დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 29.04.2026
საქმის ნომერი
ას-1383-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
29.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-1383-2025

29 აპრილი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - შპს „ა–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ჯ.მ.მ.ჰ.ი.მ–მი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 26 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი - პარტნიორთა კრების კანონიერად ცნობა, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს ,,ა–ის“ წარმომადგენელმა, მოპასუხე ჯ.მ.მ.ჰ.ი.მ–მის მიმართ, პარტნიორთა კრების ოქმის კანონიერად ცნობისა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან მოპასუხის (პარტნიორის) გარიცხვის შესახებ მოთხოვნით.

სარჩელის თანახმად, შპს „ა–ი“ დაფუძნდა 1997 წლის 1 აპრილს, საწესდებო კაპიტალი შეადგენდა 10000 ლარს, დამფუძნებელი პარტნიორები იყვნენ ც.ჩ–ძე, ა.ი–ი და გ.ჩ–ძე. 2000 წლის 07 აგვისტოს ცვლილების მიხედვით, ამჟამად დამფუძნებელი პარტნიორები არიან თ.გ–ძე - 25%, ჯ.მ.მ.ჰ.მ–მი - 25%, გ.ჩ–ძე - 25% და მ.ჩ–ნი - 25%. დირექტორად სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში დარეგისტრირდა თ.გ–ძე.

- უცხო ქვეყნის მოქალაქის დამფუძნებელ პარტნიორად შეყვანის ერთადერთი მიზანი იყო ინვესტიცია და საწარმოს განვითარება. სწორედ ამიტომ გადაეცა საწარმოს წილის 25% დამფუძნებელ პარტნიორთა გადაწყვეტილებით. საწარმოს რეესტრში ცვლილების შემდეგ, დამფუძნებლებს უკვე 17 წელია თვალით არ უნახავთ ჯ.მ.მ.ჰ.მ–მი, რომელიც 25% წილს ფლობს შპს „ა–ში“. საწარმოს სჭირდება განვითარება, შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია, რის გამოც დამფუძნებლებს თავიანთი წილის პროპორციულად უწევთ საწარმოში შენატანის შეტანა, შენატანები განხორციელდა ამ წლების განმავლობაში დამფუძნებელ პარტნიორთა მხრიდან შპს-ს აღორძინებისათვის, მაგრამ ჯ.მ.მ.ჰ.მ–ს არანაირი მონაწილეობა არ მიუღია, მისი წილი პროპორციულად შეჰქონდა 25%-ის წილის მქონე პარტნიორ თ.გ–ძეს, სხვა პარტნიორთა თანხმობით. ამავე დროს საწარმოს მართვისათვის და დამფუძნებელ პარტნიორების მიერ კრებაზე გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელია ყველა პარტნიორის მონაწილეობა, რაც გავლენას ახდენს საწარმოს განვითარებაზე.

- 2015 წლის ოქტომბერში შპს „ა–ის“ (ს/ს ..........) დირექტორ თ.გ–ძის მიერ მიღებულ იქნა დამფუძნებელ პარტნიორთა საერთო კრების მოწვევის შესახებ გადაწყვეტილება, კრების ჩატარების შეტყობინება კანონით დადგენილი წესით გამოქვეყნდა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ (2015 წლის 07.10), სადაც კრების თარიღად განისაზღვრა 2015 წლის 19 ოქტომბერი.

- 2015 წლის 19 ოქტომბერს კრებაზე გამოცხადდნენ შპს „ა–ის“ დამფუძნებელი პარტნიორები: თ.გ–ძე, გ.ჩ–ძე (კანონიერი წარმომადგენელი თ.გ–ძე, მ.ჩ–ნი, (კანონიერი წარმომადგენელი მ.ჩ–ნი) საერთო კრება, არ იყო უფლებაუნარიანი მიეღო გადაწყვეტილება დღის წესრიგის გათვალისწინებით, რადგან კრებაზე არ გამოცხადდა 25% წილის მფლობელი ჯ.მ.მ.ჰ.მ–მი და ამავე კრებაზე იმავე დღის წესრიგით განისაზღვრა მომდევნო კრების მოწვევის თარიღი, 2015 წლის 16 ნოემბერი, 2015 წლის 19 ოქტომბრის N8 კრების ოქმი გამოქვეყნდა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ 2015 წლის 30 ოქტომბერს.

- 2015 წლის 16 ნოემბერს შპს „ა–ის“ დამფუძნებელ პარტნიორთა კრებაზე გამოცხადდა კვლავ ყველა პარტნიორი, 25% წილის მფლობელი ჯ.მ.მ.ჰ.მ–მის გარდა, კრება კვლავ გადაიდო 2015 წლის 10 დეკემბრისათვის, იმავე დღის წესრიგით, რომელიც გამოქვეყნდა სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ 2015 წლის 25 ნოემბერს.

- 2015 წლის 10 დეკემბერს გამოცხადდა ყველა პარტნიორი, გარდა 25% წილის მფლობელი ჯ.მ.მ.ჰ.მ–მისა. კრებამ მიიღო გადაწყვეტილება 25% წილის მფლობელი პარტნიორის, ჯ.მ.მ.ჰ.მ–მის, საზოგადოებიდან გარიცხვისა და მისი წილის დამფუძნებელ პარტნიორზე თ.გ–ძისათვის გადაცემის შესახებ, რომლის წილი განისაზღვრა 50%-ით.

- დოკუმენტაცია წარედგინა საჯარო რეესტრს, თუმცა რეესტრმა ისინი არ მიიჩნია საკმარისად და შეჩერდა წარმოება. ვინაიდან გადაწყვეტილების მიღებიდან გასულია წელიწად-ნახევარზე მეტი და გასულია მისი გასაჩივრების სამთვიანი ვადაც, ამიტომ 2015 წლის 10 დეკემბრის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, რაც სასამართლოს მხრიდან მისი კანონიერად ცნობის საფუძველია.

2. მოპაუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ კრება არ იყო გადაწყვეტილებაუნარიანი და მიღებული გადაწყვეტილებაც უკანონოა, რადგან მოპასუხე არ ყოფილა მიწვეული პარტნიორთა კრებაზე კანონით დადგენილი წესით. არცერთ კრებაზე მოწვევის შესახებ შეტყობინება და არც კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება არ ჩაჰბარებია. ის ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას ირანში, ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში, მათ შორის, ქ. ქუთაისში, სადაც შეიძინა კომერციული ფართი .......... და გადაიხადა მთლიანი თანხა; თ.გ–ძემ შესთავაზა, რომ სანაცვლოდ მიიღებდა 50% წილს, თუმცა მოატყუა, რადგან არ იცის ქართული ენა და დაარეგისტრირეს მხოლოდ 25%-ის მფლობელად, რაც მისთვის შემდეგში გახდა ცნობილი. დივიდენდის მიღების სანაცვლოდ, მოსარჩელე ცდილობს მისთვის 25% წილის წართმევასაც. ის ყოველთვის მზად იყო და მზადაა, მონაწილეობა მიიღოს საზოგადოების საქმიანობაში წესდებით დადგენილი წესითა და პირობებით.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 1-ელი ივლისის გადაწყვეტილებით, შპს ,,ა–ის“ (დირექტორი თ.გ–ძე) სარჩელი მოპასუხე ჯ.მ.მ.ჰ.მ–მის მიმართ, პარტნიორთა კრების ოქმის კანონიერად ცნობისა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

4. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე მხარემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 26 ივნისის განჩინებით, შპს ,,ა–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 1-ელი ივლისის გადაწყვეტილება.

6. სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, იმის შესახებ, რომ მოსარჩელემ მოპასუხის პარტნიორობიდან გარიცხვის მართლზომიერი საფუძვლის არსებობა ვერ დაასაბუთა.

7. პალატამ მიუთითა სამეწარმეო საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვის საკითხზე დამკვიდრებულ პრაქტიკაზე, რომლის შესაბამისად, პარტნიორის საზოგადოებიდან გარიცხვა უკიდურესი ზომაა. შესაბამისად, ასეთი ზომა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მნიშვნელოვანი საფუძვლების არსებობისას. პარტნიორის გარიცხვის მნიშვნელოვანი საფუძველი სახეზეა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საზოგადოებამ აღარ უნდა ითმინოს გასარიცხი პარტნიორის კორპორაციულ-სამართლებრივი მონაწილეობა; სახელდობრ, როდესაც, მისი ქცევა შეუძლებელს ხდის ან მნიშვნელოვნად ართულებს საზოგადოების მიზნის მიღწევას, რაც აუტანელს გახდიდა მისი საზოგადოების რიგებში დარჩენას. საუბარია პიროვნულ თვისებებსა და ურთიერთობებზე, როგორიცაა, მაგალითად, ნდობის დეფიციტი, ვალდებულებების მძიმე დარღვევა, დანაშაულებრივი საქმიანობა, ნდობის ბოროტად გამოყენება და სხვა პარტნიორებთან დაძაბული ურთიერთობები. საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვის საფუძველი შეიძლება გახდეს არა ყველა სახის, არამედ იმგვარი ზიანი, რომელიც საწარმოს საქმიანობას უშლის ხელს გრძელვადიან პერსპექტივაში და, მაშასადამე, საფრთხის ქვეშ აყენებს მის არსებობას (შდრ. სუსგ №ას-812-1099-2009, 09.11.2009). ამდენად, საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვა უნდა განხორციელდეს მხოლოდ მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას, როდესაც სახეზეა კომპანიისათვის არსებითი ზიანის მიყენება, რაც არღვევს ნდობას პარტნიორთა შორის და, რის გამოც მათი ერთობლივი საქმიანობა შეუძლებელი ხდება (იხ. სუსგ №ას- ას-1203-2018, 25.04.2019).

8. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სადავო ურთიერთობა გამომდინარეობდა არა სამეწარმეო საზოგადოების დაფუძნებისას პარტნიორის მიერ შენატანის განუხორციელებლობიდან, არამედ საწესდებო კაპიტალის გაზრდის შედეგად პარტნიორის მიერ დამატებითი შენატანის შეუტანლობიდან, რაც განსხვავებულ სამართლებრივ შედეგს იწვევს პარტნიორისათვის.

9. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სპეციალური კანონის 46.21 მუხლზე, რომელიც არეგულირებს საზოგადოების კაპიტალის გაზრდის შემთხვევაში, შესაბამისი შენატანის შეუტანლობისას წარმოშობილ ურთიერთობას. ასეთ დროს, ერთ-ერთი პარტნიორის მიერ დამატებითი შენატანის გადაუხდელობამ შესაძლებელია, გამოიწვიოს კაპიტალის გაზრდის შემდეგ პარტნიორთა წილების ხელახლა გადანაწილების საჭიროება, სხვა პარტნიორების მიერ განხორციელებული დამატებითი შენატანების წილების პროპორციულად, შედეგად კი, იმ პარტნიორის წილის შემცირება, რომელსაც დამატებითი შენატანი არ შეუტანია.

10. რაც შეეხება პარტნიორის გარიცხვას, სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობას, რომ მითითებულ საკითხს აღნიშნული ნორმა არ არეგულირებს.

11. გარდა ამისა, პალატამ მიუთითა ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-91 მუხლის მე-7 პუნქტზე, რომლის მიხედვით, ყველა გადაწყვეტილება, რომელთა მნიშვნელობა სცილდება საზოგადოების ჩვეულებრივ საქმიანობას, მოითხოვს ყველა პარტნიორის მონაწილეობით ჩატარებული კრების გადაწყვეტილებას. პარტნიორთა კრებამ გადაწყვიტა საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვის საკითხი, რომელიც არაფრით სცილდებოდა საზოგადოების ჩვეულებრივ საქმიანობას, და შესაბამისად, მოითხოვდა ყველა პარტნიორის მონაწილეობით ჩატარებულ პარტნიორთა კრებაზე ხმათა უმრავლესობით მიღებულ გადაწყვეტილებას.

12. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა იმ დადგენილ გარემოებაზე, რომ შპს ,,ა–ის’’ 2015 წლის 16 ნოემბრისა და 10 დეკემბრის პარტნიორთა კრებების მოწვევისა და მათი დღის წესრიგის თაობაზე მოპასუხისათვის არ ყოფილა ცნობილი. შპს ,,ა–ს’’ არ გაუგზავნია შეტყობინება, მისთვის გასაგებ ენაზე, დაზღვეული ფორმატით.

13. პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტმა ვერ გააქარწყლა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი აწესრიგებს თავდაპირველი შეთანხმების შედეგად დადგენილი შენატანის განუხორციელებლობის სამართლებრივ შემთხვევას, რაც ვერ გაიგივდება განსახილველ შემთხვევასთან. საწარმოს რეგისტრაციის შემდგომ კაპიტალის გაზრდა ვერ გახდება პარტნიორის გარიცხვის საფუძველი.

14. სამეწარმეო სუბიექტის წესდება, თავისი არსით, სამოქალაქო სამართლებრივი გარიგებაა, შესაბამისად, მხარეები სახელშეკრულებო თავისუფლების პირობებში განსაზღვრავენ თავიანთ უფლებებსა და მოვალეობებს. სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად, სამართლებრივი შედეგის დადგომა შეიძლება გამოიწვიოს როგორც ცალმხრივმა, ისე ორმხრივმა ან მრავალმხრივმა ნების გამოვლენამ. მრავალმხრივი გარიგების გავრცელებული ფორმაა გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება არა გამოვლენილ ნებათა კონსესუსის საფუძველზე, არამედ გამოვლენილ ნებათა უმრავლესობის მიერ. გადაწყვეტილების მიღების პირობები და პროცედურა ჩვეულებრივ კანონით განისაზღვრება. მაგალითად, პარტნიორების საერთო კრების მიერ გადაწყვეტილებების მიღება ხდება მეწარმეთა შესახებ კანონის საფუძველზე. ასეთი ტიპის გადაწყვეტილებების, როგორც მრავალმხრივი გარიგების თავისებურება იმაშიც გამოიხატება, რომ მას მბოჭავი და სავალდებულო ძალა აქვთ იმ პირთათვისაც, რომლებიც წინააღმდეგი იყვნენ ამ გადაწყვეტილების მიღების, მაგალითად, კენჭისყრაში მონაწილეთა უმცირესობა(შდრ: ლადო ჭანტურია, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, მუხლი 50, ველი 14, თბილისი, 2017, 290-291). სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. ასეთი საზოგადოების დაფუძნება შეუძლია ერთ პირსაც (44-ემუხლი). პარტნიორთა უფლება-მოვალეობები და წილების თავდაპირველი განაწილების წესი განისაზღვრება საწარმოს წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით). საწარმოს პარტნიორები მმართველობით უფლებამოსილებას ახორციელებენ პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. პარტნიორთა კრების კომპეტენცია, კრების ჩატარების წესი და გადაწყვეტილების მიღების პროცედურა განისაზღვრება ამ კანონით ან/და საწარმოს წესდებით. დირექტორის კომპეტენცია და პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კანონით ან/და წესდებით. საწარმოს მართვის ორგანოების სტრუქტურა, შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება მისი წესდებით. საწარმოში წილის ფლობა წარმოადგენს არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს (სსკ-ის147-ედა 152-ემუხლები).

15. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ნებისმიერი კომპანიის წარმატებით ფუნქციონირების წინაპირობა თავად ამ საზოგადოებაში პარტნიორთა უფლებებისა და საწარმოს ინტერესების პატივისცემაა. ამ მოვალეობათა პატივისცემისა და დაცვის სამართლებრივ საფუძველს პარტნიორთა შორის დადებული გარიგება (წესდება) წარმოადგენს, რომლითაც ისინი საზოგადოების დაფუძნებაზე თანხმდებიან. საწარმოს ეფექტური საქმიანობის საფუძველი ის არის, რომ მაქსიმალურად იქნეს დაცული შეთანხმებების კეთილსინდისიერად შესრულების, მათი განუხრელი დაცვისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპი (იხ. ირაკლი ბურდული, სააქციო სამართლის საფუძვლები, II ტომი, თბილისი, 2013, გვ.157).

16. ამდენად, სააპელაციო პალატის შეფასებით, არ იკვეთებოდა პარტნიორის საზოგადოებიდან გარიცხვის კანონითა და სასამართლო პრაქტიკით დადგენილი წინაპირობები, რაც გამორიცხავდა სარჩელის/სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და მოპასუხის კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლების არაკანონიერ ჩამორთმევას. პალატამ განუმარტა მოსარჩელეს, რომ პარტნიორის მხრიდან გაზრდილი შენატანის განუხორციელებლობა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 46.21 მუხლის თანახმად, იწვევს წილობრივი მონაწილეობის ცვლილებას და არა პარტნიორის გარიცხვას.

16. პალატის განსჯით, მოსარჩელის მიერ დარღვეული იყო არამარტო პარტნიორთა კრების მოწვევის პროცედურები, არამედ კრების მიერ მიღებული დადგენილებებიც არ იყო მართლზომიერი და კანონშესაბამისი, ვინაიდან შპს ,,ა–ის’’ 2015 წლის 16 ნოემბრისა და 10 დეკემბრის პარტნიორთა კრებების მოწვევისა და მათი დღის წესრიგის თაობაზე მოპასუხისათვის არ ყოფილა ცნობილი და 2015 წლის 10 დეკემბერს პარტნიორთა კრება არ იყო უფლებამოსილი (სათანადო კვორუმის არარსებობის გამო) მიეღო გადაწყვეტილება 25% წილის მფლობელი პარტნიორის საზოგადოებიდან გარიცხვისა და მისი წილის მხოლოდ ერთ პარტნიორზე განაწილების თაობაზე.

17. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე შპს ,,ა–მა’’ წარადგინა საკასაციო საჩივარი.

18. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

18.1. კასატორი, ძირითად გადაწყვეტილებასთან ერთად, ასაჩივრებს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 17 სექტემბრის განჩინებას, რომლითაც ჯ.მ.მ.ჰ.მ–მის განცხადება დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება საქმეზე N2/3110-17 და განახლდა საქმის წარმოება. კასატორის განმარტებით, სასამართლო გასცდა მოთხოვნის ფარგლებს და მხარეს მიაკუთვნა იმაზე მეტი, რასაც არ ითხოვდა, ამით დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები.

18.2. კასატორის განმარტებით, შპს ,,ა–ის“ წესდების თანახმად, საზოგადოების მართვის უმაღლესი ორგანოა პარტნიორთა საერთო კრება (6.2 პუნქტი); საზოგადოების მმართველობით უფლებამოსილებას ახორციელებენ პარტნიორები. პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით პარტნიორთა კრების კომპეტენცია, კრების ჩატარების წესი და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობითა და წესდებით. კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო რაოდენობის ხმების მქონე პარტნიორები. თუ საერთო კრება არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, მაშინ კრების მოწვევა შეიძლება იმავე წესითა და იმავე დღის წესრიგით; კენჭისყრისას თითოეული პარტნიორის ხმის რაოდენობა განისაზღვრება საზოგადოების საწესდებო კაპიტალში მისი წილის პროპორციულად, თუ საერთო კრების გადაწყვეტილება პირდაპირ ეხება კონკრეტული პარტნიორის ინტერესებს, მაშინ ამ პარტნიორს კენჭისყრისას ხმის უფლება არა აქვს, და ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიღებულია სამი პარტნიორის ანუ 75%-ის მფლობელი პარტნიორების მიერ. ამდენად სასამართლოს მიერ მითითებული დარღვევა ხმის მიცემის ნაწილში ნამდვილად არასწორია, რადგანაც კრებას ესწრებოდა სამივე პარტნიორი წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით. კრების მოწვევის პროცედურებისას დაცულია წესდების მოთხოვნები, კერძოდ შპს ,,ა–ის’’ დირექტორმა, თ.გ–ძემ, მიიღო გადაწყვეტილება დამფუძნებელ პარტნიორთა საერთო კრების მოწვევის შესახებ, 2015წლის 19 ოქტომბერს, მაგრამ პარტნიორს არ ჩაჰბარდა გზავნილი. მეორე კრება მოიწვიეს 16 ნოემბერს, კრების დანიშვნის დრო და დღის წესრიგი პარალელურად გამოქვეყნდა საკანონმდებლო მაცნეში 2015 წლის 07 ოქტომბერს, სადაც კრების ჩატარების თარიღად განისაზღვრა - 2015 წლის 19 ოქტომბერი. 19 ოქტომბრის კრებაზე გამოცხადდა სამი პარტნიორი, არ გამოცხადდა ჰ.მ–მი, ამავე კრებაზე იმავე დღის წესრიგით განისაზღვრა ახალი კრების თარიღი და დღის წესრიგი; 2015 წლის 19 ოქტომბრის კრების ოქმი N8 გამოქვეყნდა საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში 2015 წლის 30 ოქტომბერს. 2015 წლის 16 ნოემბერს შპს ,,ა–ის“ დამფუძნებელ პარტნიორთა კრებაზე გამოცხადდა მხოლოდ სამი პარტნიორი. არ გამოცხადდა მოპასუხე. კრება გადაიდო 10 დეკემბერს იმავე დღის წესრიგით, რომელიც გამოქვეყნდა საკანონმდებლო მაცნეში 25 ნოემბერს. ამის შემდეგ კრებამ მიიღო გადაწყვეტილება და პარტნიორი გაირიცხა შპს-დან. მოსარჩელის მიერ არ დარღვეულა წესდებით, ანუ პარტნიორებს შორის არსებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პარტნიორის უფლებები.

19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 დეკემბრის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, შპს ,,ა–ის“ საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

20. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

21. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ: 23. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

24. საკასაციო პალატის განსჯით, კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

25. საკასაციო პალატა საქმეზე დადგენილად მიიჩნევს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად ცნობილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

- შპს „ა–ი“ რეგისტრირებულია ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 1997 წლის 1 აპრილს, სარეგ. №12/4-614. დამფუძნებელი პარტნიორები იყვნენ ც.ჩ–ძე, ა.ი–ი და გ.ჩ–ძე. 2000 წლის 25 ივლისის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით, შეიცვალა საზოგადოების დირექტორი, ასევე პარტნიორმა, ც.ჩ–ძემ, საკუთარი წილი საწესდებო კაპიტალში მთლიანად მიჰყიდა თანაბარწილად თ.გ–ძესა და ჯ.მ.მ.ჰ.მ–მს, რაც დასტურდება წილის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით. ცვლილების შედეგად, საწარმოს პარტნიორები გახდნენ: თ.გ–ძე, ჯ.მ.მ.ჰ.მ–მი, ა.ი–ი, გ.ჩ–ძე. მათი წილები შეადგენდა: თ.გ–ძის - 2500 ლარს, ჯ.მ.მ.ჰ.მ–მის - 2500 ლარს, ა.ი–ის - 2500 ლარს, გ.ჩ–ძის - 2500 ლარს, ე.ი. თითოეული პარტნიორის წილი განისაზღვრა 25%-ით. დირექტორი გახდა თ.გ–ძე. შესაბამისი ცვლილება სამეწარმეო რეესტრში შევიდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 07 აგვისტოს დადგენილების საფუძველზე. 2011 წლიდან კი საზოგადოების პარტნიორები არიან: თ.გ–ძე- 25% წილის მფლობელი, გ.ჩ–ძე-25%, მ.ჩ–ნი-25%; ჯ.მ.მ.ჰ.მ–მი-25%;

- შპს ,,ა–ის“ წესდების 2.6 მუხლით საზოგადოების საწესდებო კაპიტალი საწყის ეტაპზე შეადგენდა 10 000 ლარს, შემდეგ გაიზარდა 68 600 ლარით, რომელიც წარმოადგენს ქ. ქუთაისში, .......... განთავსებული მაღაზიის შენობის ღირებულებას;

- კომპანიის წესდების მესამე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, საზოგადოების პარტნიორები უფლებამოსილი არიან კაპიტალის გაზრდის შემთხვევაში განსაზღვრონ თითოეული პარტნიორის შენატანის შეტანის წესი და ვადა. თუ პარტნიორთა შეთანხმებით განსაზღვრულ ვადაში, საზოგადოების პარტნიორის მიერ ვერ განხორციელდება შენატანის სრული შეტანა, საზოგადოების პარტნიორს განესაზღვრება დამატებითი ვადა კაპიტალში შენატანის სრულად შეტანის მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ პარტნიორი დამატებით ვადაშიც არ განახორციელებს საზოგადოების კაპიტალში შენატანის სრულად შეტანას, იგი კარგავს წილს და ნაწილობრივ შესრულებულ ვალდებულებათა შედეგებსაც;

- შპს ,,ა–ის“ წესდების მე-4 მუხლის შესაბამისად, საზოგადოების ძირითადი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს:

Ø სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, საკვები პროდუქტების, საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონლის, სამშენებლო მასალების, ნაკეთობებისა და კონსტრუქციების წარმოება;

Ø საბითუმო-საცალო ვაჭრობა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით, სურსათით, საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონლით, სამშენებლო მასალებით, ნაკეთობებითა და კონსტრუქციებით, ავტოსატრანსპორტო საშუალებებით, კვანძებითა და აგრეგატებით;

Ø სამრეწველო და სამოქალაქო ნაგებობათა მშენებლობა, მონტაჟი, შეკეთება; - საზოგადოებრივი კვება;

Ø ავტოსატრანსპორტო საშუალებათა, საყოფაცხოვრებო დანიშნულების მანქანებისა და ხელსაწყოების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება;

Ø იურიდიულ და ფიზიკურ პირთა სავაჭრო წარმომადგენლობა;

Ø საწარმოს შეუძლია აწარმოოს ნებისმიერი სხვა სამეურნეო საქმიანობა, რაც ნებადართულია მოქმედი კანონმდებლობით. ყოველი ახალი სამეურნეო საქმიანობის დასაწყებად საჭიროა პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება და სასამართლო რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში;

- ამავე წესდების 6.2 პუნქტის თანახმად - საწარმოს მმართველი ორგანოა პარტნიორთა კრება, რომელშიც შედის ყველა პარტნიორი. როცა საზოგადოებაში ერთი პარტნიორია, მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილებები ცვლის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებებს. 6.4 პუნქტით - კრებაში მონაწილეობისას თითოეულ პარტნიორს აქვს იმდენი ხმა, რამდენ დაუნაწევრებად წილსაც მოიცავს მისი მთლიანი წილი საწარმოს საწესდებო კაპიტალში. პარტნიორთა კრების განსაკუთრებულ კომპეტენციას მიეკუთვნება პარტნიორის გარიცხვა საზოგადოებიდან და პარტნიორის წილის ნაწილის გასხვისების შესახებ საკითხის გადაწყვეტა. წესდების 6.8 პუნქტის მიხედვით, პარტნიორთა კრება, როგორც წესი, იმართება წელიწადში ერთხელ. რიგით კრებას იწვევს დირექტორი ყველა პარტნიორისათვის კრების გამართვის დღემდე, სულ ცოტა, ერთი კვირით ადრე გაგზავნილი დაზღვეული წერილით. წერილობით შეტყობინებასთან ერთად პარტნიორებს ეგზავნებათ დღის წესრიგის პროექტი, ხოლო 6.12 პუნქტით - კრება, ჩვეულებრივ, გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მის მუშაობაში მონაწილე დამფუძნებლები ხმათა საერთო რიცხვის უმეტესობას ფლობენ;

- 2011 წლის 15 აპრილს, შპს „ა–ის’’ პარტნიორთა კრებამ, აუდიტის დასკვნის საფუძველზე, საზოგადოების კაპიტალი განსაზღვრა 68 000 ლარით. კრებას ესწრებოდნენ პარტნიორები: თ.გ–ძე- 25% წილის მფლობელი, გ.ჩ–ძე-25%, მ.ჩ–ნი-25% (წარმომადგენილი მ.ჩ–ნი). დღის წესრიგში იდგა ერთი საკითხი - ,,საწესდებო კაპიტალის გაზრდის გამო დამატებითი შენატანების განსაზღვრა’’. მომხსენებელმა თ.გ–ძემ მიუთითა, რომ 2000 წლის შემდეგ საწარმოს საქმიანობაში მონაწილეობა არ მიუღია 25% წილის მფლობელ პარტნიორს - ჯ.მ.მ.ჰ.მ–ს და თუ ის 10 დღეში არ შეიტანდა დამატებით თანხას, 16200 ლარს, საწესდებო კაპიტალში, გაირიცხებოდა პარტნიორობიდან. პარტნიორთა შეთანხმება ხელმოწერილია კრებაში მონაწილე პარტნიორების მიერ. დანარჩენ პარტნიორთა შეთანხმებით განსაზღვრულ ვადაში განხორციელდა მათი წილების პროპორციულად ფულადი შენატანის შეტანა, ხოლო ჯ.მ.მ.ჰ.მ–ის მიერ არ/ვერ განხორციელდა პარტნიორთა შეთანხმებით დადგენილ ვადაში მისი წილის პროპორციულად ფულადი შენატანის შეტანა;

- ამ კრების ოქმის მოპასუხე პარტნიორისათვის დაზღვეული წერილით გაგზავნისა და ჩაბარების შესახებ, მტკიცებულება, არაა წარმოდგენილი.

- შპს ,,ა–ის’’ დირექტორ თ.გ–ძის განცხადებით, პარტნიორებს ეცნობათ 2015 წლის 16 ნოემბრის დამფუძნებელთა კრების მოწვევის შესახებ. განცხადების პირველი პუნქტის შესაბამისად, პარტნიორებს ეცნობათ საერთო კრების დღის წესრიგით განსაზღვრულ შემდეგ საკითხზე: ,,შპს ,,ა–ის’’ პარტნიორთა მიერ საწესდებო კაპიტალში დამატებითი შენატანის ოდენობის, ფორმისა და წესის დადგენა’’. კრებამ დაადგინა: ყველა პარტნიორს დაევალოს ამ კრების ოქმის გაცნობიდან 10 დღის ვადაში 2800 ლარის, თითოეულს 700 ლარის შეტანა წილის პროპორციულად (25%). ასევე დაადგინა, რომ შენატანის განუხორციელებლობის შემთხვევაში პარტნიორი გაირიცხება საზოგადოებიდან;

- 2015 წლის 10 დეკემბერს გაიმართა შპს ,,ა–ის’’ დამფუძნებელ პარტნიორთა კრება. დღის წესრიგში იყო საკითხი - წესდებით დადგენილი შენატანის შეუტანლობის გამო, შპს ,,ა–ის’’ 25%-იანი წილის მესაკუთრე პარტნიორის, ჯ.მ.მ.ჰ.მ–მის, საზოგადოებიდან გარიცხვა. წარმოდგენილი ცნობის თანახმად, მოპასუხისათვის კრების მოწვევის თაობაზე, შპს ,,ა–ის’’ მიერ გზავნილი გამოქვეყნდა ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში’’ 2015 წლის 25 ნოემბერს. პარტნიორთა კრებამ მიიღო გადაწყვეტილება ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ჯ.მ.მ.ჰ.მ–მის საზოგადოების პარტნიორობიდან გარიცხვისა და მისი კუთვნილი 25% წილის პარტნიორ თ.გ–ძის სახელზე გადაცემის შესახებ. სამეწარმეო რეესტრში შემდეგი ცვლილების შეტანით: თ.გ–ძე - 50%, გ.ჩ–ძე -25%, მ.ჩ–ნი - 25%;

- მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ამ ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 10.07.2017 წლის (№B17071542/3) გადაწყვეტილებით, სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ განცხადებაზე დადგინდა ხარვეზი და შეჩერდა საქმისწარმოება, ვინაიდან წარდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, რაც გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრით და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 23.08.2017წ. N347167 გადაწყვეტილებით, შპს ,,ა–ს’’ უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე;

- საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 17 ივნისის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ა. ჩ–ემ განმარტა, რომ მან 1995 წელს თავისი კუთვნილი შენობა და წილის 50% მიჰყიდა თ.გ–ძეს. ფართის 50კვ.მ იყო მუშა მდგომარეობაში, მეორე ნაწილი იყო მოუწესრიგებელი. იმ პერიოდისათვის მიწა, რომელზეც შენობა იყო განთავსებული, წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას. ამ შენობის გვერდით ფართში ირანელები,ვაჭრობდნენ ავეჯით. მოწმის განმარტებით მოპასუხეს არ იცნობს;

- შპს ,,ა–ის’’ მიერ 2015 წლის 16 ნოემბრისა და 10 დეკემბრის პარტნიორთა კრებების მოწვევისა და დღის წესრიგის თაობაზე შეტყობინება, კანონის შესაბამისად, მოპასუხეს არ გაგზავნია დაზღვეული შეტყობინებით;

- საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებით - შპს ,,ა–ის’’ წილის ნასყიდობის თაობაზე სანოტარო წესით დადებული გარიგებით დასტურდება, რომ მოპასუხეს თარჯიმნის მეშვეობით, ირანულ/სპარსულ ენაზე ეთარგმნა წილის ნასყიდობის ხელშეკრულება და მხოლოდ ამის შემდეგ იქნა ის ხელმოწერილი;

26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემული დავა შეეხება შპს-ს პარტნიორობიდან პირის გარიცხვას იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა არ განახორციელა შენატანი შპს-ს გაზრდილ საწესდებო კაპიტალში.

27. საკასაციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, სამეწარმეო საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვის საფუძველია აღნიშნულის თაობაზე საზოგადოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება და საზოგადოების სარჩელის საფუძველზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება. გარიცხვა იწვევს გარიცხული პარტნიორის საკუთრების უფლების დაკრგვას წილზე, რის გამოც საკუთრების უფლების ამგვარი შეზღუდვის კონსტიტუციურობა მოითხოვს, რომ პარტნიორი საზოგადოებიდან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გაირიცხოს. შესაბამისად, პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების შედეგად წილის ჩამორთმევის ავტომატური სამართლებრივი შედეგი არ დგება და არც საზოგადოების სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების საფუძველი არ არის. დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის თანახმადაც, სწორედ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ მიიჩნევა პარტნიორი გარიცხულად საზოგადოებიდან (იხ. სუსგ-ები: №ას-324-2021, 29.06.2021 წ; №ას-1060-1090-2011, 21.07. 2011 წ; №ას-812-1099-09, 09.11.2009; №ას-556-939-06, 13.03. 2007 წ; №ას-614-951-07, 12.10. 2007 წ; N 3კ/303-01, 9.03. 2001 წ; ასევე - შდრ. „მეწარმეთა შესახებ“ კანონის თაობაზე მოსამართლეთა სამუშაო შეხვედრის შედეგად მიღებული რეკომენდაციები და მასალები, თბ. 2009, 33-35).

28. სასამართლო განმარტავს, რომ სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტთა სამართლებრივ ფორმებს, დაფუძნებას, კორპორაციული მართვის სისტემებს, პარტნიორისა და დირექტორის უფლება-მოვალეობებს აწესრიგებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონი ძირითადად აგებულია დისპოზიციურ ნორმებზე, და საზოგადოების მართვის შიდა კორპორაციული საკითხები თავად მხარეთა ნებას ექვემდებარება. სამეწარმეო სამართალში აღნიშნული ნების ავტონომია გამოიხატება წესდებაში და განსაზღვრავს მხარეთა უფლება-მოვალეობებს, რომელთა შესრულების ვალდებულებაც მხარეებს კანონით ეკისრებათ. "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონი ითვალისწინებს პარტნიორის გარიცხვას შენატანის შეუტანლობის გამო, ასევე, პარტნიორის მიერ, საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების ფაქტის დადასტურებისას. თუმცა ასეთ შემთხვევაში გარიცხვის სამართლებრივი საფუძველია საზოგადოების წესდება და სსკ-ის 399-ე მუხლი. (იხ. სუსგ-ები: N ას-93-2021, 29.11 2021 წ; N ას-937-2020, 1.12. 2021 წ; N ას-324-2021, 29.06. 2021 წ; N ას-1319-2018, 21.05.2021წ; N ას-851-795-2017, 20.04. 2018 წ; N ას-612-571-2017, 28 07. 2017 წ; N ას-475-443-2017, 23.06. 2017 წ.).

29. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სამეწარმეო საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვის საკითხზე დამკვიდრებულ პრაქტიკაზე, რომლის შესაბამისად, პარტნიორის საზოგადოებიდან გარიცხვა უკიდურესი ზომაა. შესაბამისად, ასეთი ზომა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მნიშვნელოვანი საფუძვლების არსებობისას. პარტნიორის გარიცხვის მნიშვნელოვანი საფუძველი სახეზეა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საზოგადოებამ აღარ უნდა ითმინოს გასარიცხი პარტნიორის კორპორაციულ-სამართლებრივი მონაწილეობა; სახელდობრ, როდესაც, მისი ქცევა შეუძლებელს ხდის ან მნიშვნელოვნად ართულებს საზოგადოების მიზნის მიღწევას, რაც აუტანელს გახდიდა მისი საზოგადოების რიგებში დარჩენას. საუბარია პიროვნულ თვისებებსა და ურთიერთობებზე, როგორიცაა, მაგალითად, ნდობის დეფიციტი, ვალდებულებების მძიმე დარღვევა, დანაშაულებრივი საქმიანობა, ნდობის ბოროტად გამოყენება და სხვა პარტნიორებთან დაძაბული ურთიერთობები. საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვის საფუძველი შეიძლება გახდეს არა ყველა სახის, არამედ იმგვარი ზიანი, რომელიც საწარმოს საქმიანობას უშლის ხელს გრძელვადიან პერსპექტივაში და, მაშასადამე, საფრთხის ქვეშ აყენებს მის არსებობას (შდრ. სუსგ №ას-812-1099-2009, 09.11.2009). ამდენად, საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვა უნდა განხორციელდეს მხოლოდ მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას, როდესაც სახეზეა კომპანიისათვის არსებითი ზიანის მიყენება, რაც არღვევს ნდობას პარტნიორთა შორის და, რის გამოც მათი ერთობლივი საქმიანობა შეუძლებელი ხდება (იხ. სუსგ №ას-ას-1203-2018, 25.04.2019; №ას-324-2021, 29 ივნისი, 2021 წელი).

30. პალატის განმარტებით, შენატანის განხორციელება პარტნიორის ძირითადი მოვალეობაა, რომლის შეუსრულებლობა კაპიტალურ საზოგადოებაში შესაძლოა, წილის დაკარგვითა და საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვით დასრულდეს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ საწარმოში წილზე საკუთრების უფლება კონვენციით დაცულ საკუთრების უფლების ფარგლებში ექცევა (Bramelidand Malmström v. Sweden, განაცხადის N. 8588/79, 1982). საკუთრების უფლების შეზღუდვა კი, მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებშია შესაძლებელი.

31. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სასამართლო პრაქტიკაზე, რომლითაც განიმარტა და ერთმანეთისგან გაიმიჯნა სამეწარმეო საზოგადოების დაფუძნებისას პარტნიორის მიერ შენატანის განუხორციელებლობის და საწესდებო კაპიტალის გაზრდის შედეგად პარტნიორის მიერ დამატებითი შენატანის შეუტანლობის სამართლებრივი შედეგები („მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 3.7. და 46.21 მუხლები), კერძოდ, საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ: „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 3.7 მუხლი ადგენს საწარმოს დაფუძნებისას განსაზღვრული შენატანის განუხორციელებლობის სამართლებრივ შედეგებს. მითითებული ნორმის 41 პუნქტის თანახმად, პარტნიორები დებენ შეთანხმებას (წესდებას), რომლის საფუძველზედაც წესრიგდება საწარმოს საქმიანობასთან ან/და პარტნიორების ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საზოგადოების დაფუძნებისას პარტნიორები უნდა შეთანხმდნენ წილების განაწილებაზე და დათქვან კაპიტალში მათი შენატანის ოდენობა. შენატანი შეიძლება იყოს მატერიალური და არამატერიალური ქონება, სამუშაოს შესრულება ან/და მომსახურების გაწევა. შესაბამისად, კანონის აღნიშნული დანაწესი ითვალისწინებს საწარმოს დაფუძნების ზოგად რეგულაციას. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საწესდებო კაპიტალის გაზრდის შედეგად პარტნიორის მიერ დამატებითი შენატანის შეუტანლობა განსხვავებულ სამართლებრივ შედეგს იწვევს პარტნიორისათვის. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 46.21 მუხლი არეგულირებს საზოგადოების კაპიტალის გაზრდის შემთხვევაში შესაბამისი შენატანის შეუტანლობისას წარმოშობილ ურთიერთობას. ასეთ დროს ერთ-ერთი პარტნიორის მიერ დამატებითი შენატანის გადაუხდელობამ შესაძლებელია, გამოიწვიოს კაპიტალის გაზრდის შემდეგ პარტნიორთა წილების ხელახლა გადანაწილების საჭიროება, სხვა პარტნიორების მიერ განხორციელებული დამატებითი შენატანების წილების პროპორციულად, შედეგად კი, იმ პარტნიორის წილის შემცირება, რომელსაც დამატებითი შენატანი არ შეუტანია. რაც შეეხება პარტნიორის გარიცხვას, მითითებულ საკითხს აღნიშნული ნორმა არ არეგულირებს. საკასაციო სასამართლომ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ ნორმით რეგულირებული შემთხვევა არ ითვალისწინებს პარტნიორის გარიცხვის შესაძლებლობას კაპიტალის გაზრდის შემთხვევაში პარტნიორის მხრიდან შენატანის განუხორციელებლობისას. საყურადღებოა, რომ თავად ნორმით რეგულირებულია საწარმოს პარტნიორთა უფლება, თავიანთი წილების შესაბამისად განახორციელონ დამატებითი შენატანის შეტანა, რის შესაბამისადაც განხორციელდება წილთა ახალი თანაფარდობის წარმოქმნა. აღნიშნულისაგან განსხვავებით, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი არეგულირებს თავდაპირველი შეთანხმების შედეგად დადგენილი შენატანის განუხორციელებლობის სამართლებრივ შემთხვევას, რაც ვერ გაიგივდებოდა განსახილველ შემთხვევასთან, რამეთუ საწარმოს რეგისტრაციის შემდგომ კაპიტალის გაზრდა არ შეიძლება, გახდეს პარტნიორის გარიცხვის საფუძველი, წინააღმდეგ შემთხვევაში ნორმის შემოთავაზებული სახით განმატების პირობებში, სამომავლოდ შესაძლოა გარკვეულ შემთხვევებში აღნიშნული პრაქტიკა ბოროტად იქნეს გამოყენებული სხვადასხვა საწარმოში არასასურველი პარტნიორის გარიცხვისათვის. 46.21 მუხლის სიტყვა-სიტყვითი განმარტების შესაბამისად, აღნიშნული ნორმა აღჭურვავს პარტნიორებს უფლებით, მიიღონ მონაწილეობა კაპიტალის გაზრდაში, რაც ვერცერთ შემთხვევაში ვერ განიმარტება პარტნიორთა ვალდებულების ჭრილში და, შესაბამისად, ვერ განაპირობებს პარტნიორის გარიცხვას გაზრდილი შენატანის განუხორციელებლობისათვის (სუსგ Nას–324–2021, 2021 წლის 29 ივნისი).

32. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საზოგადოების დაფუძნება წარმოადგენს სამოქალაქო-სამართლებრივ გარიგებას, ამასთან, ორმხრივ ან მრავალმხრივ გარიგებას. საზოგადოების დაფუძნების, როგორც გარიგების, მიმართ გამოყენებული უნდა იყოს სამოქალაქო კოდექსის ნორმები გარიგებათა შესახებ (იხ. დამატებით: ლადო ჭანტურია, თედო ნინიძე, მეწარმეთა შესახებ კანონის კომენტარი, მესამე გამოცემა, თბილისი, „ნების გამოვლენა საწარმოთა დაფუძნებისას“, გვ. 30; შდრ. სუსგ № -ას-1817, 2019, 15 ივნისი, 2020, პ.75).

33. სამეწარმეო სუბიექტის წესდება, თავისი არსით, სამოქალაქო სამართლებრივი გარიგებაა, შესაბამისად, მხარეები სახელშეკრულებო თავისუფლების პირობებში განსაზღვრავენ თავიანთ უფლებებსა და მოვალეობებს. სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად, სამართლებრივი შედეგის დადგომა შეიძლება გამოიწვიოს როგორც ცალმხრივმა, ისე ორმხრივმა ამ მრავალმხრივმა ნების გამოვლენამ. მრავალმხრივი გარიგების გავრცელებული ფორმაა გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება არა გამოვლენილ ნებათა კონსესუსის საფუძველზე, არამედ გამოვლენილ ნებათა უმრავლესობის მიერ. გადაწყვეტილების მიღების პირობები და პროცედურა ჩვეულებრივ კანონით განისაზღვრება. მაგალითად, პარტნიორების საერთო კრების მიერ გადაწყვეტილებების მიღება ხდება მეწარმეთა შესახებ კანონის საფუძველზე. ასეთი ტიპის გადაწყვეტილებების, როგორც მრავალმხრივი გარიგების თავისებურება იმაშიც გამოიხატება, რომ მას მბოჭავი და სავალდებულო ძალა აქვთ იმ პირთათვისაც, რომლებიც წინააღმდეგი იყვნენ ამ გადაწყვეტილების მიღების, მაგალითად, კენჭისყრაში მონაწილეთა უმცირესობა. (შდრ: ლადო ჭანტურია, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, მუხლი 50, ველი 14, თბილისი, 2017, გვ.290-291).

34. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. ასეთი საზოგადოების დაფუძნება შეუძლია ერთ პირსაც (44-ე მუხლი). პარტნიორთა უფლება-მოვალეობები და წილების თავდაპირველი განაწილების წესი განისაზღვრება საწარმოს წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით). საწარმოს პარტნიორები მმართველობით უფლებამოსილებას ახორციელებენ პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. პარტნიორთა კრების კომპეტენცია, კრების ჩატარების წესი და გადაწყვეტილების მიღების პროცედურა განისაზღვრება ამ კანონით ან/და საწარმოს წესდებით. დირექტორის კომპეტენცია და პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კანონით ან/და წესდებით. საწარმოს მართვის ორგანოების სტრუქტურა, შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება მისი წესდებით.

35. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საწარმოში წილის ფლობა წარმოადგენს არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს (სსკ-ის 147-ე და 152-ე მუხლები). ევროკონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი, ასევე, მოიცავს საწარმოს წილებზე საკუთრების უფლებას, კერძოდ, აღნიშნული საკითხი განიხილა ადამიანის უფლებათა ევროპულმა კომისიამ 1982 წელს საქმეში: Bramelidand Malmström v. Sweden (განაცხადის N. 8588/79, 1982). ადამიანის უფლებათა ევროპულმა კომისიამ თავდაპირველად განიხილა ის საკითხი, წარმოადგენდა თუ არა „აქციები“ მფლობელობას - კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის ფარგლებში. მათ ასევე განსაზღვრეს ის რთული და კომპლექსური საკითხი, რომელიც „წილს“ უკავშირდებოდა. კერძოდ, სერტიფიკატი, რომელიც მისი მფლობელის საწარმოს წილზე საკუთრების უფლებას განამტკიცებს და ასევე, მასთან დაკავშირებულ უფლებებს (განსაკუთრებით, ხმის მიცემის უფლებას). ამასთან, სერტიფიკატი მოიცავს საწარმოს წილებზე არაპირდაპირი მოთხოვნის უფლებას. საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ეჭვს არ იწვევდა ის ფაქტი, რომ წილებს საწარმოში გარკვეული ეკონომიკური და ქონებრივი ღირებულება გააჩნდა. შესაბამისად, ევროკომისიამ დაასკვნა, რომ წილები წარმოადგენს „მფლობელობას“ კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის ფარგლებში. ხსენებული საქმე მნიშვნელოვანია არა მარტო იმის გამო, რომ იგი აღიარებს წილის საკუთრების უფლების კონვენციით გარანტირებული საკუთრების უფლების ფარგლებში მოქცევას, არამედ იმიტომაც, რომ ნათლად აჩვენებს აღნიშნული მუხლის გამოყენების შესაძლებლობას კერძოსამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტებს შორის (იხ. სუსგ-ები: №ას-324-2021, 29.06.2021 წ)

36. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ქართული საკორპორაციო სამართალი ერთმანეთისაგან განასხვავებს კაპიტალური საზოგადოების ორ უმთავრეს ფორმას: სააქციო საზოგადოებასა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას (იხ. ლადო ჭანტურია, კორპორაციული მართვა და ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობა საკორპორაციო სამართალში, თბილისი, 2006, გვ. 103). ნებისმიერი კომპანიის წარმატებით ფუნქციონირების წინაპირობა თავად ამ საზოგადოებაში პარტნიორთა უფლებებისა და საწარმოს ინტერესების პატივისცემაა. ამ მოვალეობათა პატივისცემისა და დაცვის სამართლებრივ საფუძველს პარტნიორთა შორის დადებული გარიგება (წესდება) წარმოადგენს, რომლითაც ისინი საზოგადოების დაფუძნებაზე თანხმდებიან. საწარმოს ეფექტური საქმიანობის საფუძველი ის არის, რომ მაქსიმალურად იქნეს დაცული შეთანხმებების კეთილსინდისიერად შესრულების, მათი განუხრელი დაცვისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპი (იხ. ირაკლი ბურდული ,,სააქციო სამართლის საფუძვლები'', II ტომი, თბილისი, 2013, გვ.157).

37. დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენის გზით კასატორმა ვერ გააქარწყლა სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი არეგულირებს თავდაპირველი შეთანხმების შედეგად დადგენილი შენატანის განუხორციელებლობის სამართლებრივ შემთხვევას, რაც ვერ გაიგივდება განსახილველ შემთხვევასთან. საწარმოს რეგისტრაციის შემდგომ კაპიტალის გაზრდა ვერ გახდება პარტნიორის გარიცხვის საფუძველი. ამის საწინააღმდეგოდ კანონის ზემოხსენებული დანაწესის განმარტება წაახალისებს სამეწარმეო საზოგადოებიდან პარტნიორთა არამართლზომიერად გარიცხვას და ხელს შეუწყობს ამ კუთხით არასტაბილური სამეწარმეო გარემოს შექმნას.

38. საკასაციო პალატა, კასატორის პრეტენზიის პასუხად, მიუთითებს, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი აღიარებს პარტნიორთა კრებას, როგორც საზოგადოების უმაღლეს მმართველობით ორგანოს, რომლის გადაწყვეტილებებიც ე.წ. “business as usual” მოქმედების ფარგლებს სცდება, რასაც არსებითი გავლენა აქვს საზოგადოების ეგზისტენციალურობაზე. სწორედ ამიტომ, პარტნიორთა კრების მოწვევის პროცედურა უნდა აკმაყოფილებდეს იმ სტანდარტებს, რაც წესდებით ან შესაბამისი კანონისმიერი იმპერატივითაა მოწესრიგებული.

39. პარტნიორთა რეალური და დადასტურებადი ინფორმირების უზრუნველყოფა შესაძლებელია დაზღვეული წერილის გაგზავნით, რომელიც წარმოადგენს ობიექტურ მტკიცებულებას იმის შესახებ, რომ შეტყობინება გაიგზავნა კონკრეტულ ადრესატთან შესაბამისი სახის შინაარსით, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს წერილის მიღების მიმართ წარმოშობილ დავის რისკს. შესაბამისად, აღნიშნული წერილი უნდა იძლეოდეს ჩაბარების დასტურით დამტკიცების შესაძლებლობას. შეტყობინების ასეთი მეთოდი განსაკუთრებულად აუცილებელია, რადგან უზრუნველყოფილი იყოს პარტნიორთა უფლება კრებისა და საზოგადოების საქმიანობაზე დროულად ინფორმირებულობის შესახებ, რათა შეეძლოს საკუთარი პოზიციის გონივრულ ვადაში დაფიქსირება და მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

40. ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-91 მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, ყველა გადაწყვეტილება, რომელთა მნიშვნელობა სცილდება საზოგადოების ჩვეულებრივ საქმიანობას, მოითხოვს ყველა პარტნიორის მონაწილეობით ჩატარებული კრების გადაწყვეტილებას. მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ შპს ,,ა–ის’’ მიერ 2015 წლის 16 ნოემბრისა და 10 დეკემბრის პარტნიორთა კრებების მოწვევისა და დღის წესრიგის თაობაზე მოპასუხეს შეტყობინება, კანონის შესაბამისად, არ გაგზავნია დაზღვეული შეტყობინებით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,ა–ის’’ 2015 წლის 10 დეკემბრის პარტნიორთა კრების ოქმი და ამ კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება, ჯ.მ.მ.ჰ.მ–მის პარტნიორთა რიგებიდან გარიცხვის თაობაზე, ეწინააღმდეგება სამეწარმეო კანონმდებლობით დადგენილ წესს.

41. კასატორი, ძირითად გადაწყვეტილებასთან ერთად, ასაჩივრებს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 17 სექტემბრის განჩინებას, რომლითაც ჯ.მ.მ.ჰ.მ–მის განცხადება დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება საქმეზე N2/3110-17 და განახლდა საქმის წარმოება.

42. საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 მარტს, მოპასუხის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო, მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და სარჩელი დაკმაყოფილდა, რომელიც შევიდა კანონიერ ძალაში. მოპასუხემ საჩივრით მიმართა სასამართლოს, ითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ მას გზავნილი საპროცესო ნორმათა დაცვით არ ჩაჰბარებია. საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მოპასუხის კერძო საჩივრის საფუძველზე, 2020 წლის 23 ივლისის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გასაჩივრებული განჩინება, საჩივრის დაუშვებლად ცნობის თაობაზე და მოპასუხის განცხადება, 2018 წლის 30 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, დასაშვებობის შემოწმების საპროცესო ეტაპიდან, განსახილველად დაუბრუნდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 17 სექტემბრის განჩინებით განცხადება დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება. შპს ,,ა–ის’’ კერძო საჩივრის საფუძველზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მარტის განჩინებით, შპს ,,ა–ის’’ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 17 სექტემბრის განჩინება.

43. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.

44. ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების ფარგლები შეზღუდულია, კერძოდ, კერძო საჩივრის შეტანა დასაშვებია მხოლოდ იმ განჩინებებზე, რომელზეც პირდაპირ უთითებს კანონი, ამასთან, კერძო საჩივრის თაობაზე ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება. კანონი ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს, რომ კერძო საჩივარზე ზემდგომი სასამართლოს განჩინებით წარმოება სრულდება (შდრ. ს.უ.ს.გ. №ას-21-2019, 21.01.2019წ; №ას-1587-2019, 04.11.2019წ; №ას-478-2020, 03.07.2020წ; №ას-303-2023, 24.03.2023წ; შდრ. ასევე, ს.უ.ს.გ. №ას-1007-2018, 23.07.2018წ; № ას-134-2021, 22.02.2021წ; №ას-12-2022, 17.01.2022წ.).

45. პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებაზე წარდგენილ კერძო საჩივარზე ყოველგვარი წარმოება სრულდება სააპელაციო ინსტანციაში და კერძო საჩივარზე წარმოების ფარგლებში მიღებული მეორე ინსტანციის განჩინებები, მაგალითად, იქნება ეს დამატებითი განჩინების გამოტანაზე უარისა თუ კერძო საჩივარზე მიღებულ განჩინებაში უსწორობის გასწორების განჩინება, დამატებით კერძო საჩივრით საკასაციო ინსტანციის სასამართლოში არ საჩივრდება (ს.უ.ს.გ. №ას-13-2024, 22.01.2024წ.).

46. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის პრეტენზია ეხება იმ განჩინების კანონიერებას, რომელზეც სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა კერძო საჩივრის საფუძველზე და არ დააკმაყოფილა ამ განჩინების გაუქმების შესახებ მოთხოვნა. შესაბამისად, სადავო განჩინების კანონიერების შემოწმება საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი ვერ გახდება.

47. საკასაციო სასამართლოს დასკვნით, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები ვერ მიუთითებენ რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

48. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

49. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

50. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

51. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

52. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1 . შპს „ა–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. შპს „ა–ის“ (ს/ნ .......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150, საგადასახადო დავალება #5755, გადახდის თარიღი 08/12/2025);

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ბადრი შონია

ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე