დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე№ა-2985-შ-105-2026
17 სექტემბერი, 2026 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ა.ა.
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს შუამდგომლობის ავტორი – რუსეთის ფედერაციის სამარის ოლქის ქალაქ ტოლიატის ავტოზავოდსკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 2 თებერვლის N2-734/2022 გადაწყვეტილება
დავის საგანი – ქმედუუნაროდ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
რუსეთის ფედერაციის სამარის ოლქის ქალაქ ტოლიატის ავტოზავოდსკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 2 თებერვლის N2-734/2022 გადაწყვეტილებით, ცნობილ იქნა ქმედუუნაროდ ე.ა. ძე ა., დაბადებული 29.10.2004 წელს, სამარის ოლქის ქალაქ ტოლიატის მკვიდრი, რეგისტრირებული მისამართზე: ქ. ტოლიატი, ........... ქუჩა N17, ბინა N159. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
ა.ა–მა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა შუამდგომლობა და რუსეთის ფედერაციის სამარის ოლქის ქალაქ ტოლიატის ავტოზავოდსკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 2 თებერვლის N2-734/2022 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 29 ივნისის განჩინებით, შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ წესებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა ამ კანონით განსაზღვრულ წესებთან შედარებით.
„სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლო, რომელიც განიხილავს გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვისა და აღიარების თაობაზე შუამდგომლობას, შემოიფარგლება წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პირობების დაცვის დადგენით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის სამარის ოლქის ქალაქ ტოლიატის ავტოზავოდსკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 2 თებერვლის N2-734/2022 გადაწყვეტილება, რომლითაც ცნობილ იქნა ქმედუუნაროდ ე.ა. ძე ა., დაბადებული 29.10.2004 წელს, სამარის ოლქის ქალაქ ტოლიატის მკვიდრი, რეგისტრირებული მისამართზე: ქ. ტოლიატი, ....... ქუჩა N17, ბინა N159, ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ რუსეთის ფედერაციის სამარის ოლქის ქალაქ ტოლიატის ავტოზავოდსკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 2 თებერვლის N2-734/2022 გადაწყვეტილებით, ცნობილ იქნა ქმედუუნაროდ ე.ა. ძე ა., დაბადებული 29.10.2004 წელს, სამარის ოლქის ქალაქ ტოლიატის მკვიდრი, რეგისტრირებული მისამართზე: ქ. ტოლიატი, ........ ქუჩა N17, ბინა N159. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
რუსეთის ფედერაციის სამარის ოლქის ქალაქ ტოლიატის ავტოზავოდსკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 2 თებერვლის N2-734/2022 გადაწყვეტილებით დგინდება, რომ მხარეები მონაწილეობდნენ საქმის განხილვაში.
შუამდგომლობაზე დართული დაბადების მოწმობით ირკვევა, რომ ე.ა. ძე ა–ის დაბადებული 29.10.2004 წელს დედაა - ნ.ა–ვა, ხოლო მამა - ა.ა.ხ.ოღლი. ასევე ირკვევა, რომ დედა ნ.ა–ვა საქართველოს მოქალაქეა.
ტოლიატის საქალაქო ოლქის ხელმძღვანელის მოადგილის 2022 წლის 08 აპრილის N2511-p/3 განკარგულებით დადგინდა მეურვეობა ქმედუუნარო ე.ა. ძე ა.ზე, დაბადებული 20.10.2004 წელს. ა.ხა. ოღლი ა–ვი დაინიშნა ქმედუუნარო ე.ა. ძე ა.ის (დაბ.29.10.2004) მეურვედ.
„სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ფიზიკური პირის ქმედუნარიანობა განისაზღვრება იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის მოქალაქეც იგი არის. ამავე კონვენციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირის შეზღუდულ ქმედუნარიანად ან ქმედუუნაროდ ცნობის შესახებ საქმეებზე, წინამდებარე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, კომპეტენტური არის იმ ხელშემკვრელი მხარის სასამართლო, რომლის მოქალაქეც არის აღნიშნული პირი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციის სასამართლო მოცემულ საქმეზე წარმოადგენდა კომპეტენტურ სასამართლოს, ხოლო საქართველოს სასამართლოს გააჩნია საერთაშორისო კომპეტენცია [„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლი: პირის ქმედუნარიანობის შეზღუდვის საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ ეს პირი საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს].
სამოქალაქო საქმეთა პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტმა 2015 წლის 20 მარტს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით ქმედუუნარობის ინსტიტუტის რეფორმა განახორციელა და შემოიღო ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირის (მხარდაჭერის მიმღები) ცნება, რომელიც ასევე ქმედუნარიანად მიიჩნია [სსკ-ის 12.4. მუხლი: ქმედუნარიანად ითვლება ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირი (შემდგომ – მხარდაჭერის მიმღები), ანუ პირი, რომელსაც აქვს მყარი ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში, თუ ეს პირი აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილის პირობებს, ამასთანავე, აღნიშნული დაბრკოლებები სათანადო რჩევისა და დახმარების გარეშე მნიშვნელოვნად ართულებს პირის მიერ საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვას და ინფორმირებული და გააზრებული არჩევანის გაკეთებას სასამართლოს მიერ განსაზღვრულ სფეროში]. მხარდაჭერის ინსტიტუტის შემოღება უკავშირდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილებას, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ის საკანონმდებლო ჩანაწერი, რომელიც ითვალისწინებდა ჭკუასუსტობის ან სულით ავადმყოფობის გამო პირის ქმედუუნაროდ მიჩნევას მისი ინდივიდუალური გონებრივი შესაძლებლობების გათვალისწინების გარეშე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ქმედუუნარობა ინდივიდუალიზებული პროცესია. შესაბამისად, კანონმდებლობის მიზანი უნდა იყოს ქმედუუნარო პირების დახმარება გადაწყვეტილების მიღების საკითხში და არა ყველა სფეროში მათი ნების სრული ჩანაცვლება. მეურვეების უფლებამოსილება მკაცრად უნდა შემოიფარგლებოდეს იმ საკითხებით, რომლებშიც ადამიანს არ გააჩნია ნების ფორმირების შესაძლებლობა, ხოლო ქმედუუნარო პირებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ გადაწყვეტილებები მათი შეუზღუდავი უნარების ფარგლებში, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, მეურვის თანხმობით (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 08.10.2014 წლის №2/4/532,533 გადაწყვეტილება, II-40).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36315 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პირს მხარდაჭერა შეიძლება დაენიშნოს შრომითი საქმიანობის, წვრილმანი გარიგების დადების, სამეწარმეო საქმიანობის, უძრავი ქონების მართვის/განკარგვის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით და სხვა უფლებებისა და მოვალეობების განსახორციელებლად, რომლებსაც სასამართლო ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე განსაზღვრავს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1293-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მხარდამჭერი ვალდებულია მხარდაჭერის მიმღების მიერ გარიგების დადებისას დაეხმაროს მას გარიგების პირობებისა და სამართლებრივი შედეგების სრულყოფილად აღქმაში, თუ ეს სასამართლოს გადაწყვეტილებით არის განსაზღვრული. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გამონაკლის შემთხვევაში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მხარდამჭერის მიერ მხარდაჭერის მიმღების ნების გამოვლენა 1 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ობიექტურად შეუძლებელია და მის ნაცვლად გადაწყვეტილების მიღების აკრძალვა მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს მხარდაჭერის მიმღებს, სასამართლო მხარდამჭერს უფლებას აძლევს, მხარდაჭერის მიმღების სახელით, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, დადოს აუცილებელი გარიგებები.
რუსეთის ფედერაციის სამარის ოლქის ქალაქ ტოლიატის ავტოზავოდსკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 2 თებერვლის N2-734/2022 გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ სამარის ოლქის სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის მთავარი ბიუროს N29 სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროსა და სამარის ოლქის სახელმწიფო საბიუჯეტო ჯანდაცვის დაწესებულების — „ტოლიატის ფსიქონევროლოგიური დისპანსერის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, ე.ა. ძე ა., დაბადებული 29.10.2004 წელს, დაავადებულია ქრონიკული ფსიქიკური დაავადებით და ბავშვობიდან მინიჭებული აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი.
სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ე.ა. ძე ა. დაბადებული 2004 წელს, დაავადებულია ქრონიკული ფსიქიკური აშლილობით, რომელიც ვლინდება „მძიმე გონებრივი ჩამორჩენილობის სახით, ქცევითი დარღვევებით, რომლებიც საჭიროებს მოვლასა და მკურნალობას, დაუნის სინდრომის შედეგად“. დაავადების კოდი დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის (ICD-10) მიხედვით არის F72.14. დიაგნოზი დადგენილია ანამნეზის (სამედიცინო ისტორიის) მონაცემებისა და მიმდინარე გამოკვლევის საფუძველზე.
ელსუნ ა–თან გამოვლენილი ინტელექტუალური, ემოციურ-ნებელობითი სფეროსა და პიროვნული ფუნქციონირების დარღვევები არის მდგრადი და მკვეთრად გამოხატული, აღწევს ფსიქიკური დეფექტის ხარისხს, პროგნოზულად არახელსაყრელია და ართმევს მას შესაძლებლობას გააცნობიეროს საკუთარი ქმედებების მნიშვნელობა და მართოს ისინი. აღნიშნული გონებრივი ჩამორჩენილობის მიმდინარეობის მოცემულ ეტაპზე ე.ა–ს ესაჭიროება გარეშე პირთა დახმარება და მის მიმართ მეურვეობის დაწესება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ განხორციელებული რეფორმის შედეგად ქმედუუნარობის ინსტიტუტი საქართველოს სამართლებრივი სივრციდან ამოღებულია და შემოღებულია მხარდაჭერის ინსტიტუტი განსხვავებული სამართლებრივი შინაარსით, სამოქალაქო საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ ა.ა–ის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის სამარის ოლქის ქალაქ ტოლიატის ავტოზავოდსკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 2 თებერვლის N2-734/2022 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, რათა ე.ა. ძე ა–ს არ წარმოექმნას დაბრკოლება იმ უფლებათა განხორციელებაში, რომლისთვისაც მოთხოვნილია უცხო ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ცნობა იმ სამართლებრივი ინსტიტუტის გამოყენების თაობაზე, რომელიც ქართულ სამართლებრივ სივრცეში წინანდელი სახით აღარ არსებობს, თუმცა გათვალისწინებულია მინსკის კონვენციით (იხ. სუსგ №ა-5633-შ-172-2023 14.08.2024 წელი; სუსგ№ა-2812-შ-76-2023 30.10. 2023 წელი).
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით,„სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 51-55-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა.ა–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას რუსეთის ფედერაციის სამარის ოლქის ქალაქ ტოლიატის ავტოზავოდსკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 2 თებერვლის N2-734/2022 გადაწყვეტილება, რომლითაც ცნობილ იქნა ქმედუუნაროდ ე.ა. ძე ა., დაბადებული 29.10.2004 წელს, სამარის ოლქის ქალაქ ტოლიატის მკვიდრი, რეგისტრირებული მისამართზე: ქ. ტოლიატი, .........ქუჩა N17, ბინა N159.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
არჩილ კოჭლამაზაშვილი