დაკმაყოფილდა ნაწილობრივ

სამოქალაქო 24.09.2026
საქმის ნომერი
ა-3404-შ-117-2026
კატეგორია
დავის ტიპი
შუამდგომლობა
თარიღი
24.09.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № ა-3404-შ-117-2026 24 სექტემბერი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – თ.გ–ძე

განხილვის საგანი – თურქეთის რესპუბლიკის ქუჩუქჩექმეჯეს მე-3 საოჯახო სასამართლოს 2021 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება (№2021/231)

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თურქეთის რესპუბლიკის ქუჩუქჩექმეჯეს მე-3 საოჯახო სასამართლოს 2021 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით ა.დ–ი და თ.დ–ი (გ–ძე) განქორწინდნენ.

2. თ.გ–ძემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება საბოლოოა და კანონიერ ძალაშია შესული, ამასთან, შუამდგომლობის ავტორი არის საქართველოს მოქალაქე.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 20 ივლისის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულია განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

5. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

6. გადაწყვეტილება, რომლის ცნობასაც მოითხოვს მხარე, შესულია კანონიერ ძალაში. ამავდროულად, გადაწყვეტილება ორივე მხარეს ჩაბარდა, ხოლო მათ არ წარუდგენიათ საჩივარი, რის შედეგადაც გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2021 წლის 22 თებერვლიდან. აქედან გამომდინარე, ორივე მხარის ნება გამოვლენილია.

7. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

8. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

9. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს გადაწყვეტილების პირველ პუნქტთან (განქორწინების ნაწილში) დაკავშირებით, შესაბამისად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მოთხოვნა საფუძვლიანია ამ ნაწილში და უნდა დაკმაყოფილდეს.

10. რაც შეეხება გადაწყვეტილების მეორე პუნქტს, სადაც მითითებულია რომ „ვინდაიდან მხარეებს ერთმანეთის მიმართ არ გააჩნიათ ქონებასთან დაკავშირებული მოთხოვნა, ალიმენტის, მატერიალური და მორალური კომპენსაციის მოთხოვნილება, ამ საკითხე გადაწყვეტილების მიღების საფუძველი არ არსებობს“ - რამდენადაც თავად თურქეთის სასამართლო მიუთითებს, რომ გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხებზე არ არის გამოტანილი, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს ცნობაუნარიანობის ობიექტი, ამიტომ ამ ნაწილში შუამდგომლობა ვერ დაკმაყოფილდება.

11. ასევე, გადაწყვეტილების მესამე პუნქტთან დაკავშირებით (დამტკიცდეს მხარეთა მიერ საქმეში წარმოდგენილი 22/02/2021 წლის, 8 მუხლისგან შემდგარი ოქმი, რომელიც არეგულირებს განქორწინებასა და მის ქონებრივ სოციალურ შედეგებს, და დავის შემთხვევაში მიენიჭოს საბოლოო ტკიცებულების ძალა), საკასაციო პალატა მიუთითებს საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ ის ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. რამდენადაც საცნობი გადაწყვეტილების დასახელებული პუნქტი მიუთითებს დავის შემთხვევაში, მხარეთა შორის შემდგარი ოქმის საბოლოო მტკიცებით ძალაზე, ხოლო ქართული სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა დასახელებული ნორმის საფუძველზე კრძალავს ნებისმიერი მტკიცებულების წინასწარ დადგენილ იურიდიულ ძალას, ამ ნაწილში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საცნობი გადაწვყეტილება ქართულ მართლწესრიგთან მოდის წინააღმდეგობაში, რის გამოც, სპეციალური კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მას უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე, რამდენადაც, გადაწყვეტილების აღნიშნული პუნქტი ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ.გ–ძის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის ქუჩუქჩექმეჯეს მე-3 საოჯახო სასამართლოს 2021 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება (№2021/231) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს თურქეთის რესპუბლიკის ქუჩუქჩექმეჯეს მე-3 საოჯახო სასამართლოს 2021 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება (№2021/231), რომლითაც: ქალაქი აღრის, დოღუბაიაზითის რაიონის, ბუიურეთის უბანში რეგისტრირებული, ა–სა და ჰ–ის შვილი, 01/01/1975 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის პირადი ნომერი .......-ის მქონდე ა.დ-ი და 21/07/1987 წელს დაბადებული, საქართველოს მოქალაქე თ.დ-ი (გ–ძე) თურქეთის სამოქალაქო კოდექსის 166-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე განქორწინდნენ;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ერემაძე

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

ა. კოჭლამაზაშვილი