დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 26.06.2026
საქმის ნომერი
ას-297-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
26.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

26 ივნისი, 2026 წელი,საქმე №ას-297 -2025 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან მიქაბერიძე,ბადრი შონია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - შპს „მ.ა–ი“, ნ.გ–ია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - გ.ბ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინებები - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 ნოემბრის განჩინება;

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა

დავის საგანი - პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფა, ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. გ.ბ–ძემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) 1991 წელს ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით, პავლოდარის ინდუსტრიული უნივერსიტეტი დაამთავრა. 1991-1997 წლებში მუშაობდა სოფელ .......... თემის საკრებულოს თავმჯდომარედ, 2002-2007 წლებში - იმავე სოფლის თემის 29 საკრებულოს მდივნად, 2007-2008 წლებში - ........ ადმინისტრაციულ ერთეულში წყალტუბოს გამგებლის რწმუნებულად, 2008-2010 წლებში - საქართველოს გარემოს დაცვის სატყეო დეპარტამენტის ..... რეგიონული სატყეო სამმართველოს მონიტორინგის უფროსად, 2013-2014 წლებში - .......... მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსად, 2014-2017 წლებში - ...... მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილედ, 2017-2021 წლებში კი, სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა.

2. 2021 წლის 2 ოქტომბერს მოსარჩელე, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს, საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის არჩევნებში, საარჩევნო სუბიექტის „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი იყო.

3. შპს „მ.ა–ი“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც 1-ლი მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან სამაუწყებლო კომპანია) მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირია და როგორც კერძო სატელევიზიო არხი ფლობს ავტორიზაციას სახელწოდებით - „მ.ა–ი“.

4. 2021 წლის 12 სექტემბერს, 23:30 საათზე, სამაუწყებლო კომპანიის ეთერში/მეორე მოპასუხის საავტორო გადაცემაში, 2021 წლის 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტის - „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ მერობის სხვადასხვა კანდიდატთან დაკავშირებით, გადაიცა სიუჟეტი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადავო სიუჟეტი ან სადავო გადაცემა).

5. სადავო სიუჟეტის ჩვენებისას სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორი, კომპანიის წილის მფლობელი პარტნიორი და საავტორო გადაცემა ,,მ.ა–ის“ წამყვანი, ნ.გ–ია (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან გადაცემის წამყვანი) იყო.

6. სადავო გადაცემის მსვლელობისას მეორე მოპასუხე აცხადებს - ,,დღეს მე მოგიყვებით რას არ გიყვებიან, ,,მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენისას ქართული ოცნების მაღალჩინოსნები“, ,,რას მალავენ მერობის კანდიდატების ბიოგრაფიებიდან“. ,,ხალხს აქვს უფლება, იცოდეს, ვის სთავაზობს მმართველი პარტია მათ, შემდეგი 4 წლის განმავლობაში მათი ბედის გადასაწყვეტად, მათი პრობლემების მოსაგვარებლად. მე არ ვისაუბრებ ყველა კანდიდატზე, თავისთავად ეს არ ეხება ყველა კანდიდატს, მე მოგიყვებით იმაზე, თუ რას გიმალავენ: სუსის თანამშრომლობას, უშიშროების კარიერას, პოლიციის კარიერას და რაც მთავარია აგენტობას - უშიშროების აგენტობას. განა პოლიციის და უშიშროების საქმიანობაში რამე ცუდია, არა ეს ხალხი ემსახურება ქვეყანას, მაგრამ ცხადია, როდესაც რაიონების დაახლოებით ნახევარში წარდგენილი გყავს სუსის ან პოლიციის მაღალჩინოსანი მერად, გასაგებია რა განაცხადსაც აკეთებს ქართული ოცნება. ქართული ოცნება ღიად გეუბნება ამით, რომ ქვეყანაში საპოლიციო მმართველობა დამყარებულია და კიდევ უფრო ღრმად გაიდგამს ფესვებს, თუმცა მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები არ არის მთავარი, მთავარი აგენტურაა, რომელიც იღებს, იწერს და აგზავნის მასალებს ცენტრში.“

წამყვანი მერობის სხვადასხვა კანდიდატზე, მათ შორის, მოსარჩელეზე საუბრობს, ასევე განმარტავს: ,,რეკრუტირებულია“ - ნიშნავს „დავერბოვკებულია“. ,,მე გიყვებით იმას, რაც არის სიმართლე, მე გიყვებით, ვის გთავაზობენ ასარჩევად, დანარჩენი თქვენ განსაჯეთ“. ,,არქივული აგენტურა“ არის ის - ვინც ოდითგანვე არის დავერბოვკებული და მერე არქივშია, გადადის ,,კუდიდან“ ,,სოდზე“ და ა.შ.’’

ავრცელებს შემდეგ განცხადებას: ,,წყალტუბო - მოსარჩელე, 2012 წელი გუმათის თემში ნაციონალური მოძრაობის შტაბის უფროსი. 2012-2014 წლებში წყალტუბოს გამგეობა ნაციონალური მოძრაობის გამგებლის მოადგილე. 2014 წელი წევრიანდება ოცნებაში, ხდება წყალტუბოს საკრებულოს აპარატის უფროსი. 2015-2017 წელი წყალტუბოს გამგებლის მოადგილე, რის შემდეგაც იწყებს ბიზნეს საქმიანობას. გადმობირებულია 2014 წელს პირადი ურთიერთობების ამსახველი მასალების გამო, 2014 წელს არ შემშლია, დასავლეთ საქართველოს მთავარი სამმართველოს მიერ აგენტურული ფსევდონიმი არსენა“.

დასკვნით ნაწილში წამყვანი აცხადებს: ,,თქვენ მოისმინეთ პოლიციის, სუსის სხვადასხვა რანგის თანამდებობის პირების ფაქტიურად ბიოგრაფიები. აღნიშნული ინფორმაცია არ არის წარმოდგენილი არცერთი მერობის კანდიდატის ბიოგრაფიაში, არცერთი მათგანი არ ყოფილა პრეზენტირებული ხალხის წინაშე, საქართველოს პრემიერ მინისტრის ღ–ის მიერ, როდესაც იგი წარადგენდა კანდიდატებს. სუსი და პოლიცია ერცხვინებათ და მალავენ, მაგრამ მთავარი რის გამოც მალავენ ძალოვანი უწყებები და მითუმეტეს დაზვერვისა და უშიშროების უწყებები არავითარ კავშირში არ არის საჯარო მართვასთან, მითუმეტეს ადგილობრივი მასშტაბის სამეურნეო მართვასთან. შესაბამისად ქართული ოცნება არ გვიყვება ვის წარადგენს კანდიდატებად. არ გვიყვება იმიტომ, რომ ფაქტია ამ ქვეყანაში სუსი და პოლიცია მართავს ყველაფერს. ეს აქამდეც ვიცოდით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ ქვეყანაში ყველაზე უფრო მოსახერხებელი კანდიდატები არიან სუსის მიერ სხვადასხვა მეთოდებით გადაბირებული ადამიანები, მათ შორის ისინი, ვისაც ჰქონდათ დავალება განეხორციელებინათ ფარული თვალთვალი და გადაღება პირადი ცხოვრების და გაგზავნა ცენტრში. ყველა ხელისუფლების დროს, ხაზს ვუსვამ, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის დროს. განსაკუთრებით მოსწონს ქართულ ოცნებას ნაციონალური მოძრაობის დროს გადაბირებული კადრები და უკვე მოგახსენეთ რა არის არქივული აგენტურა. არქივული აგენტურა არის ის ვინც წინა ხელისუფლების დროს იყო აგენტი და დღეს გადაიბარა შემდეგმა ხელისუფლებამ, გადაიბარა უკვე არა როგორც აგენტი, არამედ როგორც თქვენი მერობის კანდიდატი. ჩემს მიერ ჩამოთვლილთაგან გილოცავთ ყველას, თქვენ მოგიწევთ არჩევანის გაკეთება: ან აგენტი, რომელიც იწერს, უთვალთვალებს, იღებს, მათ შორის პირად ცხოვრებას, შეიძლება თქვენც იყოთ მათ შორის, აგზავნის ცენტრში, ან ყველა სხვა დანარჩენს შორის. არჩევანი თქვენზეა, ან სიბინძურე ან ქვეყნის მომავალი“.

7. გადაცემა - მონოლოგის რეჟიმში მიმდინარეობდა, წამყვანი მკაფიოდ და ცალსახად გამოხატავდა საკუთარ პოზიციას და მხარს უჭერდა გავრცელებულ ინფორმაციას.

8. კომუნიკაციების კომისიების მიერ ჩატარებული თვისებრივი და რაოდენობრივი მედიამონიტორინგის (პერიოდი - 03.09.2021-02.10.2021) შედეგების შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ 2021 წლის საქართველოს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა.

საანგარიშო პერიოდში ექვსი (საზოგადოებრივი მაუწყებლის ,,პ. ა.’’, საზოგადოებრივი მაუწყებლის ,,ა.ტ.’’, ,,რ. .’’, ,,ტ–ი’’, ტელეკომპანია ,,პ–ი’’ და ,,მ.ა–ი’’) საერთო საეთერო ეროვნული მაუწყებლის თვისებრივი და რაოდენობრივი მონიტორინგი გაიმართა. საინფორმაციო გამოშვებების მონიტორინგი 19:00 საათიდან - 24:00 საათამდე, საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების მონიტორინგი კი, მთელი დღე მიმდინარეობდა (თვისებრივი მონიტორინგის დროს მაუწყებელს აკვირდებიან შემდეგი სამაუწყებლო სტანდარტების კუთხით: ბალანსი, სიზუსტე, რელევანტურობა, სიცხადე, მრავალფეროვნება, მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამოტოვება, სიძულვილის ენა, ყალბი ამბები, დისკრიმინაცია და ვიზუალური/აუდიომანიპულაცია).

შეფასების თანახმად, საანგარიშო პერიოდში ,,მ.ა–ი“ მკვეთრად ლოიალური და მიკერძოებული იყო ოპოზიციის, განსაკუთრებით ,,ნაციონალური მოძრაობის“ და მათი კანდიდატების მიმართ. არხზე გასული სიუჟეტები დაუბალანსებელი იყო, ჟურნალისტები მმართველი პარტიისა და მთავრობის წარმომადგენლების მისამართით მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულებით და დაუფარავი კრიტიკით გამოირჩეოდნენ. საინფორმაციო გამოშვების ჟურნალისტები და წამყვანები ღიად აფიქსირებდნენ სიმპათიებს ოპოზიციის მიმართ და მაყურებელს მოუწოდებდნენ, თვითმმართველობის არჩევნებზე ხმა მიეცათ ყველა პარტიისთვის ,,ქართული ოცნების“ გარდა. არხზე ხშირად გადიოდა ცალმხრივი და დაუბალანსებელი სიუჟეტები, ასევე ისმოდა დაუსაბუთებელი ბრალდებები ძირითადად მთავრობისა და ,,ქართული ოცნების“ მიმართ. საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებში წამყვანები ღიად უპირისპირდებოდნენ მმართველ ძალას, სიძულვილის ენითა და შეურაცხმყოფელი ლექსიკით. გადაცემა იყო მიკერძოებული და დაუბალანსებელი.

ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების მონიტორინგის შედეგებით, პირველი მოპასუხის მიერ (ახალი ამბები) - მონიტორინგს დაქვემდებარებული სუბიექტებისთვის დათმობილი დროის მიხედვით, ,,ქართული ოცნებას“ ერგო – 33.6% (პოზიტიური - 1%, ნეგატიური - 71%), ,,ნაციონალური მოძრაობა“ – 26.4% (პოზიტიური - 11%, ნეგატიური - 2%), საქართველოს მთავრობა - 8.6% (პოზიტიური - 0%, ნეგატიური - 76%), ყველა დანარჩენი სუბიექტი 5%-ზე ნაკლები.

ხარისხობრივი შეფასებით, საანგარიშო პერიოდში პირველი მოპასუხე ლოიალური იყო ოპოზიციის, განსაკუთრებით ,,ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი კანდიდატების მიმართ. მმართველი პარტიისა და მთავრობის წარმომადგენლების მისამართით კი, მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულებით გამოირჩეოდა. მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვების ჟურნალისტები და წამყვანები ღიად აფიქსირებდნენ სიმპათიებს ოპოზიციის მიმართ და მაყურებელს მოუწოდებდნენ, თვითმართველობის არჩევნებზე ხმა მიეცათ ყველა პარტიისთვის ,,ქართული ოცნების“ გარდა. ანალოგიური ვითარება იყო პოლიტიკურ ტოქშოუებში, იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ არა წამყვანი და რესპონდენტი, არამედ თანამოაზრეები საუბრობდნენ. ხშირი იყო შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენება, როგორც რესპონდენტების, ასევე - გადაცემის წამყვანების მხრიდან. არხზე ხშირად გადაიცემოდა ცალმხრივი და დაუბალანსებელი სიუჟეტები, ასევე ისმოდა დაუსაბუთებელი ბრალდებები ძირითადად მთავრობისა და ,,ქართული ოცნების“ მიმართ. გადაცემა ,,მ.ა–ი“ კვირაში ერთხელ გადიოდა ეთერში, წამყვანი ღია სიმპათიებს გამოხატავდა ოპოზიციის მიმართ, ახმოვანებდა დაუსაბუთებელ ბრალდებებს და არ ერიდებოდა შეურაცხმყოფელ ლექსიკას.

12 სექტემბრის (22:42:20) გადაცემაში წამყვანი ,,ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატების რეალურ სახეზე საუბრობდა, მან ჩამოთვალა ,,ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები რეგიონების მიხედვით, რომლებიც უშიშროებაში და ძალოვან სტრუქტურებში მუშაობდნენ ან იყვნენ უშიშროების ,,აგენტები“, ასევე - მათი ,,აგენტურული სახელები“, უშიშროებაში მათი საქმიანობა და დავალებებიც კი. რამდენიმე კანდიდატის კრიმინალურ დანაშაულებებზეც ისაუბრა. აცხადებდა, რომ ინფორმაციას ავრცელებდა ,,ნაციონალური მოძრაობის“ დროს „რეკრუტირებულ აგენტებზეც“. გადაცემა მონოლოგის ფორმით მიმდინარეობდა. წამყვანს არ დაუსახელებია ინფორმაციის წყარო, ისმოდა დაუსაბუთებელი ბრალდებები, სხვა პარტიების შესახებ/არის თუ არა იგივე მდგომარეობა სხვა საარჩევნო სუბიექტებთან მიმართებითაც, არ უსაუბრია. გადაცემა დასრულდა შემდეგი ტექსტით (23:15:17): ,,გილოცავთ ყველას, თქვენ მოგიწევთ არჩევანის გაკეთება ან აგენტი, რომელიც იწერს, უთვალთვალებს, იღებს მათ შორის პირად ცხოვრებას და შეიძლება თქვენც იყოთ მათ შორის, აგზავნის ცენტრში... ან ყველა სხვა დანარჩენს შორის. არჩევანი თქვენზეა ან სიბინძურე, ან ქვეყნის მომავალი. ეს გადაცემა სპეციფიურად არის ძალიან მოკლე, იმისთვის, რომ კარგად დაინახოთ და გაიაზროთ შემდეგი, ჩემი ზედმეტი კომენტარების გარეშე, რა არჩევანის წინაშე დგახართ და რას გაკადრებთ ,,ქართული ოცნება“.

9. მოპასუხე სადავო სიუჟეტის გასვლამდე მოსარჩელეს არ დაჰკავშირებია. გადაცემასთან დაკავშირებით მოსაზრების გამოხატვის თუ კომენტარებისთვის მისთვის არ მიუმართავთ.

10. მოპასუხეებს სადავო გადაცემის ეთერში გასვლამდე, სიუჟეტში მოყვანილი ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, შესაბამის სახელმწიფო ადმინისტრაციულ ორგანოებისათვის, მოსარჩელის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის/მიღების მოთხოვნით, არ მიუმართავთ.

11. მოსარჩელე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოხელე, მათ შორის - სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე არ ყოფილა, ხელშეკრულებით, დამხმარე მოსამსახურედ ან შტატგარეშე მოსამსახურედაც არ უმუშავია (იხ. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2022 წლის 7 თებერვლის ცნობა).

12. მოპასუხეებს არც სადავო გადაცემის მსვლელობისას და არც შემდგომში, მოსარჩელის შესახებ გადაცემაში გავრცელებული ინფორმაციის წყარო არ დაუსახელებიათ. მათი განმარტებით, ინფორმაცია სანდო წყაროსგან მიიღეს, რომელიც, თავის მხრივ, სახელმწიფო უშიშროების სამსახურებიდან გამოჟონილი ინფორმაციებიდან -„კრებსებიდან“ გამომდინარეობდა.

13. ზემოაღნიშნულ ფაქტებზე დაყრდნობით მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხეების წინააღმდეგ პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. ის ამტკიცებდა, რომ მოპასუხეების მიერ არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი და ზიანის მიმყენებელი, სახელის გამტეხი განცხადებები ეთერში წინასწარი განზრახვით, მერის არჩევნების წინ გაშუქდა, როდესაც საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილი მერობის კანდიდატები საზოგადოების ყურადღებას იპყრობდნენ. გავრცელებული ფაქტები შეიცავდა მტკიცებას მის მიერ კანონის, მორალის ნორმების დარღვევის, უღირსი საქციელის ჩადენის შესახებ. ნეგატიური ინფორმაცია გავრცელდა საქართველოს მასშტაბით, მათ შორის - წყალტუბოს ამომრჩევლებისთვის, თანამშრომლებისთვის, მეზობლებისთვის, ნათესავებისა და ოჯახის წევრებისთვის. შეელახა ღირსება და საქმიანი რეპუტაცია, განიცადა ფსიქიკური და სულიერი ტანჯვა.

14. მოპასუხეებმა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და მისი უარყოფა მოითხოვეს. მათი განმარტებით, არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი, ზიანის მიმყენებელი და სახელის გამტეხი ინფორმაცია არ გაშუქებულა. ზემოთქმული წამყვანის მიერ დოკუმენტიდან ამოკითხული ფრაზაა და არა ცილისწამება. მოსარჩელე მხარის მიერ კონტექსტიდან ამოგლეჯილი, სადავოდ გამხდარი ფრაზა, თითქოს წამყვანმა მოსარჩელე აგენტად მოიხსენია, მცდარია. გავრცელებული ინფორმაცია იყო არა ფაქტი, არამედ შეფასებები, რომელიც გავრცელდა მას შემდეგ, რაც ჟურნალისტს მიეწოდა ესა თუ ის ინფორმაცია.

მოპასუხეების მითითებით, სადავო გადაცემა იყო რიგით მეორე „კრებსები“, ხოლო მანამდე გავიდა „კრებსების“ პირველი ნაწილი და ამ „კრებსებში“ მოცემული ინფორმაციის ავთენტიკურობა დაადასტურა მასში მოხვედრილმა არაერთმა პირმა, შესაბამისად, მედია უკვე ენდობოდა წყაროს და ეთერით გადაიცა მედიისთვის მიწოდებული ახალი მასალები „კრებსების“ ნაწილი 2.

მოპასუხეების მტკიცებით, 2021 წლის სექტემბერში საინფორმაციო გადაცემა „მთავარში“ არაერთი სიუჟეტი გავიდა, სადაც ჩანს, თუ როგორ ცდილობდნენ ჟურნალისტები სადავო გადაცემაში დასახელებული „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატებთან კომუნიკაციას, რათა მიეცათ მათთვის საშუალება გამოეხატათ საკუთარი პოზიცია კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციაზე. სიუჟეტიდან ჩანს დამოკიდებულება ჟურნალისტების მიმართ, სიტყვიერი შეურაცხყოფა, თუ ოფისიდან „გაგდების“ ფაქტები.

რაც შეეხებოდა ზიანს, მოპასუხეთა მითითებით, ამის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ წარდგენილა. მით უფრო, როდესაც არჩევნები მოსარჩელისთვის სასურველი შედეგით დასრულდა.

15. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეებს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 10 კალენდარულ დღეში, ტელეკომპანია „მ.ა–ის“ გადაცემა „მ.ა–ში“, შემდეგი ინფორმაციის გავრცელება დაევალათ: თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 28.02.2022 წელს #2/27641-21 გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ 12.09.2021 წელს მოსარჩელის შესახებ ტელეკომპანია „მ.ა–ის“ გადაცემა „მ.ა–ში“ წამყვანის/მეორე მოპასუხის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოსარჩელე გადმობირებულია 2014 წელს პირადი ურთიერთობების ამსახველი მასალების გამო დასავლეთ საქართველოს მთავარი სამმართველოს მიერ, აგენტურული ფსევდონიმით „არსენა“, ცილისწამებაა; მოპასუხეებს - 4500 ლარის სოლიდარულად გადახდა დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ; დანარჩენ ნაწილში მოთხოვნა უარყოფილ იქნა.

16. სააპელაციო საჩივრით მოპასუხეებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა მოითხოვეს.

17. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი უარყოფილ იქნა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

18. აპელანტებმა საკასაციო საჩივრით გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა მოითხოვეს.

18.1. კასატორების მტკიცებით, კომუნიკაციების კომისიის თვისობრივი და რაოდენობრივი მედიამონიტორინგის არარელევანტური შედეგებით, მოპასუხეების მიერ მოსარჩელის მიმართ ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელების დადგენა, შეუძლებელია.

თვისობრივ და რაოდენობრივ მედიამონიტორინგს თავისი მიზანი აქვს, კერძოდ, რაოდენობრივი მედიამონიტორინგის დროს კომისია მაუწყებლის მიერ საარჩევნო სუბიექტთათვის დათმობილ დროს, პირდაპირ და ირიბ გაშუქებასა და გაშუქების ტონს ადგენს, ხოლო თვისობრივი მონიტორინგისას მაუწყებელს შემდეგ ჭრილში აკვირდებიან - ბალანსი, სიზუსტე, რელევანტურობა, სიცხადე, მრავალფეროვნება, მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამოტოვება, სიძულვილის ენა, ყალბი ამბები, დისკრიმინაცია და ვიზუალური/აუდიო მანიპულაცია.

ჩატარებული მედიამონიტორინგის შედეგები დაუშვებელია სადავო საკითხის განხილვისას ფაქტობრივ გარემოებად იქნეს გამოყენებული და სასამართლო რაიმე ფორმით დაეყრდნოს მას. მონიტორინგის შედეგებში „შენიშვნის“ სახით აღნიშნულია, „შეგახსენებთ, რომ მონიტორინგის შედეგად აღმოჩენილი მაგალითები მაუწყებელთა ქცევის კოდექსის უხეში დარღვევაა. მათზე რეაგირება და განხილვა მოქმედი კანონმდებლობით მხოლოდ მაუწყებელთა თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში არის შესაძლებელი, ხოლო მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, არც კომუნიკაციის კომისიაში და არც სასამართლოში, არ საჩივრდება“, შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ მაუწყებელმა დაარღვია „მაუწყებელთა ქცევის კოდექსი“, რომელიც ცილისწამების, პატივისა და ღირსების შელახვის ფაქტს არ ადგენს.

18.2. კასატორების მითითებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობა უტყუარი მტკიცებულება არ არის, მით უფრო მაშინ, როცა მისი შინაარსის მიმართ უნდობლობა სასამართლო სხდომაზე გამოხატეს.

ფაქტი, რომ ცნობა გაცემულია სადავო არ არის, თუმცა მისი შინაარსის ნამდვილობის მიმართ კითხვის ნიშნები ჯერ კიდევ დაზუსტებული შესაგებლის ეტაპზე გამოხატეს. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ დაადასტურებდა მოსარჩელის მიერ რაიმე სახით თანამშრომლობას, ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცებდა მედიის მიერ გაჟღერებული ინფორმაციის სანდოობას, ვინაიდან, ცხადია, სამსახურის მთავარი მიზანი იქნებოდა დაეცვა მასთან საქმიანობაში მყოფი პირები და მათ ვინაობას არ გაამჟღავნებდა. ლოგიკურია, რომ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სამსახური „აგენტის“ ვინაობას საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციად არ გახდის (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).

19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2026 წლის 3 ივნისის განჩინებით, სსსკ-ის 391.5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულია განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

20. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

21. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია მეორე მოპასუხის მიერ სატელევიზიო ეთერში გავრცელებული ცნობები არის თუ არა მოსარჩელის სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლით დაცულ სფეროში იმგვარი ჩარევა, რასაც სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება მოჰყვება, კერძოდ, წარმოადგენს თუ არა განცხადება ცილისწამებას, რომელმაც შელახა მოსარჩელის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია.

22. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად, აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. ყოველ ადამიანს აქვს უფლება, თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით, ამ უფლებების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.

23. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მიხედვით კი, ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით.

24. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (შემდეგში - „კონვენციის“) მე-10 მუხლის თანახმად, ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებისა. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ის განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.

25. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 1-ლი მუხლის მიხედვით, მაღალი ხელშემკვრელი მხარეები ყველასათვის თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში უზრუნველყოფენ ამ კონვენციის I კარში განსაზღვრულ უფლებებსა და ვალდებულებებს.

სიტყვა - „უზრუნველყოფენ“, პრეცედენტული სამართლის მიხედვით განიმარტება როგორც არა მხოლოდ სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულება, არ ხელყოს კონვენციური უფლებანი, არამედ მოიაზრებს პოზიტიურ ვალდებულებასაც, დაიცვას უფლებანი და თავისუფლებანი, მათ შორის მესამე პირების მიერ დარღვევის შემთხვევაში. დაცვა გულისხმობს რეალურ, ეფექტურ დაცვას შესაბამისი ინსტიტუტებისა და პროცედურების საშუალებით. სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების ერთ-ერთი ასპექტია, უზრუნველყოს საკანონმდებლო და ადმინისტრაციული საფუძველი მე-8 მუხლით დაცული უფლების რეალიზაციისათვის.

26. პრეცედენტული სამართლის თანახმად, გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საფუძველს და ერთ-ერთ ძირითად პირობას მისი პროგრესისა და თითოეული ინდივიდის თვითრეალიზაციისათვის.

მე-10 მუხლის შესაბამისად, გამოხატვის თავისუფლება ექვემდებარება გამონაკლისებს, რომლებიც უნდა განიმარტოს მკაცრად, თუმცა რაიმე სახის შეზღუდვის საჭიროება დამაჯერებლად უნდა დასაბუთდეს. ზედსართავი სახელი „აუცილებელი“, 10.2 მუხლის მნიშვნელობით, გულისხმობს „გადაუდებელი სოციალური საჭიროების“ არსებობას.

ხელშემკვრელი სახელმწიფოები ექცევიან დისკრეციული უფლებამოსილების გარკვეულ ფარგლებში ამგვარი საჭიროების შესაფასებლად, თუმცა ეს მჭიდროდ არის დაკავშირებული ევროპულ ზედამხედველობასთან, რომელიც უკავშირდება როგორც კანონმდებლობას, ისე კანონმდებლობის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებებს, თუნდაც ისინი დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ იყოს გამოტანილი. სასამართლომ უნდა განიხილოს სადავო ჩარევა მთლიანი საქმის კონტექსტის ჭრილში და დაადგინოს, იყო თუ არა ის „ლეგიტიმური მიზნის თანაზომიერი“ და რამდენად „სათანადო და საკმარისია“ ეროვნული ხელისუფლების ორგანოების მიერ აღნიშნული ჩარევის დასაბუთებისათვის მოყვანილი მიზეზები.

სასამართლომ უნდა გადაამოწმოს და დარწმუნდეს, რომ ეროვნული ხელისუფლების ორგანოებმა გამოიყენეს სტანდარტები, რომლებიც შეესაბამებოდა მე-10 მუხლით განსაზღვრულ პრინციპებს და დაეყრდნენ შესაბამისი ფაქტების მისაღებ შეფასებას („ჰენდისაიდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (1976 წლის 7 დეკემბერი, სერია A, N24), „სტოლი შვეიცარიის წინააღმდეგ“ ([დიდი პალატა] N 69698/01, § 101, ECHR 2007-V), „ცხოველთა უფლებების დამცველები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ [დიდი პალატა] N 48876/08, §100, ECHR 2013).

27. იმისათვის, რომ გამოყენებულ იქნეს კონვენციის მე-8 მუხლი, პირის რეპუტაციის შელახვას უნდა ჰქონდეს სიმძიმის გარკვეული ხარისხი და განხორციელებული უნდა იყოს პირის პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებაზე წინასწარ შექმნილი განწყობით გავლენის მოხდენის მიზნით (იხ. „Delfi AS v. Estonia“ [GC], no. 64569/09, § 137, ECHR 2015 და „Medžlis Islamske Zajednice Brčko and Others v. Bosnia and Herzegovina“ [დიდი პალატა], N 17224/11, § 76, 27 ივნისი 2017).

იმ საშუალების ზომა, რომლის ფარგლებშიც ჩაითვლება დაცულად კონვენციის მე-8 მუხლი, ხელშემკვრელი სახელმწიფოების თავისუფალი შეფასების ფარგლებში ექცევა, პოზიტიურია სახელმწიფოს ეს ვალდებულება თუ ნეგატიური. ასევე კონვენციის მე-10 მუხლის ფარგლებში, ხელშემკვრელ სახელმწიფოებს აქვთ გარკვეული თავისუფლება იმის შეფასებისას, თუ რამდენად და რა მოცულობით ჩაითვლება აუცილებლად ჩარევა ამ მუხლით დაცულ გამოხატვის თავისუფლებაში (იხ. „Satakunnan Markkinapörssi Oy and Satamedia Oy v. Finland“ [დიდი პალატა], N 931/13, § 162, 27 ივნისი 2017 და „Couderc and Hachette Filipacchi Associés v. France“ [დიდი პალატა], N 40454/07, § 90, ECHR 2015).

28. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 18.2 მუხლი განსაზღვრავს, რომ პირს უფლება აქვს, სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. შესაბამისად, სადავო საკითხის გადასაწყვეტად, პატივისა და ღირსების შელახვის ფაქტობრივი გარემოებების გამოსარკვევად და დასადგენად, სამოქალაქო კოდექსის 18.2 მუხლის სამართლებრივი დანაწესიდან გამომდინარე, გამოყენებულ უნდა იქნეს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც წარმოადგენს პატივისა და ღირსების სამოქალაქო რეგულირების შემავსებელ ნორმატიულ აქტს და საბოლოოდ ქმნის საკითხის სამართლებრივად გადაწყვეტის წინაპირობას.

29. სპეციალური კანონის მე-3 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ფასეულობებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. ყველას, ადმინისტრაციული ორგანოს გარდა, აქვს გამოხატვის თავისუფლება.

30. სპეციალური კანონის მე-14 მუხლი კრძალავს ნებისმიერი საჯარო პირის ცილისწამებას, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ, ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა და განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება.

31. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ ცილისწამებისათვის (რომელიც განიმარტება, როგორც „არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისათვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება“), გათვალისწინებულია სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა (კანონით განსაზღვრული გამონაკლისების გარდა, რომლებიც გათვალისწინებულია მისი მე-5, მე-15 და მე-16 მუხლებით).

32. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს გამოკვლევის საგანია მეორე მოპასუხის მიერ სატელევიზიო ეთერის ფარგლებში გავრცელებული ცნობები, „წყალტუბო - მოსარჩელე, გადმობირებულია 2014 წელს პირადი ურთიერთობების ამსახველი მასალების გამო, 2014 წელს არ შემშლია, დასავლეთ საქართველოს მთავარი სამმართველოს მიერ აგენტურული ფსევდონიმი არსენა“. დავალება: ფარული თვალთვალი და გადაღება პირადი ცხოვრების და გაგზავნა ცენტრში (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „განცხადება“ და „სადავო განცხადება“), წარმოადგენს თუ არა მოსარჩელის სსკ-ის მე-18 მუხლით დაცულ სფეროში იმგვარ ჩარევას, რასაც სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება მოჰყვება. კერძოდ, ცილისწამებას, რომელმაც შელახა მოსარჩელის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია.

32.1. ამდენად, უნდა გაირკვეს, სადავო გამონათქვამები წარმოადგენს „აზრს“, თუ „არსებითად მცდარ ფაქტს“. ეს აუცილებელი პირობაა ცილისწამების განსაზღვრისათვის, ვინაიდან კანონით აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით, რაც გამორიცხავს სამოქალაქოსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

32.2. აღნიშნული კანონის პირველი მუხლის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტების მიხედვით, საჯარო პირი არის - „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი; პირი, რომლის გადაწყვეტილება ან აზრი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე; პირი, რომლისკენაც მისი გარკვეული ქმედების შედეგად ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით მიმართულია საზოგადოებრივი ყურადღება, ხოლო კერძო პირი არის - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ არის საჯარო პირი ან ადმინისტრაციული ორგანო.

ამავე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით, საზოგადოებრივ ყურადღებად განიმარტება - საზოგადოების ინტერესი (და არა ცალკეულ პირთა უბრალო ცნობისმოყვარეობა) იმ მოვლენისადმი, რომელიც დაკავშირებულია დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოებრივი თვითმმართველობის განხორციელებასთან.

32.3. კანონი ერთმანეთისაგან მიჯნავს კერძო და საჯარო პირის ცილისწამებას. კერძო პირის ცილისწამებისათვის პირს მხოლოდ მაშინ დაეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა, ხოლო საჯარო პირის ცილისწამებისათვის პირს მაშინ ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ, ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა და განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება.

ამდენად, კანონი კერძო და საჯარო პირის ცილისწამებისათვის (ორივე შემთხვევაში) მტკიცების ტვირთს იმგვარად ანაწილებს, რომ მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ფაქტი მასზედ, რომ მის წინააღმდეგ გავრცელებული ინფორმაცია მცდარია და რომ აღიშნული ინფორმაცია მოსარჩელისათვის ზიანის მომტანია.

კანონი საჯარო პირისათვის, სტატუსიდან გამომდინარე, დამატებით მოთხოვნას აწესებს, კერძოდ, მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებად ასახელებს ასევე მის წინააღმდეგ მცდარი ინფორმაციის განზრახ ან აშკარა და უხეში გაუფრთხილებლობით გავრცელებას, ანუ საჯარო პირის შემთხვევაში, მოსარჩელემ დამატებით უნდა ამტკიცოს ასევე ფაქტი იმის შესახებ, რომ ინფორმაციის გამავრცელებელმა იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ ინფორმაცია, რომელსაც იგი ავრცელებდა, მცდარი იყო.

33. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ევროსასამართლოს განმარტებით, რამდენადაც სერიოზულია ბრალდება, იმდენად სერიოზული უნდა იყოს ფაქტობრივი საფუძველი (Abeberry v France).

34. როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირთა რეპუტაციის დაცვის უფლება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული უფლებაა. სტრასბურგის სასამართლომ არაერთ საქმეში აღნიშნა, რომ ორივე უფლება - გამოხატვის თავისუფლებაც და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაც - თანაბარ დაცვას იმსახურებს. თუმცა, იმისათვის, რომ მე-8 მუხლით დაცული უფლების დარღვევა დადგინდეს, თავდასხმამ პირის რეპუტაციაზე სერიოზულობის განსაზღვრულ ხარისხს უნდა მიაღწიოს (Ärztekammer Fur Wien And Dorner v. Austria, no. 8895/10, § 62, 16 February 2016).

35. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა გარკვეული კრიტერიუმები, რომლებიც ამ ორ უფლებას შორის სამართლიანი წონასწორობის უზრუნველყოფის მიზნით ფასდება. ეს კრიტერიუმებია: (ა) ის წვლილი, რომელიც სადავო განცხადებამ საზოგადოებრივი ინტერესის სფეროში მიმდინარე დებატებში შეიტანა; (ბ) იმ პირის საზოგადოებრივი ცნობადობის ხარისხი, როლი და ფუნქცია, ვისაც სადავო განცხადება ეხებოდა და იმ ქმედებების ბუნება, რომელთა შესახებ ინფორმაციაც სადავო განცხადებაში აისახა; (გ) განცხადებაში ასახულ პირთა ქმედებები განცხადების გამოქვეყნებამდე; (დ) განცხადების გამოქვეყნების ფორმა და მანერა; (ე) რა გზით იქნა მოპოვებული განცხადებაში დაცული ინფორმაცია და რამდენად სარწმუნო იყო ის - აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლოს ჟურნალისტებთან მიმართებაში ნათქვამი აქვს, რომ ისინი უნდა მოქმედებდნენ კეთილსინდისიერად, სათანადო ფაქტობრივ საფუძველზე და, ჟურნალისტური ეთიკის წესების შესაბამისად, საზოგადოებას აწვდიდნენ სარწმუნო და ზუსტ ინფორმაციას (Axel Springer AG v. Germany [GC], no. 39954/08, § 93, ECHR 2012).

36. განსაკუთრებით პრობლემურია პირის რეპუტაციის დაცვის მიზნით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, თუ განცხადება, რომელიც პირის რეპუტაციას ეხება, პოლიტიკურია ან გაკეთებულია საზოგადოების ინტერესის სფეროში მყოფ საკითხზე მიმდინარე დებატების პროცესში (Sürek v. Turkey (no. 1) [GC], no. 26682/95, § 61, ECHR 1999-IV; Lindon, Otchakovsky-Laurens and July v. France [GC], nos. 21279/02 and 36448/02, § 46, ECHR 2007-IV; and Axel Springer AG v. Germany [GC], no. 39954/08, § 90, ECHR 2012).

37. საკითხისადმი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობისას გაკეთებულ განცხადებაში გამოვლენილი მტრული დამოკიდებულების გარკვეული ხარისხი (E.K. v. Turkey, no. 28496/95, §§ 79-80, 7 February 2002) და გამოთქმების სერიოზულობაც კი (Thoma v. Luxembourg, no. 38432/97, § 57, ECHR 2001-III) არ ართმევს განმცხადებელს უფლებას, დაცული იყოს გამოხატვის თავისუფლებით (Paturel v. France, no. 54968/00, § 42, 22 December 2005).

38. თავის გადაწყვეტილებებში საქმეებზე „ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ“ (Lingens v. Austria, 8 July 1986, §46, Series A no. 10) და „ობერშლიკი ავსტრიის წინააღმდეგ“ (Oberschlick v. Austria (no.1), 23 May 1991, §63 Series A no. 204) სტრასბურგის სასამართლომ ზღვარი გაავლო ფაქტის შემცველ განცხადებასა და შეფასებით მსჯელობას შორის და აღნიშნა, რომ ფაქტის არსებობა შეიძლება დემონსტრირებულ იქნეს, მაშინ, როცა შეფასებითი მსჯელობის სიმართლე შეუძლებელია მტკიცების საგანი იყოს. ამიტომ შეფასების სიმართლის დამტკიცება არ შეიძლება, ვინმეს დაევალოს. ეს შეეწინააღმდეგებოდა თავად გამოხატვის თავისუფლების არსს (De Haes and Gijsels v. Belgium, 24 February 1997, §42, Reports-I).

39. იმისათვის, რომ ფაქტობრივი ბრალდება შეფასებითი მსჯელობისაგან გაიმიჯნოს, აუცილებელია საქმის გარემოებებისა და განცხადების ზოგადი ტონის ანალიზი, იმის მხედველობაში მიღებით (Brasilier v. France, no. 71343/01, 11 April 2006, § 37), რომ გამონათქვამები საჯარო ინტერესის საკითხზე, შესაძლებელია, სწორედ აღნიშნულ საფუძველზე (და მის გამო), უფრო შეფასებით მსჯელობას წარმოადგენდეს, ვიდრე ფაქტის შესახებ განცხადებას (Paturel v. France, no. 54968/00, 22 December 2005, § 37).

40. ევროპული სასამართლოს განმარტებით, მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გამოხატვის თავისუფლების განხორციელება განუყოფელია შესაბამისი „ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობისაგან“, რომელიც პრესაზეც ვრცელდება. სწორედ აღნიშნული „ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის“ გამო, მე-10 მუხლის მიხედვით, ჟურნალისტებისათვის მიკუთვნებული დაცვა, როდესაც ისინი აშუქებენ საზოგადო ინტერესის მქონე საკითხებს, ექვემდებარება დათქმას, რომ ისინი მოქმედებენ კეთილსინდისიერად, რათა წარმოადგინონ სწორი და სანდო ინფორმაცია ჟურნალისტური ეთიკის შესაბამისად (Bladet Tromsø and Stensaas v. Norway [GC], no. 21980/93, § 65, ECHR 1999-III; Kasabova v. Bulgaria, no. 22385/03, § 63, 19 April 2011). წინა საქმეებში, როდესაც სასამართლოს უნდა ემსჯელა, გაეთავისუფლებინა თუ არა გაზეთები დაკისრებული ვალდებულებისაგან - გადაამოწმონ ფაქტის შემცველი განცხადებები, რომლებიც ცილისმწამებლური ხასიათისაა, მან გაითვალისწინა სხვადასხვა ფაქტორი, განსაკუთრებით ცილისწამების ბუნება და ხარისხი და აგრეთვე ის მოცულობა, რამდენად გონივრულად შეეძლო გაზეთს მისი წყარო სანდოდ მიეჩნია (Bladet Tromsø and Stensaas, cited above, § 66). თავის მხრივ ეს ფაქტორები მოითხოვს სხვა ისეთი ელემენტების განხილვას, როგორებიცაა წყაროს ავტორიტეტი, აგრეთვე, გამოცემის გამოშვებამდე შეეძლო თუ არა გაზეთს ჩაეტარებინა საკმარისი მოკვლევა, წარმოადგინა თუ არა გაზეთმა ამბავი საკმარისად დაბალანსებულად და მისცა თუ არა მეორე მხარეს თავის დაცვის შესაძლებლობა. ამდენად, ცილისმწამებლური განცხადების გადამოწმების მოთხოვნიდან გადახვევა იმგვარი ბუნებისაა, რომ მისი გამოყენებისათვის ეროვნულმა სასამართლოებმა უნდა გაითვალისწინონ განსახილველი საქმის კონკრეტული გარემოებები. თუ ეროვნული სასამართლოები გამოიყენებენ ზედმეტად ხისტ მიდგომას ჟურნალისტის პროფესიული ქცევის შეფასებისას, ამ უკანასკნელს არასათანადოდ შეეშლება ხელი მისი ფუნქციის, კერძოდ, საზოგადოების ინფორმირებულობის, განხორციელებაში.

ამრიგად, სასამართლოებმა უნდა გაითვალისწინონ მათი გადაწყვეტილებების სავარაუდო გავლენა არა მხოლოდ ინდივიდუალურ საქმეებზე, არამედ ზოგადად მედიაზე (Kasabova, cited above, § 55 and Yordanova and Toshev v. Bulgaria, no. 5126/05, § 48, 2 October 2012). განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე დამატებითი ფაქტორია „მოდარაჯე ძაღლის“ როლი, რომელსაც პრესა ასრულებს დემოკრატიულ საზოგადოებაში. თუმცა, მან არ უნდა გადააბიჯოს განსაზღვრულ ფარგლებს, კერძოდ, სხვათა უფლებებსა და რეპუტაციასთან მიმართებით, მიუხედავად ამისა, პრესის მოვალეობაა ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის შესაბამისად, გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები პოლიტიკურ და საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხებზე, როდესაც ეროვნული ხელისუფლების მიერ დაკისრებულ სანქციებს შეუძლია პრესას გული აუცრუოს დებატებში მონაწილეობაზე, რომელიც ეხება ლეგიტიმურ საზოგადოებრივ პრობლემას (Tønsbergs Blad A.S. and Haukom v. Norway, no. 510/04, § 88, ECHR 2007-III).

41. ზემოაღნიშნული პრინციპებიდან, ნორმებიდან და განმარტებებიდან გამომდინარე, მოცემულ საქმეში სანამ გასაჩივრებული განცხადებების შინაარსის შეფასებას შეუდგება, საკასაციო სასამართლო აუცილებლად თვლის განიხილოს წვლილი, რომელიც სადავო გამონათქვამმა საზოგადოებრივი ინტერესის სფეროში მიმდინარე დებატებში შეიტანა, იმ პირის საზოგადოებრივი ცნობადობის ხარისხი, როლი და ფუნქცია, ვისაც მოცემული განცხადებები ეხებოდა და იმ ქმედებების ბუნება, რომელთა შესახებ ინფორმაციაც სადავო განცხადებებში აისახა.

42. ზემოაღნიშნულ საკითხებზე მსჯელობა მნიშვნელოვანია მტკიცების საგანში შემავალ გარემოებათა წრის განსაზღვრის სისწორის შესამოწმებლადაც, რამდენადაც „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონი ერთმანეთისაგან განასხვავებს კერძო პირისა და საჯარო პირის სტატუსს და ამ პირთა მიმართ ცილისწამებისას მოსარჩელის მტკიცების ფარგლებს.

43. მოცემულ შემთხვევაში, სადავო გადაცემის მსვლელობისას მეორე მოპასუხე აცხადებს - ,,დღეს მე მოგიყვებით რას არ გიყვებიან, ,,მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენისას ქართული ოცნების მაღალჩინოსნები“, ,,რას მალავენ მერობის კანდიდატების ბიოგრაფიებიდან“. ,,ხალხს აქვს უფლება იცოდეს ვის სთავაზობს მმართველი პარტია მათ, შემდეგი 4 წლის განმავლობაში მათი ბედის გადასაწყვეტად, მათი პრობლემების მოსაგვარებლად. მე არ ვისაუბრებ ყველა კანდიდატზე, თავისთავად ეს არ ეხება ყველა კანდიდატს, მე მოგიყვებით იმაზე, თუ რას გიმალავენ: სუსის თანამშრომლობას, უშიშროების კარიერას, პოლიციის კარიერას და რაც მთავარია აგენტობას - უშიშროების აგენტობას. განა პოლიციის და უშიშროების საქმიანობაში რამე ცუდია, არა ეს ხალხი ემსახურება ქვეყანას, მაგრამ ცხადია, როდესაც რაიონების დაახლოებით ნახევარში წარდგენილი გყავს სუსის ან პოლიციის მაღალჩინოსანი მერად, გასაგებია რა განაცხადსაც აკეთებს ქართული ოცნება. ქართული ოცნება ღიად გეუბნება ამით, რომ ქვეყანაში საპოლიციო მმართველობა დამყარებულია და კიდევ უფრო ღრმად გაიდგამს ფესვებს, თუმცა მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები არ არის მთავარი, მთავარი აგენტურაა, რომელიც იღებს, იწერს და აგზავნის მასალებს ცენტრში.“

წამყვანი მერობის სხვადასხვა კანდიდატებზე, მათ შორის მოსარჩელეზე საუბრობს, ასევე განმარტავს: ,,რეკრუტირებულია“ - ნიშნავს დავერბოვკებულია. ,,მე გიყვებით იმას რაც არის სიმართლე, მე გიყვებით ვის გთავაზობენ ასარჩევად, დანარჩენი თქვენ განსაჯეთ“. ,,არქივული აგენტურა“ არის ის - ვინც ოდითგანვე არის დავერბოვკებული და მერე არქივშია, გადადის ,,კუდიდან“ ,,სოდზე“ და ა.შ,’’

,,წყალტუბო - მოსარჩელე, 2012 წელი ........ თემში ნაციონალური მოძრაობის შტაბის უფროსი, 2012-2014 წლებში წყალტუბოს გამგეობა ნაციონალური მოძრაობის გამგებლის მოადგილე. 2014 წელი წევრიანდება ოცნებაში, ხდება წყალტუბოს საკრებულოს აპარატის უფროსი. 2015-2017 წელი წყალტუბოს გამგებლის მოადგილე, რის შემდეგაც იწყებს ბიზნეს საქმიანობას. გადმობირებულია 2014 წელს პირადი ურთიერთობების ამსახველი მასალების გამო, 2014 წელს არ შემშლია, დასავლეთ საქართველოს მთავარი სამმართველოს მიერ აგენტურული ფსევდონიმი არსენა“.

დასკვნით ნაწილში წამყვანი აცხადებს: ,,თქვენ მოისმინეთ პოლიციის, სუსის სხვადასხვა რანგის თანამდებობის პირების ფაქტიურად ბიოგრაფიები. აღნიშნული ინფორმაცია არ არის წარმოდგენილი არცერთი მერობის კანდიდატის ბიოგრაფიაში, არცერთი მათგანი არ ყოფილა პრეზენტირებული ხალხის წინაშე, საქართველოს პრემიერ მინისტრის ღ–ის მიერ, როდესაც იგი წარადგენდა კანდიდატებს. სუსი და პოლიცია ერცხვინებათ და მალავენ, მაგრამ მთავარი რის გამოც მალავენ ძალოვანი უწყებები და მითუმეტეს დაზვერვისა და უშიშროების უწყებები არავითარ კავშირში არ არის საჯარო მართვასთან, მითუმეტეს ადგილობრივი მასშტაბის სამეურნეო მართვასთან. შესაბამისად ქართული ოცნება არ გვიყვება ვის წარადგენს კანდიდატებად. არ გვიყვება იმიტომ, რომ ფაქტია ამ ქვეყანაში სუსი და პოლიცია მართავს ყველაფერს. ეს აქამდეც ვიცოდით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ ქვეყანაში ყველაზე უფრო მოსახერხებელი კანდიდატები არიან სუსის მიერ სხვადასხვა მეთოდებით გადაბირებული ადამიანები, მათ შორის ისინი, ვისაც ჰქონდათ დავალება განეხორციელებინათ ფარული თვალთვალი და გადაღება პირადი ცხოვრების და გაგზავნა ცენტრში. ყველა ხელისუფლების დროს, ხაზს ვუსვამ, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის დროს. განსაკუთრებით მოსწონს ქართულ ოცნებას ნაციონალური მოძრაობის დროს გადაბირებული კადრები და უკვე მოგახსენეთ რა არის არქივული აგენტურა. არქივული აგენტურა არის ის ვინც წინა ხელისუფლების დროს იყო აგენტი და დღეს გადაიბარა შემდეგმა ხელისუფლებამ, გადაიბარა უკვე არა როგორც აგენტი, არამედ როგორც თქვენი მერობის კანდიდატი. ჩემს მიერ ჩამოთვლილთაგან გილოცავთ ყველას, თქვენ მოგიწევთ არჩევანის გაკეთება: ან აგენტი, რომელიც იწერს, უთვალთვალებს, იღებს, მათ შორის პირად ცხოვრებას, შეიძლება თქვენც იყოთ მათ შორის, აგზავნის ცენტრში, ან ყველა სხვა დანარჩენს შორის. არჩევანი თქვენზეა, ან სიბინძურე ან ქვეყნის მომავალი“.

43.1. გადაცემა მონოლოგის ფორმით მიმდინარეობდა, წამყვანი მკაფიოდ და ცალსახად აფიქსირებდა საკუთარ პოზიციას და მხარს უჭერდა გავრცელებულ ინფორმაციას.

44. საქართველოს უზენაესი სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო სიუჟეტი სატელევიზიო ეთერით გადაიცა იმ დროს, როდესაც ქვეყნის მასშტაბით იმართებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. სიუჟეტი უკავშირდებოდა საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის არჩევნებში მონაწილე სუბიექტების „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მერობის სხვადასხვა კანდიდატს, მათ შორის, მოსარჩელეს.

45. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის პირველი მუხლის „ზ“ პუნქტის შესაბამისად, საზოგადოებრივი ყურადღება განიმარტება, როგორც საზოგადოების ინტერესი (და არა ცალკეულ პირთა უბრალო ცნობისმოყვარეობა) იმ მოვლენისადმი, რომელიც დაკავშირებულია დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოებრივი თვითმმართველობის განხორციელებასთან; ხოლო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებში დაცული განმარტებების თანახმად, „საზოგადოებრივი ინტერესი“ გულისხმობს საკითხებს, რომლებიც გავლენას ახდენს საზოგადოებაზე იმ მოცულობით, რაც საკმარისია მათ მიმართ ლეგიტიმური ინტერესის გასაჩენად; საკითხებს, რომლებიც იპყრობს საზოგადოების ყურადღებას ან აღელვებს საზოგადოებას მნიშვნელოვანი დოზით; განსაკუთრებით როცა საქმე ეხება მოქალაქეთა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის კეთილდღეობას. ასეთი შეიძლება იყოს სოციალური საკითხები, სისხლის სამართალწარმოება ზოგადად და სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა კონკრეტულად (იხ. Satakunnan Markkinapörssi Oy and Satamedia Oy v. Finland [GC], §171; Dupuis and Others v. France, §42; July and SARL libération v. France, §66; White v. Sweden, par. §29, Egeland and Hanseid v. Norway, §58; Leempoel & S.A. ED. Ciné Revue v. Belgium, §72, Eerikäinen and Others v. Finland, §59).

46. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო სიუჟეტი საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის არჩევნებში მონაწილე სუბიექტების შესახებ, კერძოდ, არჩევნებში მონაწილე პირების შესაძლო კავშირი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და ე.წ „აგენტორული“ საქმიანობა საზოგადოებრივი ინტერესის სფეროში ექცევა. შესაბამისად, სადავო განცხადების ავტორი გამოხატვის თავისუფლების დაცვის მაღალი ხარისხით სარგებლობს.

47. გამომდინარე იქიდან, რომ კერძო და საჯარო პირების მიმართ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ხარისხი განსხვავებულია და საჯარო პირების თმენის ვალდებულება ბევრად მაღალი, მნიშვნელოვანია, თითოეულ შემთხვევაში სასამართლომ სწორად განსაზღვროს განცხადების ადრესატის სტატუსი.

48. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის პირველი მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კერძო პირი არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ არის საჯარო პირი ან ადმინისტრაციული ორგანო. იმავე კანონის პირველი მუხლის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო პირი არის „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი; აგრეთვე, პირი, რომლის გადაწყვეტილება ან აზრი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე; ან პირი, რომლისკენაც მისი გარკვეული ქმედების შედეგად ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით მიმართულია საზოგადოებრივი ყურადღება. „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინი „თანამდებობის პირი“ გულისხმობს: მუნიციპალიტეტის მერს, მისი პირველ მოადგილესა და მოადგილეს, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, რაიონის გამგებელსა და მის მოადგილეს, რაიონის გამგეობის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, მისი პირველ მოადგილესა და მოადგილეს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარესა და მის მოადგილეს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგებელსა და მის მოადგილეს, რაიონის გამგეობის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს.

49. ზემოაღნიშნული განმარტებიდან და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, მოსარჩელე წინამდებარე დავის მიზნებისთვის „საჯარო პირია“.

50. იმისათვის, რომ დადგინდეს ცილისწამების არსებობა, უპირველესად აუცილებელია, შეფასდეს სადავო სიუჟეტში სადავო გამონათქვამები აზრის, შეხედულების გამოხატვაა თუ დადასტურებადი ან უარყოფადი ფაქტების შემცველი განცხადებები.

51. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის პირველი მუხლის „ბ“ პუნქტის შესაბამისად, „აზრი“ განიმარტება, როგორც შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე, ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს. იმავე კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, აზრის ან ფაქტის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისას ყოველგვარი გონივრული ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს განცხადებაში მოყვანილი ცნობებისათვის აზრის სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ.

52. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ სიტყვა „აზრი“ ფართოდ განმარტებისას გულისხმობს განსჯას, დამოკიდებულებასა თუ შეფასებას, რომლის სისწორე თუ მცდარობა დამოკიდებულია მთლიანად ინდივიდზე, მის სუბიექტურ დამოკიდებულებაზე. ფაქტები კი, ჩვეულებრივ, მოკლებულია სუბიექტურ დამოკიდებულებას, იგი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობს, ანუ ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ფაქტი შევამოწმოთ და ვნახოთ, ის რეალურად არსებობდა თუ არა. სწორედ ამიტომ, ფაქტების გადამოწმება და მისი ნამდვილობასთან შესაბამისობის დადგენა შესაძლებელია (შდრ. სუსგ. Nას-625-593-2014, 20.05.2016 წ; Nას-1278-1298-2011, 20.02. 2012 წ).

53. აზრისა და ფაქტის ერთმანეთთან მჭიდრო კავშირის გამო მათი გამიჯვნა საკმაოდ რთულია, ამიტომ სადავო გამონათქვამის სწორი კვალიფიკაციისათვის უნდა შემოწმდეს მისი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და გამოთქმის კონტექსტი, რა ფაქტობრივი ელემენტებისაგან შედგება გამონათქვამი (შდრ. სუსგ. Nას-625-593-2014, 20.05.2016წ; Nას-1477-1489-2011,03.04.2012წ).

ცილისწამების ერთ-ერთი მაკვალიფიცირებელი ნიშანია განმცხადებლის მიერ იმ ფაქტების მითითება, რომლებიც რეალობასთან არც ისე შორსაა, უფრო კონკრეტულია და არა ზოგადი ხასიათის, უფრო მეტად ობიექტური შინაარსისაა, ვიდრე სუბიექტური და, რაც მთავარია, მათი დადასტურება (დამტკიცება) შესაძლებელია (შდრ. სუსგ. Nას-625-593-2014, 20.05.2016 წ; Nას-179-172-2012, 01.10. 2014 წ).

54. დადგენილია, რომ მეორე მოპასუხე საავტორო გადაცემაში მსმენელებს ხაზგასმით ეუბნება, რომ იგი გადაცემის მსვლელობისას მათ მიაწვდის დამალულ ავტობიოგრაფიულ ცნობებს კანდიდატების შესახებ, რასაც კანდიდატები უმალავენ ამომრჩევლებს, შემდეგი სიტყვებით: „მე მოგიყვებით იმას, რაც არის სიმართლე, მე მოგიყვებით იმას, თუ ვის გვთავაზობენ კანდიდატად...“. სადავო განცხადება კი შემდეგნაირად გამოიყურება: ,,წყალტუბო - მოსარჩელე, 2012 წელი ........ თემში ნაციონალური მოძრაობის შტაბის უფროსი. 2012-2014 წლებში წყალტუბოს გამგეობა ნაციონალური მოძრაობის გამგებლის მოადგილე. 2014 წელი წევრიანდება ოცნებაში, ხდება წყალტუბოს საკრებულოს აპარატის უფროსი. 2015-2017 წელი წყალტუბოს გამგებლის მოადგილე, რის შემდეგაც იწყებს ბიზნეს საქმიანობას. გადმობირებულია 2014 წელს პირადი ურთიერთობების ამსახველი მასალების გამო, 2014 წელს არ შემშლია, დასავლეთ საქართველოს მთავარი სამმართველოს მიერ აგენტურული ფსევდონიმი არსენა“. დავალება: ფარული თვალთვალი და გადაღება პირადი ცხოვრების და გაგზავნა ცენტრში .

55. საკასაციო სასამართლო იზიარებს წინამდებარე საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ ბიოგრაფია არ შეიძლება შეიცავდეს მოსაზრებებს, ბიოგრაფია/ავტობიოგრაფია დოკუმენტია, რომელშიც ასახულია ამა თუ იმ ადამიანის მოკლე ისტორიული ცნობების/ფაქტების ნაკრები. შესაბამისად, როდესაც ეთერის საშუალებით მსმენელს ჟურნალისტი პირდება, რომ მიაწოდებს კონკრეტული პირის შესახებ ბიოგრაფიულ ცნობებს მსმენელს/მაყურებელს უჩნდება განცდა, რომ იგი მიიღებს ინფორმაციას, კონკრეტულ ფაქტს და არა ჟურნალისტის მოსაზრებებს. ამასთან, მნიშვნელოვანია სადავო განცხადების მტკიცებითი ფორმა, სადაც საუბარია კონკრეტულ თარიღზე, კონკრეტული „დავალებისა“ და ფსევდონიმის შესახებ ინფორმაციაზე, რომელიც კონტექსტიდან გამომდინარე არ შეიძლება, აზრად იქნეს მიჩნეული. ამრიგად, ცალსახაა, რომ სარჩელით სადავოდ გამხდარ განცხადებაში საუბარია კონკრეტულ ფაქტზე.

56. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ სიტყვა „აგენტი“ და მასთან დაკავშირებული საქმიანობა თავისთავად არ შეიცავს დიფიმაციას, რამდენადაც იგი ზოგადი ტერმინია იმ პირის გამოსახატავად, რომელიც სხვისი სახელით, ხარჯითა თუ დავალებით (მათ შორის სახელმწიფო ორგანოების) მოქმედებს, თუმცა ქართულ საზოგადოებაში დამკვიდრებული შეხედულებების, კულტურული აღქმის, სტერეოტიპების გათვალისწინებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ე.წ „აგენტორული“ კავშირი, შესაძლოა, ნეგატიურად აღიქმებოდეს და იძენდეს უარყოფით მნიშვნელობას. ამ ტერმინის იმ კონტექსტით გამოყენება, როგორადაც სადავო განცხადებაში ჟურნალისტი იყენებს, კერძოდ, პირის დაკავშირება სხვების შესახებ ინფორმაციის შეგროვება/გადაცემასთან, როგორც პირადი ცხოვრების სავარაუდო ხელყოფა, საზოგადოებაში მკვეთრად ნეგატიურად აღიქმება. შესაბამისად, პირის ამ კონტექსტით მოხსენიებამ, შესაძლოა, წარმოშვას რეპუტაციისთვის საზიანო ასოციაციები და განაპირობოს კონკრეტული პირის მიმართ საზოგადოების აღქმის გაუარესება. განსაკუთრებით, როდესაც ასეთი განცხადებები წინასაარჩევნოდ ვრცელდება.

57. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ჟურნალისტის მიერ განსახორციელებელ იმ კონკრეტულ ქმედებებზეც, რასაც მოიაზრებს კეთილსინდისიერად და ჟურნალისტური ეთიკის შესაბამისად სწორი და სანდო ინფორმაციის წარმოდგენის ვალდებულება. ეს გულისხმობს ჟურნალისტის მიერ საინფორმაციო წყაროს სწორად მითითების ეთიკურ ვალდებულებასაც, რომელიც დადგენილია არაერთი საერთაშორისო თუ ეროვნული სტანდარტით.

57.1. ჟურნალისტური ეთიკის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) 1993 წლის 1-ლი ივლისის 1003 (1993) რეზოლუციის თანახმად, „მიწოდებული ფაქტები უნდა ეფუძნებოდეს სიმართლეს, რომელიც უზრუნველყოფილია გადამოწმებისა და მტკიცების შესაბამისი საშუალებებით, და მიუკერძოებლად უნდა იქნას წარდგენილი, აღწერილი და მოთხრობილი. ჭორი არ უნდა იქნას აღრეული ნამდვილ ფაქტში. ახალი ამბების სათაურები და მოკლე შინაარსი შეძლებისდაგვარად ზუსტად უნდა ასახავდეს წარდგენილი ფაქტებისა და მონაცემების არსს…“

ჟურნალისტის მიერ სანდო და ზუსტი ინფორმაციის მიწოდებისა და საინფორმაციო წყაროს სწორად მითითების კონკრეტულ ეთიკურ ვალდებულებას ადგენს, აგრეთვე, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპები და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 12 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსი“.

57.2. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი და მესამე პრინციპის თანახმად, „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას - მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“; „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია“; ხოლო მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მე-14 მუხლის შესაბამისად: „1. მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს აუდიტორია სანდო და ზუსტი ინფორმაციით… 2. სიზუსტის უზრუნველყოფისათვის მაუწყებელმა უნდა მოახდინოს ინფორმაციის წყაროს იდენტიფიცირება. ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ინფორმაციის გაშუქების შემთხვევაში, მაუწყებელმა ნათლად უნდა მიუთითოს წყაროს ანონიმურობის შესახებ. 3. მაუწყებელმა უნდა გაითვალისწინოს ინფორმაციის წყაროს შესაძლო დაინტერესება ან მიუკერძოებლობა. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება საზოგადოებრივი ინტერესის შემცველ საკითხთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებას და მიიღოს ყველა გონივრული ზომა გადაცემული ინფორმაციის სისრულისა და სიზუსტის უზრუნველსაყოფად… 5. ინფორმაციის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მაუწყებელმა უნდა დააზუსტოს მისი წარმომავლობა და სიზუსტე. თუ შეუძლებელია ინფორმაციის სისწორის, უტყუარობისა და წარმომავლობის დაზუსტება, მაუწყებელმა უნდა აღნიშნოს, რომ ინფორმაცია დაუზუსტებელია.“

58. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, როცა ფაქტის შემცველი განცხადება ისეთი წყაროდან მიღებულ ინფორმაციას ეფუძნება, რომლის იდენტიფიცირებაც შესაძლებელია, ჟურნალისტის კეთილსინდისიერების სტანდარტი მოითხოვს წყაროს მითითებას; ხოლო ანონიმური წყაროს არსებობის შემთხვევაში, ჟურნალისტმა სტატიაში უნდა მიუთითოს, რომ ეს წყარო ანონიმურია.

59. მოცემულ შემთხვევაში, სადავო სიუჟეტში ჟურნალისტის დაპირება ბიოგრაფიული ცნობების მიწოდებასთან დაკავშირებით, მაყურებელს უქმნის მოლოდინს, რომ ინფორმაცია ეთიკის ყველა სტანდარტის დაცვით არის მოპოვებული და გადამოწმებული. ამიტომ იგი მკითხველის თვალში ფაქტის ნამდვილობის მიმართ სანდოობის უფრო აღმატებულ ხარისხს წარმოშობს.

60. ინფორმაციის გადამოწმებისას სავალდებულოდ განსახორციელებელი კონკრეტული მოქმედებების შესახებ დეტალურ მსჯელობას შეიცავს, აგრეთვე, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებებით დამკვიდრებული პრაქტიკა, რომელიც ჟურნალისტების მხრიდან ეთიკის ქარტიის დარღვევის შესახებ დავების განხილვის შედეგად შეიქმნა. მაგალითად, ქარტიის საბჭოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ, რომ „ჟურნალისტმა ყველა შესაძლო გზას უნდა მიმართოს ერთი წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის გადასამოწმებლად, მოიძიოს მეორე მხარე, ალტერნატიული წყაროები, გამოითხოვოს ინფორმაცია და აუდიტორიას მიაწოდოს ყველა რელევანტური მხარის შეფასება, კომენტარი. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ წყაროები იყოს ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი. ხოლო თუ ვერ ხერხდება ინფორმაციის გადამოწმება, ჟურნალისტმა აუდიტორიას პატიოსნად უნდა აცნობოს მის მიერ გადამოწმების მცდელობისა და გზების შესახებ და უნდა მიუთითოს, რომ ინფორმაცია გადაუმოწმებელია“ (იხ. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, გადაწყვეტილება საქმეზე - ა(ა)იპ დემოკრატიის ინდექსი - საქართველო; დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი: ეკატერინე ციმაკურიძე, მაია ბაქრაძე, თამარ ლალიაშვილი, ნათია ქუთათელაძე, ბესო ლოლაძე, ბესიკ სისვაძე მარიამ ოშხნელის წინააღმდეგ, 08.02.2022, საქმე N533).

61. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევა ჟურნალისტთან მიმართებით მხოლოდ მას შემდეგ დაადგინა, რაც ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ჟურნალისტმა, რომლის საქმიანობის სფეროში შედიოდა შეიარაღებული ძალებისა და პოლიციის საქმიანობის გამოძიება და ამ როლთან დაკავშირებით მან მიიღო კონკრეტული ინფორმაცია, შემდგომში, ამ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, მიმართა დოკუმენტის შემქმნელ სახელმწიფო ორგანოებს, ასევე, სხვა კოლეგებს და კონკრეტულ დაწესებულებებს, რომლებზეც აპლიკანტი/ჟურნალისტი ფიქრობდა, რომ შესაძლოა ჰქონოდათ ინფორმაცია ამ თემასთან დაკავშირებით (CASE OF GÎRLEANU v. ROMANIA, No. 50376/09, par. 69, 26 June, 2018).

62. განსახილველ საქმეში, სადავო განცხადების გავრცელებისას კასატორებმა ზემოაღნიშნული მოქმედებები ვერ დაადასტურეს, კერძოდ, არ დასტურდება ჟურნალისტის/მედიასაშუალების მიერ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურთან მოსარჩელის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ მიმართვა და შესაბამისად, უარი ამ ორგანოს მხრიდან კონკრეტული ინფორმაციის გაცემაზე. გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმებისათვის კასატორებს არც მოსარჩელისათვის არ მიუმართავთ და არც, საშუალება არ მიუციათ განმარტება ჩამოეყალიბებინა სადავო გარემოებასთან დაკავშირებით.

63. საქმეში „სტოლი შვეიცარიის წინააღმდეგ“, ჟურნალისტი პასუხისგებაში მიეცა საიდუმლოდ მიჩნეული სტრატეგიის შესახებ დიპლომატიური დოკუმენტის გამოქვეყნებისთვის. სასამართლომ კონკრეტულ საქმეზე შეაფასა ჟურნალისტის ქმედებები და გაიზიარა შვეიცარიის მთავრობისა და პრესის საბჭოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ განმცხადებლის მთავარი განზრახვა იყო არა საზოგადოდ საინტერესო საკითხზე საზოგადოების ინფორმირება, არამედ ელჩის ანგარიშისგან უსარგებლო სკანდალის შექმნა. სტატიების შეკვეცილმა და შემცირებულმა ფორმამ, რომელსაც შეეძლო მკითხველი შეცდომაში შეეყვანა ელჩის პიროვნებასთან და შესაძლებლობებთან დაკავშირებით, მნიშვნელოვნად შეამცირა იმ საზოგადოებრივ დისკუსიაში შეტანილი წვლილის მნიშვნელობა, რომელსაც იცავს ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-10 მუხლი (სტოლი შვეიცარიის წინააღმდეგ“ ([დიდი პალატა] N 69698/01, § 101, ECHR 2007-V).

64. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ჟურნალისტის გამოხატვის თავისუფლება უნდა შეესაბამებოდეს საზოგადოების უფლებას, მიიღოს სანდო და ზუსტი ინფორმაცია.

65. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო განცხადებასთან მიმართებით მოსარჩელემ შეძლო „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის მე-14 მუხლით გათვალისწინებული ყველა ელემენტის დამტკიცება, რომელიც მოპასუხეების სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია, მოპასუხე მხარემ კი ვერ მიუთითა ისეთ ქმედებებზე, რომლებიც ცილისწამებისათვის მათ კვალიფიციურ პრივილეგიას ანიჭებს ან მის პასუხისმგებლობას გამორიცხავდა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში არსებითად სწორია.

66. მოსარჩელის მოთხოვნა პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო, მორალური ზიანის ანაზღაურებასაც მოიცავს. სსკ-ის 413.1 მუხლის მიხედვით, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. ფიზიკური პირის დაცულ არაქონებრივ უფლებას წარმოადგენს პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია, რომლის ბრალეული შელახვის გამო, მორალური ზიანის დაკისრება სსკ-ის მე-18 მუხლიდან და სპეციალური კანონის მე-14 მუხლიდან გამომდინარეობს.

66.1. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სპეციალური კანონი არ ითვალისწინებს მორალური ზიანის გამოთვლის წესს. არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს განსაზღვრავს სსკ-ის 413-ე მუხლი (ადგენს ზოგად წესს). რომლის შესაბამისად, სასამართლო ადამიანის პიროვნული ღირებულებების ხელყოფის ფაქტის შემთხვევაში, მორალური ზიანის შინაარსსა და მოცულობას (რომელსაც არ გააჩნია მატერიალური გამოხატულება) გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით განსაზღვრავს. ეს საკითხი სასამართლოს შეფასებითი მსჯელობის საგანია და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თავად შემთხვევის ინდივიდუალობისა და თავისებურების გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს (შდრ. სუსგ. №ას-645-2019, 26.07. 2019 წ).

66.2. მორალური ზიანის ანაზღაურებას სამი ფუნქცია აქვს: 1-ლი დააკმაყოფილოს დაზარალებული; მე-2 ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე; მე-3 თავიდან აიცილოს პიროვნული უფლებების ხელყოფა სხვა პირების მიერ. არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება მიზნად არ ისახავს მიყენებული ზიანის სრულ რესტიტუციას, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრული კომპენსაცია. მორალური ზიანის ანაზღაურების ოდენობა უნდა იყოს გონივრული და სამართლიანი. მორალური ზიანის ანაზღაურება განისაზღვრება ზიანის მიმყენებლის ქონებრივი მდგომარეობის, დაზარალებულის ბრალის ხარისხის და სხვა კონკრეტულ გარემოებათა გათვალისწინებით. მორალური ზიანისათვის ფულადი კომპენსაციის ოდენობა არ უნდა იყოს უზომოდ გაზრდილი და არ უნდა მოწყდეს რეალობას, მისი მიზანი არ უნდა იყოს მოპასუხის დასჯა. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ხელყოფის ხასიათი, მისი გავლენა პირის არამატერიალურ სიკეთეზე (შდრ. სუსგ. №ას-660-660-2018, 20.07.2018 წ; №ას-1040-2018, 26.07.2019 წ).

66.3. საკასაციო სასამართლოს დასკვნით, გავრცელებული სადავო გამონათქვამები ჩამოყალიბებულია იმდაგვარად, რომ სატელევიზიო გადაცემის მსმენელსა და მაყურებელზე მოსარჩელის (რომელიც საჯარო პირია) მიმართ მოპასუხის მიერ გამოთქმული ფრაზები მხოლოდ, სუბიექტური მოსაზრების შთაბეჭდილებას კი არ დატოვებდა, არამედ ისინი პირდაპირ მიმართული იყო როგორც მოსარჩელის პიროვნული დისკრედიტაციისაკენ, ასევე - მისი, როგორც საარჩევნო პროცესში ჩართული კანდიდატის, საქმიანი რეპუტაციის შელახვისაკენ, რამდენადაც განცხადებები გავრცელებული იყო წინასაარჩევნო პერიოდში.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქმიანი რეპუტაცია გულისხმობს საზოგადოების მიერ პირის პროფესიული თუ სხვა საქმიანი თვისებების შეფასებას. პროფესია არის ხელობა, საქმიანობა, სპეციალობა, რომელსაც გარკვეული მომზადება სჭირდება და, რომლითაც ადამიანი თავს ირჩენს, ხოლო საქმიანი რეპუტაცია შესაბამისად გულისხმობს ადამიანის კეთილსინდისიერებისა და პროფესიონალიზმის სტანდარტს, რომელიც, მაგალითად, პროფესიული საქმიანობის შედეგად ყალიბდება. აქედან გამომდინარე, საქმიანი რეპუტაციის შელახვა, რასაც სსკ-ის მე-18 მუხლი ითვალისწინებს, მიმართული უნდა იყოს პირის მიერ განხორციელებული (ან განსახორციელებელი) საქმიანობისკენ. საქმიანი რეპუტაციის შელახვას კი, პირის ზემოაღნიშნული თვისებების დისკრედიტაცია წარმოადგენს (შდრ. სუსგ: Nას-57-2023, 17.05.2023 წ).

ზემოაღნიშნული განმარტებების გათვალისწინებით საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მორალური ზიანის მოცულობა განისაზღვრა გონივრული ოდენობით იმ რეპუტაციული ზიანისთვის, რომელიც მოსარჩელეს მიადგა. ამასთან, დაკისრებული ოდენობა არ არის იმდენად მაღალი, რომ მსუსხავი ეფექტი იქონიოს მედიასაშუალების გამოხატვის თავისუფლებაზე.

67. რაც შეეხება „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის არასწორად განმარტებისა და ტელეკომპანიასთან ერთად მეორე მოპასუხის სათანადო მოპასუხედ მიჩნევასთან მიმართებით პრეტენზიას, საკასაციო სასამართლო მათ უარყოფს და აღნიშნავს, რომ სპეციალური კანონი მედიაში ჟურნალისტის მიერ გამოქვეყნებულ ცილისწამებასთან დაკავშირებული სასამართლო დავისას ადგენს გამონაკლისს და იმ შემთხვევაში თუ ჟურნალისტი აშკარად და პირდაპირ უჭერს მხარს სადავო განცხადებას, იგი სათანადო მოპასუხედ მიიჩნევა.

67.1. დადგენილია, რომ სადავო განცხადება მეორე მოპასუხის საავტორო გადაცემაში გაჟღერდა, მონოლოგის ფორმატით, ჟურნალისტი ფაქტის გადმოცემის შემდეგ აკეთებდა შეფასებებსაც, კერძოდ, გადაცემა შემდეგი ტექსტით დაასრულა: (23:15:17) - „გილოცავთ ყველას, თქვენ მოგიწევთ არჩევანის გაკეთება ან აგენტი, რომელიც იწერს, უთვალთვალებს, იღებს, მათ შორის პირად ცხოვრებას, შეიძლება თქვენც იყოთ მათ შორის, აგზავნის ცენტრში, ან ყველა სხვა დანარჩენს შორის. არჩევანი თქვენზეა, ან სიბინძურე ან ქვეყნის მომავალი“, შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც ჟურნალისტი აშკარად მხარს უჭერდა სადავო განცხადებებს, მოპასუხეთა წრეც მართლზომიერად განისაზღვრა (შდრ. სუსგ Nას-578-2023, 01.11. 2023 წელი, პ. 16).

68. სსსკ-ის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

69. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

70. სსსკ-ის 55.2-ე მუხლის შესაბამისად, კასატორთა მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3, 408.3, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „მ.ა–ისა“ და ნ.გ–იას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

ბადრი შონია