დაკმაყოფილდა ნაწილობრივ

სამოქალაქო 09.07.2026
საქმის ნომერი
ას-1017-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
09.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-1017-2025 9 ივლისი, 2026 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ვ.დ–ძე, შპს „ი–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ვ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე ურის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის არსებითი განხილვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მაისის განჩინებით შპს „ი–ისა“ (შემდგომში მოპასუხე, პირველი მოპასუხე ან მოპასუხე კომპანია) და ვ.დ–ძის (შემდგომში მოპასუხე, მეორე მოპასუხე, ორივე მათგანი ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხეები, კასატორები ან საკასაციო საჩივრის ავტორები) სააპელაციო საჩივარი შპს „ვ–ის“ (შემდგომში მოსარჩელე ან მოსარჩელე კომპანია) მიმართ არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელე და მოპასუხე კომპანიებს შორის 2018 წლის 31 მაისს დადებული ხელშეკრულება ვალის, 400 000 აშშ დოლარის აღიარების შესახებ, ასევე, 2018 წლის ხელშეკრულება ვალის, 492 378 ლარის აღირების შესახებ.

2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. მოსარჩელე კომპანია 2004 წლის 2 დეკემბრიდან რეგისტრირებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში;

2.2. კომპანიის 2015 წლის 2 ნოემბრის დამფუძნებელ პარტნიორთა კრების ოქმით N1-2015 საზოგადოების დირექტორობიდან გათავისუფლდა თ.გ–ძე და ამ თანამდებობაზე დაინიშნა გ.ჯ–ი;

2.3. 2015 წლის 24 დეკემბრის წილის დათმობის ხელშეკრულებით, ზ.უ–ძეს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა მოსარჩელე კომპანიის 100%-იანი წილი გ.ჯ–ისაგან;

2.4. აღნიშნული პერიოდიდან გარდაცვალებამდე (2018 წლის 19 იანვარი), ზ.უ–ძე იყო მოსარჩელე კომპანიის ერთადერთი პარტნიორი და 100% წილის მესაკუთრე, ხოლო დირექტორი - ვ.დ–ძე (მეორე მოპასუხე);

2.5. მოსარჩელე კომპანიის 2015 წლის 2 ნოემბრის წესდების მესამე მუხლის 3.1 პუნქტით, საზოგადოების უმაღლეს მმართველობით ორგანოს წარმოადგენდა პარტნიორთა კრება. ამავე მუხლის 3.6 პუნქტის „ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, პარტნიორთა კრება იღებდა გადაწყვეტილებას ვალდებულებების აღებაზე, რომლებიც ცალკე ან მთლიანად აღემატებოდა საზოგადოების აქტივების ღირებულების 50%-ს. ამავე მუხლის 3.7. პუნქტის მიხედვით, ყველა გადაწყვეტილება, რომელთა მნიშვნელობა სცილდებოდა საზოგადოების ჩვეულებრივ საქმიანობას, მოითხოვდა ყველა პარტნიორის მონაწილეობით ჩატარებული კრების გადაწყვეტილებას. ამავე მუხლის 3.8 პუნქტით კრების მოწვევა არ იყო აუცილებელი, როცა ყველა პარტნიორი წერილობით დაეთანხმებოდა განსახილველ საკითხს. წერილობითი თანხმობა კრების ოქმის ტოლფასი იყო და ითვლებოდა კრების გადაწყვეტილებად;

2.6. წესდების 4.3 პუნქტის შესაბამისად, დირექტორის ხელმძღვანელობის უფლება გულისხმობდა უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღების უფლებას;

2.7. 2016 წლის 12 აგვისტოს, მოსარჩელე და მოპასუხე კომპანიებს შორის დაიდო მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, რომლითაც მოთხოვნის დამთმობმა მოთხოვნის შემძენს დაუთმო თავისი მოთხოვნის უფლება, რომელიც მას გააჩნდა ქ. თბილისში, ...... ქუჩაზე მიწისქვეშა ავტოსადგომის შესასვლელის მიმდებარედ/ქ. თბილისი, ........ ქუჩაზე ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარედ მიწისქვეშა ავტოსადგომთან მისასვლელი გზის გადაღმა არსებულ მისამართზე უძრავ ნივთებზე, რომელთა საკადასტრო კოდებია: ..........., ............., ............, ............, ............, ............, ................, ..............., ..........., ............., ................, ..............., ............, ..........., ............, ..........., .............., ............., ............., ............., ............., ............., .............., .............., ............, ................, ........., ..........., .............., ........., ........., ..........., .........., ............., ..........., ............, ............, .........., ........., ..........., ..........., ..., .........., ..........., ........, ..........., ..........., ............, ..........., ........., ............, ..........., .............., ;

2.8. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ვინაიდან მოთხოვნის დამთმობმა 1.1 პუნქტში ასახულ მისამართზე ვერ განახორციელა მშენებლობა, ვერ შეასრულა მესამე პირებთან ნაკისრი ვალდებულება, იგი თანახმა იყო უსასყიდლოდ დაეთმო მოთხოვნის შემძენისათვის თავისი მოთხოვნის უფლება იმ პირობით, რომ მოთხოვნის შემძენი ამავე მისამართზე ააშენებდა მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს, სამშენებლო ტექნოლოგიებისა და ნორმატივების დაცვით;

2.9. 2016 წლის 12 აგვისტოს შემდეგ მოსარჩელეს თბილისში, .......... ქ. N2 („გ“)-ში სამშენებლო სამუშაოები აღარ უწარმოებია;

2.10. უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, .......... ქუჩა N2 „გ’’ ავტოსადგომი (მშენებარე) -6.6. ნიშნული, ფართი 1753.20 კვ.მ. საკადასტრო კოდი ........, საკუთრების უფლებით ირიცხებოდა თ.მ–ძის სახელზე;

2.11. 2018 წლის 4 იანვარს მოსარჩელე კომპანიასა და თ.მ–ძეს შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც უძრავი ქონება მდებარე მისამართზე თბილისი, ........ ქუჩა N2 „გ’’ ავტოსადგომი (მშენებარე) -6.6. ნიშნული, 1753.20 კვ.მ ფართი (საკადასტრო კოდი ..........) მოსარჩელემ შეიძინა 129800 აშშ დოლარად;

2.12. ხელშეკრულებით მხარეებმა დაადასტურეს, რომ მისი ძალაში შესვლის მომენტისათვის გამყიდველს მყიდველისაგან მიღებული ჰქონდა 129 800 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, რაც სს ს.ბ–ის მიერ გაცემული დოკუმენტით დასტურდებოდა;

2.13. 2018 წლის 4 იანვარს მოპასუხე კომპანიის სს „თ.ბ–ის’’ ანგარიშიდან ვ.კ–ძის მიერ შიდასავალუტო ბაზარზე ეროვნული ვალუტის შესაძენის დანიშნულებით გატანილია 141600 აშშ დოლარი;

2.14. 2018 წლის 1 იანვრით დათარიღებული საქონლის მიწოდების ხელშეკრულებით, შპს „კ.მ–ი’’ (მიმწოდებელი), მოსარჩელე (მყიდველი) და მოპასუხე (მესამე პირი) შეთანხმდნენ, რომ მიმწოდებელი უზრუნველყოფდა 102404 ტონა არმატურის მყიდველისათვის მიწოდებას, მესამე პირის მიერ საქონლის ღირებულების მიმწოდებლის სასარგებლოდ ანაზღაურების სანაცვლოდ;

2.15. ხელშეკრულების 3.1. პუნქტით, მიმწოდებელი მყიდველს საქონელს მიაწვდიდა არაუგვიანეს 2018 წლის 1 თებერვლისა;

2.16. ხელშეკრულების 5.1. პუნქტის შესაბამისად, საქონლის ღირებულება შეადგენდა 175422.73 ლარს, დღგ-ს ჩათვლით. ხელშეკრულების 5.2. პუნქტით, საქონლის ღირებულება უნდა ანაზღაურებულიყო საქონლის მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების მეშვეობით მესამე პირის მიერ მყიდველის სასარგებლოდ, უნაღდო ანგარიშსწორებით თანხის გადახდისას, თანხა ჩარიცხული უნდა ყოფილიყო მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე. აღნიშნულ ხელშეკრულებას მოსარჩელე კომპანიის სახელით ხელს აწერს დირექტორი ვ.დ–ძე, ხოლო მოპასუხე კომპანიის სახელით, დირექტორი ვ.კ–ძე;

2.17. 2018 წლის 17 აპრილს მოპასუხე კომპანიის საბანკო ანგარიშიდან შპს „კ.მ–ის’’ საბანკო ანგარიშზე მიწოდებული მასალისაგან დავალიანების დაფარვის მიზნით გადაირიცხა 175422.75 ლარი;

2.18. ზ.უ–ძე გარდაიცვალა 2018 წლის 19 იანვარს. 2018 წლის 3 აგვისტოს სამკვიდრო მოწმობით ნინო უგრეხელიძემ, როგორც ზ.უ–ძის პირველი რიგის მემკვიდრემ (მეუღლემ), საკუთრებაში სრულად მიიღო მამკვიდრებლის დანაშთი ქონება, რომელიც წარმოადგენდა როგორც უფლებების (მოძრავი და უძრავი ნივთები, მიუღებელი ხელფასი, პენსია, აქციები, ანაბრები და სხვა), ასევე მოვალეობების (მამკვიდრებლის ვალდებულებები მესამე პირთა მიმართ, მიღებული სამკვიდრო ქონების ფარგლებში და სხვა) ერთობლიობას;

2.19. ნინო უგრეხელიძემ, როგორც ზ.უ–ძის პირველი რიგის მემკვიდრემ, საკუთრებაში მიიღო მოსარჩელე კომპანიის 100%-იანი წილი და 2018 წლის 7 აგვისტოდან არის ამავე სამეწარმეო საზოგადოების დირექტორი.

2.20. 2018 წლის 31 მაისს, ერთი მხრივ, მოპასუხე კომპანიასა და, მეორე მხრივ, მოსარჩელე კომპანიას შორის დაიდო ვალის აღიარების ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ აღიარა, რომ მას გააჩნდა მოპასუხე კომპანიის ვალი 400 000 აშშ დოლარი და იკისრა მისი დაუყოვნებლივ დაფარვის ვალდებულება, წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებისთანავე. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებაზე ხელმოწერით, მოვალე სადავოდ არ ხდიდა ამ მუხლში მითითებულ თანხაზე კრედიტორის მოთხოვნის უფლებას. აღნიშნულ ხელშეკრულებას მოსარჩელე კომპანიის სახელით ხელს აწერს დირექტორი ვ.დ–ძე (მეორე მოპასუხე), ხოლო მოპასუხე კომპანიის სახელით - დირექტორი ვ.კ–ძე;

2.21. 2018 წლის 21 ივნისს, ერთი მხრივ, მოპასუხე კომპანიასა და, მეორე მხრივ, მოსარჩელეს შორის დაიდო ვალის აღიარების ხელშეკრულება. ხელშეკრულების მე-2 მუხლის შესაბამისად, მოსარჩელემ აღიარა, რომ მას გააჩნდა მოპასუხე კომპანიის ვალი 492 378 ლარის ოდენობით და იკისრა მისი დაუყოვნებლივ დაფარვის ვალდებულება, წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებისთანავე. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებაზე ხელმოწერით, მოვალე სადავოდ არ ხდიდა ამ მუხლში მითითებულ თანხაზე კრედიტორის მოთხოვნის უფლებას. ხელშეკრულებას მოსარჩელე კომპანიის სახელით ხელს აწერს დირექტორი ვ.დ–ძე (მეორე მოპასუხე), ხოლო მოპასუხე კომპანიის სახელით - დირექტორი ვ.კ–ძე;

2.22. „დავალიანების გადახდევინების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 18 ივნისის ბრძანებით, მოსარჩელე კომპანიას დაეკისრა დავალიანების გადახდა 400 000 აშშ დოლარისა და 100 ლარის ოდენობით, მოპასუხე კომპანიის სასარგებლოდ. გამარტივებული წარმოების დაწყების საფუძველი გახდა 2018 წლის 31 მაისის ვალის აღიარების ხელშეკრულება;

2.23. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 29 ივნისის დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებით, მოსარჩელეს მოპასუხე კომპანიის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების გადახდა 492 478 ლარი. გამარტივებული წარმოების დაწყების საფუძველი გახდა 2018 წლის 21 ივნისის ვალის აღიარების ხელშეკრულება;

2.24. 2018 წლის 5 ივლისს კერძო აღმასრულებელმა ზაალ ფირცხალაშვილმა მოსარჩელე კომპანიის დირექტორს ვ.დ–ძეს გაუგზავნა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, სადაც მითითებული იყო, რომ მოსარჩელის დავალიანება მოპასუხე კომპანიის წინაშე შეადგენდა 492 478 ლარს. ამასთან, მოვალეს განემარტა, რომ მის მიმართ გატარდებოდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, კერძოდ, დაყადაღდებოდა საბანკო ანგარიშები, აღიწერებოდა, დაყადაღდებოდა და შეფასებოდა კომპანიის საკუთრებაში არსებული ქონება და ქონებაზე ყადაღის დადებიდან ერთი თვის ვადაში ჩატარდებოდა პირველი იძულებითი აუქციონი;

2.25. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 20 სექტემბრის განკარგულებით, მოვალის (მოსარჩელის) საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების (მდებარე მისამართზე თბილისი, ......... ქუჩა N2 „გ’’ ავტოსადგომი (-6.6 ნიშნული), საკადასტრო კოდი .........) მესაკუთრე 2018 წლის 12 სექტემბერს დასრულებულ იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა მოპასუხე კომპანია, რომელმაც უძრავი ქონება შეიძინა 209400 ლარად;

2.26. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 24 ოქტომბრის განკარგულებით, მოვალის (მოსარჩელის) საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების (მდებარე მისამართზე თბილისი, .......... ქუჩა N2 „გ’’ სართული 13, ბინა N67, საკადასტრო კოდი ..........) მესაკუთრე 2018 წლის 19 ოქტომბერს დასრულებულ იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა მოპასუხე კომპანია, რომელმაც უძრავი ქონება შეიძინა 16750 ლარად;

2.27. სს თ.ბ–ში მოსარჩელის სახელზე გახსნილ ანგარიშზე 2016 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 6 აპრილის ჩათვლით ბრუნვა (ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა ან/და ანგარიშიდან თანხის გატანა) არ ფიქსირდება. ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიის საწყისი ნაშთია - 0;

2.28. სს ს.ბ–ში’ მოსარჩელის სახელზე გახსნილ ანგარიშზე 2017 წლის 1 სექტემბრიდან 2018 წლის 10 იანვრის ჩათვლით ბრუნვა (ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა ან/და ანგარიშიდან თანხის გატანა) არ ფიქსირდება. ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიის საწყისი ნაშთია - 0;

2.29. შპს „ი–ის’’ 2018 წლის 17 ივლისის საშემფასებლო ანგარიშით უძრავი ქონების მდებარე მისამართზე თბილისი, ქუჩა ........ N2 „გ’’, ბინა N67, საკადასტრო კოდი - ........., ფართი 163.76 კვ.მ., საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 335000 ლარი, ხოლო უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე თბილისი, ........... ქუჩა N2 „გ’’, საკადასტრო კოდი .........., ფართი 1753.2 კვ.მ., საბაზრო ღირებულებამ - 698000 ლარი;

2.30. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია წინამდებარე საქმის მოსარჩელის, შპს „ვ–ის’’ სარჩელი მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 20 სექტემბრის NA18086111-016/001 და 2018 წლის 24 ოქტომბრის N A18086111-016/002 განკარგულებების ბათილად ცნობის თაობაზე;

2.31. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-7 განყოფილების წარმოებაშია სისხლის სამართლის N007051018004 საქმე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტით. აღნიშნული წარმოების ფარგლებში ყადაღა დაედო მოპასუხე კომპანიის საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებას (საკადასტრო კოდი: .......... და ........);

3. სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა სადავო ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულებების ნამდვილობაზე და გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ სასამართლოს ევალებოდა, დაედგინა სადავო ხელშეკრულებების დადებისას მხართა ნამდვილი ნება მიმართული იყო მათ შორის არსებული ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი ფულადი ვალდებულების ოდენობის დადგენისა და მისი გადახდით ამ ვალდებულებების შეწყვეტის სამართლებრივი შედეგის მიღწევის თუ ამ ხელშეკრულებებში დეკლარირებული სიმულირებული ნებით სარჩელში მითითებული მართლსაწინააღმდეგო განზრახვის განსახორციელებლად. ამ თვალსაზრისით კი, სასამართლოს აზრით, გამოსაკვლევი იყო სადავო ვალის აღიარების ხელშეკრულებების დადების დროისთვის არსებობდა თუ არა მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობები და ერიცხებოდა თუ არა მოსარჩელეს მოპასუხე კომპანიის წინაშე ამ ვალდებულებებიდან წარმოშობილი ვადამოსული ფულადი ვალდებულებები.

4. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ როგორც მოსარჩელე მიუთითებდა, სადავო ვალის აღიარების ხელშეკრულებების რეალური მიზანი მოსარჩელე კომპანიის სახელზე რიცხული უძრავი ნივთების მოპასუხე კომპანიის საკუთრებაში გადასვლა იყო, რისი განხორციელებაც შესაძლებელი გახდა მოსარჩელის ერთადერთი პარტნიორისა და 100% წილის მესაკუთრე ზ.უ–ძის გარდაცვალების შემდეგ, კერძოდ, ამ საწარმოს მაშინდელმა დირექტორმა ვ.დ–ძემ (მეორე მოპასუხემ) ისარგებლა რა ამ გარემოებით, მოპასუხე კომპანიის სასარგებლოდ აღიარა არარსებული ვალები დაუყოვნებლივ გადახდის პირობით და ამ უკანასკნელს მისცა საშუალება მოპასუხე კომპანიის უძრავი ქონების ხელში ჩასაგდებად.

3. აღნიშნულის საპირისპიროდ კი, მოპასუხე/აპელანტი უთითებდა, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულებების დადების დროისათვის, მოსარჩელეს მოპასუხე კომპანიის წინაშე გააჩნდა ვადამოსული ვალდებულება მოსარჩელესა და თ.მ–ძეს შორის 2018 წლის 4 იანვარს დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 141600 აშშ დოლარის ოდენობით და 2018 წლის 1 იანვარს შპს „კ.მ–ს’’, მოსარჩელესა და მოპასუხე კომპანიას შორის დადებული სამმხრივი შეთანხმებიდან გამომდინარე - 175422.73 ლარის ოდენობით; ასევე, იყო სხვა ვალდებულებებიც, რომელთა შესახებაც, - მათი განმარტებით, წერილობითი მტკიცებულებები არ არსებობს.

4. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულ მხართა შეჯიბრებითობის პრინციპზე, ასევე იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით და საქმეში არსებული მტკიცებულებების (2018 წლის 4 იანვრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების (რომლის მიხედვითაც, თ.მ–ძემ 129 800 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, მოსარჩელეს საკუთრებაში გადასცა უძრავი ქონება (მდებარე მისამართზე - თბილისი, ........ ქუჩა N2 „გ’’ ავტოსადგომი (მშენებარე) - ნიშნული, ფართი 1753.20 კვ.მ. საკადასტრო კოდი .........), სალაროს გასავლის ორდერის (2018 წლის 4 იანვარს სს „თ.ბ–ში’’ მოპასუხე კომპანიის ანგარიშიდან ვ.კ–ძის მიერ შიდასავალუტო ბაზარზე ეროვნული ვალუტის შესაძენად 141 600 აშშ დოლარის გატანის შესახებ), ასევე, საქმეზე მოწმის სახით დაკითხული პირის ჩვენების (მოწმე თ.მ–ძის განმარტებით, თბილისში, .......... ქუჩა N2 „გ’’-ში მას ჰქონდა შეძენილი ორი ავტოსადგომი. ვინაიდან, მოსარჩელე კომპანიამ სამშენებლო სამუშაოების შესრულება ვერ შეძლო, ამხანაგობა „მ–ი’’ (მიწის ნაკვეთის მესაკუთრე) იძულებული გახდა მოეძიებინა ინვესტორი, მოპასუხე კომპანია. მოწმემ აღნიშნა, მან ორივე ავტოსადგომი მიჰყიდა აღნიშნულ კომპანიას’’, თუმცა ამ უკანასკნელის გადაწყვეტილებით ერთი ავტოსადგომი გაფორმდა მოსარჩელის სახელზე დროებით, რათა ამ კომპანიას გაადვილებოდა დღგ-ს გადახდა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მას ნასყიდობის ღირებულება - 129800 აშშ დოლარი ვ.კ–ძემ აუნაზღაურა, რომელმაც თანხა სს „თ.ბ–ის’’ იუსტიციის სახლის ფილიალიდან გამოიტანა და თ.მ–ძეს ხელზე გადასცა, რომელმაც ეს თანხა იმ დღესვე სს „ს.ბ–ის’’ საკუთარ ანგარიშზე ჩარიცხა. ნაღდი ფულის აღება მოწმის მოთხოვნა იყო, რადგან ანგარიშზე თანხის შეტანისას, ბანკს პროცენტი არ ჩამოეჭრა. მოწმემ აღნიშნა, რომ ზ.უ–ძე მოსარჩელისთვის ფართის გადაფორმების პროცესს არ ესწრებოდა და იქ მხოლოდ დირექტორი, ვ.დ–ძე იმყოფებოდა; მშენებარე ფართების მოპასუხე კომპანიისთვის გადაფორმების შემდეგ მოსარჩელეს მშენებლობა თბილისში, ........ ქუჩა N2 „გ’’-ში აღარ უწარმოებია. მოწმისთვის უცნობია ნასყიდობის საფასური მას ვ.კ–ძემ, როგორც ფიზიკურმა პირმა ისე გადასცა, თუ როგორც მოპასუხე კომპანიის წარმომადგენელმა) საფუძველზე დაასკვნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არ მოიპოვება წერილობითი ხელშეკრულება ნასყიდობის საფასურის დასაფარად მოპასუხე კომპანიის მიერ მოსარჩელე კომპანიისთვის თანხის სესხად გაცემის თაობაზე. ზეპირი ფორმით დადებული სესხის ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელი თავისებურების გათვალისწინებით კი, ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად საკმარისი მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები არ არის. მოწმის ჩვენებასთან ერთად აუცილებელია საქმეში წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებებით დადასტურდეს სადავო ფაქტი. ასეთად სააპელაციო პალატამ არ მიიჩნია 2018 წლის 4 იანვრის სალაროს გასავლის ორდერი, რადგან აღნიშნული საბუთის თანახმად, ვ.კ–ძის მიერ შიდასავალუტო ბაზარზე ეროვნული ვალუტის შესაძენად გატანილია 141600 აშშ დოლარი და არა ნასყიდობის ღირებულება, 129800 აშშ დოლარი. შესაბამისად, არც თანხის ოდენობა და არც დანიშნულება არაა თანხვედრაში მოპასუხე მხარის მიერ მითითებულ გარემოებებთან.

5. საბოლოოდ, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მტკიცებულების არარსებობის პირობებში, მხოლოდ მოწმის ჩვენებით ვერ დადგინდებოდა მოსარჩელე და მოპასუხე კომპანიებს შორის ხელშეკრულების არსებობის ფაქტი.

6. აღნიშნული გარემოების დადგენისას, სასამართლომ სათანადო მტკიცებულებად ასევე არ მიიჩნია სისხლის სამართლის საქმეზე მოწმედ დაკითხული მოსარჩელე კომპანიის დირექტორის, ვ.კ–ძისა და ვ.დ–ძის (მეორე მოპასუხის) ჩვენებები და გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მითითება, რომ სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხული პირის ჩვენება არ წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით მოწმის ჩვენების ტოლფას მტკიცებულებას.

7. სააპელაციო სასამართლომ ასევე შეაფასა, სადავო გარიგებების დადებას ხომ არ გააჩნდა არასახელშეკრულებო კანონისმიერი საფუძველი (კერძოდ, მოპასუხე კომპანიამ თ.მ–ძის წინაშე შეგნებულად ან შეცდომით ხომ არ შეასრულა მოსარჩელე კომპანიის ფულადი ვალდებულება, რაც მოპასუხე კომპანიას უსაფუძვლო გამდიდრების წესების საფუძველზე მოთხოვნის უფლებას, ხოლო მოსარჩელეს, თავის მხრივ, ამ ვალდებულების აღიარებისა და მისი შესრულების უფლებას მიანიჭებდა.

8. სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მითითება, რომ მოცემული გარემოებები ქმნის დანახარჯების კონდიქციის შემადგენლობას (სსკ-ს 986-987-ე მუხლები). ამასთან, უტყუარად არ დასტურდება ის გარემოება, რომ მოპასუხე კომპანიასა და თ.მ–ძეს შორის დადებული 2018 წლის 4 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხე კომპანიის მიერ შესრულდა მოსარჩელის ფულადი ვალდებულება და თ.მ–ძისთვის გადახდილი იქნა ნასყიდობის საფასური 29 800 აშშ დოლარი.

9. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ განსახილველი დავისას, თავად მოპასუხე მხარემ არაერთხელ დაადასტურა, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულებების დადების დროისათვის მოსარჩელე კომპანიას არანაირი თანხა არ ჰქონდა და იგი სრულიად უქონელი, გაკოტრების პირას მისული იყო. შესაბამისად, სადავო ხელშეკრულებების პირობა, რომ აღიარებული მთლიანი ვალი მოსარჩელეს უნდა გადაეხადა, არა გარკვეული გრაფიკით და/ან რაიმე გონივრულ ვადაში, არამედ - დაუყოვნებლივ, მხოლოდ ამ გარიგებების მოჩვენებითობას ადასტურებს. სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმასაც, რომ კერძო აღმასრულებლის მიერ წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ გაეგზავნა მოსარჩელის იმჟამინდელ დირექტორს ვ.დ–ძეს, რომელმაც იგი უპასუხოდ დატოვა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ რაიმე გადაუდებელი აუცილებლობა, რომ მოსარჩელეს უფრო მეტი მოცულობის ზიანი მიადგებოდა ამ ვალის არაღიარების გარეშე, ასევე არ არსებობდა.

10. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების (მათ შორის, იმის გათვალისწინებით, რომ სისხლის სამართლის საქმეზე ვ.კ–ძისა (მოპასუხე კომპანიის დირექტორი) და ვ.დ–ძის ჩვენებების თანახმად, ამ პირებს წლებია ერთმანეთთან აკავშირებთ ახლო მეგობრული და ნათესაური ურთიერთობა (კერძოდ, ვ.დ–ძე არის ვ.კ–ძის შვილის ნათლია)) ერთობლივად შეფასების შედეგად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ არანაირი სამართლებრივი წინაპირობა - იურიდიული საფუძველი - მოსარჩელის მიერ მოპასუხე კომპანიის წინაშე სადავო ვალის აღიარების ხელშეკრულებების დადებისათვის არ არსებობდა, რამდენადაც 2018 წლის 31 მაისისა და 2018 წლის 21 ივნისის მდგომარეობით, მოსარჩელე და მოპასუხე კომპანიებს შორის რაიმე სახის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოშობილი არ ყოფილა და მოპასუხეს ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება არ გააჩნდა მოსარჩელის მიმართ. შესაბამისად, სადავო ხელშეკრულებები, მის თანმდევ იურიდიულ პროცედურებთან ერთად, წარმოადგენდა მოსარჩელე კომპანიის სახელზე რიცხული უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი ......... და ..........) მოპასუხე კომპანიის საკუთრებაში გადასვლისათვის ერთგვარი სქემის ძირითად შემადგენელ ნაწილს, რისი განხორციელების საფუძველიც სწორედ სადავო გარიგებების დადებით შეიქმნა.

11. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადასტურდებოდა მოპასუხე კომპანიის მიმართ მოსარჩელის ვალი, სადავო გარიგებები მაინც დადებისთანავე ბათილად მიიჩნეოდა სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე-7 პუნქტისა და 47-ე მუხლის საფუძველზე.

12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

13. კასატორების განცხადებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად დაადგინეს, რომ მოსარჩელეს წინამდებარე სარჩელის მიმართ გააჩნდა იურიდიული ინტერესი. წინამდებარე დავაში წარდგენილია ორი მოთხოვნა, რომლებიც სრულად არის აღიარებითი სასარჩელო მოთხოვნები (ხოლო მიკუთვნებითი სასარჩელო მოთხოვნა მხარემ 2022 წლის 19 ოქტომბრის სხდომაზე შუამდგომლობით გაიხმო). შესაბამისად, მხარეს სადავო საკითხების მიმართ იურიდიული ინტერესი არ გააჩნია. დადგენილი სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად, მხოლოდ აღიარებითი მოთხოვნის აღძვრა მიკუთვნებითი მოთხოვნის გარეშე დაუშვებელია.

14. სასამართლომ არასწორად დაასკვნა, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულებები მოჩვენებით გარიგებებს წარმოადგენს, რომელთაც არ მოჰყოლია იურიდიული შედეგი. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სწორედ აღნიშნულ ვალის აღიარების ხელშეკრულებებს მოყვა იურიდიული შედეგი - აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ჩაატარა აუქციონი, სადაც მოპასუხე კომპანიამ გაიმარჯვა, შეიძინა ორი უძრავი ქონება და ეს ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა მის საკუთრებად.

15. სასამართლომ სადავო გარიგებები არასწორად მიიჩნია მოჩვენებით გარიგებებად და არასწორად დაასკვნა, რომ მათი დადების უფლებამოსილება არ ჰქონდა მოსარჩელე კომპანიის დირეტორს. სინამდვილეში კი, აღნიშნული უფლებამოსილება კომპანიის დირეტორს წესდებით ჰქონდა მინიჭებული. ამასთან, თუ მოპასუხე მიიჩნევდა, რომ მსგავსი ხელშეკრულებების დადების უფლება არ ჰქონდა კომპანიის დირექტორს, მას დირექტორის ფიდუციური მოვალეობების დარღვევის საფუძვლით უნდა ედავა.

16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 სექტემბრის განჩინებით მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო ამავე პალატის 2026 წლის 29 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სსსკ-ის 391.5 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

17. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. როგორც გასაჩივრებული განჩინება, ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და სარჩელი ვალის აღიარების ხელშეკრულებების ბათილად ცნობის შესახებ განუხილველად უნდა დარჩეს.

18. მოცემულ შემთხვევაში კასატორების ძირითადი საკასაციო პრეტენზია ემყარება იმას, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად დაადგინეს წინამდებარე სარჩელის მიმართ მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არსებობა. საჩივრის ავტორები მიიჩნევენ, რომ ვინაიდან წარდგენილი მოთხოვნები სრულად არის აღიარებითი სასარჩელო მოთხოვნები და მოსარჩელეს არ აღუძრავს მიკუთვნებითი მოთხოვნა, არ არსებობდა მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობა.

7. საკასაციო პალატა, პირველ რიგში, განმარტავს, რომ საპროცესო სამართლებრივი დოქტრინა სარჩელს განსაზღვრავს, როგორც დაინტერესებული პირის მიმართვას სასამართლოსადმი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მოთხოვნით [სსსკ-ის მე-2 და მე-3 მუხლები] (იხ. სუსგ საქმე №ას-955-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი).

8. მოსარჩელის მოთხოვნათა მიხედვით შესაძლებელია სარჩელის შემდეგი კლასიფიკაცია: 1. მიკუთვნებითი, ანუ აღსრულებითი სარჩელი - მოთხოვნა გულისხმობს მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების დაკისრებას მოსარჩელის სასარგებლოდ. მაგალითად, ფულადი ვალდებულების შესრულების დაკისრება; ზიანის ანაზღაურება, სარჩოს დაკისრება. 2. აღიარებითი სარჩელი - რომელიც აღძრულია უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტის ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტის სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის იურიდიული ინტერესი. მაგალითად, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა; 3. გარდაქმნითი სარჩელი - მოთხოვნა მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის შეცვლა-შეწყვეტისაკენ, მაგალითად, განქორწინება (იხ. სუს დიდი პალატის განჩინება საქმე №ას-121-117-2016, 17 მარტი, 2016 წელი).

9. წინამდებარე სარჩელით მოსარჩელემ მოითხოვა მასსა და მოპასუხე კომპანიას შორის გაფორმებული ვალის აღიარების ხელშეკრულებების (2018 წლის 31 მაისს დადებული ხელშეკრულების, ვალის, 400 000 აშშ დოლარის აღიარების შესახებ, ასევე, 2018 წლის ხელშეკრულების, ვალის, 492 378 ლარის აღირების შესახებ) ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული გარიგებები დაიდო მოჩვენებითად და მათი დადების რეალური მიზანი იყო მოპასუხე კომპანიის მხრიდან მოსარჩელის უძრავი ქონების ხელში ჩაგდება. კერძოდ, მოსარჩელე უთითებს, რომ მას მოპასუხე კომპანიის მიმართ რაიმე სახის ვალდებულება არასდროს ჰქონია, ხოლო მოსარჩელე კომპანიის იმჟამინდელმა დირექტორმა, მოქმედებდა რა კომპანიის ინტერესების საწინააღმდეგოდ, აღიარა არარსებული ვალი დაუყოვნებლივ აღსრულების პირობით, რის საფუძველზეც მოპასუხე კომპანიამ დაიწყო გამარტივებული სააღსრულებო წარმოება და მოახერხა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იძულებითი აუქციონის გზით დაუფლება.

10. ამდენად, წინამდებარე სარჩელი აღძრულია ვალის აღიარების ხელშეკრულებების ბათილად ცნობის მოთხოვნით. შესაბამისად, მოთხოვნის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ აღძრულია აღიარებითი სარჩელი.

11. აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობად უნდა იკვეთებოდეს მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომელსაც სასამართლო სარჩელის დასაშვებობისას ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით ამოწმებს, ხოლო, დაშვების შემთხვევაში, სწორედ ამ ინტერესის ნამდვილობაზეა დამოკიდებული სარჩელის წარმატებულობა [სსსკ-ის 180-ე მუხლი: სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს]. აღიარებითი სარჩელის დასაშვებობისა და დასაბუთებულობის საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია. აქედან გამომდინარე, სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე (იხ. მზია თოდუა, ჰაგენლოხი / ალავიძე / ბაქაქური / ბერეკაშვილი / გასიტაშვილი / თოდუა / მესხიშვილი / ქათამაძე / ძლიერიშვილი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი (რჩეული მუხლები), GIZ, თბილისი, 2020, გვ. 643).

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ იურიდიული ინტერესი არის ის ფაქტობრივი და სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევასაც ცდილობს მხარე აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით. აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში, იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. აღიარებითი სარჩელი უნდა ემსახურებოდეს მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას. სსსკ-ის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, კერძოდ: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა. აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. სხვა საკითხია იურიდიული შედეგის არსებობის ან არარსებობის დადგენის სურვილი. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში (იხ. სუს დიდი პალატის განჩინება საქმე №ას-121-117-2016, 17 მარტი, 2016 წელი).

13. სსსკ-ის 180-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის, ასევე, დოკუმენტების ნამდვილობის ან მათი სიყალბის დადგენის მოთხოვნა (აღიარებითი სარჩელი) დასაშვებია თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ, ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისაგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათის მატარებელია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (იხ. სუსგ საქმე №ას-937-887-2015, 10 ნოემბერი, 2015 წელი).

14. მიკუთვნებითი (აღსრულებითი) სარჩელებისაგან განსხვავებით, რომლებიც მიმართულია დარღვეული უფლების დაცვისაკენ, აღიარებითი სარჩელების დროს მოსარჩელის უფლება ჯერ კიდევ არაა დარღვეული, მაგრამ არსებობს მისი მომავალში დარღვევის საშიშროება, რადგან ვიღაც ედავება მას ამ უფლებაში. ამასთან, აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ აღიარებითი სარჩელი დაუშვებელია, თუ უკვე შესაძლებელია სარჩელის აღძვრა ვალდებულების შესრულების თაობაზე, ე.ი თუ შესაძლებელია, აღიძრას მიკუთვნებითი (აღსრულებითი) სარჩელი. აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის ეს უკანასკნელი კრიტერიუმი განპირობებულია საპროცესო ეკონომიისა და სწრაფი მართლმსაჯულების ინტერესებით, რათა თავიდან იქნეს აცილებული ერთი დავის ფარგლებში რამდენიმე სარჩელის აღძვრა (იხ. სუსგ საქმე №ას-148-138-2015, 27 ნოემბერი, 2015 წელი).

15. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, თუ აღიარებითი მოთხოვნის ინტერესი მიკუთვნებითი ხასიათისაა, მაშინ აღიარებითი სარჩელის წარმოებაში მიღებით სასამართლო პროვოცირებას გაუკეთებს ერთ სასარჩელო მოთხოვნაზე ორმაგი სასარჩელო წარმოების ჩატარების აუცილებლობას, რაც ეწინააღმდეგება სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების წარმართვისა და სასამართლოს ეკონომიურობის ძირითად პრინციპს. აღიარებითი სარჩელი დაუშვებელია, თუ შესაძლებელია აღიძრას მიკუთვნებითი სარჩელი. აღიარებითი სარჩელის დასაშვებობაზე არსებით გავლენას, იურიდიული ინტერესის თვალსაზრისით, ახდენს ის ფაქტი, რომ სხვა სახის სარჩელის (მაგ., მიკუთვნებითი სარჩელის) აღძვრის გზით დავის გადაწყვეტა არ უნდა იყოს შესაძლებელი (იხ. სუსგ საქმე №ას-287-273-2016, 3 აპრილი, 2017 წელი).

16. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, მოსარჩელე ითხოვს ვალის აღიარების შესახებ გარიგებების ბათილად ცნობას და ეს მოთხოვნები არის აღიარებითი სასარჩელო მოთხოვნები (მიკუთვნებითი სასარჩელო მოთხოვნა მხარემ 2022 წლის 19 ოქტომბრის სასამართლოს სხდომაზე გაიხმო). მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ მოპასუხე კომპანიამ შეიძინა საკუთრების უფლება მოსარჩელის ორ უძრავ ქონებაზე და აღნიშნულს საფუძვლად დაედო სადავო ვალის აღიარების ხელშეკრულებები, კერძოდ, ამ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ფულადი მოთხოვნების გამარტივებული წარმოების გზით გადახდევინების თაობაზე მოპასუხე კომპანიის განცხადების საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ მოსარჩელე კომპანიის წინააღმდეგ გამოსცა ბრძანებები დავალიანების გადახდევინების შესახებ (რომლებიც მოსარჩელეს არ გაუპროტესტებია). შედეგად კი, მათი იძულებითი აღსრულების მიზნით დაწყებული სააღსრულებო წარმოების ფარგლებში გამართულ აუქციონებზე ეს ორი უძრავი ქონება (ს/კ: ……….; ს/კ: ………) შეიძინა თავად მოპასუხე კომპანიამ, რის შემდეგაც, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ 2018 წლის 20 სექტემბერსა და 2018 წლის 24 ოქტომბერს გამოსცა განკარგულებები აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ.

17. ამდენად, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ის შედეგი, რომლის მიღწევასაც აღიარებითი სარჩელის აღძვრით ისახავს მიზნად მოპასუხე, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მაინც ვერ მიიღწევა, ვინაიდან სადავო ქონება, რომლის დაბრუნებაც მას წინამდებარე გარიგებების ბათილად ცნობის შედეგად სურს, უკვე რეალიზებულია (იძულებით აუციონზე), შესაბამისად, იურიდიული საფუძველი ეცლება მოსარჩელის აღნიშნულ მოთხოვნას, მისი დაკმაყოფილების შემთხვევაში იგი ვერანაირ მატერიალურ-სამართლებრივ სარგებელს ვერ მიიღებს და შეუძლებელი გახდება მისი უფლების რეალიზაცია. მოსარჩელის მხოლოდ მითითება, რომ სადავო გარიგებების დადების რეალური მიზანი მოპასუხე კომპანიის მხრიდან მოსარჩელის უძრავი ქონების ხელში ჩაგდება იყი, ვერ იქნება მიჩნეული მსგავსი სარჩელის აღძვრის ნამდვილ იურიდიულ ინტერესად.

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტური და რეალური დაცვა უნდა იყოს. ის არ უნდა იყოს ფორმალური ხასიათის, რომელსაც დავის აღმოფხვრა შედეგად არ მოჰყვება. საქმეზე: Apostol v. Georgia; §37; ასევე, Hornsby v.Greece, §40 ევროსასამართლომ განმარტა, რომ საერთო სასამართლოებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ აღძრული სარჩელისადმი მოსარჩელის იურიდიულ ინტერესზე, ასევე, იმ საკითხზე, თუკი აღიარებითი სარჩელის ნაცვლად, შესაძლებელია მიკუთვნებითი მოთხოვნის წაყენება მოპასუხისადმი, რაც იმავდროულად გადაწყვეტილების აღსრულებაუნარიანობის საკითხსაც უკავშირდება, რადგან გადაწყვეტილების აღსრულება მხარისათვის გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს განუყოფელი ნაწილია (იხ. სუსგ საქმე №ას-36-2019, 27 ივნისი, 2019 წელი). ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით რეგულირებულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და თავის თავში არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტიან და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა შედეგად არ მოჰყვება (იხ. სუსგ საქმე №ას-302-285-2017, 16 ივნისი, 2017 წელი).

19. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო დაესაბუთებინა აღიარებითი მოთხოვნის მიმართ მისი ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობა, როგორც აღიარებითი სარჩელის წარმოებაში მიღებისა და განხილვის აუცილებელი წინაპირობა [სსსკ-ის 178.1 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი, ამავე კოდექსის 186.1 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი (სარჩელის აღძვრის დროს მოქმედი რედაქცია)].

20. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი განუხილველად უნდა დარჩენილიყო საქმისწარმოების პირველივე ეტაპზე. შესაბამისად, არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აბსოლუტური საფუძველი [გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია].

21. ამასთან, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სსსკ-ის 399-ე, 372-ე მუხლებითა და 187.2. მუხლის მე-2 წინადადებით, რომლის თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოხმობილი ნორმა მითითებითი ხასიათისაა და მასში ამავე კოდექსის 275-ე მუხლის წინაპირობების შემოწმებაზეა საუბარი, თუმცა ეს უკანასკნელი ნორმაც არ შეიცავს სარჩელის განუხილველად დატოვების ამომწურავ ჩამონათვალს, რის გამოც დასაშვებია საპროცესო ანალოგიის პრინციპის გამოყენება (სსსკ-ის მე-7 მუხლი) იმ შემთხვევისათვის, როდესაც იკვეთება სარჩელის მიღებაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა (იხ. სუსგ საქმე №ას-36-2019, 27 ივნისი, 2019 წელი). რადგანაც მოცემულ შემთხვევაში აღიარებითი სარჩელი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის მოთხოვნას, ამავე კოდექსის 186-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

22. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სარჩელის განუხილველად დატოვების გამო, სსსკ-ის 187.2. მუხლის მე-3 წინადადების შესაბამისად [მთავარი სხდომის დანიშვნამდე სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი, ხოლო საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს არ დაუბრუნდება], მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 8000 ლარის 70% – 5600 ლარი.

23. სსსკ-ის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, ვინაიდან საკასაციო პალატის წინამდებარე განჩინებით სარჩელი განუხილველად იქნა დატოვებული, პალატა მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს მისი უზრუნველყოფის მიზნით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაც.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე, 399-ე, 372-ე, 187 .2, 284-ე, 285-ე, 408.3, 1991მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ.დ–ძისა და შპს „ი–ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 მაისის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება;

3. შპს „ვ–ის“ სარჩელი დარჩეს განუხილველად;

4. ვ.დ–ძესა (პ.ნ. .....) და შპს „ი–ს“ (ს.კ. ........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2025 წლის 15 აგვისტოს №1755257040 საგადახდო დავალებით შპს „ი–ის“ (ს.კ. ........) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 8000 ლარის 70% – 5600 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

5. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შპს „ვ–ის“ წარმომადგენლის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხე შპს „ი–ს“ (ს.კ. 4.......) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა: უძრავი ქონება მდებარე: თბილისი, ............. ქ. N2გ, ფართი (მშენებარე), სართ. 13, ბ. N67, ფართი: 163.76 კვ.მ. ს.კ. ..........; უძრავი ქონება მდებარე: თბილისი, ........... ქ. N2 ავტოსადგომი (მშენებარე), (-6.6 ნიშნული), ფართი: 1753.20 კვ.მ.; ს.კ. ..........;

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

ა. კოჭლამაზაშვილი