დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № ას-386-2026 17 ივლისი, 2026 წელი,თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი, გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ი.კ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს.ო.“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 19 ივნისის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. შპს „ს.ო–ის“ წარმომადგენელმა (შემდგომში - „მოსარჩელე“, „მოწინააღმდეგე მხარე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ი.კ–ძის (შემდგომში - „მოპასუხე“, „კასატორი“) მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხემ, რომელსაც სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, აღნიშნულ სამოქალაქო საქმესთან დაკავშირებით, შესაგებელი წარმოადგინა 2019 წლის 19 ივლისს, რომლითაც სარჩელი არ ცნო.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1. გორის რაინული სასამართლოს მიერ 2023 წლის 06 ივლისს გამოტანილ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ს.ო–ის“ სარჩელი ი.კ–ძის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდა: მოპასუხე ი.კ–ძეს შპს „ს.ო–ის“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 21 544.35 ლარის გადახდა. მოპასუხე ი.კ–ძეს შპს „ს.ო–ის“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა პირგასამტეხლოს 5800 ლარის გადახდა.
3.2. გორის რაინული სასამართლოს მიერ 2023 წლის 06 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა ი.კ–ძემ.
3.3. გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 29 თებერვლის განჩინებით, ი.კ–ძის საჩივარი გორის რაიონული სასამართლოს მიერ 2023 წლის 06 ივლისს მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 06 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
3.4. გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 06 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს 2024 წლის 29 თებერვლის განჩინება, სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ი.კ–ძემ.
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 19 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა გასაჩივრებული განჩინებები.
4.2. სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაპყრო შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის ავტორი - ი.კ–ძის წარმომადგენელი - ვ.ხ–ი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვდა იმ საფუძვლით, რომ წარმომადგენლების სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რის შესახებაც შუამდგომლობით ეცნობა სასამართლოს. პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხის წარმომადგენლებმა 2023 წლის 20 ივნისს იშუამდგომლეს 22 ივნისს ჩანიშნული სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე, რადგან მიუთითეს მათი სხვა სასამართლო სხდომაზე ყოფნის შესახებ. 2023 წლის 22 ივნისს გორის რაიონულმა სასამართლომ ზემოაღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სასამართლო სხდომა გადადო იმავე წლის 06 ივლისს, 12:00 საათზე, რის თაობაზეც 23 ივნისს სატელეფონო შეტყობინების გზით, ეცნობა მოპასუხის წარმომადგენელს - ვ.ხ–ს.
4.3. ს.ა–ძემ და ვ.ხ–მა სასამართლო სხდომის გადადება კვლავ მოითხოვეს (ს.ფ. 201), გამოცხადების შეუძლებლობის საფუძვლით და მიუთითეს, რომ 2023 წლის 06 ივლისს 11:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩანიშნული იყო პროცესი (მოსარჩელე სს „ლ.ბ–ი“, მოპასუხე პ.ხ–ძე, ნ.ხ–ძე, ი.ხ–ძე). აღნიშნულ პროცესზე წარმოადგენდნენ პ.ხ–ძეს, ი.ხ–ძეს და ნ.ხ–ძეს, ასევე აღნიშნეს, რომ 2023 წლის 06 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზე ჩანიშნული იყო პროცესი, სადაც წარმოადგენდნენ მოპასუხე მხარეს. მანძილიდან გამომდინარე კი, ვერ დაესწრებოდნენ გორის რაიონულ სასამართლოში ჩანიშნულ სხდომას მოპასუხის წარმომადგენლებმა ასევე აღნიშნეს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში უფრო ადრე ჩაინიშნა პროცესები, ვიდრე გორის რაიონულ სასამართლოში. აღნიშნულის დასადასტურებლად მხარემ სხდომის გადადებისათვის წარდგენილ განცხადებას დაურთო სასამართლო უწყება (ხელწერილი), სხდომის ოქმი, მინდობილობები და სასამართლო სხდომების განრიგი.
4.4. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის წარმომადგენლის პრეტენზია მასზედ, რომ ზემოაღნიშნული დოკუმენტები იძლეოდა იმგვარი დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ მოპასუხის სამივე წარმომადგენლისათვის შეუძლებელი იყო 2023 წლის 06 ივლისს გამართულ სასამართლო სხდომაზე გამოცხადება. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ განცხადებაზე დართული რწმუნებულების მიხედვით, პირებს, რომელთა ინტერესების დაცვასაც აპირებდა მოპასუხის წარმომადგენელი, ი.კ–ძის მსგავსად, რამდენიმე პირისათვის ჰქონდა სასამართლოში წარმომადგენლობის უფლება მინიჭებული. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ მხარის ერთი წარმომადგენელი სხვა სხდომაზე მონაწილეობის გამო ვერ ახერხებდა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას, რწმუნებულებაში მითითებულ სხვა ნებისმიერ წარმომადგენელს შეეძლო გამოცხადებულიყო სასამართლო სხდომაზე და მონაწილეობა მიეღო საქმის განხილვაში, შესაბამისად, პალატის აზრით, არ არსებობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საპატიო მიზეზი მოპასუხის სხდომაზე გამოუცხადებლობის.
4.5. საქმის მასალების სრულყოფილი შესწავლის შედეგად, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ საქმის მასალებით არ იკვეთებოდა, რამდენად შეუძლებელი იყო ერთ-ერთი წარმომადგენლის გამოცხადება მაინც, ჩანიშნული სასამართლო სხდომის ერთი და იმავე მიზეზით მეორედ გადადების თავიდან ასაცილებლად. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე წარმოდგენილი საჩივარი ეფუძნებოდა - საპატიო მიზეზის არსებობას, რომლის დასადასტურებლად საჩივარს თან ერთვოდა წარმომადგენლების - ს.ა–ძისა და ვ.ხ–ის მიმართ მითითებული გარემოების, მათი სხვა სასამართლო სხდომაზე მიწვევის/მონაწილეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო არაფერი იყო ნათქვამი მესამე წარმომადგენლის - გ.ს–ძის მიმართ შესაძლო არსებულ საპატიო მიზეზთან დაკავშირებით. საბოლოოდ, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის არგუმენტი, მასზედ რომ ვინაიდან წარმომადგენლებს: ს.ა–ძეს ან/და ვ.ხ–ს უნდა მიეღოთ მონაწილეობა საქმის განხილვაში და გამოცხადებულიყვნენ სასამართლო სხდომაზე, ეს ათავისუფლებდა მესამე წარმომადგენელს - გ.ს–ძეს თავისი უფლება-მოვალეობების შესრულებისაგან. შესაბამისად, პალატამ დაასკვნა, რომ არ არსებობდა სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი რის გამოც, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
4.6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 19 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი.კ–ძემ.
5. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
5.1. კასატორი მიიჩნევს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძვლები ვინაიდან მოპასუხის სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით - წარმომადგენლების სხვა სასამართლო სხდომაზე ყოფნით.
5.2. კასატორი აცხადებს, რომ 2023 წლის 06 ივლისს 12 საათზე გამართული სასამართლო სხდომის შესახებ მოპასუხის წარმომადგენელს ეცნობა სატელეფონო აქტის საფუძველზე (2023 წლის 23 ივნისს). საუბრისას, სასამართლოს წარმომადგენელს ეცნობა, რომ ხსენებული თარიღი არ იყო მისაღები წარმომადგენლებისთვის ვინაიდან სწორედ ამ დროს სხვა სასამართლოში ჩანიშნული იყო სხდომა მათი მონაწილეობით, თუმცა სასამართლო მოხელემ მხარეს განუცხადა, თარიღის შეცვლის შეუძლებლობისა და სასამართლოში შუამდგომლობის წარდგენის შესაძლებლობის შესახებ. წარმომადგენლებმა სასამართლოში იმავე დღეს გააგზავნეს წერილობითი შუამდგომლობა სხდომის გადადების შესახებ, რომელსაც ერთოდა შესაბამისი მტკიცებულებები.
5.3. კასატორი უთითებს, რომ არასწორია სააპელაციო სასამართლოს მითითება, თითქოს სასამართლოში სხდომაზე გამოცხადება შესაძლებელია, როგორც პირადად, ასევე წარმომადგენლის მეშვეობით. კასატორს მიაჩნია, რომ რიგით მოქალაქეებს არა აქვთ შესაბამისი სამართლებრივი ცოდნა და გამოცილება, რათა პირადად წარმართონ დავები და აწარმოონ საქმეები სასამართლოში, ამიტომაც კანონით არის განმტკიცებული შესაძლებლობა, რომ მხარემ საქმე აწარმოოს სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. კასატორის მტკიცებით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხის წარმომადგენელს წარდგენილი ჰქონდა შუამდგომლობა სხდომაზე დასწრების შეუძლებლობის ობიექტური მიზეზის შესახებ.
5.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 1 ივნისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შემოწმების მიზნით.
სამოტივაციო ნაწილი:
6. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
10. საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს მოპასუხის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის მოტივით გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების კანონიერება.
11. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასარჩელო სამართალწარმოებაში ყოველთვის მონაწილეობს ორი ურთიერთდაპირისპირებული ინტერესის მქონე მხარე– მოსარჩელე და მოპასუხე. ამ ორი მხარის აქტიური მონაწილეობა საქმის განხილვაში უზრუნველყოფილია მათი ინტერესით: მოსარჩელის ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ სასამართლომ დააკმაყოფილოს სარჩელი, გამოიტანოს მისთვის სასურველი გადაწყვეტილება, ხოლო მოპასუხის ინტერესი – ესაა მოსარჩელისათვის სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. ამ ინტერესების რეალიზაციისათვის მხარეებს მინიჭებული აქვთ შესაბამისი საპროცესო უფლებები. სამოქალაქო პროცესის ერთ–ერთი თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ საპროცესო უფლებების გამოუყენებლობას შეიძლება მოჰყვეს არახელსაყრელი შედეგი იმ მხარისათვის, რომელმაც ეს უფლება არ გამოიყენა. მხარის ერთ–ერთი საპროცესო უფლებაა მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში. ამ უფლებას შეესაბამება სასამართლოს მოვალეობა შეატყობინოს მხარეს საქმის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70–78–ე მუხლებით დადგენილი წესით. საქმის განხილვა და გადაწყვეტა მხარის შეუტყობინებლად უნდა დაკვალიფიცირდეს, როგორც საქმის გახილვა მხარის მონაწილეობის გარეშე, მის დაუსწრებლად, რაც გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394–ე მუხლი), ასევე საქმის წარმოების განახლების საფუძველია (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი).
12. დაუსწრებელი გადაწყვეტილება - ესაა სასამართლო სხდომაზე (როგორც მოსამზადებელ სხდომაზე, ასევე მთავარ სხდომაზე) გამოუცხადებელი მხარის წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილება, რომელიც ემყარება მხოლოდ გამოუცხადებლობას და არა საქმის მასალებს. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას საფუძვლად უდევს ვარაუდი იმის შესახებ, რომ გამოუცხადებელი მხარე უარს ამბობს თავის მოთხოვნაზე მოწინააღმდეგე მხარის მიმართ (როცა მოსარჩელე არ გამოცხადდა) ან აღიარებს (ცნობს) ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც საფუძვლად უდევს სასარჩელო მოთხოვნას (როცა არ ცხადდება მოპასუხე).
13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი მოწესრიგებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლით, რომლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
14. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო ყოველთვის არის ვალდებული შეამოწმოს, ხომ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233.1. მუხლი).
15. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს ამავე კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამრიგად, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა (შდრ. სუსგ -ები: №ას-803-803-2018, 27 სექტემბერი, 2018 წელი; №ას-1445-1459-2011, 31 ოქტომბერი, 2011 წელი; №ას-1410-1330-2017, 30 იანვარი, 2018 წელი).
16. მაშასადამე, გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია გააქარწყლოს ამგვარი გადაწყვეტილების საფუძვლად მიჩნეული ვარაუდი, თუ დაამტკიცებს, რომ არსებობდა იმგვარი მოვლენა, რომელიც, სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, გონივრული შეფასებიდან გამომდინარე, ქმნის პრეზუმფციას არა მარტო დაინტერესებული მხარის ინტერესის შესახებ განსახილველი საქმის მიმართ, არამედ გამოუცხადებლობის ობიექტურ ან/და ადამიანურ ფაქტორებზეც. მხოლოდ ამ გარემოებათა ერთობლივად შეჯერებითა და შეფასებით არის შესაძლებელი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება. ამასთან, ობიექტურ გარემოებათა დადასტურების შემთხვევაში, მხარის გამოუცხადებლობას საპატიოდ მიიჩნევს და დაუშვებელია, რომ ამ მხარის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილებისთვის დამახასიათებელი საპროცესო წესით დადგინდეს, როგორც საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, ისე სამართლებრივი შედეგიც. წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილი ექნებოდა ისეთ ვითარებას, როდესაც დაუსწრებელი გადაწყვეტილება იქნებოდა სანქცია არა მარტო უპასუხისმგებლო, ან პროცესის მიმართ ინტერესის არმქონე პირისთვის, არამედ მათთვისაც, ვისაც რეალური ინტერესი გააჩნია სამართალწარმოების მიმართ, მაგრამ საპატიო გარემოებების გამო ვერ შეძლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის ნორმატიული შინაარსი სწორედ ისეთ შემთხვევებს აწესრიგებს, რომ მხარეს არ ჩამოერთვას სამართლიანი სასამართლოს უფლება და მისი გამოუცხადებლობა ყველა შემთხვევაში მარტოოდენ სანქციად არ იქცეს (შდრ: სუსგ №ას-1504-2019, 13 მარტი, 2020წელი).
17. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სწრაფი, ეკონომიური და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელება, როგორც სასამართლო ხელისუფლების, ისე სამართალწარმოების მონაწილე პირთა პასუხისმგებლობაა და საამისოდ ყველა ლეგიტიმური შესაძლებლობის გამოყენებაა საჭირო, რაც თანაბრად უზრუნველყოფს მხარეთა თანასწორობას საქმის განხილვის ყველა ეტაპზე და ხელს შეუწყობს სასამართლოში საქმეთა განხილვის გაჭიანურების არიდებას. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დამკვიდრებულია პრინციპი, რომლის თანახმად მხარეებს (ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს), შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში როგორც პირადად, აგრეთვე წარმომადგენლის მეშვეობით. სასამართლო წარმომადგენლობა ესაა კანონით გარანტირებული შესაძლებლობა მხარემ აწარმოოს საქმე სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. სასამართლო წარმომადგენელი არის პირი, რომელიც ასრულებს სასამართლოში მარწმუნებლის სახელით და მისი ინტერესების შესაბამისად ყველა იმ საპროცესო მოქმედებას, რაც გათვალისწინებულია კანონით და მარწმუნებლის მიერ გაცემული მინდობილობით. სასამართლო წარმომადგენლობა დაიშვება უკლებლივ ყველა საქმეზე, რომელიც სასამართლოს ექვემდებარება უწყებრივად. წარმოშობის საფუძვლების მიხედვით განასხვავებენ: ა) ნებაყოფლობით ანუ სახელშეკრულებო წარმომადგენლობას; ბ) იურიდიული პირის წარმომადგენლობას; გ) კანონისმიერ წარმომადგენლობას. ნებაყოფლობითი (სახელშეკრულებო) წარმომადგენლობა წარმოიშობა მხარეთა თავისუფალი ნების საფუძველზე დავალების ხელშეკრულების დადებით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 709-ე მუხლი). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე მუხლი ითვალისწინებს წარმომადგენლის უფლებამოსილების გაფორმების პროცედურებს, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლი კი, ითვალისწინებს წარმომადგენლის უფლებამოსილების ფარგლებს. (იხ. ზ.ძლიერიშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, ნაწილი I, ავტორთა კოლექტივი, თბილისი, 2014, გვ.180-199).
18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი: პირველი სასამართლო სხდომა დაინიშნა 2023 წლის 22 ივნისს. მოპასუხის წარმომადგენლებმა 2023 წლის 20 ივნისს იშუამდგომლეს 22 ივნისს ჩანიშნული სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე და მიუთითეს მათი სხვა სასამართლო სხდომაზე ყოფნის შესახებ. 2023 წლის 22 ივნისს, გორის რაიონულმა სასამართლომ ზემოაღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სასამართლო სხდომა გადადო იმავე წლის 06 ივნისს, 12:00 საათზე, რის თაობაზეც 23 ივნისს სატელეფონო შეტყობინების გზით, ეცნობა მოპასუხის წარმომადგენელს - ვ.ხ–ს. უდავოა, რომ ს.ა–ძემ და ვ.ხ–მა სასამართლო სხდომის გადადება კვლავ მოითხოვეს (ს.ფ. 201), სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის საფუძვლით და მიუთითეს, რომ 2023 წლის 06 ივლისს 11:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩანიშნული იყო პროცესი (მოსარჩელე სს „ლ.ბ–ი“, მოპასუხე პ.ხ–ძე, ნ.ხ–ძე, ი.ხ–ძე). აღნიშნულ პროცესზე წარმოადგენდნენ პ.ხ–ძეს, ი.ხ–ძეს და ნ.ხ–ძეს, ასევე აღნიშნეს, რომ 2023 წლის 06 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზე ჩანიშნული იყო პროცესი, სადაც წარმოადგენდნენ მოპასუხე მხარეს, მანძილიდან გამომდინარე კი, ვერ დაესწრებოდნენ გორის რაიონულ სასამართლოში ჩანიშნულ სხდომას. აღნიშნულის დასადასტურებლად მხარემ სხდომის გადადებისათვის წარდგენილ განცხადებას დაურთო სასამართლო უწყება (ხელწერილი), სხდომის ოქმი, მინდობილობები და სასამართლო სხდომების განრიგი.
19. უდავოა, რომ 2023 წლის 06 ივლისის სხდომაზე მოპასუხე, რომელსაც უწყება ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით, სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა. მოპასუხის გამოუცხადებლობის შედეგად მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომელიც გაასაჩივრა მოპასუხის წარმომადგენელმა, რაც არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, საკითხის სწორად შეფასების მიზნით, საჭიროა იმის გარკვევა, ასეთ შემთხვევაში რა სახის გარემოება შეიძლება ჩაითვალოს საპატიოდ.
20. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. მითითებული ნორმის დანაწესი ადგენს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ჩათვალოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა ავადმყოფობის გამო. ამ შემთხვევაში ისევე, როგორც ზოგადად სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი.
21. კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის და მიზეზების შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა მტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე და ამ გარემოების წინასწარ სასამართლოსათვის შეტყობინების შეუძლებლობაზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა, სასამართლოს უფლებამოსილებაა (შდრ. სუსგ საქმე №ას-1270-2018, 02 ნოემბერი, 2018).
22. საკასაციო პალატის განხილვის საგანია მოპასუხის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო თუ არა საპატიო მიზეზით. იმისათვის, რომ სასამართლომ პროცესზე მხარის გამოუცხადებლობა ან სასამართლოსთვის შუამდგომლობისა და განცხადების წარუდგენლობა საპატიოდ მიიჩნიოს, უნდა არსებობდეს ორი წინაპირობა: 1. გამოუცხადებლობა გამოწვეული უნდა იყოს განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით; და 2. აღნიშნული განსაკუთრებული ობიექტური გარემოება მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს უნდა ხდიდეს მხარის პროცესზე გამოცხადებას ან/და გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ სასამართლოსთვის შეტყობინებას. იმისათვის, რათა სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მიზეზი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნიოს, მას უნდა შეექმნას მხარის გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობის მყარი შინაგანი რწმენა. ამ შემთხვევაშიც, ისევე როგორც, ზოგადად, სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის ყოველი კონკრეტული შემთხვევა უნდა შეფასდეს ინდივიდუალურად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით.
23. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრით სადავოდ არ არის გამხდარი, რომ მოპასუხეს კანონით დადგენილი წესით ეცნობა სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის შესახებ, ასევე უდავოა, რომ მოპასუხის ინტერესებს იცავდა რამდენიმე წარმომადგენელი. საქმეზე დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ წარდგენილ რწმუნებულებაში მითითებულია, რომ ი.კ–ძემ განსახილველ საქმეზე წარმომადგენლობის უფლება მიანიჭა სამ პირს: გ.ს–ძეს, ს.ა–ძეს და ვ.ხ–ს. მინდობილობა გაცემულია სამი წლის ვადით, რათა მათ ერთად ან/და ცალ-ცალკე დაეცვათ მარწმუნებლის ქონებრივი და არაქონებრივი ინტერესები სასამართლოში (იხ. ტომი 1, ს.ფ. 116-118.). ამასთან, 2023 წლის 06 ივლისს ჩანიშნულ სხდომის გადადების შესახებ შუამდგომლობას ხელს აწერს ორი წარმომადგენელი - ს.ა–ძე და ვ.ხ–ი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 137) საკასაციო პალატა განსაკუთრებით ხაზგასმით აღნიშნავს ასევე იმასაც, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში 2023 წლის 5 ივნისს გამართულ სხდომას, რომელიც გადაიდო 6 ივლისს, და რომელზე დასწრების მოტივითაც ი.კ–ძის წარმომადგენლები მიუთითებდნენ გორის რაიონულ სასამართლოში გამოცხადების შეუძლებლობაზე, ესწრებოდა მხოლოდ ვ.ხ–ი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 138, ს.ფ. 193), ასევე, ამავე სასამართლოში 2023 წლის 6 ივლისის სხდომას მოპასუხეების წარმომადგენლებიდან ესწრებოდა მხოლოდ ვ.ხ–ი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 198). გარდა ამისა, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში, დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარდგენილ საჩივარს თან ერთოდა წარმომადგენლების - ს.ა–ძისა და ვ.ხ–ის სხვა სასამართლო სხდომაზე მიწვევის/მონაწილეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, თუმცა საქმის მასალებში არ მოიძებნება ინფორმაცია მესამე წარმომადგენლის - გ.ს–ძის გამოუცხადებლობის შესაძლო საპატიო მიზეზთან დაკავშირებით, რომელიც სადავო გადაწყვეტილების მიღების დროს სრულუფლებიან რწმუნებულს წარმოადგენდა (იხ. ტომი 1, ს.ფ. 201).
24. საკასაციო პალატა მოხმობილი არგუმენტების საფუძველზე ასკვნის, რომ ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, უწყების წარმომადგენლისათვის ჩაბარება მიიჩნევა მხარისთვის ჩაბარებად, რომელსაც შეეძლო, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლოს სხდომის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა სხვა წარმომადგენლებისათვის, ასევე ვინაიდან საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების დროისთვის მარწმუნებელს გამოყენებული ჰქონდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 99-ე მუხლით გარანტირებული უფლება რწმუნებულების ნებისმიერ დროს გაუქმების შესახებ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სულ მცირე, მესამე წარმომადგენელს გიორგი სისვაძეს, ჰქონდა შესაძლებლობა გამოცხადებულიყო სასამართლო სხდომაზე. ასე, რომ არც იყოს, ვინაიდან საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ ორ სხდომას ესწრებოდა მხოლოდ ვ.ხ–ი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მეორე წარმომადგენლის - ს.ა–ძის სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზიც არ არის დადასტურებული.
25. საკასაციო პალატა ასკვნის, რომ ზემოაღნიშნული განმარტებებიდან გამომდინარე, დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერად ცნობისთვის, საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი მოცემულობის ერთობლიობაში შეფასებით, სასამართლოს უნდა გაუჩნდეს შინაგანი რწმენა იმისა, რომ მხარემ, რომლის წინააღმდეგაც არის მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება, უარი განაცხადა მისთვის მინიჭებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზებაზე, ან, მეორე მხრივ, არაკეთილსინდისიერად იყენებს აღნიშნულ უფლებას, რაც გამოიხატება საქმის წარმოების პროცესის გაჭიანურების მცდელობაში. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ ადგილი ჰქონდა მოპასუხის მხრიდან პროცესის გაჭიანურების მცდელობას და ამავდროულად არ დგინდებოდა სასამართლო პროცესზე სამივე წარმომადგენლის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი.
26. საკასაციო პალატა დასძენს, რომ საკასაციო პალატის არაერთ განჩინებაშია განმარტებული, რომ ადვოკატის საპატიო მიზეზით სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა არ შეიძლება ბრალად შეერაცხოს უშუალოდ მხარეს და აღნიშნული მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას/ძალაში დატოვებას დაედოს საფუძვლად. საკასაციო სასამართლოს მყარად დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილი არაა იმპერატიული ხასიათის და მხარეს მხოლოდ უფლებით აღჭურავს, თავადაც მიიღოს მონაწილეობა საქმის განხილვაში იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ჰყავს წარმომადგენელი. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, როდესაც მხარე მისი უფლების დაცვის შესაძლებლობას წარმომადგენელს ანიჭებს, მათ შორის არსებული ურთიერთობის განსაკუთრებული ნდობის გათვალისწინებით, თუ წარმომადგენელი მინიჭებულ უფლებამოსილებას კეთილსინდისიერად ახორციელებს, წარმომადგენლის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა მხარისათვის არახელსაყრელი შედეგის დადგომის წინაპირობა არ შეიძლება გახდეს, რადგანაც მხარე ორიენტირებულია ადვოკატის მიერ მისი უფლების კვალიფიციურად დაცვაზე (მრავალთა შორის იხ. სუსგ-ებები: Nას-1666-1654-2011, 8 დეკემბერი, 2011 წელი; №ას-227-214-2015, 16 მარტი, 2015 წელი; №ას-1277-1197-2017, 1 დეკემბერი, 2017 წელი; №ას-853-797-2017, 28 ივლისი, 2017 წელი).
27. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან წინამდებარე საქმეზე დადგენილია მოპასუხის წარმომადგენლების სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა, ამასთან, საქმის მასალებით გამოიკვეთა ის გარემოება, რომ გამოუცხადებელ მხარეს საქმის გაჭიანურების მიზანი ამოძრავებდა (იმავე მოტივით საქმის განხილვა ერთხელ უკვე იყო გადადებული), საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად დატოვა უცვლელად მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და აღნიშნული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ განჩინება. კასატორს კი არ წარმოუდგენია იმგვარი დასაბუთებული და დასაშვები საკასაციო პრეტენზია, რაც გასაჩივრებული განჩინებების გაუქმებისა და საქმის არსებითად განხილვის შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
28. ამასთან, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის საპროცესო სამართლებრივი შედეგების თაობაზე არსებობს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა. კასატორს აგრეთვე არ წარმოუდგენია დასაბუთებული პოზიცია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით.
29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
30. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 %.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი.კ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ი.კ–ძეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს ნ.აბ–ძის მიერ 21/05/2026წ. №191459044 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1370,25 ლარის 70% – 959,175 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი