დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
1 ივნისი, 2026 წელი,საქმე №ას-161-2026 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან მიქაბერიძე,ბადრი შონია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
I კასატორი - შპს „ს.მ.ჯ–ი“ (მოსარჩელე)
II კასატორი - საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 7 ნოემბრის განჩინება
I კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
II კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის“ 2021 წლის 8 ნოემბრის განკარგულებით, ობიექტის (სამრეწველო და სამოქალაქო შენობა-ნაგებობის, ხიდების, გვირაბების, ჰიდროტექნიკური ნაგებობების, საავტომობილო გზების, აეროდრომების, ელექტროქსელების და სისტემების (1000ვ.-მდე და 10003-ს ზევით), სუსტი დენების, გათბობა ვენტილაცია-გაგრილების ქსელების და სისტემების, წყალმომარაგების, კანალიზაციის, წყალარინების ქსელებისა და სისტემების სამშენებლო სამუშაოებზე შპს „ს.მ.ჯ–ის“ (შემდეგში - მოსარჩელე, მენარდე ან მონიტორინგის ჯგუფი) A-ტიპის ინსპექტირების ორგანოს აკრედიტაცია ტექნიკური ზედამხედველობა-ინსპექტირების სფეროში შეჩერდა.
2. ზემოაღნიშნული ბრძანების კანონიერებაზე მონიტორინგის ჯგუფი სასამართლო წესით დავობს.
3. 2023 წლის 7 აპრილს, მონიტორინგის ჯგუფსა და სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიას (შემდეგში - მოპასუხე, შემკვეთი ან ადმინისტრაციული ორგანო) შორის ნარდობის ხელშეკრულება (შემდეგში - ნარდობის ხელშეკრულება, სადავო ხელშეკრულება ან ხელშეკრულება) გაფორმდა, რომლის საგანი იყო, 2023-2024 წლების განმავლობაში საჩხერის მუნიციპალიტეტში შემკვეთის გადაწყვეტილებით 50 000 ლარზე მეტი სახელშეკრულებო ღირებულების ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო სამუშაოების დოკუმენტაციის ინსპექტირების ანგარიშსა (ექსპერტიზა) და სამშენებლო სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურების გაწევა (1.1 პუნქტი).
3. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით ხელშეკრულების სრული ღირებულება 420 420 ლარს შეადგენდა (2.1 პუნქტი).
საზედამხედველო მომსახურების ღირებულება განისაზღვრებოდა საზედამხედველოდ გადაცემულ თითოეულ ობიექტზე დადასტურებული (ზედამხედველის მიერ ხელმოწერილი შესრულებული სამუშაოების აქტი - ფორმა N2) ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულების 2.94%-ით (2.2 პუნქტი).
4. ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდების ვადა 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განისაზღვრა. მომსახურება 2023-2024 წლებში უნდა გაწეულიყო.
2023 წელს ათვისებული იქნებოდა შემკვეთის საჭიროებიდან გამომდინარე თანხა, სამშენებლო სამუშაოების საზედამხედველო მომსახურების პროცენტის შესაბამისად - 12 000 000 ლარი (3.1 პუნქტი).
ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება იწარმოებოდა უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებზე (5.1 პუნქტი).
ანგარიშსწორებისთვის მენარდე ყოველ კონკრეტულ ობიექტზე წარუდგენდა შემკვეთს გაწეული საზედამხედველო და ინსპექტირების ანგარიშის (ექსპერტიზა) შედგენის მომსახურების მიღება-ჩაბარების ორმხრივ აქტს (წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო შესაბამისი დამატებითი ღირებულების გადასახადის ანგარიშფაქტურა), რის საფუძველზეც, მიღება-ჩაბარების აქტისა და დამატებითი ღირებულების გადასახადის ანგარიშფაქტურის წარდგენიდან 10 სამუშაო დღეში შემკვეთი აუნაზღაურებდა მენარდეს გაწეული მომსახურების ღირებულებას (5.2 პუნქტი).
5. მენარდე უფლებამოსილი იყო, რომ გაწეული მომსახურება შემკვეთისთვის ეტაპობრივად წარედგინა (7.1 პუნქტი).
6. მენარდის მიერ გაწეული მომსახურება მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ მიღებულად ჩაითვლებოდა. მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდებოდა შესრულებული სამუშაოების აქტის - ფორმა N2-ის დადასტურებისა და სამშენებლო სამუშაოების დოკუმენტაციის ინსპექტირების (ექსპერტიზის დადებითი დასკვნა) შემდეგ (7.2 პუნქტი).
7. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობით ან/და არაჯეროვნად შესრულებით გამოწვეული პასუხისმგებლობისგან მხარეები გათავისუფლდებოდნენ თუ ვალდებულებების შეუსრულებლობა ან/და არაჯეროვანი შესრულება დაუძლეველი ძალის (სტიქიური უბედურება, ეპიდემია, ომი, კარანტინი, საქონლის მიწოდებაზე ემბარგო დაწესება, საბიუჯეტო ასიგნებების მკვეთრი შემცირება, საზოგადოებრივი არეულობა, ცვლილებები კანონმდებლობაში და ა.შ.) ზეგავლენით იქნებოდა გამოწვეული, რომლის წინასწარ განსაზღვრა ან თავიდან აცილება მხარეთა შესაძლებლობას აღემატებოდა.
დაუძლეველი ძალით გამოწვეული მოვლენები იმ მოვლენებს ეწოდებოდა, რომელთა წარმოშობასა და განვითარებაზე ზეგავლენის მოხდენა მხარეებს არ შეეძლებოდათ (ფორს-მაჟორი) (10.1 პუნქტი).
8. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, დამრღვევი მხარე ვალდებული იყო, რომ მეორე მხარის მოთხოვნისთანავე გადაეხადა ხელშეკრულების ღირებულების 0.5%-ის ოდენობით პირგასამტეხლო, მაგრამ არანაკლებ 1 000 ლარისა (11.2 პუნქტი).
9. ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მეორე მხარეს შეეძლო მიეღო გადაწყვეტილება ხელშეკრულების სრულად ან მისი ცალკეული პირობის მოქმედების შეწყვეტის შესახებ, რაზეც მეორე მხარეს წერილობით აცნობებდა (12.1 პუნქტი).
10. ნარდობის ხელშეკრულების მოქმედების ვადად ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან 2025 წლის 31 იანვრის ჩათვლით (მე-16 პუნქტი) პერიოდი განისაზღვრა.
11. 2023 წლის 4 აპრილს მენარდემ შემკვეთს 10 510.50 ლარის ოდენობით საბანკო გარანტია წარუდგინა, რომელიც 2024 წლის 26 აპრილს 11 560.50 ლარამდე გაზარდა.
12. N1 შეთანხმებით მხარეებმა ხელშეკრულების ღირებულება შეცვალეს და 462 419.99 ლარით განსაზღვრეს.
13. 2024 წლის 18 აპრილს, მონიტორინგის ჯგუფისა და აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მხრიდან ინსპექტირების ორგანოსთვის აკრედიტაციის სფეროს ნაწილობრივი შეჩერების შესახებ მოსარჩელემ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს აცნობა. ამავე წერილით მენარდემ მოპასუხეს შეატყობინა, რომ 2024 წლის 16 აპრილის ჩათვლით შესრულებული სამუშაოს ფორმა 2-ის ინსპექტირების ანგარიშების გაცემაზე უფლებამოსილი იყო, ამასთან, 2024 წლის იანვარში აკრედიტაციის გაგრძელებისა და აკრედიტაციის სფეროს შემდგომი გაფართოების შესახებ განცხადება ჰქონდა წარდგენილი.
14. 2024 წლის 25 აპრილს, მოპასუხემ წერილით მიმართა მენარდეს, რომლის თანახმად აცნობა, რომ 2024 წლის 15 აპრილის ჩათვლით წარმოებული/შესრულებული სამუშაოს ფორმა 2-ის ინსპექტირების ანგარიშის, ხოლო აკრედიტაციის აღდგენის შემთხვევაში, გაწეული საზედამხედველო და ინსპექტირების ანგარიშის (ექსპერტიზა) გაცემაზე მოპასუხე იყო უფლებამოსილი.
15. მოსარჩელემ განახორციელა ობიექტებზე წარმოებული/შესრულებული სამუშაოების ფორმა 2-ის ინსპექტირების ანგარიშები, რისი მომსახურების ღირებულებასაც მოპასუხე მხარე დღემდე არ ანაზღაურებს, კერძოდ:
1). სოფელ ......., კ–ბი-ხ–ის საუბნო გზაზე რკ/ბეტონის საფარის მოწყობის (I მონაკვეთი) და სოფელ .........., მ–ის უბანში გზაზე რკ/ბეტონის საფარის მოწყობის შესრულებულ სამუშაოთა აქტებისა (ფორმა N2 თანხით 76,662,87 ლარი) და ტექნიკური ზედამხედველობის შეფასება/ინსპექტირება, რომლის ღირებულება 2 253.89 ლარს შეადგენდა;
2). ქ.საჩხერეში, N2 საბავშვო ბაღში ბილიკების და სათამაშო მოედნის მოწყობისა და N3 საბავშვო ბაღში ფანჩატურის, ბილიკებისა და საბავშვო მოედნის მოწყობის შესრულებულ სამუშაოთა აქტების (ფორმა N2, თანხით 42
176.32 ლარი) და ტექნიკური ზედამხედველობის შეფასება/ინსპექტირება, რომლის ღირებულება 1 239.98 ლარს შეადგენდა;
3). სოფელ ......... საუბნო გზებზე რკინა-ბეტონის გზის მოწყობის (მეორე ეტაპი) შესრულებულ სამუშაოთა აქტების (ფორმა N2, თანხით 80 593.79 ლარი) და ტექნიკური ზედამხედველობის შეფასება/ინსპექტირება, რომლის ღირებულება 2 369.46 ლარს შეადგენდა;
4). სოფელ ზედა და ქვედა ....... საუბნო გზებზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობის შესრულებულ სამუშაოთა აქტების (ფორმა №2 თანხით 217.478.55 ლარი) შეფასება/ინსპექტირება, რომლის ღირებულება 6 393.87 ლარს შეადგენდა;
5). საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლების - .........სა და ........ის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობის შესრულებულ სამუშაოთა აქტების (თანხით - 53 599 87 ლარი) შეფასება/ინსპექტირება, რომლის ღირებულება 1 575.84 ლარს შეადგენდა;
6). სოფელ ...... საუბნო გზებზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობის (მეოთხე ეტაპი) შესრულებულ სამუშაოთა აქტების (ფორმა №2, თანხით - 36 663.94 ლარი) შეფასება/ინსპექტირება, რომლის ღირებულება 1 077.92 ლარს შეადგენდა;
7). სოფელ ...... საუბნო გზებზე რკინა ბეტონის საფარის მოწყობის შესრულებულ სამუშაოთა აქტების (ფორმა N2, თანხით - 101 531.47 ლარი) შეფასება/ინსპექტირება, რომლის ღირებულება 2 985.03 ლარს შეადგენდა;
8). სოფელ ზედა ....... საუბნო გზებზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობის (მეორე ეტაპი) შესრულებულ სამუშაოთა აქტების (ფორმა №2 თანხით 599 092.85 ლარი) შეფასება/ინსპექტირება, რომლის ღირებულება 1 531.53 ლარს შეადგენდა;
9). სოფელ .......... საუბნო გზებზე რკინა-ბეტონის გზის მოწყობის (მეორე ეტაპი) შესრულებულ სამუშაოთა აქტების (ფორმა №2, თანხით, 82'547.51 ლარი) და ტექნიკური ზედამხედველობის შეფასება/ინსპექტირება, რომლის ღირებულება 2 426.90 ლარს შეადგენდა;
10). ქ.საჩხერეში, ........., ........... და ........... ქუჩების ფასადებისა და ღობეების კეთილმოწყობის სამუშაოების შესრულებულ სამუშაოთა აქტებისა და მონიტორინგის შეფასება/ინსპექტირება, რომლის ღირებულება 1 594.47 ლარს შეადგენდა;
11). სოფელ .........., რ. ნ–ძის სახლის მიმდებარედ დამეწყრილ მონაკვეთზე გაბიონის მოწყობის და სოფელ ...... თ.ბ–ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ საყრდენი კედლის მოწყობის შესრულებულ სამუშაოთა აქტების (ფორმა N2, თანხით - 32.055.62 ლარი) და ტექნიკური ზედამხედველობის შეფასება/ინსპექტირება, რომლის ღირებულება 942.44 ლარს შეადგენდა;
12). საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ .......... მინი საფეხბურთო მოედნის მშენებლობის შესრულებულ სამუშაოთა აქტების (ფორმა №2, თანხით - 71,364.58 ლარი) შეფასება/ინსპექტირება, რომლის ღირებულება 1 070.47 ლარს შეადგენდა;
13). სოფელ .......... საუბნო გზებზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობის შესრულებულ სამუშაოთა აქტების (ფორმა N2, თანხით - 98 760.23 ლარი) შეფასება/ინსპექტირება, რომლის ღირებულება 2 903.55 ლარს შეადგენდა;
14). სოფელ ....... საუბნო გზებზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობის (მეორე ეტაპი) შესრულებულ სამუშაოთა აქტების (ფორმა №2 თანხით 79'602.00 ლარი) შეფასება/ინსპექტირება, რომლის ღირებულება 2 340.30 ლარს შეადგენდა;
15). სოფელ ......... ჭ–ის საუბნო გზაზე რკინა ბეტონის საფარის მოწყობის შესრულებულ სამუშაოთა აქტების (ფორმა №2, თანხით - 7 640.82 ლარი) და ტექნიკური ზედამხედველობის შეფასება/ინსპექტირება, რომლის ღირებულება 224.64 ლარს შეადგენდა;
16). ქ.საჩხერეში, ....... ქუჩაზე მრავალფუნქციური სპორტული დარბაზის სამშენებლო სამუშაოების შესრულებულ სამუშაოთა აქტების (ფორმა №2, თანხით - 204 104.86 ლარი) შეფასება/ინსპექტირება, რომლის ღირებულება 6 000.68 ლარს შეადგენდა;
17). საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ........ საფეხბურთო მოედნის მშენებლობის გასაგრძელებლად საჭირო სამუშაოების შესრულებულ სამუშაოთა აქტების (ფორმა №2 თანხით 69'496.06 ლარი) და ობიექტზე შესრულებული სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის შეფასება/ინსპექტირება, რომლის ღირებულება 2 043.18 ლარს შეადგენდა.
16. მოპასუხის 2024 წლის 12 აგვისტოს ბრძანებით, მონიტორინგის ჯგუფის ინსპექტირების ორგანოს აკრედიტაციის სფეროს ნაწილობრივ შეჩერების მოტივით, (ობიექტის სამრეწველო და სამოქალაქო შენობა-ნაგებობის, ხიდების, გვირაბების, ჰიდროტექნიკური ნაგებობების, საავტომობილო გზების, აეროდრომების, ელექტროქსელების და სისტემების (1000ვ.-მდე და 10003-ს ზევით), სუსტი დენების, გათბობა ვენტილაცია-გაგრილების ქსელების და სისტემების, წყალმომარაგების, კანალიზაციის, წყალარინების ქსელებისა და სისტემების სამშენებლო სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობა-ინსპექტირება) აკრედიტაციიის კომიტეტის 2021 წლის 5 ნოემბრის ოქმისა და აკრედიტაციის ცენტრის 2021 წლის 8 ნოემბრის განკარგულების საფუძველზე ცალმხრივად შეწყდა სადავო ნარდობის ხელშეკრულება.
17. 2024 წლის 12 აგვისტოს, მოპასუხემ წერილით მიმართა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და მოსარჩელის შავ სიაში რეგისტრაცია მოითხოვა.
18. 2024 წლის 12 აგვისტოს, მოპასუხემ წერილი გაუგზავნა მოსარჩელეს და მიუთითა, რომ ამ უკანასკნელს უნდა დაკისრებოდა ხელშეკრულების მე-11 პუნქტის მე-2 ქვეპუნქტის შესაბამისად ხელშეკრულების ღირებულების 0.5%-ის ოდენობით პირგასამტეხლო, 2 312,10 ლარი, რაც 2024 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით უნდა ჩარიცხულიყო.
19. გარდა ამისა, მოპასუხემ, მოსარჩელის მიერ წარდგენილი სს „თ.დ–ის“ მიერ 2023 წლის 4 აპრილს გაცემული ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფის თანხის, 11 560.50 ლარის გამოთხოვის გადაწყვეტილება მიიღო.
20. 2024 წლის 16 აგვისტოს, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ საჩხერის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა მონიტორინგის ჯგუფმა, რომელმაც 2023 წლის 7 აპრილის ნარდობის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ მოპასუხის 2024 წლის 12 აგვისტოს ბრძანების ბათილად ცნობა და მოსარჩელისთვის 2 312.10 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ ამ უკანასკნელის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.
21. 2024 წლის 28 აგვისტოს, მოპასუხის წინააღმდეგ საჩხერის რაიონულ სასამართლოში მოსარჩელემ დამატებითი სარჩელი შეიტანა და შესრულებული სამუშაოს ღირებულების, 38 974.15 ლარის დაკისრება მოითხოვა.
22. ზემოხსენებული საქმეები საჩხერის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 25 ნოემბრის განჩინებით ერთ წარმოებად გაერთიანდა.
23. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს 19 487 ლარისა და 08 თეთრის გადახდა დაეკისრა, დანარჩენ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნები უარყოფილი იქნა.
24. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა.
25. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 7 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
25.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-19 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ ნარდობის ხელშეკრულება შეწყდა მენარდის ბრალეული მოქმედების შედეგად, ვინაიდან მან სრული მოცულობით ვერ შეასრულა მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ, შესაბამისი სამუშაოს შესასრულებლად მოსარჩელეს სათანადო აკრედიტაცია არ ჰქონდა. აღნიშნული კი, გამორიცხავდა ნარდობის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობასა და დაკისრებული პირგასამტეხლოს გაუქმებას, რაც ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველს ქმნიდა.
25.2. ვინაიდან აკრედიტაციის აღდგენა ვერ განხორციელდა, ინსპექტირების გარეშე მხოლოდ საზედამხედველო მომსახურება, მოპასუხემ არ მიიღო. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მხარეთა შორის შეთანხმების შესაბამისად შესრულებულად უნდა მიჩნეულიყო მხოლოდ შესრულებული სამუშაოების ფორმა 2-ის ინსპექტირების ანგარიში, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 636-ე მუხლის საფუძველზე ანაზღაურებას ექვემდებარებოდა.
26. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით, სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი მოპასუხემ შემდეგი დასაბუთებით წარმოადგინა:
- სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ცალ-ცალკე მომსახურებას ნარდობის ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა, არამედ, იგი ერთიანად შესასრულებელ სამუშაოს მოიაზრებდა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნარდობის საგანია, 2023-2024 წლების განმავლობაში საჩხერის მუნიციპალიტეტში შემკვეთის გადაწყვეტილებით 50 000 ლარზე მეტი სახელშეკრულებო ღირებულების ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო სამუშაოების დოკუმენტაციის ინსპექტირების ანგარიშისა (ექსპერტიზა) და სამშენებლო სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურების გაწევა. ხელშეკრულებით განსაზღვრული წესებიდან და ნორმებიდან მენარდის მიერ ნებისმიერი გადახვევის შემთხვევაში, შემკვეთი უფლებამოსილია, არ მიიღოს მომსახურება ან/და მენარდის მიმართ გამოიყენოს ხელშეკრულებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები. აქედან გამომდინარე, მოპასუხემ არ მიიღო არაჯეროვნად შესრულებული სამუშაო, რომლის პირობებიც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. ანგარიშსწორებისთვის ხელშეკრულების მთავარი პირობა (საზედამხედველო მომსახურება) და სამუშაოს ინსპექტირების ანგარიში (ექსპერტიზა) მენარდეს ყოველ კონკრეტულ ობიექტზე უნდა წარმოედგინა. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხეს გადასახდელად არ უნდა დაეკისროს 19 487.08 ლარი (იხ. დეტ. საკასაციო საჩივარი).
27. გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაა - მოსარჩელის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა, რაც შემდეგნაირადაა არგუმენტირებული:
- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების მოსარჩელის მიერ ჯეროვნად შესრულება სადავო ვერ გახდება, რადგან ყველა ვალდებულების შესრულება შესაბამისი წერილობითი მტკიცებულებებით, მათ შორის, მიღება-ჩაბარების აქტებით, საგადასახადო ანგარიშფაქტურებით, ინსპექტირების ანგარიშებით, სხელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთული მასალებითა და სხვა წერილობითი მტკიცებულებებით სათანადოდ არის დადასტურებული. გარდა ამისა, დადასტურებულია, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელემ არაერთი ინსპექტირების ანგარიში მოამზადა, რაც მოპასუხემ გამოიყენა და შესაბამის ხელშეკრულებებთან დაკავშირებით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთა. ეს გარემოებები სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს ქმნის (იხ. დეტ. საკასაციო საჩივარი).
28. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2026 წლის 13 თებერვლის განჩინებებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ისინი დაუშვებელია:
29. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
30. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება განაპირობა.
კონკრეტულ საქმეზე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორებს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენიათ, ამიტომ საკასაციო სასამართლოსათვის ისინი სავალდებულოა.
31. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია, თუ რამდენად საფუძვლიანია მოსარჩელის (მენარდე) მოთხოვნა, ერთის მხრივ, ნარდობის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისა და მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ შემკვეთის მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის, ხოლო, მეორეს მხრივ, 38 974.15 ლარის ოდენობით შესრულებული სამუშაოს ღირებულების შემკვეთისთვის დაკისრების თაობაზე.
32. განსახილველი საკითხის სწორად გადასაწყვეტად, საყურადღებოა, რომ მხარეთა შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულება შეწყდა მენარდის ბრალეული მოქმედების შედეგად, რადგან მან ვერ უზრუნველყო სრული მოცულობით მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება; კერძოდ, მენარდეს შესაბამისი ვალდებულებების შესასრულებლად სათანადო აკრედიტაცია არ გააჩნდა რაც ნარდობის ხელშეკრულების სრული მოცულობით შესრულებას აბსოლუტურად გამორიცხავდა. სსსკ-ის 407.2 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, ეს გარემოებები საკასაციო პალატისთვის სავალდებულოა.
33. შექმნილი ფაქტობრივი მოცემულობის გათვალისწინებით წარუმატებელია მოთხოვნა, ნარდობის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ დამკვეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და დაკისრებული პირგასამტეხლოს გაუქმების თაობაზე, რაც ამ ნაწილში გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების უდავო საფუძველს განაპირობებს.
34. რაც შეეხება ხელშეკრულების შეწყვეტამდე ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების დაკისრების საფუძვლის არსებობას, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მენარდის მხრიდან საზედამხედველო მომსახურებისა და ინსპექტირება/ექსპერტიზის გაწევის ფარგლებში მთლიანობაში 38 974.15 ლარის სამუშაო შესრულდა. ამ სამუშაოს შესრულების ფაქტი მოპასუხეს (დამკვეთს) არ უარყვია, თუმცა მან მიუთითა, რომ თანხმობა გამოთქვა საზედამხედველო მომსახურების გაწევაზე, ხოლო, აკრედიტაციის აღდგენის შემდეგ - ინსპექტირებაზე/ექსპერტიზაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სრული აკრედიტაციის აღდგენა მენარდემ ვერ განახორციელა, ინსპექტირების გარეშე მხოლოდ საზედამხედველო მომსახურება კი მოპასუხემ არ მიიღო, სააპელაციო სასამართლომ კანონშესაბამისად მიიჩნია, რომ შემკვეთი მხოლოდ ერთი სახის სამუშაოს - საზედამხედველო მომსახურების შესრულებას დაეთანხმა, ხოლო, ინსპექტირება/ექსპერტიზის განხორციელებაზე ამავე პერიოდში თანხმობა არ გაუცია.
ამდენად, მხარეთა შორის არსებული შეთანხმების შესაბამისად შესრულებული სამუშაო მენარდემ მხოლოდ ნაწილობრივ განახორციელა, შესაბამისად, თანხის ოდენობა მართებულად გაიყო ორად და მენარდეს სწორად უნაზღაურდა მის მიერ მოთხოვნილი თანხის ნახევარი - 19 487.08 ლარი (სსკ-ის 636-ე მუხლი - შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი).
35. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
36. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივრები დასაშვები იქნებოდა.
37. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორებმა ვერ გააქარწყლეს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
38. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. რაც შეეხება მოპასუხეს, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ეს უკანასკნელი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ს.მ.ჯ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს „ს.მ.ჯ–ს“ (ს/ნ ..........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ვ.კ–ძის (პ/ნ ..........) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1 090 ლარის (საგადახდო დავალება # 4964, გადახდის თარიღი - 19.12.2025) 70% - 763 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
4. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან;
5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
ბადრი შონია