დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 17.09.2026
საქმის ნომერი
ას-904-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
17.09.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-904-2026 17 სექტემბერი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ი.ბ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.შ–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 05 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 05 მაისის განჩინებით ი.ბ–ის (შემდეგში: მოსარჩელე ან აპელანტი ან კასატორი) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი ლ.შ–ის (შემდეგში: მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ სოფელ ......., ....... N67-ში მდებარე 1950.50კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს.კ:.......) მესაკუთრედ ცნობის შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

2. სააპელაციო პალატამ დავა მოაწესრიგა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) სსკ-ის 521-ე, 368-ე, 183-ე 323-ე და 327-ე მუხლებით და აღნიშნა, მოსარჩელემ, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების ცნობის შესახებ მოთხოვნის დასასაბუთებლად განმარტა შემდეგი: N......... საკადასტრო კოდზე რეგისტრირებულ უძრავ ნივთსა (1/2 წილი - 1600 კვ.მ.) და N.......... საკადასტრო კოდზე რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე (1500 კვ.მ.) საკუთრების უფლება, ფორმალური ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, გ.შ–ს (მოპასუხის ბიძას) გადასცა, რათა მოპასუხეს და მის ძმას (რ.შ–ს, რომელიც 2019 წელს გარდაიცვალა) თავიდან აერიდებინათ სისხლისსამართლებრივი პრობლემები. სანაცვლოდ, მოსარჩელეს, ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, მოასუხისაგან (მისი ოჯახისგან) ორი უძრავი ნივთის ½ ნაწილი გადაეცა - N ....... საკადასტრო კოდსა (რომლის ½ ისედაც მის საკუთრებას წარმოადგენდა) და N ......... საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული ქონება. მოსარჩელეს, მიწის ნაკვეთები დაუყოვნებლივ არ გადაუფორმებია (გადასახადების ორჯერ გადახდის ან/და მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან არიდების მიზნით) და იმისათვის, რომ მას აღნიშნულ უძრავ ნივთებზე სრული კონტროლი ჰქონოდა, მოპასუხის მიერ მოსარჩელის ძმაზე - ბ.ბ–ზე გაიცა გენერალური მინდობილობა. ეს იმისთვის, რომ მინდობილობის მოსარჩელის სახელზე გაცემის შემთხვევაში, საკუთარ თავთან დადებული გარიგებები, არ გაპრობლემებულიყო. ამ გზით, მოსარჩელე აკონტოლებდა ქონებას, რომელიც გაცვლის გარიგების ფარგლებში მის მიერ მისაღებ საპასუხო შესრულებად მოიაზრებოდა. გენერალური მინდობილობა გასაცვლელი, ანუ მის მიერ მისაღები ქონების მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს შეიცავდა, რაც, გაცვლის ხელშეკრულების საგანთან მიმართებით არსებითი პირობის ილუსტრაციას წარმოადგენს. 2018 წელს აღმოჩნდა, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე არსებობდა შეზღუდვა, რის გამოც, ვერ შეძლო ქონების გასხვისება. 2019 წელს რ.შ–ის, ანუ ამ ურთიერთობის კეთილსინდისიერად და სრულყოფილად განხორციელების გარანტის გარდაცვალების შემდგომ, მოპასუხემ, მოსარჩელის ძმაზე - ბ.ბ–ზე გაცემული მინდობილობა გააუქმა და საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთზე საზიარო უფლების გასაუქმებლად დავა წამოიწყო. ამასთან, მხარეთა შორის არსებული განსაკუთრებული ნდობიდან გამომდინარე, თავის დროზე, მხარეთა შორის არც გაცვლის ხელშეკრულება გაფორმებულა და არც ქონება გადაუციათ ერთმანეთისთვის.

3. მოსარჩელის ზემოაღნიშნული განმარტების საპირწონედ, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. 06.03.2010წ. მოსარჩელეს, როგორც „გამყიდველს“ და გ.შ–ს, როგორც „მყიდველს“ შორის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებები დაიდო, რომელთა მიხედვით, „მყიდველმა“ „გამყიდველისაგან“ ქ.თბილისში, სოფელ ....... მდებარე, N......... და N.......... საკადასტრო კოდებზე რეგისტრირებული უძრავი ნივთები, თითოეულში 5000 ლარის გადახდის სანაცვლოდ იყიდა, რომელთა საფუძველზე საკუთრების უფლება ამ უკანასკნელს, საბოლოოდ კი - სახელმწიფოს გადაეცა;

3.2. 25.07.2012წ. მინდობილობით, მოპასუხემ ბ.ბ–ს მიანიჭა შემდეგი უფლებამოსილება: უფლება ეძლევა მართოს და განკარგოს (გაასხვისოს, გაყიდოს, გააჩუქოს, გამიჯნოს, გააქირავოს, გასცეს იჯარით) მარწმუნებლის კუთვნილი უძრავი ქონება, კერძოდ: 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მდებარე: თბილისში, სოფ. ....... (ნაკვეთის №171) და 3901 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მდებარე: თბილისი, სოფელი .......... (ნაკვეთის №...);

3.3. N......... საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი ორ დამოუკიდებელ მიწის ნაკვეთად გაიყო: 1) №........ (1000 კვ.მ.), რომლის მესაკუთრეებადაც დარეგისტრირდნენ მოსარჩელე და მოპასუხე (უფლების რეგისტრაციის საფუძველი: ნასყიდობის ხელშეკრულება - დამოწმების თარიღი 14.11.2007წ. და შეთანხმება - დამოწმების თარიღი 11.10.2017წ და 2) №.......... , რომლის მესაკუთრედ დარეგისტრირდა მოსარჩელე (იმავე უფლების რეგისტრაციის საფუძვლებით);

3.4. №........ მიწის ნაკვეთი გასხვისებულია მესამე პირზე;

3.5. N.........მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობით - 3901 კვ.მ., მხარეთა თანასაკუთრებად იყო რეგისტრირებული. მოგვიანებით, მიწის ნაკვეთის ნაწილი მესამე პირზე გასხვისდა და დღეის მდგომარეობით საჯარო რეესტრში უძრავ ქონებაზე წილთა გადანაწილება შემდეგნაირად ფიქსირდება: მოპასუხე - 1950.50 კვ.მ.; მოსარჩელე - 1000.50 კვ.მ.; მესამე პირი - 950.0 კვ.მ.;

3.6. 19.02.2020წ. გაუქმდა მოპასუხის მიერ ბ.ბ–ის სახელზე 25.07.2012წ. გაცემული მინდობილობა.

4. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ზემოდადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ ადასტურებს მოსარჩელის განმარტებებს. არ იკვეთება, რომ მოსარჩელემ დამოუკიდებელი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე განკარგა კუთვნილი ქონება; მოპასუხესთან ერთად, ორ მიწის ნაკვეთზე, მათ შორის, სადავო უძრავ ქონებაზეც, თანასაკუთრება მოიპოვა გარკვეული შეთანხმებ(ებ)ის საფუძველზე (რომელიც სასამართლოსთვის უცნობია და მხოლოდ ამონაწერში იკითხება); მინდობილობა არსებობდა არა ჰიპოთეტური „გაცვლის ხელშეკრულების“ მხარეებს, არამედ ერთ-ერთ მხარეს და ამ ურთიერთობის მიზნებისათვის მესამე პირს შორის. ამ მოცემულობაში, გაურკვეველია ის, რომ თეორიული დაშვებით გაცვლის სამართლებრივ ურთიერთობაში, ერთი მხრივ, მოსარჩელის მიერ განკარგული უძრავი ნივთის უშუალო მიმღებს მოპასუხე არ წარმოადგენს, ხოლო, მეორე მხრივ, არც მოსარჩელეა მოპასუხის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე იმ უძრავი ქონების განკარგვის შეუზღუდავი უფლების მიმღები პირი, ხოლო მიზეზები, რომელთაც მოსარჩელე, ურთიერთობის ამგვარად განხორციელების საფუძვლად მიუთითებს ჰიპოთეტურია.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების მოთხოვნით საკასაციო საჩივარი მოსარჩელე აპელანტმა წარმოადგინა (იხ., საკასაციო საჩივარი).

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

7. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

8. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე (სსსკ-ის 391.5 მუხლი).

9. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

10. საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია სოფელ ......., ....... N67-ში მდებარე 1950.50კვ.მ (N..... საკადასტრო კოდი) მიწის ნაკვეთზე მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით აღძრული სარჩელის უარყოფის კანონიერება.

11. საქმეზე დადგენილია ფაქტობრივი გარემოებები, რომლის მიხედვითაც მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა (იხ., ამ განჩინების პ.3). წარმოდგენილი საკასაციო საჩივარის ძირითადი შინაარსი კი, კასატორის მიერ სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიების ანალოგია, რასაც ამომწურავად გაეცა პასუხი ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა გადაწყვეტილებასა და განჩინებაში.

12. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, კასატორს, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

13. საკასაციო პალატა აღნიშნავს, სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ხსენებული საპროცესო პრინციპი სამოქალაქო დავის გადაწყვეტის ქვაკუთხედია და თითოეული საპროცესო ნორმა მასთან მჭიდრო კავშირში განიმარტება. საქმის განხილვისას, როგორც წესი, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტებს - იურიდიულ ფაქტებს მიუთითებენ მხარეები, ხოლო, მოსამართლე, როგორც ნეიტრალური არბირტი, ვალდებულია წარმართოს შეჯიბრებითობა. ხსენებული პრინციპის დარღვევით მიღებული გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად.

4. შეჯიბრებითობის პრინციპის ერთ-ერთ კერძო გამოვლინებას წარმოადგენს სარჩელისა და შესაგებლის ფორმალური საფუძვლიანობის შემოწმება. აღნიშნული ე.წ საქმის წერილობით მომზადების სტადიადაც მოიხსენიება. ამ დროს მნიშვნელობა ენიჭება მხარეთა მიერ სსსკ-ის 178-ე და 201-ე მუხლების დაცვას, კერძოდ, მოსარჩელე ვალდებულია, სარჩელში მიუთითოს კონკრეტული ფაქტები (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი), ხოლო მოპასუხე ვალდებულია, შესაგებელში მიუთითოს საკუთარი პოზიცია სარჩელში გადმოცემულ თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით (სსსკ-ის 201.4 მუხლი). სარჩელში გადმოცემული ფაქტების გათვალისწინებით, სასამართლო ადგენს რა სურს მოსარჩელეს და განსაზღვრავს მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს, შესაბამისად, მოწმდება სარჩელში გადმოცემულია თუ არა დამფუძნებელი ნორმის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა. სარჩელის ფორმალური გამართულობის შემოწმების შემდგომაა ღირებული შესაგებლის არსებითობის შეფასება და იმის მიხედვით, თუ რომელი ფაქტების მიმართ აქვს მოპასუხეს წარდგენილი არსებითი ხასიათის შედავება, ერთმანეთისაგან გაიმიჯნება სადავო და უდავო ფაქტები და განისაზღვრება მტკიცების საგანი, ხოლო იმის მიხედვით, თუ რომელი ფაქტი შედის მასში, მატერიალური და საპროცესო წესების გათვალისწინებით, ნაწილდება სადავო ფაქტებთან მიმართებაში მტკიცების ტვირთი (იხ., სუსგ №ას-1065-2023, 22 მარტი, 2024წ.).

5. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული გარემოებები (იხ., ამ განჩინების პ.2), სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების ცნობის საკმარის საფუძველს არ წარმოშობს.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში განმარტებულია, რომ გაცვლის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც ზეპირად, ისე წერილობით. ჩვეულებრივ, მოძრავი ნივთების გაცვლა ხდება ზეპირი ფორმით, ხოლო უძრავი ქონებისა - წერილობით. კანონის მიერ გაცვლის ხელშეკრულების ფორმის განსაზღვრის ზოგად საფუძვლად აღიარებულია კონკრეტულ ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობის წესი, შესაბამისად ხელშეკრულების ფორმასთან მიმართებით დაცული უნდა იქნეს სსკ-ის 521-ე, 68-ე, 328-ე, 323-ე მუხლების მოთხოვნები. თუ გაცვლის საგანს ისეთი ქონება წარმოადგენს, რომელზეც საკუთრების უფლება წარმოიშობა მხოლოდ კანონით დადგენილი ფორმის დაცვით, მაშინ ასეთი ქონების გაცვლის ხელშეკრულებაც იმავე ფორმის დაცვით უნდა დაიდოს (მრავალთა შორისაა სუსგ №ას-1027-2025, 26 თებერვალი, 2026წ, პ.27).

7. ამდენად, სსკ-ის 323-ე და 327-ე მუხლების ერთობლივი ანალიზით, უძრავი ქონების თაობაზე დადებული გაცვლის გარიგების ნამდვილობისათვის აუცილებელია: მხარეთა ნამდვილი ნება, არსებით პირობებზე შეთანხმება და გარიგების წერილობითი ფორმით შედგენა.

14. სამოქალაქო სამართლით განმტკიცებული მხარეთა ავტონომიურობის პრინციპი ყველაზე ნათლად ხელშეკრულების თავისუფლებაში გამოიხატება. ხელშეკრულების თავისუფლება ეფუძნება მხარეთა სურვილს, დაამყარონ კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობა. ხელშეკრულების თავისუფლება ორი ნაწილისაგან შედგება: ა) ხელშეკრულების დადების თავისუფლება; ბ) ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლება. ხელშეკრულების შინაარსის თავისუფალი განსაზღვრა გულისხმობს იმასაც, რომ სსკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების მიხედვით, „კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.“ (შდრ.: ირმა გელაშვილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III მუხლი 319, ველი 8, თბილისი, 2019).

15. უძრავ ნივთზე დადებული ვალდებულებითი გარიგების ფორმა სავალდებულოობა, რომელიც სსკ-ის 323-ე მუხლიდან გამომდინარეობს, ნათლად წარმოაჩენს კანონმდებლის მიზანს – უძრავი ნივთების სპეციალურ სამართლებრივ რეჟიმში მოქცევით ხელი შეუწყოს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას (შდრ.: სუსგ №ას-1242-2018, 16.01.2019წ., §87; №ას-1448-2023, 20.05.2024წ., §83.)

16. სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის ის ნაწილიც გასაზირებელია, სადაც აღნიშნულია, რომ არათუ ფორმადაუცველია გაცვლის ხელშეკრულება, რომელზედაც აპელირებს მოსარჩელე აპელანტი, არამედ საერთოდ არ დგინდება, თუნდაც ფორმადაუცველი, მაგრამ მაინც ამგვარი ხელშეკრულებით შესაძლო დასახული მიზნით ნაკარნახევი მხარეთა გარკვეული ნებისა თუ მისი გამოვლენის არსებობა, ან/და ამ მიზნის მისაღწევად რეალურად ურთიერთკავშირში მყოფ ამა თუ იმ ქმედებათა განხორციელება. შესაბამისად, მოსარჩელის (აპელანტის) მიერ აღძრული სარჩელით დასახული მიზანი - იმ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვება, რომელზე მოთხოვნის უფლების არსებობასაც იგი ჰიპოთეტურად არსებულ გაცვლის ხელშეკრულებას უკავშირებს - მიუღწეველია.

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

18. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი (სსსკ-ის 401.4 მუხლი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ი.ბ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. ი.ბ–ს (პ/ნ: .......) დაუბრუნდეს ზ.ხ–ის მიერ 20.07.2026წ. №1224 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 500 ლარის და 29.07.2026წ. N7743 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 5500 ლარის, ჯამში 6000 ლარის 70% – 4,200 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღებისანგარიშის№200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე