დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ას-712-2026 23 ივლისი, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მირანდა ერემაძე, თეა ძიმისტარაშვილი
კასატორი – ც.შ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – გ.წ–ძე, პ.წ–ძე, თ.წ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 25 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ც.შ–ძემ (შემდეგში: მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში გ.წ–ძის, პ.წ–ძისა და თ.წ–ძის (შემდეგში: მოპასუხეები) მიმართ და მოითხოვა თითოეული მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 1000 ლარის ოდენობით (სულ 3000 ლარი) ალიმენტის დაკისრება.
2. სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით ც.შ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 25 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1. ვ.წ–ძე დაქორწინებული იყო ჯ.მ–ზე 1963 წლის 14 აპრილიდან 1979 წლის 13 აპრილამდე. მეუღლეებს შეეძინათ სამი შვილი - 28.02.1965 წელს დაბადებული გ.წ–ძე, 23.07.1967 წელს დაბადებული პ.წ–ძე და 30.10.1978 წელს დაბადებული თ.წ–ძე.
6.2. ჯ.მ–ი გარდაიცვალა 1979 წლის 13 აპრილს.
6.3. დედის (ჯ.მ–ის) ავადმყოფობისა და შემდეგში მისი გარდაცვალების გამო, მცირეწლოვანი თ.წ–ძე ოჯახმა გასაზრდელად გადასცა ჯ.მ–ის დეიდას - მ.ა–ძეს, მცხოვრები ქ. რუსთავში, ………...
6.4. 1980 წლის 13 სექტემბერს ვ.წ–ძემ იქორწინა ც.შ–ძეზე.
6.5. მეუღლეებთან ერთად ცხოვრობდნენ გ. და პ.წ–ძეები, ასევე, ვ.წ–ძის ხანდაზმული დეიდა - თ.ყ–ნი. იგი გარდაიცვალა 1982 წლის 15 თებერვალს.
6.6. ვ.წ–ძე იყო ანსამბლ „რ–ის“ მომღერალი, პერიოდულად იმყოფებოდა გასტროლებზეც. ც.შ–ძე მუშაობდა გამომცემლობაში „ს.ს–ო“ რედაქტორად.
6.7. გ.წ–ძემ სავალდებულო სამხედრო სამსახური გაიარა 1983-1985 წლებში, სოფელ …….. ც.შ–ძეს და ვ.წ–ძეს ჰქონდათ ნებართვა სამხედრო ნაწილში გ.წ–ძის მოსანახულებლად შესულიყვნენ 1986 წლის 19 აპრილიდან 21 აპრილამდე პერიოდში. პ.წ–ძემ სავალდებულო სამხედრო სამსახური გაიარა 1985-1987 წლებში. პ.წ–ძეს დამთავრებული აქვს თბილისის, მ. ბალანჩივაძის სახელობის მესამე სამუსიკო სასწავლებელი.
6.8. 1985 წელს, 7 წლის ასაკში, თ.წ–ძე შევიდა თბილისის 23-ე სკოლის პირველ კლასში.
6.9. გ.წ–ძე დაქორწინდა 1988 წელს.
6.10. ც.შ–ძესა და ვ.წ–ძეს შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყდა 1990 წლის 20 იანვრიდან. მოსარჩელემ დატოვა ვ.წ–ძის სახლი და მას შემდეგ არ ჰქონია ურთიერთობა (მათ შორის, არც სატელეფონო) მოპასუხეებთან.
6.11. ვ.წ–ძე გარდაიცვალა 2000 წლის 21 ნოემბერს. ც.შ–ძე არ
ყოფილა ვ.წ–ძის დაკრძალვაზე. მოსარჩელეს მოპასუხეებისთვის არ მიუსამძიმრებია მამის გარდაცვალების გამო.
6.12. პ.წ–ძე 2004 წლიდან დასაქმებულია ქ. ბილეფელდში, ოპერაში - სცენა და ორკესტრში და მისი ანაზღაურება შეადგენს 2517.33 ევროს; გ.წ–ძე დასაქმებულია ქ. კიოლნის ოპერაში და მისი შემოსავალი შეადგენს 3078.06 ევროს; თ.წ–ძე დასაქმებულია მასწავლებლის პოზიციაზე. მოპასუხეებს საქართველოში მიღებული შემოსავალი არ უფიქსირდებათ.
6.13. მოსარჩელე პენსიონერია და იღებს ასაკით დადგენილ პენსიას. 2017 წლის ჩათვლით იგი რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებდა საარსებო შემწეობას. 2022 წლის მდგომარეობით იგი არ არის რეგისტრირებული აღნიშნულ ბაზაში. ც.შ–ძეს საკუთრებაში აქვს უძრავი ქონება მდებარე თბილისი, ……….. მას აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, ჩაუტარდა ქვედა კიდურზე ქირურგიული ჩარევა და საჭიროებს მუდმივ მკურნალობას. მოსარჩელე ცხოვრობს დისშვილებთან და მასზე ძირითადად სწორედ ისინი ზრუნავენ.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:
6.8. სააპელაციო სასამართლომ გამარტა, რომ სამოქალაქო კოდექსი უშვებს ერთი მხრივ, დედინაცვლისა და მამინაცვლის, მეორე მხრივ, გერის საალიმენტო ვალდებულებებს. სამოქალაქო კოდექსის 1226-ე მუხლის თანახმად, მამინაცვალი და დედინაცვალი, რომელთაც საკმაო სახსრები აქვთ, მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი ან/და შრომისუუნარო გერი, რომელსაც დახმარება ესაჭიროება, თუ იგი იმყოფება მათთან აღსაზრდელად ან სარჩენად და არა ჰყავს მშობლები ან არ შეუძლია მათგან მიიღოს თავისი სარჩენი სახსრები. ამავე კოდექსის 1227-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გერი, რომელსაც საკმაო სახსრები აქვს, მოვალეა არჩინოს თავისი შრომისუუნარო მამინაცვალი ან/და დედინაცვალი, რომელთაც დახმარება ესაჭიროებათ, თუ ისინი ადრე ზრდიდნენ ან არჩენდნენ მას, ხოლო ამ მუხლის მე-2 ნაწილით, სასამართლოს შეუძლია გაათავისუფლოს გერი მამინაცვალის ან/და დედინაცვლის რჩენის მოვალეობისაგან, თუ ისინი მას ზრდიდნენ ან არჩენდნენ ხუთ წელზე ნაკლები დროის განმავლობაში, აგრეთვე, თუ ისინი სათანადოდ არ ასრულებდნენ გერის აღზრდის მოვალეობას.
6.9. პალატამ ყურადღება გაამახვილა სამოქალაქო კოდექსის 1218-ე მუხლზე (შვილები მოვალენი არიან იზრუნონ მშობლებისათვის და დაეხმარონ მათ. სრულწლოვანი შრომისუნარიანი შვილები მოვალენი არიან არჩინონ შრომისუუნარო მშობლები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ. შვილები შეიძლება გათავისუფლდნენ მშობლების რჩენის მოვალეობისაგან, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მშობლები თავს არიდებდნენ მშობლის მოვალეობის შესრულებას. მშობელი, რომელსაც ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება, კარგავს შვილებისაგან ალიმენტის მოთხოვნის უფლებას) და აღნიშნა, რომ მითითბული მუხლით კანონმდებელმა ხაზი გაუსვა იმ ზოგად პრინციპზე, რომელიც შვილებისა და მშობლების ზრუნვის ვალდებულებას ეხება, ამასთან, კანონმდებელმა გარკვეული წინაპირობების არსებობისას მშობლის რჩენის მოვალეობისაგან შვილის გათავისუფლების დაშვებაც გააკეთა. აქედან გამომდინარე, რამდენადაც სადაო საკითხი ეხება არაბიოლოგიური ოჯახური კავშირიდან გამომდინარე საალიმენტო ვალდებულების დადგენას, პალატამ მიიჩნია, რომ ასეთ დროს უფრო მაღალი სტანდარტით და სიფრთხილით უნდა იქნეს საკითხი განხილული, გამოკვლეული და ამის შედეგად უნდა იქნეს დადგენილი გერის მიმართ საალიმენტო ვალდებულება.
6.10. პალატის მითითებით, სსკ-ის 1227-ე მუხლი გერს დედინაცვლის/მამინაცვლის მიმართ, უპირობოდ არ ხდის ალიმენტვალდებულს, რამდენადაც ნორმის დისპოზიციის მიხედვით სავალდებულოა რამდენიმე ძირითადი გარემოების არსებობა. კერძოდ, ნორმის პირველი ნაწილი ხაზს უსვამს იმ გერის ვალდებულებაზე, რომელსაც საკმარისი სახსრები აქვს არჩინოს შრომისუუნარო დედინაცვალი/მამინაცვალი და რომელთაც დახმარება ესაჭიროებათ თუ ისინი ადრე ზრდიდნენ და არჩენდნენ გერს.
6.11. პალატამ აღნიშნა, რომ თავდაპირველად გამოიკვლევდა საკითხს თითოეული გერის მიმართ დასტურდებოდა თუ არა მოსარჩელის 5 წელზე მეტი ხნით რჩენისა და მზრუნველობის ფაქტი, ხოლო შემდეგ შეაფასებდა, რამდენად იყო მხარეებს შორის ჩამოყალიბებული ისეთი ოჯახური გარემო, რომლითაც დადასტურდებოდა სიყვარულსა და პატივიცემაზე დაფუნებული ოჯახური ურთიერთობის არსებობის ფაქტი.
6.12. გ.წ–ძესთან მიმართებით, სასამართლომ აღნიშნა, რომ მან 1983-1985 წლებში, სავალდებულო სამხედრო სამსახური გაიარა სოფელ .......... და, შესაბამისად, ოჯახში არ ცხოვრობდა. ამასთან, იგი 1988 წელს დაქორწინდა. გ.წ–ძე მოსარჩელისა და მოპასუხეების მამის დაქორწინებიდან 3 წელში გახდა სრულწლოვანი, რაც გამორიცხავდა მოსარჩელის მიერ მასზე როგორც არასრულწლოვანზე 5 წლის ვადით რჩენისა და მზრუნველობის შესაძლებლობას. პ.წ–ძემ 1985-1987 წლებში გაიარა სავალდებულო სამხედრო სამსახური და ამ პერიოდში ოჯახში არ ცხოვრობდა.
6.13. რაც შეეხება თ.წ–ძეს, სადავო არ იყო, რომ დედის გარდაცვალების შემდეგ იგი აღსაზრდელად გადაეცა მოპასუხის დედის ჯ.მ–ის დეიდას (რომელიც რუსთავში ცხოვრობდა). ამასთან, მოცემულ ნაწილში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენდა ის, თუ რამდენი წლის იყო ხსენებული მოპასუხე როდესაც საცხოვრებლად მოსარჩელესთან გადაიყვანეს. ც.შ–ძის მითითებით დაქორწინების შემდეგ, მეუღლეებმა მალევე - 1982 წელს წამოიყვანეს ბავშვი თავისთან. საქმის მასალებით დადგენილი იყო, რომ თ.წ–ძე 1985 წელს, 7 წლის ასაკში სკოლაში თბილისში შევიდა. იმდენად რამდენადაც მოცემული დავის გადაწყვეტის მიზნებისთვის ერთ-ერთ ძირითად სადავო საკითხს 5 წლიანი თანაცხოვრებისა და მზრუნველობის ფაქტის დადგენა წარმოადგენდა, პალატის მითითებით, მნიშვნელოვანი იყო გამორკვეულიყო მოპასუხე თ.წ–ძე სადავო პერიოდში 1982-1985 წლებში იზრდებოდა თუ არა მოსარჩელესთან. ზემოხსენებული სადავო გარემოების გამორკვევის მიზნით, პალატამ ყურადღება მიაქცია საქმეში განთავსებულ მტკიცებულებებზე, მხარეთა-ახსნა განმარტებებზე და მოწმეთა ჩვენებებზე.
6.14. ც.შ–ძე იმის სამტკიცებლად, რომ თ.წ–ძე სადავო წლებში მასთან იზრდებოდა მიუთითებდა, რომ მოპასუხე ბაღში თბილისში დადიოდა, ასევე, მოიშველიებდა ფოტოსურათებს, რომელზედაც თ.წ–ძეა გამოსახული. პალატამ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი ფოტოები სადაც გამოსახულია თ.წ–ძე ნაწილი დათარიღებულია 1985-1986 წლებით, ხოლო სადაც თარიღი არაა მითითებული, სასკოლო ასაკის მოპასუხე თ. წ–ძეა გამოსახული. ფოტოსურათებით მოსარჩელის მტკიცების დადასტურება, რომ თ.წ–ძე ზემოხსენებულ წლებში უკვე გადასული იყო მასთან, პალატის მითითებით, არ იყო საკმარისად დამაჯერებელი. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული მოწმეების გ.ა–სა და ზ.ა–ს (მ.ა–ძის რძალი და შვილი) განმარტებით, თ.წ–ძე მ.ა–ძესთან იზრდებოდა 1985 წლამდე. გ.ა–ს განმარტებით, თეას ბაღში საერთოდ არ უვლია და ვ.ა ის მხოლოდ სასკოლო ასაკისა - 7 წლისა წაიყვანა თბილისში. მოწმე ზ.ა–ძემ განმარტა, რომ თ.წ–ძე სკოლის ასაკამდე იზრდებოდა მათ ოჯახში და არ განუსხვავებია თავისი შვილებისაგან. ც.შ–ძე თ–ას (თ–ს) უხეშად ექცეოდა და ამის გამო ჩხუბიც მოსვლია მასთან, ბავშვს ეშინოდა მისი, თავს არაკომფორტულად გრძნობდა. მოწმის განმარტებით, მას შემდეგ, რაც ვ–მა ის თბილისში წაიყვანა, თეა ხშირად მიჰყავდათ ხოლმე შაბათ-კვირას რუსთავში. ც–ოს არასდროს ეცალა მისთვის, სულ მუშაობდა და არ აქცევდა სათანადო ყურადღებას. მოწმეები - ი.ნ–ძე და ა.წ–ძე - ასევე, ადასტურებდენ, რომ თ. არ უნახავთ წ–ძეების სახლში პატარა ასაკში. იგი გაიზარდა რუსთავში და მხოლოდ სკოლის ასაკიდან გადმოვიდა მამასთან საცხოვრებლად. პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ 1986 წელს გამოქვეყნებულ სტატიაზე, რომლის მიხედვითაც ც.შ–ძე მიუთითებდა, რომ „პატარას გაზრდას, დაღუპული დისშვილის სახელზე დეიდა და ბიძა ჩემულობდა. გვებრალებოდნენ მოხუცები, მაგრამ ბავშვებს ერთმანეთს ხომ არ დავაცილებდით. თანდათან ყველაფერი მოგვარდა, როგორც იქნა „დავისაკუთრეთ“ თ. ჩვენი კუდრაჭა პირველ კლასშია“. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებით, მოწმეთა ჩვენებების მხედველობაში მიღებით, პალატამ დაასკვნა, რომ მოსარჩელემ სათანადოდ ვერ დაადასტურა სადავო პერიოდში თ.წ–ძის მამის ოჯახში ცხოვრების ფაქტი.
6.15. პალატამ მიიჩნია, რომ მოცემული დავის იშვიათი და სპეციფიკური ბუნების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი იყო გამოკველულიყო საკითხი, მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის არსებობდა თუ არა სიყვარულსა და პატივისცემაზე დაფუძნებული ოჯახური თანაცხოვრება. სასამართლომ მიმოიხილა სხვადასხვა ქვეყანაში არსებული საკანონმდებლო ბაზა და სასამართლო პრაქტიკა სადავო საკითხზე და მოიხმო „ბავშვის უფლებათა კონვენცია“, რომლის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში.
6.16. იმ სადავოდ გამხდარი გარემოების გამოკვლევის მიზნით, შედგა თუ არა დედინაცვალსა და გერებს შორის ოჯახური თანაცხოვრება, პალატამ ყურადღება გაამახვილა მოწმეთა ჩვენებებზე. პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული მოწმის ი.ნ–ძის (წ–ძეების მეზობელი და მეგობარი) განმარტებით, „მოსარჩელე 1981 წელს შევიდა ოჯახში. ამის შემდეგ, აკრძალა სტუმრების მიღება, მასაც კი აუკრძალა მისვლა. სულ ჩხუბი იყო ბიჭებსა და ც–ოს შორის. სულ ყვირილის ხმა ისმოდა. მოწმე იხსენებს შემთხვევას, როცა სტუმრად მისული მოსარჩელემ სახლში არ შეუშვა და არ შეახვედრა მეგობრებს. მისივე განმარტებით, იმდენად ხშირი კონფლიქტები ჰქონდათ, რომ გ. და პ. სახლიდანაც იყვნენ გაქცეულები. იმაზეც კი მოსვლიათ კონფლიქტი, რომ პიანინოზე ამდენს ნუ უკრავ, ნუ მეცადინეობო. მოსარჩელე თ–ას უფრო მკაცრად ექცეოდა, სულ შებოჭილი ჰყავდა, ხშირად ეჩხუბებოდა“. მოწმე ა.წ–ძის (ვ.წ–ძის ნათესავი) განმარტებით: მოსარჩელე სულ ორჯერ ჰყავს ნანახი ამ ოჯახში. ვ.წ–ძე როცა მათთან მიდიოდა სტუმრად, სულ გაღიზიანებული იყო, უკმაყოფილება ჰქონდათ ოჯახში. ხშირად იყო კონფლიქტი იმაზე, რომ ბავშვებს არ უვლისო. თ. პრაქტიკულად რუსთავში გაიზარდა, ხოლო ბიჭებთან სულ ჩხუბი და კონფლიქტი ჰქონდა მოსარჩელეს. მოსარჩელესთან კონფლიქტის გამო გ.წ–ძე სახლიდანაც იყო გაქცეული. მოწმეები გ.ა–აძე და ზ.ა–ძე (მ.ა–ძის რძალი და შვილი) აცხადებდენ, რომ, მას შემდეგ, რაც მამის სახლში დაბრუნდა, მოსარჩელე ცუდად ექცეოდა თ. წ–ძეს, ეჩხუბებოდა, აშინებდა, ავიწროებდა და არ ზრუნავდა მასზე. გ.ა–აძე იხსენებს კონფლიქტურ შემთხვევებს, როდესაც მოსარჩელე ეჩხუბებოდა გერებს, მათ შორის თ–ას (თ.), რის გამოც ბავშვი იყო შეშინებული, დასტრესილი და განერვიულებული. მისივე განმარტებით, ც–ო მუშაობდა დილიდან საღამომდე და არც ბავშვებისთვის და არც ვ.წ–ძის მოხუცი დეიდისთვის (თ.ყ–ნი) მას არ მოუვლია.
6.17. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, დედინაცვალსა და გერებს შორის ვერ ჩამოყალიბდა ოჯახური თანაცხოვრება, რომელიც დაფუძნებული იქნებოდა სიყვარულზე, ურთიერთპატივისცემაზე, საერთო ინტერესებსა და მიზნებზე. სასამართლოს მითითებით, არ გამოირიცხებოდა, რომ შესაძლოა მოსარჩელესა და მოპასუხეთა შორის არსებული კონფლიქტი, გამოწვეული ყოფილიყო დედინაცვლის მიერ წესების დაწესებით, თუმცა ფაქტია, რომ მეუღლესთან 10 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მოსარჩელემ დატოვა მეუღლის ოჯახი ისე, რომ არანაირი ემოციური კავშირი ვ.წ–ძის ოჯახსა და ც.შ–ძეს შორის არ ყოფილა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 25 მარტის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ც.შ–ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
8. საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
8.1. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება დააფუძნა მხოლოდ მოპასუხეთა ნათესავების და მეზობლის სუბიექტურ ჩვენებებს. ხოლო, მოსარჩელის მიერ წარდგენილი უტყუარი წერილობითი და ნეიტრალური მტკიცებულებები ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უგულებელყო.
8.2. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები: ჟურნალ-გაზეთების სტატიები, საკონცერტო აფიშა, სამხედრო ნაწილში პ.წ–ძის მონახულების დამადასტურებელი დოკუმენტი ადასტურებს მოსარჩელის ოჯახურ ბმას მოპასუხეებთან, ასევე მათ მიმართ ყურადღებასა და ნათესაურ თანრიგში გათანაბრებას.
8.3. სასამართლომ არასწორად განმარტა მოსარჩელის მიერ მოპასუხეების აღზრდის ხანგრძლივობის შინაარსი. ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსი არ მოითხოვს „აღზრდას“ მხოლოდ 18 წლამდე. მნიშვნელოვანია ოჯახური ბმა და ამაგი, რაც 10-წლიანი თანაცხოვრებით დასტურდება.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 17 ივნისის განჩინებით, სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
10. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
13. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
14. საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავების საფუძვლიანობა.
15. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ამოწმებს დედინაცვლისათვის გერებისაგან სარჩოს მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების კანონიერებას, რასთან დაკავშირებით უპირველესად ყურადღებას გაამახვილებს მოცემული დავის სამართლებრივ თავისებურებაზე.
16. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს როგორც დედინაცვლისა და მამიმაცვლის საალიმენტო ვალდებულებას გერის მიმართა, ასევე გერის საალიმენტო ვალდებულებას დედინაცვლისა და მამინაცვლის მიმართ. სამოქალაქო კოდექსის 1227-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გერი, რომელსაც საკმაო სახსრები აქვს, მოვალეა არჩინოს თავისი შრომისუუნარო მამინაცვალი ან/და დედინაცვალი, რომელთაც დახმარება ესაჭიროებათ, თუ ისინი ადრე ზრდიდნენ ან არჩენდნენ მას, ხოლო ამ მუხლის მე-2 ნაწილით, სასამართლოს შეუძლია გაათავისუფლოს გერი მამინაცვალის ან/და დედინაცვლის რჩენის მოვალეობისაგან, თუ ისინი მას ზრდიდნენ ან არჩენდნენ ხუთ წელზე ნაკლები დროის განმავლობაში, აგრეთვე, თუ ისინი სათანადოდ არ ასრულებდნენ გერის აღზრდის მოვალეობას.
17. ამდენად, აღნიშნული მუხლიდან გამომდინარეობს, რომ გერები მოვალენი არიან იზრუნონ დედაინაცვალზე/მამინაცვალზე და დაეხმარონ მათ. დედინაცვლისა და მამინაცვლის მიერ თავიანთ უფლება-მოვალეობათა ჯეროვნად განხორციელება, რაც გამოიხატება გერების საზოგადოების ღირსეულ წევრებად აღზრდაში, მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის ზრუნვაში, წარმოშობს მათ მიერ გერებისაგან მატერიალური დახმარების მიღების უფლებას გერების სრულწლოვანების ასაკის მიღწევის შემდეგ. სრულწლოვან შრომისუნარიან გერებს ეკისრებათ დედინაცვალსა და მამინაცვალზე ზრუნვის მორალური ვალდებულება, რომელსაც ისინი ნებაყოფლობით ასრულებენ. კანონმდებელი მოცემულ ოჯახურ-სამართლებრივ ურთიერთობაში საკანონმდებლო მოწესრიგების გზით იჭრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა დედინაცვლის/მამინაცვლის შრომისუუნარობა და მის მიერ დახმარების მიღების საჭიროება. სწორედ ამ შემთხვევაში არის კანონით დაცული დედინაცვლის/მამინაცვლის უფლება გერისაგან სარჩოს მიღებაზე, რაც ექვემდებარება იძულების წესით აღსრულებას. სამოქალაქო კოდქსის ზემოაღნიშნული ნორმა გერს დედინაცვლის/მამინაცვლის უპირობოდ რჩენის ვალდებულებას არ აკისრებს. ასეთი რჩენის მოვალეობა გერს მხოლოდ გარკვეული წინაპირობების დადასტურების შემთხვევაში ეკისრება. ეს წინაპირობებია, დედინაცვლის/მამინაცვლის მიერ გერის 5 წლის განმავლობაში გაზრდისა და რჩენის დადასტურება, ასევე აღზრდის მოვალეობების სათანადოდ შესრულება. დედინაცვლის, მამინაცვლის და გერის თანაცხოვრება უთანაბრდება ოჯახურ ცხოვრებას, რაც რჩენის ვალდებულების წარმოშობის საფუძველია. სწორედ აქედან გამომდინარეა ამ კატეგორიის დავებში ოჯახური თანაცხოვრების ხარისხის გამორკვევა მნიშვნელოვანი, რამდენადაც სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დარწმუნდეს გერსა და დედინაცვალს/მამინაცვალს შორის არსებული ურთიერთობა ქმნიდა თუ არა ნამდვილ ოჯახურ, კეთილგანწყობილ თანაცხოვრებას, რაც თავის მხრივ ნაკარნახევი უნდა იყო ზოგადად მშობელსა და შვილს შორის არსებული ჯანსაღი ურთიერთობის სტანდარტით. ამგვარ საქმეთა განხილვისას უპირატესად უნდა იკვეთებოდეს, დედინაცვლის/მამინაცვლის გერთან არსებულმა თანაცხოვრებამ და ზრუნვამ გააჩინა თუ არა მათ შორის სიყვარული, პატივისცემა და ემოციური მიჯაჭვულობის განცდა.
18. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ფაქტების მითითების ტვირთისა და ფაქტების დამტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლენი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. შეჯიბრებითობის პრინციპმა თავისი ასახვა ჰპოვა სსსკ–ის მთელ რიგ სხვა ნორმებში.
20. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კონცენტრირებულად შეჯიბრებითობის პრიციპი გამოხატულია სსსკ-ის 102–ე მუხლში, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. შეჯიბრებაში გამარჯვებულად გამოცხადდება მხარე, რომელმაც უკეთ შეძლო დაერწმუნებინა სასამართლო თავისი მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივ დასაბუთებულობაში, ანუ მხარე, რომელმაც მიუთითა ფაქტებზე, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას (შესაგებელს) და წარმოუდგინა სასამართლოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ამ ფაქტებს (ას-58-2026, 08.06.2026წ.)
21. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელე პენსიონერია და იღებს ასაკით დადგენილ პენსიას. იგი 2017 წლის ჩათვლით რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, იღებდა საარსებო შემწეობას, ხოლო 2022 წლიდან აღარ ირიცხება აღნიშნულ ბაზაში. ც.შ–ძეს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, ჩაუტარდა ქვედა კიდურზე ქირურგიული ჩარევა და საჭიროებს მუდმივ მკურნალობას. მოსარჩელე ცხოვრობს დისშვილებთან და მასზე ძირითადად ისინი ზრუნავენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა მოსარჩელის შრომისუუნარობის ფაქტი და შესაბამისად, დახმარების საჭიროება.
22. ვინაიდან, მოპასუხეები საკუთარი პოზიციის დაცვის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებენ სამოქალაქო კოდექსის 1227-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, საკასაციო პალატის შეფასების საგანია, გერების დედინაცვლის რჩენის მოვალეობისგან გათავისუფლება, იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელე გერებს ზრდიდა და არჩენდა ხუთ წელზე ნაკლები დროის განმავლობაში, ან/და არასათანადოდ ასრულებდა მათი აღზრდის მოვალეობას.
23. საკასაციო პალატა იზიარებს გ.წ–ძისა და თ.წ–ძის მიმართ წარდგენილი მოთხოვნის ნაწილში 5 წელზე ნაკლები დროის განმავლობაში გაზრდისა და რჩენის მოვალეობის არსებობას. გ.წ–ძე ც.შ–ძისა და ვ. წ–ძის დაქორწინებიდან 3 წელში გახდა სრულწლოვანი, აღნიშნული კი გამორიცხავს, მოსარჩელის მიერ მასზე, როგორც არასრულწლოვანზე ზრუნვას. თ.წ–ძის გაზრდისა და რჩენის ხანგრძლივობის ნაწილში, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიუთითებს, საქმეში განთავსებულ მტკიცებულებებზე, მხარეთა-ახსნა განმარტებებზე და მოწმეთა ჩვენებებზე. პალატის მოსაზრებით, 1982-1985 წლებში თ.წ–ძის მოსარჩელესთან ცხოვრების ფაქტი, საქმის მასალებით არ დასტურდება. ამ გარემოების დადასტურებას მოსარჩელე ცდილობს თ.წ–ძის თბილისში საბავშვო ბაღში სიარულზე მითითებითა და ფოტოსურათების წარმოდგენით. საქმეში წარმოდგენილი ფოტოები სადაც გამოსახულია თ.წ–ძე, ნაწილი დათარიღებულია 1985-1986 წლებით, ხოლო სადაც თარიღი არ არის მითითებული, სასკოლო ასაკის თ.წ–ძეა გამოსახული. აღნიშნული ფოტოები იმ გარემოებას, რომ თ.წ–ძე მითითებულ წლებში ცხოვრობდა მოსარჩელესთან, არ ადასტურებს. მოსარჩელის პოზიციის საწინააღმდეგოს ადასტურებს მოწმეთა ჩვენებები, კერძოდ: პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული მოწმეების გ.ა–სა და ზ.ა–ს (მ.ა–ძის რძალი და შვილი) განმარტებით, თ.წ–ძე მ.ა–ძესთან იზრდებოდა 1985 წლამდე. გ.ა–ს განმარტებით, თეას ბაღში საერთოდ არ უვლია და ვ. ის მხოლოდ სასკოლო ასაკისას - 7 წლისა წაიყვანა თბილისში. მოწმე ზ.ა–ძემ განმარტა, რომ თ.წ–ძე სკოლის ასაკამდე იზრდებოდა მათ ოჯახში და არ განუსხვავებია თავისი შვილებისაგან. ც.შ–ძე თ–ას (თ–ს) უხეშად ექცეოდა და ამის გამო ჩხუბიც მოსვლია მასთან, ბავშვს ეშინოდა მისი, თავს არაკომფორტულად გრძნობდა. მოწმის განმარტებით, მას შემდეგ, რაც ვ–მა ის თბილისში წაიყვანა, თ. ხშირად მიჰყავდათ ხოლმე შაბათ-კვირას რუსთავში. ც–ოს არასდროს ეცალა მისთვის, სულ მუშაობდა და არ აქცევდა სათანადო ყურადღებას. მოწმეები - ი.ნ–ძე და ა.წ–ძე - ასევე, ადასტურებენ, რომ თ. არ უნახავთ წ–ძეების სახლში პატარა ასაკში. იგი გაიზარდა რუსთავში და მხოლოდ სკოლის ასაკიდან გადმოვიდა მამასთან საცხოვრებლად. საქმეში წარმოდგენილია 1986 წელს გამოქვეყნებული სტატია, რომლის მიხედვითაც ც.შ–ძე მიუთითებს, რომ „პატარას გაზრდას, დაღუპული დისშვილის სახელზე დეიდა და ბიძა ჩემულობდა. გვებრალებოდნენ მოხუცები, მაგრამ ბავშვებს ერთმანეთს ხომ არ დავაცილებდით. თანდათან ყველაფერი მოგვარდა, როგორც იქნა „დავისაკუთრეთ“ თ. ჩვენი კუდრაჭა პირველ კლასშია.“ აღნიშნული სტატიის შინაარსი, პალატას უქმნის რწმენას, რომ თ.წ–ძე სწორედ სკოლაში შესვლის პერიოდიდან ცხოვროდა მოსარჩელესთან და არა სტატიის გამოქვეყნებამდე 4 წლით ადრე პერიოდიდან.
24. რაც შეეხება პ.წ–ძის მიმართ განხორციელებულ ზრდისა და რჩენის მოვალეობის ხანგრძლივობას, პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან, მოსარჩელე და მოპასუხეების მამა დაქორწინდნენ 1980 წელს და მათი ქორწინება გაგრძელდა 1990 წლამდე, მიუხედავად იმისა, რომ პ.წ–ძემ 1985-1987 წლებში გაიარა სავალდებულო სამხედრო სამსახური და ამ პერიოდში ოჯახში არ ცხოვრობდა, სახეზეა სსკ-ის 1227-ე მუხლით გათვალისწინებული 5 წლის განმავლობაში ზრდისა და რჩენის პერიოდის არსებობა. თუმცა, უნდა გაირკვეს არსებობს თუ არა სსკ-ის 1227-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული რჩენის მოვალეობის გამომრიცხველი გარემოება, გერის აღზრდის მოვალეობის არასათანადო შესრულების სახით. ამ კუთხით მნიშვნელოვანია, იმ ფაქტის დადასტურება, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებობდა სიყვარულსა და პატივისცემაზე დაფუძნებული ოჯახური თანაცხოვრება. მნიშვნელოვანია ბავშვთან ურთიერთობის ხარისხი და ზრდასრულის როლი ბავშვის ცხოვრებაში, რამაც უნდა უზრუნველყოს გერის დედინაცვალთან ემოციური კავშირის არსებობა. პალატა აღნიშნავას, რომ ასეთი კავშირის არსებობა ცალსახად და უპირობოდ არ მოითხოვება, თუმცა, მნიშვნელოვანია დადასტურდეს, დედინაცვლის/მამინაცვლის მიერ გერის ფიზიკურ, გონებრივ, სულიერ და სოციალურ განვითარებაზე ზრუნვა და გერების ინტერესების უპირატესი გათვალისწინება, რათა ისინი აღიზარდონ საზოგადოების ღირსეულ წევრებად.
25. პალატა მიუთითებს ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომელიც განმარტავს ოჯახის ცნებას, რომლის მიხედვითაც ოჯახი არის საზოგადოების ძირითადი ჯგუფი და ბავშვის აღზრდისთვის, კეთილდღეობისა და დაცვისთვის ბუნებრივი გარემო, რომელიც ძირითადად შედგება ბავშვისგან, მისი მშობლისგან, მეურვისგან, მზრუნველისგან, დისგან, ძმისგან ან/და ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირისგან. „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
26. აღნიშნული საკანონმდებლო ნორმები წარმოაჩენს იმ ზოგად სტანდარტს, რომელიც ბავშვის საუკეთესო ინტერესით არის ნაკარნახევი და რომელიც ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელი კრიტერიუმის ზოგად ფორმულირებას იძლევა. კერძოდ ის, რომ ბავშვი უნდა იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმების ინტერპრეტირებისას საოჯახო საქმის განმხილველი სასამართლო ვალდებულია, სრულყოფილად გამოიკვლიოს ყველა რელევანტური გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ზემოხსენებული კრიტერიუმების მხედველობაში მიღებით. ამასთან, საბოლოოდ დაადგინოს, დედინაცვალსა და მის გერებს შორის არსებული თანაცხოვრების პერიოდში არსებული ურთიერთობა რამდენად იძლეოდა გერების სათანადო აღზრდის დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას.
27. პალატა ყურადღებას გაამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული მოწმის ი.ნ–ძის (წ–ძეების მეზობელი და მეგობარი) განმარტებაზე, რომ „მოსარჩელე 1981 წელს შევიდა ოჯახში. ამის შემდეგ, აკრძალა სტუმრების მიღება, მასაც კი აუკრძალა მისვლა. სულ ჩხუბი იყო ბიჭებსა და ც–ოს შორის. სულ ყვირილის ხმა ისმოდა. მოწმე იხსენებს შემთხვევას, როცა სტუმრად მისული მოსარჩელემ სახლში არ შეუშვა და არ შეახვედრა მეგობრებს. მისივე განმარტებით, იმდენად ხშირი კონფლიქტები ჰქონდათ, რომ გ. და პ. სახლიდანაც იყვნენ გაქცეულები. იმაზეც კი მოსვლიათ კონფლიქტი, რომ პიანინოზე ამდენს ნუ უკრავ, ნუ მეცადინეობო. მოსარჩელე თ–ს უფრო მკაცრად ექცეოდა, სულ შებოჭილი ჰყავდა, ხშირად ეჩხუბებოდა“. მოწმე ა.წ–ძის (ვ.წ–ძის ნათესავი) განმარტებით: მოსარჩელე სულ ორჯერ ჰყავს ნანახი ამ ოჯახში. ვ.წ–ძე როცა მათთან მიდიოდა სტუმრად, სულ გაღიზიანებული იყო, უკმაყოფილება ჰქონდათ ოჯახში. ხშირად იყო კონფლიქტი იმაზე, რომ ბავშვებს არ უვლისო. თ. პრაქტიკულად რუსთავში გაიზარდა, ხოლო ბიჭებთან სულ ჩხუბი და კონფლიქტი ჰქონდა მოსარჩელეს. მოსარჩელესთან კონფლიქტის გამო გ.წ–ძეს სახლიდანაც იყო გაქცეული. მოწმეები გ.ა–აძე და ზ.ა–ძე (მ.ა–ძის რძალი და შვილი) აცხადებენ, რომ, მას შემდეგ, რაც მამის სახლში დაბრუნდა, მოსარჩელე ცუდად ექცეოდა თ. წ–ძეს, ეჩხუბებოდა, აშინებდა, ავიწროებდა და არ ზრუნავდა მასზე. გ.ა–აძე იხსენებს კონფლიქტურ შემთხვევებს, როდესაც მოსარჩელე ეჩხუბებოდა გერებს, მათ შორის თ–ს (თ.), რის გამოც ბავშვი იყო შეშინებული, დასტრესილი და განერვიულებული. მისივე განმარტებით, ც–ო მუშაობდა დილიდან საღამომდე და არც ბავშვებისთვის და არც ვ.წ–ძის მოხუცი დეიდისთვის (თ.ყ–ნი) მას არ მოუვლია.
28. პალატა განმარტავს, რომ მოწმეთა ჩვენებების შეფასებისას, სასამართლო ვალდებულია, ისევე, როგორც სხვა სახის მტკიცებულება, მოწმის ჩვენება შეაფასოს მისი შინაარსისა და იურიდიული დამაჯერებლობის კუთხით, იმ ობიექტური თუ სუბიექტური კრიტერიუმების (მხარეებთან დამოკიდებულება, ფიზიკური მდგომარეობა, ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ მოწმის ჩვენებაზე და სხვა) გათვალისწინებით, რომელიც ამ მტკიცებულებისთვისაა დამახასიათებელი და სწორედ ამ გზით მიიღოს სადავო ფაქტობრივი გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში, მოწმეთა ჩვენებების ურთიერთშეჯერების შედეგად პალატა გამორიცხავს მოწმეების რაიმე სახით საქმის შედეგებით დაინტერესებას, რამდენადაც აღნიშნული გავლენას ვერ მოახდენს მათზე, ასევე არც სხვა სახის დაინტერესება იკვეთება. მოსარჩელეს კი, სსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, მოწმეთა ჩვენებებისა და დადგენილი ფაქტების გამაქარწყლებელ რელევანტურ მტკიცებულებებზე არ მიუთითებია. მოსარჩელემ თავადაც დაადასტურა, რომ ვ.წ–ძესთან დაშორების დროს თ.წ–ძე იყო არასრულწლოვანი (10-11 წლის), თუმცა, მოსარჩელეს მასთან არც პირადი და არც სატელეფონო კონტაქტი არ ჰქონია, არ უკითხავს გერების ამბავი, არ შეუნარჩუნებია მათთან კომუნიკაცია. ამასთან, მოსარჩელისვე განმარტებით მისმა ნათესავებმა (დისშვილებმა) მოპასუხეებთან კონტაქტი მხოლოდ 2010-2016 წლებში სცადეს. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ვ.წ–ძის გარდაცვალებისას, ც.შ–ძე მის დაკრძალვაზე ან/და პანაშვიდზე არ ყოფილა და მამის გარდაცვალების გამო სამძიმარი არ გამოუხატავს მოპასუხეებისათვის.
29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ განსახილველ შემთხვევაში, დედინაცვალსა და გერებს შორის ვერ ჩამოყალიბდა ოჯახური თანაცხოვრება, რომელიც დაფუძნებული იქნებოდა სიყვარულზე, ურთიერთპატივისცემაზე, საერთო ინტერესებსა და მიზნებზე. მეუღლესთან 10 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მოსარჩელემ დატოვა მეუღლის ოჯახი ისე, რომ არანაირი ემოციური კავშირი ვ.წ–ძის ოჯახსა და ც.შ–ძეს შორის არ ყოფილა. ამდენად, სასამართლო ვერ დარწმუნდა, რომ მოსარჩელის გერებთან თანაცხოვრების პერიოდში მათ შორის გაჩნდა და ჩამოყალიბა ნამდვილი ოჯახური ერთობა და ჯანსაღი ურთიერთობა. საბოლოოდ, მოსარჩელემ ვერ დაძლია მის მხარეს არსებული მტკიცების ტვირთი და ვერ დაადასტურა სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელი ფაქტობრივი გარემოება, რომ გ. და თ.წ–ძეებზე მისი ზრუნვის პერიოდი იყო 5 წელზე მეტი, აგრეთვე ის, რომ მოსარჩელესა და პ.წ–ძეს (ასევე გ.წ–ძესა და თ.წ–ძეს შორის) შორის არსებობდა საყვარულზე და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანაცხოვრება.
30. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
31. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
32. ამასთან, საკასაციო საჩივის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
34. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ც.შ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
თეა ძიმისტარაშვილი