დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 03.06.2026
საქმის ნომერი
ას-1597-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
03.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ას-1597-2025

3 ივნისი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ქ.ს–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ე.კ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 31 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს ,,ე.კ–ის“ წარმომადგენელმა და სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხე ქ.ს–ძისათვის თანხის დაკისრება მოითხოვა.

- სარჩელის თანახმად, 2021 წლის 8 ივნისს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ–სა” და ქ.ს–ძეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება NOZU.0116572.002, რომლის საფუძველზეც, სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ–მა” სესხის სახით მსესხებელს გადასცა 2500 ლარი. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2022 წლის 16 დეკემბრამდე, სესხის ვადა კი - 18 თვით. სესხით სარგებლობისათვის, მსესხებელს ყოველთვიურად განესაზღვრა თანხა ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა წლიური საპროცენტო სარგებლის ოდენობა 35.52%. მოპასუხემ დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ, მას არ განუხორციელებია არცერთი გადახდა, გადახდილი აქვს მხოლოდ სესხის გაცემის ადმინისტრაციული გადასახდელი 100 ლარი, მოპასუხეს ერიცხება სესხის ძირითადი თანხა 2500 ლარი. სარჩელის აღძვრის დღისთვის მოპასუხეს ერიცხება შემდეგი დავალიანება: სესხის ძირი თანხა - 2500 ლარი, სარგებელი - 564.03 ლარი (აღნიშნულის დარიცხვა განხორციელებულია 2021 წლის 8 ივნისიდან - ხელშეკრულების დასრულების დღემდე - 2022 წლის 16 დეკემბრამდე), პირგასამტეხლო - 286.54 ლარი, რომელიც ითვლება ვადაგადაცილების დღიდან 2022 წლის 18 ივლისიდან სარჩელის წარდგენის დღემდე. 2024 წლის 29 აპრილს სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ–სა” და შპს „ე.კ–ს“ (ს/კ ..........) შორის გაფორმდა სასესხო პორტფელის გაყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ–მა” მოპასუხის მიმართ არსებული მოთხოვნის უფლება, დათმო შპს „ე.კ–ის“ სასარგებლოდ.

2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მიუთითა. მისი განმარტებით, 2021 წლის 8 ივნისს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,კ–სა" და მოპასუხეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ ქ.ს–ძეს სესხის სახით გადასცა 2500 ლარი. მოპასუხეს ვალდებულება არ შეუსრულებია, შესაბამისად, ხელშეკრულება დაირღვა და გამსესხებელს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2021 წლის ივლისიდან. მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების პირობები, არათუ უფლებას აძლევს გამსესხებელს, ხელშეკრულების პირველივე დარღვევისას მოითხოვოს ვალდებულების სრულად შესრულება, არამედ ხელშეკრულება სრულ თავისუფლებას აძლევს გამსესხებელს ნებისმიერ დროს მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ საფრთხე შეექმნება ვალდებულების ჯეროვან შესრულებას, რაც ცალსახად შეფასებითი კატეგორიაა და სრულად დამოკიდებულია მოსარჩელის შეხედულებაზე, როგორ შეაფასებს კონკრეტულ გარემოებას, ყოველგვარი ობიექტური კრიტერიუმის გარეშე.

- სესხის ხელშეკრულების (N1590619-2837187, 08.06.2021 წელი) 3.7 პუნქტის თანახმად, გამონაკლისის სახით უაქცეპტო წესით დასაშვებია ხელშეკრულების პირობების ცვლილება ცალმხრივად გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის, მინიმუმ ორი თვით ადრე წინასწარი შეტყობინების გზით, რომელიც უნდა განხორციელდეს მოკლე ტექსტური შეტობინების გაგზავნის მეშვეობით მსესხებლის რეკვიზიტებში მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე, რაც მოპასუხის შეფასებით, გულისხმობს იმას, რომ გამსესხებელს ნებისმიერ დროს შეუძლია შეცვალოს ხელშეკრულების პირობები, მათ შორის, ერთიანად მოითხოვოს სესხის სრულად დაფარვა და ეს არ არის დამოკიდებული მსესხებელზე. ეს გარემოებების არსებობა ცალსახად გულისხმობს, რომ სესხი არ არის პერიოდულად შესასრულებელი, ის არის ერთი მთლიანი ვალდებულება, რომელიც გაყოფილია შესრულებებად მანამ, სანამ გამსესხებელი ერთიანად დაბრუნებას არ მოისურვებს.

3. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით: შპს „ე.კ–ის'' სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე - ქ.ს–ძეს მოსარჩელე შპს „ე.კ–ის'' სასარგებლოდ 2021 წლის 08 ივნისის N OZU.0116572.002 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაეკისრა დავალიანების ძირითადი თანხის - 2070.56 ლარის, პროცენტის - 483.43 ლარის და პირგასამტეხლოს - 28.65 ლარის გადახდა. მოპასუხე - ქ.ს–ძეს მოსარჩელე შპს „ე.კ–ის'' სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 38,26 ლარის გადახდა. დანარჩენი ნაწილი დარჩა სახელმწიფო ბიუჯეტში. მოსარჩელე „ე.კ–ს'' დაეკისრა „იურიდიული დახმარების სამსახურის“ სასარგებლოდ იურიდიული მომსახურების ხარჯის 32 ლარის ანაზღაურება.

4. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით, ქ.ს–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება.

6. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ იზიარებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დამატებით დადგენილად მიიჩნევდა საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

6.1. 2021 წლის 8 ივნისს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ–სა” და ქ.ს–ძეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება NOZU.0116572.002, რომლის საფუძველზეც სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ–მა” სესხის სახით მსესხებელს გადასცა 2500 ლარი. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2022 წლის 16 დეკემბრამდე. სესხის ვადად - 18 თვე. სესხით სარგებლობისათვის, მსესხებელს ყოველთვიურად განესაზღვრა თანხა ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა წლიური საპროცენტო სარგებლის ოდენობა 35.52 %;

6.2. სადავო არაა, რომ მოპასუხემ დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, არ გადაიხადა ხელშეკრულებითა და გრაფიკით განსაზღვრული თანხა, გარდა სესხის გაცემის ადმინისტრაციული გადასახდელის - 100 ლარისა. მოპასუხეს ერიცხება დავალიანება - სესხის ძირი 2500 ლარი;

6.3. სესხის ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები ითვალისწინებს პირგასამტეხლოს დარიცხვას ვალდებულების დარღვევისას (3.6 პუნქტი), კერძოდ, პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლო შეადგენს 20 ლარს გრაფიკის ყოველი დარღვევისას, ხოლო ვადაგადაცილების მომდევნო დღეებზე - ძირი თანხის 0.5%-ს. თუ პირობა ეწინააღმდეგება სსკ-ის 625-ე მუხლის მე-5 ნაწილს, ამ შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ამ უკანასკნელს და პირგასამტეხლოს დღიური ოდენობა განისაზღვრება სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის არა უმეტეს 0.27%-ით. ხელშეკრულების თანახმად, სესხის დაფარვის თანმიმდევრობა არის შემდეგი: სესხის გაცემის ადმინისტრაციული სახდელები, პირგასამტეხლო (ასეთი ვალდებულების არსებობის შემთხვევაში), დარიცხული საპროცენტო სარგებელი, სესხის ძირითადი თანხა;

6.4. მოპასუხეს სარჩელის აღძვრის დღისთვის ერიცხება დავალიანება: სესხის ძირი თანხა – 2500 ლარი, სარგებელი - 564.03 ლარი (აღნიშნულის დარიცხვა დაანგარიშებულია 2021 წლის 8 ივნისიდან - ხელშეკრულების დასრულების დღემდე- 2022 წლის 16 დეკემბრამდე), პირგასამტეხლო - 286.54 ლარი (აღნიშნული ითვლება ვადაგადაცილების დღიდან - 2022 წლის 18 ივლისიდან სარჩელის წარდგენის დღემდე;

6.5. 2024 წლის 29 აპრილს სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ–სა” და შპს „ე.კ–ს“ (ს/კ ..........) შორის გაფორმდა სასესხო პორტფელის გაყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ–მა” მოპასუხის მიმართ არსებული მოთხოვნის უფლება დათმო შპს „ე.კ–ის“ სასარგებლოდ;

7. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ხელშეკრულებაზე თანდართულ კრედიტის დაფარვის გრაფიკზე, რომლის შესაბამისად, 2021 წლის 16 ივლისიდან 2022 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით, მოვალეს ყოველი თვის 16 რიცხვში უნდა გადაეხადა შეთანხმებული გრაფიკით გათვალისწინებული თანხა, რაც მოიცავდა ძირი თანხის ყოველთვიურად გადასახდელ ნაწილს და ნარჩენი ძირი თანხის პროცენტს.

8. პალატამ აღნიშნა, რომ მისი შეფასების საგანი იყო, თუ როდის დაიწყო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა.

9. სააპელაციო პალატამ მიუთითა სსკ-ის 128-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 130-ე, მუხლზე, 144-ე მუხლის პირველი ნაწილზე, სსკ-ის 129-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია და განმარტა, რომ კრედიტის დაფარვის ვადა მოიცავდა 2021 წლის 16 ივლისიდან 2022 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს. გრაფიკით იყო გათვალისწინებული ყოველი თვის განმავლობაში გადასახდელი თანხის ოდენობა და გადახდის თარიღი, რაც ცალსახად ადასტურებს იმას, რომ ვალდებულება მოვალეს პერიოდულად, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად უნდა შეესრულებინა.

10. პალატამ აღინიშნა, რომ პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების არსებობის დროს, გრაფიკის შესაბამისად შესასრულებელი თითოეული ვალდებულებისათვის დამოუკიდებლად წარმოიშობა მოთხოვნა.

11. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ხანდაზმულობის საკითხის შეფასების თვალსაზრისით, არ არსებობდა აპელანტის პრეტენზიების გაზიარების საფუძველი. პალატის განსჯით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოპასუხემ ვადას გადააცილა 2021 წლის ივლისიდან, წინამდებარე სარჩელი სასამართლოში წარდგენილია 2024 წლის 30 ოქტომბერს, შესაბამისად მოთხოვნები, რომლებიც მიემართება 2021 წლის 16 ნოემბრამდე პერიოდს, ხანდაზმულია და ქ.ს–ძეს შპს ,,ე.კ–ის“ სასარგებლოდ სწორად დაეკისრა 2582.64 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხა შეადგენს 2070.56 ლარს, პროცენტი 483.43 ლარს და პირგასამტეხლო 28.65 ლარს.

12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 31 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

13. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

13.1. კასატორის განმარტებით, დავის სწორად გადასაწყვეტად, აუცილებელია დადგინდეს, რა ტიპის ხელშეკრულება არსებობდა მხარეთა შორის, იყო ეს პერიოდულად თუ ნაწილ-ნაწილ შესასრულებელი, ერთი/მთლიანი ვალდებულება. სასამართლომ გვერდი აუარა ამ საკითხს და არ შეაფასა საქმეში არსებული ხელშეკრულება და მხოლოდ ხანდაზმულობის საკითხის ზოგადი სამართლებრივი საფუძვლების მითითებით შემოიფარგლა. გაუგებარია, რატომ მიიჩნია სასამართლომ ეს ხელშეკრულება პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებად, მაშინ როცა ხელშეკრულების არაერთი პირობა ადასტურებს, რომ ხელშეკრულება არის ერთი მთლიანი ვალდებულება, რომელსაც მოვალე იხდის ნაწილ-ნაწილ. სააპელაციო სასამართლოს განჩინება არის დაუსაბუთებელი, არ პასუხობს მთავარ კითხვას, რა ტიპის ხელშეკრულებაა და როგორ აითვლება ხანდაზმულობის ვადა.

13.2. კასატორის მთითებით, საქმეში წარმოდგენილი სესხის ხელშეკრულებით ცალსახად დასტურდება, რომ ბანკს შეუძლია შესრულება მოითხოვოს ერთიანად, სრულად, იმ პირობებშიც კი, თუ მოვალე ჯეროვნად ასრულებს ვალდებულებას და არავითარი დარღვევა არ აქვს, კერძოდ, კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ვალდებულების სრულად, ერთიანად შესრულება, თუ მიიჩნევს, რომ მოვალის ეკონომიური მდგომარეობა უარესდება, ასევე - მოვალის თანხმობის გარეშე, ნებისმიერ დროს შეცვალოს ხელშეკრულების პირობები, მათ შორის, ერთიანად მოითხოვოს ვალდებულების შესრულება. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ მოხმობილი სასამართლო პრაქტიკა უკავშირდება იმ შემთხვევებს, როცა კრედიტორს მხოლოდ მოვალის მიერ ხელშეკრულების არააჯეროვანი შესრულებისას აქვს ვალდებულების ერთიანად/სრულად შესრულების მოთხოვნის უფლება, შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები შეუსაბამოა განსახილველ საქმესთან.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 26 დეკემბრის განჩინებით, ქ.ს–ძის საკასაციო საჩივარი, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

15. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო: 16. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. 17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ: 18. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

19. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

20. საკასაციო სასამართლო საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია სესხის ხელშეკრულება (სსკ-ის 623-ე მუხლი: სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი).

21. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2021 წლის 8 ივნისს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ–სა” და ქ.ს–ძეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება NOZU.0116572.002, რომლის საფუძველზეც სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ–მა” სესხის სახით მსესხებელს გადასცა 2500 ლარი. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2022 წლის 16 დეკემბრამდე. სესხის ვადად - 18 თვე. სესხით სარგებლობისათვის, მსესხებელს ყოველთვიურად განესაზღვრა თანხა ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა წლიური საპროცენტო სარგებლის ოდენობა 35.52 %; მოპასუხემ დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, არ გადაიხადა ხელშეკრულებითა და გრაფიკით განსაზღვრული თანხა, გარდა სესხის გაცემის ადმინისტრაციული გადასახდელის - 100 ლარისა. დადგენილია, რომ მოპასუხემ ხელშეკრულება დაარღვია 2021 წლის 16 ივლისს. მოპასუხეს ერიცხება დავალიანება - სესხის ძირი თანხა 2500 ლარი; სესხის ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები ითვალისწინებს პირგასამტეხლოს დარიცხვას ვალდებულების დარღვევისას (3.6 პუნქტი), რომლის თანახმად პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლო შეადგენს 20 ლარს გრაფიკის ყოველი დარღვევისას, ხოლო ვადაგადაცილების მომდევნო დღეებზე ძირი თანხის 0.5%-ს. თუ პირობა ეწინააღმდეგება სსკ-ის 625-ე მუხლის მე-5 ნაწილს, ამ შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ამ უკანასკნელს და პირგასამტეხლოს დღიური ოდენობა განისაზღვრება სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის არა უმეტეს 0.27%-ით. ხელშეკრულების თანახმად, სესხის დაფარვის თანმიმდევრობა არის შემდეგი: სესხის გაცემის ადმინისტრაციული სახდელები, პირგასამტეხლო (ასეთი ვალდებულების არსებობის შემთხვევაში), დარიცხული საპროცენტო სარგებელი, სესხის ძირითადი თანხა; მოპასუხეს სარჩელის აღძვრის დღისთვის ერიცხება დავალიანება: სესხის ძირი თანხა – 2500 ლარი, სარგებელი - 564.03 ლარი (აღნიშნულის დარიცხვა დაანგარიშებულია 2021 წლის 8 ივნისიდან - ხელშეკრულების დასრულების დღემდე - 2022 წლის 16 დეკემბრამდე), პირგასამტეხლო - 286.54 ლარი (აღნიშნული ითვლება ვადაგადაცილების დღიდან - 2022 წლის 18 ივლისიდან სარჩელის წარდგენის დღემდე; დადგენილია, რომ 2024 წლის 29 აპრილს სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ–სა” და შპს „ე.კ–ს“ (ს/კ ..........) შორის გაფორმდა სასესხო პორტფელის გაყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ–მა” მოპასუხის მიმართ არსებული მოთხოვნის უფლება დათმო შპს „ე.კ–ის“ სასარგებლოდ. საქმეში წარმოდგენილია ხელშეკრულებაზე თანდართული კრედიტის დაფარვის გრაფიკი, რომლის შესაბამისად, 2021 წლის 16 ივლისიდან 2022 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით, მოვალეს ყოველი თვის 16 რიცხვში უნდა გადაეხადა გრაფიკით გათვალისწინებული თანხა, რაც მოიცავდა ძირი თანხის ყოველთვიურად გადასახდელ ნაწილს და ნარჩენი ძირი თანხის პროცენტს.

22. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრით სადავოდ არის გამხდარი სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი, კერძოდ, საკასაციო საჩივრის საფუძველს წარმოადგენს კასატორის არგუმენტი, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია შესასრულებელი ვალდებულება პერიოდულად შესასრულებლად და ხანდაზმულობის ათვლის არასწორი წესი გამოიყენა.

23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 128 მუხლის პირველი ნაწილი შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე. ამასთან, სასარჩელო ხანდაზმულობა გულისხმობს დროს, რომლის განმავლობაშიც პირს შეუძლია მოითხოვოს თავისი დარღვეული უფლების აღდგენა. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყონებლივ აღდგენის სტიმულიზაციას. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, 2007, გვ.63.).

24. სსკ-ის 130-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ პირის უფლება, სრული მოცულობით მოახდინოს საკუთარი კანონიერი ინტერესების რეალიზება ან სასამართლო წესით დაცვა, შეზღუდულია სამოქალაქო კანონმდებლობით სხვადასხვა სამართლებრივი ურთიერთობებისათვის განსხვავებულად დადგენილი ვადებით. კანონმდებელი განსაზღვრავს ხანდაზმულობის ვადის გამოანგარიშების წესს და მის ათვლას უკავშირებს დროს, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა საკუთარი უფლების დარღვევის ფაქტი, ან დროს, როდესაც მას ასეთის თაობაზე ობიექტურად უნდა შეეტყო.

25. სსკ-ის 129-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

26. კანონის მითითებული დანაწესი ითვალისწინებს ერთგვარ სპეციფიკას იმ ვალდებულებათა მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლასთან დაკავშირებით, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით სრულდება, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ხსენებული ვადა აითვლება ყოველი პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისათვის დამოუკიდებლად (სუსგ 19.03.2015წ. საქმე №ას-868-830-2014).

27. თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება (სუსგ 1.12.2010წ. №ას-599-562-2010).

28. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხანდაზმულობის ვადა გულისხმებს დროს, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე {სსკ-ის 144.1-ე მუხლი}.

29. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, სსკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე.

30. მოცემულ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, საქმეში წარმოდგენილია ხელშეკრულებაზე თანდართული სესხის დაფარვის გრაფიკი, რომლის თანახმად, კრედიტის დაფარვის ვადა მოიცავდა პერიოდს 2021 წლის 16 ივლისიდან 2022 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით. უდავოა, რომ სესხის ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს სესხის თანხა და მასზე დარიცხული სარგებელი გარკვეული პერიოდულობით უნდა გადაეხადა. ამდენად, ვინაიდან მოპასუხეს სესხის გადახდის ვალდებულება არა ერთდროულად, არამედ ნაწილ-ნაწილ, გარკვეული პერიოდულობით, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით ევალებოდა, ამგვარი გარიგება წარმოშობს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებებს (ზემოაღნიშნული მსჯელობა შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას - სუსგ 20.05.2013წ.№ას-1432-1351-2012, 14.02.2017წ. ას-934-899-2016, 22.06.2018წ. საქმე №ას-462-462-2018, 12.06.2018წ. საქმე №ას-440-440-2018) და მასზე უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა.

31. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მოვალისათვის თანხის ნაწილ-ნაწილ გადახდის ვალდებულების არსებობა ცალსახად შეესაბამება პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების სამართლებრივ ბუნებას და სხვაგვარად მისი შეფასება მცდარია.

32. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

33. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

34. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

35. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

37. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ.ს–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ბადრი შონია

ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე