დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 23.07.2026
საქმის ნომერი
ას-65-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
23.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-65-2026

23 ივლისი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ ჯინჯოლია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),არჩილ კოჭლამაზაშვილი, ლევან ნემსაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

I საკასაციო საჩივრის ავტორი – ე.დ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – რ.გ–ძე, ნ.კ–ძე (მოპასუხეები)

II საკასაციო საჩივრის ავტორები - რ.გ–ძე, ნ.კ–ძე (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - ე.დ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება

I საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

II საკასაციო საჩივრის ავტორთა მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ზიანის ანაზღაურება, იპოთეკის გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ე.დ–ძემ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „მესაკუთრე“, „პირველი საკასაციო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში რ.გ–ძის (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“) და ნ.კ–ძის (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“)(შემდგომში ერთად - „მოპასუხეები“, „მეორე საკასაციო საჩივრის ავტორები) მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. მოსარჩელეს პირველი მოპასუხის მიმართ ასევე წარდგენილი ჰქონდა სარჩელი მის კუთვნილ უძრავ ქონებაზე იპოთეკის უფლების რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით, მხარეთა შორის 2021 წლის 7 დეკემბერს გაფორმებული ვალდებულებათა ურთიერთგაქვითვის ხელშეკრულების საფუძველზე.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით №2-1043/2024 სამოქალაქო საქმე უძრავი ქონების თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემის, ხელყოფის აღკვეთის, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნითა და №2-5086/2022 სამოქალაქო საქმე ზიანის ანაზღაურების, იპოთეკის რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით, გაერთიანდა ერთ წარმოებად.

3. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს.

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ქ. ბათუმში, ......... მდებარე N1 ბინაზე ს/კ ....... (შემდგომში - „სადავო უძრავი ქონება“) გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 28 მარტის განჩინების 2/ბ-1080 და ამავე სასამართლოს მიერ 2013 წლის 12 აპრილს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე პირველი მოპასუხის სასარგებლოდ რეგისტრირებული იპოთეკა. მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა სადავო უძრავი ქონება და თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრეს. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ 2022 წლის 16 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად სოლიდარულად დაეკისრათ 288.62 ლარის გადახდა.

5. ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მიღებული ახალი გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებაში, კერძოდ, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ, ნაცვლად ყოველთვიური 288.62 ლარისა, დაეკისრათ თვეში 50 ლარის გადახდა, 2020 წლის 16 მაისიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე (მე-4 პუნქტი).

7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

7.1. 2022 წლის 16 მაისიდან სადავო უძრავი ქონება ირიცხება მოსარჩელის საკუთრებად. უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2022 წლის 28 აპრილი N21198808 განკარგულება;

7.2. მოსარჩელე ოჯახთან ერთად ცხოვრობს სადავო უძრავ ქონებაში;

7.3. მოპასუხეები ფლობენ სადავო უძრავი ქონების ნაწილს - 12.72 კვ.მ-ს;

7.4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სადავო უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია პირველი მოპასუხის იპოთეკის უფლება;

7.5. მოსარჩელის მიერ წარდგენილი ინდივიდუალური აუდიტორის ა. ბ–ძის 26.12.2023 წლის შეფასების აქტის თანახმად, სადავო უძრავი ქონების საიჯარო ღირებულებად 1 კვ.მ.-ზე განისაზღვრა - 22,81 ლარი, თუმცა შენიშვნის სახით მითითებულია, რომ ამჟამად ობიექტი (საცხოვრებელი ბინა) არ არის გასაქირავებელ მდგომარეობაში. საჭიროებს მცირეოდენ რემონტს, მაგრამ დამკვეთის მოთხოვნით, შემფასებელმა გამოითვალა 1 კვ.მ.-ის ღირებულება, ნორმალური რემონტის პირობებში;

7.6. მოპასუხის მიერ წარდგენილი შპს „ე.ა–ის“ 28.04.2024 წლის უძრავი ქონების შეფასების დასკვნის თანახმად, 28.04.2024 წლის მდგომარეობით, შესაფასებელი ქონების (ოთახი ბინაში 12,72 კვ.მ.) თვიური საბაზრო საიჯარო ქირა შეფასდა 50 ლარით. აღნიშნული შეფასების კვლევითი ნაწილის თანახმად, შესაფასებელი ქონება მდებარეობს ქ. ბათუმში, ნორმალურ ადგილას. შენობა ძველი აშენებულია, 5 სართულიანია, ქონება განთავსებულია პირველ სართულზე, წარმოადგენს 1 ოთახს, ბინაში სველი წერტილებისა და გაზგაყვანილობის გარეშე. ფანჯარა არ აქვს, აქვს მეორადი განათება. ოთახის ფართი არის 12,72 კვ.მ., ბინა ძველი გარემონტებულია, ცუდ მდგომარეობაშია. ტერიტორიაზე არის საინჟინრო კომუნიკაციები სრულად;

7.7. 2021 წლის 7 დეკემბერს ნ.დ–ძეს (წარმომადგენელი - ე.დ–ძე), ე.დ–ძესა და მოპასუხე რ.გ–ძეს შორის დაიდო შეთანხმება (შემდგომში - „შეთანხმება“, „მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება“) რომლის მიხედვით: „იმ შემთხვევაში, თუ ნ.დ–ძის მიერ სააღსრულებო წარმოების ფარგლებში განხორციელდებოდა უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ბათუმში, ......... 87,44 კვ.მ. საერთო ფართის ბინის (ს/კ ...........) აუქციონზე რეალიზაცია და წინამდებარე უძრავი ქონების მესაკუთრე გახდებოდა ნ.დ–ძე ან მოსარჩელე ე.დ–ძე - ნ.დ–ძე და ე.დ–ძე იღებდნენ ვალდებულებას რ.გ–ძისათვის 2 000 აშშ დოლარი გადაეხადათ, ხოლო აღნიშნულის შემდეგ კი რ.გ–ძე ვალდებული იყო შეთანხმებული თანხის მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღისა, უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. ბათუმში ..........., 87,44 კვ.მ. საერთო ფართის ბინა, ს/კ ........, მის სახელზე რეგისტრირებული იპოთეკა გაეუქმებინა“. შეთანხმებაზე დატანილია - ნ.დ–ძის წარმომადგენლის ე.დ–ძის, თავად ე.დ–ძისა და რ.გ–ძის ხელმოწერები;

7.8. 2022 წლის 13 მაისს, მოსარჩელემ პირველ მოპასუხეს გადაუხადა შეთანხმებული თანხა 2 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში, თუმცა უძრავ ქონებაზე დღემდე რეგისტრირებულია იპოთეკის უფლება.

8. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ვინდიკაციურ სარჩელებზე მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება: მოსარჩელე მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომ ის წარმოადგენს იმ ნივთის მესაკუთრეს, რომლის გამოთხოვასაც ის ითხოვს მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და რომ ეს ნივთი იმყოფება მოპასუხის მფლობელობაში, მოპასუხის მტკიცების ტვირთს კი წარმოადგენს მის მიერ სადავო ნივთის ფლობის მართლზომიერების დადასტურება.

9. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება სადავო უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების არსებობა. მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული საჯარო რეესტრის ჩანაწერი გაუქმებული არ არის და იგი ამ ფორმით რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.

10. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტებმა ვერ დაადასტურეს მათი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტობრივი გარემოების - უძრავი ნივთის ფლობის მართლზომიერება. აპელანტები ზეპირსიტყვიერად მიუთითებდნენ მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ მათ აქვთ სადავო ფართის ფლობის უფლება, რაც საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებული არ არის. ამდენად, მხოლოდ ეს ზეპირი მითითება ვერ აქცევთ მათ სსკ-ის 162-ე მუხლით გათვალისწინებულ მართლზომიერ მფლობელად, შესაბამისად, ამ ქონებაზე უფლება მათ სამართლებრივად არ აქვთ.

11. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია სადავო უძრავი ქონების მოსარჩელისადმი კუთვნილებისა და მოპასუხეების მხრიდან აღნიშნული ქონების არამართლზომიერად ფლობის ფაქტი.

12. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, რამდენადაც მოსარჩელის საკუთრებაში რიცხულ უძრავი ქონების ნაწილს, მოსარჩელის ნების საწინააღმდეგოდ, ფლობენ მოპასუხეები, არსებობს მოსარჩელისათვის ზიანის ანაზღაურების საფუძველი.

13. რაც შეეხება ზიანის ოდენობას, მოსარჩელის მიერ წარდგენილი - ინდივიდუალური აუდიტორის ა. ბ–ძის 26.12.2023 წლის შეფასების აქტის თანახმად, სადავო უძრავი ქონების საიჯარო ღირებულებად 1 კვ.მ.-ზე განისაზღვრა 22,81 ლარი, თუმცა შენიშვნის სახით მითითებულია, რომ - ამჟამად ობიექტი (საცხოვრებელი ბინა) არ არის გასაქირავებელ მდგომარეობაში, საჭიროებს მცირეოდენ რემონტს, მაგრამ დამკვეთის მოთხოვნით შემფასებელმა გამოითვალა 1 კვ.მ.-ის ღირებულება, ნორმალური რემონტის პირობებში. მოპასუხის მიერ წარდგენილი - შპს „ე.ა–ის“ 28.04.2024 წლის უძრავი ქონების შეფასების დასკვნის თანახმად, 28.04.2024 წლის მდგომარეობით, შესაფასებელი ქონების (ოთახი ბინაში 12,72 კვ.მ.) თვიური საბაზრო საიჯარო ქირა შეფასდა - 50 ლარით. აღნიშნული შეფასების კვლევითი ნაწილის თანახმად, შესაფასებელი ქონება მდებარეობს ქ. ბათუმში, ნორმალურ ადგილას. შენობა ძველი აშენებულია, 5 სართულიანია, ქონება განთავსებულია პირველ სართულზე, წარმოადგენს 1 ოთახს, ბინაში სველი წერტილების და გაზგაყვანილობის გარეშე. ფანჯარა არ აქვს, აქვს მეორადი განათება. ოთახის ფართი არის 12,72 კვ.მ., ბინა ძველი გარემონტებულია, ცუდ მდგომარეობაშია. ტერიტორიაზე არის საინჟინრო კომუნიკაციები სრულად.

14. სააპელაციო სასამართლომ ზიანის ოდენობის გაანგარიშების კუთხით გაიზიარა მოპასუხე მხარის მიერ წარდგენილი დასკვნა, ვინაიდან იგი უფრო სარწმუნოდ და რეალურად მიიჩნია. მოსარჩელის მიერ წარდგენილი დასკვნაში მითითებული 1 კვ.მ.-ის გაანგარიშებისას არ არის გათვალისწინებული უძრავი ქონების ფაქტობრივი მდგომარეობა (ის, რომ უძრავი ქონება არ არის გასაქირავებელ მდგომარეობაში და საჭიროებს რემონტს). მოპასუხე მხარის მიერ წარდგენილი დასკვნით კი, უძრავი ქონების ფაქტობრივი, რეალური მდგომარეობის გათვალისწინებით, მისი თვიური საბაზრო საიჯარო ქირა შეფასდა 50 ლარით. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა, მიუღებელი შემოსავლის სახით განცდილი ზიანის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეებს, 2020 წლის 16 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად დაეკისრათ 50 ლარის ანაზღაურება.

15. სადავო უძრავი ქონების იპოთეკისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2022 წლის 13 მაისს, შეთანხმებისამებრ, მოსარჩელემ პირველ მოპასუხეს გადაუხადა 2 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში და შეასრულა მის მიერ ნაკისრი ვალდებულება. მიუხედავად ამისა, პირველმა მოპასუხემ არ შეასრულა მის მიერ ნაკისრი ვალდებულება, რის შედეგადაც უძრავ ქონებაზე დღემდე რეგისტრირებულია მისი იპოთეკის უფლება. აღნიშნული კი, უძრავ ნივთზე იპოთეკის უფლების გაუქმების საფუძველია.

16. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი მოპასუხის მითითება, რომლის თანახმად, შეთანხმებაზე მას ხელი იძულებით მოაწერინეს. სამოქალაქო კოდექსის 86-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გარიგების ბათილობას იწვევს ისეთი იძულება, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს პირზე და აფიქრებინოს, რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, იძულების ხასიათის შეფასებისას მხედველობაში მიიღება პირთა ასაკი, სქესი და ცხოვრებისეული გარემოებანი. ამავე კოდექსის 87-ე მუხლის მიხედვით, იძულება გარიგების ბათილობის მოთხოვნის საფუძველია მაშინაც, როცა იგი მიმართულია გარიგების ერთ-ერთი მხარის მეუღლის, ოჯახის სხვა წევრების ან ახლო ნათესავების წინააღმდეგ. იძულებით დადებული გარიგების შემთხვევაში საქმე გვაქვს ნების ნაკლის საფუძველზე დადებულ გარიგებასთან, სადაც ნების თავისუფლება აშკარად არის ხელყოფილი. ამ დროს ადგილი აქვს დაზარალებულის თავისუფალი ნების აშკარა მოდრეკას.

17. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, ფაქტობრივი გარემოება, რომელიც მიუთითებს სადავო გარიგების მხარეთა ნების გამოვლენის არანამდვილობაზე, უნდა დაამტკიცოს მან, ვისაც მიაჩნია, რომ იძულებით დადებული გარიგებით შეილახა მისი უფლება (მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილება). ის ფაქტობრივი გარემოება, რომ იძულების განხორციელების ფაქტით გამოწვეულმა „შიშმა“ პირველ მოპასუხეს აიძულა მისი ნების საწინააღმდეგოდ დათანხმებოდა სადავო ხელშეკრულების დადებას, სსსკ-ის 102-ე მუხლის დაცვით, აპელანტმა ვერ დაადასტურა, რაც სსკ-ის 85-ე მუხლის თანახმად, გადამწყვეტია გარიგების ბათილად ცნობისათვის. მოსარჩელის მხრიდან პირველი მოპასუხის იძულების დადასტურებას შეეცადა მხოლოდ მისივე განმარტებით, რაზე დაყრდნობითაც სააპელაციო პალატა დადასტურებულად ვერ მიიჩნევს იძულების განხორციელებას, ხოლო სხვა რაიმე სახის რელევანტური და სათანადო მტკიცებულება, რაც გაამყარებდა მის განმარტებას, საქმეში წარდგენილი არ არის. ამდენად, ამ გარემოებების მხედველობაში მიღებით, სააპელაციო პალატა დადგენილად ვერ მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა იძულებას, რომელსაც თავისი ხასიათით შეეძლო გავლენა მოეხდინა მისი ნების ფორმირებაზე. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ იძულების მოტივით არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

18. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა აპელანტის ის შედავება, რომ საქმეში წარდგენილ ე.წ. შეთანხმებას იურიდიული ძალა არ აქვს, ვინაიდან, მას ხელს აწერს მოსარჩელე, როგორც ნ.დ–ძის წარმომადგენელი და მას ამის დასტურად მინდობილობა წარდგენილი არ აქვს. სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ის გარემოება, რომ განსახილველ საქმეში ე.დ–ძის მინდობილობა წარდგენილი არ არის, არ ნიშნავს იმას, რომ მას არ ჰქონდა შესაბამისი მინდობილობა შეთანხმებაზე ხელმოსაწერად. გარდა ამისა, ნ.დ–ძე აღნიშნულ ხელწერილს სადავოდ არ ხდის, რაც აპელანტის შედავების გაზიარების შემთხვევაშიც კი, მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მან მოიწონა და დაეთანხმა მასში მითითებულ გარემოებებს, სსსკ-ის 99-ე-102-ე მუხლების დანაწესიდან გამომდინარე. ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ ამ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითება აპელანტის წარმომადგენელმა მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში განაცხადა (ახალ ფაქტზე მითითება), რაც ვერ იქნება გაზიარებული სააპელაციო სასამართლოს მიერ.

19. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა როგორც მოსარჩელემ, ასევე მოპასუხე მხარემ.

20. პირველი საკასაციო საჩივრის თანახმად:

20.1. სასამართლომ ისე მიიღო გადაწყვეტილება მოპასუხეებისათვის ზიანის სახით 50 ლარის დაკისრების თაობაზე, რომ არ გამოიყენა და სრულყოფილად, ერთობლიობაში არ შეისწავლა საქმეში წარდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, მოპასუხის მიერ (შესაგებელზე თანდართული) წარდგენილი 2022 წლის 14 დეკემბრის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლის ფარგლებშიც მოპასუხე უთითებდა მათ მიერ სადავო უძრავ ქონებაში მდებარე 12,72 კვ.მ ფართის დაკავების ფაქტს და არ გაიზიარა ამავე გადაწყვეტილებაში დაანგარიშებული ზიანის თანხის ოდენობა, კერძოდ, ამავე გადაწყვეტილებაში დადგენილია, რომ შპს „ე–ა“-ს დასკვნით სადავო უძრავი ქონების ქირის ოდენობა განისაზღვრა 300 აშშ დოლარით (იხ. ტომი 1, ს.ფ 16-17, 75-89), შესაბამისად 1 კვ.მ. ფართის ოდენობა შეადგენს 3,44 აშშ დოლარს, ამდენად, მოპასუხის მიერ დაკავებული 12,72 კვ.მ. ფართის ქირის ოდენობა შეადგენს 44 აშშ დოლარამდე. გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება და ქირის თანხა უფრო გაიზარდა, რის გამოც სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო მოსარჩელის მიერ წარდგენილი შეფასების აქტი. ასევე აღნიშნული შეფასების აქტი უფრო სარწმუნოა, ვინაიდან შეფასება ჩატარებულია შეფასების საერთაშორისო სტანდარტებით, ხოლო მოპასუხის მიერ წარდგენილი შეფასების აქტი არანაირ კვლევებს არ ეყრდნობა, ის შედგენილია მხოლოდ დაინტერესებული პირის დამკვეთის განმარტებების საფუძველზე. სასამართლომ გამოიკვლია და შეაფასა მტკიცებულებები ცალმხრივად და შესაბამისად არასრული ანალიზის შედეგად მივიდა არალოგიკურ, არარეალურ დასკვნებამდე;

20.2. სასამართლომ გადაწყვეტილების 7.4. პუნქტში დაადგინა, რომ „მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი - ინდივიდუალური აუდიტორის ა. ბ–ძის შეფასების აქტის თანახმად, 26.12.2023 წლის მდგომარეობით, ქ. ბათუმში, ........ მდებარე საცხოვრებელი ფართის, სართული 1, ბინა 1 (ს.კ. ..........) ფართობით 87,44 კვ.მ.- ის საიჯარო ღირებულებად 1 კვ.მ.-ზე განისაზღვრა 22,81 ლარით. თუმცა, იქვე, შენიშვნის სახით მითითებულია, რომ ამჟამად ობიექტი (საცხოვრებელი ბინა) არის არა გასაქირავებელ მდგომარეობაში. საჭიროებს მცირეოდენ რემონტს, მაგრამ დამკვეთის მოთხოვნით, შემფასებელმა გამოითვალა 1 კვ.მ.-ის ღირებულება, ნორმალური რემონტის პირობებში (იხ. ტომი 1, ს.ფ. 18-26)“. აღნიშნულ ფაქტთან მიმართებაში სასამართლომ გაიზიარა მხოლოდ და მხოლოდ ის გარემოება, რომ დასკვნას ჰქონდა გაკეთებული შენიშვნა, მაგრამ არ გაიზიარა, ის გარემოება, რომ დასკვნა გაკეთებულია საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით, რომ აუდიტი იყო მისული ადგილზე, დაათვალიერა ფართი და საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით გააკეთა დასკვნა. ამდენად, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა წარდგენილი აუდიტის დასკვნა;

20.3. სასამართლომ გადაწყვეტილების 7.5. პუნქტში დაადგინა, რომ „მოპასუხის მიერ წარდგენილი შპს „ე.ა–ის“ 28.04.2024 წლის უძრავი ქონების შეფასების დასკვნის თანახმად, 28.04.2024 წლის მდგომარეობით, შესაფასებელი ქონების (ოთახი ბინაში 12,72 კვ.მ.) თვიური საბაზრო საიჯარო ქირა შეფასდა 50 ლარით. აღნიშნული შეფასების კვლევითი ნაწილის თანახმად, შესაფასებელი ქონება მდებარეობს ქ. ბათუმში, ნორმალურ ადგილას. შენობა ძველი აშენებულია, 5 სართულიანია, ქონება განთავსებულია პირველ სართულზე, წარმოადგენს 1 ოთახს, ბინაში სველი წერტილების და გაზგაყვანილობის გარეშე. ფანჯარა არ აქვს, აქვს მეორადი განათება. ოთახის ფართი არის 12,72 კვ.მ., ბინა ძველი გარემონტებულია, ცუდ მდგომარეობაშია. ტერიტორიაზე არის საინჟინრო კომუნიკაციები სრულად“. აღნიშნულ ფაქტთან მიმართებაში სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის მიერ წარდგენილი აუდიტის დასკვნა, რაც არ უნდა გაეზიარებინა, რადგან ის შედგენილი არ არის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ასევე, აუდიტი ეყრდნობა მხოლოდ დამკვეთის ინფორმაციას და არ აქვს გამოყენებული შედარებები იქ არსებულ სხვა ქონებასთან, რაც მთავარია აუდიტი აკეთებს დასკვნას საიჯარო ფასთან მიმართებაში და არა ქირავნობის თანხასთან მიმართებაში, რადგან აღნიშნული ფართის გამოყენება იჯარისათვის შეუძლებელია, ის გამოყენებულია ფართის ქირავნობისთვის, შესაბამისად რადგან ფართის იჯარისათვის გამოყენება შეუძლებელია აუდიტს ფასიც შესაბამისად ალბათ იმდაგვარად აქვს მითითებული.

21. მეორე საკასაციო საჩივრის თანახმად:

21.1. კონკრეტულ შემთხვევაში, მართალია, მოპასუხე მხარე ფლობს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონების ნაწილს, მაგრამ მართლზომიერად, ვიდრე არ მოხდება მოპასუხეთა სასარგებლოდ ქონებაზე რეგისტრირებული იპოთეკით არსებული ვალდებულების დაფარვა;

21.2. სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ თითქოსდა ნ.დ–ძეს, პირველ მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის დაიდო შეთანხმება, რომლის მიხედვით, აუქციონის მეშვეობით თუ ქონების მესაკუთრე გახდებოდა ნ.დ–ძე ან მოსარჩელე პირველ მოპასუხეს გადაუხდიდა 2 000 დოლარს, ეს უკანასკნელი გააუქმებდა მის სასარგებლოდ არსებულ იპოთეკას;

21.3. როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლოში მოპასუხე მხარე აპელირებდა ხელშეკრულების ბათილობაზე და, რომ იგი არ წარმოშობდა მხარეთა შორის ვალდებულებას, ვინაიდან მოსარჩელეს არ ჰქონდა უფლებამოსილება ნ.დ–ძის სახელით ემსჯელა და განეხორციელებინა რაიმე სახის შეთანხმებაზე ხელმოწერა, რამდენადაც არ ჰქონდა შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობა;

21.4. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელეს არ დაუფარავს დავალიანება, რეგისტრირებული იპოთეკიდან გამომდინარე. ამ ნაწილში არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება სააპელაციო სასამართლომ, რამდენადაც დაეყრდნო ბათილ შეთანხმებას. იპოთეკის დავალიანება შეადგენდა 15 000 აშშ დოლარზე მეტს;

21.5. ვინაიდან მართლზომიერად ფლობს მოპასუხე სადავო უძრავ ქონებას, არც იჯარის ქირის დაკისრება არ უნდა მომხდარიყო.

22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებებით საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

23. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ისინი დაუშვებელია.

24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - „სსსკ“) 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

26. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

27. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ზიანის ანაზღაურება და სადავო უძრავ ქონებაზე იპოთეკის რეგისტრაციის გაუქმება.

28. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა.

29. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

30. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

31. მოცემულ შემთხვევაში, მეორე საკასაციო საჩივრის ფარგლებში, მოპასუხე მხარე ზემოაღნიშნული წინაპირობებიდან სადავოდ ხდის მხოლოდ მესამე წინაპირობას და უთითებს, რომ მოპასუხეები სადავო უძრავ ქონებას მართლზომიერად ფლობენ, რასაც უკავშირებს უძრავ ქონებაზე არსებულ პირველი მოპასუხის სასარგებლოდ რეგისტრირებულ იპოთეკის უფლებას.

32. იპოთეკის ლეგალური დეფინიცია მოცემულია სსკ-ის 286-ე მუხლის პირველ ნაწილში, რომლის თანახმადაც, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). იპოთეკა უზრუნველყოფის სანივთო საშუალებებს განეკუთვნება. ერთი მხრივ, ის განმტკიცებულია სანივთო სამართალში, ხოლო მეორე მხრივ, წარმოადგენს რეგისტრირებულ სანივთო უფლებას ინდივიდუალიზებულ და კონკრეტულ უძრავ ნივთზე. იპოთეკა, როგორც სანივთო უფლება, აფუძნებს სანივთო პასუხისმგებლობას, რომელიც დგება მესაკუთრის ბრალის მიუხედავად (შდრ. ლ. ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, თბილისი, 2012, გვ. 63. Lüke, Sachenrecht, 2.Aufl.,2010, §18,Rn. 674) (სუსგ Nას-475-2019, 15.04.2021წ.).

33. იპოთეკის უფლების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია ხელშეკრულება. ამ ურთიერთობის მონაწილეებად გამოდიან, ერთი მხრივ, იპოთეკარი - ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე კრედიტორი და, მეორე მხრივ, იპოთეკის საგნის მესაკუთრე, რომელიც შეიძლება იყოს მოვალე, თუ იპოთეკის საგანი ეკუთვნის უშუალოდ მოვალეს ან მესამე პირი, რომელიც მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით ტვირთავს თავის უძრავ ქონებას. საგულისხმოა, როგორც იპოთეკის საგნის, ისე იმ ვალდებულების განსაზღვრულობა, რომლის უზრუნველსაყოფადაც ხორციელდება სანივთო უფლების რეალიზაცია. ამ შემთხვევაში, წინასწარაა სავარაუდო, რომ იპოთეკის საგნის რეალიზაციაა სწორედ მოთხოვნის დაკმაყოფილების - ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალება. იგი ხელს უწყობს კრედიტორს, წინასწარ შეაფასოს, რამდენად უზრუნველყოფს იპოთეკის საგანი მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას მოვალის მხრიდან ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში. შესაბამისად, იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას იმთავითვე ნათელი უნდა იყოს, თუ სად გადის იპოთეკით დატვირთული ნივთის მესაკუთრის პასუხისმგებლობის ზღვარი, რომელიც მოიცავს ძირითადი ვალდებულების ფარგლებს (ღირებულებას) ან იპოთეკის გარიგებით მხარეთა შეთანხმებულ უზრუნველყოფილ მოთხოვნის ოდენობას. იპოთეკის ფარგლების დადგენა მხარეებს შეუძლიათ შეთანხმებით (შდრ. სუსგ Nას-1280-1300-2011, 6 მარტი 2012 წელი; სუსგ Nას-803-752-2017, 15 სექტემბერი 2017 წელი).

34. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ იპოთეკა მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებაა და მხოლოდ იმ ფაქტზე მითითება, რომ პირველი მოპასუხის სასარგებლოდ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია იპოთეკა, თავისთავად არ ადასტურებს სადავო უძრავი ქონების მართლზომიერ ფლობას. იპოთეკა არის ფულადი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა უძრავი ქონებით. იპოთეკის დროს მფლობელობა (და ქონების ფაქტობრივი სარგებლობა) რჩება მესაკუთრესთან და ცალკე აღებული, მხარეთა შეთანხმების არარსებობის პირობებში, იპოთეკის საგნის ფლობის საფუძველს არ ქმნის. კრედიტორი (იპოთეკარი) იძენს მხოლოდ ქონების ღირებულებიდან თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების უფლებას, ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში. შესაბამისად, იპოთეკის არსებობა თავისთავად ვერ გაამართლებს მოპასუხის მიერ სადავო უძრავი ქონების მართლზომიერ მფლობელობას ვინდიკაციური სარჩელის ფარგლებში.

35. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა, ამასთან, საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო სადავო უძრავ ქონებაზე მისი მფლობელობის მართლზომიერების დადასტურება (№ას-848-792-2017 , 15 სექტემბერი, 2017 წელი). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რამდენადაც სააპელაციო სასამართლოს დადგენილი აქვს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოპასუხე მხარემ კი თავის მხრივ ვერ დასძლია მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი სადავო უძრავ ქონებაზე მართლზომიერი ფლობის დასადასტურებლად, არსებობს ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები.

36. რაც შეეხება მოპასუხის მიერ სადავო უძრავი ქონების სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობით გამოწვეული ზიანის თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნას, მისი სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 982.1 მუხლი, რომელიც ადგენს ქცევის შემდეგ წესს: პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა, აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი.

37. სსკ-ის 982-ე მუხლის მიზანთან დაკავშირებით საკასაციო პალატამ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ განსახილველი ნორმით გათვალისწინებული „ზიანი“ წარმოადგენს არა ზიანის ანაზღაურების შემთხვევას, არამედ საქმე გვაქვს გამდიდრების გათანაბრებასთან. ამ შემთხვევაში ყურადსაღებია, რომ ხსენებული ნორმა მოცემულია უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტით, რაც მიგვითითებს ამ ნორმით გათვალისწინებული ზიანის გათანაბრებაზე უსაფუძვლო გამდიდრებასთან, ანუ როგორც ხელყოფის კონდიქციისათვის არის დამახასიათებელი, ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი არის ის, რომ ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა. აქედან გამომდინარე, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებულ ზიანში იგულისხმება, მიღებულის დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი ღირებულების ანაზღაურება, ანუ საქმე გვაქვს არა ზიანის ანაზღაურებასთან, არამედ გამდიდრების გათანაბრების შემთხვევასთან (იხ. სუსგ №ას-472-448-2013, 5 დეკემბერი 2013 წელი; ; №ას-1204-2018, 25 იანვარი 2019 წელი, №ას-275-2020, 16 ნოემბერი 2021 წელი;; №ას-1227-2018, 15 თებერვალი 2022 წელი). თუკი მოსარჩელემ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უკანონო მფლობელობის გამო დაკარგა გარკვეული სიკეთის მიღების შესაძლებლობა, მას უფლება აქვს, ამოიღოს ეს ქონება ხელმყოფისაგან. სწორედ აღნიშნული ქონებრივი წონასწორობის აღდგენას ემსახურება სსკ-ის 982-ე მუხლი, რომლის თანახმად, ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა (შდრ: სუსგ №ას-685-639-2017, 22 დეკემბერი 2017 წელი; №ას-369-2023, 13 ივნისი 2023 წელი).

38. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 982-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი მიიღწევა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების კუმულაციურად არსებობისას: მოსარჩელე უნდა იყოს სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე; მოპასუხე ნივთს უნდა ფლობდეს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე; ადგილი უნდა ჰქონდეს მოპასუხის გამდიდრებას მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისის ხარჯზე (შდრ. სუსგ №ას-197-186-2017, 30 მაისი 2017 წელი). მხოლოდ მითითებული გარემოებების გამოკვლევის შედეგად შეიძლება დასკვნის გამოტანა, არსებობს თუ არა საკუთრების განკარგვის შეუძლებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურების/გამდიდრების გათანაბრების საფუძველი.

39. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უკანონო მფლობელობის გამო დაკარგა გარკვეული სიკეთის მიღების შესაძლებლობა, ვინაიდან ვერ ისარგებლა საკუთარი ქონებით, რისი გათვალისწინებითაც, მას უფლება აქვს ამოიღოს ეს ქონება ხელმყოფისგან.

40. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზიანის ოდენობის განსაზღვრის მიზნით, წარმოდგენილია ორი ექსპერტიზის დასკვნა. პირველი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, სადავოდ იყო გამხდარი, სააპელაციო სასამართლოს მიერ ზიანის ოდენობის გაანგარიშების კუთხით მოპასუხე მხარის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის გამოყენება.

41. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცებულებათა სახეები, რომლებიც შეიძლება გამოიყენოს სასამართლომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დასადგენად, ამომწურავად არის განსაზღვრული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით. არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. აგრეთვე, არცერთ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ამა თუ იმ მტკიცებულების მნიშვნელობა წინასწარ არ არის განსაზღვრული და მისი ძალა და მნიშვნელობა სასამართლოს შეფასებაზეა დამოკიდებული. მტკიცებულებათა შეფასების დროს მხარეებს უფლება აქვთ, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მტკიცებულებების სარწმუნოობა. მათი უტყუარობის თუ სიყალბის შესახებ მოსაზრებები შეიძლება გამოთქვან არამარტო მხარეებმა, არამედ მესამე პირებმა, აგრეთვე, სპეციალისტებმა და ექსპერტებმა, თუ ისინი მონაწილეობენ პროცესში. საბოლოოდ კი წარმოდგენილ მტკიცებულებებს აფასებს სასამართლო.

42. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ექსპერტის დასკვნა წარმოადგენს დასაშვები მტკიცებულების ერთ-ერთ სახეს და სასამართლო თავისი მოტივირებული გადაწყვეტილებით ასაბუთებს აღნიშნული მტკიცებულების გაზიარების ან მისი უარყოფის მართლზომიერებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება იმავე კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით.

43. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით გათვალისწინებულია სასამართლოს მიერ მტკიცებულებების შეფასების წესი. კერძოდ, მოცემული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს. მტკიცებულებათა შეფასება ეფუძნება შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა - სასამართლოს სუბიექტურ მოსაზრებებს.

44. ამასთან, ექსპერტის დასკვნის შეფასებისას (იმდენად რამდენადაც იგი სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კომპეტენციას ეფუძნება), ყურადღება უნდა მიექცეს რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: გამოსაკვლევად მიწოდებულ მასალას, მის კვლევით ნაწილს, რადგან სწორედ კვლევითი ნაწილია ასახული საბოლოო დასკვნაში. მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ - მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (იხ. სუსგ №ას-406-383-2014; 2015 წლის 17 აპრილი).

45. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა მოპასუხე მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულების გაზიარების საფუძვლები, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელის მიერ წარდგენილ დასკვნაში მითითებული 1 კვ.მ.-ის გაანგარიშებისას არ არის გათვალისწინებული უძრავი ქონების ფაქტობრივი მდგომარეობა (ის, რომ უძრავი ქონება არ არის გასაქირავებელ მდგომარეობაში და საჭიროებს რემონტს). მოპასუხე მხარის მიერ წარდგენილი დასკვნით კი, შეფასდა უძრავი ქონების ფაქტობრივი, რეალური მდგომარეობა და ამის გათვალისწინებით, მისი თვიური საბაზრო საიჯარო ქირა შეფასდა 50 ლარით. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა, მიუღებელი შემოსავლის სახით განცდილი ზიანის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეებს, 2020 წლის 16 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად დაეკისრათ 50 ლარის ანაზღაურება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულების საფუძველი გახდა მასში ასახული სადავო უძრავი ქონების ფაქტობრივი/ ამჟამინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე ქირის ოდენობის დაანგარიშება.

46. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია დადგენილად მოპასუხის მიერ სადავო უძრავი ქონების არამართლზომიერი მფლობელობის ფაქტი და მისთვის თანხის დაკისრების წინაპირობების არსებობა, რისი გათვალისწინებითაც დგინდება სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე კოდექსის 982-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობის არსებობა.

47. რაც შეეხება იპოთეკის რეგისტრაციის გაუქმების საკითხს. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მხარეთა შორის შედგა შეთანხმება, რომლის მიხედვით, „იმ შემთხვევაში, თუ ნ.დ–ძის მიერ სააღსრულებო წარმოების ფარგლებში განხორციელდებოდა უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ბათუმში, .......... 87,44 კვ.მ. საერთო ფართის ბინის (ს/კ ........) აუქციონზე რეალიზაცია და წინამდებარე უძრავი ქონების მესაკუთრე გახდებოდა ნ.დ–ძე ან მოსარჩელე ე.დ–ძე - ნ.დ–ძე და ე.დ–ძე იღებდნენ ვალდებულებას რ.გ–ძისთვის 2 000 აშშ დოლარი გადაეხადათ, ხოლო აღნიშნულის შემდეგ კი რ.გ–ძე ვალდებული იყო შეთანხმებული თანხის მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღისა, უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. ბათუმში ......., 87,44 კვ.მ. საერთო ფართის ბინა, ს/კ ........., მის სახელზე რეგისტრირებული იპოთეკა გაეუქმებინა“.

48. მოცემულ შემთხვევაში, ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელის მხრიდან ზემოაღნიშნული ვალდებულება, კერძოდ, 2 000 აშშ დოლარის პირველი მოპასუხისათვის გადახდა შესრულებულია, რასაც თავის მხრივ არც მოპასუხე უარყოფს. მოპასუხის არგუმენტაცია იპოთეკის უფლების რეგისტრაციის მართლზომიერების თაობაზე საკასაციო საჩივრის პრეტენზიის გათვალისწინებით დაკავშირებულია მოსარჩელის მხრიდან ვალდებულების არსებობაზე, რაც მოცემულ შემთხვევაში შესაბამისი მტკიცებულებებით მოპასუხე მხარემ ვერ დაადასტურა. კერძოდ, საკასაციო საჩივრის ფარგლებში, მეორე კასატორები უთითებენ, რომ მოსარჩელეს 15 000 აშშ დოლარი აქვს გადასახდელი, რისი დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულება მოცემული დავის ფარგლებში არ წარდგენილა. საქმეში მოიპოვება შეთანხმება, რომლის მიხედვითაც მოსარჩელეს ჰქონდა 2 000 აშშ დოლარის პირველი მოპასუხისათვის გადახდის ვალდებულება, რაც შეასრულა.

49. რაც შეეხება მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმების ნამდვილობის შესახებ პრეტენზიას, საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეები მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმების ნამდვილობას სადავოდ ხდიან იმ საფუძვლით, რომ გარიგებას ხელს აწერს მოსარჩელე როგორც საკუთარი, ისე ნ.დ–ძის სახელით, ხოლო ამ უკანასკნელის მიერ გაცემული მინდობილობა საქმეში წარდგენილი არ ყოფილა. საკასაციო სასამართლო უპირველესად აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტის წარმომადგენელმა აღნიშნული გარემოება მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში განაცხადა (ახალ ფაქტზე მითითება), რაც ვერ იქნება გაზიარებული სააპელაციო სასამართლოს მიერ. საკასაციო საჩივარი კი, სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ მსჯელობასთან დაკავშირებით პრეტენზიას არ შეიცავს, კერძოდ, მხარე არ უთითებს, რომ მსგავსი შედავება წარდგენილი იყო ქვედა ინსტანციის სასამართლოში, მოსამზადებელ ეტაპზე.

50. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოყვანილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილ იქნეს ახალი მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა. დასახელებულ მუხლზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ დასაბუთებას.

51. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მოპასუხე მხარე წარდგენილ შესაგებელში (იხ. ტ. 2, ს.ფ. 48-56) უთითებს, რომ მხარეთა შორის ნამდვილად გაფორმდა ხელშეკრულება იპოთეკის მოხსნის თაობაზე, რომელიც დადასტურდა მხარეთა ხელმოწერით. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ამავე შესაგებლის ფარგლებში მხარე უთითებდა, რომ შეთანხმება არის უკანონო, რამდენადაც არ არის დადებული კანონის მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული შეთანხმება საჭიროებდა საჯარო რეესტრში რეგისტრაციას. ასევე უთითებდა, რომ იპოთეკის არ მოხსნის მიზეზი ნ.დ–ძის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობამ განაპირობა. ამის შემდგომ, მხარეთა შორის გაფორმებულ შეთანხმებას მხარე სადავოდ ხდიდა იმ საფუძვლით, რომ მას შეთანხმებაზე ხელი იძულებით მოაწერინეს, შემდგომ პოზიცია შეცვალა და კვლავ არაუფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერის საფუძვლით ხდიდა სადავოდ მის იურიდიულ ძალას, მსგავსი დაუსაბუთებელი და არათანმიმდევრული პოზიცია სასამართლოსთვის არადამაჯერებელია და ვერ დაედება საფუძვლად სასამართლო განჩინების გადასინჯვას.

52. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორებმა მიუთითეს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივრებს არა აქვთ წარმატების პერსპექტივა.

53. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 396-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ე.დ–ძის საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად;

2. რ.გ–ძისა და ნ.კ–ძის საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად;

3. ე.დ–ძეს (პ/ნ ..........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2026 წლის 12 თებერვალს №7584 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 430 ლარის 70% – 301 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

4. რ.გ–ძესა (პ/ნ .........) და ნ.კ–ძეს (პ/ნ .........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეთ რ.ხ–ვას მიერ 2026 წლის 23 თებერვალს №32094890389 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 302,60 ლარის 70% –211,8 ლარი და N32094920573 საგადახდო დავალებით გადახდილი ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მიხეილ ჯინჯოლია

მოსამართლეები: არჩილ კოჭლამაზაშვილი

ლევან ნემსაძე