დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 17.07.2026
საქმის ნომერი
ას-602-2023
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
17.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-602-2023 17 ივლისი, 2026 წელი,თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი, ლევან ნემსაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – დ.კ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხე – ა.ნ–ა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი – დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელი აღძრა სასამართლოში დ.კ–ისა და ა.ნ–ას მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხეებისთვის დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების სახით, სოლიდარულად, 5 060 000 ევროს (ეკვივალენტი ლარში) დაკისრება.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 30 აგვისტოს განაჩენით (საქმე N1/6612-14) ა.ნ–ას ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებიდან და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველ ნაწილზე და დამნაშავედ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. აღნიშნული განაჩენი უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 23 მაისის განაჩენით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 7 სექტემბრის განაჩენით ცვლილება შევიდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 23 მაისის განაჩენში და დ.კ–ი დამნაშავედ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ხოლო ა.ნ–ას ბრალდების ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელი.

2.2. განაჩენით დადგენილია, რომ ა.ნ–ას მიერ მისთვის დაკისრებული ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებიტორულ დავალიანებად დაერიცხა 5 060 000 ევრო, რამაც სახელმწიფო კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია, ხოლო დ.კ–მა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით გაფლანგა მის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრები.

3. მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხე დ.კ–მა შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ უზენაესი სასამართლოს განაჩენი დაუსაბუთებელია, იგი მიღებულია პოლიტიკურად მოტივირებული დევნის განხორციელებისათვის მოპასუხის მიმართ. წვრთნები ნამდვილად ჩატარდა თავდაცვის სამინისტროში და მოპასუხეს არანაირი ზიანი არ მიუყენებია სამინისტროსთვის.

3.2. მოპასუხე ა.ნ–ას შესაგებელი არ წარუდგენია.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა. დ.კ–ს და ა.ნ–ას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრათ დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება 5 060 000 ევროს (ეკვივალენტი ლარში) ოდენობით. დ.კ–სა და ა.ნ–ას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრათ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა 3000 ლარის ოდენობით.

4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დ.კ–მა და ა.ნ–ამ წარადგინეს სააპელაციო საჩივრები, რომლითაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით – სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით, დ.კ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ა.ნ–ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტების შეცვლით საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დ.კ–ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება 5 060 000 ევროს (ეკვივალენტი ლარში) ოდენობით. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ა.ნ–ას მიმართ არ დაკმაყოფილდა.

5.2. სააპელაციო პალატამ მოიხმო, საქმის მასალებში წარმოდგენილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2021 წლის 7 სექტემბრის განაჩენი, რომლის თანახმად: 2008 წლის 10 იანვარს პირველმა მოპასუხემ მასთან დაკავშირებული პირის, ოფშორულ ზონაში (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე) რეგისტრირებულ კომპანია „გ.ბ.კ–ის“ (G. B. C.) სასარგებლოდ, თანხების გაფლანგვის მიზნით, გამოსცა N08 ბრძანება - კომპანია „გ.ბ.კ–თან“ ხელშეკრულების გაფორმების შესახებ. პირველმა მოპასუხემ მასთან დაახლოებულ პირს - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსს - მეორე მოპასუხეს, სიტყვიერად დაავალა, რომ კომპანიის წარმომადგენელთან ხელშეკრულება უპირობოდ გაეფორმებინა. მეორე მოპასუხემ 2008 წლის 10 იანვარს კომპანია „გ.ბ.კ–თან“ გააფორმა N38 ხელშეკრულება - თავდაცვის შესაბამისი ქვედანაყოფის გეგმური საბრძოლო მომზადების შესახებ, რომლის ღირებულება განისაზღვრა 5 685 000 ევროთი. იმისთვის, რათა ხელოვნურად შექმნილიყო შთაბეჭდილება, რომ თითქოს კომპანია „გ.ბ.კ–ი“ რეალურად ჩაატარებდა სასწავლო წვრთნებს, 2008 წლის 10 იანვრის N38 ხელშეკრულებაში მიეთითა ზუსტად ის სასწავლო პროგრამები და სამხედრო დანაყოფები, რომლებიც 2007 წლიდან შპს „დ.შ.ჯ–სა“ და შპს „დ.შ–თან“ გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე ისედაც გადიოდნენ სამხედრო სწავლებას. გარდა ამისა, N38 ხელშეკრულებით განისაზღვრა საავანსო თანხების გადახდა ყოველგვარი გარანტიის წარდგენის გარეშე. ჯამურად საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ კომპანია „გ.ბ.კ–ის“ ანგარიშზე გადარიცხა 5 060 000 ევრო, იმის მიუხედავად, რომ ხსენებული თანხით გათვალისწინებული მომსახურება - საბრძოლო სწავლების კურსების ჩატარება არ შესრულდა. მოხმობილი კანონიერ ძალაში შესული განაჩენის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ პირველი მოპასუხის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში იმყოფებოდა სამინისტროს საბიუჯეტო სახსრები, ის იყო ფინანსების ხარჯვაზე გადაწყვეტილების მიმღები და პასუხისმგებელი. მან ზუსტად იცოდა, რომ თავისი მოქმედებებით, პროცედურების გარეშე ბრძანების გამოცემითა და ხელშეკრულების გაფორმებით, საგარანტიო პირობებისა და მიღება-ჩაბარების აქტის გარეშე, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გადარიცხვით, დებიტორული დავალიანების არმოთხოვნით ზიანს აყენებდა სახელმწიფოს და სურდა კიდეც ამ ზიანის დადგომა. დ.კ–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულს წარმოადგენს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისება ან გაფლანგვა, თუ ეს ნივთი ან ქონებრივი უფლება მიმთვისებლის ან გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში იმყოფებოდა. სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული არის ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი დიდი ოდენობით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დ.კ–ისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში იყო დასაბუთებული და კანონიერი.

5.3. აპელანტ ა.ნ–ას სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მან ჩაიდინა სამსახურებრივი გულგრილობა, რაც გამოიხატა იმაში, რომ არ გადაამოწმა კომპანიის სახელწოდება და რეკვიზიტები, ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირის ვინაობა, კომპანიის სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციაზე ნებართვის უფლების არსებობა, არ განსაზღვრა ხელშეკრულების მმართველი ოფიცერი და ლოგისტიკის ორი ოფიცერი, კონტრაქტორს არ მოსთხოვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანგარიშებისა და მიღება-ჩაბარების აქტების წარმოდგენა, არ გააკონტროლა ხელშეკრულების პირობების შესრულების მიმდინარეობა, არ აღრიცხა ხელშეკრულების წარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტები და სათანადო დეპარტამენტს არ მიაწოდა ინფორმაცია ხელშეკრულების შეუსრულებლობის შესახებ. იგი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას სამსახურებრივი გულგრილობისთვის, ესე იგი მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 998-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სოლიდარული პასუხისმგებლობა დგება იმ პირთა მიმართ, რომლებიც მოქმედებდნენ ურთიერთშეთანხმებით და ჩაიდინეს ისეთი მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რასაც სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა მოჰყვა შედეგად. პალატის განსჯით, განსახილველ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ სახეზე იყო კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი, ამ განაჩენით დგინდებოდა, რომ პირველი და მეორე მოპასუხე არ მოქმედებდნენ ერთიანი განზრახვით და წინასწარი შეთანხმებით. მეორე მოპასუხე არ წარმოადგენდა სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების გაფლანგვაზე უფლებამოსილ პირს, ვინაიდან მისი თანამდებობრივი უფლებამოსილების გათვალისწინებით, ცალსახა იყო, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საბიუჯეტო სახსრები არ იმყოფებოდა მის მართლზომიერ მფლობელობაში და გამგებლობაში, შესაბამისად, მის განკარგვაზე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა. აღნიშნული კი, პალატის აზრით, გამორიცხავდა მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის გამო მეორე მოპასუხის სოლიდარულ პასუხისმგებლობას. ამდენად, პალატამ დაასკვნა, რომ მეორე აპელანტის სააპელაციო საჩივარი დასაბუთებელი იყო და ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

5.4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა დ.კ–მა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

6.1. კასატორი მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად შეაფასეს დავის ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს მათ. სახელდობრ, სასამართლოებმა არასწორად მოიხმეს დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების სამოქალაქოსამართლებრივი წესები, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული განაჩენის პრეიუდიციულ ფაქტად მიჩნევის შესაძლებლობას კანონი აღარ ითვალისწინებს, რის გამოც საქმეზე ადგილი ჰქონდა სამოქალაქო და სისხლის სამართლის კანონმდებლობის არასწორ ინტერპრეტირებას.

6.2. კასატორი ამტკიცებს, რომ წინამდებარე საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, რასაც ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულება, რომელზეც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს ყურადღება საერთოდ არ გაუმახვილებიათ. სახელდობრ, კასატორი მოიხმობს ორ უცხოურ სასამართლო დოკუმენტს (ინგლისისა და საფრანგეთის სასამართლო გადაწყვეტილებები), რომლითაც მოპასუხე არ იქნა გადაცემული საქართველოს სამართალდამცავი ორგანოებისთვის სწორედ იმ საფუძვლით, რომ მის მიმართ მიმდინარეობდა პოლიტიკური დევნა.

6.3. კასატორი აცხადებს, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით დასტურდება მისთვის დაკისრებული ზიანის ოდენობა. სისხლის სამართლის საქმეზე პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების მიერ იგი გამართლდა, შესაბამისად, რადგან ზიანის ფაქტი არ დადასტურდა ისინი ვერც ამ ზიანის ოდენობაზე იმსჯელებდნენ. ხსენებული გამამართლებელი განაჩენი შეიცვალა უზენაეს სასამართლოში, განაჩენით კი ზიანის ოდენობის დადგენა არ მომხდარა. კასატორი უზენაეს სასამართლოში გამამტყუნებელი განაჩენის მიღებას უკავშირებს მის პოლიტიკურ დევნას, ასევე გარკვეული პირების პოლიტიკურ თანამდებობაზე გამწესებას, პრემიერ მინისტრის მიერ საჯარო ანგარიშებსა თუ გამოსვლებში კასატორის მიმართ გამოთქმულ მუქარას და მის საკუთრების უფლებას ოპოზიციურად განწყობილ ტელევიზიის წილებზე.

6.4. კასატორი ამტკიცებს, რომ არათუ არ დგინდება ზიანის ოდენობა, რაც სამოქალაქოსამართლებრივი წესით დაეკისრა კასატორს, არამედ სადავო ზიანი საერთოდ არ არსებობს, ვინაიდან სასამართლომ არ შეამოწმა ის ვიდეო მასალა, რომლითაც დასტურდებოდა წვრთნების ჩატარება, შესაბამისად, დაუსაბუთებელია მსჯელობა, რომ მოპასუხის რაიმე ქმედებით ზიანი მიადგა სახელმწიფოს.

6.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 17 მაისის განჩინებით, დ.კ–ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

7. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

11. საკასაციო პალატის განსჯით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც დადგენილად მიიჩნევა შემდეგი:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 30 აგვისტოს განაჩენით: დ.კ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა. ა.ნ–ას ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებიდან და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველ ნაწილზე. ა.ნ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით. რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობით იგივე გამოსაცდელი ვადით;

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 23 მაისის განაჩენით საქართველოს მთავარი პროკურორის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელი;

- საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 7 სექტემბრის განაჩენით საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მაისის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება: - დ.კ–ს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მაკვალიფიცირებელი გარემოება და ამ ნაწილში გამართლდა. - დ.კ–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე დ.კ–ს დამატებითი სასჯელის სახით 3 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება;

- „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-12 მუხლის საფუძველზე, დ.კ–ს გაუნახევრდა, როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი სასჯელი და საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით 1 წლითა და 6 თვით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება;

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მაისის განაჩენი სხვა, მათ შორის, ა.ნ–ას მსჯავრდების ნაწილში დარჩა უცვლელად;

- წინამდებარე საქმეზე დაზარალებულად ცნობილია საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

12. განსახილველი დავის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია დ.კ–ის მიერ სახელმწიფოსთვის დანაშაულის შედეგად (მართლსაწინააღმდეგო ქმედებით) მიყენებული ზიანის ანაზღაურების მართლზომიერება და ფარგლები. ზიანის მიყენების ფაქტისა და მისი ოდენობის დასამტკიცებლად მოსარჩელემ წარმოადგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 7 სექტემბრის განაჩენი და მასში ასახული მოწმეთა ჩვენებები. გასაჩივრებული გადაწყვეტილების თანახმად, ის ფაქტი, რომ კასატორმა მართლსაწინააღმდეგო ქმედებით სახელმწიფოს მიაყენა ზიანი, საქმის მასალებში წარმოდგენილი შეუცილებადი მტკიცებულებით - განაჩენით დასტურდება, თუმცა კასატორი მიიჩნევს, რომ ის არ წარმოადგენს ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირს, ვინაიდან ერთი მხრივ, წვრთნები ნამდვილად ჩატარდა, რაც გამორიცხავს რაიმე სახის ზიანის მიყენებას, მეორე მხრივ კი, დ.კ–ის მიერ მიყენებული ზიანის ოდენობა საქმის მასალებში წარმოდგენილი განკუთვნადი მტკიცებულებით დადასტურებული არ არის.

13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის ფაქტობრივი შემადგენლობა (აღწერილობა) სამართლებრივ მოწესრიგებას საჭიროებს დელიქტური ვალდებულებებით გათვალისწინებული საფუძვლებიდან. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 998-ე (თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები. ზიანისათვის პასუხის აგებს არა მარტო ის, ვინც იგი უშუალოდ მიაყენა, არამედ ისიც, ვინც ის დაიყოლია ან მისი ხელშემწყობი იყო, ასევე ისიც, ვინც შეგნებულად ისარგებლა სხვისთვის მიყენებული ზიანით) და 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლები წარმოადგენს.

14. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებული დელიქტური ვალდებულების წინაპირობებია: მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის, ზიანის მიმყენებლის ბრალი. პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული ოთხივე წინაპირობა (გენერალური დელიქტი) (სუსგ №ას-769-737-2016; 20.06.2018წ.; სუსგ №ას-176-163-2015, 04.10.2016წ; სუსგ Nას-1426-2018, 11.04.2019წ). მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ: უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის; ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული მოქმედების უშუალო შედეგი. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს მითითებულ კონსტრუქციას და მათგან თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.

15. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს მტკიცების ტვირთის განაწილების მისთვის დამახასიათებელ წესს: დაზარალებული, რომელიც მიმართავს სასამართლოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის (პირის ქონებრივი მდგომარეობის გაუარესების) არსებობის ფაქტი, ასევე მიზეზობრივი კავშირის არსებობა ზიანის მიმყენებლის ქმედებასა და დამდგარ მართლსაწინააღმდეგო შედეგს შორის. თავის მხრივ, ზიანის მიმყენებელმა, უნდა დაამტკიცოს თავის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვის გამარტივებული წესი დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე წარდგენილი სარჩელის ჩვეულებრივი წარმოებისაგან. დანაშაულის შედეგად დაზარალებულ პირს, საქართველოს კანონმდებლობით აქვს შესაძლებლობა, დარღვეული უფლების დასაცავად (ზიანის ანაზღაურება) მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს საქმის განხილვა ჩვეულებრივი სასარჩელო წესით ან გამარტივებული წარმოების წესით. ამასთან, გამარტივებული წესით საქმის განსახილველად აუცილებელია მოსარჩელის შუამდგომლობა და სარჩელზე მოპასუხის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის დართვა (იხ.: სუსგ №ას-862-2019, 26.07.2019წ.; №ას-199-2020, 28.04.2020წ.).

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი გამარტივებული წარმოების წესით განსახილველ საქმეთა წრეში ექცევა ცალკეული დელიქტით (მათ შორის დანაშაულით) მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელები და მათი განხილვის წესი დადგენილია კოდექსის XXXIV3 თავით. ამ თავში მოქცეული 3093 მუხლის შესაბამისად, ამ თავით დადგენილი წესით შეიძლება განხილულ იქნეს სარჩელი დანაშაულის, ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ.

17. განსახილველ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV3 თავით დადგენილი წესის შესაბამისად, ამავე კოდექსის 30920 მუხლის მე-2 ნაწილით ზიანის მიყენების ფაქტი სასამართლოს კვლევის საგანს არ წარმოადგენს, არამედ, დამტკიცებულად მიიჩნევა ამავე ნორმით დადგენილი სპეციალური მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში (კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი), მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ განაჩენს სასამართლო შეაფასებს, როგორც შეუდავებელ წერილობით მტკიცებულებას, დელიქტური პასუხისმგებლობისათვის აუცილებელი ცალკეული ელემენტების დადგენის თვალსაზრისით.

18. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 7 სექტემბრის განაჩენით (საქმე №472აპ-18) დასტურდება, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2006 წლის 10 ნოემბრის №291 ბრძანებით დ.კ–ი 2006 წლის 10 ნოემბრიდან 2008 წლის 6 დეკემბრამდე იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დ.კ–ის, როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრის, მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში იმყოფებოდა სამინისტროს საბიუჯეტო სახსრები, ის იყო ფინანსების ხარჯვაზე გადაწყვეტილების მიმღებიც და პასუხისმგებელიც. მოწმე ვ.ძ–ძის ჩვენებით დგინდება, რომ შეიარაღებულ ძალებში არაგეგმური სწავლების თაობაზე ბრძანება თავდაცვის მინისტრს უნდა გამოეცა გენერალური შტაბის მოთხოვნის საფუძველზე. თავდაცვის მინისტრმა 2008 წლის 10 იანვრის №08 ბრძანება გამოსცა მითითებული მოთხოვნის გარეშე. იმავე დღეს, აღნიშნული ბრძანების საფუძველზე, თავდაცვის სამინისტროსა და „გ.ბ.კ–ს“ შორის გაფორმდა №38 ხელშეკრულება. მოწმეების - ზ.გ–ვას, შ.თ–სა და გ.ტ–ის ჩვენებებით დგინდება, რომ გენერალური შტაბის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ამ ბრძანებისა და ხელშეკრულების თაობაზე არაფერი იცოდა, თუმცა სხვა სწავლებებთან დაკავშირებით, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების მიერ ტარდებოდა შეიარაღებულ ძალებში, მათთვის ცნობილი იყო. მოწმეების - ვ.ძ–ძის, გ.ბ–ისა და ო.შ–ის ჩვენებებით ირკვევა, რომ, მიუხედავად იმისა, რომ „გ.ბ.კ–ს“ არ წარმოუდგენია მეოთხე კვარტლის ანგარიში და თავდაცვის სამინისტროს მასთან არ გაუფორმებია მიღება-ჩაბარების აქტი, დ.კ–ის სიტყვიერი მითითებით, პროცედურების დაუცველად, შესაბამისმა სტრუქტურულმა ქვედანაყოფებმა „გ.ბ.კ–ს“ 2008 წლის 16 იანვარს საგადასახადო მოთხოვნა №10-ის თანახმად გადაურიცხა 1 421 250 ევრო, 2008 წლის 20 თებერვლის საგადასახადო მოთხოვნა №70-ის თანახმად - 909 687,50 ევრო, ხოლო 2008 წლის 15 მაისის საგადასახადო მოთხოვნა №182- ის თანახმად - 2 729 062,50 ევრო, რამაც ჯამურად შეადგინა 5 060 000 ევრო. ამავე განაჩენის თანახმად, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მინისტრის მხრიდან საკუთარი უფლება-მოვალეობების უგულებელყოფა, კოორდინაცია და სამსახურებრივი ზედამხედველობა გაეწია შესყიდვების დეპარტამენტის, საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტისა და ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმიანობისთვის და მოეხდინა შესაბამისი რეაგირება, უნდა შეფასდეს, როგორც დანაშაულებრივი ქმედება. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც არ არსებობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და კომპანია „გ.ბ.კ–ს“ შორის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით არ მოუთხოვიათ, რომ კომპანია „გ.ბ.კ–ს“ დავალიანება გადაეხადა. ყოველივე ეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირდაპირი უფლებამოსილების გათვალისწინებით, დ.კ–ის მხრიდან პოსტდანაშაულებრივ ქმედებას წარმოადგენს. მითითებული დანაშაულებრივი და პოსტდანაშაულებრივი ქმედებების ერთობლიობა მიუთითებს დ.კ–ის პირდაპირ განზრახვაზე სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით გაეფლანგა მის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრები. ფაქტობრივ პრეზუმფციას წარმოადგენს ის, რომ დ.კ–მა როგორც თავდაცვის მინისტრმა, ზუსტად იცოდა, რომ თავისი მოქმედებებით, პროცედურების გარეშე ბრძანების გამოცემითა და ხელშეკრულების გაფორმებით, საგარანტიო პირობებისა და მიღება-ჩაბარების აქტის გარეშე დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გადარიცხვით, დებიტორული დავალიანების არმოთხოვნით ზიანს აყენებდა სახელმწიფოს და სურდა კიდეც ამ ზიანის დადგომა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დ.კ–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული.

19. აღნიშნული განაჩენის საფუძველზე დადგენილია, რომ დ.კ–ის, როგორც თავდაცვის მინისტრის, მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში იმყოფებოდა სამინისტროს საბიუჯეტო სახსრები, ის იყო ფინანსების ხარჯვაზე გადაწყვეტილების მიმღები და პასუხისმგებელი. მან ზუსტად იცოდა, რომ თავისი მოქმედებებით, პროცედურების გარეშე ბრძანების გამოცემითა და ხელშეკრულების გაფორმებით, საგარანტიო პირობებისა და მიღება-ჩაბარების აქტის გარეშე, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გადარიცხვით, დებიტორული დავალიანების არმოთხოვნით ზიანს აყენებდა სახელმწიფოს და სურდა კიდეც ამ ზიანის დადგომა.

20. კასატორის იმ შედავების საწინააღმდეგოდ, რომ თითქოს ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმა პრეიუდიციულ ფაქტად მიიღეს ხსენებული განაჩენი, რის შესაძლებლობასაც სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებები აღარ ითვალისწინებდა, მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეთა პალატა საქმეს იხილავს სამოქალაქო სამართალში არსებული კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ 2010 წლის 24 სექტემბერს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით გაუქმდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, კერძოდ, სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილ ფაქტებს აღარ გააჩნიათ პრეიუდიციული ძალა, როცა საქმეს იხილავს სასამართლო იმ პირის მოქმედების სამოქალაქოსამართლებრივი შედეგების შესახებ, ვის მიმართაც გამოტანილია განაჩენი, თუმცა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30920 მუხლის, ფორმულირებით, დანაშაულის მიყენების ფაქტი პრეიუდიციის რანგშია, ანუ მიჩნეულია ფაქტად, რომელიც მტკიცებას არ საჭიროებს (იხ.: სუსგ №ას-1426-2018, 2019 წლის 11 აპრილის განჩინება). ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლზე მითითება ამავე კოდექსის 30920 მუხლის მეორე ნაწილის გაუთვალისწინებლად არ შეიძლება. მართალია, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი („ფაქტები იმის შესახებ, განხორციელდა თუ არა მოქმედება და ჩაიდინა თუ არა ეს მოქმედება ამ პირმა, რაც დადგენილია სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილებით, როცა საქმეს იხილავს სასამართლო იმ პირის მოქმედების სამოქალაქოსამართლებრივი შედეგების შესახებ, რომლის მიმართაც გამოტანილია საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილება“) 2010 წლის 24 სექტემბრის ცვლილების შედეგად ამოღებულ იქნა, მაგრამ იმავე წლის 15 დეკემბრის კანონის ცვლილებით, დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნების განხილვისას მოქმედებს განსხვავებული წესი, რაც იმას გულისხმობს, რომ კანონიერ ძალაში შესულ განაჩენში მითითებული სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები ხელახლა არ დგინდება, ანუ ისინი დადგენილად მიიჩნევა (სსსკ-ის XXXIV თავი)(იხ.: სუსგ №ას-638-605-2014, 22.04.2016წ.). საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ამ სპეციალური წარმოების არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ასეთ შემთხვევაში სასამართლოს აღარ უწევს ზიანის მიყენების ფაქტის, ე.ი. თავად მიყენებული ზიანის, ზიანის მიმყენებლის ბრალის, მის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის კვლევა. თუკი ზიანი დანაშაულის შედეგად დადგა, ყველა აღნიშნული გარემოება სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენით დასტურდება. რაც შეეხება ზიანის ოდენობას, აღნიშნულთან მიმართებით მსჯელობას შესაძლებელია შეიცავდეს თავად განაჩენი/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტი, სხვა შემთხვევებში, ზიანის გაანგარიშება დასაშვებია უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტით (სუსგ №ას-1322-2018, 04.04.2019 წ.).

21. ამდენად, დელიქტური ურთიერთობისათვის დამახასიათებელი ცალკეული ელემენტების მტკიცების ნაწილში, ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილ განაჩენის საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას - მოსარჩელისათვის მოპასუხე დ.კ–ის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით ზიანის მიყენების შესახებ, რის გამოც ვერ იქნება გაზიარებული კასატორის მითითება ზიანის არარსებობისა და ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმის მასალებში წარმოდგენილი ვიდეომასალის გამოუკვლეველობის შესახებ. საქმეში წარმოდგენილი განაჩენი მეტწილად ეყრდნობა მოსარჩელე დაწესებულებაში, სადავო პერიოდში, დასაქმებულ თანამდებობის პირთა ჩვენებებს, მასზედ, რომ კასატორმა საკანონმდებლო პროცედურების გარეშე გამოსცა ბრძანება და ე.წ. ოფშორულ კოპმპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება, ასევე საგარანტიო პირობებისა და მიღება-ჩაბარების აქტის გარეშე, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხები გადარიცხა და არ მოითხოვა დებიტორული დავალიანება, რითიც ზიანი მიადგა სახელმწიფოს. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მოწმეები ასევე აცხადებდნენ, რომ სადავო ხელშეკრულების საფუძველზე რაიმე წვრთნა არ ჩატარებულა, თუმცა იდენტურ პერიოდში, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ტარდებოდა სხვა წვრთნები, რომლის თაობაზეც მოწმედ გამოკითხული პირები ინფორმირებული იყვნენ, ვიდეო მასალა განკუთვნად მტკიცებულებად მიჩნეული ვერ იქნება, მით უფრო, ვერ გააქარწყლებს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის სანდოობას. საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული გარემოებები პრეიუდიციის რანგში რომც არ განვიხილოთ კასატორს არ წარმოუდგენია განაჩენით დადასტურებული ფაქტების გამაქარწყლებელი სამართლებრივად ვარგისი რაიმე მტკიცებულება (სუსგ №ას-1263-2019, 13.03.2020). ამგვარ მტკიცებულებად თავისთავად ვერ იქნება განხილული საკასაციო საჩივარში მითითებული არგუმენტი კასატორის პოლიტიკური დევნის თაობაზე, რაც მისივე აზრით, დასტურდება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებით, რომლითაც დ.კ–ი ამორიცხულ იქნა ინტერპოლის საძიებო წითელი ცირკულარიდან და მისი ექსტრადაცია არ მოხდა საქართველოში. ამ მიმართებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კასატორის მოხმობილი არგუმენტაცია სრულიად არაგანკუთვნადია განსახილველი დავის მიმართ, სადაც სახელმწიფო ყოფილ თავდაცვის მინისტრს ედავება სახელმწიფოსთვის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისებასა ან გაფლანგვას, კერძოდ, არარსებული წვრთნებისთვის გადახდილ 5 060 000 ევროს. შესაბამისად, კასატორის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი ინგლისისა და საფრანგეთის სასამართლო გადაწყვეტილებები, მათი მნიშვნელობის მიუხედავად, მხოლოდ დეზინფორმაციას, არარსებული პოლიტიკური მოტივების წარმოჩენასა და სამართლებრივი მდგომარეობის ანგაჟირებას ისახავს მიზნად, რადგან არცერთ მტკიცებულებაში არ არის მითითებული მისი თანამდებობრივი მდგომარეობის კეთილსინდისიერად განხორციელების შესახებ (თავდაცვის სამინისტროსა და „გ.ბ.კ–ს“ შორის გაფორმებული №38 ხელშეკრულების კონტექსტში).

22. შესაბამისად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონით განმტკიცებული სავალდებულო მტკიცებულება - კანონიერ ძალაში შესული განაჩენი სახეზეა, რაც კასატორის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის შეუცილებადი მტკიცებულებაა.

23. რაც შეეხება ზიანის ოდენობას, რომელსაც სადავოდ ხდის კასატორი, პალატა განმარტავს, რომ როგორც ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე, განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს, ანუ კრედიტორს, რომელიც სასამართლო პროცესში წარმოადგენს მოსარჩელეს. ზიანის ანაზღაურების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს რეალურად განცდილი დანაკარგების ჯამს. ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი მიმართულია ვალდებულების დარღვევის პრევენციისა და მხარეთა ინტერესების წონასწორობის აღდგენაზე (იხ.: სუსგ №ას-1322-2018, 4.04.2019წ.). ამასთან, დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების საქმის განხილვისას, ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით მსჯელობას შესაძლებელია, შეიცავდეს თავად განაჩენი/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტი, სხვა შემთხვევებში, ზიანის გაანგარიშება დასაშვებია უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტით (სსსკ-ის 30917 მუხლის მე-2 ნაწილი) (სუსგ №ას-1322-2018, 04.04.2019წ). საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის შეფასებას, რომ წარმოდგენილი განაჩენებით ზიანის ოდენობა არ დგინდებოდა და რომ არ არსებობდა სპეციალისტის დასკვნა, რომელიც ზიანის კონკრეტულ გაანგარიშებას მოახდენდა. საკასაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ მიყენებული ზიანის ოდენობის დადგენილად მიჩნევისათვის მხოლოდ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით სწორად იხელმძღვანელა, რადგან მასში მითითებულია, რომ „გ.ბ.კ–სა“ და მოსარჩელეს შორის გაფორმებული №38 ხელშეკრულების შესაბამისად, მოსარჩელის სტრუქტურულმა ქვედანაყოფებმა „გ.ბ.კ–ს“ 2008 წლის 16 იანვარს საგადასახადო მოთხოვნა №10-ის თანახმად გადაურიცხა 1 421 250 ევრო, 2008 წლის 20 თებერვლის საგადასახადო მოთხოვნა №70-ის თანახმად - 909 687,50 ევრო, ხოლო 2008 წლის 15 მაისის საგადასახადო მოთხოვნა №182- ის თანახმად - 2 729 062,50 ევრო, რამაც ჯამურად შეადგინა 5 060 000 ევრო. შესაბამისად, ვინაიდან 2021 წლის 7 სექტემბრის განაჩენით (საქმე №472აპ-18) დ.კ–ს ბრალი დაედო მის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში არსებული, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით გაფლანგვაში, რაც გამოიხატა არარსებული წვრთნებისთვის 5 060 000 ევროს (ეკვივალენტი ლარში) გადახდაში, მიიჩნევა, რომ განაჩენში მითითებული კონკრეტული გაანგარიშება და მოსარჩელის მიერ განცდილი ზიანის ზუსტი ოდენობა გამომდინარეობს თავად განაჩენიდან და კასატორს ზიანის ოდენობის განსხვავებული გამოთვლა ან მასთან დაკავშირებული სხვაგვარი დასაბუთებული შედავება არ წარუდგენია, რაც საკასაციო საჩივარს ამ ნაწილშიც დაუსაბუთებლად აქცევს (შდრ. იხ. სუსგ. საქმეზე №ას-199-2020, 28.04. 2022 წ).

24. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას იგი არსებითად განსახილველად დაუშვას.

25. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

26. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (სხვა მრავალთა შორის იხ: საქმე N-1530-2024, 31 იანვარი 2025 წელი, საქმე №ას-1322-2018, 04.04.2019წ., საქმე №ას-1263-2019, 13.03.2020, საქმე №ას-199-2020, 28.04.2022 წ., საქმე №ას-973-2021, 17.12.2021 წ.). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

27. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დ.კ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად; დ.კ–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს შ.მ–ის მიერ 10/05/2023წ. №17042598501 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 6000 ლარის 70% – 4200 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება. თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ლევან ნემსაძე