შეწყდა

სამოქალაქო 28.07.2026
საქმის ნომერი
ას-1183-2024
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე№ას-1183-2024

28 ივლისი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

I კასატორი - სს „რ–ძე“ (მოსარჩელე)

II კასატორი - შპს „ტ.ქ–ი“ (შპს „ჯ.გ–ის“ უფლებამონაცვლე) (მოპასუხე)

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება

I კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

II კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

სს „რ–ძემ“ 2022 წლის 01 დეკემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - შპს „ჯ.გ–ის“ მიმართ და მოითხოვა: შპს „ჯ.გ–ს“ დაეკისროს 460 000 (ოთხას სამოციათასი) აშშ დოლარის გადახდა სს „რ–ძის“ სასარგებლოდ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით, სს „რ–ძის“ სარჩელი შპს „ჯ.გ–ის“ მიმართ დაკმაყოფილდა; შპს „ჯ.გ–ს“ დაეკისრა სს „რ–ძის“ სასარგებლოდ 460 000 აშშ დოლარის გადახდა.

ამავე სასამართლოს 2023 წლის 24 აპრილის დამატებითი გადაწყვეტილებით, შპს „ჯ.გ–ს“ დაეკისრა სს „რ–ძის“ სასარგებლოდ იურიდიული მომსახურების ხარჯის 5000 ლარის გადახდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ჯ.გ–მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით, შპს „ჯ.გ–ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება, ასევე 2023 წლის 24 აპრილის დამატებითი გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; სს „რ–ძის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „ჯ.გ–ს“ დაეკისრა სს „რ–ძის“ სასარგებლოდ 260 000 (ორას სამოცი ათასი) აშშ დოლარის გადახდა; სს „რ–ძის“ სასარგებლოდ შპს „ჯ.გ–ს“ დაეკისროს პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურება - 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით; შპს „ჯ.გ–ის“ სასარგებლოდ სს „რ–ძეს“ დაეკისრა პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურება - 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით; შპს „ჯ.გ–ის“ სასარგებლოდ სს „რ–ძეს“ დაეკისრა სააპელაციო სასამართლოში იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურება - 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით; სს „რ–ძის“ სასარგებლოდ შპს „ჯ.გ–ს“ დაეკისრა სააპელაციო სასამართლოში იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურება - 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 2024 წლის 11 ივლისს განცხადებით მიმართა სს „რ–ძის“ წარმომადგენელმა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა: ყადაღა დაედოს შპს „ჯ.გ–ის“ საკუთრებაში არსებულ 100%-იან წილს შპს „ი.ს–ში“; შპს „ჯ.გ–ს“, როგორც შპს „ი.ს–ს“ ერთადერთ დამფუძნებელს აეკრძალოს ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც მოხდება შპს „ი.ს–ს“ საკუთრებაში არსებული ქონების - მის.: ქ. თბილისი, ......... მდებარე უძრავი ქონების (ს/კ ..........) გასხვისება ან იპოთეკით დატვირთვა; შპს „ჯ.გ–ს“ აეკრძალოს ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც მოხდება წესდების/სადამფუძნებლო შეთანხმების იმგვარი ცვლილება, რომლითაც შპს „ი.ს–ს“ ხელმძღვანელს/ დირექტორს ან/და ნებისმიერ პირს მიენიჭება უფლება კომპანიის კუთვნილი უძრავი ქონების - მის.: ქ. თბილისი, .......... მდებარე უძრავი ქონების (ს/კ ..........) გასხვისებასა ან/და იპოთეკით დატვირთვაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივლისის განჩინებით, სს „რ–ძის“ წარმომადგენლის განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით: შპს „ჯ.გ–ს“ (ს/ნ ..........) აეკრძალა შპს „ი.ს–ში“ (ს/ნ ........) 100%-იანი წილის გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა; - შპს „ჯ.გ–ს“ (ს/ნ .........), როგორც შპს „ი.ს–ს“ ერთადერთ დამფუძნებელს აეკრძალა ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც მოხდება შპს „ი.ს–ს“ (ს/ნ .......) საკუთრებაში არსებული ქონების - მის.: ქ. თბილისი, ........... მდებარე უძრავი ქონების (ს/კ ..........) გასხვისება ან იპოთეკით დატვირთვა; - შპს „ჯ.გ–ს“ (ს/ნ ...........) აეკრძალა ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც მოხდება წესდების/სადამფუძნებლო შეთანხმების იმგვარი ცვლილება, რომლითაც შპს „ი.ს–ს“ (ს/ნ ..........) ხელმძღვანელს/დირექტორს ან/და ნებისმიერ პირს მიენიჭება უფლება კომპანიის კუთვნილი უძრავი ქონების - მის.: ქ. თბილისი, ........... მდებარე უძრავი ქონების (ს/კ ...........) გასხვისებასა ან/და იპოთეკით დატვირთვაზე.

აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარმოადგინა შპს „ჯ.გ–ის“ წარმომადგენელმა, რომლითაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივლისის განჩინების გაუქმება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ივლისის განჩინებით, შპს „ჯ.გ–ის“ საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივლისის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო და საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით, შპს „ჯ.გ–ის“ შუამდგომლობა საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდა და შეწყდა წარმოება შპს „ჯ.გ–ის“ მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივლისის განჩინებაზე წარდგენილ საჩივარზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 01 ნოემბრის განჩინებით, სს „რ–ძის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ნოემბრის განჩინებით, შპს „ჯ.გ–ის“ საკასაციო საჩივარი იქნა მიღებულ წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

2026 წლის 22 ივლისს, სს „რ–ძის“ წარმომადგენელმა - დ.ჭ–მა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და უარი განაცხადა სარჩელზე.

პალატამ შეამოწმა სს „რ–ძის“ წარმომადგენლის დ.ჭ–ის რწმუნებულება/მინდობილობა და დარწმუნდა, რომ აქვს სარჩელზე უარის თქმის უფლებამოსილება (იხ. ტ-4; ს.ფ.105).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 2026 წლის 24 ივლისს განცხადებით მომართა შპს „ტ.ქ–მა“ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის მოთხოვნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და სს „რ–ძის“ წარმომადგენლის შუამდგომლობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ სარჩელზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა საქმის მასალებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ მოპასუხე შპს „ჯ.გ–ს“ შეეცვალა სახელწოდება და ამონაწერის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან თანახმად, სახელწოდება გახდა შპს „ტ.ქ–ი“.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ნებისმიერ სტადიაზე. (სარჩელის წარმოებაში მიღებიდან გადაწყვეტილების გამოტანამდე; გადაწყვეტილების გამოტანიდან მის კანონიერ ძალაში შესვლამდე; გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან მის აღსრულებამდე).

საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძველია უფლებამონაცვლეობა მატერიალურ სამართალში, როდესაც მატერიალური სამართლის ნორმების მიხედვით, დასაშვებია სამართლებრივ ურთიერთობაში უფლებებისა და მოვალეობების სუბიექტების შეცვლა, როდესაც ახალი სუბიექტი მთლიანად ან ნაწილობრივ იღებს თავის თავზე თავისი წინამორბედის უფლებებსა და მოვალეობებს.

განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო კანონშესაბამისად მიიჩნევს, რომ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან საკმარისი საფუძველია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92.1 მუხლის თანახმად, შპს „ტ.ქ–ი“ ცნოს შპს „ჯ.გ–ის უფლებამონაცვლედ.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელე - სს „რ–ძე“ უარს აცხადებს სარჩელზე და ითხოვს საქმის წარმოების შეწყვეტას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რასაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

სსსკ-ის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით. ამავე კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული, ცხადია, გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები) ან უარი თქვან მათ გასაჩივრებაზე. თავის მხრივ, სსსკ-ის მე-3 მუხლის რეგულაცია არ შემოიფარგლება მხოლოდ პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვით და მასში მითითებული თითოეული საპროცესო მოქმედების განხორციელება მხარეს შეუძლია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე.

სარჩელზე უარის თქმა - ესაა მატერიალურ-სამართლებრივი უფლების განკარგვის აქტი საპროცესო სამართლებრივი შედეგით (თ. ლილუაშვილი, გ. ლილუაშვილი, ვ. ხრუსტალი, ზ. ძლიერიშვილი. სამოქალაქო საპროცესო სამართალი, I ნაწილი, თბილისი, 2014, გვ.85).

სსსკ-ის მე-3 მუხლში მითითებული თითოეული საპროცესო მოქმედების განხორციელება მხარეს შეუძლია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე (იხ.: სუსგ №ას-20-17-2015, 18 მარტი, 2015 წელი; №ას-694-648-2017, 12 ივნისი, 2017 წელი; №ას-1047-2019, 20 დეკემბერი, 2019 წელი).

სსსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე. ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

განსახილველ შემთხვევაში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ უარი განაცხადა სარჩელზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სს „რ–ძის“ სარჩელზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში (იხ. სუსგ საქმე Nას-171-2022, 13 მარტი, 2023 წელი).

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 8 000 ლარის ოდენობით. ვინაიდან საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვამდე მოსარჩელემ სარჩელზე თქვა უარი, სს „რ–ძეს“ სრულად უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 8 000 ლარის ოდენობით.

საქმეში ასევე კასატორია შპს „ტ.ქ–ი“ (შპს „ჯ.გ–ის“ უფლებამონაცვლე), რომლის მიერ საკასაციო საჩივარზე ასევე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 8 000 ლარის ოდენობით. შესაბამისად, შპს „ჯ.გ–ს“ სრულად უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 8 000 ლარის ოდენობით.

ვინაიდან, მოსარჩელე უარს აცხადებს სასარჩელო მოთხოვნაზე. შესაბამისად, არსებობს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებების/განჩინებების გაუქმებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი.

პალატა კვლავ მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოში 2026 წლის 24 ივლისს წარმოდგენილ განცხადებაზე, რომლითაც შპს „ტ.ქ–მა“ საკასაციო საჩივარზე უარის თქმა მოითხოვა და განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელემ (I კასატორმა) უარი თქვა სარჩელზე, აღარ არსებობს შპს „ტ.ქ–ის“ (შპს „ჯ.გ–ის“ უფლებამონაცვლის) (IIკასატორის) განცხადებაზე მსჯელობის სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 92-ე მუხლის პირველი ნაწილით, 272-ე, 273-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ტ.ქ–ი“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: ......) ცნობილ იქნეს შპს „ჯ.გ–ის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: .......) უფლებამონაცვლედ.

2. სს „რ–ძის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: ..........) წარმომადგენლის დ.ჭ–ის შუამდგომლობა, სარჩელზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;

3. შეწყდეს წარმოება სამოქალაქო საქმეზე Nას-1183-2024 სს „რ–ძის“ სარჩელის გამო, შპს „ტ.ქ–ის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: ........) (შპს „ჯ.გ–ის“ უფლებამონაცვლის) მიმართ, ზიანის ანაზღაურების თაობაზე;

4. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება/ განჩინება.

5. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია.

6. კასატორ - სს „რ–ძეს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი .......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დ.ჭ–ის მიერ (პირადი ნომერი ........) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 2024 წლის 24 ოქტომბერს, სს „საქართველოს ბანკში“ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 8 000 (რვა ათასი) ლარი (საგადახდო დავალება №24305013058; ბანკის კოდი BAGAGE22, სახაზინო კოდი 300773150; მიმღების ბანკი - „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22).

7. კასატორ - შპს „ტ.ქ–ს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი ............) (შპს „ჯ.გ–ის“ უფლებამონაცვლე) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 2024 წლის 01 აგვისტოს, სს „თიბისი ბანკში“ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 8 000 (რვა ათასი) ლარი (საგადასახადო დავალება №1722521186; ბანკის კოდი TBCBGE22, სახაზინო კოდი 300773150; მიმღების ბანკი - „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22).

8. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე