დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-29-2025
24 აპრილი, 2026 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები - რ.დ–ძე, მ.კ–ი (მოსარჩელეები, შეგებებული სარჩელით მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ლ.ბ–ი“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)
დავის საგანი - თანხის გადახდის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ოქტომბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სარჩელის მოთხოვნა
1.1. რ.დ–ძემ და მ.კ–მა სარჩელით მიმართეს ახალციხის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე სს „ლ.ბ–ის წინააღმდეგ და მოითხოვეს: რ.დ–ძესა და სს „ვ.ბ.ჯ–ას“ შორის 2021 წლის 28 ოქტომბერს დადებული იპოთეკის ხელშეკრულების 6.4. პუნქტის ბათილად ცნობა, რომელიც დადებულია უძრავ ქონებაზე, მდებარე ადიგენის რაიონი სოფელი .......... (ს/კ .........). რ.დ–ძესა და სს „ვ.ბ.ჯ–ას“ შორის 2021 წლის 29 ოქტომბერს დადებული საკრედიტო მომსახურების თაობაზე N617.2312540.001 გენერალური ხელშეკრულების 10.9 მუხლის ბათილად ცნობა. რ.დ–ძეს, მ.კ–სა და სს „ვ.ბ.ჯ–ას“ შორის 2021 წლის 29 ოქტომბერს დადებული N617.2312540.001-002 საკრედიტო ხელშეკრულების 3.2. მუხლის ბათილად ცნობა.
2. მოპასუხის შეგებებული სარჩელი
2.1. მოპასუხემ მოსარჩელეების მოთხოვნის საპასუხოდ წარადგინა შეგებებული სარჩელი, რომლითაც მოითხოვა მათთვის სს“ლ.ბ–ის“ სასარგებლოდ ჯამში 91329.84 ლარის გადახდის დაკისრება: ა) სესხზე N617.2312540.001-001 71725.99 ლარი (ძირი 48 605.47 ლარი, პროცენტი 11190.68 ლარი, ჯარიმა 1929.84 ლარი). ბ) სესხზე N617.2312540.001-002 – 25 603.85 ლარი (ძირი 29265.23 ლარი, პროცენტი 310.76 ლარი, ჯარიმა 27.86 ლარი). სასარჩელო მოთხოვნებში მითითებული ფულადი ვალდებულებების შესრულების, ასევე მისი შემადგენელი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით რ.დ–ძის საკუთრებაში არსებული ქონების რეალიზაცია მდებარე ადიგენის რაიონი სოფელი .......... ს/კ ....... და ს/კ ........ იმ შემთხვევაში თუ იპოთეკის საგნების რეალიზაციით მღებული თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების დასაფარად ან ვერ მოხდება იპოთეკის საგნის მოძიება, გადახდევინება მიექცეს შეგებებული სარჩელის მოპასუხეების სხვა უძრავ-მოძრავ ქონებებზე.
3. ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით რ.დ–ძის და მ.კ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მოპასუხე სს “ლ.ბ–ის” შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხე მხარეს სს „ლ.ბ–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს ჯამში 91329.84 ლარის გადახდა - ა) N617.2312540.001-001 სესხზე 61725,99 ლარი (ძირი 48605,47 ლარი, პროცენტი 11190,68 ლარი, ჯარიმა 1929,84 ლარი). ბ) N617.2312540.001-002 სესხზე 25603,85 ლარი (ძირი 29265,23 ლარი, პროცენტი 310,76 ლარი, ჯარიმა 27,86 ლარი). დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს რ.დ–ძის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე: ადიგენის რაიონი სოფელი .......... ს/კ .......... და ს/კ ........... იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნების რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების დასაფარავად ან ვერ მოხდება იპოთეკის საგნის მოძიება, გადახდევინება მიექცეს მოპასუხის რ.დ–ძის სხვა უძრავ-მოძრავ ქონებაზე.
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
4.1. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1.1.. 2021 წლის 29 ოქტომბერს სს „ვ.ბ.ჯ–ას“ და რ.დ–ძეს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების N617.2312540.001 ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მის სახელზე დამტკიცდა ერთიანი საკრედიტო ლიმიტი - 1 000 000 აშშ დოლარი, ხოლო მაქსიმალურ პერიოდად განისაზღვრა 180 კალენდარული თვე.
4.1.2. 2021 წლის 28 ოქტომბერს საკრედიტო ხაზის უზრუნველყოფის მიზნით გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება რომლის საფუძველზეც ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის - რ.დ–ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - მისამართი: რაიონი ადიგენი, სოფელი .........., (ნანგრევი ბოსელთან). ს/კ ........... ამავე თარიღში საკრედიტო ხაზის უზრუნველყოფის მიზნით გაფორმდა მეორე იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის - რ.დ–ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - მისამართი: რაიონი ადიგენი, სოფელი ........... ს/კ ...........
4.1.3. ზემოაღნიშნული საკრედიტო ხაზის საფუძველზე, ერთი მხრივ სს „ვ.ბ.ჯ–ას“ და მეორე მხრივ, რ.დ–ძესა და მ.კ–ს შორის 2021 წლის 29 ოქტომბერს გაფორმდა საბანკო კრედიტის N617.2312540.001-001 ხელშეკრულება. კრედიტით გათვალისწინებულმა თანხის ოდენობამ შეადგინა 68 436 ლარი, კრედიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 30.12.2024 წლამდე, წლიური საპროცენტო სარგებელი - 13.50%, ვადაგადაცილების პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული თანხის 0.10%. მხარეს გადაეცა სესხის დაფარვის შესაბამისი გრაფიკი.
4.1.4. საკრედიტო ხაზის საფუძველზე სს „ვ.ბ.ჯ–ას“ და რ.დ–ძესა და მ.კ–ს შორის 2021 წლის 4 ნოემბერს გაფორმდა კიდევ ერთი საბანკო კრედიტის N617.2312540.001-002 ხელშეკრულება. კრედიტით გათვალისწინებულმა თანხის ოდენობამ შედგინა 40 000 ლარი, კრედიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 04.11.2025-მდე, წლიური საპროცენტო სარგებელი - 13.50%. ვადაგადაცილების პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული თანხის 0.10%. მხარეს გადაეცა სესხის დაფარვის შესაბამისი გრაფიკი.
4.1.5. სესხის გაცემის დღიდან სარჩელის სასამართლოში წარდგენის დღემდე მსესხებლის მიერ გადახდილი თანხებია: 1. N617.2312540.001-001 ხელშეკრულებაზე - ძირი თანხა 19 860,53 ლარი, პროცენტი - 9 182.49 ლარი და ჯარიმა 2 575.53 ლარი; 2. N617.2312540.001-002 ხელშეკრულებაზე - ძირი თანხაა 10 734.77 ლარი, პროცენტი - 9 182.49 ლარი და ჯარიმა 150.54 ლარი.
4.1.6. მოპასუხეებმა დაარღვიეს N 617.2312540.001-001 სესხის გადახდის გრაფიკი 31.10.2022 წელს. ხოლო N 617.2312540.001-002 სესხის გადახდის გრაფიკი მოპასუხეებმა დაარღვიეს 26.06.2023 წელს.
4.1.7. შეგებებული სარჩელის მოპასუხეებს გაეგზავნათ გაფრთხილების წერილები, განესაზღვრათ დამატებითი ვადა ვალდებულების შესასრულებლად, თუმცა უშედეგოდ. საბოლოო ჯამში ხელშეკრულება კრედიტორის მიერ შეწყდა ცალმხრივად, დავალიანების ცნობის გაცემის თარიღით ვალდებულების შესრულებისა და დამატებითი ვადის განსაზღვრის უშედეგობის გამო.
4.1.8. სს „ ვ.ბ.ჯ–ამ“ შეასრულა თავისი ვალდებულება და გასცა კრედიტი, მსესხებლებმა კი დაარღვიეს ნაკისრი ვალდებულება. მოპასუხეები იმყოფებიან ვადაგადაცილებაში და სს „ლ.ბ–ის“ მიმართ 2023 წლის 17 სექტემბრამდე, ანუ დავალიანების ცნობის გაცემის თარიღამდე ერიცხებათ დავალიანება სესხზე N617.2312540.001-001 - 61 725.99 ლარის (საიდანაც ძირი თანხაა - 48 605.47 ლარი, % - 11 190.68 ლარი, ჯარიმა - 1929.84 ლარი) ოდენობით, სესხზე N617.2312540.001-002 - 29 603.858 ლარის (სესხის ძირი - 29 265.23 ლარი, პროცენტი - 310.76 ლარი, ჯარიმა - 27.86 ლარი).
4.1.9. 2021 წლის 28 ოქტომბრის იპოთეკის ხელშეკრულების 6.4 პუნქტის თანახმად, იპოთეკის უზრუნველყოფილი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში უზრუნველყოფაში არსებული ქონების აუქციონზე რეალიზაციის მიზნით მხარეები თანხმდებიან, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სპეციალისტად დაინიშნოს შპს “ე.ჯ.ჰ–ი”, რომლის მომსახურების ანაზღაურებაც განისაზღვროს მოთხოვნის 4%-ით. აღნიშნულ ოდენობიდან დაინტერესებული პირი სპეციალისტს წინასწარ უხდის აღსასრულებელი მოთხოვნის 1%-ს. დარჩენილ 3%-ის გადახდა ხდება აუქციონის დამთავრებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. სპეციალისტის ანაზღაურება არ უნდა აღემატებოდეს აღსრულებული მოთხოვნის 4%-ს. აღნიშნული შეთანხმება არ ართმევს კრედიტორს უფლებას უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციის მიზნით მიმართოს სააღსრულებო ბიუროს/კერძო აღმასრულებელს.
4.1.10. სს ,,ლ.ბ–მა'', როგორც მოსარჩელის კრედიტორმა განცხადებით მიმართა შპს ,,ე.ჰ–ს'' და რ.დ–ძის და მ.კ–ის მიერ ბანკის წინაშე ნაკისრი სასესხო ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით სპეციალისტის მეშვეობით მოითხოვა რ.დ–ძის საკუთრებაში რიცხული იპოთეკის საგნის აუქციონზე რეალიზაცია. რ.დ–ძეს შპს ,,ე.ჰ–ის'' სპეციალისტის მიერ ეცნობა, რომ მოპასუხის მიმართვის საფუძველზე ახორციელებდა იპოთეკის საგნის აუქციონზე რეალიზაციას (უძრავი ქონება მდებარე: ადიგენის რაიონი, სოფელი .........., ნანგრევი ბოსელთან, (საკადასტრო კოდი: ..........), ამავე წერილით რ.დ–ძეს ეცნობა პირველი აუქციონის დაწყების (13.11. 2023 წ. 14:00 საათი) და დასრულების (27.11.2023 წ. 14:00) დრო და თარიღი.
4.2. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აპელანტებს რაიმე პრეტენზია დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან, პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ დასკვნებთან სესხის პროცენტისა და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, არ წარუდგენიათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ შეაფასა მხოლოდ მოპასუხისთვის სესხის პროცენტის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი და დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულობა.
4.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სს „ვ.ბ–სა“ და მოსარჩელეებს შორის დადებული იყო საბანკო კრედიტის ხელშეკრულებები, რომლის ფარგლებშიც ნაკისრი ვალდებულებები მსესხებლებმა ჯეროვნად არ შეასრულეს. დადგენილია, რომ დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით, ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის მოთხოვნის ნაწილში აპელანტებმა ვალდებულება სრულად ცნეს. შესაბამისად, გამსესხებელს წარმოეშვა ხელშეკრულებების მოქმედების ვადის გათვალისწინებით დარიცხული სარგებლის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
4.4. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 625-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმადაც მხარეთა შეთანხმებით სესხისთვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 50 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს. განსახილველ შემთხვევაში კი სესხების წლიური საპროცენტო განაკვეთი განსაზღვრულია 13.5%-ის ოდენობით. შესაბამისად სადავო საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით მხარეთა მიერ სარგებელზე შეთანხმება შესაბამისობაშია სსკ-ის 625-ე მუხლის დანაწესთან. ასევე, სადავო არ იყო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების 0.1%-ის ოდენობით. მოპასუხემ სადავო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა, რის გამოც ამოქმედდა ხელშეკრულებით ნაკისრი შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ. ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს ოდენობამ ჯამში შეადგინა - 1957,70 ლარი.
4.5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული პირგასამტეხლო დაკისრებულია საქმეში წარმოდგენილი გარემოებების გათვალისწინებით და. დაკისრებული პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებაზე დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების 0.1%-ის ოდენობით, არ არის შეუსაბამოდ მაღალი.
5.კასატორების მოთხოვნა და საფუძვლები
5.1. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა/შეგებებული სარჩელის მოპასუხეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, პროცენტის - 11501,44 ლარის და პირგასამტეხლოს 1957,7 ლარის დაკისრების ნაწილში, ასევე, კასატორების პრეტენზია მიემართება დაკისრებული პროცენტის და პირგასამტეხლოს დაფარვის მიზნით, რ.დ–ძის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების სარეალიზაციოდ მიქცევას.
5.2. კასატორებმა მიუთითეს სსკ-ის 54-ე და 325-ე მუხლებზე და განმარტეს, რომ მათ საპროცენტო განაკვეთი და პირგასამტეხლო განესაზღვრათ ეკონომიკურად უფრო ძლიერი მხარის მიერ, მიუხედავად იმისა, რომ იგი ამ პირობას დაეთანხმა, მისთვის აღნიშნული თანხის დაკისრება არასამართლიანი იყო. მისი განმარტებით, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობა იკვეთება და დასტურდება, რომ სარგებლის მიმღები მოქმედებდა ზემოხსენებული ნორმების საწინააღმდეგოდ, შესაბამისად ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად დაადგინეს, რომ მოსარჩელეებისთვის/შეგებებული სარჩელით მოპასუხეებისთვის ხელშეკრულებით ვადაგადაცილებისთვის ფიქსირებული და ყოველდღიური პირგასამტეხლო 0.1%-ის და წლიური საპროცენტო განაკვეთი 13.5% გონივრული და სამართლიანი იყო.
6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 20 მარტის განჩინებით, მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
7. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
13. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების მიერ დაკისრებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სარჩელის წარდგენის დღემდე დარიცხული სარგებლის გადაუხდელი დავალიანების (ორივე სესხზე ერთობლიობაში) - 11501,44 ლარისა და დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის მართლზომიერება. განსახილველ შემთხვევაში, სადავოა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა და სესხის პროცენტის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი.
14. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლზე, რომლის თანახმად საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. 625-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 50 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს.
15. საკასაციო პალატის განმარტებების თანახმად, სსკ-ის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება ყოველთვის სარგებლიან სესხს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც კრედიტორი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იბრუნებს როგორც სესხად გაცემული თანხის ძირს, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტს“ (შდრ. ას-914-864-2015, 04.12.2015წ.). საბანკო კრედიტს უკავშირდება დაბრუნების, ფასიანობის, უზრუნველყოფისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი თანხების გაცემასთან დაკავშირებული ვალდებულებები (იხ. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი - მუხლი 1, „თ“ პუნქტი).
16. დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებულია საბანკო კრედიტის ხელშეკრულებები, რომლის ფარგლებშიც ნაკისრი ვალდებულებები კასატორებმა არ შეასრულეს. კერძოდ, საქმის მასალებით თანახმად, მოპასუხეებმა სესხის NN617.2312540.001-001 გადახდის გრაფიკი დაარღვიეს 2022 წლის 31 ოქტომბერს, ხოლო N617.2312540.001-002 სესხის გადახდის გრაფიკი 2023 წლის 26 ივნისს. მათ არაერთხელ გაეგზავნათ ბანკის მხრიდან გაფრთხილების წერილები (იხ. 2023 წლის 7 სექტემბრის გაფრთხილების წერილები, ტ.1 ს/ფ 212-2016), ასევე განისაზღვრა დამატებითი ვადა, თუმცა ვინაიდან აღნიშნულს შედეგი არ მოჰყოლია, ბანკმა ცალმხრივად შეწყვიტა მათთან ხელშეკრულება და 2023 წლის 18 სექტემბრის თარიღით გაიცა ცნობები დავალიანების შესახებ, რომლის თანახმადაც, კასატორებს ერიცხებათ დავალიანება, სესხზე N617.2312540.001-001 - ძირ თანხაზე 48 605.47 ლარზე დარიცხული პროცენტი 11190.68 ლარი, და სესხზე N617.2312540.001-002 – ძირ თანხაზე 29265.23 ლარზე დარიცხული პროცენტი 310.76 ლარი.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით „სარგებლისა და მიუღებელი შემოსავლის სამართლებრივი ბუნება განსხვავებულია. სარგებელი ეს არის ნივთის (ამ შემთხვევაში ფულის სარგებლობისათვის პროცენტი) გამოყენების შედეგად მსესხებლის მიერ მიღებული ან მისაღები შემოსავალი, ხოლო მიუღებელი შემოსავალი - ის ზიანია (დანაკარგია), რომელიც ვერ მიიღო ბანკმა მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო. მიუღებლად განიხილება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს, და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. განსხვავებულია ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებლისა და მიუღებელი შემოსავლის მტკიცების ფარგლებიც. „მიუღებელ შემოსავალს დამტკიცება სჭირდება (სსკ-ის 404-ე, 411-412-ე მუხლები), მაშინ, როდესაც ხელშეკრულებით განსაზღვრული გონივრული პროცენტის ნამდვილობისათვის საკმარისია მხარეთა წერილობითი შეთანხმება“ (შდრ. სუსგ # ას- 932-882-2015, 15.03.2016წ.).
18. განსახილველ შემთხვევაში, კასატორები სადავოდ არ ხდიან საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი დავალიანების ოდენობას. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ვალდებულების დარღვევისას, კანონმდებელმა, კრედიტორს მიანიჭა უფლება მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურების ზოგად წესს განამტკიცებს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურება შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, მაგალითად: პროცენტის გადახდა (403-ე მუხლი), პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა (408.1 მუხლი), მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება (411-ე მუხლი) და ა.შ.
19. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის, როგორც საბანკო საქმიანობის სფეროში მოღვაწე სუბიექტის კომერციული ინტერესია, კრედიტის გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება. სწორედ ამიტომ, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სასყიდლიანი ფორმით არსებობს (სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი). შესაბამისად, ბანკის მიერ გაცემული კრედიტის დადგენილ ვადაში დაბრუნების შემთხვევაში, კვლავ შეეძლო მიეღო ის მინიმალური სარგებელი, რასაც სასესხო ვალუტის დაბრუნებამდე იღებდა. ამდენად, საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კასატორის შედავებას, რომ ბანკი ითხოვს შეუსაბამოდ მაღალ ანაზღაურებას. ნიშანდობლივია, რომ ბანკის მიერ სარგებლის მიღების პრეზუმფცია მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ კრედიტის ამღები უკან აბრუნებს კრედიტს საკრედიტო ურთიერთობის დამთავრებამდე, მაშინ კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის შესაბამისი ანაზღაურება. ამასთან, ზიანის საზღაურში უნდა ჩაითვალოს დაზოგილი გასავლების ღირებულება, აგრეთვე ის სარგებელი, რომელსაც კრედიტის გამცემი მიიღებდა სასესხო ვალუტის სხვაგვარი გამოყენებიდან, ან თუ კრედიტის მიმღებმა განზრახ არ დაუშვა მისი მიღება(იხ. სუსგ საქმე Nას-1385-1307-2012, 07 თებერვალი, 2013 წელი).
20. სსკ-ის 348-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის მიხედვით ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებში, რომლებსაც შემთავაზებელი იყენებს იმ ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც არ მისდევენ სამეწარმეო საქმიანობას, მიიჩნევა ბათილად შეთანხმება ზიანის ოდენობაზე მეტი თანხის მოთხოვნის შესახებ. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურება მოითხოვა ძირითად დავალიანებაზე, ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საპროცენტო სარგებლის მიხედვით, გაანგარიშების საფუძველზე. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მიიღებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საპროცენტო სარგებელს კრედიტის კვლავ გაცემით, რაც იმას ნიშნავს, რომ იკვეთება სსკ-ის 411-ე მუხლის ფაქტობრივი შემადგენლობა და არც ის გარემოება შეიძლება გახდეს სადავო, რომ საკრედიტო დაწესებულების ძირითადი საქმიანობა კრედიტის გაცემის გზით ეკონომიკური სარგებლის მიღებაა, აღნიშნული კი მყარ პრეზუმფციათა რიგს განეკუთვნება (იხ. სუსგები - #ას-1385-1307-2012, 07.02.2013წ; #ას-725-693-2014, 03.07. 2015 წ.).
21. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ბანკის მიერ მოთხოვნილი თანხის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველია სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას მიუღებელი შემოსავლისათვის. შეგებებული სარჩელის მოსარჩელემ მოითხოვა ზიანის ანაზღაურება არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ზიანისათვის, რაც გამოიხატა სესხის სახით გაცემული თანხის დაუბრუნებლობაში, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც, ანუ იმ დანაკლისისათვის, რაც ბანკმა ვერ მიიღო მოპასუხის ქმედებით. იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მხარეები შეთანხმდნენ მინიმალური ზიანის ოდენობაზე, ამასთან, არსებობს პრეზუმფცია, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საპროცენტო სარგებელს კრედიტის კვლავ გაცემით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სარჩელი მართებულად დაკმაყოფილდა.
22. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ კასატორებმა ძირითადი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის მოთხოვნის ნაწილში ვალდებულება სრულად ცნეს, შესაბამისად ბანკს წარმოეშვა უფლება ხელშეკრულებების მოქმედების ვადის გათვალისწინებით მოეთხოვა დარიცხული სარგებლის ანაზღაურება. რაც შეეხება დარიცხული სარგებლის ოდენობას სსკ-ის 625-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისთვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 50 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს. განსახილველ შემთხვევაში კი სესხების წლიური საპროცენტო განაკვეთი განსაზღვრულია 13.5%-ის ოდენობით. ამასთან, სარგებლის ოდენობა არ ეწინააღმდეგება კონტრაჰენტის კეთილსინდისიერი ქცევისა და გონივრულობის სტანდარტს, რის გამოც იგი იურიდიული ძალის მქონეა და სავალდებულოა შესასრულებლად. ამასთან, გამართლებულია საკრედიტო დაწესებულების შემთხვევაში მიუღებელ ზიანად იმ შემოსავლის მიჩნევა, რომელსაც საკრედიტო დაწესებულება მსესხებლის მიერ სესხით გათვალისწინებულ თანხაზე დარიცხული სარგებლის სახით მიიღებდა.
23. რაც შეეხება კასატორების პრეტენზიას პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო საქმის მასალებიდან გამომდინარე, მიუთითებს, რომ შეგებებული სარჩელის მოპასუხეების/კასატორების მიერ ადგილი ჰქონდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვან შესრულებას. სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის. 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
24. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. „ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...", “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შეად. სუსგ-ებს: N ას 848-814-2016, 28.12.2016; N ას-816-767-2015, 19.11.2015; N ას-953-918-2016, 22.11.2016).
25. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია აქვს: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და „აიძულებს“ ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ-ები: N ას-428-428-2018, 13.07.2018 წ; N ას-400-2023, 10.10.2023წ; N ას-835-2023, 25.10.2023წ; N ას-355-2019, 26.10.2023წ.; N ას-1164-2023, 4.12.2023წ; N ას-1218-2023, 10.01.2024წ; N ას-1210-2023. 18.01.2024წ; N ას-504-2024, 4.10.2024წ.).
26. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, მისი განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ)დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება“ (იხ. სუსგ-ები: N ას-816-767-2015, 19.11.2015წ.; Nას-428-428-2018, 13.07.2018 წ; Nას-603-2023, 20.07.2023წ; Nას-744-2023, 12.09.2023წ; Nას-355-2019, 29.10.2023წ; Nას-1164-2023, 4.12.2023წ; Nას-1218-2023, 10.01.2024წ; Nას-1210-2023. 18.01.2024წ; N ას-504-2024, 4.10.2024წ.).
27. საკასაციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების შეფასება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ასევე, ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი) არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა.
28. საკასაციო პალატა, ასევე განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ თუ ეკონომიკურ შედეგებს. შესაბამისად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინება, თუ რამდენად აცნობიერებდა მითითებულ პირობას მხარე ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას.
29. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ადგილი ჰქონდა მსესხებლების მხრიდან ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებას, შესაბამისად მოპასუხეებს მართებულად დაეკისრათ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო 1957,7 ლარი. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, დაკისრებული პირგასამტეხლო, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების ტიპის, ვალდებულების დარღვევის სიმძიმის, ვადაგადაცილების პერიოდის, ასევე კრედიტორის ეკონომიკური ინტერესის გათვალისწინებით, დარღვევის პროპორციულია. კერძოდ პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების 0.1%-ის ოდენობით, არ არის შეუსაბამოდ მაღალი. იგი შეესაბამება, გონივრულ, პროპორციულ და სამართლიან პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას და შეესაბამება მოპასუხის მიერ შეუსრულებელი ვალდებულების მოცულობას. შესაბამისად საკასაციო სასამართლო ზემოხსენებულ პრეტენზიას ვერ გაიზიარებს.
30. რაც შეეხება კასატორების პრეტენზიას იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსკ-ის 286-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით, პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით. 289-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იპოთეკა იურიდიულ ინტერესს იძენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. სსკ-ის 301-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მოთხოვნა რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარად, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. განსახილველ შემთხვევაში, კრედიტის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა რ.დ–ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. იპოთეკა რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, შესაბამისად ვინაიდან მოპასუხეებმა/კასატორებმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალიანება არ გადაიხადეს, მოსარჩელეს სხვა კრედიტორებთან შედარებით ჰქონდა უპირატესი უფლება დაეკმაყოფილებინა მოთხოვნა იპოთეკით დატვირთული საგნის აუქციონზე რეალიზაციის გზით. ასევე, იპოთეკის ხელშეკრულების 4.9 პუნქტის თანახმად, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული სარგებელი სრულად არ ფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს და მოვალესთან გაფორმებული ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, ბანკი უფლებამოსილია მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების მიზნით გადახდევინება მიაქციოს მესაკუთრის საკუთრებაში არსებული ქონების ხარჯზე.
31. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორების აღნიშნულ პრეტენზიას და განმარტავს, რომ მხარეები შეთანხმდნენ იპოთეკის საგნის რეალიზაციის გზით დავალიანების დაფარვაზე. შესაბამისად, ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციების სასამართლოების გადაწყვეტილებას რ.დ–ძის უძრავი ქონებების სარეალიზაციოდ მიქცევასთან დაკავშირებით.
32. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
33. ყველა ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივ დასაბუთებას და მიუთითებს, რომ საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთმიმართება, ასევე მტკიცებულებათა შეპირისპირება და ერთობლივი გაანალიზება, არ ადასტურებს კასატორის მოთხოვნის საფუძვლიანობას.
34. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
35. კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
36. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
37. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
38. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ.დ–ძისა და მ.კ–ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. რ.დ–ძესა (პ/ნ .........) და მ.კ–ს (პ/ნ ...........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ, ნ.კ–ას (პ/ნ .........) მიერ, საკასაციო საჩივარზე, სახელმწიფო ბაჟის სახით, სს „თიბისი ბანკში“, 2025 წლის 10 მარტს, საგადასახადო დავალებით N7923 გადახდილი 672,96 ლარის 70 % - 471,07 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
არჩილ კოჭლამაზაშვილი