანეთის შემჩნევა; დ). მოყინულ გზის მონაკვეთზე მძღოლმა შეძლებისდაგვარად თავი უნდა აარიდოს დამუხრუჭებას, სიჩქარის ცვლილებასა და მიმართულების მკვეთრ შეცვლას. ამასთან, მძღოლმა უნდა გააცნობიეროს, რომ ყველაზე უფრო ხშირად გზა მოყინულია ხიდზე, გზაგამტარსა და ესტაკადაზე; ე) ვინაიდან წვიმისა და თოვის დროს მოძრაობისას იზრდება სატრანსპორტო საშუალების დამუხრუჭებისათვის საჭირო დრო და მანძილი, ამასთანავე, ნალექი აუარესებს ხილვადობას, მძღოლმა უნდა შეამციროს სიჩქარე და გაზარდოს დისტანცია თავის სატრანსპორტო საშუალებასა და მის წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებას შორის; ასევე სხვა ფაქტორები) ან ანალოგიური გარემოებები, რის გამოც მძღოლს მეტად უნდა გაემახვილებინა ყურადღება საგზაო უსაფრთხოებაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სრულადაა გასაზიარებელი სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ტყის გრუნტისსაფარიან გზაზე დასაშვები სიჩქარით მოძრავი ავტომობილის შეჯახება ძნელადშესამჩნევ ხის კუნძთან, უხეშ გაუფრთხილებლობად არ უნდა დაკვალიფიცირდეს.

19. მზღვეველის ერთ-ერთი პრეტენზია იმაში გამოიხატება, რომ სადავო ავტოსაგზაო შემთხვევა ავტომობილის მოძრაობისთვის განკუთვნილ გზაზე არ მომხდარა, რის გამოც იგი სადაზღვევო რისკს არ მიეკუთვნება და ეს გარემოება ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველია.

ზემომითითებული პრეტენზიის უარსაყოფად ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა ხელშეკრულების ზოგადი პირობების პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვით, სადაზღვევო რისკია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (არ აქვს მნიშვენლობა ვისი მიზეზით ხდება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა), მიუხედავად იმისა დაზღვეული სატრანსპორტო საშუალება მოძრაობდა თუ გაჩერებულ მდგომარეობაში (1-ელი მუხლის „ა“ პუნქტი) იმყოფებოდა, მათ შორის დაუდგენელი მიზეზით სატრანსპორტო საშუალების დაზიანება (1-ელი მუხლის „ვ“ პუნქტი).

ხელშეკრულების მიხედვით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (ავარია) განმარტებულია, როგორც გზაზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას მისივე მონაწილეობით წარმოქმნილი მოვლენა, რომლის დროსაც დაშავდა ან დაიღუპა ადამიანი, დაზიანდა სატრანსპორტო საშუალება, ნაგებობა ან სხვა ქონება (მიუხედავად იმისა, თუ დაზღვეული სატრანსპორტო საშუალება მოძრაობდა, თუ იმყოფებოდა გაჩერებულ მდგომარეობაში).

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მიხედვით, გზა არის მოძრაობისთვის გახსნილი გზის ან ქუჩის მთელი ზედაპირი. გზას შეიძლება ჰქონდეს როგორც ერთი სავალი ნაწილი, ისე რამდენიმე, გამყოფი ზოლით მკვეთრად გამიჯნული ან სხვადასხვა დონეზე არსებული სავალი ნაწილები. ეს ტერმინი შეიძლება მოიცავდეს ტრამვაის ლიანდაგს, ტროტუარს, გვერდულას, გამყოფ ზოლს, ველობილიკს, თოვლზე/ყინულზე სასრიალო ზონას (ტერიტორიას). ამავე კანონიდან გამომდინარე, გზა შეიძლება იყოს, როგორც გრუნტოვანი, ისე ღორღიანი, ასევე, ასფალტის, ცემენტ-ბეტონის ან სხვა მსგავსი მასალის ან ქვაფენილის საფარიანი.

საქართველოს ტყის კოდექსის მე-2 მუხლის „ჰ6“ პუნქტის მიხედვით, სატყეო გზა ეს არის სატყეო-სამეურნეო ღონისძიების განსახორციელებლად ტყეში არსებული გზა, რომელიც შეიძლება იყოს, როგორც გრუნტის გზა (მოკლევადიანი ტყითსარგებლობისთვის გაყვანილი სამეურნეო გზა), ასევე, მკვრივსაფრიანი გზა (ტყეში არსებული ხრეშმოყრილი ან/და მოშანდაკებული გზა, რომლის მოწყობა და რეაბილიტაცია გრძელვადიანი სარგებლობისთვის განხორციელდა). დასახელებული ნორმატიული აქტების დანაწესი კასატორის ამ პრეტენზიასაც აცლის სამართლებრივ საფუძველს.

20. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

21. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

23. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ს.კ.ე.ჯ–იას“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. სს „ს.კ.ე.ჯ–იას“ (ს/ნ .......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახადო დავალება # 394109, გადახდის თარიღი - 11.05.2026) 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

ბადრი შონია