დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 25.06.2026
საქმის ნომერი
ას-443-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-443-2026

25 ივნისი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შპს „მ–ი ....“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „რ–ი“ (მოსარჩელე)

დავის საგანი - თანხის დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. შპს „რ–მა“ (შემდეგში: მოსარჩელე ან შემსრულებელი) სარჩელით მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს შპს „მ–ი ....-ის“ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან დამკვეთი) წინააღმდეგ და მოითხოვა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 22 364,29 ლარის გადახდა დაეკისროს.

2. მოპასუხის შესაგებელი

2.1. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ სცნო.

3. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

3.1. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 22 364,29 ლარის გადახდა.

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები

4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

4.2. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, 2021 წლის 6 აგვისტოს, გაფორმდა სარემონტო სამუშაოების შესრულების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შემსრულებელმა აიღო ვალდებულება ქალაქ ქარელში, ცენტრალურ ქუჩაზე აივნებისა და ფასადის შეფუთვის სამუშაოები ეწარმოებინა ხელშეკრულების დანართი N1-ის შესაბამისად. ამავე ხელშეკრულებით დამკვეთმა იკისრა ვალდებულება ჩაებარებინა მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოები და გადაეხადა ღირებულება ხელშეკრულებაში აღწერილი პირობების შესაბამისად.

4.3. ხელშეკრულების 7.1. პუნქტის თანახმად, გაწეული მომსახურების სანაცვლო ღირებულება 1 კვ.მ. აივნისათვის განისაზღვრა 53 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში, ხოლო 1 კვ.მ. ფასადისათვის - 65 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში. ფასები განისაზღვრა გადახდის დღეს არსებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით და მოიცავდა საქართველოში არსებულ ყველა გადასახადს. აივნების საორიენტაციო რაოდენობა შეადგენდა 340 კვ.მ.-ს, ხოლო ფასადის საორიენტაციო რაოდენობა - 120 კვ.მ.-ს. შესაბამისად, აივნების მოწყობის საორიენტაციო ღირებულება შეადგენდა 18 020 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში, ხოლო ფასადის - 7 800 აშშ დოლარს, ხოლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულება - 25 820 აშშ დოლარს. ამასთან, შესრულებული სამუშაოს მოცულობა, შესაძლოა, შეცვლილიყო გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო, ხოლო საბოლოო მიღება-ჩაბარება მოხდებოდა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მიხედვით.

4.4. ხელშეკრულების 7.2.1. პუნქტის თანახმად, დამკვეთი 7.1. პუნქტში აღნიშნულ ღირებულებას გადაიხდის შესასრულებელი სამუშაოსათვის ეტაპობრივად; პირველი ეტაპი: სამუშაოს დაწყებამდე 1-2- დღით ადრე ხელშეკრულების ღირებულების 50%-ს, მეორე ეტაპი: სამუშაოს დაწყებიდან 15 დღეში, ხელშეკრულების ღირებულების 30%-ს, მესამე ეტაპი: სამუშაოების დასრულებიდან 5 დღის განმავლობაში ხელშეკრულების ღირებულების დარჩენილ 20%-ს.

4.5. მიმწოდებლის ანგარიშსწორება ხორციელდება დამკვეთის მიერ უნაღდო ანგარიშსწორების წესით ფულადი სახსრების გადარიცხვის გზით მიმწოდებლის ანგარიშზე. გადახდის თარიღად ითვლება დამკვეთის უფლებამოსილი ბანკის მიერ საგადახდო დავალების შესრულებისათვის მიღება.

4.6. ანგარიშფაქტურები - გამოწერის თარიღი: 2022 წლის 14 თებერვალი, 2022 წლის 18 თებერვალი - რომელთა ჯამურმა ღირებულებამ 274 366,29 ლარი შეადგინა, დადასტურებულია დამკვეთის მიერ.

4.7. მოპასუხის მიერ ანაზღაურებულია 252 002 ლარის მოცულობის სამუშაოების ღირებულება.

4.8. წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე ითხოვს შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურებას, რაც გამომდინარეობს სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილიდან - ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

4.9. ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე შეთანხმებული ანაზღაურების დაკისრებაზე დავისას მენარდემ/მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს სამუშაოს შეთანხმებული ხარისხით შესრულების ფაქტი, ხოლო მოპასუხემ თავის მხრივ უნდა ადასტუროს ის გარემოებები, რაც გამორიცხავს მისი მხრიდან შემხვედრი ვალდებულების - თანხის გადახდის, შესრულებას.

4.10. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს საკუთარი მტკიცების ტვირთის ფარგლებში საქმეში წარმოდგენილი აქვს მოპასუხის მიერ დადასტურებული 2022 წლის 14 და 18 თებერვლის საგადასახადო ანგარიშფაქტურები, საიდანაც დასტურდება, რომ მენარდეს შემკვეთისთვის გაწეული აქვს ჯამში 274 366,29 ლარის ღირებულების მომსახურება. დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურების მტკიცებითი ძალის თაობაზე სააპელაციო პალატამ მიუთითა საკასაციო სასამართლოს მყარად დადგენილ პრაქტიკაზე, კერძოდ - „საგადასახადო ანგარიშფაქტურა კანონმდებლობით გათვალისწინებული მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტია და გადასახადების ადმინისტრირებისთვის გამოიყენება. ელექტრონულად დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურა მყიდველის მიერ საქონლის მიღების დასტურია და მის მიერ საფასურის ანაზღაურების ვალდებულებას წარმოშობს. საგადასახადო ანგარიშფაქტურების სერვისი მოიცავს საქონლისა და მომსახურების მიწოდების რთული პროცესების ერთობლიობას, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია ლოგიკური ჯაჭვით. აღნიშნულ პროცესებში მონაწილეობას იღებს, როგორც სასაქონლო ზედნადების, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამომწერი (გამყიდველი), ასევე, მიმღები (მყიდველი) და შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი. ანგარიშფაქტურის მყიდველის მიერ დადასტურებისას, უტყუარად ივარაუდება, რომ მან მიწოდებული საქონელი შეიძინა, ვინაიდან ანგარიშფაქტურა იგზავნება უშუალოდ მყიდველთან და მის დადასტურებაზე ხელი არ მიუწვდება მესამე პირს. ანგარიშფაქტურის გამოწერისა და დადასტურებისას, მხარეები განსაზღვრავენ საქონლის ტრანსპორტირების დაწყების თარიღს, აღიარებენ საქონლის მიწოდებასა და მის მიღებას“ (იხ. სუსგ №ას-1268 -2025, 28.01.2026 წ.).

4.11. როგორც აღინიშნა, საკასაციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მტკიცებულებითი ძალა დამოკიდებული არ არის იმ საქონლის/მომსახურების გვარეობით მახასიათებელზე, რომლის მიმართაც გამოწერილია იგი, ამდენად, ყველა ის განმარტება, რომლითაც მოპასუხის მიერ დადასტურებული ანგარიშ-ფაქტურების არსებობა განხილულ იქნა ხელშეკრულების დადებისა და საქონლის მიწოდების ფაქტების დასტურად, სახელმძღვანელოა წინამდებარე საქმისთვისაც (იხ. სუსგ №ას-1296-2019, 08.06.2021წ; №ას-599-574-2016, 23.09.2016წ; №ას-825-...., 02.12.2021წ; №ას-1296-2019, 08.06.2021წ; №ას-514-514-2018, 03.06.2021წ; №ას-514-514-2018, 03.08.2019წ).

4.12. დასახელებულ საქმეებში საკასაციო პალატა ელექტრონულად დადასტურებულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს განიხილავს მყიდველის მიერ საქონლის მიღების ფაქტის დასტურად, რაც კვალიფიციური შედავების არარსებობის პირობებში, წარმოშობს საფასურის გადახდის ვალდებულებას. ერთ-ერთ საქმეში კი საკასაციო პალატამ განმარტა, რომ იმ პირობებში, როდესაც მოპასუხემ დაადასტურა მოსარჩელის მიერ გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურა, იგულისხმება, რომ მხარეთა შორის წარმოიშვა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა (იხ. სუსგ. №ას-381-381-2018, 01.05.2018წ).

4.13. სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ მოსარჩელემ ელექტრონულად დადასტურებული ანგარიშ-ფაქტურების წარმოდგენით მოახდინა მისი მტკიცების ტვირთის რეალიზება და იმ ფაქტების დამტკიცება, რომ მხარეთა შორის არსებული ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მას მოპასუხისთვის, როგორც შემკვეთისთვის, გაწეული ჰქონდა 274 366,29 ლარის ღირებულების მომსახურება. მოპასუხის შედავებასთან მიმართებით, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მასზედ, რომ ლოგიკურ საფუძველს მოკლებულია მეწარმე სუბიექტმა „იმპულსურად“, ისე რომ მომსახურება მიღებული არ ჰქონდეს, დაადასტუროს 274 366,29 ლარის ღირებულების ანგარიშ-ფაქტურა. მოპასუხის აპელირება, რომ კომპანიის ბუღალტერმა დაუშვა შეცდომა არ არის დამაჯერებელი, ვინაიდან არ არის გამყარებული სხვა ობიექტური ფაქტობრივი გარემოებებითა და მტკიცებულებებით. ამასთან, ანგარიშფაქტურები დადასტურებულია 12.09.2022 და 08.03.2022 წლებში, წინამდებარე სარჩელი კი, აღძრულია 18.04.2023 წელს. მოპასუხეს საქმეში არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ გონივრულ ვადაში შეატყობინა მენარდეს ანგარიშფაქტურების შეცდომით დადასტურების თაობაზე და სადავოდ გახადა 22 364,29 ლარის მომსახურების მიღება. აღნიშნულის საპირსპიროდ, მოპასუხემ მოსარჩელეს გადაუხადა მოთხოვნილი თანხის 92%. შეცდომის თაობაზე მითითება მხოლოდ სარჩელის აღძვრის შემდგომ მოხდა.

4.14. პალატამ ასევე აღნიშნა, რომ მოპასუხეს საკუთარი მტკიცების ტვირთის ფარგლებში მითითების დონეზეც კი არ განუმარტავს, თუ რა სამუშაოს შეუსრულებლობას ედავება მენარდეს, რის გამოც უარს აცხადებს 22 364,29 ლარის ანაზღაურებაზე, მაშინ როდესაც იმავე დადასტურებული ანგარიშფაქტურების ფარგლებში 274 366,29 ლარიდან შემკვეთს ანაზღაურებული აქვს 252 002 ლარი. პალატამ განმარტა, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს მოპასუხის მიერ ელექტრონულად დადასტურებული ანგარიშ-ფაქტურა, იგულისხმება, რომ მას რეალიზებული აქვს საპროცესო კანონმდებლობით დაკისრებული მტკიცების ტვირთი და უკვე მოპასუხეს ევალება მოსარჩელის მიერ დადასტურებული გარემოებების კვალიფიციური უარყოფა. მოპასუხეს საქმეში არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, საიდანაც დადგინდებოდა, თუ რა მოცულობის სამუშაო იქნა შესრულებული და რის საფუძველზე არ თვლის შემკვეთი 22 364,29 ლარის ოდენობით მომსახურებას მიღებულად. მხოლოდ ზეპირი ახსნა-განმარტება ვერ ჩაითვლება საკმარისად მოსარჩელის პოზიციის უარსაყოფად.

4.15. რაც შეეხება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის არარსებობას, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენს ორმხრივად ხელმოწერილ დოკუმენტს და მისი შედგენა მხოლოდ მოვალის ნებაზე არ არის დამოკიდებული. მიღება-ჩაბარების აქტის ხსენებული მახასიათებლის გათვალისწინებით, მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკით მიიჩნევა, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც მოვალე სხვა რელევანტური მტკიცებულებების წარმოდგენით ადასტურებს ვალდებულების შესრულების ფაქტს, მიღება-ჩაბარების აქტის გაუფორმებლობა არ მიიჩნევა ანაზღაურებაზე უარისა და ვალდებულების შეუსრულებლობის დასტურად. მოცემულ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს ორმხრივად დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურები და ამასთან, აღნიშნული ანგარიშფაქტურებიდან გამომდინარე მოპასუხეს გადახდილი აქვს მოთხოვნილი ანაზღაურების 92%, მიღება-ჩაბარების აქტის წარმოუდგენლობა, ვერ გააქარწყლებს მოსარჩელის მტკიცებულებებით დადასტურებულ მოთხოვნას და იმ ფაქტს, რომ მოპასუხეს ანგარიშფაქტურებში მითითებული სამუშაო მიღებული აქვს. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ნარდობის ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა სარემონტო სამუშაოების ჩატარება, შესაბამისად იმ ვალდებულებებისაგან განსხვავებით, რომლის დროსაც ხდება რაიმე ქონების მიწოდება/გადაცემა, მოცემულ შემთხვევაში მიღება-ჩაბარების აქტით უნდა მომხდარიყო იმ გარემოებათა დამტკიცება, რაც დადასტურებული ანგარიშფაქტურიდანაც დგინდება. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებას რაიმე გადამწყვეტი მნიშვნელობა ვერ მიენიჭება, ვინაიდან სარემონტო სამუშაოები, მისი დასრულების შედეგად უკვე გადაცემულად მიიჩნევა.

4.16. საბოლოოდ პალატამ დაადგინა, რომ მოსარჩელემ ელექტრონულად დადასტურებული ანგარიშ-ფაქტურების წარმოდგენით მოახდინა მისი მტკიცების ტვირთის რეალიზება და იმ ფაქტების დამტკიცება, რომ მხარეთა შორის არსებული ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მას მოპასუხისთვის, როგორც დამკვეთისთვის, გაწეული ჰქონდა 274 366,29 ლარის ღირებულების მომსახურება, საიდანაც ასანაზღაურებელია 22 364,29 ლარი. თავის მხრივ მოპასუხე მხარემ სარჩელს დაუპირისპირა მხოლოდ საკუთარი ზეპირი ახსნა-განმარტება, რომლითაც ზოგადად უარყოფდა მომსახურების მიღების ფაქტს. რაიმე კონკრეტული ფაქტი, ან მტკიცებულება, რაც მოპასუხის პოზიციას გაამყარებდა, საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე ყოფილა წარმოდგენილი. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელემ რელევანტური მტკიცებულებების წარმოდგენით დაადასტურა მისი წილი ვალდებულების შესრულების ფაქტი, მოპასუხის ზოგადი ხასიათის, ზეპირი ახსნა-განმარტება ვერ იქნება მიჩნეული მის საპირწონე მტკიცებულებად.

5. მოპასუხის საკასაციო საჩივრის საფუძვლები

5.1. მოპასუხემ სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

5.2. კასატორის განმარტებით, სარწმუნოდ არ არის დადგენილი საქმის გადაწყვეტისათვის საჭირო მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობისა და მისი ანაზღაურების თაობაზე.

5.3. კასატორის განმარტებით, შემსრულებელ კომპანიას ხელშეკრულების მე-6 პუნქტის შესაბამისად არ წარმოუდგენია სამუშაოების შესრულების შუალედური და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტები. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით კი არ დასტურდება შესრულებული სამუშაოს მოცულობა.

6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

6.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 30 აპრილის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია.

7. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

9. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, კასატორის ძირითადი საკასაციო პრეტენზია ისაა, რომ მოსარჩელემ სათანადოდ, ხელშეკრულებით დადგენილი წესით, ვერ დაადასტურა სარჩელით მოთხოვნილი თანხის საპირწონე მომსახურების შესრულების ფაქტი.

11. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის წარმოშობილია ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობა (სსკ-ის 629-ე, 648-ე მუხლები). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნარდობა ორმხრივი და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა (იხ. სუსგ-ები: №ას-1142-2021, 10.11.2022 წ.; №ას-1315-...., 09.09.2021 წ.; №ას-764-2019, 02.03.2019 წ.). „ნარდობა დაკავშირებულია მენარდის ვალდებულებასთან – შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და გადასცეს შემკვეთს, შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით, შესრულებული სამუშაოს შედეგი. შემკვეთი მოვალეა, გადაუხადოს მენარდეს საზღაური, როგორც წესი, სამუშაოს შესრულების შემდეგ“ (იხ. ზურაბ ძლიერიშვილი, „ნარდობის ხელშეკრულება“ (თეორია და პრაქტიკა), თბილისი, 2016წ., გვ.288).

12. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ნაკისრი ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.

14. საკასაციო სასამართლო მოიხმობს საქმეში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა წინააღმდეგ კასატორს დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია:

14.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, 2021 წლის 6 აგვისტოს, გაფორმდა სარემონტო სამუშაოების შესრულების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შემსრულებელმა აიღო ვალდებულება ქალაქ ქარელში, ცენტრალურ ქუჩაზე აივნებისა და ფასადის შეფუთვის სამუშაოები ეწარმოებინა ხელშეკრულების დანართი N1-ის შესაბამისად. ამავე ხელშეკრულებით დამკვეთმა იკისრა ვალდებულება ჩაებარებინა მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოები და გადაეხადა ღირებულება ხელშეკრულებაში აღწერილი პირობების შესაბამისად.

14.2. ხელშეკრულების 7.1. პუნქტის თანახმად, გაწეული მომსახურების სანაცვლო ღირებულება 1 კვ.მ. აივნისათვის განისაზღვრა 53 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში, ხოლო 1 კვ.მ. ფასადისათვის - 65 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში. ფასები განისაზღვრა გადახდის დღეს არსებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით და მოიცავდა საქართველოში არსებულ ყველა გადასახადს. აივნების საორიენტაციო რაოდენობა შეადგენდა 340 კვ.მ.-ს, ხოლო ფასადის საორიენტაციო რაოდენობა - 120 კვ.მ.-ს. შესაბამისად, აივნების მოწყობის საორიენტაციო ღირებულება შეადგენდა 18 020 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში, ხოლო ფასადის - 7 800 აშშ დოლარს, ხოლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულება - 25 820 აშშ დოლარს. ამასთან, შესრულებული სამუშაოს მოცულობა, შესაძლოა, შეცვლილიყო გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო, ხოლო საბოლოო მიღება-ჩაბარება მოხდებოდა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მიხედვით.

14.3. ხელშეკრულების 7.2.1. პუნქტის თანახმად, დამკვეთი 7.1. პუნქტში აღნიშნულ ღირებულებას გადაიხდის შესასრულებელი სამუშაოსათვის ეტაპობრივად; პირველი ეტაპი: სამუშაოს დაწყებამდე 1-2- დღით ადრე ხელშეკრულების ღირებულების 50%-ს, მეორე ეტაპი: სამუშაოს დაწყებიდან 15 დღეში, ხელშეკრულების ღირებულების 30%-ს, მესამე ეტაპი: სამუშაოების დასრულებიდან 5 დღის განმავლობაში ხელშეკრულების ღირებულების დარჩენილ 20%-ს.

14.4. მიმწოდებლის ანგარიშსწორება ხორციელდება დამკვეთის მიერ უნაღდო ანგარიშსწორების წესით ფულადი სახსრების გადარიცხვის გზით მიმწოდებლის ანგარიშზე. გადახდის თარიღად ითვლება დამკვეთის უფლებამოსილი ბანკის მიერ საგადახდო დავალების შესრულებისათვის მიღება.

14.5. ანგარიშფაქტურები - გამოწერის თარიღი: 2022 წლის 14 თებერვალი, 2022 წლის 18 თებერვალი - რომელთა ჯამურმა ღირებულებამ 274 366,29 ლარი შეადგინა, დადასტურებულია დამკვეთის მიერ.

14.6. მოპასუხის მიერ ანაზღაურებულია 252 002 ლარის მოცულობის სამუშაოების ღირებულება.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს, რომ 2022 წლის 14 თებერვალსა და 2022 წლის 18 თებერვალს გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები დადასტურებულია მოპასუხის მიერ. მასში მითითებულია, რომ შემსრულებლის მიერ გაწეულმა მომსახურების ღირებულებამ, ჯამში, შეადგინა 274 366,29 ლარი (1751,53 ლარი + 272 614,76 ლარი), რომელთა ნაწილი - 22 364,29 ლარი დამკვეთის (მოპასუხის) მიერ გადახდილი არ არის.

16. კასატორი სარჩელით მოთხოვნილი თანხის ანაზღაურებაზე უარს აცხადებს იმ საფუძვლით, რომ საქმეში არ არსებობს შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტები. საქმეზე დადგენილია და საკასაციო საჩივრით დასაშვები/დასაბუთებული პრეტენზია არ არის წამოყენებული იმ ფაქტის მიმართ, რომ თანხის დაკისრების მოთხოვნით წარდგენილი სარჩელის დასასაბუთებლად, წარდგენილი ყველა ანგარიშ-ფაქტურა დადასტურებულია.

17. რაც შეეხება უშუალოდ ანგარიშ-ფაქტურების მტკიცებულებით ძალას, პალატა უთითებს, რომ სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და მტკიცებულებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასება კი უკვე სასამართლოს პრეროგატივაა (მრავალთა შორის იხ. სუსგ. №ას-1058-2021, 25.05.2022წ; №ას-984-929-2015, 20.11.2015წ).

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, რომლის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

19. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მესამე ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საგადასახადო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ სხვა დასაბეგრი პირისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შემთხვევაში, გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში შესაძლებელია გამოიწეროს გამარტივებული ფორმის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა; საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერება წერილობითი ან ელექტრონული ფორმით; დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ საბოლოო მომხმარებლისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევისას, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერება მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში; საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, გამარტივებული ფორმის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის) ფორმებს, რეკვიზიტებს, მისი გაცემის, აღრიცხვისა და გამოყენების (მათ შორის, გამოყენებაზე შეზღუდვის) წესებს, ასევე ცალკეულ შემთხვევებს, როდესაც საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის შემთხვევაში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არ გამოიწერება, განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი (შდრ. სუსგ #ას-787-2022, 24.02.2023 წ.).

20. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების მოქმედი რედაქციის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დანართი №III-05 და დანართი №III-051 ფორმის შევსებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის („საფ“-ის) პირველი ეგზემპლარი საქონლის/მომსახურების მყიდველს (მიმღებს) წარედგინება მოთხოვნიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა, ხოლო დანართი №III-06 ფორმის შევსებული საფ-ის პირველი ეგზემპლარი – მიწოდებისთანავე. საფ-ის მეორე ეგზემპლარები რჩება საქონლის/მომსახურების გამყიდველს (მიმწოდებელს). ამავდროულად, მიმღებისთვის წარდგენილი ანგარიშ-ფაქტურა, ამავე ბრძანების მე-7 მუხლის მეორე პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შინაარსის გათვალისწინებით, ექვემდებარება მიმღების მიერ დადასტურებას (შდრ. სუსგ #ას-787-2022, 24.02.2023 წ.).

21. მითითებული ბრძანების მე-11 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად კი შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის კომუნიკაცია (მათ შორის, დეკლარირება) შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული ფორმით, ონლაინ რეჟიმში, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის www.rs.ge (შემდეგში სამსახურის ვებგვერდი) გამოყენებით; სამსახურის ვებგვერდის მეშვეობით პირის მიერ ელექტრონული ფორმით შედგენილი და წარდგენილი დოკუმენტი/წერილი, ასევე საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით შექმნილი და გაგზავნილი დოკუმენტი/წერილი არ საჭიროებს უფლებამოსილი პირის ხელმოწერას და მას აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობითი ფორმით წარდგენილ/გაგზავნილ, პირადი ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებულ დოკუმენტს/წერილს. ამავე მუხლის მე-5-მე-6 პუნქტების შესაბამისად, ელექტრონული ფორმით კომუნიკაციაზე გადასვლის შესახებ გადასახადის გადამხდელის განცხადების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში საგადასახადო ორგანო უზრუნველყოფს გადასახადის გადამხდელის გადაყვანას კომუნიკაციის ელექტრონულ ფორმაზე და მოკლე ტექსტური შეტყობინებით აცნობებს მას ავტორიზაციის შესახებ. თუ განცხადება არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელს უგზავნის წერილობით უარს განცხადების დაკმაყოფილებაზე; ელექტრონული ფორმით კომუნიკაციისას გამოსაყენებელი სახელწოდებისა და პაროლის დაკარგვის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია ვიდეოზარის/წერილობითი განცხადების მეშვეობით მიმართოს საგადასახადო ორგანოს აღნიშნული სახელწოდების/პაროლის აღდგენის მიზნით (შდრ. სუსგ #ას-787-2022, 24.02.2023 წ.)

22. საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს ქვემდგომი სასამართლოების შეფასებას, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურები (გამოწერის თარიღი - 2022 წლის 14 თებერვალი, 2022 წლის 18 თებერვალი) დადასტურებული იყო მეორე მხარის მიერ, რაც გაწეული მომსახურების მიღებად და გადასახდელი თანხის, ჯამურად, 274 366,29 ლარის აღიარებად უნდა იქნეს მიჩნეული (შდრ. სუსგ #ას-1819-2019, 19.02..... წ.; #ას-746-714-2016, 08.05.2017 წ.).

23. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას იმის თაობაზე, რომ მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელის მიერ ელექტრონულად წარდგენილი ანგარიშ-ფაქტურების ვალიდურობა და მის საფუძველზე 252 002 ლარის ღირებულების სამუშაო შესრულებულად მიიჩნია და აანაზღაურა კიდეც.

24. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიღება-ჩაბარების აქტები, რომლითაც შეიძლებოდა სამუშაოების შესრულების ფაქტი დადასტურებულიყო, აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილ პრაქტიკაზე, რომლითაც განსაზღვრულია, რომ ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმების (სამოქალაქო კოდექსის 629-656-ე მუხლები) არცერთი დანაწესით კანონმდებელი იმპერატიულად არ აწესებს ვალდებულების შესრულებულად მიჩნევის შესაძლებლობას მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის გზით. მართალია, ხელშეკრულების მხარეები შეთანხმდნენ შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების ფორმაზე, მაგრამ მიღება-ჩაბარების აქტის შეუდგენლობა, იმ შემთხვევაში, თუ სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდება ვალდებულების შესრულების ფაქტი, არ შეიძლება გახდეს სარჩელზე უარის თქმის საფუძველი (იხ. სუსგ-ები: #ას-323-307-2011, 1.12.2011 წ.; #ას-770-737-2014, 16.06.2015 წ.; #ას-746-714-2016, 08.05.17 წ.; #ას-1819-2019, 19.02.20 წ.).

25. საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ დამკვეთს (მოპასუხეს) მოსარჩელის მიერ სამუშაოს შესრულების ფაქტთან და შესრულებული სამუშაოს ხარისხთან დაკავშირებით პრეტენზია არ განუცხადებია. ამრიგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ნაკლიანი შესრულების დადასტურების ტვირთი მოპასუხეს ეკისრება. სწორედ მისი მტკიცების ტვირთია ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება.

26. განსახილველ შემთხვევაში, მენარდისათვის შემკვეთის მიერ შესასრულებელი ვალდებულება - შესრულებული სამუშაოს საზღაურის გადახდა, ამ უკანასკნელმა სადავო გახადა იმ საფუძვლით, რომ სამუშაო არაჯეროვნად, უხარისხოდ იყო შესრულებული. სწორედ ეს ფაქტობრივი გარემოება იყო მოპასუხის კუთვნილი მტკიცების საგანი, რაც მან ვერ დაასაბუთა.

27. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო გაიზიარებდა, რომ მენარდის მიერ შესრულებული სამუშაო არ შეესაბამებოდა შეთანხმებულ ხარისხს, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია კასატორის ყურადღება გაამახვილოს იმ ფაქტზე, რომ შემკვეთს არ გამოუყენებია ასეთ შემთხვევაში მისთვის სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმებით მინიჭებული საშუალებები. კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 642-ე მუხლის შესაბამისად, არ მოუთხოვია დამატებითი შესრულება, შესაბამისად, არც იმ უფლებით უსარგებლია, რომ საზღაური შეემცირებინა ნაკეთობის ნაკლის, განსახილველ შემთხვევაში, არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოს გამო. საკასაციო სასამართლო სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის დანაწესზეც ამახვილებს ყურადღებას, რომელიც ადგენს იმ პირობებსა და გარემოებებს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, მხარეს შეუძლია გამოიყენოს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება. ესენია: ვლდებულების შესრულებაზე დამატებითი ვადების გასვლა და ინტერესის დაკარგვა ვალდებულების დარჩენილი ნაწილის მიმართ. თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია, უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენა დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის გასაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება, თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია, უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი. ხელშეკრულებიდან გასვლა ნების ცალმხრივად გამოვლენით ხორციელდება და არ არის აუცილებელი, მეორე მხარის თანხმობა. „ცალმხრივი უარის თქმა ხელშეკრულებაზე შესაძლებელია, თუ ეს დაშვებულია კანონით ან მხარის ასეთი უფლება გათვალისწინებულია ხელშეკრულებით. ხელშეკრულებაზე უარის თქმა მხარეთა შეთანხმებითაც არის შესაძლებელი. აღნიშნული ნორმა მხარეს, რომელიც ასრულებს ხელშეკრულებას, ანიჭებს უფლებას ხელშეკრულების დამრღვევი მხარის მიმართ, კერძოდ, მას ენიჭება უფლებამოსილება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე სამოქალაქო კოდექსის 355-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულებდან გასვლა ხდება ხელშეკრულების მეორე მხარისათვის შეტყობინებით“ (იხ. სუსგ #ას-459-438-2015, 7.10.2015 წ.). განსახილველ შემთხვევაში, არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოების გამო, მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების გამოსარიცხად, მოპასუხეს არ წარუდგენია სასამართლოსთვის სამართლებრივად წონადი მტკიცებულებები, რომლებითაც გაქარწყლდებოდა გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა და დასკვნები.

28. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

29. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

30. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

32. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „მ–ი ....-ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. შპს „მ–ი ....-ს“ (ს/ნ ........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მ.ყ–ის (პ/ნ .........) მიერ, საკასაციო საჩივარზე, სახელმწიფო ბაჟის სახით, სს „თიბისი ბანკში“ 17.04.2026 წლის N1776356764 საგადახდო დავალებით გადახდილი 1118.21 ლარის 70% 782.75 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

არჩილ კოჭლამაზაშვილი