დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-678-2026 3 აგვისტო, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან ნემსაძე, მიხეილ ჯინჯოლია
კასატორი – შპს „გ.ბ.თ–ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ.რ–ვი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 20 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – მესაკუთრედ ცნობა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სარჩელის მოთხოვნა
1.1. შპს „გ.ბ.თ–ის“ წარმომადგენელმა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში გ.რ–ვის მიმართ, და მოითხოვა შპს „გ.ბ.თ–ი“ ცნობილ იქნას უძრავი ნივთის, მდებარე ქ. თბილისი, ........., ს/კ: .........., მესაკუთრედ.
2. მოპასუხის შესაგებელი
2.1. სარჩელის საპასუხოდ წარდგენილი შესაგებლით, მოპასუხემ განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „გ.ბ.თ–ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 20 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
5.2. 2020 წლის 30 ივნისს, შპს „გ.ბ.თ–სა“ და გ.რ–ვს შორის დაიდო წინარე ხელშეკრულება №7 საცხოვრებელი ბინის ნასყიდობის შესახებ.
5.3. ხელშეკრულების საფუძველზე, გ.რ–ვს საკუთრებაში გადაეცა უძრავი ნივთი, მდებარე ქ. თბილისი, .........., სადარბაზო პირველი, სართული მესამე, ბინა №7, ფართი 45.3 კვ.მ. მიწის საკადასტრო კოდი, ..........; შეძენილი უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: ............
5.4. ხელშეკრულების მე-3 მუხლის (ქონების ღირებულება და ანგარიშწორების წესი) თანახმად: 3.1. ხელშეკრულების საერთო ღირებულება არის 15 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში გადახდის დღისათვის არსებული ეროვნული ბანკის კურსით; 3.2. მხარეთა შორის ანგარიშწორება განხორციელდება შემდეგნაირად: 1. ხელშეკრულების ღირებულებიდან 7 800 (შვიდიათას რვაასი) აშშ დოლარის გადახდა ხორციელდება 2020 წლის 25 ივლისიდან, ყოველთვიურად 1 300 (ათას სამასი) აშშ დოლარი, 2020 წლის 25 დეკემბრამდე, აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, გადახდის დღისათვის არსებული ეროვნული ბანკის კურსით; 2. ხელშეკრულების ღირებულებიდან დარჩენილი თანხა 7 200 (შვიდიათას ორასი) აშშ დოლარის გადახდა ხორციელდება 2021 წლის 25 იანვრამდე, აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში გადახდის დღისათვის არსებული ეროვნული ბანკის კურსით (იხ. ტომი 1; ს.ფ. 20-23; ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება);
5.5. 2021 წლის 9 ივლისს, შპს „გ.ბ.თ–სა“ და გ.რ–ვს შორის, დაიდო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება გადახდის განვადებით. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა უძრავი ნივთი, მდებარე, ქ. თბილისში, ..........., ფართი 45.30 კვ.მ. მიწის საკადასტრო კოდი N............
5.6. ხელშეკრულების თანახმად, ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 45 998 ლარით. ნასყიდობის საგნის ღირებულებიდან 36 548 ლარის გადახდა განხორციელდა წინამდებარე ხელშეკრულებაზე მხარეთა ხელმოწერამდე. ნასყიდობის საგნის ღირებულების გადაუხდელი ნაწილის 9 450 ლარის გადახდა უნდა განხორციელდეს 2021 წლის 15 აგვისტომდე (იხ. ტომი 1; ს.ფ. 28-29; უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება გადახდის განვადებით);
5.7. საჯარო რესტრიდან, 24.10.2022 წელს მომზადებული ამონაწერით 2021 წლის 9 ივლისს, შპს „გ.ბ.თ–სა“ და გ.რ–ვს შორის დადებული გადახდის განვადებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავ ქონებაზე, მდებარე, ქ. თბილისში, .........., სართული 3; ბინა №7, ფართი 45.30 კვ.მ. მიწის საკადასტრო კოდი N............, გ.რ–ვი დარეგისტრირდა საცხოვრებელი ბინის, მომავალ მესაკუთრედ (ტ. 1; ს.ფ. 24 25; ამონაწერი საჯარო რეესტრიდან);
5.8. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „გ.ბ.თ–სის“ დირქტორი და 33.4% წილის მესაკუთრე არის გ.გ–ი (ტომი 1; ს.ფ. 26-27; ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან);
5.9. 2022 წლის 21 აპრილს, გ.რ–ვის მიერ, რ.გ–ის ანგარიშზე გადარიცხულ იქნა 1 000 ლარი. სადავო არ არის ის გარემოება, რომ რ.გ–ი წარმოადგენს შპს „გ.ბ.თ–სის“ დირქტორის - გ.გ–ის მეუღლეს (ტ. 1; ს.ფ. 63; საგადახდო დავალება; მხარეთა ახსნა-განმარტება);
5.10. 2021 წლის 16 აგვისტოს გ.რ–ვის მიერ შპს „გ.ბ.თ–ის“ ანგარიშზე შეტანილ იქნა 5 600 ლარი (ტ. 1; ს.ფ. 143; ამონაწერი ანგარიშიდან).
5.11. გ.რ–ვის მიმართ აღძრული სარჩელით შპს „გ.ბ.თ–ი“ მოითხოვს შპს „გ.ბ.თ–ი“ ცნობილ იქნას უძრავი ნივთის, მდებარე: ქ. თბილისი, ............, ს/კ:......, მესაკუთრედ. მოსარჩელე სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ საფუძვლად მიუთითებს, რომ გ.რ–ვის მიერ უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, .............., ფართი 45.3 კვ.მ. საკადასტრო კოდი: .........., შეძენის მიზნით შპს „გ.ბ.თ–ისთვის“ მოპასუხის მიერ სრულად არ არის გადახდილი 2021 წლის 9 ივლისის, შპს „გ.ბ.თ–სა“ და გ.რ–ვს შორის, დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის თანხა, რაც მოსარჩელე მხარეს წარმოუშობს უფლებას მოპასუხისაგან მოითხოვოს ხელშეკრულებიდან გასვლა და გაყიდული უძრავი ქონების თავის საკუთრებაში დაბრუნება.
5.12. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მხარეთა შორის სადავო გარემოებას წარმოადგენს, 2021 წლის 9 ივლისის, შპს „გ.ბ.თ–სა“ და გ.რ–ვს შორის, დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის თანხის გადახდის ფაქტი, კერძოდ, მოსარჩელე მიუთითებს, რომ 2021 წლის 9 ივლისს დადებულ უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებაში გადახდის განვადებით მითითებული თანხები მოპასუხის მიერ არ არის გადახდილი. მოპასუხის მიერ გადახდილი არის მხოლოდ ანგარიშზე შემოსული თანხები. ამასთან, 2021 წლის 16 აგვისტოს ანგარიშის ამონაწერში მითითებული თანხები მიეკუთვნება 2021 წლის 9 ივლისამდე გადახდილ თანხებს (იხ. სარჩელი). მოსარჩელე (აპელანტი) სააპელაციო საჩივრით აპელირებს, რომ სასამართლოს მიერ არასწორად იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოება გადახდილი თანხის ოდენობის შესახებ, და აღნიშნავს, რომ საფასურის გადახდის და ნაკისრი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შესახებ არც მტკიცებულება და არც შესაბამისი დოკუმენტი არ არსებობს. შესაბამისად, აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, საფასურის დიდი ნაწილის გადახდის შესახებ, არასწორია (იხ. სააპელაციო საჩივარი).
5.13. სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს 2021 წლის 9 ივლისს, შპს „გ.ბ.თ–სა“ და გ.რ–ვს შორის, გადახდის განვადებით დადებულ უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებაზე, რომლის თანახმად, ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 45 998 ლარით. დადგენილია, რომ ნასყიდობის საგნის ღირებულებიდან 36 548 ლარის გადახდა განხორციელდა წინამდებარე ხელშეკრულებაზე მხარეთა ხელმოწერამდე. ნასყიდობის საგნის ღირებულების გადაუხდელი ნაწილის 9 450 ლარის გადახდა უნდა განხორციელებულიყო 2021 წლის 15 აგვისტომდე. დადგენილია, რომ 2021 წლის 16 აგვისტოს, გ.რ–ვის მიერ შპს „გ.ბ.თ–ის“ ანგარიშზე შეტანილია 5 600 ლარი.
5.14. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პრეტენზია, რომ 2021 წლის 16 აგვისტოს ანგარიშის ამონაწერში მითითებული თანხები მიეკუთვნება 2021 წლის 09 ივლისამდე გადახდილ თანხებს. მოსარჩელე მხარე შესაბამის მტკიცებულებებზე მითითებით, ვერ ადასტურებს, რომ აღნიშნული თანხა გადახდილია 2021 წლის 09 ივლისამდე და არ უნდა ჩაითვალოს აღნიშნული პერიოდის შემდგომ გადახდილად. ამ კუთხით, პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას, რომ 2021 წლის 09 ივლისს დადებულ უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება და ანგარიშიდან ამონაწერი წარმოადგენს ვალდებულების ნაწილის შესრულების დამადასტურებელ წერილობით მტკიცებულებებს, რომლის საწინააღმდეგო მტკიცებულების წარდგენა მოსარჩელეს ევალებოდა, რაც მას არ განუხორციელებია.
5.15. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ მოპასუხე გ.რ–ვის მიერ უძრავი ქონების, მდებარე, ქ. თბილისი, ............, ფართი 45.3 კვ.მ. საკადასტრო კოდი: ............. შეძენის მიზნით შპს „გ.ბ.თ–ისთვის“ გადახდილია 42 148 ლარი.
5.16. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მყიდველის მიერ გადახდილია 42 148 ლარი, ნასყიდობის ხელშეკრულებით შეთანხმებული საფასური შეადგენდა 45 998 ლარს, მოპასუხემ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების თითქმის 92% და მოპასუხის მიერ გადასახდელი თანხა შეადგენს 3 850 ლარს.
6. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი
6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 20 თებერვლის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
6.2. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა მოპასუხე გ.რ–ვის მიერ საზღაურის გადახდის შესახებ ფაქტობრივი გარემოება, რაც გახდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
6.3. ხელშეკრულებიდან გამომდინარე გამყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულება შესრულდა ჯეროვნად, კერძოდ, მოხდა საკუთრების უფლების რეგისტრაცია მყიდველის სახელზე. თუმცა, ნასყიდობის საფასური არ იქნა გადახდილი მყიდველის მიერ. არაერთი ზეპირი კომუნიკაციისა და სმს შეტყობინების მიუხედავად, გ.რ–ვი არ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას. კერძოდ, მის მიერ ვადაში და არც მისი გასვლის შემდგომ არ იქნა გადახდილი ნასყიდობის საფასური.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 17 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო.
9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
12. საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე დადგენილ გარემოებებს და განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში წარდგენილი სასარჩელო მოთხოვნის (გ.რ–ვის მიმართ აღძრული სარჩელით შპს „გ.ბ.თ–ი“ მოითხოვს შპს „გ.ბ.თ–ი“ ცნობილ იქნას უძრავი ნივთის, მდებარე: ქ. თბილისი, .............., ს/კ: .............., მესაკუთრედ. მოსარჩელე სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ საფუძვლად მიუთითებს მასზედ, რომ გ.რ–ვის მიერ უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, ................, ფართი 45.3 კვ.მ. საკადასტრო კოდი: ............., შეძენის მიზნით შპს „გ.ბ.თ–ისთვის“ მოპასუხის მიერ სრულად არ არის გადახდილი 2021 წლის 09 ივლისის, შპს „გ.ბ.თ–სა“ და გ.რ–ვს შორის, დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის თანხა, რაც მოსარჩელე მხარეს წარმოუშობს უფლებას მოპასუხისაგან მოითხოვოს ხელშეკრულებიდან გასვლა და გაყიდული უძრავი ქონების თავის საკუთრებაში დაბრუნება.) სამართლებრივი საფუძველია 477-ე „ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი“, 352.1-ე „თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება)“, 407.1. „ხელშეკრულებიდან გასვლისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით“, 405-ე „თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია, უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია, უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი“ მუხლები.
13. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ ხელშეკრულების დადების მომენტიდან მხარეები ვალდებულნი არიან შეუდგნენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. მათ არ შეუძლიათ ცალმხრივად თქვან უარი ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. მაგრამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ხელშეკრულების მხარეს უფლება აქვს გავიდეს ხელშეკრულებიდან და უარი თქვას ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. ხელშეკრულების ერთ-ერთი მონაწილის შესაძლებლობას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში უარი თქვას ხელშეკრულების გაგრძელებაზე, ხელშეკრულებიდან გასვლა ეწოდება. ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში, მხარეები ხელშეკრულების დადებამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდებიან, აღნიშნული სამართლებრივი მექანიზმი სამოქალაქო კოდექსის 352-ე და 405-ე მუხლებით წესრიგდება.
14. სსკ-ის 352-ე მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება), ხოლო, 405-ე მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის ინტერესი დაკარგა. ამასთანავე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულია, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის წარმატებისთვის აუცილებელია მეორე მხარის მიერ ხელშეკრულების დარღვევა იყოს მნიშვნელოვანი და ეს დარღვევა მხარეს ხელშეკრულების მიმართ ინტერესს უკარგავდეს. ნიშანდობლივია, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების საფუძვლები შეიძლება მატერიალურ და ფორმალურ ნაწილებად დაიყოს. მატერიალურში შეიძლება ვიგულისხმოთ სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობა, ხოლო ფორმალურში– დამატებითი ვადის დაწესება და ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინება. ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის კანონისმიერი წინაპირობებია: ა) ხელშეკრულების ნამდვილობა (უნდა აკმაყოფილებდეს გარიგების ნამდვილობის ზოგად პირობებს) ბ) მოვალის მხრიდან ხელშეკრულების მნიშვნელოვანი (არსებითი) დარღვევა (დარღვევა არსებითი ხასიათისაა, თუ მოვალის მხრიდან ძირითადი ვალდებულების დარღვევის გამო, ფაქტობრივი შესრულების დანიშნულებისამებრ გამოყენება შეუძლებელი ხდება ან იკარგება მომავალში მისი შესრულების იმედი ანდა კრედიტორს ეკარგება შესრულებისადმი ინტერესი) გ) ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ განცხადების გაკეთებით მონაწილე მთლიანად გადის ხელშეკრულებიდან, რადგანაც კანონით დაუშვებელია ხელშეკრულებიდან ნაწილობრივი გასვლა; დ) მიუხედავად ვალდებულების მნიშვნელოვანი დარღვევისა, მოვალეს არ შეუძლია კრედიტორს მოსთხოვოს ხელშეკრულების ძალაში დატოვება; ე) ვალდებულების დარღვევისათვის კრედიტორი მთლიანად ან უმთავრესად არ არის პასუხისმგებელი; ვ) მოთხოვნას არ უპირისპირდება შესაგებელი, რომელიც დაუყოვნებლივ წარდგენილი იქნება მოვალის მიერ, თუკი კრედიტორი უარს იტყვის ხელშეკრულებაზე (მაგალითად, შესაგებელი ვალდებულების გაქვითვაზე); ზ) სახეზეა კრედიტორის მიერ შესაგებელი იურიდიული მოქმედება– ხელშეკრულებიდან გასვლისათვის მოცემული გონივრული ვადა, თუ ხელშეკრულებით ასეთი ვადა არ ყოფილა დადგენილი ანდა, თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა – გაფრთხილება. რაც შეეხება რეზულტატს, ანუ იმ სამართლებრივ შედეგს, რომელიც ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში დგება, იგი მხარეთა შორის ხელშეკრულების დადებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენასთანაა დაკავშირებული.
15. საკასაციო პალატამ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ხელშეკრულების მოშლა და ხელშეკრულებიდან გასვლა, შესაბამისი წინაპირობების არსებობისას, ვალდებულების ცალმხრივი ნების გამოვლენის საფუძველზე შეწყვეტას გულისხმობს, მაგრამ მოშლის თავისებურება სწორედ ისაა, რომ წყდება სამომავლო შესრულების ვალდებულება, ხოლო უკვე შესრულებული მხარეებს არ უბრუნდებათ (გარდა სამოქალაქო კოდექსის 399-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა), ხელშეკრულებიდან გასვლა კი, ნატურით დაბრუნებას გულისხმობს. პალატა განმარტავს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მოთხოვნა, პირველადი მოთხოვნაა, რომლის შეუსრულებლობაც იწვევს მეორადი მოთხოვნის უფლების წარმოშობას. ამ უკანასკნელს კი მიეკუთვნება ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნა. ხელშეკრულებიდან გასვლა გამოიყენება მხოლოდ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში. ამიტომ კანონი ამომწურავად განსაზღვრავს ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძვლებსა და წესს, კერძოდ, იმას, თუ როდის შეუძლია ხელშეკრულების მხარეს მოითხოვოს ხელშეკრულებიდან გასვლა.
16. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ფაქტების მითითების ტვირთისა და ფაქტების დამტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
17. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. შეჯიბრებითობის პრინციპმა თავისი ასახვა ჰპოვა სსსკ–ის მთელ რიგ სხვა ნორმებში.
18. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავო გარემოებას წარმოადგენს, 2021 წლის 9 ივლისის, შპს „გ.ბ.თ–სა“ და გ.რ–ვს შორის, დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის თანხის გადახდის ფაქტი, კერძოდ, მოსარჩელე მიუთითებს, რომ 2021 წლის 9 ივლისს დადებულ უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებაში გადახდის განვადებით მითითებული თანხები მოპასუხის მიერ არ არის გადახდილი. მოპასუხის მიერ გადახდილი არის მხოლოდ ანგარიშზე შემოსული თანხები. ამასთან, 2021 წლის 16 აგვისტოს ანგარიშის ამონაწერში მითითებული თანხები მიეკუთვნება 2021 წლის 9 ივლისამდე გადახდილ თანხებს (იხ. სარჩელი). კასატორის პრეტენზიის მიხედვით, არასწორად დადგინდა ფაქტობრივი გარემოება გადახდილი თანხის ოდენობის შესახებ, და აღნიშნავს, რომ საფასურის გადახდის და ნაკისრი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შესახებ არც მტკიცებულება და არც შესაბამისი დოკუმენტი არ არსებობს.
19. საქმეზე დადგენილი გარემოებების მიხედვით, დადგენილია, რომ ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 45 998 ლარით. დადგენილია, რომ ნასყიდობის საგნის ღირებულებიდან 36 548 ლარის გადახდა განხორციელდა წინამდებარე ხელშეკრულებაზე მხარეთა ხელმოწერამდე. ნასყიდობის საგნის ღირებულების გადაუხდელი ნაწილის 9 450 ლარის გადახდა უნდა განხორციელებულიყო 2021 წლის 15 აგვისტომდე. დადგენილია, რომ 2021 წლის 16 აგვისტოს, მოპასუხემ კასატორის ანგარიშზე შეიტანა 5 600 ლარი.
20. ამდენად, გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს შეფასება და მის მიერ დადგენილი გარემოება, რომ მყიდველის მიერ გადახდილია 42 148 ლარი, ნასყიდობის ხელშეკრულებით შეთანხმებული საფასური შეადგენდა 45 998 ლარს, მოპასუხემ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების თითქმის 92% და მოპასუხის მიერ გადასახდელი თანხა შეადგენს 3 850 ლარს.
21. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მყიდველმა დამატებით 1 000 ლარი ჩარიცხა კომპანიის დირექტორის მეუღლის სახელზე, თუმცა, აღნიშნული, გამყიდველის საკასაციო პრეტენზიის პირობებში ვერ შეფასდება მისივე პრეტენზიების საუარესოდ, ამასთან, საქმეში წარმოდგენილია 2024 წლის 6 ივნისის ხელწერილი (ტ.1, ს/ფ 197), რომლის თანახმადაც გ.რ–ვმა გ.გ–ს 2021 წლის აპრილში 2024 წლის 7 ივლისამდე ასესხა 1 000 ლარი, ხელწერილს ხელს აწერენ გ.რ–ვი, გ. და გ. გ–ები. უდავოა, რომ 2022 წლის 21 აპრილს გ.რ–ვის მიერ, შპს „გ.ბ.თ–სის“ დირქტორის მეუღლის, რ.გ–ის ანგარიშზე გადარიცხულ იქნა 1 000 ლარი. წარმოდგენილი ხელწერილისა და მოწმედ დაკითხული პირის გ.გ–ის განმარტების საფუძველზე ნათელი ხდება, რომ აღნიშნული თანხა გ.გ–ს ასესხა გ.რ–ვმა და არ იკვეთება გარემოება, რომლის თანახმადაც აღნიშნული თანხის შეტანა უნდა განხორციელებულიყო შპს „გ.ბ.თ–ში“ გ.რ–ვის ვალდებულების დასაფარად.
22. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
23. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
24. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება/განჩინება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
25. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
26. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
28. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „გ.ბ.თ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. შპს „გ.ბ.თ–ს“ (..........) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი -TRESGE22, მიმღების ანგარიშის ნომერი - 200122900, სახაზინო კოდი - 300773150) დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 17 ივნისის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის, 2 299.9 ლარის 30%-ის - 689.97 ლარის გადახდა.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. კოჭლამაზაშვილი
მოსამართლეები: ლ. ნემსაძე
მ. ჯინჯოლია