დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-668-2026 24 სექტემბერი, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),თეა ძიმისტარაშვილი, მირანდა ერემაძე
კასატორი – შპს „ნ.ჯ–ია“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „დ–ა“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 25 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სარჩელის მოთხოვნა
1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2024 წლის 21 მარტს სასარჩელო განცხადებით მიმართა შპს „დ–ას“ წარმომადგენელმა შპს „ნ.ჯ–იას“ მიმართ, თანხის დაკისრების შესახებ.
1.2. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, 2022 წლის 11 თებერვალს მოსარჩელე შპს „დ–ამ“ მოპასუხე შპს „ნ.ჯ–იას“ მისივე დაკვეთით გაუგზავნა მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების აქსესუარები, თანხის შემდგომი ჩარიცხვით, მიწოდებული პროდუქციის საერთო ღირებულებამ შეადგინა - 7 545.23 ლარი, რომელიც მოპასუხეს უნდა ჩაერიცხა 1 თვის ვადაში. მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა სრულად და სარჩელის შეტანის დღისთვის დავალიანება შეადგენს 5 388.12 ლარს; მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაეკისროს 5 388.12 ლარის გადახდა.
2. საქმისწარმოება პირველი ინსტნაციის სასამართლოში
2.1. საქმის მომზადების მიზნით, მოსარჩელის წარმომადგენელს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის თანახმად, გადაეცა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები მოპასუხისათვის ჩასაბარებლად. სასამართლოში წარმოდგენილი უკუგზავნილებიდან ირკვევა, რომ მოპასუხეს რამდენჯერმე გაეგზავნა სარჩელი თანდართული მასალებით, თუმცა გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარება ვერ მოხერხდა. 2024 წლის 13 ივნისის განჩინებით შინაგან საქმეთა სამნისტროს დაევალა შპს ნ.ჯ–იას დირექტორისათვის სარჩელის და თანდართული მასალების ასლების ჩაბარება. სასამართლოში წარმოდგენილი პასუხით დგინდება, რომ გ.მ–მა სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარებაზე განაცხადა უარი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების შესახებ
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 4 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
3.2. 2024 წლის 18 დეკემბერს წარდგენილი იქნა საჩივარი, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 11 თებერვლის საოქმო განჩინებით საჩივრის ავტორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 4 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმეზე განახლდა საქმის წარმოება. ამავე სასამართლო სხდომაზე მოპასუხეს აღუდგა საქმეზე წერილობითი შესაგებლის წარმოდგენის 10 დღიანი ვადა. 2025 წლის 19 თებერვალს კანონით დადგენილ ვადაში მოპასუხე შპს „ნ.ჯ–იამ“ წარადგინა შესაგებელი. 2025 წლის 24 თებერვლის განჩინებით საქმეზე დაინიშნა მოსამზადებელი სხდომა და სხდომის თარიღად განისაზღვრა 2025 წლის 25 მარტი, 16:00 საათი.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 25 მარტის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხე შპს „ნ.ჯ–იას“ მოსარჩელე შპს „დ–ას“ სასარგებლოდ 5 388,12 ლარის გადახდა დაეკისრა; მოპასუხე შპს „ნ.ჯ–იას“ მოსარჩელე შპს „დ–ას“ სასარგებლოდ ასევე დაეკისრა მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის სანაცვლოდ 161,64 ლარის, იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების სანაცვლოდ - 200 ლარის და აღსრულების ეროვნულ ბიუროში გამარტივებული წარმოების საფასურის 200 ლარის გადახდა.
5. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი
5.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 25 მარტის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 25 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
6.2. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ არსებობდა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების კანონით გათვალისწინებული ყველა წინაპირობა. კერძოდ: მოპასუხე მოწვეული იყო საქმის განხილვაზე (მის წინააღმდეგ გამოტანილი პირველი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ), 2025 წლის 25 მარტს, 16:00 საათზე, სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; მოპასუხე არ გამოცხადდა საქმის განხილვაზე და არც გამოუცხადებლობის მიზეზი აცნობა სასამართლოს; სხდომაზე გამოცხადებულმა მოსარჩელემ იშუამდგომლა მოპასუხის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე; სარჩელში მითითებული და კანონის ძალით (სსსკ-ის 230-ე მუხლი) დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები, სსკ-ის 317-ე, 477.1-ე მუხლების საფუძველზე, იურიდიულად ამართლებს მოსარჩელის მოთხოვნას პროდუქციის ღირებულების დაკისრების თაობაზე.
7. მოპასუხის საკასაციო საჩივარი
7.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 25 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის პირველ ინსტანციაში დაბრუნების მოთხოვნით.
7.2. კასატორი კომპანიის დირექტორის განმარტებით, მას, როგორც კომპანიის დირექტორს და ერთადერთ წარმომადგენელს არ აცნობეს სხდომის თარიღის შესახებ.
7.3. კასატორის განმარტებითვე, კასატორს კომპანიას მოსარჩელე კომპანიის მიმართ დავალიანება არ უფიქსირდება.
8. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
8.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 19 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
9. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.
10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
13. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოპასუხის მიმართ გამოტანილი განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ განჩინების სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება.
14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კასატორის პრეტენზია შეეხება, როგორც პროცესუალურ, აგრეთვე, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით გასაჩივრებული განჩინებისა და განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების შესახებ დარღვევებს. კასატორის განმარტავს, რომ კანონით დადგენილი წესით, არ ჩაბარებია სასამართლო უწყება. კერძოდ, პირი, რომელმაც უწყება ჩაიბარა ადრესატის (საწარმოს) სახელით, უწყების ჩაბარების მომენტში (07.03.2025წ.) შპს „ნ.ჯ–იას“ წარმომადგენელი აღარ იყო, რადგან, შპს „ნ.ჯ–იამ“ ფინანსური პრობლემების გამო ხელშკრულება შეუწყვიტა ჯერ კიდევ 2025 წლის მარტის თვის დასაწყისში.
15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. სსსკ-ის 233.1 „ა“ მუხლის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
16. განსახილველ შემთხევაში საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილია 07.12.2023 წ. მინდობილობა (იხ. ტ. 1, ს.ფ 81), რომლითაც შპს „ნ.ჯ–იას“ დირექტორი, ი.ფ–ძე ანიჭებს უფლებამოსილებას ი.გ–ძეს, რათა დაიცვას კომპანიის ქონებრივი და არაქონებრივი ინტრესები ნებისმიერი მესამე პირის (ფიზიკური და იურიდიული პირების) მათ შორის სახელმწიფო ორგანოებისა და ორგანიზაციების (სამინისტრო, სსიპ და სხვა) წინაშე. აღნიშნულ დავალებასთან დაკავშირებით წარმომადგენელს უფლება აქვს კომპანიის სახელით აწარმოოს წერილობითი კორესპონდენცია, წარადგინოს და მიიღოს დოკუმენტები და წერილობითი პასუხები, წარადგინოს განცხადებები და შუამდგომლობები; წარუდგინოს მოთხოვნები და პრეტენზიები. ი.გ–ძეს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს კომპანიის სახელით ყველა ინსტანციის სასამართლოში; მინდობილობა ძალაშია მის სრულ გაუქმებამდე. შესაბამისად, სსსკ-ის 94.1 „ა“ მუხლის მიხედვით, მას შეეძლო, კომპანიის წარმომადგენელი ყოფილიყო სასამართლოში. საქმის მასალებით ირკვევა, რომ 07.03.2025 წელს, სასამართლოს უფლებამოსილი მოხელე, შესაგებელში მითითებულ ტელეფონის ნომერზე, დაუკავშირდა მოპასუხის წარმომადგენელს და ჩააბარა სასამართლო უწყება, ამასთან, სასამართლოში გამოუცხადებლობის შედეგებიც განუმარტა (იხ. ტ.1, ს.ფ. 111). უწყების ჩაბარებისას, კომპანიის წარმომადგენელს, სასამართლოს მოხელისათვის არ განუცხადებია, მასთან წარმომადგენლობითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ, ამის თაობაზე, მას ნადვილად ეცოდინებოდა, რადგან, აპელანტის განმარტებით, ეს ფაქტი უწყების ჩაბარებამდე რამდენიმე დღით ადრე (2025 წლის მარტის თვის დასაწყისში) მოხდა. გარდა ამისა, ისიც აღსანიშნავია, რომ კომპანიის წარმომადგენელთან უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, არც თავად კომპანიას უცნობებია სასამართლოსათვის, მიუხედავად იმისა, იცოდა, რომ შპს „ნ.ჯ–იას“ სახელით შესაგებელი სწორედ წარმომადგენელმა წარადგინა და ის ვეღარ მიიღებდა მონაწილეობას საქმის განხილვაში. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სწორად შეაფასა წარმომადგენლისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე აპელანტის (კასატორის) პრეტენზია, რადგან ეს განცხადება მხოლოდ მას შემდეგ გაკეთდა, რაც მოპასუხის წინააღმდეგ განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოვიდა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კასატორი ვალდებული იყო, აღნიშნულის თაობაზე წერილობით ეცნობებინა სასამართლოსათვის (სსსკ-ის 99-ე მუხლი). ამ ვალდებულების შეუსრულებლობის სამართლებრივი შედეგი ისაა, რომ უფლებამოსილება შეწყვეტილი წარმომადგენლისათვის უწყება ჩაბარებულად მიიჩნევა, რადგან ამის თაობაზე მარწმუნებელმა დროულად არ აცნობა სასამართლოს. კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობით დამდგარი უარყოფითი შედეგი კი, იმ მხარის რისკია, ვინც ეს ვალდებულება არ შეასრულა.
17. საკასაციო სასამართლო, კასატორის პრეტენზიის პასუხად, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა შესაგებელში მითითებული გარემოებები, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობაზე მიუთითებს და იზიარებს მას. კერძოდ, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტიან საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თავისი იურიდიული ბუნებით, წარმოადგენს ერთგვარ სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სსსკ-ის 2321 მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია). ასეთ შემთხვევაში მტკიცებულებათა გამოკვლევა არ ხდება, არამედ, კანონის ძალით სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევა და თუ მათი ერთობლიობა ქმნის იმ სამართლებრივი შედეგის დადგომის შესაძლებლობას, რაც სარჩელით არის მოთხოვნილი, საქმის განმხილველი მოსამართლე გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას.
18. ამდენად, მოპასუხის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას, სასამართლო არ იკვლევს ამ უკანასკნელის შესაგებლის არგუმენტებს. სასამართლოს მხოლოდ სარჩელის იურიდიული მართებულობის შემოწმება ევალება. მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა მოსარჩელის მოთხოვნებს, ამიტომ, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა უცვლელად მოპასუხის წინაარმდეგ, განმეორებით გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მიღებული შედეგი.
19. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
20. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
21. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება/განჩინება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
22. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
23. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ნ.ჯ–იას“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. შპს „ნ.ჯ–იას“ (.......) დაევალოს საქართველოს უზეანესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 19 ივნისის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 30%-ის - 105 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. კოჭლამაზაშვილი
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
მ. ერემაძე