დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-766-2026 16 ივლისი, 2026 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - გ.გ–ი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ე–ი (აპელანტი, (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)
არასრულწლოვნები - ბ.გ–ი, ა.გ–ი
მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა,დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონალური ცენტრი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – ქორწინების შეწყვეტა, არასრულწლოვანისთვის საცხოვრებელი
ადგილის განსაზღვრა, (სარჩელით); არასრულწლოვანისთვის საცხოვრებელი
ადგილის განსაზღვრა (შეგებებული სარჩელით)
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის განხილვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. გ.გ–ის (შემდეგში მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე, მამა, ბავშვების მამა, კასატორი ან საკასაციო საჩივრის ავტორი) საკასაციო პრეტენზიით, დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ.ე–ის (შემდეგში მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე, დედა ან ბავშვების დედა) სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის ნაწილში; მოპასუხის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და არასრულწლოვნების, ბ.გ–ისა და ა.გ–ის (შემდგომში ბავშვები ან არასრულწლოვნები) საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის საცხოვრებელი ადგილი; მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოსარჩელის მოთხოვნა ბავშვების სახოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ არ დაკმაყოფილდა; მამას განესაზღვრა ბავშვებთან ურთიერთობა საკომინიკაციო საშუალებებით - შეუზღუდავად, ბავშვების ნების შესაბამისად. არასრულწლოვნების ნახვის დღეები მამას განესაზღვრა შემდეგნაირად: ყოველი კვირის პარასკევს, ბავშვების გრაფიკის გათვალისწინებით, 18:00 საათიდან კვირა დღის 12:00 საათამდე, ბავშვებმა საახალწლო არდადეგების ნახევარი - 1 იანვრიდან 7 იანვრამდე გაატარონ მამასთან, ხოლო მეორე ნახევარი - 8 იანვრიდან 15 იანვრამდე - გაატარონ დედასთან; ასევე, ბავშვების სურვილის გათვალისწინებით, ყოველი არდადეგების პირველი ნახევარი ბავშვებმა გაატარონ დედასთან, ხოლო მეორე ნახევარი - მამასთან.
2. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ ისე განსაზღვრა ბავშვების საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილი, რომ სათანადოდ არ გამოიკვლია დედის მხრიდან არასრულწლოვან ბ.გ–ის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტები (დედა სცემდა შვილს და არ აძლევდა საჭმლის მომზადების უფლებას). სასამართლომ უგულებელყო ბავშვის უფლებების კოდექსი, ასევე დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 376-ე, 380-ე, 382-ე, 383-ე მუხლები.
3. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
3.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 18 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
6. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
7. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია საქმის გადასაწყვეტად მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
7.1. მოსარჩელე და მოპასუხე 2016 წლის 19 დეკემბრიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. თანაცხოვრებისას შეეძინათ ორი შვილი - ბ.გ–ი (დაბადების თარიღი: 23.07.2017წ) და ა.გ–ი (დაბადების თარიღი: 24.04.2020წ);
7.2. 2024 წლის იანვრიდან მოსარჩელე და მოპასუხე არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან მეურნეობას, მათი შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია;
7.3. მხარეებმა თანაცხოვრების შეწყვეტის შემდეგ დამოუკიდებლად განსაზღვრეს შვილებთან ურთიერთობის დრო, თუმცა, შეუთანხმებლობის გამო მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა, ვერ თანხმდებოდნენ არასრულწლოვნებთან დაკავშირებულ საკითხებზე. მხარეთა შორის კონფლიქტური დამოკიდებულებაა;
7.4. ამჟამად, არასრულწლოვნები ცხოვრობენ მამის ოჯახში. მოსარჩელეს ბავშვების გაზრდაში ეხმარება დედა. გორის რაიონ სოფელ ........ მდებარეობს მათი საცხოვრებელი, კერძო ტიპის ერთსართულიანი სახლი, სადაც ბავშვებს აქვთ გამოყოფილი საკუთარი კუთხე. სახლში დაცულია ჰიგიენურ-სანიტარული ნორმები, განთავსებულია საჭირო ავეჯი და ნივთები, კომუნალური პირობები მოწესრიგებულია, უზრუნველყოფილი არიან ყველა საჭირო ტექნიკით;
7.5. არასრულწლოვანი ბ.გ–ი სწავლობს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ........ საჯარო სკოლაში, აქტიურად არის ჩართული სასწავლო პროგრამებში და საგაკვეთილო პროცესში;
7.6. არასრულწლოვნი ა.გ–ი 2024 წლის 24 აგვისტოდან ირიცხება ქალაქ გორის N9 სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების აღსაზრდელთა სიაში;
7.7. ბავშვები არ არიან დაკავებული სპორტული აქტივობებით. არ დადიან სპორტულ ან ცეკვის წრეებზე;
7.8. ბავშვების დედა დასაქმებულია სამშობიარო სახლი და პედიატრიულ საავადმყოფო „ი.კ–ში“ ექთნის პოზიციაზე, ახალშობილთა განყოფილებაში, ყოველ მეოთხე დღეს 16 სათიანი და, უქმე დღეების შემთხვევაში, 24 საათიანი სამუშაო გრაფიკით;
7.9. ბავშვების მამა დასაქმებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მძღოლის პოზიციაზე და მისი ხელფასია 1000 ლარი. გარკვეული პერიოდი (ერთი დღე-ღამე) იმყოფება ქალაქ კასპში. ამ პერიოდში ბავშვებს ყურადღებას აქცევს მოსარჩელის დედა;
7.10. სასამართლო დავალების საფუძველზე მომზადებული მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს 2024 წლის 7 ოქტომბრის დასკვნაში მითითებულია შემდეგი: ორივე ბავშვს კარგი ურთიერთობა აქვთ დედ-მამასთან. ბაშვების სურვილის გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვნებს იდეალური ურთიერთობა აქვთ მამასთან, ბ.გ–ის პოზიციაა, რომ დედასთან დარჩეს და მასთან ერთად იცხოვროს, ხოლო მამასთან წავა სტუმრად. მიზანშეწონილია გათვალისწინებული იქნეს ბ–ეს სურვილი, ვინაიდან ბავშვის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე დაუშვებელია დედმამიშვილების დაშორება, ბავშვების საცხოვრებელ ადგილად უნდა განისაზღვროს დედის საცხოვრებელი ადგილი. დასკვნაში გადმოცემულია ასევე ფსიქოლოგიური კვლევის შედეგები, რომლის თანახმად, ბ.გ–თან რამდენიმე ფსიქო-სადიაგნოსტიკო შეხვედრა განხორციელდა, არასრულწლოვანს არ უჭირდა საუბარი საკუთარი თავის, ინტერესების, აწყმოსა და მომავლის შესახებ, გოგონა არც წარსულში მომხდარი მოვლენების გახსენებასა და ბიოლოგიური ოჯახის შესახებ საუბარზე ამბობდა უარს. ბ–ე დიაგნოსტირების პროცესში ღიაობით და გაწონასწორებულობით გამოირჩეოდა, არ გაურბოდა თვალით კონტაქტს, კითხვებზე პასუხის გაცემისგან თავს არ იკავებდა, პირიქით, ცდილობდა ვრცლად ეპასუხა ფსიქოლოგის მიერ დასმულ შეკითხვებზე, სადაიგნოსტიკო დავალებებს ხალისითა და მოტივირებულად ასრულებდა. არასრულწლოვანის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ამოღება პროაქტიული მეთოდის გამოყენებით და ინტერვიუირებით მოხდა. მას არ ახასიათებს აგრესიულობა არც უფროსების და არც თანატოლების მიმართ. არ გამოხატავს იმპულსურ და ასოციალურ ქცევას. მისთვის უსაფრთხო, მშვიდი და მზრუნველი გარემო პრიორიტეტულია, ეს დადებით ზეგავლენას ახდენს არასრულწლოვანთა ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე. ბ.გ–ი მხიარული, ხალისიანი და გახსნილი გოგონაა, მისი თვითშეფასების დონე ასაკის ნორმის შესაბამისია. არასრულწლოვანს უყვარს ორივე მშობელი, რომლებიც მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი პერსონები არიან. მას გააზრებული აქვს ორივე მათგანის როლის მნიშვნელობა ცხოვრებაში. ამ ეტაპზე არასრულწლოვანს ორივე მშობლის მხრიდან ექმნება პრობლემა მშობლებთან ურთიერთობის და ყოფნის საკითხთან დაკავშირებით (თუ მამასთანაა დედასთან წასვლის პრობლემა, თუ დედასთანაა მამასთან წასვლის პრობლემა). რაც შეეხება საცხოვრებელ ადგილს, ბ.გ–მა ფსიქოლოგთან გასაუბრებისას არაერთხელ განმარტა დედასთან საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის სურვილი, მამასთან კი დასვენების დღეებში ყოფნა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ამჟამინდელი საცხოვრებელი გარემო უსაფრთხო და კომფორტულია, ყველა საჭირო ნივთით და სათამაშოთი სავსე, თვლის რომ „ყველას თავის დედასთან უნდა“. ზოგჯერ დედასთან წასვლაზე უარის თქმის მიზეზად ის სათამაშოებია, რომელიც ........ აქვს. იმ დროს, როცა დასთან ერთად სხვადახვა როლურ თამაშს თამაშობს და დედა წასაყვანად აკითხავს, ვერცერთ სათამაშოს ვერ წაიღებს (არ გაატანენ) დედის საცხოვრებელ მისამართზე, რაც ხდება დედასთან წასვლაზე უარი თქმის მიზეზი. ამავე დასკვნის თანახმად, ა.გ–თან მცირე ასაკის, მისი მისი ინტერესების და სურვილების გათვალისწინებით ფსიქო-სადიაგნოსტიკო მუშაობის განხორციელება ვერ განხორციელდა, ფსიქოლოგთან ინდივიდუალურ გასაუბრებაზე და სადიაგნოსტიკო დავალებების შესრულებაზე უარს აცხადებდა, თუმცა არავერბალური, ქცევით გამოვლინებებზე, ჟესტიკულაციაზე დაკვირვებით გამოიკვეთა თბილი დადებითი ემოციური კავშირი და მიჯაჭვულობა ორივე მშობლის მიმართ;
7.11. სასამართლო სხდომაზე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის განმარტების თანახმად, არასრულწლოვანი ბავშვების სრულყოფილი განვითარებისათვის და მათი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია მათ ურთიერთობა ჰქონდეთ ორივე მშობელთან. ორივე მათგანს შექმნილი აქვს კარგი საყოფაცხოვრებო პირობები. როგორც მამის, ისე დედის ოჯახში შექმნილია ბავშვის განვითარებისთვის უსაფრთხო და კეთილსაიმედო გარემო. ფსიქოლოგმა სხდომაზე ყურადღება გაამახვილა იმ რისკ-ფაქტორებზე, რაც არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ზეგავლენას შეიძლება მოჰყვეს. იკვეთება ფსიქოლოგიური ზეგავლენა როგორც მამის, ისე დედის მხრიდან, რაც უარყოფითად აისახება არასრულწლოვანის ემოციებზე, გადაწყვეტილებებსა და პოზიციებზე. დედასთან ერთად გასაუბრებისას აფიქსირებს, რომ სურს მასთან ცხოვრება, ხოლო მამასთან ერთად ყოფნისას ცდილობს მამისათვის მისაღები პოზიცია დააფიქსიროს, ცდილობს იმ ადამიანის სურვილები გაითავისოს, ვის გარემოცვაშიც იმყოფება. ეს ქმედებები ბავშვს უჩენს გაორებულ ემოციებს, ფსიქოლოგის განმარტებით, ბ.გ–თან მუშაობისას იგი ამბობდა, რომ უნდა დედასთან ცხოვრება, „ყველას თავის დედასთან უნდა“. თუმცა სასამართლო სხდომაზე გამოკითხვისას მან მიუთითა, რომ „გადაწყვეტილება შეცვალა“;
7.12. გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 19 დეკემბრის განჩინებით, მოპასუხე მხარის შუამდგომლობა დროებითი განკარგულების გამოცემის თაობაზე დაკმაყოფილდა, რითაც დროებით მოწესრიგდა დედის არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობის წესი. სასამართლოს მიერ გაცემული დროებითი განკარგულების ფარგლებში, მოპასუხეს მიენიჭა უფლება, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ბავშვების სურვილის შემთხვევაში, არასრულწლოვნები წაეყვანა ყოველი კვირის პარასკევ დღეს, საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ, იმავე კვირის შაბათ დღეს 17:00 საათამდე, მამის საცხოვრებელ ადგილზე (მისამართი, გორის რაიონი, სოფელი ქვემო .....) დაბრუნების ვალდებულებით;
7.13. 2025 წლის 3 ივლისს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ცენტრის მიერ მოსარჩელის მიმართ გამოტანილი იქნა დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ. დადგენილების სამოტივაციო ნაწილით ირკვევა, რომ 04/04/2025 წელს აღსრულების ვალდებული მხარე - მოსარჩელე, ადვოკატთან ერთად და აღსრულებით დაინტერესებული მხარე, მოპასუხე, სააგენტოში გამოცხადნენ დათქმულ დროს. აღსრულებას ესწრებოდა, მათ შორის, ფსიქოლოგი თ.გ–ნი და სოციალური მუშაკი თ.დ–ი. შეხვედრის დაწყებისთანავე ბავშვების მამამ განმარტა, რომ ბავშვები არ გადმოდიოდნენ მანქანიდან და არ უნდოდათ სააგენტოში შესვლა. დედამ ითხოვა, რომ ბავშვებს მანქანაში თავად გასაუბრებოდა, რის შემდგომაც აღსრულების პროცესმა გადაინაცვლა ავტომობილში. დედა-შვილების ურთიერთობაზე დაკვირვების მიზნით ფსიქოლოგმაც და სოციალურმა მუშაკმაც მანქანასთან გადაინაცვლეს. ბავშვებმა, განსაკუთრებით, ა.გ–მა, დედის მიმართ გამოავლინეს დადებითი ემოცია, მაგრამ ბავშვების მამა, ბებია და ადვოკატი (ე.პ–ი) მანქანას გარს უვლიდნენ და დედას ხელს უშლიდნენ ბავშვებთან კომუნიკაციაში, ისინი ბავშვებთან ამყარებდნენ თვალებით კონტაქტს, ბავშვები კი აკვირდებოდნენ მათ ქმედებებს. ქმნიდნენ მკვეთრად არასასიამოვნო, ფსიქოლოგიურად დამთრგუნველ გარემოს, რაც ეწინააღმდეგებოდა, როგორც ბავშვების ინტერესს, ისე სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსს და მიზანს. მათ მითითება მიეცათ, რომ დაეტოვებინათ მანქანის სიახლოვეს პერიმეტრი, რაც არ შეასრულეს. მანქანაში ემოციურად მძიმე და დაძაბული გარემოს გამო დედა-შვილებს არ ეძლეოდათ ნორმალური კომუნიკაციის საშუალება და შეუძლებელი ხდებოდა დადგენილიყო ბავშვების თავისუფალი ნება დედასთან ურთიერთობასთან დაკავშირებით. საჭირო გახდა საპატრულო პოლიციაში დარეკვა. დადგენილების თანახმად, 2025 წლის 4 აპრილს დედა-შვილების შეხვედრის დროს ბავშვების მამა ხელყოფდა დედასა და შვილებს შორის თავისუფალ კომუნიკაციას, ხელს უშლიდა მათ სიმყუდროვეს. კომისია განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს აღნიშნულ დღეს დედა-შვილებს შორის ავტომობილში შეხვედრის ფაქტზე, შეხვედრა დაიწყო დადებითი ემოციებით, თუმცა მას შემდეგ რაც ბ.გ–მა დაინახა მამა, მისი კეთილგანწყობის მოპოვების მიზნით შეცვალა კომუნიკაცია დედასთან. კომისიამ მიიჩნია, რომ არასრულწლოვანის ამდაგვარი ქცევის ცვლილება მიუთითებს მამის ზეგავლენაზე არასრულწლოვნების მიმართ. ბავშვები არიან მამისა და ბებიის ძლიერი ზეგავლენის ქვეშ და არ შეუძლიათ გამოხატონ თავისუფლად პოზიცია, აზრი და სურვილი დედასთან ურთიერთობის შესახებ. დადგენილებაში განმარტებულია, რომ მშობლის მხრიდან ბავშვის მხოლოდ ფიზიკურად მიყვანა არ წარმოადგენს მოთხოვნის სრულფასოვან შესრულებას. მოთხოვნის შესრულებად ჩაითვლება, მათ შორის, ბავშვის ფსიქოლოგიურად მომზადება, მეორე მშობლის მიმართ დადებითად განწყობა და აღსრულების მშვიდ გარემოში წარმართვის ხელშეწყობა და არა პირიქით. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, კომისიამ მიიჩნია, რომ იკვეთებოდა ვალდებული პირის, გ.გ–ის მხრიდან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მოთხოვნის შეუსრულებლობა, რაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 17113-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის (500 ლარის ოდენობით ჯარიმის) დაკისრების საფუძველს წარმოადგენდა;
7.14. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონულმა ცენტრმა 2025 წლის 7 ოქტომბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა და აცნობა, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 19 დეკემბრის დროებითი განკარგულებით დადგენილი ურთიერთობის წესის აღსრულების პროცესი მხარეებს შორის კონფლიქტით წარიმართა, დროებითი განკარგულებით დადგენილი წესის ფარგლებში შეხვედრა შესრულდა მხოლოდ ერთხელ. კერძოდ, 2025 წლის 25 სექტემბერს მოსარჩელე გამოცხადდა სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონულ ცენტრში და განცხადებით დააფიქსირა, რომ ა. და ბ.გ–ებს 26/09/2025 წელს ვერ მოიყვანდა ცენტრში იმ მიზეზით, რომ ბავშვებს ამის სურვილი არ ჰქონდათ, ხოლო თავად ვერაფერს დააძალებდა მათ. წერილში სააგენტოს მიერ გამოთქმულია მოსაზრება, რომ ბავშვების მამა თავს არიდებს თავის ვალდებულების შესრულებას, ცდილობს მტკიცების ტვირთის გადატანას არასრულწლოვნებზე მაშინ, როდესაც მას არაერთხელ განემარტა, რომ არ მოეთხოვება ბავშვები აიძულოს რაიმე სახის მოქმედებაში. მისი ვალდებულებაა უზრუნველყოს, რომ შვილები განაწყოს დედის მიმართ დადებითად და სათანადოდ მოამზადოს აღსრულების პროცესისათვის, ვინაიდან აღსრულების პროცესში წარმატების მიღწევა შეუძლებელია, თუ ბავშვი არ არის ემოციურად და ფსიქოლოგიურად მზად, რაც მთლიანად იმ მშობლის ქმედებაზეა დამოკიდებული, ვისთანაც ბავშვი ცხოვრობს. წერილში ასევე, აღნიშნულია, რომ 29/08/2025 წლის აღსრულების შეხვედრაზე არასრულწლოვანმა, ა.გ–მა სოციალურ მუშაკს, თ.დ–ს განუცხადა, რომ მას სურვილი ჰქონდა მოსულიყო სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონულ ცენტრის შენობაში, რათა სოციალური მუშაკის მიერ მოხდეს ბავშვთან მუშაობა, აღსრულების პროცესის უკეთ წარმართვისათვის. ამავე დღეს არასრულწლოვანმა ა.გ–მა, როდესაც მამა მოსცილდა მანქანას, გამოავლინა დადებითი ემოცია დედის მიმართ. აღნიშნულ ფაქტზე მოსარჩელემ იმ დღესვე დააფიქსირა, რომ იგი რეგიონულ ცენტრში ვერ ატარებდა არასრულწლოვანს. ბავშვების მამა აღსრულების მიზნით აღარ გამოცხადებულა რეგიონულ ცენტრში 2025 წლის 5, 6 და 12 სექტემბერს. მისი განმარტებით, იგი ამ დღეებში მუშაობდა. რეგიონულმა ცენტრმა მოსარჩელეს დაავალა, რომ წარმოედგინა ცნობა იმის შესახებ, რომ მითითებულ დღეებში ნამდვილად მუშაობდა, რისთვისაც განესაზღვრა 10 სამუშაო დღე;
7.15. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ცენტრის 2025 წლის 16 ოქტომბრის წერილით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დამატებით ეცნობა, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 19 დეკემბრის დროებითი განკარგულებით დადგენილი ურთიერთობის წესის აღსრულების ვალდებული მხარის, ბავშვების მამის მიერ 2025 წლის 10 ოქტომბერს კიდევ ერთხელ არ შესრულდა ვალდებულება. 10/10/2015 წელს მოსარჩელე გამოცხადდა სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონულ ცენტრში და განცხადებით დააფიქსირა, რომ ა. და ბ.გ–ებს 10/10/2025 წელს ვერ მოიყვანდა ცენტრში იმ მიზეზით, რომ ბავშვებს ამის სურვილი არ ჰქონდათ, ხოლო თავად ვერაფერს დააძალებდა მათ. სააგენტომ კვლავ გამოთქვა მოსაზრება, რომ მოსარჩელე თავს არიდებს თავის ვალდებულების შესრულებას და ცდილობს მტკიცების ტვირთის გადატანას არასრულწლოვნებზე. წერილში მითითებულია, რომ 10 დღიანი ვადის ამოწურვის მიუხედავად, გ.გ–ს არ წარმოუდგენია რაიმე დოკუმენტაცია, რაც დაადასტურებდა, რომ 5, 6 და 12 სექტემბერს ბავშვების სააგენტოში არ მოყვანა გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ იგი აღნიშნულ დღეებში მუშაობდა.
8. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანია სწორად განსაზღვრა თუ არა ქვედა ინსტანციის სასამართლომ ბავშვების მშობლებთან ურთიერთობის წესი, საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილი და შედის თუ არა იგი არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებში.
9. კასატორი აცხადებს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და ისე განსაზღვრა არასრულწლოვნების საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილი, რომ სათანადოდ არ გამოიკვლია დედის მხრიდან არასრულწლოვან ბ.გ–ის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტები (დედა ცემდა შვილს და არ აძლევდა საჭმლის მომზადების უფლებას).
10. აღნიშნული პრეტენზიის შემოწმების მიზნით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მათ შორის, „ბავშვის უფლებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის კონვენციით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციითა და საქართველოს შიდასაკანონმდებლო აქტებით აღიარებულ მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპზე შვილების მიმართ და ბავშვის უფლებაზე, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.
11. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენცია აწესებს ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია, იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულისა და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში, იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპურველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან, შესაბამის შემთხვევებში, კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.
12. სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასა და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, სადაც განხილულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებები, უპირატესობა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. Elsholz v. Germany, N25735/94, 31.07.2000, პარ. 52; TK and KM v. UK, N 28945/95, 10.05.2001, პარ. 72. შდრ. ასევე, სუსგ №ას-967-916-2015, 25.02.2016წ).
13. ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს. პალატა განმარტავს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესი მშობლებთან თანაბარი ურთიერთობის შესაძლებლობასაც მოიაზრებს და ყურადღებას გაამახვილებს სსკ-ის 1202-ე მუხლზე (მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები). ნორმა მშობელს, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი, უკრძალავს მეორე მშობელთან ურთიერთობის შეზღუდვას. უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დაცული ოჯახური ცხოვრების პატივისცემა გულისხმობს არა მხოლოდ ერთად მცხოვრები ოჯახის წევრების უფლებების დაცვასა და პატივისცემას, არამედ ცალ-ცალკე მცხოვრები ოჯახის წევრებს შორის კავშირის შენარჩუნებაც და ოჯახური გარემოს დაცვის ვალდებულებას ისეთ შემთხვევებშიც, როგორც ეს განსახილველ საქმეშია. ეროვნული სასამართლო ვალდებულია, ხელი შეუწყოს ოჯახური კავშირის აღდგენასა და განმტკიცებას, რაც, უპირველეს ყოვლისა, ბავშვის ჭეშმარიტი და საუკეთესო ინტერესითაა განპირობებული. ოჯახის გაერთიანების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას, არამედ მშობლისა და შვილის მჭიდრო კავშირს, რასაც ყოველმხრივ უნდა შეუწყოს ხელი სასამართლომ, თუკი არ იკვეთება ბავშვის საუკეთესო ინტერესის საწინააღმდეგო წინაპირობა, რადგან მშობლისა და ბავშვის ინტერესთა ბალანსის დაცვის პროცესში, სწორედ ბავშვის ინტერესია ამოსავალი და სახელმძღვანელო სასამართლოსა და ყველა ადმინისტრაციული თუ სხვა ორგანოსათვის, რაც უმეტესწილად გადასწონის მშობლის ინტერესს.
14. ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება მოიცავს ბავშვის უფლების პატივისცემას, თავისუფლად გამოხატოს თავისი მოსაზრება ყველა საკითხზე, რომელიც მასზე ზეგავლენას ახდენს და მის მიერ გამოთქმული მოსაზრებისთვის სათანადო მნიშვნელობის მინიჭებას (იხ. გაეროს ბავშვთა კომიტეტის №12 ზოგადი სახელმძღვანელო კომენტარი).
15. ამავდროულად, როდესაც საკითხი უკავშირდება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და უფლებას მოუსმინონ, გათვალისწინებული უნდა იქნეს ბავშვის განვითარებადი უნარები. ბავშვის უფლებათა კომიტეტის განმარტებით, რაც უფრო მეტი იცის ბავშვმა და მეტი გამოცდილება აქვს და მეტი ესმის, მით უფრო უნდა შეცვალონ მშობლებმა, მეურვეებმა ან ბავშვზე პასუხისმგებელმა სხვა პირებმა მითითებები და დარიგებები - შეხსენებითა და რჩევებით, მოგვიანებით, დამოკიდებულება დამყარდეს აზრთა ურთიერთგაცვლით, თანასწორ საფუძვლებზე. შესაბამისად, ბავშვის მომწიფებასთან ერთად მის მოსაზრებებს მეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს მისი საუკეთესო ინტერესების შეფასებისას. სიმწიფე არის გაგებისა და კონკრეტული საკითხის შეფასების უნარი და ბავშვის ინდივიდუალური შესაძლებლობების შესაბამისად დგინდება. სიმწიფის განსაზღვრა ძნელია; ბავშვის უფლებათა შესახებ კონვენციის მე–12–ე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ეს არის ბავშვის შესაძლებლობები გამოხატოს მოსაზრებები საკითხთან დაკავშირებით გონივრულად და დამოუკიდებლად. ამასთან, ბავშვს აქვს უფლება „თავისუფლად გამოთქვას შეხედულებები“. „თავისუფლად“ ნიშნავს, რომ ბავშვს შეუძლია აზრის გამოხატვა ზეწოლის გარეშე და ასევე ნიშნავს, რომ დაუშვებელია ბავშვით მანიპულირება ან მასზე უსაფუძვლო გავლენა ან ზეწოლა. „თავისუფლად“ შინაგანად დაკავშირებულია ბავშვის „საკუთარ“ მოსაზრებასთან: ბავშვს აქვს უფლება, გამოხატოს საკუთარი მოსაზრებები და არა სხვების აზრები.
16. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს სადავო საკითხთან მიმართებით და საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებების (ფსიქოლოგების განმარტებები და დასკვნები, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლების, ასევე, თავად საპროცესო მხარეთა (მოსარჩელისა და მოპასუხის) ახსნა-განმარტებები) ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად შეცვალა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ.
17. ამ მხრივ, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეში არსებულ სპეციალისტების დასკვნებზე. კერძოდ, ფსიქოლოგ მარი ხარშილაძის განმარტებით, ბავშვებთან შეხვედრა შედგა პირველად და აქედან გამომდინარე, მისთვის რთული იყო დაზუსტებით რამის თქმა, თუმცა მისი, როგორც სპეციალისტის, მოსაზრება ასეთია: გასაუბრების პროცესში ბავშვებისთვის შექმნილი იყო მეგობრული გარემო. არასრულწლოვნები, უმეტესად, ბ–ე შემოდიოდა აქტიურ კომუნიკაციაში, ა. - ნაკლებად, მის ნაცვლად ბ–ე პასუხობდა, რომელიც დაძაბული იყო. ა. თავს არიდებდა ვერბალურ კომუნიკაციას, თუმცა გარკვეულწილად კონტაქტში შემოდიოდა. ერთი შეხედვით, სახეზე იყო საეჭვო ნიშნები იმისა, რომ ბავშვებს წინასწარ ჰქონდათ მომზადებული პასუხები. ბავშვები ერთი პოზიციიდან ლაპარაკობდნენ, არ განმარტავდნენ, ადგილი არ ჰქონდა ლოგიკურ ახსნებს. უმცროსი და იყო ჩაკეტილი, ამასთან უფროსი და - ბ–ე მას არ აცდიდა თავისი მოსაზრებების გადმოცემას, რაც აძლიერებს ეჭვს, რომ ბავშვებმა იცოდნენ რისთვის იყვნენ მოსულები, მომზადებული იყვნენ წინასწარი პოზიციით, ნაშრომებიც ჰქონდათ მოტანილი. მათი მხრიდან აზრის გამოხატვა არ იყო სპონტანური და თავისუფალი (იხ: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 23.10.2025 წლის სხდომის ოქმი).
18. ფსიქოლოგ თ.გ–ნის განმარტებით, იგი ერთი წელია, რაც ამ პროცესშია ჩართული. როდესაც მუშაობა დაიწყო ბავშვებთან, თავდაპირველად ბ–ე აფიქსირებდა, რომ დედასთან უნდოდა ცხოვრება. მას შემდეგ, რაც სასამართლოს გადაეცა დასკვნა იმ რეკომენდაციით, რომ ბავშვების საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრულიყო დედის საცხოვრებელი ადგილი, ბავშვებმა შეწყვიტეს კომუნიკაცია დედასთან და ბ–ემ განაცხადა, რომ არ სურდა დედასთან ცხოვრება. ხოლო როდესაც ა–მ აღსრულების პროცესში გამოხატა სურვილი, რომ უნდოდა დედასთან შეხვედრა და შეხვდებოდა, ზუსტად ამ დღის შემდეგ აღსრულების პროცესი არ ჩატარებულა, რის მიზეზადაც მამა ასახელებდა ხან მოუცლელობას, ხან კი, წერდა განცხადებას, რომ ბავშვებს არ უნდოდათ მოსვლა. აქედან გამომდინარე, სააგენტომ მიიჩნია, რომ ბავშვები არიან მამისა და ბებიის ძლიერი ზეგავლენის ქვეშ და არ შეუძლიათ თავისუფლად გამოხატონ პოზიცია, აზრი და სურვილი დედასთან ურთიერთობასთან დაკავშირებით. სააგენტომ მამას განუმარტა, რომ ბავშვის მხოლოდ ფიზიკურად მოყვანა არ წარმოადგენდა აღსრულების მოთხოვნის სრულფასოვან შესრულებას. მას, როგორც მშობელს, ეკისრებოდა ბავშვის ფსიქოლოგიურად მომზადების, მეორე მშობლის მიმართ დადებითად განწყობის ვალდებულება, აღსრულების მშვიდ გარემოში წარმართვის ხელშეწყობის ვალდებულება, რაც არ შეასრულა. აღნიშნულის გამო მას ადმინისტრაციული სახდელიც დაეკისრა.
19. საკასაციო სასამართლო, ასევე, ყურადღებას მიაქცევს მოსარჩელისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ცენტრის 2025 წლის 3 ივლისის დადგენილების შინაარსს, რომლის სამოტივაციო ნაწილით ირკვევა, რომ 2025 წლის 4 აპრილს დედა-შვილების შეხვედრის დროს ბავშვების მამა ხელყოფდა დედასა და შვილებს შორის თავისუფალ კომუნიკაციას, ხელს უშლიდა მათ სიმყუდროვეს. დედა შვილებს შეხვდა ავტომობილში, შეხვედრა დაიწყო დადებითი ემოციებით, თუმცა, მას შემდეგ რაც ბ.გ–მა დაინახა მამა, მისი კეთილგანწყობის მოპოვების მიზნით შეცვალა კომუნიკაცია დედასთან. კომისიამ მიიჩნია, რომ არასრულწლოვანის ამდაგვარი ქცევის ცვლილება მიუთითებს მამის ზეგავლენაზე არასრულწლოვნების მიმართ. ბავშვები არიან მამისა და ბებიის ძლიერი ზეგავლენის ქვეშ და არ შეუძლიათ გამოხატონ თავისუფლად პოზიცია, აზრი და სურვილი დედასთან ურთიერთობის შესახებ.
20. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით, დედასთან ერთად გასაუბრებისას ბ.გ–ი ამბობს, რომ სურს დედასთან ცხოვრება - „ყველას თავის დედასთან უნდა“, ხოლო მამასთან ერთად ყოფნისას ცდილობს მამისათვის მისაღები პოზიცია დააფიქსიროს. სასამართლო სხდომაზე გამოკითხვისას კი მან მიუთითა, რომ „გადაწყვეტილება შეცვალა“. სააგენტოს წარმომადგენლის განცხადებით, ბ–ეს შეცვლილი პოზიცია მამის ძლიერი ზეგავლენის შედეგია.
21. მითითებული დასკვნების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ დედის მიმართ ბავშვების განწყობასა და მასთან ურთიერთობის სურვილის ფორმირებაზე ზეგავლენას ახდენს არასრულწლოვნების თანდასწრებით მამისა და ბებიის მხრიდან გამოვლენილი არასახარბიელო ქცევები, ბავშვები მათი (მამისა და ბებიის) მხრიდან განიცდიან ძლიერ ზეგავლენას და მამა არათუ ხელს უწყობს დედა-შვილების ჰარმონიულ ურთიერთობას, არამედ, პირიქით, ნეგატიურ გავლენას ახდენს მათზე და ხელს უშლის ამ ურთიერთობების ფორმირებას, რის გამოც, არასრულწლოვნებს მნიშვნელოვნად აქვთ შეზღუდული აზრისა და სურვილის დამოუკიდებლად გამოხატვის შესაძლებლობა. ამასთან, არ დასტურდება რაიმე გარემოება რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას არასრულწლოვნების საუკეთესო ინტერესებს (ბავშვების დედასთან საცხოვრებლად გადასვლისას) და უარყოფითად იმოქმედოს მათ განვითარებაზე.
22. საკასაციო პალატა უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლოს სათანადოდ არ გამოუკვლევია დედის მხრიდან ბ.გ–ის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტები. კასატორის აღნიშნული პრეტენზია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, რაიმე მტკიცებულებით გამყარებული არ არის, ხოლო იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარდგენილი შესაბამისი დარგის სპეციალისტების მიერ გაცემული დასკვნებით ნათლად ჩანს სადავო საკითხის მიმართ, როგორც ბავშვების, ასევე მშობლების პოზიცია, სათანადოდაა გამოკვლეული ბავშვების სურვილებზე გავლენის მომხდენი ფაქტორები, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორის ზემოაღნიშნული პრეტენზია ვერ მიიჩნევა იმგვარ დასაშვებ და დასაბუთებულ პრეტენზიად, რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებების გაბათილებისა და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ბავშვთან ურთიერთობის უფლება მშობელს, რომელთანაც შვილი არ ცხოვრობს, არათუ უნარჩუნდება, არამედ ის ვალდებულიცაა, შვილთან ურთიერთობა ჰქონდეს, რომელიც ეფექტიანი, ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე ორიენტირებული და მის საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებაზე უნდა იყოს დაფუძნებული. ბავშვს არა მხოლოდ აქვს უფლება, იზრდებოდეს და ვითარდებოდეს ჯანსაღ, მასზე მზრუნველ და უსაფრთხო გარემოში, ამასთან, მისი უფლებაა, დაცული იქნეს ყველა ისეთი შესაძლო ქმედებისაგან, მათ შორის მშობლის ქმედებისგანაც, რომელიც ბავშვის ფსიქოემოციური განვითარებისა და მისი ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველია. ბავშვისთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ მას შეუნარჩუნდეს მისი ურთიერთობა მასთან არმცხოვრებ მშობელთანაც, რათა გაძლიერდეს ერთჭერქვეშ არმყოფი მშობლის მონაწილეობა და მისი აქტიური ჩართულობა ბავშვის ცხოვრებაში (შეად. სუსგ-ებს: N ას-63-59-2017, 13.11.2018წ.; N ას-1837-2019, 16.06.2020წ ; N ას- 440-2020, 13.04.2021წ; N ას-434-2021, 30.07.2021წ.).
24. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო სავსებით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოკვლეულ და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც ემყარება საქმეში წარდგენილ სპეციალისტთა დასკვნებს (რომლებიც, თავის მხრივ ემყარება როგორც ბავშვებთან, ასევე მშობლებთან გასაუბრების შედეგად გაკეთებულ დასკვნებს) და მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება სწორედ არასრულწლოვანი ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით არის მიღებული.
25. საკასაციო პალატა თვლის, რომ დავის განხილვისას სააპელაციო პალატამ მართებულად გამოიყენა და განმარტა კანონი, ასევე მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის. კასატორი ვერც ისეთ საპროცესო დარღვევაზე მიუთითებს, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
26. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
28. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.გ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. გ.გ–ს (პ.ნ. ..........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი (საგადასახადო დავალება (მოთხოვნა, ოპერაციის ID) N506885; გადახდის თარიღი: 04.11.2025) 350 ლარის 70% - 245 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
ა. კოჭლამაზაშვილი