დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 05.05.2026
საქმის ნომერი
ას-209-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

05 მაისი 2026 წელი

საქმე №ას-209-2026 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შ.პ.ს. „აკ. ნ. ყ. ს. ც.ს. კ–ა“

მოწინააღმდეგე მხარე - შ.პ.ს. „N. G.“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 15 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - დავალიანების დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შ.პ.ს. „N. G.“-მ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე შ.პ.ს. „ა.ნ.ყ.ს.ც.ს.კ–ის“ მიმართ, 48 915.50 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების - 48 915.50 ლარის გადახდა.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:

5.1. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სარჩელზე დავის საგანია ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება. ამ მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლი, რომლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. წარმოდგენილი სარჩელი ეფუძნება მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისა და მოსარჩელის მიერ ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებას. აღნიშნული მუხლის სისტემური, ლოგიკური და შინაარსობრივი ანალიზის შედეგად, მყიდველს შესასყიდი საქონლის საფასურის გადახდის ვალდებულება მას შემდეგ წარმოეშვება, რაც გამყიდველი საქონლის ან/და საქონელთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მყიდველისათვის გადაცემის ვალდებულებას შეასრულებს. ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მოთხოვნისას, ხელშეკრულების დადების და ვალდებულების არსებობის ფაქტი მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს, ხოლო მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ვალდებულების შესრულების ფაქტი ან იმ გარემოებათა არსებობა, რომლებიც გამორიცხავდა მის მიერ ვალდებულების შესრულებას.

5.2. მოპასუხეს (შემსყიდველი) და მოსარჩელეს (მიმწოდებელი) შორის 2023 წელს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის №ET24 ხელშეკრულება (სატენდერო განცხადების NAT230003484). ხელშეკრულების საგანი იყო მოპასუხე კლინიკის საჭიროებებისათვის კორონარული ანგიოპლასტიკის ბალონების შესყიდვა.

5.3. ხელშეკრულების 6.1. მუხლის მიხედვით, შესყიდვის ობიექტი ფორმდებოდა მიღება-ჩაბარების აქტით; 6.2. მუხლით, მიღება-ჩაბარების აქტი მხარეებს შორის გაფორმდებოდა შესყიდვის ობიექტის მიწოდების შემდეგ, ფაქტობრივად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებისა და/ან ანგარიშფაქტურის (კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში) საფუძველზე. 6.3. მუხლის მიხედვით, შემსყიდველის მხრიდან მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის გაფორმებაზე უფლებამოსილი პირი იყო კლინიკის აფთიაქის გამგე. 7.1. მუხლით, საქონლის ღირებულების ანაზღაურება განხორციელდებოდა უნაღდო ანგარიშსწორებით ეროვნულ ვალუტაში (ლარში). 7.2. მუხლით, ანგარიშსწორება შემსყიდველის მიერ მოხდებოდა საქონლის მიწოდების თაობაზე მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის გაფორმებიდან და მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის სრულად წარდგენიდან არაუგვიანეს 30 სამუშაო დღის განმავლობაში. ზეპირ მოსმენაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა დააზუსტა, რომ არსებული ორმხრივი შეთანხმებით, ანგარიშსწორება ხორციელდებოდა საქონლის მიწოდებიდან 2 თვის ვადაში. 7.3. მუხლით მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის გაფორმებასთან ერთად მიმწოდებელი ვალდებული იყო, წარმოედგინა შემსყიდველისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, შემსყიდველს უფლება ჰქონდა უარი ეთქვა ანგარიშსწორებაზე. ხელშეკრულების დანართის - ფასების ცხრილის მიხედვით, მისაწოდებელი პროდუქტის ჯამური ღირებულება განისაზღვრა 45 355 ლარით.

5.4. მხარებს შორის 2023 წელს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის №ET76 ხელშეკრულებაც (სატენდერო განცხადების NAT230009741), რომლის საგანი იყო, მოპასუხე კლინიკის საჭიროებებისათვის სამედიცინო სახარჯი მასალის (წამლით დაფარული) შესყიდვა. საქონლის მიღება და ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო იგივე პირობებით, რაც აღწერილია №ET24 ხელშეკრულებაში. ხელშეკრულების დანართის მიხედვით, მისაწოდებელი პროდუქტის ჯამური ღირებულება განისაზღვრა 101 500 ლარით.

5.5. მხარეებს შორის 2023 წელს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის №ET101 ხელშეკრულებაც (სატენდერო განცხადების NAT230011771), რომლის საგანი იყო, მოპასუხე კლინიკის საჭიროებებისათვის სამედიცინო სახარჯი მასალის შესყიდვა. საქონლის მიღება და ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო იგივე პირობებით, რაც აღწერილია №ET24 ხელშეკრულებაში. ხელშეკრულების დანართის მიხედვით, მისაწოდებელი პროდუქტის ჯამური ღირებულება განისაზღვრა 41 070 ლარით.

5.6. №ET24 და №ET101 ხელშეკრულებების 5.1. პუნქტით შესყიდვის ობიექტის მიწოდება განხორციელდებოდა შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. №ET76 ხელშეკრულების 5.1. პუნქტით, შესყიდვის ობიექტის მიწოდება განხორციელდებოდა შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

5.7. №ET24 ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა 15 247 ლარის პროდუქცია. მოპასუხემ აანაზღაურა 4 921.50 ლარი, ასანაზღაურებელი დარჩა 10 325.50 ლარი. №ET76 ხელშეკრულების ფარგლებში, მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა 72 500 ლარის პროდუქცია. მოპასუხემ აანაზღაურა 36 250 ლარი, ასანაზღაურებელი დარჩა 36 250 ლარი. №ET101 ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა 4 800 ლარის პროდუქცია. მოპასუხემ აანაზღაურა 2 460 ლარი, ასანაზღაურებელი დარჩა 2 340 ლარი.

5.8. მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ 48 915.50 ლარია.

5.9. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა მოპასუხის დავალიანების არსებობა. მიუთითა, რომ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 1 მარტის №303 განკარგულებით შეჩერდა საქართველოს მთავრობის 2024 წლის 22 იანვრის №128 განკარგულების მოქმედება და გადაწყდა კლინიკის საქმიანობის განახლება. რეფორმების პროცესში მთლიანად შეიცვალა კლინიკის ხელმძღვანელობა. ახალი ხელმძღვანელობისათვის ცნობილი არ იყო კლინიკის მიერ მანამდე დამყარებული თითოეული სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი, რის გამოც კლინიკა მის საქმიანობასთან დაკავშირებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტებს მხოლოდ შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების შემთხვევაში აღიარებს. აპელანტის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი და არ გაითვალისწინა, რომ მოსარჩელეს არ ჰქონდა წარმოდგენილი მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ანგარიშსწორების აუცილებელ პირობად განსაზღვრული დოკუმენტი, რის გამოც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობდა.

5.10. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მტკიცების ტვირთი მხარეთა შორის ნაწილდება იმ გარემოებების მიხედვით, რომლებზეც ისინი თავიანთ მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებენ. ამასთან, მტკიცების ტვირთის განაწილება განსაზღვრავს არა მხოლოდ იმას, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტი უნდა დაამტკიცოს, არამედ იმასაც, თუ რომელი ფაქტების მტკიცების ვალდებულებისაგან თავისუფლდება თითოეული მათგანი (ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ. 64).

5.11. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, გამყიდველის მოთხოვნის წარმოშობისათვის აუცილებელია, შესრულებული იყოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემდეგი წინაპირობები: ა) ნამდვილი ნასყიდობის ხელშეკრულების დადება; ბ) გამყიდველის მიერ მყიდველისათვის შეთანხმებული საქონლის მიწოდება და მასზე საკუთრების უფლების გადაცემა (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-1137-2025).

5.12. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტებითა და სასაქონლო ზედნადებებით დგინდებოდა, რომ მოსარჩელემ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ სამი ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეს მიაწოდა სხვადასხვა დასახელების სამედიცინო დანიშნულების პროდუქტი, საერთო ღირებულებით 92 547 ლარი (15 247 + 72 500 + 4 800).

5.13. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებით, სასაქონლო ზედნადებებითა და მიღება-ჩაბარების აქტებით დადასტურდა მოსარჩელის მიერ საქონლის მიწოდების ფაქტი, რის საფუძველზეც, მყიდველს ნასყიდობის საფასურის გადახდის ვალდებულება წარმოეშვა.

5.14. ვინაიდან დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელემ სასყიდლიანი გარიგების საფუძველზე მოპასუხეს გადასცა შეთანხმებული საქონელი, ვალდებულების შესრულების ან მისი გამომრიცხველი გარემოებების მტკიცების ტვირთი მოპასუხეს ეკისრებოდა, რაც მან სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულებებით ვერ დაძლია. რაც შეეხება აპელანტის მითითებას, რომ კლინიკის ხელმძღვანელობის ცვლილების გამო ახალ ხელმძღვანელობას მანამდე დამყარებული სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ დეტალური ინფორმაცია არ ჰქონდა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოება თავისთავად არ ქმნიდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს. მოპასუხეს არ წარმოუდგენია ისეთი მტკიცებულება, რომელიც ნასყიდობის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან მის გათავისუფლებას დაადასტურებდა.

5.15. სააპელაციო სასამართლომ დამატებით მიუთითა, რომ ვინაიდან გამყიდველმა ჯეროვნად შეასრულა ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მყიდველს შეთანხმებული საქონელი მიაწოდა, ხოლო მყიდველმა ნასყიდობის საფასური სრულად არ გადაიხადა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გამყიდველს ნასყიდობის ფასის მოთხოვნის უფლება წარმოეშვა. ამასთან, ვალდებულების შესრულების თაობაზე დავისას მტკიცების ტვირთი მოვალეს ეკისრება. მან უნდა დაამტკიცოს, რომ ვალი გადაიხადა და ვალდებულება შესრულებით შეწყდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის საფუძველზე. ამ გარემოების დასადასტურებლად მოვალეს შეუძლია წარადგინოს კრედიტორის მიერ გაცემული შესრულების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მოთხოვნის უფლებას სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს, ხოლო მისი რეკვიზიტები ამავე კოდექსის 430-ე მუხლით განისაზღვრება. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ აღნიშნული დოკუმენტი ვალდებულების შესრულების თაობაზე დავისას ძირითად მტკიცებულებას წარმოადგენს (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-1464-2024).

5.16. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეს ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარუდგენია, შესაბამისად, სარჩელი მართებულად იქნა დაკმაყოფილებული და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ არსებობდა.

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორის განმარტებით, მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა დოკუმენტი, რომელიც მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ანგარიშსწორების აუცილებელ პირობად იყო განსაზღვრული, შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ ვლინდებოდა. ამასთან, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა უსაფუძვლოდ მიიჩნიეს, რომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები სადავო არ იყო და მხარეთა შორის არასწორად გაანაწილეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების ტვირთი. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ კლინიკაში განხორციელებული რეფორმისა და ხელმძღვანელობის ცვლილების გამო ახალ ხელმძღვანელობას არ აქვს დეტალური ინფორმაცია კლინიკის მიერ მანამდე დამყარებული თითოეული ურთიერთობის შინაარსის შესახებ, რის გამოც იგი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს მხოლოდ შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების შემთხვევაში აღიარებს.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

10. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანია მოპასუხისათვის მიწოდებული საქონლის გადაუხდელი ღირებულების, 48 915.50 ლარის, დაკისრების მართლზომიერება.

11. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, ნასყიდობის საფასურის დარჩენილი ნაწილის ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლი (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება).

12. ნასყიდობა ორმხრივი, კონსესუალური გარიგებაა, სადაც, როგორც გამყიდველს, ისე მყიდველს გააჩნია კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები. გამყიდველს შემძენისაგან საპასუხო შესრულების (საქონლის მიღება, ფასის გადახდა) მოთხოვნის უფლება საკუთარი ვალდებულების შესრულების შემდგომ წარმოეშობა, რამდენადაც, სამოქალაქო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც ვალდებულება აკისრია ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეუძლია, უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე საპასუხო მოქმედების განხორციელებამდე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი ვალდებული იყო, თავისი ვალდებულება წინასწარ შეესრულებინა (შდრ. ს.უ.ს.გ: №ას-643-2024, 06 თებერვალი, 2025 წელი; №ას-671-642-2016, 20 იანვარი, 2017 წელი; №ას-793-760-2016, 20 იანვარი, 2017 წელი).

13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გამყიდველის მოთხოვნის წარმოშობისათვის აუცილებელია, შესრულებული იყოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემდეგი წინაპირობები: ა) ნამდვილი ნასყიდობის ხელშეკრულების დადება; ბ) გამყიდველის მიერ მყიდველისათვის შეთანხმებული საქონლის მიწოდება და მასზე საკუთრების უფლების გადაცემა (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-1137-2025, 30 სექტემბერი, 2025წ.).

14. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2023 წელს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ სამი ხელშეკრულება, რომელთა საგანს კლინიკის საჭიროებისათვის კორონარული ანგიოპლასტიკის ბალონებისა და სამედიცინო სახარჯი მასალის შესყიდვა წარმოადგენდა. ამ ხელშეკრულებების საფუძველზე, მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა სულ 92 547 ლარის პროდუქცია, საიდანაც მოპასუხემ გადაიხადა 43 631.50 ლარი, ხოლო გადაუხდელი დარჩა 48 915.50 ლარი.

15. კასატორი აღნიშნული თანხის მოთხოვნის უფლების არსებობას იმ საფუძვლით უარყოფს, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ხელშეკრულებებით ანგარიშსწორებისათვის გათვალისწინებული ყველა წინაპირობის შესრულება, კერძოდ კი, ვერ წარმოადგინა შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტი. კასატორის მითითებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა ეს გარემოება უგულებელყვეს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი არასწორად განმარტეს.

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. შესაბამისად, მოსარჩელეს ეკისრებოდა ნასყიდობის საფასურის მოთხოვნის წარმოშობისათვის აუცილებელი გარემოებების, მათ შორის, ხელშეკრულებებით დათქმული დოკუმენტაციის წარდგენის დამტკიცება.

17. საქონლის მიღება-ჩაბარებისა და ანგარიშსწორების წესი მხარეებმა ხელშეკრულებებით განსაზღვრეს. ხელშეკრულებების 6.1 პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარება ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტით; 6.2 პუნქტით, მიღება-ჩაბარების აქტი მხარეთა შორის ფორმდება შესყიდვის ობიექტის მიწოდების შემდეგ, ფაქტობრივად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებისა და/ან ანგარიშფაქტურის საფუძველზე; 6.3 პუნქტით, შემსყიდველის მხრიდან მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის გაფორმებაზე უფლებამოსილი პირია კლინიკის აფთიაქის გამგე. ხელშეკრულებების 7.2 პუნქტით, ანგარიშსწორება ხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის გაფორმებიდან და მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის სრულად წარდგენიდან არაუგვიანეს 30 სამუშაო დღისა, ხოლო 7.3 პუნქტით, მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის გაფორმებასთან ერთად მიმწოდებელი ვალდებულია, წარუდგინოს შემსყიდველს შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველს უფლება აქვს, უარი თქვას ანგარიშსწორებაზე.

18. ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საგადასახადო დოკუმენტაციის შეფასების მიზნით, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. სასაქონლო ზედნადების ფორმა და გამოწერის წესი განისაზღვრება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით. საკასაციო პალატის განმარტებით, სასაქონლო ზედნადები არის საქონლის ტრანსპორტირებისათვის აუცილებელი და მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ასახავს მიწოდებული საქონლის ოდენობასა და მის ფასს (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-794-743-2017, 31 ივლისი, 2017წ).

19. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად წარმოდგენილი აქვს როგორც სასაქონლო ზედნადებები, ისე მიღება-ჩაბარების აქტები, რომელთაგან თითოეულში მითითებულია შესაბამისი სასაქონლო ზედნადები და ამ ზედნადებით მიწოდებული საქონლის ღირებულება. აქტების შედგენის ამგვარ წესს ითვალისწინებდა ხელშეკრულებების 6.2 პუნქტი, რომლის თანახმად, მიღება-ჩაბარების აქტი მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებისა და/ან ანგარიშფაქტურის საფუძველზე ფორმდებოდა.

20. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ საქმეში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტებითა და სასაქონლო ზედნადებებით დასტურდება მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საქონლის მოპასუხისათვის მიწოდება. ამასთან, სასაქონლო ზედნადები, თავისი სამართლებრივი ბუნებით, სწორედ იმ საგადასახადო დოკუმენტაციას განეკუთვნება, რომლის წარდგენასაც ხელშეკრულებების 7.2 და 7.3 პუნქტები ითვალისწინებდა. შესაბამისად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ მოსარჩელემ ნასყიდობის საფასურის მოთხოვნის წარმოშობისათვის აუცილებელი გარემოებების მტკიცების ტვირთი ვერ დაძლია.

21. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორი არ აკონკრეტებს, საქმეში წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებებისა და მიღება-ჩაბარების აქტების პირობებში, კონკრეტულად რომელი საგადასახადო დოკუმენტი არ წარადგინა მოსარჩელემ და რატომ გამორიცხავდა მისი არარსებობა ნასყიდობის საფასურის გადახდის ვალდებულებას.

22. საყურადღებოა ისიც, რომ მოპასუხემ მიღებული პროდუქციის ღირებულებიდან 43 631.50 ლარი გადაიხადა, მაშინ როდესაც, მისი მტკიცებით, ანგარიშსწორების ვალდებულება ხელშეკრულებებით დათქმული წინაპირობების შეუსრულებლობის გამო არ წარმოშობილა.

23. ამდენად, მოსარჩელემ დაადასტურა ხელშეკრულებების არსებობა, საქონლის მიწოდება და მისი მიღება, ხოლო საფასურის ნაწილობრივ ანაზღაურება საქმის მასალებით დგინდება. ამის შემდგომ ვალდებულების სრულად შესრულების ან მისი გამომრიცხველი გარემოების დამტკიცება მოპასუხეს ეკისრებოდა.

24. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით. ამავე კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, ვალდებულების შესრულების თაობაზე დავისას მოვალემ უნდა დაამტკიცოს, რომ ვალი გადაიხადა და ვალდებულება შესრულებით შეწყდა.

25. ვინაიდან მოპასუხემ 48 915.50 ლარის გადახდა ვერ დაადასტურა, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ მოსარჩელეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე წარმოეშვა მიწოდებული საქონლის გადაუხდელი ღირებულების მოთხოვნის უფლება. შესაბამისად, სადავო თანხის მოპასუხისათვის დაკისრება მართლზომიერია.

26. რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომ კლინიკის ხელმძღვანელობის ცვლილების გამო ახალ ხელმძღვანელობას მანამდე დამყარებული ურთიერთობების შესახებ სრული ინფორმაცია არ აქვს, პალატა აღნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა, საქონლის მიწოდება და მისი ღირებულების ნაწილობრივი ანაზღაურება დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულებებით, მიღება-ჩაბარების აქტებითა და სასაქონლო ზედნადებებით. ხელმძღვანელობის ცვლილება ვერც ამ მტკიცებულებებით დადგენილ გარემოებებს გააქარწყლებს და ვერც კლინიკას გაათავისუფლებს ნაკისრი ვალდებულების შესრულებისაგან, ვინაიდან ვალდებულების სუბიექტი იურიდიული პირია და არა მისი ხელმძღვანელი ორგანოს კონკრეტული შემადგენლობა.

27. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.

28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი დაუშვებლად ცნობის საფუძველია.

29. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 2445.77 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% - 1712.04 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ.პ.ს. „ა.ნ.ყ.ს.ც.ს.კ“-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. შ.პ.ს. „ა.ნ.ყ.ს.ც.ს.კ“-ს (ს/ნ .........) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 2445 ლარის და 77 თეთრის (საგადახდო დავალება № 725, გადახდის თარიღი: 17.03.2026წ., გადამხდელის ბანკი: ს.ს. „საქართველოს ბანკი“) 70% – 1712 ლარი და 04 თეთრი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი