დაკმაყოფილდა

სამოქალაქო 01.07.2026
საქმის ნომერი
ას-1537-2025
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
01.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ ას-1537-2025

01 ივლისი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - მ.ვ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე - მ.ძ–ძე

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 7 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. მოსარჩელე მ.ძ–ძემ სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხეების რ.ვ–ძისა და მ.ვ–ძის მიმართ, მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი თანასაკუთრების უძრავი ქონების რეალიზაციით მიღებული თანხის გადასახდელად დაკისრების, უძრავ ქონებაზე დადებული გარიგების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და ამავე ქონების მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით. ამავე სარჩელზე შეგებებული სარჩელი აღძრეს რ.ვ–ძემ და მ.ვ–ძემ, მოპასუხე მ.ძ–ძის მიმართ, მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი თანასაკუთრების უძრავი ქონების რეალიზაციით მიღებული თანხის დაკისრების მოთხოვნით.

2. თავის მხრივ ამავე სასამართლოს შეგებებული სარჩელით მიმართა რ.ვ–ძემ, მ.ვ–ძემ და მოითხოვეს მ.ძ–ძეს, მოსარჩელე რ.ვ–ძის სასარგებლოდ, დაეკისროს თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის ნახევარი, 65000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, გადახდის დროისათვის არსებული კურსის მიხედვით.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 07 აპრილის გადაწყვეტილებით: მ.ძ–ძის სარჩელი და რ.ვ–ძის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც აეკრძალა მოპასუხე მ.ვ–ძეს ქ. ქუთაისში, ....... მდებარე 635 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული №1 შენობა-ნაგებობის, საერთო ფართით 290,09 კვ.მ. ½ წილის გასხვისება და იპოთეკით, სერვიტუტით ან სხვა ვალდებულებით დატვირთვა (ს/კ. №.........); გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც აეკრძალა მოპასუხე მ.ვ–ძეს ქ. ქუთაისში, ............ მდებარე 635 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული №1 შენობა-ნაგებობის, საერთო ფართით 290,09 კვ.მ. უზრუნველყოფის ღონისძიების გარეშე დარჩენილი ½ წილის გასხვისება და იპოთეკით, სერვიტუტით ან სხვა ვალდებულებით დატვირთვა (ს/კ. №...........).

4. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ.ძ–ძემ.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 07 დეკემბრის განჩინებით მ.ძ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 07 აპრილის გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 28 ივლისის განჩინებით მ.ძ–ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 07 დეკემბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით: 1. მ.ძ–ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; 2. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 07 აპრილის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მ.ძ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა და გაუქმდა განჩინებები, რომლითაც გამოყენებულ იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება (გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1-ელი, მე-5 და მე- 6 პუნქტები) და ამ ნაწილებში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; 3. მ.ძ–ძის სარჩელი დაკმაყოფილა ნაწილობრივ; 4. რ.ვ–ძეს მ.ძ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა თანასაკუთრების უძრავი ქონების (ს/კ.: №.........) რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის ნახევარი - 10.000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით; 5. ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი მ.ძ–ძესა და რ.ვ–ძეს შორის 2017 წლის 01 სექტემბერს დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან 635 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში და ამავე მიწის ნაკვეთის (635 კვმ.მ.) ½-ს ნასყიდობის ნაწილში (უძრავი ნივთის ძველი ს/კ.: №....., მოქმედი ს/კ.: №.........); 6. ნაწილობრივ - ½ ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი რ.ვ–ძესა და მ.ვ–ძეს შორის 2018 წლის 18 იანვარს გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება და ამავე ხელშეკრულების საგანი - 635 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული №1 შენობა-ნაგებობა, ფართით 290,09 კვ.მ. (უძრავი ქონების ს/კ.: №.......) და მითითებული უძრავი ნივთის ½ ნაწილი (ს/კ.: №........) საჯარო რეესტრში აღირიცხა მ.ძ–ძის საკუთრებად; 7. ძალაში დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც აეკრძალა მოპასუხე მ.ვ–ძეს ქ. ქუთაისში, .......... მდებარე 635 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული №1 შენობა- ნაგებობის, საერთო ფართით 290,09 კვ.მ. ½ წილის გასხვისება და იპოთეკით, სერვიტუტით ან სხვა ვალდებულებით დატვირთვა (ს/კ.: №..........); 8. ძალაში დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც აეკრძალა მოპასუხე მ.ვ–ძეს ქ. ქუთაისში, .......... მდებარე 635 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული №1 შენობა- ნაგებობის, საერთო ფართით 290,09 კვ.მ. უზრუნველყოფის ღონისძიების გარეშე დარჩენილი ½ წილის გასხვისება და იპოთეკით, სერვიტუტით ან სხვა ვალდებულებით დატვირთვა (ს/კ.: №.........); 9. რ.ვ–ძეს და მ.ვ–ძეს, მ.ძ–ძის სასარგებლოდ, დაეკისრა (სოლიდარულად) სარჩელზე, სააპელაციო და საკასაციო საჩივარზე მოპასუხის/აპელანტის/კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის (ნახევრის) – 5500 ლარის გადახდა; 10. რ.ვ–ძეს და მ.ვ–ძეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა (სოლიდარულად) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 04 აპრილის №ას-283-2023 განჩინებით საკასაციო საჩივარზე გადავადებული სახელმწიფო ბაჟიდან - 3000 ლარიდან 1500 ლარი; 11. მ.ძ–ძეს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, გადასახდელად დაეკისრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 04 აპრილის №ას-283-2023 განჩინებით საკასაციო საჩივარზე გადავადებული სახელმწიფო ბაჟიდან - 3000 ლარიდან 1500 ლარი.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 22 ნოემბრის განჩინებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება წარდგენილი როგორც მ.ძ–ძის, ასევე - რ.ვ–ძისა და მ.ვ–ძის საკასაციო საჩივრები როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.

9. 2025 წლის 08 აგვისტოს, რ.ვ–ძემ და მ.ვ–ძემ განცხადებით მომართეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვეს, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმისწარმოების განახლება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით, რ.ვ–ძისა და მ.ვ–ძის (წარმომადგენელი - ს.ს–ძე) განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივლისის №2/ბ-315- 2024 გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

10. 2025 წლის 30 სექტემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მ.ვ–ძემ და მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 აგვიტოს განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება, რომლითაც მოპასუხე მ.ვ–ძეს აეკრძალა ქ. ქუთაისში, .......... მდებარე 635 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული №1 შენობა-ნაგებობის, საერთო ფართით 290,09 კვ.მ. უზრუნველყოფის ღონისძიების გარეშე დარჩენილი ½ წილის გასხვისება და იპოთეკით, სერვიტუტით ან სხვა ვალდებულებით დატვირთვა (ს/კ. №......). განცხადების თანახმად, უნდა გაუქმდეს უზრუნველყოფის ღონისძიება, ვინაიდან მოცემულ საქმეზე განხილვა დასრულებულია.

11. 2025 წლის 04 ნოემბერს განმცხადებელმა კვლავ მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, წარადგინა ცნობა აღსრულების ეროვნული ბიუროდან, და განმარტა, რომ მის მიერ გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა გადახდილია, გადაწყვეტილება აღსრულებულია, რაც დაწესებული აკრძალვის გაუქმების საფუძველია.

12. აღნიშნული განცხადების პასუხად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარმდგენილია მ.ძ–ძის განცხადება, სადაც განმარტებულია, რომ განსახილველ საქმეში მოპასუხეები იყვნენ როგორც მ.ვ–ძე, ასევე - რ.ვ–ძე, რომელთაც სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებასთან ერთად, დაეკისრათ ფულადი ვალდებულების გადახდა მის სასარგებლოდ. სასამართლოს გადაწყვეტილება დღემდე სრულად არ არის შესრულებული მოპასუხეთა მხრიდან. აქედან გამომდინარე განმცხადებელი წინააღმდეგია გაუქმდეს უზრუნველყოფის ღონისძიება, ვიდრე მთლიანად არ აღსრულდება სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

13. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ნოემბრის განჩინებით, მ.ვ–ძის განცხადება, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

14. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ უზრუნველყოფის ღონისძიება ემსახურება იმ სარჩელის ფარგლებში წარმოშობილი ვალდებულებების შესრულებას, რომლისთვისაც იგი იქნა გამოყენებული. სასამართლოს, სწორედ საქმის მასალებისა და მხარის არგუმენტების ანალიზის საფუძველზე უნდა შეექმნას დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ უკვე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება ან მასში ცვლილების შეტანა გამართლებულია და გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხებისა თუ შეუძლებლობის საფრთხე არ დასტურდება.

15. ვინაიდან მეორე მოპასუხე რ.ვ–ძის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილება შესრულებული არ არის, ხოლო უზრუნველყოფის ღონისძიება, ემსახურება იმ სარჩელის ფარგლებში წარმოშობილი ვალდებულებების შესრულებას, რომლისთვისაც იგი იქნა გამოყენებული, პალატამ მიიჩნია, რომ მ.ვ–ძის განცხადება, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 აგვიტოს განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების მოთხოვნით, იყო უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი.

16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ნოემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ.ვ–ძემ.

17. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, აღნიშნულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულ იქნა იმ საფუძვლით, რომ არსებობდა რისკი იმისა, რომ მოპასუხე მ.ვ–ძეს, დავის პერიოდში განეკარეგა მის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, რომელზეც პრეტენზიას აცხადებდა მოსარჩელე და ითხოვდა მასზე მესაკუთრედ ცნობას. საქმეზე დადგენილია, რომ მ.ძ–ძის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ის სადავო ქონებაზე თანამესაკუთრედ იქნა ცნობილი, აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, მ.ძ–ძის მიერ აღსრულებულია სასამართლოს გადაწყვეტილება და ის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებულია როგორც ½ წილის თანამესაკუთრე. მ.ვ–ძისათვის სოლიდარულად დაკისრებული თანხა აღსრულებულია, რაც დასტურდება აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით. არ არსებობს მ.ვ–ძის მიმართ გადაწყვეტილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნის აღუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

18. მ.ვ–ძის განმარტებით, სასამართლოს მსჯელობა, რომ რ.ვ–ძის მიერ არ მომხდარა გადაწყვეტილების აღსრულება, რაც გახდა საფუძველი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ძალაში დატოვების, არის დაუსაბუთებელი, ვინაიდან შეუძლებელია, მ.ვ–ძის ქონებიდან მოხდეს როინი ვაჭარაძის სახელზე არსებული ვალდებულების აღსრულება. ეს რომ შესაძლებელი ყოფილიყო, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სარეალიზაციოდ იქნებოდა მიმართული მ.ვ–ძის ქონება.

19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 22 დეკემბრის განჩინებით მ.ვ–ძის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

20. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს.

სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად, საკასაციო სასამართლო, მიიჩნევს, რომ მან დასაბუთებული შედავება წარმოადგინა.

21. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა მსჯელობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერებაზე, რომლითაც განმცხადებლის მოთხოვნა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

23. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მხარეს მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება თუ იქმნება ვარაუდი, რომ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება შემდგომში გაძნელდება ან შეუძლებელი გახდება. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობაა. ამასთან, მხარემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ამა თუ იმ ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა, კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე, სარჩელის უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ სარჩელის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, ზოგადად სარჩელის უზრუნველყოფისა და, მათ შორის, მისი კონკრეტული სახის გამოყენების საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – გადაწყვეტილების აღსრულება. ამასთან, სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების ღონისძიების გატარების შედეგად დაცული უნდა იყოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლით განსაზღვრული მხარეთა თანასწორობის პრინციპი.

24. განსახილველ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით არის დადგენილი, პირველი ინსტანციის სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის განჩინებით, მ.ძ–ძის სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხე მ.ვ–ძეს აეკრძალა ქ. ქუთაისში, .......... მდებარე 635 კვ.მ. არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული N1 შენობა-ნაგებობის, საერთო ფართით 290,09 კვ.მ. ½ წილის გასხვისება და იპოთეკით, სერვიტუტით ან სხვა ვალდებულებით დატვირთვა (ს/კ N .........). 2018 წლის 2 აგვისტოს განჩინებით კი, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე მ.ვ–ძეს აეკრძალა ქ. ქუთაისში, .......... მდებარე 635 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული N1 შენობა-ნაგებობის, საერთო ფართით 290,09 კვ.მ. უზრუნველყოფის ღონისძიების გარეშე დარჩენილი ½ წილის გასხვისება და იპოთეკით, სერვიტუტით ან სხვა ვალდებულებით დატვირთვა (ს/კ N..........).

25. დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 07 აპრილის გადაწყვეტილებით: მ.ძ–ძის სარჩელი და როინი ვაჭარაძის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც აეკრძალა მოპასუხე მ.ვ–ძეს ქ. ქუთაისში, .......... მდებარე 635 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული №1 შენობა-ნაგებობის, საერთო ფართით 290,09 კვ.მ. ½ წილის გასხვისება და იპოთეკით, სერვიტუტით ან სხვა ვალდებულებით დატვირთვა (ს/კ. №.........); გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც აეკრძალა მოპასუხე მ.ვ–ძეს ქ. ქუთაისში, ........... მდებარე 635 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული №1 შენობა-ნაგებობის, საერთო ფართით 290,09 კვ.მ. უზრუნველყოფის ღონისძიების გარეშე დარჩენილი ½ წილის გასხვისება და იპოთეკით, სერვიტუტით ან სხვა ვალდებულებით დატვირთვა (ს/კ. №.......). აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ.ძ–ძემ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 07 დეკემბრის განჩინებით, მ.ძ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 07 აპრილის გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა აპელანტის მიერ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 28 ივლისის განჩინებით მ.ძ–ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 07 დეკემბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

26. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით: 1. მ.ძ–ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; 2. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 07 აპრილის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მ.ძ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა და გაუქმდა განჩინებები, რომლითაც გამოყენებულ იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება (გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1-ლი, მე-5 და მე- 6 პუნქტები) და ამ ნაწილებში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; 3. მ.ძ–ძის სარჩელი დაკმაყოფილა ნაწილობრივ; 4. რ.ვ–ძეს მ.ძ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა თანასაკუთრების უძრავი ქონების (ს/კ.: №.........) რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის ნახევარი - 10.000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით; 5. ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი მ.ძ–ძესა და რ.ვ–ძეს შორის 2017 წლის 01 სექტემბერს დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან 635 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში და ამავე მიწის ნაკვეთის (635 კვმ.მ.) ½-ს ნასყიდობის ნაწილში (უძრავი ნივთის ძველი ს/კ.: №..........., მოქმედი ს/კ.: №..........); 6. ნაწილობრივ - ½ ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი რ.ვ–ძესა და მ.ვ–ძეს შორის 2018 წლის 18 იანვარს გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება და ამავე ხელშეკრულების საგანი - 635 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული №1 შენობა-ნაგებობა, ფართით 290,09 კვ.მ. (უძრავი ქონების ს/კ.: №.........) და მითითებული უძრავი ნივთის ½ ნაწილი (ს/კ.: №.........) საჯარო რეესტრში აღირიცხა მ.ძ–ძის საკუთრებად; 7. ძალაში დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც აეკრძალა მოპასუხე მ.ვ–ძეს ქ. ქუთაისში, ............. მდებარე 635 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული №1 შენობა- ნაგებობის, საერთო ფართით 290,09 კვ.მ. ½ წილის გასხვისება და იპოთეკით, სერვიტუტით ან სხვა ვალდებულებით დატვირთვა (ს/კ.: №........); 8. ძალაში დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც აეკრძალა მოპასუხე მ.ვ–ძეს ქ. ქუთაისში, ............ მდებარე 635 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული №1 შენობა- ნაგებობის, საერთო ფართით 290,09 კვ.მ. უზრუნველყოფის ღონისძიების გარეშე დარჩენილი ½ წილის გასხვისება და იპოთეკით, სერვიტუტით ან სხვა ვალდებულებით დატვირთვა (ს/კ: №............); 9. რ.ვ–ძეს და მ.ვ–ძეს, მ.ძ–ძის სასარგებლოდ, დაეკისრათ (სოლიდარულად) სარჩელზე, სააპელაციო და საკასაციო საჩივარზე მოპასუხის/აპელანტის/კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის (ნახევრის) – 5500 ლარის გადახდა; 10. რ.ვ–ძეს და მ.ვ–ძეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა (სოლიდარულად) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 04 აპრილის №ას-283-2023 განჩინებით საკასაციო საჩივარზე გადავადებული სახელმწიფო ბაჟიდან - 3000 ლარიდან 1500 ლარი; 11. მ.ძ–ძეს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, გადასახდელად დაეკისრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 04 აპრილის №ას-283-2023 განჩინებით საკასაციო საჩივარზე გადავადებული სახელმწიფო ბაჟიდან - 3000 ლარიდან 1500 ლარი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 22 ნოემბრის განჩინებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება წარდგენილი როგორც მ.ძ–ძის, ასევე რ.ვ–ძისა და მ.ვ–ძის საკასაციო საჩივრები როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.

27. მ.ძ–ძის მოთხოვნის საფუძველზე, 2025 წლის 21 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებაზე, გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

28. 2025 წლის 08 აგვისტოს, რ.ვ–ძემ და მ.ვ–ძემ განცხადებით მომართეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვეს - ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმისწარმოების განახლება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით რ.ვ–ძის და მ.ვ–ძის (წარმომადგენელი - ს.ს–ძე) განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივლისის №2/ბ-315- 2024 გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

29. მოცემულ ეტაპზე საკასაციო სასამართლო ამოწმებს რამდენად საფუძვლიანია მ.ვ–ძის მიერ წარდგენილი განცხადება, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე, ხომ არ შეუშლის ხელს მოცემული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.

30. აღნიშნული საფუძვლის კვლევის მიზნით საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მ.ვ–ძის მიერ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, კერძოდ, 2025 წლის 04 ნოემბერს განმცხადებელმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა ცნობა აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროდან, სადაც მითითებულია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 21.01.2025 წელს გაცემული N2/ბ-315-2024 სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული თანხა 5500 ლარი და აღსრულების საფასური მ.ვ–ძის მიერ სრულად არის გადახდილი 06.05.2025 წელს და ამავე წარმოების ფარგლებში დავალიანება აღარ ერიცხება. კერძო საჩივარს ერთვის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის მიხედვითაც N........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრეებს წარმოადგენენ მაია ვაჭარაძე ½ ნაწილი და მ.ძ–ძე ½ ნაწილი. უფლების დამდგენი დოკუმენტია: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილება N2/ბ-315-2024, დამოწმების თარიღი 18/07/2024 წელი და უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი 18/01/2018.

31. საკასაციო პალატის განმარტებით, გაუმართლებელია ნივთზე უფლებრივი შეზღუდვის უსასრულოდ არსებობა და ამ გზით მესაკუთრისათვის საკუთრებით სარგებლობაში გაუმართლებლად ხელშეშლა. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლებების დაცვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სამართლებრივ გარანტიას წარმოადგენს და გულისხმობს სასამართლოს მიერ გარკვეულ ღონისძიებათა გატარებას, რომლებიც შესაძლებლობას იძლევა, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, განახორციელოს სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილების რეალიზაცია და მისი ეფექტური აღსრულება. უზრუნველყოფის აღნიშნული ბერკეტების გამოყენებით მოსარჩელე, გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაცულია, მის აღსრულებაზე მოქმედი ობიექტური რისკფაქტორებისაგან. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით ხდება მოპასუხის ნებაზე ზემოქმედება და მისი თვითნებობის გამორიცხვა. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ნებისმიერი სახეობა კატეგორიული ხასიათისაა და იმპერატიულად ადგენს ამა თუ იმ სამართლებრივი ურთიერთობის შედეგს. უზრუნველყოფის ღონისძიების კატეგორიულობა სარჩელის უზრუნველყოფის სამართლებრივი ინსტიტუტის დანიშნულებიდან გამომდინარეობს, რაც, მოპასუხის მიერ მოსარჩელის დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით, სასამართლოსადმი მიმართვასა და მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებაში გამოიხატება. სარჩელის უზრუნველყოფა კანონმდებლობით დაშვებული იძულებითი ხასიათის იმ ღონისძიებათა ერთობლიობაა, რომელსაც სასამართლო იყენებს მოსარჩელის შუამდგომლობით და რომელიც მიმართულია არა მოსარჩელისათვის სასურველი გადაწყვეტილების გამოტანისაკენ, არამედ ასეთი გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში, მისი აღსრულებისკენ. უზრუნველყოფის აღნიშნული ბერკეტების გამოყენებით მოსარჩელე, გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაცულია, მის აღსრულებაზე მოქმედი ობიექტური რისკფაქტორებისაგან (იხ. სუსგ ას-836-2019 14.06.2019 წელი).

32. როგორც წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება 2024 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება საჯარო რეესტრში უძრავი ნივთის (ს/კ.: №........) მოსარჩელის სახელზე თანასაკუთრების უფლებით აღრიცხვის ნაწილში აღსრულებულია. გადაწყვეტილება ასევე აღსრულებულია მ.ვ–ძისათვის სოლიდარულად სარჩელზე, სააპელაციო და საკასაციო საჩივარზე მოპასუხის/აპელანტის/კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 5500 ლარის დაკისრების ნაწილში.

33. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზნებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მ.ვ–ძის მიმართ აღარ არსებობს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი, აღარ არსებობს ის სამართლებრივი სიკეთე, რომლის დასაცავადაც იგი იქნა გამოყენებული, ვინაიდან დადგენილია რომ მ.ვ–ძემ ნებაყოფლობით აღასრულა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე მ.ვ–ძის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

34. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად საკასაციო სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლებელია დასაბუთებული იყოს აგრეთვე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების ნორმებისა და მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.

35. ზემოხსენებული მოტივაციით, საკასაციო სასამართლო თავად არის უფლებამოსილი, მიიღოს გადაწყვეტილება და აუქმებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 7 ნოემბრის განჩინებას.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 411-ე, 412-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ვ–ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 7 ნოემბრის განჩინება;

3. მ.ვ–ძის განცხადება დაკმაყოფილდეს და გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე მ.ვ–ძეს აეკრძალა ქ. ქუთაისში, ........... მდებარე 635 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული №1 შენობა- ნაგებობის, საერთო ფართით 290,09 კვ.მ. უზრუნველყოფის ღონისძიების გარეშე დარჩენილი ½ წილის გასხვისება და იპოთეკით, სერვიტუტით ან სხვა ვალდებულებით დატვირთვა (ს/კ №...........);

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ბადრი შონია

ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე