დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-636-2026 03 აგვისტო, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან ნემსაძე, მიხეილ ჯინჯოლია
კასატორი – ნ.გ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი.ა. (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 11 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ი.ა–იმ (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში ნ.გ–ის (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 3000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრება.
2. მოპასუხემ სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო ი.ა–ის სარჩელი, ნ.გ–ის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 ნოემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 24 იანვრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2025 წლის 24 იანვრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა მათი გაუქმება.
6. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 11 მარტის განჩინებით ნ.გ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი ძალაში დატოვების შესახებ.
7. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ როგორც საჩივარი და მისი განხილვის სხდომის აუდიოჩანაწერიდან დასტურდებოდა, საჩივრის ავტორს პირველი ინსტანციის სასამართლოში, სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგებთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მისი სათანადოდ გაფრთხილების საკითხი სადავოდ არ გაუხდია. შესაბამისად, პალატამ მიუთითა სსკ-ის 380-ე მუხლზე (სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოყვანილი იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილ იქნეს ახალი მტკიცებულებები, თუმცა, ისინი არ მიიღება, თუ მხარეს მათი წარდგენა შეეძლო პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა) და მხარეს განუმარტა, რომ სააპელაციო პალატა მოკლებული იყო შესაძლებლობას, სიღრმისეული მსჯელობა განევითარებინა იმ გარემოებასთან მიმართებაში, რაც მხარეს გაურკვეველი მიზეზით არ გაუხდია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვის საგანი.
7.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ, საქმის განხილვის მიზნით, 2024 წლის 26 ნოემბერს 11:00 საათზე დანიშნული მოსამზადებელი სხდომის (ე.ი. დროის, ადგილის, თარიღის, გამოუცხადებლობის შედეგებისა და გამოუცხადებლობის მიზეზებზე სასამართლოს ინფორმირების აუცილებლობის) თაობაზე, მოპასუხე მხარე (საჩივრის ავტორი/აპელანტი) გაფრთხილებული იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ, სატელეფონო კომუნიკაციის გზით, რომელიც 2024 წლის 28 ოქტომბერს შედგა ნ.გ–ის უფლებამოსილ წარმომადგენელთან - გ.გ–ძესთან, რაც დასტურდება სასამართლოს უფლებამოსილი მოხელის მიერ შედგენილი და ხელმოწერილი ტელეფონით სასამართლოში დაბარების შესახებ აქტით.
7.3. რაც შეეხება მხარისა და მისი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის მიზეზების საპატიოობას, სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა ამ საკითხთან მიმართებით პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები.
7.4. თავად ნ.გ–ის სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზთან - ავტობანზე მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის გამო მოძრაობის შეფერხებასთან (საცობთან) დაკავშირებით, აღნიშნა, რომ გარდა იმისა, რომ ეს გარემოება არანაირი მტკიცებულებით არ დასტურდებოდა, როგორც ასეთი, გადატვირთული მოძრაობის გამო სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, არც განიხილება სსსკ-ის 215.3-ე მუხლით განსაზღვრულ საპატიო მიზეზად, ვინაიდან მხარემ უნდა დაიცვას წინდახედულობის ყველა ნორმა და წინასწარ გაითვალისწინოს ყველა შემაფერხებელი გარემოება, იმ არასასურველი პროცესუალური შედეგების თავიდან ასაცილებლად, რაც მოჰყვება მის გამოუცხადებლობას. (შდრ., სუსგ. №ას-675-2025, 30.06.2025 წ., §19; №ას-1527-2023, 26.01.2024 წ., §19; №ას-947-2021, 30.11.2023 წ., §16; №ას-517-490-2015, 2.07.2015 წ.; №ას-1051-985-2010, 23.12.2010 წ.) ასეთ პირობებში, აღნიშნული გარემოება, მიუხედავად იმისა, გზაში მყოფ ნ.გ–ს ხელთ ეპყრა თუ არა სასამართლოს მიერ წინა სხდომაზე დავალებული, საქმის გადაწყვეტისათვის შესაძლო არსებითი მნიშვნელობის მქონე დოკუმენტები, ან სხდომის დაწყებამდე დაუკავშირდა თუ არა იგი სასამართლოს უფლებამოსილ მოხელეს, მოცემულობა არსებითად ვერ შეიცვლებოდა და მისი გამოუცხადებლობა საპატიოდ ვერ მიიჩნევა. აქვე, სხდომის აუდიოჩანაწერიდან (11:22:09 სთ) ირკვევოდა, რომ ნ.გ–ის მიერ სასამართლოს ეცნობა არა მისი საცობში მოხვედრისა ან/და მისი წარმომადგენლის ჯანმრთელობის მდგომარეობის უეცარი გაუარესების თაობაზე, არამედ იმის შესახებ, რომ ამ უკანასკნელს სხდომის დაწყების დროდ, 11:00 საათის ნაცვლად, 15:00 საათი ახსოვდა, რაც ვერ განიხილებოდა საჩივარსა და სააპელაციო საჩივარში მითითებული გამოუცხადებლობის „საპატიო მიზეზ(ებ)ის“ შესახებ სასამართლოს წინასწარ ინფორმირებად.
7.5. რაც შეეხება ნ.გ–ის წარმომადგენლის ჯანმრთელობის მდგომარეობის უეცრად მნიშვნელოვნად გაუარესების დასადასტურებლად მითითებულ გარემოებებსა და წარმოდგენილ ერთადერთ მტკიცებულებას (ბერძნული სამედიცინო ფონდი „ჰიპოკრატეს“ მიერ 24.01.2025 წელს გაცემულ ცნობას, გ.გ–ძისთვის 26.11.2024 წელს ჩატარებულ გამოკვლევასა და მკურნალობასთან დაკავშირებით), ამ ნაწილშიც, საპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულიად მართებულად გაამახვილა ყურადღება იმ კრიტერიუმებზე, რასაც „ავადმყოფობის“ გამო ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების განუხორციელებლობის (ამ შემთხვევაში - სხდომაზე გამოუცხადებლობის) საპატიოობის დასამტკიცებლად წარმოდგენილი დოკუმენტაცია უნდა აკმაყოფილებდეს. კერძოდ, როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესი განსაზღვრავს ამას პირდაპირ, მხარის ავადმყოფობის ფაქტი უნდა დასტურდებოდეს სამედიცინო დოკუმენტით, რომელიც: ა) ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ; ბ) პირდაპირ მიუთითებს მხარის შეუძლოდ ყოფნაზე კონკრეტული დროის მონაკვეთში (რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულებულიყო სადავო საპროცესო მოქმედება); გ) ასახავს პაციენტის ჯანმრთელობის იმგვარ გაუარესებას, რაც გამორიცხავს საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას. აღნიშნული დანაწესი გულისხმობს, რომ სამედიცინო ცნობაში გასაგებად უნდა იკითხებოდეს მხარის ჯანმრთელობის ისეთი მძიმე მდგომარეობის არსებობა, რომელიც რეალურად შეუშლის ხელს მხარეს გადაადგილებაში და სასამართლოსთან კომუნიკაციაში. აღნიშნული ეჭვს არ იწვევს, როდესაც დგინდება მხარისათვის სტაციონარული სამედიცინო მომსახურების გაწევის ფაქტი ან მკურნალი ექიმის რეკომენდაცია წოლითი რეჟიმის დაცვის თაობაზე. გასათვალისწინებელია ისეთი შემთხვევაც, როდესაც სამედიცინო დოკუმენტი შეიცავს მხოლოდ პაციენტისათვის დასმულ დიაგნოზს, თუმცა, ეს დიაგნოზი თავისთავად მეტყველებს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმეზე. მოცემულ შემთხვევაში, მხარის მიერ წარმოდგენილ ცნობაში დიაგნოზად მითითებული იყო - „საერთო სისუსტე, დაღლა“, რის გამოც, ჩატარებული გამოკვლევების საფუძველზე, დაენიშნა შესაბამისი მკურნალობა. პალატის მოსაზრებით, აღნიშნული დოკუმენტი საპროცესო მოქმედების განხორციელების - სხდომაზე გამოცხადებისა თუ სასამართლოსთან კომუნიკაციის შეუძლებლობის ვარაუდს ობიექტურად არ ქმნიდა.
7.6. სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას. სარჩელში მოსარჩელე მიუთითებდა მხარეთა შორის არსებული ზეპირი ხელშეკრულების ფარგლებში, მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულების (ვიზის მისაღებად მომსახურების გაწევის) შეუსრულებლობაზე, რომლის სანაცვლოდაც ამ უკანასკნელს გარკვეული თანხა წინსწრებით ჰქონდა მიღებული. ვალდებულების შეუსრულებლობის პირობებში, მოსარჩელის მხრიდან არაერთხელ მოთხოვნის მიუხედავად, იგი მიღებულ თანხას არ აბრუნებდა. აღნიშნული კი პალატის მოსაზრებით, სამართლებრივი თვალსაზრისით სრულ შესაბამისობაში იყო სამოქალაქო კოდექსის 316.1-ე, 317.1-ე, 361.2-ე, 352.1-ე, 629.1-ე მუხლების დანაწესებთან.
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად.
9. საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
9.1. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა არსებითი გარემოება, რომ მოპასუხე არ არიდებდა თავს სასამართლოში გამოცხადებას, პირიქით, სხდომაში მონაწილეობის მიზნით პირადად მიემართებოდა სასამართლოში. საგზაო მოძრაობის ინტენსიური შეფერხებისა და მისგან დამოუკიდებელი ობიექტური გარემოების გამო აგვიანებდა სასამართლო სხდომაზე, რის შესახებაც წინასწარ აცნობა მოსამართლის თანაშემწეს. აღნიშნული გარემოება კასატორის მოსაზრებით, ადასტურებს რომ მოპასუხეს ჰქონდა სასამართლო პროცესში მონაწილეობის რეალური სურვილი და იგი კეთილსინდისიერად ახორციელებდა საკუთარ საპროცესო უფლებებს.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 26 ივნისის განჩინებით სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
11. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
14. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
15. საკასაციო საამართლოს შეფასების საგანია სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომლითაც უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი უცვლელად დატოვების თაობაზე განჩინება.
16. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას. დაუსწრებელი გადაწყვეტილება წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების გამოხატულებას და ამ გზით მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება, დასაშვებია მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში (სუსგ. №ას-964-929-16, 06.03.2017წ).
17. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2024 წლის 26 ნოემბერს სასამართლო სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარე ნ.გ–ი და მისი წარმომადგენელი არ გამოცხადდნენ და მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხემ. თუმცა, წარდგენილი საჩივრის განხილვისას სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარემ ვერ დაადასტურა სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოობა.
18. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზებზე მოპასუხის პრეტენზია და განმარტავს, რომ, სსსკ-ის 230-ე მუხლის შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისთვის ვლინდებოდა ყველა კანონისმიერი წინაპირობა, სახელდობრ:
18.1. დადგენილია, რომ 2024 წლის 26 ნოემბერს, 11:00 საათზე, დანიშნული სასამართლოს სხდომის თაობაზე მოპასუხეს ეცნობა სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით (იხ. აქტი ტელეფონით სასამართლოში დაბარების შესახებ, ტ.2, ს.ფ. 203, სადაც აღნიშნულია, რომ ადრესატს ასევე განემარტა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის ნეგატიური შედეგები).
18.2. 2024 წლის 26 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში გასამართ სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე, რის გამოც სასამართლომ მის წინააღმდეგ გამოიტანა გადაწყვეტილება და მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დააკმაყოფილა.
18.3. სსსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე. ამავე კოდექსის 70.1 მუხლის მიხედვით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს.
18.4. სსსკ-ის 241-ე მუხლი (დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს ამ კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის) განსაზღვრავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს. ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს ამ გადაწყვეტილებას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.
18.5. სსსკ-ის 233.1 მუხლში (მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ არსებობდა დაუძლეველი ძალა ან სხვა მოვლენები, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო, ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები) მოცემულია იმ შემთხვევების ჩამონათვალი, რომელთა არსებობის დროს დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა. ნორმაში აღწერილ შემთხვევათაგან ერთ-ერთის არსებობისას, სასამართლო არაა უფლებამოსილი, გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ხოლო, თუ ასეთი გადაწყვეტილება მაინც იქნება მიღებული, იგი უნდა გაუქმდეს.
18.6. სსსკ-ის 215.3 მუხლი კი, ადგენს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება, მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.
19. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარე სასამართლოში წარმოდგენილი იყო წარმომადგენლის მეშვეობით. თუმცა სხდომაზე არცერთი მათგანი არ გამოცხადებულა. ნ.გ–ი გამოუცხადებლობის საპატიოობის დასადასტურებლად საგზაო მოძრაობის ინტენსიურ შეფერხებაზე, როგორც მისგან დამოუკიდებელ ობიექტურ გარემოებაზე მიუთითებს. მოპასუხის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის საპატიოობას კი, პირველ ინსტანციასა და სააპელაციო სასამართლოში მხარე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით ხსნიდა.
20. ვინაიდან, ნ.გ–ის საკასაციო პრეტენზია მისი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობას არ შეეხება, პალატა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა) შეამოწმებს კასატორის შედავების საფუძვლიანობას.
21. კასატორის მითითებით, იგი სასამართლო სხდომაზე საგზაო მოძრაობის ინტენსიური შეფერხებისა და მისგან დამოუკიდებელი ობიექტური გარემოების გამო აგვიანებდა, რის შესახებაც წინასწარ აცნობა მოსამართლის თანაშემწეს. აღნიშნული გარემოება კასატორის მოსაზრებით, ადასტურებს რომ მოპასუხეს ჰქონდა სასამართლო პროცესში მონაწილეობის რეალური სურვილი და იგი კეთილსინდისიერად ახორციელებდა საკუთარ საპროცესო უფლებებს.
22. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, მიუთითოს საპატიო გარემოებებზე, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინების გაგზავნა სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა.
23. მოცემულ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, კასატორი, მისი გამოუცხადებლობის განმაპირობებელ გარემოებად მიუთითებს იმაზე, რომ ადგილი ჰქონდა საგზაო მოძრაობის ინტენსიურ შეფერხებას. იგი ასევე აღნიშნავს, რომ შეფერხების შესახებ აცნობა სასამართლო აპარატს. საკასაციო სასამართლო კასატორის პრეტენზიას ვერ გაიზიარებს. პალატა მიიჩნევს, რომ გადატვირთული მოძრაობის გამო სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს სსსკ-ის 215.3 მუხლით განსაზღვრულ საპატიო მიზეზს და ვერ მიიჩნევა საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლად, ვინაიდან მხარემ წინასწარ უნდა გაითვალისწინოს ყველა შემაფერხებელი გარემოება, იმ პროცესუალური შედეგების თავიდან ასაცილებლად, რაც მოჰყვება მის გამოუცხადებლობას (იხ. სუსგ №ას-1051-985-2010, 23.12.2010წ.; №ას-517-490-2015, 2.07.2015წ.; №ას-1527-2023, 26.01.2024წ.). რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომლის თანახმად, სასამართლო სხდომის დაწყებამდე მოსამართლის თანაშემწეს დაუკავშირდა და აცნობა გადატვირთული სატრანსპორტო მოძრაობის გამო პროცესის დროულად გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ, პალატა ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ სხდომა დაიწყო თითქმის 22 წუთის დაგვიანებით, აღნიშნული კი, ადასტურებს სასამართლოს მიერ მხარის გონივრული ვადით დალოდების ფაქტს. ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების წინაპირობის არსებობა ვერ დაადასტურა.
24. საკასაციო სასამართლო აქვე განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით აღიარებულია უფლების სასამართლო წესით დაცვის საყოველთაო პრინციპი, თუმცა იგი არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას. თავის მხრივ, შეზღუდვა ლეგიტიმურია, თუ იგი კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ საფუძველს ემყარება. ამგვარ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლი.
25. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარემ ვერ წარმოადგინა დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის თანახმად გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების წინაპირობა გახდებოდა.
26. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
27. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
28. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
29. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
31. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 400 ლარის 70% – 280 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ.გ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. ნ.გ–ს (........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 400 ლარის (გადახდის ქვითარი N211981773, გადახდის თარიღი 17.06.2026) 70% – 280 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი
მოსამართლეები: ლევან ნემსაძე
მიხეილ ჯინჯოლია