გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 15.07.2026
საქმის ნომერი
ას-833-2026
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
15.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

15 ივლისი 2026 წელი

№ას-833-2026 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - შ.პ.ს. „ს.ფ–ა“

მოწინააღმდეგე მხარე - პ.ნ.რ. G. ე–ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 10 ივნისის განჩინება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის 2026 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით, შ.პ.ს. „ს.ფ–ის“ სარჩელი, რომლითაც ის მოპასუხე პ.ნ.რ. G. ე–ისათვის ჯამურად 51 779.48 ევროს ეკვივალენტი ლარის დაკისრებას მოითხოვდა, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხე პ.ნ.რ. G. ე–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 253 ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 10 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველად. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 61-ე, 63-ე, 368-ე, 374-ე, 70.1, 74.1 მუხლებით და მიუთითა შემდეგზე:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 21 მაისის განჩინებით, აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, რომლის შესავსებად განესაზღვრა 10 დღის ვადა და დაევალა თბილისის სააპელაციო სასამართლოში 6 389 ლარის და 28 თეთრის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის ან/და სახელმწიფო ბაჟის გადავადების ან/და გათავისუფლების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა. აპელანტს ასევე დაევალა, დასაბუთებული სააპელაციო საჩივრისა და მისი ელექტრონული ვერსიის წარმოდგენა. ამავე განჩინებით განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.

3.2. საქმეში არსებული მასალების მიხედვით, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ასლი აპელანტს გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (ქ. თბილისი, ..........) და სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით ჩაბარდა 2026 წლის 25 მაისს.

3.3. აპელანტისთვის სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დადგენილი 10-დღიანი ვადის დენა დაიწყო განჩინების ასლის ადრესატისათვის გადაცემის მომდევნო დღიდან, ანუ 2026 წლის 26 მაისიდან და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, 2026 წლის 04 ივნისს ამოიწურა. მიუხედავად ამისა, აპელანტს დადგენილი ვადის დაცვით, ხარვეზი არ გამოუსწორებია.

3.4. აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ, განჩინებით დადგენილი ვადის დარღვევით, 2026 წლის 05 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში შევიდა მოსარჩელის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის ქვითარი.

3.5. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტმა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის ქვითარი წარადგინა სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდგომ, რამაც განაპირობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარმოადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოსთვის განსახილველად დაბრუნება. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდგომ იქნა წარდგენილი. ხარვეზის გამოსწორების მიზნით შესაბამისი გზავნილი შ.პ.ს. „ს.ფ–ის“ სერვისცენტრს 2026 წლის 4 ივნისს, 15:29 საათზე, ანუ ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის უკანასკნელ დღეს ჩაბარდა, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს კანცელარიაში 2026 წლის 5 ივნისს შევიდა. კერძო საჩივრის ავტორის პოზიციით, მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საპროცესო ვადა დაცულად მიიჩნევა, რის გამოც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება უსაფუძვლოა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებული იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის საფუძვლებისა და საქმის მასალების შესწავლის, აგრეთვე, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს, ხოლო საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, შემდეგ გარემოებათა გამო:

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. მითითებული მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის. საქმე ხელახლა განსახილველად შეიძლება დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე ან სხვა შემადგენლობას.

7. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მართლზომიერების საკითხი.

8. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 10 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა იმ მოტივით, რომ აპელანტმა ხარვეზი დადგენილი ვადის დაცვით არ აღმოფხვრა. კერძო საჩივარზე თანდართული დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი არ არსებობდა შემდეგ გარემოებათა გამო:

8.1. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება (შდრ. ს.უ.ს.გ: Nას-1693-2019, 10.02.2020; Nას-1594-2019, 30.03.2020წ.; Nას-320-2019, 24.04.2019წ. ; №ას-34-2021, 18.05.2021წ.).

8.2. ამრიგად, საპროცესო ვადის დაცულობის შეფასებისას, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ სასამართლოში დოკუმენტის მიღების თარიღს, არამედ იმასაც, თუ როდის შესრულდა საპროცესო მოქმედება კანონით დადგენილი წესით. იმ შემთხვევაში, როდესაც კორესპონდენცია სასამართლოს ფოსტის მეშვეობით ეგზავნება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს გზავნილის ფოსტისთვის ჩაბარების დროს და არა სასამართლოში მისი შემდგომი მიღების თარიღს.

8.3. დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 21 მაისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი მიჩნეული იქნა ხარვეზიანად სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის, დასაბუთებული სააპელაციო საჩივრისა და მისი ელექტრონული ვერსიის წარმოუდგენლობის გამო. ხარვეზის აღმოსაფხვრელად აპელანტს განესაზღვრა 10 დღის ვადა და აღნიშნული განჩინება მას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით 2026 წლის 25 მაისს ჩაბარდა (იხ. ტ.4, ს.ფ. 115). ამრიგად, ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული 10 - დღიანი ვადის დენა, კონკრეტულ შემთხვევაში, 2026 წლის 26 მაისს დაიწყო და იმავე წლის 04 ივნისს ამოიწურა.

8.4. კერძო საჩივარზე თანდართული დოკუმენტებით, კერძოდ, საფოსტო გზავნილის ამონაწერით ფოსტის ელექტრონული სისტემიდან და უკუგზავნილის დეტალებით დასტურდება, რომ დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი (თანდართული მასალებით) შ.პ.ს. „ს.ფ–ის“ სერვისცენტრს ჩაბარდა 2026 წლის 04 ივნისს, 15:29 საათზე, ანუ ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის ფარგლებში. ნიშანდობლივია, რომ წარმოდგენილ დოკუმენტებში მითითებული გზავნილის უნიკალური კოდი, AP0201050.., იდენტურია კოდისა, რომელიც დატანილია იმ კონვერტზე, რომელშიც ხარვეზის აღმოსაფხვრელად განკუთვნილი დოკუმენტაცია იყო მოთავსებული (ტ.4, ს.ფ. 147, 159-161). აღნიშნული ადასტურებს, რომ სერვისცენტრში მიღებული გზავნილი და თბილისის სააპელაციო სასამართლოში ხარვეზის შევსების მიზნით წარდგენილი დოკუმენტაცია ერთსა და იმავე კორესპონდენციას განეკუთვნება. ფოსტის ელექტრონული სისტემის მონაცემებით ასევე დგინდება, რომ გზავნილი სასამართლოს კანცელარიას ჩაბარდა 2026 წლის 05 ივნისს, 10:59 საათზე, რაც დასტურდება კანცელარიის თანამშრომლის ხელმოწერითაც.

8.5. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ფოსტისთვის ჩაბარებული გზავნილისა (AP02010501.....) და სასამართლოში წარდგენილი დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის იდენტურობა, რაც თავის მხრივ ადასტურებს, რომ აპელანტმა ხარვეზის შესავსებად დაკისრებული საპროცესო მოვალეობა დადგენილი ვადის დაცვით შეასრულა. როგორც უკვე აღინიშნა, საპროცესო ვადის დაცულობის შეფასებისას, გადამწყვეტია არა სასამართლოს კანცელარიაში დოკუმენტის ფაქტობრივი შესვლის თარიღი, არამედ მისი ფოსტისთვის ჩაბარების მომენტი. ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში, დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩაბარდა ვადის ბოლო დღეს, 24 საათამდე, აღნიშნული საპროცესო მოქმედება დადგენილი ვადის დაცვით შესრულებულად მიიჩნევა.

8.6. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ გზავნილის ფოსტისთვის ჩაბარებასა და სასამართლოს კანცელარიაში მისი ფაქტობრივი ჩაბარების მომენტს შორის არსებული დაყოვნება საფოსტო მომსახურების შიდა პროცედურებს უკავშირდება და არა აპელანტის ქცევას, შესაბამისად, ეს გარემოება აპელანტის საზიანოდ ვერ შეფასდება. საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოსთვის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე გზავნილის ფოსტისთვის ჩაბარების დროის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ხელმისაწვდომი არ ყოფილა.

9. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. სამართლიან სასამართლოზე ყოველი პირის ხელმისაწვდომობის კონსტიტუციური უფლება, რომელიც დაცვის ღირს სამართლებრივ სიკეთედ არის აღიარებული ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით, სხვა უფლებათა თუ თავისუფლებათა დაუბრკოლებლად რეალიზების მექანიზმია, ამდენად, ხელისუფლების სამივე შტო უნდა იყოს ფრთხილი ამ უფლების ნებისმიერი შეზღუდვისას.

10. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეროვნულმა ხელისუფლებამ თითოეულ საქმეზე უნდა უზრუნველყოს, რომ კონვენციის მნიშვნელობის ფარგლებში, „სამართლიანი სასამართლოს“ მოთხოვნები იყოს დაცული (იხ. Dombo Beheer B.V. v. the Netherlands, 27 ოქტომბერი 1993, § 33). ამასთან, სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება უნდა იყოს „პრაქტიკული და ეფექტური“ (იხ. Bellet v. France, 4 დეკემბერი 1995, §38). კონვენცია მიზნად ისახავს უფლებათა უზრუნველყოფას, რომლებიც არ არის თეორიული ან ილუზორული, არამედ არის პრაქტიკული და ეფექტიანი. აღნიშნული განსაკუთრებით ვრცელდება მე-6 მუხლში წარმოდგენილ გარანტიებზე, დემოკრატიულ საზოგადოებაში სამართლიანი სასამართლოს უფლების და ამ მუხლის ყველა გარანტიის განსაკუთრებული ადგილის გამო (იხ. Stanev v. Bulgaria (დიდი პალატა), 2012 წლის 17 იანვარი, N 36760/06, §231). სასამართლოსადმი მიმართვის და მასზე ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური უფლებები. ისინი შეიძლება შეიზღუდოს, თუმცა არ უნდა აიკრძალოს ან შემცირდეს პირის წვდომა იმ გზით ან იმ რაოდენობით, რომ უფლების მთავარი არსი დაირღვეს (იხ. Philis v. Greece (N 1), 27 აგვისტო 1991, §59; De Geouffre de la Pradelle v. France, 16 დეკემბერი 1992, §28; Stanev v. Bulgaria [დიდი პალატა], 2012 წლის 17 იანვარი, N 36760/06, §230; Baka v. Hungary (დიდი პალატა), 2016 წლის 23 ივნისი, N 20261/12, §120).

11. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად უნდა დაბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ.პ.ს. „ს.ფ“-ს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 10 ივნისის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი