დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
14 ივლისი 2026 წელი №ას-574-2026 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ე.ს–ვა
მოწინააღმდეგე მხარე - შ.პ.ს. „ს. და რ.მ.ჯ. ე/გ“
გასაჩივრებული განჩინება/გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 02 მარტის განჩინება და ამავე სასამართლოს 2025 წლის 17 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი - დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოცხადების და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის დაკისრება, დისკრიმინაცია/ვიქტიმიზაციის ფაქტის დადგენა, მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ე.ს–ვამ (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „I აპელანტი“, „კასატორი”, „დასაქმებული“) სარჩელით მიმართა თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს შ.პ.ს. „ს. და რ.მ.ჯ. ე/გ“-ის (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „II აპელანტი“, „დამსაქმებელი“) მიმართ, შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ს.ს. „ს. და რ. მ. ჯ. ე/გ“-ის 2023 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება ე.ს–ვასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ს.ს. „ს. და რ. მ. ჯ. ე/გ“-ის 2023 წლის 20 თებერვლის №20.02.2023-01/ა ბრძანება ე.ს–ვას ნაწილში;
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი ს.ს. „ს. და რ.მ.ჯ. ე/გ“-ის 2022 წლის 4 ივლისის №30.06.2022-01/ა ბრძანება;
1.4. ბათილად იქნეს ცნობილი ს.ს. „ს. და რ.მ.ჯ. ე/გ“-ის 2022 წლის 21 ოქტომბრის №21.10.2022-01/ე ბრძანება ე.ს–ვას ნაწილში;
1.5. ს.ს. „ს. და რ.მ.ჯ. ე/გ“-ს დაევალოს აღადგინოს ე.ს–ვა სამსახურში მზარეულის პოზიციაზე;
1.6. ს.ს. „ს. და რ.მ.ჯ. ე/გ“-ს ე.ს–ვას სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან - 2023 წლის 9 მარტიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე ყოველთვიურად დარიცხული 1087.5 ლარის ოდენობით;
1.7. დადგინდეს ს.ს. „ს. და რ.მ.ჯ. ე/გ“-ის მხრიდან ე.ს–ვას მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი დისკრიმინაციისგან დასაცავად შესაბამისი ორგანოებისათვის საჩივრით მიმართვისა და მათთან თანამშრომლობის ნიშნით;
1.8. ს.ს. „ს. და რ.მ.ჯ. ე/გ“-ს ე.ს–ვას სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება 50000 ლარის ოდენობით;
1.9. ს.ს. „ს. და რ.მ.ჯ. ე/გ“-ს ე.ს–ვას სასარგებლოდ დაეკისროს ს.ს. „ს.ბ–ი“-სთვის გადასახდელი სესხების სახით მატერიალური ზიანის ანაზღაურება, კერძოდ №8757720 სესხისთვის - 1453.53 ლარი, №8193660 სესხისთვის - 3009.97 ლარი, ხოლო №8786073 სესხისთვის - 153.74 ლარი.
მოპასუხის პოზიცია:
2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2024 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით ე.ს–ვას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
3.1. ბათილად იქნა ცნობილი ს.ს. „ს. და რ.მ.ჯ. ე/გ“-ის 2022 წლის 4 ივლისის №30.06.2022-01/ა ბრძანება;
3.2. ბათილად იქნა ცნობილი ს.ს. „ს. და რ.მ.ჯ. ე/გ“-ის 2023 წლის 20 თებერვლის №20.02.2023-01/ა ბრძანება ე.ს–ვას ნაწილში;
3.3. ბათილად იქნა ცნობილი ს.ს. „ს. და რ.მ.ჯ. ე/გ“-ის 2023 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება ე.ს–ვასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ;
3.4. ს.ს. „ს. და რ.მ.ჯ. ე/გ“-ს ე.ს–ვას სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის გადახდა 2000 ლარის ოდენობით;
3.5. ს.ს. „ს. და რ.მ.ჯ. ე/გ“-ს ე.ს–ვას სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად 1087.5 ლარის ოდენობით (დარიცხული) შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან (2023 წლის 9 მარტიდან), სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე (უკვე მიღებული 2 თვის სარგოს - 2131.50 ლარის გათვალისწინებით).
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა როგორც მოსარჩელემ, ისე მოპასუხემ. მოსარჩელის სააპელაციო მოთხოვნას წარმოადგენდა სააპელაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით:
5.1. შ.პ.ს. „ს. და რ.მ.ჯ. ე/გ“-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ დაკმაყოფილდა;
5.2. მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სასამართლო სხდომაზე აპელანტის/მოწინააღმდეგე მხარის - ე.ს–ვას არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო;
5.3. ე.ს–ვას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
5.4. შ.პ.ს. „ს. და რ.მ.ჯ. ე/გ“-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;
5.5. გაუქმდა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2024 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება ე.ს–ვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
სააპელაციო პალატის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოში ე.ს–ვასა და შ.პ.ს. „ს. და რ.მ.ჯ. ე/გ“-ის სააპელაციო საჩივრების განხილვა დაინიშნა სასამართლოს მთავარ სხდომაზე 2025 წლის 17 ნოემბერს, 11:00 საათზე. საქმეში წარმოდგენილი შესაბამისი უფლებამოსილი მოხელის მიერ შედგენილი აქტით დგინდება, რომ I აპელანტის/მოწინააღმდეგე მხარის ე.ს–ვას წარმომადგენელი ს.ჩ–ნი 2025 წლის 7 ოქტომბერს სატელეფონო გზით გაფრთხილდა 2025 წლის 17 ნოემბერს, 11:00 საათზე, დანიშნული სასამართლო სხდომისა და სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების შესახებ.
6.2. 2025 წლის 17 ნოემბერს, საქმის ზეპირი განხილვისას, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა I აპელანტი/მოწინააღმდეგე მხარე - ე.ს–ვა და მისი წარმომადგენელი - ს.ჩ–ნი. სასამართლო გონივრული დროით დაელოდა გამოუცხადებელი მხარის სხდომის დარბაზში გამოცხადებას, სხდომა გაიხსნა 11:22:50 საათზე, თუმცა I აპელანტი/მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადებულა სხდომაზე და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ არ უცნობებია სასამართლოსათვის.
6.3. II აპელანტი/მოწინააღმდეგე მხარის შ.პ.ს. „ს. და რ.მ.ჯ. ე/გ“-ის წარმომადგენელმა - ნ.ქ–მა I აპელანტი/მოწინააღმდეგე მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანით შ.პ.ს. „ს. და რ.მ.ჯ. ე/გ“-ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების, ე.ს–ვას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებით ე.ს–ვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა.
6.4. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 233-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ I აპელანტს/მოწინააღმდეგე მხარეს ე.ს–ვას სასამართლოს სხდომის თარიღისა და გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. გამომდინარე იქედან, რომ საქმის განხილვის მოცემულ ეტაპზე არ დგინდებოდა მხარის სასამართლო პროცესზე გამოცხადების დამაბრკოლებელი წინაპირობები, ვინაიდან მას სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ სააპელაციო სასამართლოსათვის არ უცნობებია, ხოლო გამოცხადებული მხარე I აპელანტის/მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელე) გამოუცხადებლობის გამო შუამდგომლობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, პალატამ მიიჩნია, რომ საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ყველა წინაპირობა კუმულატიურად არსებობდა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ნოემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა ე.ს–ვას წარმომადგენლმა ს.ჩ–ნმა, რომელმაც მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება, შემდეგი დასაბუთებით:
7.1. სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მიერ სასწრაფოდ მივლინებით გაიგზავნა 17-18 ნოემბერს რუსთავის ოფისში, ერთ-ერთ კომპანიაში კოლექტიური შრომითი დავისა და შესაძლო გაფიცვის საკითხებთან დაკავშირებით, გადაუდებელი სამართლებრივი კონსულტაციის გასაწევად, ხოლო ტელეფონი დარჩა სახლში, რის გამოც ვერ მოახერხა დაკავშირება სასამართლოსთან, რათა შეეტყობინებინა ამის შესახებ.
7.2. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მას, როგორც მხარის წარმომადგენელს, 2025 წლის 7 ოქტომბერს სატელეფონო გზით ეცნობა 2025 წლის 17 ნოემბერს, 11:00 საათზე ჩანიშნული სასამართლო სხდომისა და სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების თაობაზე. საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს უფლებამოსილი წარმომადგენელი დაუკავშირდა და აცნობა პროცესის ჩანიშვნის შესახებ, თუმცა არც გამოუცხადებლობის შედეგებზე უცნობებია და არც ვალდებულებაზე, რომ შეტყობინება გადაეცა ე.ს–ვასთვის. შესაბამისად, მას სასამართლოს სხდომის შესახებ უწყება კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარებია, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
7.3. საჩივრის ავტორმა მიუთითა სსსკ-ის 387-ე მუხლის მეორე ნაწილზე და აღნიშნა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისთვის უნდა დადასტურებულიყო სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტების იურიდიული მართებულობა, რასთან დაკავშირებითაც სასამართლოს არ უმსჯელია.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 02 მარტის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
სააპელაციო პალატის განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
9.1. მოცემულ შემთხვევაში ე.ს–ვა წარმოადგენს როგორც აპელანტს, ისე მოწინააღმდეგე მხარეს. შესაბამისად, მის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას უნდა დგინდებოდეს, რომ ის არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, რა შემთხვევაშიც მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა არის ე.ს–ვას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. ხოლო შ.პ.ს. „ს. და რ.მ.ჯ. ე/გ“-ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ე.ს–ვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის წინაპირობაა ე.ს–ვას არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა, „ს. და რ.მ.ჯ. ე/გ“-ის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებების დადასტურებულად ჩათვლა, რა დროსაც პალატა ემყარება მომჩივანის ახსნა-განმარტებას.
9.2. მოცემულ შემთხვევაში მომჩივანის ახსნა-განმარტება და სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები ეხება გასაჩივრებული დისციპლინური და სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებების კანონიერებას, რაც ითვლება დადასტურებულად. აღნიშნული კი, ამართლებს სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
9.3. საქმის მასალებით დგინდება, რომ სასამართლოს უფლებამოსილი მოხელის მიერ ე.ს–ვას წარმომადგენელ ს.ჩ–ნს 2025 წლის 7 ოქტომბერს ეცნობა 2025 წლის 17 ნოემბერს დანიშნული სასამართლო სხდომისა და სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების თაობაზე. საჩივრის ავტორის წარმომადგენელი არ უარყოფს, რომ მას ნამდვილად აცნობეს 2025 წლის 17 ნოემბერს დანიშნული სხდომის შესახებ, თუმცა სადავოდ ხდის არასაპატიო მიზეზით სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგების მისთვის განმარტებას. ასევე სადავოდ ხდის მის ვალდებულებას სხდომის თარიღის შესახებ ინფორმაციის მხარისთვის გადაცემის შესახებ.
9.4. პალატამ სსსკ-ის 93-ე და 70-ე მუხლებზე დაყრდნობით მიუთითა, რომ მხარე უფლებამოსილია პირადად აწარმოოს საქმე სასამართლოში, ან წარმომადგენლის მეშვეობით. ასეთ შემთხვევაში წარმომადგენელი იცავს მხარის ინტერესებს და ახორციელებს მინდობილობით მინიჭებულ უფლებამოსილებას. ამასთან, წარმომადგენლისთვის უწყების ჩაბარება გულისხმობს პროცესის მონაწილე მხარის ინფორმირებას და სასამართლოს პირადად მხარისთვის უწყების გადაცემის ვალდებულება არ გააჩნია. საჩივრის ავტორის წარმომადგენელი ადასტურებს, რომ სასამართლო სხდომის თარიღის შესახებ ინფორმირებული იყო, რაც გულისხმობს, რომ მხარეს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა უწყება.
9.5. საჩივრის შინაარსის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან გამოითხოვა სატელეფონო ჩანაწერი შიდა ნომრიდან (1472) 2025 წლის 07 ოქტომბერს, 15:00 საათიდან 15:05 საათამდე. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2026 წლის 23 თებერვლის წერილის თანახმად, სატელეფონო ჩანაწერი მითითებულ პერიოდში არ იძებნება. აღნიშნულის შემდგომ, თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამოითხოვა სატელეფონო ჩანაწერები შიდა ნომრიდან (1472): 2025 წლის 23 მაისი, 16:41 საათიდან 16:45 საათამდე შუალედში და 2025 წლის 4 ივლისი, 13:11 საათიდან 13:14 საათამდე შუალედში. აღნიშნული სატელეფონო შეტყობინებით ე.ს–ვას წარმომადგენელს ეცნობა სასამართლოს სხდომების თარიღების შესახებ. საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2026 წლის 23 თებერვალს წარმოადგინა სატელეფონო ჩანაწერები CD დისკზე. სატელეფონო ჩანაწერებიდან დგინდება, რომ მხარე ადასტურებს უწყების ჩაბარებას და ადასტურებს, რომ მისთვის ცნობილია არასაპატიო მიზეზით სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ. აღნიშნული სატელეფონო უწყებები მხარის წარმომადგენლისთვის ჩაბარებულია 2025 წლის 7 ოქტომბრამდე, რა დროსაც, მისი განმარტებით, მან სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ არ იცოდა.
9.6. ერთი მხრივ, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მხარის წარმომადგენელმა დაადასტურა 2025 წლის 17 ნოემბერს დანიშნული სხდომის შესახებ ინფორმაციის ფლობა, ხოლო, მეორე მხრივ, საქმეში დაცულ სხვადასხვა სატელეფონო ჩანაწერში მხარის წარმომადგენელი ადასტურებდა, რომ მისთვის ცნობილი იყო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შედეგები, პალატამ არ გაიზიარა მტკიცება, რომ უწყება კანონით დადგენილი წესით მისთვის ჩაბარებული არ ყოფილა.
9.7. სააპელაციო პალატამ სამართლებრივად შეაფასა დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარმოდგენილი საჩივრის ის არგუმენტიც, რომლის თანახმადაც, სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, დაუგეგმავ, გადაუდებელ მივლინებაში ყოფნისა და სასამართლოსთვის აღნიშნულის შესახებ წინასწარ შეტყობინების შეუძლებლობის გამო.
9.8. პალატის განსჯით, საჩივარზე თანდართული ცნობით არ ადასტურებოდა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შეუძლებლობა, ვინაიდან მისი შინაარსით არ დგინდებოდა, რომ სამართლებრივი კონსულტაციის გაწევას ვერ შეძლებდა ს.ჩ–ნის გარდა სხვა იურისტი. პალატამ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის მითითება, რომ ვერ შეძლო სასამართლოსთან დაკავშირება, რადგან ტელეფონი სახლში დარჩა. სასამართლოს მითითებით, სასამართლოსა და შესაბამისი მოხელის ნომერი ხელმისაწვდომია საჯაროდ და მას ნებისმიერი სატელეფონო საშუალებით შეეძლო სასამართლოსთან დაკავშირება გამოუცხადებლობის მიზეზის გადასაცემად, რასაც, მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია. პალატის მითითებით, მხარე უფლებამოსილი იყო, სასამართლო სხდომაში მონაწილეობა მიეღო დისტანციურად, რაც მას არ უცდია. ამდენად, სასამართლომ დაასკვნა, რომ საჩივრის ავტორმა ვერ წარადგინა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის შემადგენლობის არსებობას, ამასთან, ვერც საპატიო მიზეზით სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა დაადასტურა.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ნოემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ 2026 წლის 02 მარტის განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მათი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება, შემდეგი დასაბუთებით:
10.1. კასატორის მტკიცებით, მისი გამოუცხადებლობა სასამართლო სხდომაზე გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ საქართველოს პროფესული კავშირების გაერთიანებამ 2025 წლის 17-18 ნოემბერს სასწრაფოდ მიავლინა რუსთავის ოფისში, ერთ-ერთ კომპანიაში, კოლექტიური შრომითი დავისა და შესაძლო გაფიცვის საკითხებთან დაკავშირებით, გადაუდებელი სამართლებრივი კონსულტაციის გასაწევად, ხოლო ტელეფონი დარჩა სახლში, რის გამოც ვერ მოახერხა სასამართლოსთან დაკავშირება და სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ სასამართლოს წინასწარი ინფორმირება.
10.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 02 მარტის განჩინებაში მითითებულია, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2026 წლის 23 თებერვლის წერილის თანახმად, სატელეფონო ჩანაწერი 2025 წლის 07 ოქტომბრის 15:00 საათიდან 15:05 საათამდე პერიოდში არ იძებნება, თუმცა, მიუხედავად ამისა, პალატამ არ გაიზიარა ის გარემოება, რომ უწყება სათანადო წესით ჩაბარებული არ ყოფილა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძოდ, სასამართლოს უფლებამოსილ წარმომადგენელს 2025 წლის 07 ოქტომბერს შემდგარი სატელეფონო კომუნიკაციის მიმდინარეობისას ადრესატისთვის არ განუმარტავს სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგები და ამის საწინააღმდეგო დოკუმენტი საქმეში არ არსებობს. ნორმის განმარტება იმგვარად, რომ ადვოკატმა ისედაც იცის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგები და აღარ უნდა ეცნობოს, არ არის მართებული. საპროცესო ნორმის ამგვარი ინტერპრეტაცია არასწორია.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე სასამართლოს 2026 წლის 08 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილი იქნა დასაშვებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
12. მოცემულ შემთხვევაში, შესაფასებელია სააპელაციო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისა და მისი უცვლელად დატოვების კანონიერება.
13. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა კასატორის არგუმენტების გაცნობის შემდეგ მიიჩნევს, რომ ამ კუთხით მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარუდგენია.
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსთვის. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველ ნაწილში მოცემულია იმ შემთხვევების ჩამონათვალი, რომელთა არსებობის დროს დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, კერძოდ, აღნიშნული ნორმის მიხედვით, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.
15. კასატორის პრეტენზიის გათვალისწინებით, უნდა დადგინდეს, იყო თუ არა მიწვეული I აპელანტი/მოწინააღმდეგე მხარე საქმის განხილვაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. დასახელებული საკითხის გამოსაკვლევად, პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:
15.1. საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ ე.ს–ვასა და შ.პ.ს. „ს. და რ.მ.ჯ. ე/გ“-ის სააპელაციო საჩივრების განხილვა 2025 წლის 17 ნოემბერს, 11:00 საათზე დაინიშნა.
15.2. საქმის მასალებში დაცულია სატელეფონო აქტი, შედგენილი მოსამართლის თანაშემწის მიერ, რომელშიც მითითებულია, რომ 2025 წლის 07 ოქტომბერს დაუკავშირდა აპელანტ ე.ს–ვას წარმომადგენელ ს.ჩ–ნს მის მიერ მითითებულ ნომერზე, მიიღო დასტური, რომ ნამდვილად ს.ჩ–ნს ესაუბრებოდა და შეატყობინა საქმის განხილვის თარიღი, ამასთან, განუმარტა არასაპატიო მიზეზით სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგები (იხ. ტ.6, ს.ფ. 126).
15.3. დაუსწრებელი გადააწყვეტილების წინააღმდეგ წარდგენილ საჩივარში ე.ს–ვას წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ 2025 წლის 07 ოქტომბერს მოსამართლის თანაშემწის მიერ საქმის სააპელაციო სასამართლოში ზეპირი მოსმენით განხილვის თარიღი მართლაც ეცნობა, თუმცა უარყო ის გარემოება, რომ მას სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგები განემარტა. დასახელებული პრეტენზიის გათვალისწინებით, საჩივრის განმხილველმა სასამართლომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან გამოითხოვა 2025 წლის 07 ოქტომბერს მოსამართლის თანაშემწის შიდა ნომრიდან აპელანტის წარმომადგენლის მობილურ ნომერზე განხორციელებული ზარის აუდიო-ჩანაწერი. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სასამართლო ადმინისტრირების დეპარტამენტის წერილის თანახმად, აღნიშნული ჩანაწერი არ მოიძებნა.
15.4. ჩანაწერის არარსებობის მიუხედავად, სადავო არ არის ის გარემოება, 2025 წლის 17 ნოემბერს 11:00 საათზე გასამართი სასამართლო სხდომის შესახებ I აპელანტის/მოწინააღმდეგე მხარის - ე.ს–ვას წარმომადგენელი ინფორმირებული იყო სწორედ 2025 წლის 07 ოქტომბერს მოსამართლის თანაშემწესთან არსებული სატელეფონო კომუნიკაციის შედეგად. აღნიშნულს არც დაუსწრებელი გადაწყვეტილების წინააღმდეგ წარდგენილ საჩივარში და არც საკასაციო საჩივარში, კასატორი მხარე არ უარყოფს. სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგების განუმარტებლობის/არცოდნის არგუმენტს კი, აქარწყლებს ამავე საქმეზე მანამდე, 2025 წლის 07 ივლისსა და ამავე წლის 22 სექტემბერს დანიშნული სხდომების შესახებ სატელეფონო ფორმატით იმავე წარმომადგენლისთვის - ს.ჩ–ნისთვის ჩაბარებული უწყებების აუდიო-ჩანაწერების შინაარსი, რომელშიც წარმომადგენელი მოსამართლის თანაშემწის წინაშე ადასტურებს, რომ მისთვის ცნობილია სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შესაძლო შედეგები და ამ თვალსაზრისით, განმარტების მიღებას არ საჭიროებს. ამ მოცემულობაში კი, არადამაჯერებელია კასატორის წარმომადგენლის მტკიცება, რომ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა შესაძლო საპროცესო შედეგების არცოდნით იყო განპირობებული.
16. ამრიგად, საკასაციო სასამართლო დადასტურებულ გარემოებად იღებს მოსამართლის თანაშემწის მიერ 2025 წლის 07 ოქტომბერს შედგენილი სატელეფონო აქტის შინაარსს (ტ.6, ს.ფ. 126), ერთი მხრივ, იმ თვალსაზრისით, რომ მოსარჩელის წარმომადგენელს აცნობა სასამართლო სხდომის 2025 წლის 17 ნოემბერს, 11:00 საათზე, დანიშვნის შესახებ, მეორე მხრივ კი, განუმარტა ამავე სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგები. ამრიგად, საკასაციო სასამართლო უწყებას, სსსკ 73.2 მუხლის შესაბამისად, კასატორი მხარის წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად მიიჩნევს.
17.1. სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის მეორე არგუმენტად მოსარჩელის წარმომადგენელი მიუთითებს საპატიო მიზეზის არსებობას, სახელდობრ, სასამართლო სხდომის გამართვის დღეს მივლინებით ყოფნას. ამ თვალსაზრისით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების წინააღმდეგ წარდგენილ საჩივარს დაერთვის საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების პრეზიდენტის მიერ გაცემული ცნობა, რომლის თანახმადაც, 2025 წლის 17-18 ნოემბერს, გაერთიანების თანამშრომელი ს.ჩ–ნი მივლინებით იმყოფებოდა გაერთიანების რუსთავის ოფისში, ერთ-ერთ კომპანიაში კოლექტიური შრომითი დავისა და შესაძლო გაფიცვის საკითხებთან დაკავშირებით გადაუდებელი სამართლებრივი კონსულტაციის გასაწევად (ტ.6, ს.ფ. 150).
17.2. სსსკ 233-ე მუხლით კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა (იხ. სუსგ. №ას-803-803-2018, 27.09.2018წ.; №ას-1445-1459-2011, 31.10.2011წ.; №ას-1410-1330-2017, 30.01.2018წ.).
17.3. საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს საქმის მასალებში დაცულ, 10.10.2024 წლით დათარიღებულ მინდობილობას, რომლის ძალითაც, ე.ს–ვამ 5 წლის ვადით სასამართლო წარმომადგენლობის უფლებამოსილება მიანიჭა ა.ხ–ძესა და ქ.ჩ–ძეს (იხ. ტ.6, ს.ფ. 77-78). დასახელებული წარმომადგენლობითი უფლებამოსილება შეწყვეტილია მხოლოდ ქ.ჩ–ძის ნაწილში, სააპელაციო სასამართლოში 2025 წლის 20 თებერვალს წარდგენილი განცხადებით, რომელშიც ქ.ჩ–ძე განმარტავს, რომ აღარ მუშაობს პროფესიული კავშირების გაერთიანებაში და მისი წარმომადგენლობა შეწყდა მოცემული საქმის ნაწილში (ტ.6, ს.ფ. 99). რაც შეეხება მეორე წარმომადგენელ ა.ხ–ძეს, მას უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ სასამართლოსთვის არ უცნობებია, მეტიც, 2025 წლის 05 მარტს სწორედ ა.ხ–ძეს აქვს წარდგენილი სააპელაციო შესაგებელი ს.ს. „ს. და რ.მ.ჯ. ე/გ“-ის სააპელაციო საჩივარზე (ტ.6, ს.ფ. 100). რაც შეეხება ს.ჩ–ნს, იგი მოცემულ საქმეში წარმომადგენლად ჩაერთო ე.ს–ვას მიერ 2025 წლის 28 მარტს გაცემული რწმუნებულების ძალით, ისე, რომ ა.ხ–ძის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია საქმის მასალებში არ წარდგენილა.
17.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის თანახმად, მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად, ხოლო იურიდიულ პირებს ან სხვა ორგანიზაციებს – იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია ამ იურიდიული პირისა თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს. მხარეებს შეუძლიათ აგრეთვე საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში.
17.5. საქმეში დაცული რწმუნებულებებით დადგენილია, რომ 2025 წლის 17 ნოემბრის მდგომარეობით, ე.ს–ვას უფლებებს წინამდებარე საქმეზე ორი წარმომადგენელი იცავდა, მაშასადამე, ერთ-ერთის მიმართ საპატიო მიზეზის არსებობა არ აქარწყლებდა მეორე წარმომადგენლის (მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ა.ხ–ძის) ვალდებულებას, გამოცხადებულიყო სასამართლო სხდომაზე მარწმუნებლის ინტერესების დასაცავად. ამ თვალსაზრისით, ს.ჩ–ნს ევალებოდა მეორე წარმომადგენლის ინფორმირება შექმნილი ვითარების შესახებ, რათა ეს უკანასკნელი გამოცხდებულიყო სასამართლო სხდომაზე და თუნდაც სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე ეშუამდგომლა, უარყოფითი პროცესუალური შედეგების თავიდან ასაცილებლად. დადასტურებულადაც რომ იქნეს მიჩნეული, რომ პროფესიული კავშირების თანამშრომელ ს.ჩ–ნს რუსთავის ოფისში მივლინებაში წასვლისას ტელეფონი დარჩა სახლში, სასამართლო მხედველობის მიღმა ვერ დატოვებს იმ გარემოებას, რომ როგორც თავად ს.ჩ–ნი, ისე ა.ხ–ძე, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თანამშრომლები არიან (საქმეზე წარმოდგენილი განცხადებების თანახმად, ა.ხ–ძის მისამართია ქ.თბილისი, ............; იხ. ტ.6, ს.ფ. 76; გვ. 100; საჩივარზე თანდართული ცნობის თანახმად, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მისამართიც არის ქ.თბილისი, ..........). მაშასადამე, რუსთავის ოფისში მივლინებით მყოფ ს.ჩ–ნს, გონივრული წინდახედულობისა და ძალისხმევის ფარგლებში, სამსახურებრივი რესურსების (ტელეფონი, ინტერნეტი და ა.შ.) გამოყენებით, ჰქონდა ამავე ორგანიზაციაში დასაქმებულ მეორე წარმომადგენელთან კომუნიკაციის მყისიერად დამყარებისა და სასამართლო სხდომაზე გამოცხადების საჭიროების შესახებ ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობა.
18. ამრიგად, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორი მხარის მტკიცებას სასამართლო სხდომაზე მხარის ან მისი წარმომადგენლების გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ.
19. დადგენილია, რომ სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა მოსარჩელე, რომელიც, თავის მხრივ, როგორც აპელანტის, ისე მეორე აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის სტატუსით სარგებლობდა. მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა (რომელიც სააპელაციო სამართალწარმოების პროცესში, მოსარჩელის მსგავსად, აპელანტიც იყო და მოწინააღმდეგე მხარეც) იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა გამოცხადებული მხარის შუამდგომლობა და სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებელი მხარის წინააღმდეგ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
20.1. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წესსა და წინაპირობებს სსსკ-ის 387-ე მუხლი განსაზღვრავს. აღნიშნული ნორმით გაუთვალისწინებელ შემთხვევებში კი, გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
20.2 სსსკ-ის 387.1 მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ე.ს–ას წარდგენილი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას სწორედ დასახელებული საპროცესო ნორმა უდევს საფუძვლად, მაშასადამე, ამ ნაწილში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის უმართებულობა არ დგინდება.
20.3. რაც შეეხება შ.პ.ს. „ს. და რ.მ.ჯ. ე/გ“-ის სააპელაციო საჩივრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფორმატში დაკმაყოფილებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმას, საკასაციო სასამართლოსთვის, ამ შემთხვევაში, სახელმძღვანელოა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის შედეგების მარეგულირებელი საპროცესო ნორმა, სახელდობრ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომელიც ადგენს, რომ თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას. აღნიშნული ნორმით კანონმდებელი უშვებს შესაძლებლობას, სააპელაციო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე დადგინდეს და გაზიარებული იქნეს სააპელაციო საჩივარში დასახელებული გარემოებები. თუ ისინი იურიდიულად ამართლებენ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდება. ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა დადასტურდეს შემდეგი წინაპირობები: 1. აპელანტის მოწინააღმდეგე მხარისათვის საქმის განხილვის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით შეტყობინება; 2. მისი არასაპატიო გამოუცხადებლობა; 3. სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტების იურიდიული მართებულობა აპელანტის მოთხოვნასთან მიმართებით (იხ. სუსგ. №ას-920-2019, 27.11.2019წ.).
20.4. იმის გათვალისწინებით, რომ საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობას, სსსკ-ის 387-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო უნდა დაყრდნობოდა მომჩივნის ახსნა-განმარტებას. ეს კი ნიშნავს იმის შემოწმებას, სააპელაციო საჩივარში გადმოცემული აპელანტის განმარტებებით (მათი დადგენილად მიჩნევით) გაბათილდება თუ არა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ან მისი სადავო ნაწილის დასკვნები, რომლებიც აპელანტის წინააღმდეგ არის მიმართული, ანუ სააპელაციო სასამართლომ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას მხედველობაში უნდა მიიღოს აპელანტის ახსნა-განმარტება, ხოლო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით აპელანტის მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო საჩივარში გადმოცემული აპელანტის განმარტებები მოთხოვნას იურიდიულად ამართლებს (ანუ აპელანტი მიუთითებს მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის მატერიალური ნორმის შემადგენელ ელემენტებზე). ასეთ შემთხვევაში მტკიცებულებათა გამოკვლევა-შეფასება არ ხდება და მოქმედებს პრეზუმფცია, რომლის თანახმად, ივარაუდება, რომ სააპელაციო მოპასუხემ ვერ დაადასტურა საპირისპირო (იხ. სუსგ. №ას-970-2021, 29.11.2021წ.; №ას-620-2021, 13.11.2021წ.; №ას-209-2019, 19.04.2021წ.; №ას-837-2020, 08.04.2021წ.; №ას-662-2019, 11.12.2020წ.; №ას-330-2019, 19.11.2019.; №ას- 656-626-2016, 27.03.2017წ.; №ას-682-648-2013, 10.03.2015წ.).
20.5. წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში შ.პ.ს. „ს. და რ.მ.ჯ. ე/გ“-ი მიუთითებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ბათილად მიჩნეული 2022 წლის 4 ივლისის №30.06.2022-01/ა ბრძანების, 2023 წლის 20 თებერვლის №20.02.2023-01/ა ბრძანებისა და ე.ს–ასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ 2023 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილების კანონიერებაზე და, მაშასადამე, კომპენსაციისა და განაცდური ანაზღაურების მიკუთვნების უსაფუძვლობაზე, რაც სააპელაციო სასამართლოს შესაძლებლობას აძლევდა, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანით დაეკმაყოფილებინა დამსაქმებლის სააპელაციო საჩივარი და დაედგინა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დასაქმებულის სარჩელს დაკმაყოფილებაზე სრულად ეთქმებოდა უარი, რამეთუ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებების დადგენილად მიჩნევით, მტკიცებულებათა გამოკვლევის საჭიროების გარეშე, დადასტურებულად ჩაითვალა დამსაქმებლის მიერ გამოვლენილი და დასაქმებულის მიერ სარჩელით სადავოდ ქცეული ნების მართლზომიერება.
21. სსსკ-ის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
22. საკასაციო პალატის განსჯით, სსსკ 387-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოსატანად გათვალისწინებული ყველა წინაპირობა შესრულებულია, შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2026 წლის 02 მარტის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ კანონიერია და ექვემდებარება უცვლელად დატოვებას.
23. ვინაიდან საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე კასატორს ეთქვა უარი, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი არ ანაზღაურდება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე.ს–ვას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2026 წლის 02 მარტის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი