დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-1553-2025 22 ივლისი, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები – თ.გ–ი, შპს „ა–ო“ (შპს „ო...“-ის უფლებამონაცვლე (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 03 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების დადგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 03.11.2025წ. განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდეგში: სააგენტო ან მოპასუხე ან კასატორი) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 15.04.2025წ. გადაწყვეტილება, რომლითაც:
1.1.თ.გ–ის (შემდეგში- მოსარჩელე ფიზიკური პირი) და შპს „ო...“-ის (შემდეგში - მოსარჩელე კომპანია) სარჩელი დაკმაყოფილდა;
1.2.სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებული №01....... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი, საჯარო გზებთან აუცილებელი კავშირით უზრუნველყოფის მიზნით, გამოყენებულ იქნეს აუცილებელ საავტომობილო გზად მოსარჩელე ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული №.......; №.........; №.........; №..........; №....... საკადასტრო კოდების მქონე მიწის ნაკვეთებთან მისასვლელად, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (შემდეგში - ექსპერტიზის ბიურო) 2024 წლის 25 ივლისის №005088824 დასკვნით შემოთავაზებული ერთადერთი ვარიანტის მიხედვით და 2024 წლის 29 ივლისის №13545 საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შესაბამისად;
1.3. სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებული №....... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი, საჯარო გზებთან აუცილებელი კავშირით უზრუნველყოფის მიზნით, გამოყენებულ იქნეს აუცილებელ საავტომობილო გზად მოსარჩელე კომპანიის საკუთრებაში არსებული №.......; №..........; №.......... საკადასტრო კოდების მქონე მიწის ნაკვეთებთან მისასვლელად, ექსპერტიზის ბიუროს 2024 წლის 25 ივლისის №005...... დასკვნით შემოთავაზებული ერთადერთი ვარიანტის მიხედვით და 2024 წლის 29 ივლისის №13... საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შესაბამისად.
2. სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია რომ მოსარჩელე ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული №.......; №..........; №.........; №......... და №........... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს ფაქტობრივი მდგომარეობით მისასვლელი გზა არ გააჩნია.
3. რაკი, მოპასუხე სააგენტოს წარმომადგენლის მოსაზრებით, მოსარჩელე ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების არსებული მდგომარეობა უშუალოდ მოსარჩელის ბრალითაა შექმნილი, კერძოდ, თავდაპირველად მოსარჩელის საკუთრებაში ირიცხებოდა №....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, რომელსაც საჯარო გზასთან კავშირი ჰქონდა, თუმცა, №........ საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის არასწორი გამიჯვნის შედეგად საჯარო გზასთან კავშირი გაუქმდა, რაც გამორიცხავს აუცილებელი გზის დადგენის შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებას, სააპელაციო პალატის მსჯელობა იმ საკითხის კვლევას დაეთმო იკვეთებოდა თუ არა მოსარჩელე ფიზიკური პირის ბრალეულობა, საჯარო გზასთან კავშირის მოსპობაში.
4. დასმული საკითხის საკვლევად სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით იხელმძღვანელა, რომელიც ადგენს, რომ აუცილებელი გზის ან გაყვანილობის თმენის ვალდებულება არ წარმოიშობა, თუკი უკვე არსებული დაკავშირება მიწის ნაკვეთისა გაუქმდა მესაკუთრის თვითნებური მოქმედებით.
5. ზემომითითებული ნორმით გათვალისწინებული გარემოებების არსებობის შესამოწმებლად ყურადღება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე გაამახვილა:
6. სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრაციამდე №........ საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი დაურეგისტრირებელი იყო, რომლის გზად გამოყენების ფაქტს ორთოფოტო ადასტურებს (იხ.: ს.ფ.:53);
7. გარდა ამისა, მიწის ნაკვეთზე უკვე არსებობდა გრუნტის გზა, კერძოდ, ექსპერტიზის ბიუროს 25/07/2024წ. №005088... დასკვნაში აღნიშნულია, რომ №........; №.........; №.......; №.......... და №......... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებთან მისასვლელი გზა შესაძლებელია მოეწყოს ჩრდილოეთ ნაწილიდან (ბობ უოლშის ქუჩიდან), საჯარო რეესტრში №...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის აღმოსავლეთ ნაწილში არსებული რეგისტრირებული სერვიტუტისა და №........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გავლით, სადაც უკვე არსებობს მისასვლელი საავტომობილო გრუნტის გზა (დანართი №2-ზე ყვითელი ფერის ისრებით ნაჩვენები მიმართულება) (ს.ფ.: 54-65).
8. გარდა ამისა, ორთოფოტოების შეწავლის შედეგად პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ №........ მიწის ნაკვეთზე სერვიტუტის გავრცელება შედეგს ვერ მოიტანდა, თუ სერვიტუტით დატვირთული მიწის ნაკვეთის შემდგომ მოსარჩელე მის უძრავ ქონებამდე მისასვლელად სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებულ სადავო ქონებას არ გამოიყენებდა (იხ.: პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება - ს.ფ.: 234).
9. ზემომითითებულის შესაბამისად დადგინდა წლების განმავლობაში მოსარჩელის მიერ სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთის ფაქტობრივად გამოყენება, ხოლო საჯარო გზასთან კავშირის თვითნებურად მოსპობის თაობაზე მოპასუხე სააგენტოს მითითება უარყოფილი იქნა.
10. მოსარჩელის მიერ დასახელებული ვარიანტის უალტერნატივობაზე მოპასუხე სააგენტოს შედავებას რაც შეეხება, სააგენტოს, ექსპერტიზის დასკვნის საპირწონედ მტკიცებულება წარმოადგენილი არ ჰქონდა. გარდა ამისა, ვინაიდან მოსარჩელე ფიზიკურმა პირმა ექსპერტის წინაშე ითხოვა მის კუთვნილ მიწის ნაკვეთებთან მიმართებით აუცილებელი საავტომობილო გზის დადგენა, თუკი რამდენიმე ალტერნატიული ვარიანტი იქნებოდა განხილული ექსპერტის მიერ, ცხადია ეს ასახული იქნებოდა დასკვნაში. აღნიშნულიდან გამომდინარე სააგენტოს მოსაზრება, რომ ექსპერტიზის დასკვნაში ასახული გზა არ არის ერთადერთი ალტერნატივა და არსებობს უფრო ოპტიმალური ვარიანტები, სააგენტოს მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, რომელმაც სათანადო მტკიცებულება ვერ წარმოადგინა.
11. მოსარჩელე კომპანიის მოთხოვნასთან მიმართებით მოპასუხე სააგენტო განმარტავდა, ჯერ ერთი, კომპანიის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთებს გზასთან კავშირის პრობლემა არ გააჩნიათ და მეორეც, მოსარჩელეს სერვიტუტის საკითხი მოპასუხე სააგენტოში არ დაუყენებია და სააგენტოს ამ საკითხზე არ უმსჯელია.
12. სააპელაციო პალატამ ყურადღება ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს 28/06/2024წ. №16-0124162389 წერილზე გაამახვილა, რომლითაც დგინდება, რომ მართალია №........; №...... და №...... მიწის ნაკვეთებს საზოგადოებრივი სივრცე და მისასვლელი გზა გააჩნიათ დასავლეთით არსებული სატრანსპორტო ზონა 1 (ტზ-1)-დან, ბობ უოლშის ქუჩის მხრიდან, თუმცა, რამდენადაც მიწის ნაკვეთები რელიეფურია, გზასა და ნაკვეთებს შორის არის დონეთა სხვაობა, მოწყობილია მიწის დამჭერი საყრდენი კედელი. აღნიშნულიდან გამომდინარე ტერიტორიაზე სამანქანე შესვლა ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან არსებული სატრანსპორტო ზონა 1 (ტზ-1), ბობ უოლშის ქუჩის მხრიდან ვერ განხორციელდება და მიწის ნაკვეთების მისასვლელი გზით უზრუნველყოფის მიზნით საჭიროა სერვიტუტით დაიტვირთოს მომიჯნავედ არსებული ნაკვეთები, რომელთაც აქვთ უშუალო და ფაქტიური კავშირი გზასთან.
13. ექსპერტიზის ბიუროს №00508..... დასკვნით დადგინდა, რომ №......, №.......... და №.......... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებთან მისასვლელი გზა შესაძლებელია მოეწყოს აღმოსავლეთ ნაწილიდან (.......ქუჩიდან), საჯარო რეესტრში №......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის აღმოსავლეთ ნაწილში არსებული რეგისტრირებული სერვიტუტისა და №.......საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გავლით, რომლის ნაწილზეც უკვე არსებობს მისასვლელი საავტომობილო გრუნტის გზა (დანართი №2-ზე ყვითელი ფერის ისრებით ნაჩვენები მიმართულება).
14. ზემომითითებული წერილი და ექსპერტიზის ბიუროს №0050........ დასკვნა სააპელაციო პალატამ ვარგის მტკიცებულებად მიიჩნია იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ მოსარჩელე კომპანიის მოთხოვნა აუცილებელი გზის მიცემის შესახებ, საფუძვლიანი იყო.
15. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოპასუხე აპელანტმა საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა და სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
16. კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნების დაკმაყოფილებით იზღუდება კასატორის საკუთრების უფლება, რაც მართლზომიერი და პროპორციული უნდა იყოს, არ უნდა ეყრდნობოდეს მარტოოდენ მოსარჩელის არჩევანს. კასატორი განმარტავს, მოსარჩელე ფიზიკური პირის საკუთრებაში 2008წ. მდგომარეობით ირიცხებოდა მიწის ნაკევთი, რომელიც საჯარო რეესტრში აღრიცხული იყო .......... საკადასტრო კოდით და ამ მიწის ნაკვეთს საჯარო გზასთან მისასვლელი ჰქონდა, თუმცა, მესაკუთრის მიერ აღნიშნული ქონების გამიჯვნისა და მისი იმ ნაწილის გასხვისების შედეგად, რომელიც პირდაპირ აკავშირებდა საჯარო გზასთან, მან მოისპო გზასთან კავშირი.
17. მოსარჩელე ფიზიკური პირის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაში ექსპერტი მისასვლელი გზის შესაძლებლობას განსაზღვრავს უკვე არსებული გზის გათვალისწინებით, თუმცა, ტექნიკური თვალსაზრისით, აშკარაა რომ შესაძლებელია ალტერნატიული გზის მოწყობაც.
18. მოსარჩელე იურდიული პირის მოთხოვნასთან მიმართებით კი, სასამართლო დაეყრდნო ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს 28/06/2024წ. №16-0124162389 წერილს, მაშინ როდესაც მითითებული სააგენტოს უფლებამოსილების ფარგლებს სცდება იმსჯელოს მისასვლელი გზის უალტერნატივობაზე (დეტალურად იხ., საკასაციო საჩივარი).
19. მოსარჩელე ფიზიკურმა პირმა საკასაციო შესაგებელში კასატორსათვის წარმომდგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის - 1000 აშშ დოლარი, დაკისრება მოითხოვა (იხ., საკასაციო შესაგებელი).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
20. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
21. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
22. საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერება, რომლითაც მოსარჩელეთათვის აუცილებელი გზის დადგენის შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
23. უდავოა, რომ №.......; №.......; №.........; №.......... და №....... საკადასტრო კოდებით მოსარჩელე ფიზიკური პირის საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს ძირითად გზასთან მისასვლელი გზა, ფაქტობრივი მდგომარეობით, არ გააჩნიათ.
24. კასატორი განმარტავს, რომ მოსარჩელე ფიზიკური პირის საკუთრებაში 2008წ. მდგომარეობით 4524კვ.მ მიწის ნაკვეთი ირიცხებოდა, რომელსაც ძირითად გზასთან მისასვლელი კავშირი ჰქონდა, თუმცა, მესაკუთრის მიერ მიწის ნაკვეთის გამიჯვნისა და მისი იმ ნაწილის გასხვისების შედეგად, რომელიც პირდაპირ აკავშირებდა ძირითად გზასთან, მოისპო გზასთან კავშირი. ეს კი, გამორიცხავს კასატორის ვალდებულებას ითმინოს თავისი მიწის ნაკვეთის მოსარჩელე ფიზიკური პირის სასარგებლოდ გამოყენება (იხ.: საკასაციო საჩივარი გვ.: 422).
25. რაკი, სადავოა აუცილებელი გზის უფლების დადგენა, მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას სსკ-ის 180.1 მუხლი (თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო-, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად) წარმოადგენს.
26. სსკ-ის 180.1 მუხლით წესრიგდება სამეზობლო თმენის ვალდებულება, რაც წარმოადგენს საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს. ამ ნორმით გათვალისწინებული ბოჭვის უფლების ამ ხარისხით გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ისეთი ობიექტური ფაქტორებით, რომლის არსებობის შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელია მესაკუთრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე. მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება ნიშნავს საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან აუცილებელი კავშირის არსებობას. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ კავშირის არსებობა არ არის დამოკიდებული სუბიექტურ მიზანშეწონილობასა და არჩევანზე, არამედ, ობიექტურად არსებულ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უთითებენ აუცილებელ, უალტერნატივო კავშირზე საჯარო გზებთან და ა.შ.
27. სსკ-ის 180-ე მუხლის გამოყენებისათვის საჭიროა ობიექტური გარემოებების არსებობა, რაც წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის უალტერნატივო წინაპირობას. ეს კი ნივთის ასეთი უფლებით დატვირთვას მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გულისხმობს, ანუ - თუ არსებობს ობიექტური გარემოება, როგორიცაა - სხვა გზის არარსებობა, რაც ნივთის ჯეროვანი გამოყენების საშუალებას არ იძლევა და ამით ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა მცირდება ან საერთოდ იკარგება. ამასთან, ვინაიდან აუცილებელი გზის დადგენა მეზობელი მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მნიშვნელოვან ჩარევას იწვევს, აუცილებელი კავშირი მკაცრი კრიტერიუმებით უნდა განისაზღვროს (იხ., ზარანდია თ., სანივთო სამართალი, მეორე შევსებული გამოცემა, თბილისი, 2019, 279, 280).
28. აუცილებელი გზით სარგებლობის უფლება - ესაა კანონით დადგენილი საკუთრების უფლების შეზღუდვა (ე. წ. “servitus necessaria“ - „აუცილებელი გზის სერვიტუტი“) და წარმოიშობა მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც არის ცალმხრივი აღმჭურველი ნების გამოვლენა (იხ., თოთლაძე ლ., სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი II, თბილისი, 2018წ., მუხ.180, ველი 1).
29. უდავოა, რომ №.........; №........; №.......; №......... და №.......... საკადასტრო კოდებით მოსარჩელე ფიზიკური პირის საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს ძირითად გზასთან მისასვლელი გზა, ფაქტობრივი მდგომარეობით, არ გააჩნია.
30. სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრაციამდე №.......... საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი დაურეგისტრირებელი იყო, რომლის გზად გამოყენების ფაქტი ორთოფოტოს მეშვეობითაა დადასტურებული (ს.ფ.: 53);
31. დასტურდება ის გარემოებაც, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე უკვე არსებობდა გრუნტის გზა, კერძოდ, ექსპერტიზის ბიუროს 25/07/2024წ. №00508.... დასკვნაშია აღნიშნული: №.......; №..........; №..........; №.......... და №......... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებთან მისასვლელი გზა შესაძლებელია მოეწყოს ჩრდილოეთ ნაწილიდან (ბობ უოლშის ქუჩიდან), საჯარო რეესტრში №......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის აღმოსავლეთ ნაწილში არსებული რეგისტრირებული სერვიტუტისა და №.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გავლით, სადაც უკვე არსებობს მისასვლელი საავტომობილო გრუნტის გზა (დანართი №2-ზე ყვითელი ფერის ისრებით ნაჩვენები მიმართულება) (ს.ფ.: 54-65).
32. ამასთან, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილია და დასაბუთებული საკასაციო შედავებით გაქარწყლებული არაა ის გარემოება, რომ №.......... მიწის ნაკვეთზე სერვიტუტის გავრცელება შედეგს ვერ მოიტანდა, თუ სერვიტუტით დატვირთული მიწის ნაკვეთის შემდგომ მოსარჩელე მის უძრავ ქონებამდე მისასვლელად სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებულ სადავო ქონებას არ გამოიყენებდა.
33. ზემომითითებული ფაქტობრივი გარემოებები საკასაციო პალატისთვის საკმარისია იმ დასკვნის გასაზიარებლად რომ სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთი წლების განმავლობაში ფაქტობრივად გამოყენებოდა მოსარჩელე ფიზიკური პირის საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ქონების საჯარო გზასთან კავშირის უზრუნველსაყოფად და მისი მოსარჩელის მიერ მოსპობის თაობაზე კასატორის პრეტენზიას ვარგისი საფუძველი არ გააჩნია.
34. ექსპერტიზის ბიუროს 25/07/2024წ. №00508..... დასკვნაში მისასვლელი გზის უალტერნატივობის წინააღმდეგ გამოთქმულ კასატორის პრეტენზიას, რაც შეეხება, საკასაციო პალატა აღნიშნავს, სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს.
35. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს.
36. ამასთან, ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე.
37. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. მოსარჩელეს ევალება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს სარჩელის წინაპირობების არსებობა. მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ კი, საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებას წარმოადგენს, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურსამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
38. სადავო შემთხვევაში, აუცილებელი გზით სარგებლობის საკითხი მოსარჩელე ფიზიკური პირის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის 25/07/2024წ. №00508....... დასკვნის მიხედვითაა განსაზღვრული. მითითებულ დასკვნაში აღნიშნულია, №.........; №........; №.......; №........ და №...... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებთან მისასვლელი გზა შესაძლებელია მოეწყოს ჩრდილოეთ ნაწილიდან (ბობ უოლშის ქუჩიდან), საჯარო რეესტრში №......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის აღმოსავლეთ ნაწილში არსებული რეგისტრირებული სერვიტუტისა და №.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გავლით, სადაც უკვე არსებობს მისასვლელი საავტომობილო გრუნტის გზა (დანართი №2-ზე ყვითელი ფერის ისრებით ნაჩვენები მიმართულება) (ს.ფ. 54-65). კასატორი არ ეთანხმება ამ გზას, რადგან მიაჩნია, რომ გზის მოწყობის შესაძლებლობას ექსპერტი განსაზღვრავს მხოლოდ უკვე ფაქტობრივად არსებულ გზის გათვალისწინებით, თუმცა, ტექნიკური თვალსაზრისით შესაძლებელია ალტერნატიული გზის მოწყობაც.
39. კასატორის შედავების საფუძვლიანობის გამოსარკვევად საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 180.1 მუხლით გათვალისწინებულ წინაპირობათა არსებობა კონკრეტულ დავასთან დაკავშირებით სარწმუნოდ უნდა იქნეს დადგენილი. როგორც წესი, აუცილებელი გზის უფლების თაობაზე წარმოდგენილი სარჩელი ფორმალურად გამართულია, თუკი მოსარჩელე მიუთითებს ნორმით განსაზღვრულ ყველა წინაპირობაზე: ის უნდა წარმოადგენდეს მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს; მიწის ნაკვეთს არ უნდა გააჩნდეს ჯეროვანი კავშირი საჯარო გზასთან; მეზობელი ნაკვეთის აუცილებელ გზად გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ნივთის ფაქტობრივი მდებარეობითა და ფუნქციური დანიშნულებისამებრ გამოყენებით; მეზობელი მიწის ნაკვეთი უნდა იყოს მიზნის მიღწევის ერთადერთი პროპორციული საშუალება. იმის მიხედვით, თუ ჩამოთვლილთაგან რომელ ფაქტებს შეედავება მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრე, განისაზღვრება მტკიცების საგანი (სადავო ფაქტები) და შედავებათა პროცესუალური ხასიათიდან გამომდინარე, მხარეთა შორის ნაწილდება მტკიცების ტვირთი.
40. რაც შეეხება დასაშვებ მტკიცებულებას, პრაქტიკაში, აუცილებელი გზის დასაბუთება სხვადასხვა მტკიცებულებებით, მათ შორის, საექსპერტო დასკვნით, სასამართლოს მიერ ადგილზე დათვალიერების შედეგად გამოვლენილი ფაქტობრივი მოცემულობებითაა შესაძლებელი (შდრ: სუსგ №ას-36-2024, 05.07.2024წ. პპ: 5.2, 5.3,19).
41. ექსპერტიზის დასკვნა ესაა მტკიცებულების სახე, რომელიც შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს საქმის გარემოებათა დასადგენად. იმის მიხედვით, თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რა გარემოებაა დასადგენი. თავად ექსპერტი კი, პროცესის მონაწილე დამხმარე სუბიექტია, რომელიც ფლობს სპეციალურ ცოდნას მეცნიერების, ტექნიკის, მედიცინის, ხელოვნების ან ხელობის დარგში. მის მიერ შედგენილ დასკვნაში გადმოცემულია გამოკვლევის შინაარსი, შედეგები და პასუხი მის წინაშე დასმულ კითხვებზე. სსსკ-ის 162-ე მუხლის ნორმატიული გაგებით, მტკიცების ამ საშუალებით შესაძლებელია საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტის დადგენა, ხოლო ამგვარი მტკიცებულების გარეშე, ზოგიერთ შემთხვევაში, საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ექსპერტიზის საჭიროება საქმეზე დასადგენი გარემოებების თავისებურებიდან გამომდინარეობს. ექსპერტიზის დასკვნა, როგორც სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კვლევის წერილობითი შედეგი პასუხს სცემს სამოქალაქო საქმესთან დაკავშირებით მხარეთა ანდა სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებს. ერთი მხარის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის მტკიცებულებითი მნიშვნელობის შეფასება დამოკიდებულია მეორე მხარის კვალიფიციურ შედავებაზე. კერძო დავებზე წარმატების მისაღწევად მხარეებმა ჯეროვნად უნდა განკარგონ თავიანთი საპროცესო უფლებები, რაც დავის ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებისა და მათი რელევანტური მტკიცებულებებით დამტკიცების ტვირთის რეალიზებაში მდგომარეობს. ამ უფლებით თანაბრად სარგებლობს როგორც მოსარჩელე (სარჩელის ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება), ასევე, მოპასუხე (სარჩელის ფაქტობრივი გარემოებების გაქარწყლება)“ (იხ., გაგუა ი., „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, 2020წ., 97-122, რედ-ები: ძლიერიშვილი ზ., კვანტალიანი ნ.). განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ფიზიკური პირის მიერ, მისი მტკიცების საპროცესო ვალდებულების შესრულების პირობებში, წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის საწინააღმდეგო მტკიცების საპროცესო საშუალების წარმოდგენის ვალდებულებამ, მოპასუხე სააგენტოს მხარეზე გადაინაცვლა (იხ., სუსგ-ები №ას-152-2024, 27.05.2025წ.; №ას-569-2024, 08.11.2024წ..).
42. შესაბამისად, დავის საერთო სასარჩელო წესით განხილვისას, მოპასუხე სააგენტოს საპირისპირო გარემოების დასადასტურებლად და მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის გასაქარწყლებლად შეეძლო თავადაც წარმოედგინა რელევანტური მტკიცებულება (პირობითად, სხვა საექსპერტო დასკვნა) (იხ., სუსგ №ას-45-2021, 22.04.2021წ. პ.46).
43. საკასაციო პალატა, მოსარჩელე კომპანიისთვის მიკუთვნებულ აუცილებელ გზასთან მიმართებით წარმოდგენილ საკასაციო პრეტენზიასაც არ იზიარებს და ყურადღებას ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს 28/06/2024წ. №16-0124162389 წერილზე გაამახვილებს, რომლის მიხედვით მართალია №.......; №........ და №........ მიწის ნაკვეთებს საზოგადოებრივი სივრცე და მისასვლელი გზა გააჩნიათ დასავლეთით არსებული სატრანსპორტო ზონა 1 (ტზ-1)-დან, ......... ქუჩის მხრიდან, თუმცა, რამდენადაც მიწის ნაკვეთები რელიეფურია და გზასა და ნაკვეთებს შორის არის დონეთა სხვაობა, მოწყობილია მიწის დამჭერი საყრდენი კედელი. ტერიტორიაზე სამანქანე შესვლა ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან არსებული სატრანსპორტო ზონა 1 (ტზ-1), ბობ უოლშის ქუჩის მხრიდან ვერ განხორციელდება და მიწის ნაკვეთების მისასვლელი გზით უზრუნველყოფის მიზნით საჭიროა სერვიტუტით დაიტვირთოს მომიჯნავედ არსებული ნაკვეთები, რომელთაც აქვთ უშუალო და ფაქტიური კავშირი გზასთან (ს.ფ.: 88).
44. ამასთან, ექსპერტიზის ბიუროს №005089024 დასკვნით დადგენილია, რომ №........., №.......... და №.......... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებთან მისასვლელი გზა შესაძლებელია მოეწყოს აღმოსავლეთ ნაწილიდან (........ ქუჩიდან), საჯარო რეესტრში №.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის აღმოსავლეთ ნაწილში არსებული რეგისტრირებული სერვიტუტისა და №......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გავლით, რომლის ნაწილზეც უკვე არსებობს მისასვლელი საავტომობილო გრუნტის გზა (დანართი №2-ზე ყვითელი ფერის ისრებით ნაჩვენები მიმართულება).
45. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება ამ განჩინების პ.18-ში მითითებული კასატორის პრეტენზია. როგორც ზემოთ აღინიშნა მოსარჩელე კომპანიისთვის აუცილებელი გზის დადგენის ნაწილში, სააპელაციო სასამართლო მხოლოდ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს წერილს არ დაეყრდნო, არამედ სადავო საკითხის გადაწყვეტისას საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან ერთად მხედველობაში მიიღო საექსპერტო ბიუროს №005089024 დასკვნა, რომლის საპირწონე მტკიცებულება მოპასუხე სააგენტოს არ წარმოუდგენია.
46. საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმომადგენელის მომსახურებისთვის გადახდილი საპროცესო ხარჯის კასატორისთვის დაკისრებას რაც შეეხება, მოსარჩელე ფიზიკური პირი 1000 აშშ დოლარის დაკისრებას მოითხოვს, რასაც საკასაციო პალატა ნაწილობრივ იზიარებს.
47. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის მეორე მხარისათვის დაკისრების საკითხის გადაწყვეტის წესი მოცემულია სსსკ-ის 53-ე მუხლში. ნორმის პირველი ნაწილის დანაწესით, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4%-ისა. ნორმის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ერთმნიშვნელოვან ოდენობას, არამედ ამ ოდენობის გონივრულად განსაზღვრის უფლებას უტოვებს სასამართლოს. ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმ მოსაზრებით, რომ ადვოკატის მომსახურებაში გადახდილი ხარჯების სანაცვლო ანაზღაურებამ დაუსაბუთებლად არ უნდა შეზღუდოს პროცესის მონაწილე მხარის უფლება და არ უნდა შექმნას წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის პროცესუალური საფუძველი; ნორმის ამგვარი შინაარსის მიზანია პროცესის მონაწილე მეორე მხარის უფლებების დაუსაბუთბელი შეზღუდვის თავიდან აცილება. გონივრულეობის კრიტერიუმად კი, კანონმდებელი მიიჩნევს დავის საგნის ღირებულების არაუმეტეს 4%-ს. ნიშანდობლივია, რომ დავის საგნის ღირებულების 4% წარმოადგენს ზედა ზღვარს (კანონით დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას), რომლის ფარგლებშიც ხდება ხარჯების ოდენობის სასამართლოსმიერი განსაზღვრა და ამ თვალსაზრისით, მხედველობაში მიიღება კონკრეტულად რა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები იქნა განხორციელებული ადვოკატის მიერ, რა სახის ადამიანური რესურსი დაიხარჯა, საქმის წარმოების რომელ ეტაპზე პროცესის მონაწილე რომელმა მხარემ გასწია იგი და სხვ.
48. მოცემულ შემთხვევეაში, საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სარჩელი პირველი ინსტანციის სასამართლოშივე წარმატებულია, ხოლო მოსარჩელე ფიზიკური პირს სააპელაციო და საკასაციო ინსტანციაში მონაწილეობა უწევდა როგორც მოწინააღმდეგე მხარეს და ამასთან კასატორს იგივე არგუმენტაცია ჰქონდა სარჩელის წინააღმდეგ რასაც იგი შესაგებელსა და სააპელაციო საჩივარში უთითებდა, შესაბამისად, მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სამართალწარმოების მოცემული ეტაპის - დასაშვებობის პროცესუალური საფუძვლით შემოწმებისას, ადვოკატის მომსახურების ხარჯი უნდა ანაზღაურდეს 100 ლარის ოდენობით (შდრ.: სუსგ №ას-705-2020, 08 აპრილი, 2022წ.).
49. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. მოწინააღმდეგე მხარის თ.გ–ის შუამდგომლობა საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე სასამართლოსგარეშე ხარჯის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს თ.გ–ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად 100 ლარის გადახდა;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი
ა. ძაბუნიძე