დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 16.07.2026
საქმის ნომერი
ას-27-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-27-2026

16 ივლისი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან ნემსაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),არჩილ კოჭლამაზაშვილი, მიხეილ ჯინჯოლია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ.მ–ია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 8 დეკემბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სს „ს.ბ–მა“ (შემდეგში - მოსარჩელე, მოწინააღდეგე მხარე) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში ნ.მ–იას მიმართ (შემდეგში - მოპასუხე, კასატორი) და მოითხოვა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონებების (მდებარე: 1. ქ. თბილისი ..........., ფართი 7ა, ფართი 129.54 კვ.მ., ს/კ .........; 2. თბილისი ........... სხვენი, ფართი 118.30 კვ.მ. ...........) უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და მესაკუთრისათვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა. ამასთან, მოსარჩელემ იშუამდგომლა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ.

2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა პირველი ინსტანციის სასამართლოში გამართულ სხდომაზე იშუამდგომლა წინამდებარე საქმის წარმოების შეჩერებაზე სხვა დავის ფარგლებში განსახილველი საქმის დასრულებამდე, იმ გარემოებებზე მითითებით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განხილვაშია საქმე N330310123007197992, სადაც მოსარჩელეს წარმოადგენს ნ.მ–ია, ხოლო მოწინააღმდეგე მხარეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. დავის საგანი: საჯარო რეესტრის 2023 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება N882023264086-08 და 2023 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება N88202359114-03 (ინდ.აქტის) ბათილად ცნობა. სადავო ინდ. აქტით გაუქმდა ნ.მ–იას რეგისტრაცია ვალდებულების გრაფაში უძრავი ქონებების ს/კ ............, .......... - მომავალი მესაკუთრის სტატუსი. მოპასუხის მოსაზრებით, ინდ. აქტებით, რომლითაც გაუქმდა ნ.მ–იას ვალდებულების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე არის სადავო და მანამ სანამ არ გადაწყდება ინდ. აქტის სამართლებრივი ბედი შეუძლებელია, რომ საქმე გაგრძელდეს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის დავით.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 13 იანვრის განჩინებით ნ.მ–იას შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 30 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5.1 სს „ს.ბ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე ნ.მ–იას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის (სს „ს.ბ–ის“) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: 1. ქ. თბილისი ..........., ფართი 7ა, ფართი 129.54 კვ.მ., ს/კ ..........; 2. თბილისი ............. სხვენი, ფართი 118.30 კვ.მ. ........ და სს „ს.ბ–ს" ქონება გადაეცა გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში; მოპასუხე ნ.მ–იას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს - 60 (სამოცი) ლარის გადახდა; მოსარჩელის (სს „ს.ბ–ის“) შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

6. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე ნ.მ–იამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 8 დეკემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

7.1 ნ.მ–იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 13 იანვრის განჩინება.

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფაქტობრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

8.1 საჯარო რეესტრში №.......... და №.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონებები ეკუთვნის ს.ბ–ს.

8.2 ნ.მ–ია სადავო უძრავ ქონებას ფლობს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სამართლებრივი დასაბუთება:

8.3 სააპელაციო პალატა დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს განმარტებას მასზედ, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, აპელანტი ვალდებული იყო დაებრუნებინა მესაკუთრისათვის კუთვნილი ნივთი.

8.4 სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. პალატამ აღნიშნა, რომ ვინაიდან სადავო ქონება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრებად და ეს ჩანაწერი გაუქმებული არ არის, ეს ნიშნავს, რომ ქონება, სწორედ, მას ეკუთვნის.

8.5 პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 159-ე მუხლზე (რომლის შინაარსიდან გამომდინარე მართლზომიერი მფლობელია ის, ვინც ნივთს სამართლებრივად ნამდვილი საფუძვლით ფლობს), ამავე კოდექსის168-ე მუხლზე (მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას) და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-6 პუნქტზე (ქონების ახალ მესაკუთრეზე გადასვლის მომენტიდან ძველი მესაკუთრე კარგავს ყოველგვარ უფლებას ამ ქონებაზე). სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სს „ს.ბ–მა“ სადავო უძრავი ქონება 2020 წლის 20 მარტს იძულებით აუქციონზე შეიძინა, თუმცა აუქციონამდე ქონება ნ.მ–იას ეკუთვნოდა. სს „ს.ბ–ის“ მიერ ქონების შეძენით, ნ.მ–იამ დაკარგა ყოველგვარი უფლება სადავო ქონებაზე. ამასთან, ქონების ახალმა მესაკუთრემ, მოსარჩელემ (სს „ს.ბ–მა) აპელანტს (ნ.მ–იას) პრეტენზია წაუყენა და მისი დაბრუნება მოსთხოვა. შესაბამისად პალატამ განმარტა, რომ აპელანტს სადავო ქონების ფლობის სამართლებრივი საფუძველი არ აქვს.

8.6 სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ უნდა შეჩერდეს მიმდინარე საქმის წარმოება მანამდე სანამ არ გადაწყდება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის წარმოებაში არსებული სარჩელი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, რომლითაც ნ.მ–ია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 24 მარტისა და 2024 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას და სადავო ქონებაზე უფლების წინასწარ რეგისტრაციას ითხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312.1 მუხლით რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა. დასახელებული მუხლის მეორე ნაწილის სიტყვა-სიტყვითი განმარტებით თუ ვიმსჯელებთ, სასამართლოში საჩივრის (სარჩელის) შეტანა გამორიცხავს ამ ნორმით გათვალისწინებული ვარაუდის მოქმედებას, რაც არასწორია, ვინაიდან მარტოოდენ გასაჩივრების ფაქტი არ აჩერებს საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის მოქმედებას, თუ არ დადასტურდა უფლების ნამდვილობის ხარვეზი თავად გარიგების მხარეთა მიერ ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. მანამდე ივარაუდება, რომ რეგისტრაციის შედეგად განხორციელებული ჩანაწერი სწორია და, შესაბამისად, უფლება ნამდვილი. შესაბისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ მითითებული ადმინისტრაციულ საქმესა და მოცემულ სამოქალაქო საქმეთა შორის არ არსებობს ისეთი აუცილებელი კავშირი, რაც შეჩერების ღონისძიების გამოუყენებლობის პირობებში ობიექტურად შეუძლებელს გახდიდა მოცემული საქმის განხილვას.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 8 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 26 თებერვლის განჩინებით ნ.მ–იას საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

11. საკასაციო მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

11.1 საკასაციო საჩივრის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ და ამავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტების დარღვევით. კერძოდ, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და განსახილველ დავასთან მიმართებაში არასწორად განმარტა კანონი. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა აპელანტის მიერ მითითებული გარემოებები და არასწორი გადაწყვეტილება მიიღო.

11.2 კასატორი უთითებს, რომ სასამართლოს მიმართა საქმის წარმოების შეჩერების შუამდგომლობით, შემდგომი დასაბუთებით: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა კოლეგიაში განსახილველად იმყოფება საქმე N330310123007197992, სადაც სადაც მოსარჩელეს წარმოადგენს ნ.მ–ია, ხოლო მოწინააღმდეგე მხარეს საქართვლოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. დავის საგანი: საჯარო რეესტრის 2023 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება N882023264086-08 და 2023 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება N882023259114-03 (ინდ.აქტის) ბათილად ცნობა. სადავო ინდ. აქტით გაუქმდა ნ.მ–იას რეგისტრაცია ვალდებულების გრაფაში-მომავალი მესაკუთრის სტატუსი.

ინდ.აქტებით, რომლითაც გაუქმდა ნ.მ–იას ვალდებულების რეგისტრაცია უძრავი ქონებებზე არის სადავო და დღეის მდგომარეობით დავა მიმდინარეობს სასამართლოში. მანამ სანამ არ გადაწყდება ინდ.აქტების სამართლებრივი ბედი, შეუძლებელია რომ საქმე გაგრძელდეს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის დავით, ვინაიდან არსებობს იმის სამართლებრივ საფუძველი რომ გაუქმდეს კანონის წესების დარღვევით გამოცემული ინდ.აქტი, რის შედეგადაც საჯარო რეესტრის ამონაწერში კვლავ დარეგისტრირდება ნ.მ–იას უფლება.

უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება უნდა ეფუძნებოდეს დადგენილ გარემოებას, რომ მფლობელობა ნამდვილად არამართლზომიერია. გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ N30310123007197992 საქმის ფარგლებში უნდა განისაზღვროს სადავო უძრავ ქონებაზე ნ.მ–იას მომავალი მესაკუთრედ ცნობის საკითხი, საქმის წარმოების შეჩერების გარეშე შეუძლებელია, სასამართლოს განესაზღვრა და დაედგინა ფლობის უკანონობის ფაქტი. სასამართლო გაუმართლებლად აკისრებს მოპასუხე მხარეს შეუსაბამოდ მაღალ მტკიცების ტვირთს მაშინ, როდესაც სახეზეა საქმის წარმოების შეჩერების პირდაპირი საფუძველი არა მხოლოდ კანონიერი, არამედ სამართლიანი სასამართლო გადაწყვეტილების მიღების მიზნით. აპელანტმა არაერთხელ გააჟღერა პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეზე დასაბუთებული და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელი იქნებოდა ადმინისტრაციული საქმის დასრულებამდე, თუმცა სასამართლომ არ გაიზიარა მისი შუამდგომლობა.

ადმინისტრაციული საქმის ფარგლებში სასარჩელო მოთხოვნები ეფუძნება გარემოებას, რომ ნ.მ–ია არის უძრავი ქონების მართლზომიერი მფლობელი და იგი რეგისტრირებული იყოს მომავალ მესაკუთრედ.

12. მოწინააღმდეგე მხარემ წარმოადგინა საკასაციო შესაგებელი, რომელშიც მიუთითა, რომ არ არსებობს ნ.მ–იას საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ კასატორის არგუმენტაცია საქმის წარმოების შეჩერებასთან დაკავშირებით არის უსაფუძვლო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

13. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

16. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

17. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების გამოთხოვის წინაპირობების არსებობის შემოწმება.

18. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს მთელ რიგ ქონებრივ/ფულად უფლებებს, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში RYSOVSKYY v. UKRAINE განმარტა, რომ როდესაც სასწორზე დევს საზოგადოებრივი ინტერესი, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ადამიანის ფუნდამენტალურ უფლებებს, როგორიცაა მაგალითად საკუთრების უფლება, საჯარო ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერების ფარგლებში, სათანადოდ და, რაც მთავრია, შესაბამისად (RYSOVSKYY v. UKRAINE, 2012).

19. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – მარქსი ბელგიის წინაღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება“ (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).

20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

21. სსსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, უნდა გამოიკვეთოს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, რათა მოსარჩელეს უფლება ჰქონდეს, ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს (სუსგ 03.02.2021წ. საქმე №ას-136-2019, 29.01.2021წ. საქმე №ას-1437-2020, 12.12.2016წ. №ას-1043-1004-2016).

22. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სადაო უძრავი ნივთების მესაკუთრედ საჯარო რეესტრში ირიცხება მოსარჩელე - სს „ს.ბ–ი“, თუმცა, ფაქტობრივად ქონება მოპასუხის მფლობელობაშია.

23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სადავო გარემოებების მტკიცების გარკვეულ სტანდარტს.

24. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

25. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

26. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ წარმოადგინა საჯარო რეესტრის ამონაწერები, რომლითაც დაადასტურა მისი საკუთრების უფლების არსებობა სადავო ქონებებზე. ასევე, უდავოა, რომ მოპასუხე ფლობს სადავო უძრავ ნივთებს. შესაბამისად, სწორედ მოპასუხეს ეკისრებოდა იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მისი მფლობელობა მართლზომიერია. აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება კი, მოპასუხეს არ წარმოუდგენია.

27. მოპასუხის ძირითადი საკასაციო პრეტენზია ემყარება იმას, რომ შეუძლებელია მიმდინარე ვინდიკაციური დავის სწორად გადაწყვეტა მანამ სანამ არ გადაწყდება ნ.მ–იას ადმინისტრაციული სარჩელი იმ ინდ. აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, რომლითაც სადავო უძრავ ქონებაზე გაუქმდა ნ.მ–იას რეგისტრაცია ვალდებულების გრაფაში-მომავალი მესაკუთრის სტატუსი. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს უნდა შეეჩერებინა მიმდინარე საქმის წარმოება, ზემოხსენებული ადმინისტრაციული დავის გადაწყვეტამდე.

28. საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შეთხვევაში სახეზე არ არის სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, ვინაიდან საქმის წარმოების შეჩერების ვალდებულება პირდაპირ კავშირშია ისეთ საპროცესო ინსტიტუტთან, როგორიცაა მტკიცების ტვირთი და ემსახურება ფაქტების დამტკიცების ვალდებულებისაგან მხარეთა გათავისუფლების მიზანს, სამართალწარმოების ერთ-ერთი პრინციპის - საპროცესო ეკონომიის - რეალიზაციის უზრუნველყოფას, რაც თავის მხრივ, ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელების წინაპირობაა. სხვა სამართალწარმოებით საქმის განხილვისას, სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების დადგენა რიგ შემთხვევაში შეუძლებელს ხდის კონკრეტული საქმის განხილვას, რამდენადაც ფაქტები, რომლებიც უნდა დადგინდეს სამოქალაქო ან ადმინისტრაციული წესით განხილვისას, ვერ იქნება გამორკვეული, შეფასებული და დადგენილი კონკრეტული საქმის წარმოებისას, ამავდროულად, ამ ფაქტების დადგენამდე შეუძლებელი უნდა იყოს მოცემული საქმის განხილვა (იხ. სუსგ საქმე №ას-857-857-2018, 25 ივლისი, 2018 წელი). საქმისწარმოების შეჩერებისას მარტოოდენ საქმეთა შორის პირდაპირი კავშირის არსებობა არ წარმოადგენს შეჩერების საკმარის საფუძველს, აუცილებელია დავის საგნისა და სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, დავის განხილვისა და გადაწყვეტის შეუძლებლობის ვარაუდი, ანუ სამართლებრივად ისეთი ვითარების არსებობა, როცა კონკრეტულ დავაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, ანუ დავის გადაწყვეტამდე, სასამართლო ვერ შეძლებს იმ საქმის განხილვას, რომლის შეჩერებასაც ითხოვს მხარე (იხ. სუსგ საქმე №ას-417-2022, 29 აპრილი, 2022 წელი).

29. ამასთან, სსკ-ის 312.1 მუხლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედი უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის მიზანია სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვა და სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფა. უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული უფლება მანამდე ითვლება კანონიერად, უფლებამოსილ პირს მანამდე შეუძლია, თავისუფლად განკარგოს ეს ქონება, ვიდრე რეგისტრაციის საფუძველი (სამოქალაქოსამართლებრივი გარიგება, ადმინისტრაციული აქტი, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და სხვა) არ გაუქმდება, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია მოქმედებს იმ დრომდე, ვიდრე პრეზუმირებული ფაქტის უსწორობა არ დამტკიცდება. ეს კი მიიღწევა უფლების საფუძვლად არსებული გარიგების ბათილობით. უფლების ნამდვილობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის ფაქტი სასამართლომ უნდა დაადგინოს (იხ. სუსგ საქმე №ას-1542-1462-2017, 30 იანვარი, 2018 წელი). მანამდე კი ივარაუდება, რომ რეგისტრაციის შედეგად განხორციელებული ჩანაწერი სწორია და, შესაბამისად, უფლება ნამდვილი (იხ. სუსგ საქმე №ას-1542-1462-2017, 30 იანვარი, 2018 წელი; №ას-877-2018, 27 სექტემბერი, 2018 წელი; №ას-1719-2019, 22 იანვარი, 2020 წელი). საკასაციო პალატის მოსაზრებით ნ.მ–იას მხრიდან ადმინისტრაციული სარჩელის აღძვრა (სარჩელი შეეხება იმ ინდ. აქტების ბათილად ცნობას, რომლითაც სადავო უძრავ ქონებაზე გაუქმდა ნ.მ–იას რეგისტრაცია ვალდებულების გრაფაში-მომავალი მესაკუთრის სტატუსი და სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სადავო ქონებებზე კასატორის სამომავლო უფლების წინასწარი რეგისტრაცია მოხდება) განსახილველი დავის გადაწყვეტას სამართლებრივად არ აფერხებს და ადმინისტრაციული დავის გადაწყვეტამდე, მიმდინარე დავის შეჩერების საფუძველი არ არსებობს. დასახელებულ ორ საქმეს შორის ისეთი კავშირი, რომ გარკვეული გარემოებების დადგენამდე, მიმდინარე საქმის განხილვა შეუძლებელი იყოს, არ იკვეთება. შესაბამისად პალატა თვლის, რომ მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა საქმის წარმოების შეჩერებასთან დაკავშირებით.

30. ყოველივე ზემოღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცა მათ, სწორად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებთა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

31. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს.

32. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის 70% - 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.მ–იას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. ნ.მ–იას (პ/ნ ...........) დაუბრუნდეს ნ. ღ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის (საგადახდო დავალება 31904169252, გადახდის თარიღი12.02.2026) 70% - 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლევან ნემსაძე

მოსამართლეები: არჩილ კოჭლამაზაშვილი

მიხეილ ჯინჯოლია