დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 22.06.2026
საქმის ნომერი
ას-38-2022
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

22 ივნისი, 2026 წელი,საქმე №ას-38-2022 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან მიქაბერიძე,ბადრი შონია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სს ,,ს.ნ. და გ.კ–ია" (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ს.გ.ტ.კ–ია" (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2006 წლის 1 აგვისტოს, სს ,,ს.ნ. და გ.კ–იას“ (შემდეგში - მოსარჩელე, კასატორი ან კორპორაცია) და შპს ,,ს.გ.ტ.კ–იას“ (შემდეგში - მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან კომპანია) შორის ხელშეკრულება დაიდო, რომლითაც მის საკუთრებაში არსებული ბუნებრივი გაზის მილსადენები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა, ხოლო, მოპასუხემ, საქართველოს ტერიტორიაზე გაზის უსაფრთხო ტრანსპორტირების, ტრანზიტის და მიწოდების ვალდებულება იკისრა. ეს ხელშეკრულება 2010 წლის 1 აგვისტომდე მოქმედებდა.

2. ზემოაღნიშნული გარიგების გაფორმებამდე მხარეთა შორის ანალოგიური შინაარსის ხელშეკრულება 2000 წელს იყო გაფორმებული. ორივე ხელშეკრულების გაფორმებისას მოპასუხე მოსარჩელის შვილობილ კომპანიას წარმოადგენდა.

3. 2006 წლის 1 აგვისტოს ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ, 2010 წლის 30 ივლისს მხარეთა შორის მომდევნო ხელშეკრულება გაფორმდა. 2011 წლის 31 აგვისტოსაც დაიდო ახალი ხელშეკრულება. ორივე ხელშეკრულების მიზანი, 2001 წლის 1 თებერვლისა და 2006 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული გარიგებების ანალოგიური იყო, მოპასუხეს კვლავ სრულად გადაეცა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ბუნებრივი გაზის მილსადენები და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა.

4. საქმეში წარმოდგენილი არ არის აზომვითი ნახაზები, რომლებიც დაადასტურებდა, თუ რეალურად რა მდგომარეობაში იყო გაზსადენები 2000 და 2006 წლების იჯარის ხელშეკრულებების გაფორმების მომენტში.

5. 2013 წლის 30 დეკემბერს, მხარეებმა სასყიდლიანი შენახვის ხელშეკრულება შეადგინეს, რომლის საფუძველზეც 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოსარჩელემ მოპასუხეს შესანახად გადასცა მაგისტრალური გაზსადენების გარკვეული უმოქმედო მონაკვეთები. მომსახურების ფასი და მახასიათებლები ხელშეკრულების დანართ N1 და დანართ N2-ში განისაზღვრა, რომელიც ხელშეკრულებას თან ერთვოდა და მის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. მხარეთა შეთანხმებით, ყოველი თვის დასრულებისას გაწეული მომსახურების თაობაზე მიღება-ჩაბარების აქტი ფორმდებოდა, რომელსაც ხელს მხარეთა მიერ უფლებამოსილი პირები აწერდნენ. აღნიშნული ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის გამო, მოპასუხისათვის შესანახად მიბარებული ქონება მოსარჩელეს უნდა დაბრუნებოდა. ვინაიდან მაგისტრალური გაზსადენები სპეციფიკური ხასიათის ქონებას მიეკუთვნებოდა, ამასთან, მოპასუხისათვის შესანახად გადაცემული გაზსადენების უმეტესი ნაწილი მიწისქვეშ იყო განლაგებული, მხარეებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს, რომ მოპასუხის მიერ ქონების უკან დაბრუნებამდე მათი აზომვა ჩატარებულიყო.

5. კორპორაციის გენერალური დირექტორის 2016 წლის 6 მაისის ბრძანებით საინვენტარიზაციო კომისია შეიქმნა, რომელსაც კორპორაციის ბალანსზე რიცხული, ბრძანების დანართით გათვალისწინებული ვლადიკავკაზ-თბილისის მაგისტრალური გაზსადენის გარკვეული მონაკვეთების ფაქტობრივი მდგომარეობის შესწავლა დაევალა. კომისიის შემადგენლობა (12 წევრი) დაკომპლექტებული იყო, როგორც კორპორაციის, ასევე, მოპასუხე კომპანიის წარმომადგენლებით. ბუღალტრული ნაშთის ნაწილში გრძივი მეტრების განსაზღვისას ერთობლივმა საინვენტარიზაციო კომისიამ მაგისტრალური გაზსადენებისა და მათთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის ინვენტარიზაციით დადგენილი პიკეტების/ზომების მიხედვით იხელმძღვანელა. ინვენტარიზაციით განსაზღვრული პროცედურების სრულყოფილად წარმართვის მიზნით, გაზსადენის იმ მონაკვეთებში, სადაც მეტალო-დეტექტორით მილის ზუსტი ადგილმდებარეობის და სიგრძის დადგენა ტექნიკურად ვერ ხერხდებოდა, აზომვები მძიმე ტექნიკის გამოყენებით განხორციელდა და ზოგიერთი გაზსადენის სიგრძე/დიამეტრი დაზუსტდა. მიღებული შედეგების გათვალისწინებით კომისიამ შედარების ოქმი შეადგინა, სადაც საბუღალტრო აღრიცხვის მიხედვით მონაკვეთების სიგრძეები ფაქტობრივად აზომილს შეადარა და გარკვეული სხვაობები გამოვლინდა. გაზსადენების აზომვის შედეგად გამოირკვა, რომ ხელშეკრულებით მოპასუხისთვის გადაცემული ქონების ნაწილი ადგილზე არ იმყოფებოდა. კომისიის მოხსენებით ბარათს ხელს კომიიის თავმჯდომარე და შვიდი წევრი აწერს.

6. 2011 წლის 31 აგვისტოს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხისთვის იჯარით გადაცემულ ქონებაზე საინვენტარიზაციო კომისიამ შემდეგი სახის დანაკლისები გამოავლინა:

ა). მოპასუხისთვის გადაცემული ქონებიდან ერთ-ერთი იყო, ვლადიკავკაზ-თბილისის მაგისტრალური გაზსადენის I ხაზის 720 დიამეტრის 85.0-დან 86.3-კმ-მდე მონაკვეთი, სიგრძით 1.3 კმ. ამ დროისთვის ადგილზე 1.3კმ.-ს ნაცვლად არის 1.202კმ. დანაკლისმა 0.098კმ შეადგინა. დაკარგული გაზსადენის 0.098კმ-იანი მონაკვეთის საბაზრო ღირებულება სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნით 15 280.00 ლარს შეადგენდა.

ბ). იჯარის ხელშეკრულებით მოპასუხეს იჯარის უფლებით გადაეცა ვლადიკავკაზ-თბილისის მაგისტრალური გაზსადენის II ხაზის 529 დიამეტრის 81.3კმ-დან 83.5 კმ-მდე მონაკვეთი, სიგრძით 2.2კმ. როგორც ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, 2.2კმ-ს ნაცვლად ადგილზე 1.967კმ აღმოჩნდა. დანაკლისმა 0.233კმ. (2.2 კმ-ს - 1.967 კმ. = 0.233 კმ) შეადგინა. დაკარგული გაზსადენის 0.233კმ-იანი მონაკვეთის საბაზრო ღირებულებამ სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნით 24 140.00 ლარი შეადგინა.

გ). იჯარის ხელშეკრულებით მოპასუხეს გადაეცა ვლადიკავკაზ-თბილისის მაგისტრალური გაზსადენის I ხაზის 529 დიამეტრის 180კმ-დან 185კმ-მდე მონაკვეთი. ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩნდა, რომ გაზსადენის მოცემულ მონაკვეთზე, კერძოდ - 182.8კმ-დან 184 კმ-მდე, ადგილზე აღარ იყო გაზსადენის გარკვეული ნაწილები, კერძოდ: 182.834-კმ-დან 182.864-კმ-მდე აღმოჩნდა მხოლოდ 30 მეტრი, 182.904-კმ-დან 182.962-კმ-მდე აღმოჩნდა 58 მეტრი, 183.185-კმ-დან 183.314-კმ-მდე 129 მეტრი და 183.376-კმ-დან 183.707-კმ-მდე 331 მეტრი, ამდენად, მთლიანობაში გამოვლინდა 548 მეტრი, რის გამოც ჯამურმა დანაკლისმა 504 მეტრი (1 052მ - 548 = 504 მ, ანუ 0.504 კმ) შეადგინა. დაკარგული გაზსადენის 0.504კმ-იანი მონაკვეთის საბაზრო ღირებულებამ სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნით 52 150.00 ლარი შეადგინა.

7. 2013 წლის 30 დეკემბრის შენახვის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხისთვის შესანახად გადაცემულ ქონებაზე კორპორაციის გენერალური დირექტორის 2016 წლის 6 მაისის ბრძანებით შექმნილმა საინვენტარიზაციო კომისიამ შემდეგი დანაკლისი გამოავლინა:

ა). მოპასუხეს შესანახად გადაცემული ქონდა 529 მმ დიამეტრიანი ვლადიკავკაზ-თბილისის მაგისტრალური გაზსადენის I ხაზის 185.0-კმ-დან 187.4-კმ-მდე მონაკვეთი, რომლის სიგრძე 2.4 კმ-ს შეადგენდა. გაზსადენის აღნიშნული მონაკვეთის უკან დაბრუნებამდე ჩატარებული აზომვებით გაირკვა, რომ ადგილზე განთავსებული იყო მხოლოდ გაზსადენის 1 972 მეტრიანი მონაკვეთი, დანაკლისის ოდენობამ 185.0-კმ-დან 187.4-კმ-მდე მონაკვეთზე 428 მეტრი (2 400 - 1 972 = 428 მ, ანუ 0.428 კმ) შეადგინა. დაკარგული გაზსადენის 0.428კმ-იანი მონაკვეთის საბაზრო ღირებულება სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნით 44 300.00 ლარი იყო.

ბ). ხელშეკრულებით მოპასუხეს შესანახად გადაცემული ქონდა 529 მმ დიამეტრიანი ვლადიკავკაზ-თბილისის მაგისტრალური გაზსადენის I ხაზის 188.9-კმ-დან 191.8-კმ-მდე მონაკვეთი, სიგრძით 2.606კმ. გაზსადენის აღნიშნული მონაკვეთის უკან დაბრუნებამდე ჩატარებული აზომვებით გაირკვა, რომ ადგილზე განთავსებული იყო მხოლოდ გაზსადენის 1 475 მეტრიანი მონაკვეთი, შესაბამისად, დანაკლისის ოდენობამ გაზსადენის 188.9-კმ-დან 191.8-კმ-მდე მონაკვეთზე 1 131 მეტრი (2 606 - 1 475 = 1 131 მ, ანუ 1.131 კმ) შეადგინა. დაკარგული გაზსადენის 1.131კმ-იანი მონაკვეთის საბაზრო ღირებულება სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნით 136 500.00 ლარი იყო.

გ). ხელშეკრულებით მოპასუხეს შესანახად გადაცემული ჰქონდა ვლადიკავკაზ-თბილისის მაგისტრალური გაზსადენის I ხაზის 193.8-კმ-დან 194.22-კმ - მდე 529 დიამეტრიანი გაზსადენი, სიგრძით 0.420კმ. გაზსადენის აღნიშნული მონაკვეთის უკან დაბრუნებამდე ჩატარებული გამოკვლევებით გამოირკვა, რომ გაზსადენის აღნიშნული მონაკვეთი სრულად იყო დაკარგული. დაკარგული გაზსადენის 0.420კმ-იანი მონაკვეთის საბაზრო ღირებულება სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნის თანახმად 50 700.00 ლარს შეადგენს.

დ). ხელშეკრულებით მოპასუხეს შესანახად გადაცემული ჰქონდა ვლადიკავკაზ-თბილისის მაგისტრალური გაზსადენის I ხაზის 197.72-კმ-დან 198.92-კმ-მდე 529მმ დიამეტრიანი გაზსადენი, სიგრძით 1.001კმ. გაზსადენის აღნიშნული მონაკვეთის უკან დაბრუნებამდე ჩატარებული აზომვებით გაირკვა, რომ ადგილზე განთავსებული იყო მხოლოდ გაზსადენის 839 მეტრიანი მონაკვეთი, შესაბამისად, დანაკლისის ოდენობამ გაზსადენის 197.72-კმ-დან 198.92-კმ-მდე მონაკვეთზე 162 მეტრი (1 001 - 839 = 162 მ, ანუ 0.162 კმ) შეადგინა. დაკარგული გაზსადენის 0.162კმ-იანი მონაკვეთის საბაზრო ღირებულება სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნით 22 400.00 ლარს შეადგენდა.

ე). ხელშეკრულებით მოპასუხეს შესანახად გადაცემული ჰქონდა 529 მმ დიამეტრის ვლადიკავკაზ-თბილისის მაგისტრალური გაზსადენის I ხაზის 198.92-კმ-დან 200.12-კმ-მდე (სიგრძით 0.305 კმ), 200.12-კმ-დან 200.84-კმ-მდე (სიგრძით 0.72 კმ) და 200.84-კმ-დან 201.22-კმ-მდე (სიგრძით 0.38 კმ) მონაკვეთები. როგორც გაზსადენის აღნიშნული მონაკვეთის უკან დაბრუნებამდე ჩატარებული აზომვებით გაირკვა, ადგილზე საერთოდ აღარ არსებობდა გაზსადენის ხსენებული მონაკვეთები. დაკარგული გაზსადენის 0.305 კმ, 0.72 კმ და 0.38 კმ-იანი კმ-იანი მონაკვეთების საბაზრო ღირებულებამ სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნის თანახმად 176 150.00 ლარი შეადგინა.

ვ). ხელშეკრულებით მოპასუხეს შესანახად გადაეცა 529 მმ დიამეტრის ვლადიკავკაზ-თბილისის მაგისტრალური გაზსადენის I ხაზის 202.22-კმ-დან 206.52-კმ-მდე (სიგრძით 0.031 კმ) და 206.52-კმ-დან 215.8-კმ-მდე (სიგრძით 6.061 კმ) მონაკვეთები - ჯამურად 6.092კმ. გაზსადენის აღნიშნული მონაკვეთის უკან დაბრუნებამდე ჩატარებული აზომვებით გაირკვა, რომ ამ დროისთვის ადგილზე გაზსადენების ხსენებული მონაკვეთებიდან მხოლოდ 5.634 კმ არსებობდა, 0.458კმ მონაკვეთი კი დაკარგული იყო. დაკარგული გაზსადენის 0.458კმ-იანი მონაკვეთის საბაზრო ღირებულებამ სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნის თანახმად 48 500.00 ლარი შეადგინა .

ზ). ხელშეკრულებით მოპასუხეს შესანახად გადაცემული ჰქონდა გაზსადენის ,,უდაბნოსა“ (საერთო სიგრძე 1.44 კმ) და ალასტანის (საერთო სიგრძე 0.080კმ) განშტოებები, ჩატარებული აზომვების შედეგად გამოვლინდა, რომ დანაკლისებს ამ მონაკვეთებზეც ჰქონდა ადგილი, კერძოდ - ალასტანის განშტოება საერთოდ ვერ იქნა მოძიებული, ხოლო უდაბნოს განშტოებაზე დანაკლისმა 0.192კმ შეადგინა. ალასტანის განშტოების დაკარგული გაზსადენის საბაზრო ღირებულებამ სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2017 წლის 8 თებერვლის დასკვნით 430 ლარი შეადგინა, ხოლო, უდაბნოს განშტოებაზე გამოვლენილი დანაკლისის ღირებულებამ - 2 910 ლარი (1 მეტრის ღირებულება 15.15625 ლარი. 15.15625 ლარი X 192 მეტრზე = 2 910 ლარი).

9. 2015 წლის 1 დეკემბერს, მოსარჩელემ წერილით მიმართა მოპასუხეს და აცნობა, რომ 2015 წლის 17-20 ნოემბერს, გურიის რეგიონში დიდი ოდენობით მოსული ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე სუფსამ, სოფელ ძიმითთან გააშიშვლა მოსარჩელის კუთვნილი ,,ქუთაისი-სოხუმის“ მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის 529 მმ-იანი განშტოების 28-ე კმ-ზე არსებული მონაკვეთი. მხარეთა შორის 2011 წლის 31 აგვისტოს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებით აღნიშნული მონაკვეთი მოპასუხეს ჰქონდა გადაცემული. გაზსადენის გაწყვეტის რეალური საფრთხე არსებობდა, რაც მთლიანად აჭარის რეგიონისა და გურიის გარკვეული სოფლებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტას გამოიწვევდა. წინასაავარიო სიტუაციის აღმოფხვრის, გაზსადენის დაზიანებისა და ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმეში შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, მოპასუხის განცხადებით აუცილებელი იყო გაზსადენის გარკვეულ ნაწილზე კაპიტალური რემონტის ჩატარება, რისთვისაც საჭირო იყო 330 გრძივი მეტრი 529მმ-იანი მილი, 6 ერთეული 52 მმ-იანი მუხლები და 60 გრძივი მეტრი 529მმ-იანი მეორადი მილი (ბურჯებისთვის). ამავე წერილით, მოპასუხემ განაცხადა მზადყოფნა, რომ თუ კორპორაცია უზრუნველყოფდა კაპიტალური სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო მასალების მიწოდებას, კაპიტალურ სამუშაოებს კომპანია საკუთარი ხარჯით შეასრულებდა.

შექმნილი რთული მდგომარეობის გათვალისწინებით მოპასუხის წინადადებას კორპორაცია დაეთანხმა. აღნიშნული საკითხების დარეგულირების მიზნით მხარეთა შორის 2015 წლის 2 დეკემბერს შეთანხმება გაფორმდა. შეთანხმების ფარგლებში მოპასუხემ კაპიტალური სამუშაოები შეასრულა, რაც გაზსადენიდან დაზიანებული მონაკვეთის ამოჭრას და იმ ადგილას ახალი მონაკვეთის აშენებას გულისხმობდა.

დაზიანებული მონაკვეთის დემონტაჟის შედეგად მიღებული მილები - 149.2 მეტრი დატაცებულ იქნა. დატაცებული მილების ღირებულებამ სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2016 წლის 30 დეკემბრის დასკვნით 13 428 ლარი შეადგინა.

2016 წლის 28 ივლისის წერილით კორპორაციას მოპასუხემ აცნობა, რომ ,,ქუთაისი-სოხუმის“ მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის 529მმ-იანი დიამეტრის მქონე განშტოების 28-ე კმ-ზე არსებული მონაკვეთის კაპიტალური სარემონტო სამუშაოების დროს დემონტირებული 18 ერთეული (ანუ 204 გრძივი მეტრი) 529 მმ-იანი დიამეტრის მქონე მილი უცხო პირებმა დაიტაცეს, რაზეც საქართველოს შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ოზურგეთის რაიონულმა სამმართველომ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

2016 წლის 25 აგვისტოს, კორპორაციამ წერილობით მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა რაოდენობის მილების დაბრუნება იყო შესაძლებელი კორპორაციისთვის დაუზიანებელ (პირვანდელ) მდგომარეობაში და, ასევე, განსაზღვრულიყო პერიოდი მათი ტრანსპორტირებისა და დაბრუნებისთვის კორპორაციის კუთვნილ ლანჩხუთის მილსაწყობში. გარდა ამისა, მოთხოვნილ იქნა მოპასუხის პოზიცია დატაცების შედეგად დაზიანებული მილების დაბრუნების ფაქტთან დაკავშირებით.

მოპასუხის 2016 წლის 20 სექტემბრის წერილით კორპორაციას ეცნობა, რომ მილების დაბრუნება გამოძიების პრეროგატივას წარმოადგენდა, ხოლო მილების კორპორაციის კუთვნილ ლანჩხუთის მილსაწყობში დასაწყობების საკითხთან დაკავშირებით მოსარჩელეს განემარტა, რომ 2015 წლის 2 დეკემბერს დადებული შეთანხმების საფუძველზე აღნიშნული ვალდებულება მოპასუხეს არ გააჩნდა.

10. მოსარჩელე, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოა, რომელიც კომპეტენციის ფარგლებში, ბუნებრივი გაზის სფეროში ახორციელებს სახელმწიფოს პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს. დაფუძნების დღიდან მოსარჩელე აქტიურად მონაწილეობს მოსახლეობისა და საწარმოების ბუნებრივი გაზით შეუფერხებელი და უწყვეტი მომარაგების უზრუნველყოფის საკითხში. ბუნებრივი გაზის სექტორთან დაკავშირებულ საქმიანობაში მოსარჩელის მონაწილეობის ფორმები და მექანიზმები სხვადასხვა ხელშეკრულებებითა და ნორმატიული აქტებით არის მოწესრიგებული.

11. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 1 თებერვლის განკარგულებით, მოპასუხეს დაევალა, რომ 2008 წლის 1 იანვრიდან რუსეთიდან სომხეთში გატარებული გაზის ტრანზიტის საფასურში დარჩენილი ბუნებრივი გაზის მოსარჩელისთვის რეალიზაცია მოეხდინა, რა დროსაც 1 000 კუბური მეტრი გაზის ფასი 110 აშშ დოლარით განისაზღვრებოდა.

12. სხვადასხვა დროს მხარეებს შორის ,,ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის შესახებ“ სხვადასხვა ხელშეკრულებები გაფორმდა, კერძოდ:

- 2007 წლის 28 დეკემბრის ხელშეკრულება, რომლის 4.1 პუნქტის თანახმად, ბუნებრივი გაზი 2008 წლის 1 იანვრიდან - 2008 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა მიწოდებულიყო;

- 2008 წლის 15 დეკემბრის ხელშეკრულება, რომლის 4.1 პუნქტის თანახმად, ბუნებრივი გაზი 2009 წლის 1 იანვრიდან 2009 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა მიწოდებულიყო;

- 2009 წლის 25 დეკემბრის ხელშეკრულება, რომლის 4.1 პუნქტის თანახმად, ბუნებრივი გაზი 2010 წლის 1 იანვრიდან 2010 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა მიწოდებულიყო;

- 2010 წლის 21 დეკემბრის ხელშეკრულება, რომლის 4.1 პუნქტის თანახმად, ბუნებრივი გაზი 2011 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა მიწოდებულიყო.

13. მოპასუხის წინააღმდეგ მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი შემდეგი მოთხოვნებით შეიტანა:

13.1. 2011 წლის 31 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების სახით მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისროს 104 998 ლარის გახდა.

13.2. 2011 წლის 31 აგვისტოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის საფუძველზე მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს 3 747 046.58 აშშ დოლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურება დაეკისროს.

13.3. 2013 წლის 30 დეკემბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის საფუძველზე მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისროს 481 890 ლარის გადახდა.

13.4. მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს 119 263.92 ლარის გადახდა დაეკისროს.

14. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

15. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 26 ოქტომბრის განჩნებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-12 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და შემდეგი დასკვნები ჩამოაყალიბა:

16.1. ,,ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის შესახებ“ 2007 წლის 28 დეკემბრის, 2008 წლის 15 დეკემბრის, 2009 წლის 25 დეკემბრისა და 2010 წლის 21 დეკემბრის ხელშეკრულებების მიხედვით, მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა 2011 წელს ამოიწურა, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა 2012 წლის 1 იანვრიდან დაიწყო და 2015 წლის იანვარში ამოიწურა.

ვინაიდან 2017 წლის 24 ოქტომბრამდე (სარჩელის სასამართლოში წარდგენის თარიღი) მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილება არ უცდია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 128.1,129.1 და 130-ე მუხლის დანაწესებიდან გამომდინარე სახელშეკრულებო მოთხოვნის უფლების დაცვის ვადა 2015 წლის 1 იანვარს გავიდა და სარჩელი ხანდაზმულია.

16.2. 2011 წლის 31 აგვისტოს ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე ზიანის მოპასუხის მიერ ანაზღაურების მოთხოვნაც, რომელიც ,,საგურამო-ქუთაისის“ 500 მმ-იანი დიამეტრის მქონე მაგისტრალური გაზსადენის 175.5 კმ-დან 198.5 კმ-მდე 182-ე კმ-ზე აღმოჩენილ 300 მეტრი სიგრძის მილის ფარულად დაუფლების ფაქტს შეეხება, წარუმატებელია. მიუხედავად იმისა, რომ იჯარის ხელშეკრულებიდან ,,საგურამო-ქუთაისის“ მაგისტრალური გაზსადენის ქუთაისი-ზესტაფონის უმოქმედო, ექსპლუატაციიდან გამოსული მონაკვეთის ამოღება მოპასუხემ მოსარჩელეს არაერთხელ სთხოვა, რისი მართებულობის თაობაზეც შესაბამის ტექნიკურ დასაბუთებაზე მიუთითა და გააფრთხილა, რომ თუკი ხსენებულ გაზსადენს იჯარის ხელშეკრულებიდან არ ამოიღებდნენ, დასახელებულ გაზსადენთან დაკავშირებით მოპასუხე პასუხისმგებლობას იხსნიდა, შესაბამისი შეთანხმების გაფორმებაზე მოსარჩელე უარს იმ საფუძვლით აცხადებდა, რომ მომავალში შესაძლო იყო გაზსადენის გამოყენება საჭირო გამხადიყო. ამით მოსარჩელე აიძულებდა მოპასუხეს, რომ იჯარის ხელშეკრულების მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ხარჯები (რაც გულისხმობს სახაზო შემომვლელის გამოყოფას, საიჯარო ქირის გადახდას) გაეწია და ისეთი გაზსადენის მიმართ აეღო პასუხისმგებლობა, რომელიც იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისთვის გამოუსადეგარი იყო.

17. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი მოსარჩელემ შემდეგი დასაბუთებით შემოიტანა:

- საქმის განხილვისა და განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ, სავარაუდოდ, მოსამართლეებს მხედველობის მიღმა დარჩათ ის გარემოება, რომ გ.ბერაიას ნაცვლად დავის განხილვაში შ.წ–ძე ჰყავდათ მიწვეული. შესაბამისად, გასაჩივრებულ განჩინებაში სასამართლოს არასწორ შემადგენლობაზე მიეთითა.

- მოსარჩელის მოთხოვნები სასამართლომ ხანდაზმულად იმის გამო მიიჩნია, რომ, მისი პოზიციით, მხარეთა შორის ნასყიდობის ბოლო ხელშეკრულება 2010 წლის 21 დეკემბერს გაფორმდა, რომელსაც 2011 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა ემოქმედა. რეალურად, 2010 წლის 21 დეკემბრის ხელშეკრულების შემდეგ, 2011 წლის 18 აგვისტოს მხარეებმა კვლავ გააფორმეს ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა არც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას და არც მეორე ინსტანციის სასამართლოში სააპელაციო საჩივრის შეტანისას, ამოწურული არ ყოფილა. მიუხედავად შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენისა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2012 წლიდან მხარეთა შორის არანაირი ხელშეკრულება აღარ გაფორმებულა.

- პირველი სასარჩელო მოთხოვნის (529 მმ დიამეტრიანი ვლადიკავკაზ-თბილისის მაგისტრალური გაზსადენის ხაზის 185.0-დან 187.4-კმ-მდე, 188.9კმ-დან 191.8კმ-მდე, 193.8კმ-დან 194.22კმ-მდე, 197.72კმ-დან 198.92კმ-მდე, 198.92კმ-დან 200.12კმ-მდე, 200.12კმ-დან 200.84კმ-მდე, 200.84-დან 201.22კმ-მდე, 202.22კმ-დან 206.52კმ-მდე და 206.562კმ-დაან 215.8კმ-მდე მონაკვეთებზე გამოვლენილი დანაკლისების, ასევე, გაზსადენის „უდაბნოსა“ და „ალასტანის“ განშტოებებზე გამოვლენილი დანაკლისების ღირებულების/ზარალის გადახდის ვალდებულების მოპასუხეზე გადაკისრება) დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო ობიექტურად მცდარ და არასწორ გარემოებებს, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც საქმეში მრავლად იყო აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საჭირო მტკიცებულებები.

მოსარჩელის მეორე მოთხოვნის (ვლადიკავკაზ-თბილისის მაგისტრალური გაზსადენის I ხაზის 720 მმ დიამეტრის 85.0კმ-დან 86.3კმ-მდე მონაკვეთზე, ვლადიკავკაზ-თბილისის მაგისტრალური გაზსადენის II ხაზის 529 მმ დიამეტრის 81.3კმ-მდე მონაკვეთზე და ვლადიკავკაზ-თბილისის მაგისტრალური გაზსადენის I ხაზის 529 მმ დიამეტრის 180 კმ-დან 185 კმ-მდე გამოვლენილი დანაკლისების, ასევე, „ქუთაისი-სოხუმის“ მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის დ=529 მმ-იან განშტოებაზე დემონტირებული მილების ნაწილის დატაცების შედეგად კორპორაციაზე მიყენებული ზარალის - 104 998 ლარის ანაზღაურება) დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში განჩინება დაუსაბუთებელია.

- სასამართლომ მინიმალურადაც ვერ დაასაბუთა, რომ მაგისტრალური გაზსადენის ქუთაისი-ზესტაფონის უმოქმედო, 175.5კმ-დან 198.5 კმ-მდე მონაკვეთი ვარგისი აღარ იყო იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობისთვის და, რომ, ზიანის დადგომა კორპორაციის უმოქმედობამ გამოიწვია.

18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 3 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

19. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

20. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება გამოიწვია.

კონკრეტულ საქმეზე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ საკასაციო სასამართლოსთვის ისინი სავალდებულოა.

21. საკასაციო სასამართლოს მიერ განსახილველი უმთავრესი საკითხი შემდეგია: რამდენად კანონიერია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება, რომლითაც მოპასუხისთვის თანხის დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.

იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი სხვადასხვა ფაქტობრივ საფუძველს ემყარებოდა, თითოეულ არგუმენტთან მიმართებით საკასაციო პალატა განავითარებს სხვადასხვა მსჯელობას:

21.1. ,,ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის შესახებ“ 2007 წლის 28 დეკემბრის, 2008 წლის 15 დეკემბრის, 2009 წლის 25 დეკემბრისა და 2010 წლის 21 დეკემბრის ხელშეკრულებების დარღვევიდან გამომდინარე მოთხოვნა სააპელაციო სასამართლომ ხანდაზმულად კანონშესაბამისად მიიჩნია, რადგან ამ ხელშეკრულებების მიხედვით, მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა 2011 წელს ამოიწურა. ეს გარემოება კი, იმაზე მეტყველებს, რომ ხანდაზმულობის ვადის დინება დასახელებული მოთხოვნის მიმართ 2012 წლის 1 იანვრიდან დაიწყო და 2015 წლის იანვარში ამოიწურა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოთხოვნის დაკმაყოფილება მოსარჩელეს 2017 წლის 24 ოქტომბრამდე (სარჩელის სასამართლოში წარდგენის თარიღი) არ უცდია, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა 2015 წლის 1 იანვარს გავიდა და სსკ-ის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128.1, 129.1 და 130-ე მუხლების (სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობის ვადები. ხანდაზმულობის ვადა არის დროის ის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც პირს ეძლევა სამართლებრივი შესაძლებლობა დაიცვას საკუთარი უფლებები და ინტერესები; სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს; ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ) გათვალისწინებით ამ ნაწილში ხანდაზმულია.

21.2. 2011 წლის 31 აგვისტოს ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ,,საგურამო-ქუთაისის“ 500 მმ-იანი დიამეტრის მქონე მაგისტრალური გაზსადენის 175.5 კმ-დან 198.5 კმ-მდე 182-ე კმ-ზე აღმოჩენილ 300 მეტრი სიგრძის მილის ფარულად დაუფლების ფაქტს შეეხება, რომლის წარმატებულობის შეფასებისას სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მართებულად მიიღო შემდეგი არგუმენტები:

1). ზემომითითებული მოთხოვნის საპირისპიროდ, მოპასუხე, მოსარჩელის მხრიდან ვალდებულების დარღვევაზე, როგორც ზიანის ანაზღაურების გამომრიცხველ გარემოებაზე მიუთითებდა. მოპასუხის განმარტებით, 2016 წლის 29 სექტემბერს წერილობით მიმართა მოსარჩელეს, რომლის თანახმად, კორპორაციის მიერ ქვეყნის მასშტაბით ამორტიზებული მილსადენების ნაცვლად ახალი მაგისტრალური გაზსადენების მშენებლობამ და ერთიან სისტემაში ჩართვამ უფუნქციოდ დატოვა ჩაჭრილი, ძველი, მწყობრიდან გამოსული მონაკვეთები, მათ შორის, ,,საგურამო-ქუთაისის“ 500 და 700 მმ-იანი დიამეტრების მქონე მაგისტრალური გაზსადენის ქუთაისი-ზესტაფონის

მონაკვეთი, 175.5 კმ-დან - 198.5 კმ-მდე, მთლიანობაში 22კმ. აღნიშნული მაგისტრალური გაზსადენების შემომვლელები მოპასუხემ ახალი მონაკვეთების ოპერირებაზე გადაიყვანა, რის გამოც ძველი, უფუნქციოდ დატოვებული მონაკვეთები ზედამხედველობის და კონტროლის გარეშე იყო დარჩენილი, რაც მათი დატაცების რისკს ზრდიდა. აქედა გამომდინარე, მოპასუხე მიზანშეწონილად მიიჩნევდა, რომ 2011 წლის 31 აგვისტოს იჯარის

ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილელება შესულიყო, რაც იჯარის ხელშეკრულებიდან მაგისტრალური გაზსადენების უმოქმედო მონაკვეთების ამოღებას გულისხმობდა.

2). 2016 წლის 10 ოქტომბრის წერილით, იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში მაგისტრალური გაზსადენის აღნიშნული მონაკვეთის შენარჩუნება მოსარჩელემ მიზანშეწონილად ჩათვალა იმ საფუძვლით, რომ მომავალში მისი გამოყენება დამატებითი კონსულტაციების/შესწავლის შედეგად, შესაძლოა, საჭირო გამხდარიყო.

3). 2017 წლის 11 აპრილის წერილით მოპასუხე, იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში ,,საგურამო-ქუთაისის“ 500 და 700 მმ-იანი დიამეტრების მქონე მაგისტრალური გაზსადენის ,,ქუთაისი-ზესტაფონის“ მონაკვეთის (175.5 კმ-დან - 198.5 კმ-მდე - სულ 22 კმ) შენარჩუნების მიზანშეწონილებასთან დაკავშირებით მოსარჩელის მოსაზრებებს შემდეგ მიზეზით არ დაეთანხმა: გაზსადენის აღნიშნული უმოქმედო მონაკვეთის ექსპლუატაციიდან გამოყვანა განხორციელდა ტექნიკურად ურთულესი მდგომარეობიდან გამომდინარე (კოროზიული გამჭოლი ხვრელების არსებობა, რომლებიც ხშირ შემთხვევაში აღარ ექვემდებარებოდა შეკეთებას და საჭირო ხდებოდა მილსადენის სექციების გამოცვლა - სისტემატიური რემონტი, რაც იწვევდა დიდი ოდენობით ბუნებრივი გაზის ჰაერში გაფრქვევას). გარდა ამისა, ,,საგურამო-ქუთაისის“ მაგისტრალური გაზსადენის უმოქმედო მონაკვეთებზე დაერთებული ყველა მომხმარებელი, კორპორაციისვე პროექტის შესაბამისად, გადართულ იქნა ახალ მაგისტრალურ გაზსადენზე, რაც, საჭიროების შემთხვევაში, ტექნიკურად შეუძლებელს ხდიდა აღნიშნული მომხმარებლების გაზმომარაგებას ექსპლუატაციიდან ამოღებულ გაზსადენში გატარებული ბუნებრივი გაზის მეშვეობით. ამასთან, 2011 წლის 31 აგვისტოს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების 1.2 პუნქტის თანახმად, საიჯარო ქონება მოპასუხეს გადაეცა ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების საქმიანობისა და შეუფერხებელი გაზმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით. იმის გათვალისწინებით, რომ გაზსადენის აღნიშნული უმოქმედო მონაკვეთი აღარ წარმოადგენდა საქართველოს მაგისტრალური გაზსადენების სისტემის შემადგენელ ნაწილს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისთვის ის გამოუსადეგარი იყო. შესაბამისად, მოპასუხე იმედს იტოვებდა, რომ მხარეთა შორის გაფორმდებოდა შეთანხმება იჯარის ხელშეკრულებიდან მაგისტრალური გაზსადენის აღნიშნული უმოქმედო მონაკვეთის ამოღების თაობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოპასუხე ყოველგვარ პასუხისმგებლობას იხსნიდა ხსენებულ გაზსადენთან დაკავშირებით.

4). 2017 წლის 9 ივნისის წერილით მოსარჩელე კვლავ უარს აცხადებდა გაზსადენის აღნიშნული უმოქმედო, ექსპლუატაციისთვის უვარგისი მონაკვეთის იჯარის ხელშეკრულებიდან ამოღების შეთავაზებაზე.

5). მოპასუხის 2017 წლის 30 აგვისტოს წერილით კორპორაციას ეცნობა, რომ 2017 წლის 24 აგვისტოს კორპორაციის ინჟინერ-გეოდეზისტი და მოპასუხის სახაზო შემომვლელი აწარმოებდნენ ,,საგურამო-ქუთაისის“ 500 მმ-იანი დიამეტრის მქონე მაგისტრალური გაზსადენის 175.5 კმ-დან 198.5 კმ-მდე უმოქმედოდ დარჩენილი მონაკვეთის შემოვლა-დათვალიერებას, რა დროსაც გაზსადენის 182-ე კმ-ზე დაახლოებით 300 მეტრი სიგრძის მილის ფარულად დაუფლების ფაქტი აღმოაჩინეს. დასახელებული ფაქტის შესახებ ეცნობა საქართველოს შსს თერჯოლის რაიონულ განყოფილებას, რაზეც გამოძიება მიმდინარეობდა.

6). 2017 წლის 6 სექტემბრის წერილით მოსარჩელემ მოპასუხეს მოსთხოვა გაზსადენის დაზიანებული (დატაცებული) მონაკვეთის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა ან აღდგენასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება.

7). მოპასუხის 2017 წლის 20 სექტემბრის წერილით კორპორაციას განემარტა, რომ, როგორც, მათ არაერთგზის ეცნობათ (მოპასუხის 2016 წლის 29 სექტემბრის და 2017 წლის 11 აპრილის წერილები) შემდეგი: კორპორაციის მიერ ქვეყნის მასშტაბით ამორტიზებული მილსადენების ნაცვლად ახალი მაგისტრალური გაზსადენების მშენებლობამ და ერთიან სისტემაში ჩართვამ უფუნქციოდ დატოვა ჩაჭრილი, ძველი, მწყობრიდან გამოსული მონაკვეთები, მათ შორის, ,,საგურამო-ქუთაისის“ 500 და 700 მმ-იანი დიამეტრების მქონე მაგისტრალური გაზსადენის ქუთაისი-ზესტაფონის მონაკვეთი, 175.5 კმ-დან - 198.5 კმ-მდე - სულ 22კმ. წერილებში მითითებული იყო მთელი რიგი ტექნიკური ფაქტორები, რის გამოც მიზანშეწონილი იყო მომხდარიყო გაზსადენის აღნიშნული უმოქმედო მონაკვეთის ამოღება მხარეთა შორის 2011 წლის 31 აგვისტოს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მაგისტრალური გაზსადენის უმოქმედო მონაკვეთებთან დაკავშირებით მოპასუხე ყოველგვარ პასუხისმგებლობას იხსნიდა. მიუხედავად მოპასუხის მხრიდან არაერთგზის მოთხოვნისა და წარმოდგენილი ტექნიკურად დასაბუთებული არგუმენტაციისა, მოპასუხის პოზიცია კორპორაციამ არ იქნა გაიზიარა. შესაბამისად, მოპასუხემ უარი განაცხადა გაზსადენის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენაზე ან აღდგენისთვის საჭირო ხარჯების გაწევაზე.

8). ქუთაისი-ზესტაფონის მაგისტრალური გაზსადენის უმოქმედო, ექსპლუატაციიდან გამოსული მონაკვეთი ვარგისი აღარ იყო იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული და შესაბამისად პირდაპირი დანიშნულებით გამოყენებისთვის.

9). 2011 წლის 31 აგვისტოს იჯარის ხელშეკრულების საგანი იყო, მოიჯარისათვის მეიჯარის კუთვნილი მაგისტრალური გაზსადენების და გაზსადენებთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის გადაცემა, კერძოდ, ხელშეკრულების 1.1 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულებით მეიჯარე გადასცემს, ხოლო მოიჯარე იღებს დროებით სარგებლობაში მეიჯარის კუთვნილ მაგისტრალურ გაზსადენებს და გაზსადენებთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურას (საიჯარო ქონება), რომლის ჩამონათვალი და მახასიათებლები მოცემულია ამ ხელშეკრულების დანართ N1-ში. მოიჯარე კისრულობს ვალდებულებას საიჯარო ქონებით სარგებლობისთვის გადაიხადოს საიჯარო ქირა ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული წესითა და ოდენობით. ამავე ხელშეკრულების 1.2. პუნქტის თანახმად, მოიჯარეს საიჯარო ქონება გადაეცემა ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების საქმიანობის და ტრანზიტის განსახორციელებლად. მოიჯარე კისრულობს ვალდებულებას საიჯარო ქონება გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ბუნებრივი გაზით შეუფერხებელი მომარაგების უზრუნველყოფის მიზნით.

საკასაციო სასამართლოს დასკვნით, ზემომითითებული გარემოებების შესწავლის შედეგად სრულადაა გასაზიარებელი სააპელაციო სასამართლოს პოზიცია იმის თაობაზე, რომ ზიანის თავიდან არიდების მიზნით შესაბამის ქმედებას მოსარჩელის მხრიდან ადგილი არ ჰქონია. საქმის მასალებით არც ის დასტურდება, რომ განაცხადების წარდგენისას ან ამორტიზებული მილების დატაცებამდე, რომლებიც თავდაპირველი, ასევე მხარეთა შორის გაფორმებული გარიგების შინაარსით გათვალისწინებული დანიშნულებით აღარ გამოიყენებოდნენ, მოსარჩელემ შეასრულა მის მიერ ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებიდან გამოსული მილების მოვლა-პატრონობის ვალდებულება.

22. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. როგორც ზემოთ აღინიშნა, ანალოგიურ საკითხზე საკასაციო პალატის არაერთი განჩინება თუ გადაწყვეტილება არსებობს, რომლებთანაც წინამდებარე განჩინება თანხვედრაშია.

23. არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

25. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს ,,ს.ნ. და გ.კ–იის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. სს ,,ს.ნ. და გ.კ–იას" (ს/ნ .......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 8 000 ლარის (საგადახდო დავალება №3541, ბანკში შემოსვლის/გატარების თარიღი - 17.11.2021) 70% - 5 600 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

ბადრი შონია